Accessibility links

ახალი ამბები

მოსამართლეების, დეპუტატების და მინისტრების ნაწილი დეკლარაციის შემოწმების შემდეგ დააჯარიმეს

საჯარო სამსახურის ბიურომ 2019 წელს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგების ანგარიში გამოაქვეყნა.

ჯამურად 2019 წლის განმავლობაში მონიტორინგს დაექვემდებარა 607 თანამდებობის პირის დეკლარაცია, მათ შორის, შეამოწმეს პარლამენტის წევრების, მინისტრების და მინისტრის მოადგილეების (მათ შორის ყოფილი), საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოს მოსამართლეების დოკუმენტაცია.

ანგარიშის თანახმად, დადებითად შეფასდა 237 თანამდებობის პირის დეკლარაცია; დაჯარიმდა - 254 თანამდებობის პირი; გაფრთხილება მიიღო 75-მა; პროკურატურაში გადაიგზავნა - 1; სასამართლომ წარმოება შეაჩერა 2 თანამდებობის პირზე (ანგარიშში დეკლარაციის შევსების დროს დაკავებული თანამდებობებია ასახული).

სასამართლო ხელისუფლება

  • ზაზა თავაძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - დაჯარიმდა;
  • ევა გოცირიძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - დაჯარიმდა;
  • მანანა კობახიძე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - გაფრთხილება;
  • ვასილ როინიშვილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე - დაჯარიმდა;
  • ნინო ქადაგიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლო მოსამართლე (დეკლარაციის შევსების დროს) - დაჯარიმდა;
  • მერაბ გაბინაშვილი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (დეკლარაციის შევსების დროს) - დაჯარიმდა;
  • გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - გაფრთხილება;
  • ანა დოლიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი - დაჯარიმდა;
  • თამარ ონიანი, თბილისის სააპელაციო სასამართლო მოსამართლე - გაფრთხილება.

პარლამენტის წევრები

  • დიმიტრი ხუნდაძე - დაჯარიმდა;
  • კობა კობალაძე - დაჯარიმდა;
  • ზვიად კვაჭანტირაძე - დაჯარიმდა;
  • ლევან კობიაშვილი - დაჯარიმდა;
  • გურამ მაჭარაშვილი - დაჯარიმდა;
  • ბექა ნაცვლიშვილი - დაჯარიმდა;
  • ერეკლე ტრიპოლსკი - დაჯარიმდა;
  • გოჩა ენუქიძე - დაჯარიმდა;
  • ზაზა კედელაშვილი - დაჯარიმდა;
  • სამველ მანუკიანი - დაჯარიმდა;
  • სიმონ ნოზაძე - დაჯარიმდა;
  • ზაქარია ქუცნაშვილი (პარლამენტის ყოფილი წევრი) - დაჯარიმდა;
  • შოთა შალელაშვილი (პარლამენტის ყოფილი წევრი) - დაჯარიმდა;
  • დავით ჭიჭინაძე - დაჯარიმდა;
  • მიხეილ ყაველაშვილი - დაჯარიმდა;
  • გიორგი ღვინიაშვილი - დაჯარიმდა;
  • ილია წულაია - დაჯარიმდა;
  • ირაკლი ხახუბია - დაჯარიმდა;
  • ენზელ მკოიანი - დაჯარიმდა;
  • ილია ნაკაშიძე - დაჯარიმდა;
  • ვიქტორ ჯაფარიძე - დაჯარიმდა;
  • გრიგოლ მიქელაძე - დაჯარიმდა;
  • კობა ნაყოფია - დაჯარიმდა;
  • ელგუჯა გოცირიძე - დაჯარიმდა;
  • ლაშა დამენია - დაჯარიმდა;
  • ოთარ დანელია - დაჯარიმდა;
  • ბექა ოდიშარია - დაჯარიმდა;
  • ნინო წილოსანი - დაჯარიმდა;
  • ლერი ხაბელოვი - დაჯარიმდა;
  • გოდერძი ჩანქსელიანი - დაჯარიმდა;
  • ირაკლი კობახიძე - გაფრთხილება;
  • მამუკა ჩიქოვანი - დაჯარიმდა.

მინისტრები

  • ნათია თურნავა, ეკონომიკის მინისტრი - დაჯარიმდა;
  • დავით ზალკალიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი - გაფრთხილება;
  • დავით სერგეენკო, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი - დაჯარიმდა;
  • ზურაბ ალავიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი - დაჯარიმდა.

სხვა თანამდებობის პირები

  • თამარ ჟვანია, ცესკო-ს თავმჯდომარე - გაფრთხილება;
  • ვასილ მაღლაფერიძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი გენერალური დირექტორი - გაფრთხილება;
  • დავით ნარმანია, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კომისიის თავმჯდომარე - გაფრთხილება;
  • დავით საგანელიძე, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - დაჯარიმდა;
  • კახა ბექაური, კომუნიკაციების ეროვნული კომისია წევრი (დეკლარაციის შევსების დროს) - დაჯარიმდა.

რისთვის დააჯარიმეს, ან გააფრთხილეს ესა თუ ის თანამდებობის პირი, დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მდინარაძის თქმით, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორთან დისკუსიის გამართვაზე შეთანხმდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს, ლორა თორნტონს შეხვდა.

„დღეს ქალბატონ ლორასთან ძალიან ხანგრძლივი და გულწრფელი საუბარი მქონდა. გვაქვს შეთანხმება უახლოს დღეებში გავმართოთ დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს კითხვები, რომლებზეც საბოლოო, ამომწურავი პასუხები არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ამ შეთანხმების პირობების შესრულების შემდეგ ჩვენ დავაახლოებთ პოზიციებს და ყველანი ერთად ვეცდებით, ეს კვლევებიც შედარებით ობიექტური გახდეს“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

დეპუტატი უკმაყოფილოა NDI-ს საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებით.„აბსოლუტური უმრავლესობა საველე პირობებში CRRC-ის მიერ ჩატარდა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული“, - ამბობს მდინარაძე.

გამოკვლევის თანახმად, შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გამოკითხულთა უმეტესობა, 20%, მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა მხარს.

რაც შეეხება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 13% ამბობს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მხარს დაუჭერდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

დანარჩენმა პარტიებმა ასე გადაინაწილეს ხმები - „ევროპულ საქართველოს“ მომხრე 8%-ია. მას 5%-ით მოსდევს ლეიბორისტული პარტია. 4%-მა განაცხადა, რომ ხმას მისცემდა „პატრიოტთა ალიანსს“. „გირჩისთვის“ ხმის მიცემის სურვილი 2%-მა გამოთქვა.

აშშ-ის სენატში დაიწყო ტრამპის იმპიჩმეტის პროცესი

აშშ-ის სენატმა დაიწყო სასამართლო პროცესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში ხმამაღლა წაიკითხეს იმპიჩმენტის შესახებ ორი მუხლი. მსგავსი პროცესი აშშ-ის ისტორიაში მესამედ ტარდება.

დღეს მოგვიანებით სენატში ფიცს დადებს მოსამართლე ჯონ რობერტსი, რომელიც სენატში იმპიჩმენტის პროცესის მთავარი მოსამართლე იქნება. თავის მხრივ, ის ასსავე სენატორს დაადებინებს მსაჯულების ფიცს.

გასულ თვეში კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპს იმპიჩმენტი გამოუცხადა უკრაინასთან ურთიერთობების საკითხში უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებისა და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებით.

ტრამპი უარყოფს ბრალდებებს. იმპიჩმენტის პროცესს ის თაღლითობას, ტყუილს და კუდიანებზე ნადირობას უწოდებს.

სენატს ტრამპის კოლეგა რესპუბლიკელები აკონტროლებენ და, სავარაუდოდ, გაამართლებენ პრეზიდენტის მოქმედებას. საქმის ფაქტობრივი მოსმენა 21 იანვარს დაიწყება.

სააკაშვილი NDI-ს გამოკვლევაზე: მიკვირს რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენ [სააკაშვილსა და ივანიშვილს] შორის პოპულარობაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა ამერიკის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგებს.

  • „როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ მე პოპულარობაში მკვეთრად გავუსწარი ივანიშვილს [პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს]. შედარება არის ძალიან მარტივი, ჩემს დროს საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ. ივანიშვილის დროს გაიზარდა 0%-ით;
  • ჩემს დროს სიღარიბე შემცირდა 2-ჯერ, ივანიშვილის დროს გაიზარდა 2.5-ჯერ;
  • ჩემს დროს პენსია გაიზარდა მრავალგზის, ივანიშვილის დროს გაიზარდა დოლარებში 0%-ით;
  • მე ხელისუფლება გადავაბარე არჩევნებით და ეს არ აპირებს;
  • მე მჯერა იმისა, რომ ქართველები უნდა დაბრუნდნენ საქართველოში და ყველამ ერთად ავაშენოთ დიდი საქართველო ივანიშვილს უნდა და მოუწოდებს, რომ ქართველები გავიდნენ საქართველოდან;
  • მე მჯერა, რომ საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი და მსოფლიოში წამყვანი მისია, ივანიშვილისთვის კი საქართველო არის უმნიშვნელო პატარა სოფელი.
  • მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ხალხისთვის და ვაკეთებდი ყველაფერს ხალხისთვის, არაფერი არ წამიღია სახლში. ივანიშვილმა კი შემორაგვა მთელი საქართველო და ყველაფერი მიაქვს სახლში: ხეები, ზღვა, მიწები და უამრავი სხვა ქონება, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს ქართველ ხალხს მან მიისაკუთრა!

ამგვარად, მე მიკვირს რატომ არ არის მეტი განსხვავება ჩვენს შორის პოპულარობაში, უბრალოდ, რა თქმა უნდა, ბოლომდე ყველა ვერ ამბობს თავის სათქმელს, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი არის უკვე ყველაფერში გარკვეული და ეს გამოკითხვაც ამაზე მეტყველებს“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

გამოკვლევის იმ ნაწილში, რომელშიც საუბარია პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულებაზე, ივანიშვილთან შედარებით, სააკაშვილის მიმართ დადებითად 9%-ით მეტი არის განწყობილი. ამასთან, ექსპრეზიდენტთან შედარებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრისადმი 10%-ით მეტი არის უარყოფითად განწყობილი.

გამოკვლევის შედეგები ასეთია (მიხეილ სააკაშვილი): უარყოფითი დამოკიდებულება - 39%; დადებითი - 26%; არც დადებითი არც უარყოფითი - 29%.

ბიძინა ივანიშვილი: უარყოფითი დამოკიდებულება - 49%; დადებითი - 17%; არც დადებითი არც უარყოფითი - 29%;

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა საბერძნეთთან წააგო

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე თამაში ჩაატარა. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი საფრანგეთის ძლევის (9:7) შემდეგ, დღეს საბერძნეთს დაუპირისპირდა და წააგო, ანგარიშით 10:17.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანები იყვნენ ზურაბ რურუა და ბორის ვაპენსკი - ორივემ დუბლი შეასრულა. თითო გოლი გაიტანეს ბექა ქავთარაძემ, დამირ ცრეპულიამ, რევაზ იმნაიშვილმა, ანდრია ბითაძემ, ხვიჩა ჯახაიამ და ფაბიო ბარალდიმ.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, 18 იანვარს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ იტალიას დაუპირისპირდება, რომელმაც მიმდინარე ევროპირველობაზე ორივე თამაში მოიგო - საბერძნეთთან (10:6) და საფრანგეთთან (10:7).

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ილია II-ს შეხვდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს შეხვდნენ. როგორც პარლამენტის პრესსამსახური იუწყება, დეპუტატებმა პატრიარქს დაბადების დღე, აღსაყდრებიდან 42 წელი და შობა-ახალი წლის დღესასწაული მიულოცეს.

„დეპუტატებთან ერთად საპატრიარქოში მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ, მათ შორის, უწმინდესის ნათლულები“, - ნათქვამია პრესრელიზში.

პატრიარქს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ჩვენ მოვედით, რათა მოგილოცოთ დაბადების დღე, 42 წელი აღსაყდრების, შობა-ახალი წელი, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩვენ ყველამ ერთად. ვფიქრობთ, რომ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის სიყვარული მოგიტანეთ დღეს“.

პატრიარქმა პარლამენტარები დალოცა.

„მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრით. მინდა გთხოვოთ, რომ ეცადოთ, არ იყოს დაყოფა თქვენს შორის, თქვენ უნდა მისცეთ მაგალითი ჩვენს ახალგაზრდობას. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი გაგვიხსნის გზას და ჩვენ გავალთ სამშვიდობოს. დალოცვილი იყავით“, - მიმართა ილია II-მ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.​

აშშ-ის ანგარიშვალდებულების პალატა: ტრამპმა კანონი დაარღვია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებით

აშშ-ის კონგრესის დამოუკიდებელმა სამეთვალყურეო ორგანომ, ანგარიშვალდებულების პალატამ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფედერალური კანონი დაარღვია უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში დახმარების შეჩერებით.

ანგარიშვალდებულების პალატა 16 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში აცხადებს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველომ შარშან კანონი დაარღვია, როცა შეაჩერა კონგრესის მიერ მოწონებული დახმარება უკრაინისთვის. ამ საკითხს ცენტრალური ადგილი უჭირავს ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში.

ცხრაგვერდიან ანგარიშში, რომელიც უწყების მთავარი იურისტის, თომას არმსტრონგის მიერაა დაწერილი, მოცემულია დასკვნა, რომ „კანონი არ აძლევს პრეზიდენტს იმის უფლებას, რომ საკუთარი პოლიტიკის პრიორიტეტებით ჩაანაცვლოს ის, რაც კონგრესმა დააკანონა.“

აშშ-ის კონსტიტუციით, პრეზიდენტს, როგორც ხელისუფლების აღმასრულებელ შტოს, კონგრესის მიერ გამოყოფილი და კანონად ქცეული დაფინანსების უგულებელყოფის მხოლოდ მცირე შესაძლებლობა აქვს.

ტრამპის იმპიჩმენტის საქმეში წარმოდგენილი ორი ძირითადი საკითხი უკრაინასთან დაკავშირებით ტრამპის მოქმედებებს ეხება.

გენერალური პროკურორობის კიდევ ხუთი კანდიდატი წარადგინეს

საპროკურორო საბჭოში კიდევ ხუთი კანდიდატი წარადგინეს საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე:

  • იურისტი დავით ზირაქაშვილის კანდიდატურას, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე, რეკომენდაცია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გაუწია;
  • იურისტი ვიქტორ ახალბედაშვილის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ა.ი.პ. ,,უფლებათა დაცვის ცენტრმა“ წარუდგინა;
  • ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი კობა კობახიძე სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა;
  • ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი დარიკო თორდია - სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარადგინა;
  • ადვოკატი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი ვალერი კვანტალიანი საპროკურორო საბჭოს სსიპ ,,საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ“ წარუდგინა;

16 იანვრის მონაცემებით საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარდგენილი, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 17 იანვრის ჩათვლით.

საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

საქართველოს გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ერთი და იგივე პირი გენერალურ პროკურორად არ შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.

გენერალური პროკურორის თანამდებობა, მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც პარლამენტმა შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩია.

2019 წელს უკრაინაში სიტყვის თავისუფლების დარღვევათა შემთხვევებმა მოიმატა

2019 წელს უკრაინაში სიტყვის თავისუფლების დარღვევის შემთხვევებმა მოიმატა, იტყობინება მედიის მონიტორინგის ადგილობრივი ორგანიზაცია „მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტი“.

16 იანვარს გამოქვეყნებულ ანგარიშში, „სიტყვის თავისუფლების ბარომეტრში“, მოტანილია დარღვევის 243 შემთხვევა, რაც რვით მეტია წინა წელთან შედარებით. სამი წლის განმავლობაში პირველად იქნა მოკლული ჟურნალისტი. ვადიმ კომაროვი 20 ივნისს გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც მაისში მასზე თავდასხმა განახორციელეს ქალაქ ჩერკასიში.

ანგარიშის თანახმად, დარღვევათა უდიდესი ნაწილი - 172 - დაკავშირებული იყო „ჟურნალისტების წინააღმდეგ ფიზიკურ აგრესიასთან“.

„მასობრივი ინფორმაციის ინსტიტუტის“ სიტყვის თავისუფლების მონიტორინგის განყოფილების უფროსი, კატერინა დიაჩუკი, გაუარესებული ვითარების მიზეზად იმას ასახელებს, რომ ასეთი დარღვევების გამოძიებას არა აქვს სისტემური ხასიათი.

ანგარიშში ჩამოთვლილია ასევე „მზარდი ზეწოლა მედიაორგანიზაციების მფლობელთა და პოლიტიკოსთა მხრიდან, რომლებიც ჟურნალისტების დისკრედიტაციაში მონაწილეობენ, პლუს ჟურნალისტურ წრეებში არ არის სათანადო სოლიდარობა.“

ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდეს

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანაში ბრალდებულ გიორგი იჩუკაიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

როგორც მოსამართლემ განმარტა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მასალების განადგურების დიდი რისკი არსებობდა. საპირისპირო პოზიცია აქვს ბრალდებულის ადვოკატს, ლევან მარსაგიშვილს. მას მიაჩნია, რომ საჭირო არ იყო აღკვეთის ღონისძიების გამოყენება.

„მოსამართლეს ვერ დავეთანხმები იმაში, რომ თავისუფლების შემთხვევაში გიორგი გაანადგურებდა საქმის მტკიცებულებებს იქიდან გამომდინარე, რომ ის ნებაყოფლობით მონაწილეობს საგამოძიებო მოქმედებებში,” - თქვა ადვოკატმა.

პროკურატურის თანახმად, გიორგი იჩუკაიძეს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა, ბრალი 3 მუხლით აქვს წარდგენილი.

„გიორგი იჩუკაიძეს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაცია ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანის შესახებ 14 იანვარს გაავრცელა შსს-მ.

EMC  მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს მხარი არ დაუჭიროს შოთაძის კანდიდატურას გენერალურ პროკურორად

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC ) საპროკურორო საბჭოს მოუწოდებს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მხარი არ დაუჭიროს ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას.

"გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა დატოვა მასშტაბური საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე", - აღნიშნავს EMC განცხადებაში. ორგანიზაციის შეფასებით, ამ საქმეში გამოჩნდა პროკურატურის არაეფექტურობა და სისტემური ჩავარდნა:

„ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პირდაპირ უთითებდა მთავარი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში, რაც შესაძლებელია გამოხატული იყო შოთაძის უშუალო მონაწილეობაში ან მისი მხრიდან სისტემის არასათანადო მართვაში რამაც შესაძლებელი გახადა სარალიძის საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესში პროკურატურის მაღალჩინოსნების უკანონო ზეგავლენა“, - აღნიშნულია განცხადებაში, რომლის თანახმადაც ირაკლი შოთაძის კანდიდატურის განხილვა გენერალური პროკურორის პოსტზე ქმნის სისტემის პოლიტიზირების კიდევ უფრო გაძლიერების რისკს და ანულებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის შინაარსს, რაც შეუძლებელს უნდა ხდიდეს სისტემურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი პირების დაბრუნებას იმავე პოზიციაზე.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში პროკურატურის მიერ არ ყოფილა გამოძიებული არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეები, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილისა და აფგან მუხთარლის საქმეები.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციისა და დამსახურების მქონე კანდიდატები.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 9 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპოკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს. ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა 2019 წლის 12 დეკემბერს,როდესაც საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

სტუ შოთაძის წარდგენაზე: რატომ უნდა განგვეხილა რეპუტაციის საქმე?!

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველობის საქმე, რის გამოც მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადა, მისი გენერალური პროკურორის კანდიდატად წარდგენისას „განხილვის თემაც არ ყოფილა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დარეჯან მეფარიშვილი.

„ვერც ერთი ჟურნალისტი და ვერც ერთი ადამიანი ვერ მოიტანს თუნდაც ერთ დოკუმენტს, სადაც დასტურდება, რომ, ირაკლი შოთაძეს კონკრეტულ რომელიმე საქმეში, არა მხოლოდ მაგ საქმეში [ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე] ჰქონდა გადაცდომა. ამიტომ ჩვენ რატომ გვიზღუდავს ვინმე უფლებას, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატურა დავაყენოთ, მით უმეტეს, აკადემიური საბჭოს მიერ მოწვეული ასოცირებული პროფესორია და ჩვენთან კითხულობს ლექციებს“,- ამბობს დარეჯან მეფარიშვილი.

კითხვაზე ფიქრობდა თუ არა აკადემიური საბჭო ირაკლი შოთაძის დასახელებისას რეპუტაციის საკითხზე, დარეჯან მეფარიშვილმა განაცხადა, რომ „რა თქმა უნდა არა“.

„რატომ უნდა განგვეხილა რეპუტაციის საქმე, ჩვენ რა დამნაშავე წარვადგინეთ? ჩვენ რატომ გვანიჭებთ ამ უფლებას რომ დავადგინოთ რაღაც ნაწილში რაღაც დანაშაულის ხაზი, თქვენ სვამთ კითხებს, რომელსაც დაზარალებულიც არ სვამს და მეც ვერ დავსვამ, იმიტომ რომ იურიდიული დოკუმენტი არ არსებობს [შოთაძის რაიმე სახის გადაცდომაზე], იურიდიული დოკუმენტი და კანონი ჩვენზე მაღალია, ჩვენს მოსაზრებებზე“,- განაცხადა დარეჯან მეფარიშვილმა.

მისი სიტყებით გადაწყეტილება აკადემიურმა საბჭომ ერთხმად მიიღო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განცხადებაში, რომელშიც განმარტებულია, როგორ და რატომ წარადგინა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის ვაკანსიის დასაკავებლად საპროკურორო საბჭოში, ნათქვამია, რომ ირაკლი შოთაძე სრულად აკმაყოფილებს გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს:

„კანდიდატი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, აქვს საქართველოს პროკურატურაში მუშაობისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის არაერთწლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, გააჩნია პროკურატურის განვითარების ხედვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კანდიდატის წარდგენას წინ უძღვოდა აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კანონით განსაზღვრული კონსულტაციების პროცესი.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2018 წლის 31 მაისს მას შემდეგ გააკეთა, რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

ზაზა სარალიძე გენერალური პროკურორის პოსტზე კანდიდატებს შორის ირაკლი შოთაძის გამოჩენას 16 იანვარს „ფეისბუკის“ პოსტით გამოეხმაურა, მისი სიტყვებით, ამ ეტაპზე, როცა მას არ აქვს გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი, ყოფილი მთავარი პროკურორის დაბრუნებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ირაკლი შოთაძისგან „ღირსეულ ნაბიჯებს“ დაელოდება.

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის კანდიდატების წარდგენა 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება, რის შემდეგაც საბჭო სამს შეარჩევს. საბჭოს მიერ არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედის მხარდაჭერას მიიღებს.

საპროკურორო საბჭოს მიერ შერჩეული 3 კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება. პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს.

16 იანვის მონაცემებით საპროკუროსო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამებობაზე 9 კანდიდატია წარდგენილი. საპროკურორო საბჭოსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენლებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

უკრაინამ განაცხადა, რომ გამოძიება დაიწყო კიევში აშშ-ის ყოფილი ელჩის თვალთვალის თაობაზე

აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში მარი იოვანოვიჩი.

უკრაინამ განაცხადა, რომ სისხლის სამართლის ორი საქმის გამოძიება დაიწყო კიევში აშშ-ის ყოფილი ელჩის, მარი იოვანოვიჩის წინააღმდეგ თვალთვალთან დაკავშირებით, სანამ მას თანამდებობას დაატოვებინებდნენ გასულ წელს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გააკეთა ამის თაობაზე განცხადება. ორი დღის წინ კი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლებიც მეტყველებს, რომ დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატის, რუდი ჯულიანის თანამშრომელი, ლევ პარნასი იოვანოვიჩის მოხსნის თაობაზე მართავდა მოლაპარაკებებს.

თავის განცხადებაში უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ უკრაინის პოლიცია „არ ერევა აშშ-ის საერთაშორისო პოლიტიკურ საქმეებში“.

მაგრამ, სამინისტროს თანახმად, გამოქვეყნებული ინფორმაცია „შეიცავს ფაქტებს უკრაინის კანონისა და დიპლომატიური ურთიერთობების თაობაზე ვენის კონვენციის შესაძლო დარღვევებზე“.

სამინისტროს გაცხადებაში ნათქვამია, რომ მან FBI-ს სთხოვა, უკრაინას მიაწოდოს ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა მასალა და აშშ-ის წარმომადგენლებს გამოძიებაში მონაწილეობა შესთავაზა.

იოვანოვიჩი 2016 წლიდან 2019 წლის მაისამდე იყო კიევში აშშ-ის ელჩი, სანამ ის მოულოდნელად გაიხმეს, რასაც წინ უძღოდა ტრამპის მოკავშირეების მიერ მისი საჯარო კრიტიკა.

იოვანოვიჩმა წარმომადგენელთა პალატაში ჩვენება მისცა ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გამართული გამოძიების ფარგლებში და ის კრიტიკული იყო უკრაინის მიმართ ტრამპის პოლიტიკის შეფასებისას.

აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰე შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.

აშშ-მა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ახალ სავაჭრო ხელშეკრულებას. ის ითვალისწინებს აშშ-დან ჩინეთში იმპორტის მნიშვნელოვან გაზრდას მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, ასევე ჩინურ საქონელზე ამერიკული გადასახადების შემცირებას. პეკინსა და ვაშინგტონს შორის სავაჭრო დავა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს. აშშ ჩინეთს ბრალს სდებს პროტექციონიზმში და ტექნოლოგიის მოპარვაში. ადრე ვაშინგტონმა დამატებითი გადასახადი შემოიღო ჩინურ პროდუქციაზე. საპასუხოდ ჩინეთმა ანალოგიურ ზომებს მიმართა. ამჟამინდელი შეთანხმების ხელმოწერას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „შეცდომის გასწორება“ უწოდა. როგორც ვარაუდობენ, მალე უნდა დაიწყოს სავაჭრო ხელშეკრულების მეორე ფაზის განხილვა. კერძოდ, იგეგმება გადასახადების შემდგომი შემცირება, ასევე ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიების საკითხის განხილვა.

ინალ არძინბამ აფხაზეთში ახალი პარტიის შექმნის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა

გაზაფხულზე აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში, სადაც დე ფაქტო პრეზიდეტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომის შემდეგ არჩევნები გაიმართება, შეიძლება შეიქმნას ახალი პოლიტიკური პარტია. მისი დამაარსებელი და კოორდინატორი იქნება ინალ არძინბა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის საპატრიარქოში ახალგაზრდობის საქმეების საბჭოს თავმჯდომარე, რუსეთის სახელმწიფო მრჩეველი. ამის შესახებ არძინბამ „ერბეკას“ განუცხადა.

29 წლის არძინბა დაბადებულია სოხუმში, ადრე იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი, 2014-2018 წლებში მუშაობდა „დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოში“. ის აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ვლადისლავ არძინბას ნათესავია. არძინბების კლანი დე ფაქტო რესპუბლიკაში ყველაზე გავლენიანად ითვლება. პარტია „ამცახარას“ დამაარსებელი, აფხაზეთის გმირად შერაცხული აკა არძინბა მისი ბიძაა. „ამცახარას“ ინფრასტრუქტურა გამოყენებულ იქნება ახალი პარტიის შესაქმნელად.

ხუნდაძე ვადაგასულ მედიკამენტებზე: ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში მიღებულ ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ვადაგასული მედიკამენტის შესახებ ლაპარაკობს.

„ჯობია წამალს დააკლდეს პაციენტი, ვიდრე პაციენტს - წამალი. ეს არ არის წამლის გასაღების პროგრამა, ის ემსახურება პაციენტის განკურნებას“, - თქვა ხუნდაძემ.

როგორც დეპუტატი ამბობს, „საყოველთაო საპატიმრო პროგრამის" ავტორები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემქმნელებს C ჰეპატიტის ელიმინაციას უწუნებენ და თავს ესხმიან სიკეთეს.

„ეს შემთხვევით არ ხდება, რადგან მათ უნდათ მსოფლიოში უპრეცედენტო პროექტის გაუფასურება - ოღონდ დააზიანონ ხელისუფლება, ოღონდ ჩრდილი მიაყენონ „ქართულ ოცნებას“, ისინი არ ერიდებიან ამ მნიშვნელოვანი სიკეთის დისკრედიტაციას. მოგეხსენებათ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტი ამ მასშტაბით ხორციელდება. წარსული მძიმე იყო, ციხეებიდან ყოველ 5 დღეში 3 გვამი გამოჰქონდათ და გარეთ, დამატებით, კიდევ ორს ითხოვდნენ. ხალხი ქონებას ჰყიდდა, რომ მკურნალობის საფასური გადაეხადათ. დღეს კი კლინიკები სავსეა პაციენტებით და მათ ჯანმრთელობაზე ჯანდაცვის გასამმაგებული ბიუჯეტი იხარჯება. მიუხედავად სისტემაში არსებული ხარვეზებისა, დღეს ქუჩაში ადამიანი უფულობის გამო აღარ იღუპება“,- თქვა ხუნდაძემ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვა დანარჩენი მატერიალური მარაგების ანგარიშზე, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აღრიცხული აქვს C ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში 560,645,083 ლარის ვადაგასული მედიკამენტი.

თავად სააგენტოში ამას ბენეფიციართა მიმართვიანობის შემცირებით ხსნიან.

ტექნიკური უნივერსიტეტი შოთაძის გენპროკურორობის კანდიდატად წარდგენაზე განცხადებას ავრცელებს

ირაკლი შოთაძე

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც განმარტავს, როგორ და რატომ წარადგინა ირაკლი შოთაძის კანდიდატურა გენერალური პროკურორის ვაკანსიის დასაკავებლად საპროკურორო საბჭოში.

განცხადების თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მიიჩნევს, რომ მის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ირაკლი შოთაძე სრულად აკმაყოფილებს გენერალური პროკურორის თანამდებობისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს:

„კანდიდატი გამოირჩევა მაღალი პროფესიონალიზმით, აქვს საქართველოს პროკურატურაში მუშაობისა და პროკურატურის ხელმძღვანელობის არაერთწლიანი გამოცდილება, გარდა ამისა, გააჩნია პროკურატურის განვითარების ხედვა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, გენერალური პროკურორის კანდიდატის შესარჩევად და წარსადგენად ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ იმსჯელა. კანდიდატის წარდგენას წინ უძღვოდა აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან კანონით განსაზღვრული კონსულტაციების პროცესი.

ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სტუ-ის აკადემიური საბჭოს მიერ მიწვეული ასოცირებული პროფესორია.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხთვიანი პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით უცნობი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი საპროტესტო აქციები დაიწყო.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 9 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა 2019 წლის 12 დეკემბერს,როდესაც საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიხაილ მიშუსტინი პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა მიხაილ მიშუსტინის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.

მას მხარი დაუჭირა 383-მა დეპუტატმა, თავი შეიკავა 41-მა. სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ასეთი რამ პირველად ხდება რუსეთის ისტორიაში - ყველა წინა პრემიერის დანიშვნისას იყო „წინააღმდეგ“ ხმებიც. „პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულმა კანდიდატურამ ყველა გააერთიანა“, თქვა ვოლოდინმა.

თავი შეიკავეს დეპუტატებმა კომუნისტური პარტიიდან. დანარჩენებმა მიშუსტინს მხარი დაუჭირეს.

მიშუსტინი დუმის დეპუტატების წინაშე გამოვიდა. მან პირობა დადო, რომ განხორციელდება ეროვნული პროექტები, პუტინის მაისის ბრძანებულებები და ცხოვრებაში გატარდება პუტინის ყოველწლიურ მიმართვაში გაკეთებული დაპირებები. მან ასევე თქვა, რომ ეწინააღმდეგება საკრედიტო ორგანიზაციების მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას. ახალი კაბინეტის პირად შემადგენლობაზე მას არ ულაპარაკია.

ზაზა სარალიძე ირაკლი შოთაძეზე - „დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს“

ზაზა სარალიძე გენერალური პროკურორის პოსტზე კანდიდატებს შორის ირაკლი შოთაძის გამოჩენას „ფეისბუკის“ პოსტით ეხმაურება და წერს, რომ ამ ეტაპზე, როცა მას არ აქვს გამოძიების მიმართ უნდობლობის საფუძველი, ყოფილი მთავარი პროკურორის დაბრუნებას მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა, ასევე აღნიშნავს, რომ ირაკლი შოთაძისგან „ღირსეულ ნაბიჯებს“ დაელოდება:

„მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება, რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!

ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგნ, უსაფუძვლო ბრალდებები!!!

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.

ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნება.

ვფიქრობ, რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს

და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!!

ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს!!!“, - წერს ზაზა სარალიძე "ფეისბუკის" გვერდზე.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 9 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპოკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს. ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა.

ირაკლი შოთაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2018 წლის 31 მაისს მას შემდეგ გააკეთა,რაც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ და საპროტესტო აქციაზე შეკრებილმა ათასობით ადამიანმა მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

გიგი უგულავა: ირაკლი შოთაძის დაბრუნება ნიშნავს ოთარ ფარცხალაძის რეანიმაციას

გიგი უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორობის კანდიდატად წარდგენის ფაქტის კომენტირებისას ამბობს, რომ შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნება ნიშნავს „ ფარცხალაძის რეანიმაციას, ყველაფერი უკანონობის რესტავრაციას, რის გამოც საზოგადოებამ აიძულა შოთაძე გადამდგარიყო“.

გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის კანდიდატად წარდგენა მიუთითებს ბიძინა ივანიშვილის ცინიკურ დამოკიდებულებას საზოგადოების მიმართ:

„როგორც ჩანს, შოთაძეს უპირებდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობას. მერე ზაზა თავაძე, რომელიც ასევე ივანიშვილის მონა-მორჩილი გახლავთ, დარჩა იქ და შესაბამისად, შოთაძე დაუბრუნდა თავის წიაღს.

შოთაძის კარიერა, ინტელექტუალური შესაძლებლობები, რეპუტაცია პროკურორის კი არა, ოპერმუშაკისასაც არ შეესაბამება. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ივანიშვილის ცინიკურ დამოკიდებულებას და აბუჩად აგდებას საზოგადოების, მერე უკვირთ რატომ მიდის მათი რეიტინგები ქვევით“, - აცხადებს უგულავა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 9 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპოკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს. ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა 2019 წლის 12 დეკემბერს,როდესაც საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

რომის პაპმა ვატიკინში ერთ-ერთ მმართველ თანამდებობაზე ქალი დანიშნა

რომის პაპმა, ფრაცისკემ ვატიკანის ერთ-ერთი მმართველი თანამდებობა ჩააბარა ქალს, იურისტ ფრანჩესკა დი ჯიოვანის, რომელმაც პაპის გადაწყვეტილება „ინოვაციურ გადაწყვეტილებად" შეაფასა. დი ჯიოვანი სახელმწიფო სამდივნოში მდივნის მოადგილე იქნება, განაცხადა ვატიკანმა.

ფრანცისკემ არაერთხელ გამოთქვა პოზიცია, რომ კათოლიკურ ეკლესიაში წამყვან პოზიციებზე ქალები უნდა დაინიშნონ. რომის კურიაში მაღალი თანამდებობი უპირატესად კაცებს უკავიათ.

სახელმწიფო სამდივნოს, სადაც დი ჯიოვანი დაინიშნა, ვატიკანის დიპლომატიური ურთიერთობები აბარია. მისი ხელმძღვანელი კარდინალი, პიეტრო პაროლინია.

66 წლის იტალიელ ქალის მოვალეობა იქნება, მაგალითად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კოორდინირება. ის პალერმოშია დაბადებული და 27 წელიწადია სახელმწიფო სამდივნოში მუშაობს.

დი ჯიოვანის თქმით, მასზე დაკისრებული პასუხიმგებლობა უფრო ამოცანას უკავშირდება, ვიდრე ფაქტს, რომ ის ქალია.

ლევ პარნასი: ტრამპმა უკრაინაში ბაიდენის მაკომპრომეტირებელი ინფორმაციის ძებნაზე

ლევ პარნასი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირადი იურისტის, რუდი ჯულიანის ყოფილი პარტნიორის, ლევ პარნასის თანახმად, ტრამპმა იცოდა, რომ უკრაინაში ეძებდნენ ინფორმაციას, რომელსაც შეეძლო მისი მეტოქის, ჯო ბაიდენის კომპრომეტირება და იწონებდა ამ ძიებას.

საბჭოთა წარმომავლობის ლევ პარნასი, რომელიც გასული წლის დამდეგს ჯულიანის სახელით აწარმოებდა მოლაპარაკებებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამჟამად აშშ-ში იმყოფება და მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს საარჩევნო კამპანიების დაფინანსებასთან დაკავშირებული დარღვევების გამო. გუშინ, როცა დემოკრატების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის სენატისთვის გაგზავნას, პარნასმა ამის თაობაზე MSNBC-სა და New York Times-ს მისცა ინტერვიუ.

ტრამპისთვის წაყენებული ბრალდებები დაკავშირებულია სავარაუდო ზეწოლასთან უკრაინის ხელისუფლებაზე, რათა კიევს გამოძიება ეწარმოებინა ბაიდენისა და მისი ვაჟის მოღვაწეობის თაობაზე. დემოკრატები ტრამპს ადანაშაულებენ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის გამოძიებაში ხელის შეშლაში.

გია ვოლსკი: ირაკლი შოთაძის კანდიდატურას მხარს დავუჭერ

თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას, მე მხარს დავუჭერ, მის პერიოდში საკმაოდ ბევრი საქმე არის სწორად წარმართული, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

გია ვოლსკის სიტყვებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკველელობის საქმესთან დაკავშირებით, ირაკლი შოთაძის გადაწყვეტილება მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არასწორი იყო.

„თუ ირაკლი შოთაძეს გაუწევენ რეკომენდაციას, მე მხარს დავუჭერ. მის პერიოდში საკმაოდ საინტერესო რეფორმები განხორციელდა, ურთულეს პირობებში უწევდა მუშაობა და საკმაოდ ბევრი საქმე არის სწორად წარმართული სასამართლოში. ასე რომ, ირაკლი საკმაოდ კარგი კადრია და აქ არავითარ (საკადრო) დეფიციტზე საუბარი არ არის“, - განაცხადა გია ვოლსკიმ

მისივე თქმით,ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი შოთაძემ გადადგომის გადაწყვეტილებაიმიტომ მიიღო, რომპოლიტიკური ოპოზიციის მხრიდან გავლენის თემაზე სპეკულაცია გამოერიცხა.

„თუმცა, არ მიმაჩნია სწორად ეს გადაწყვეტილება რომ მიიღო, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილება იყო და ეს მის პიროვნულ პოზიციაზეც კარგად მეტყველებს. კომისია ჩატარდა, ვფიქრობ, სპეკულაციებით იყო აღსავსე იმ ადამიანების პოზიცია, რომლებსაც ჩვენ ვუწოდებთ ოპონენტებს, მაგრამ რეალობაში ქვეყანას სჭირდება პროფესიონალი პროკურატურა, რომელიც ფაქტია, რომ სახეზეა,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე იმ 9 კანდიდატს შორისაა, რომლებიც საპროკურორო საბჭოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე განსახილველად წარუდგინეს. ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის კანდიდატად დარეგისტრირების განაცხადით საბჭოს „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ მიმართა.

ირაკლი შოთაძე მთავარი პროკურორის თანამდებობიდან 2018 წლის 31 მაისს გადადგა. ამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ოთხთვიანი პროცესის შემდეგ ხორავას ქუჩის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. ამ გადაწყვეტილებით უცნობი დარჩა, ვინ მოკლა არასრულწლოვანი დავით სარალიძე. განაჩენის გამოცხადების შემდეგ თბილისში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხალხმრავალი საპორტესტო აქციები დაიწყო.

გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური გახდა 2019 წლის 12 დეკემბერს, როდესაც საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტში დახურული ფორმატით იმსჯელეს აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

აფხაზური ოპოზიციის მომხრეები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში 9 იანვარს შეიჭრნენ

საქართველოს პარლამენტში დახურულ კარს მიღმა განიხილეს ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ხანს განვითარებული და მიმდინარე მოვლენები.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივი სხდომა დაიხურა მომხსენებლად მიწვეული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების რეკომენდაციით.

„შემოთავაზება და რეკომენდაცია, რასაც სრულიად ვიზიარებ, არის, რომ სხდომა დაიხუროს, რადგანაც ინფორმაცია, რომელიც უნდა წარმოგვიდგინონ, არის სენსიტიური“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მან სხდომის დახურვამდე შეაფასა არა მხოლოდ ოკუპირებულ აფხაზეთში, არამედ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარება: „უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას ემატება მძიმე სოციალური მდგომარეობა, ადგილზე არსებული დაძაბულობა, კრიმინიგენული ვითარება, რაზეც პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას“.

ირაკლი ბერაიას თქმით, ბოლო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოხუმში განვითარებულ მოვლენებს, მთავარია მოქალაქეების უსაფრთხოება და საქართველოს ხელისუფლება იყენებს ყველა ბერკეტს, რომ ეს საკითხები მუდმივად იყოს საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი და დაუშვებელია რუსული უკანონო ვოიაჟები სოხუმში, რომელიც მხოლოდ რუსული ინტერესების გაღრმავებას ემსახურება“, - განაცხადა ბერაიამ.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ განსაკუთრებით შემაშფოთებელი უწოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ე.წ. გადასასავლელის დაკეტვის გამო შექმნილ ვითარებას, რაც ბერაიას თქმით, „სხვა არაფერია თუ არა ჰუმანიტარული კატასტროფა". მან საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, გამოიყენონ ყველა მექანიზმი რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა მან შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და სხვა საერთაშორისო ვალდებულებები და შეზღუდვები უმოკლეს ვადაში მოხსნას.

დახურული საპარლამენტო მოსმენის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „გაკეთდა სრული პროცესების ანალიზი“ და ამომწურავი პასუხები გასცეს დეპუტატების საკმაოდ ბევრ შეკითხვას.

ხოჯევანიშვილს ჰკითხეს აფხაზური ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას განცხადებაზე, რომ ის სოხუმის და თბილისის დიალოგს ემხრობა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ინიციატივას საინტერესო უწოდა: „ჩვენ გაგვაჩნია ჟენევის ფორმატი, სადაც ყველა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა, მისი ინიციატივები თუკი დასმული იქნება მსგავს ფორმატში, ჩვენი მხრიდან კიდევ უფრო ინტენსიურ რეჟიმში გადავა“.

„სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგი უნდა იყოს, როგორ ფორმატში, რა ფორმით, მნიშვნელობა არ აქვს“, - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ უთხრა აფხაზური ოპოზიციის ლიდერმა ასლან ბჟანიამ, რომელიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ხაჯიმბამ ე.წ. პარლამენტს - „სახალხო კრებას“ 12 იანვარს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე უარი თქვა რაულ ხაჯიმბამ.

ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანისთვის პირს ბრალი წაუყენეს

პროკურატურის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთზე ქართველი მესაზღვრე მძევლად აიყვანა, ბრალი 3 მუხლით ოფიციალურად წარედგინა.

„გიორგი იჩუკაიძეს წარედგინა ბრალი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა, ტარება), სსკ-ის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით (იძულება), სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი (მძევლად ხელში ჩაგდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით)” - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლოს დღესვე მიმართავენ.

ინფორმაცია ქართველი მესაზღვრის მძევლად აყვანის შესახებ 14 იანვარს გაავრცელა შსს-მ.

უწყების ცნობით, გიორგი იჩუკაიძემ სასაზღვრო ზონაში ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით, ქართველი მესაზღვრე აიძულა გადაადგილებულიყვნენ საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთის მიმართულებით. ინცინდენტის განმავლობაში მან რამდენჯერმე გაისროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან.

ჩამოტვირთე მეტი

გიორგი გობრონიძე რუსეთში მიმდინარე ცვლილებებზე
please wait

No media source currently available

0:00 0:50:39 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
გიორგი გობრონიძე რუსეთში მიმდინარე ცვლილებებზე
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG