Accessibility links

ახალი ამბები

დააკავეს მიშელ პლატინი

საფრანგეთში კორუფციის საქმეზე უეფას ყოფილი პრეზიდენტი და ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, მიშელ პლატინი დააკავეს. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება ფრანგულ „ლე მონდზე“ დაყდნობით.

პლატინის დაკავება, სავარაუდოდ, 2022 წელს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის არჩევას უკავშირდება. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მიშელ პლატინი უეფას 2007-2015 წლებში ხელმძღვანელობდა. მისი სახელი ერთხელ უკვე ფიგურირებდა გახმაურებულ ფინანსურ სკანდალში.

ფიფას ეთიკის კომიტეტმა 2015 წლის დეკემბერში საქმიანობას 8 წლით ჩამოაშორა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და ევროპის ფეხბურთის მმართველი ორგანოს უეფას პრეზიდენტი, მიშელ პლატინი. საქმე ეხებოდა ორ მილიონ დოლარზე მეტს, რომელიც ბლატერმა პლატინის გადაუხადა 2011 წელს, ცხრა წლით ადრე შესრულებული სამუშაოსთვის. ბლატერსა და პლატინის დაეკისრათ ასევე ფულადი ჯარიმის, პირველს 46 ათასი ევროს, მეორეს კი 74 ათასი ევროს გადახდა.

აშშ-ის სენატში საქართველოს მხარდამჭერი დოკუმენტი მომზადდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აშშ-ის სენატმა გამოაქვეყნა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის 2020 ფისკალური წლის კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელშიც წინა წლისგან განსხვავებით, ცალკე ქვეთავი ეთმობა საქართველოსთან თანამშრომლობას.

ამასთან, აქტის ჩანაწერის მიხედვით, საქართველო ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში, შავი ზღვისა და ბალტიის ქვეყნებთან ერთად, აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად მოიაზრება.

დოკუმენტის თანახმად, აშშ აგრძელებს საქართველოსთან მტკიცე და ურყევ სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს შეუწყობს საქართველოსთვის უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვანი დახმარების გაწევას, მათ შორის, ლეტალური თავდაცვითი შესაძლებლობებით, რაც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და გააუმჯობესებს ნატოს ძალებთან თავსებადობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, 2019 წლის აქტთან შედარებით, 2020 წლის კანონპროექტი შეიცავს უფრო ძლიერ ფორმულირებებს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სენატი ხაზს უსვამს შავი ზღვის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერებისა და მეტი ჩართულობის აუცილებლობას და საქართველოსა და უკრაინის მონაწილეობით შავ ზღვაში ნატოს და სხვა მრავალეროვნული წვრთნების ჩატარების სიხშირის, მასშტაბისა და სცენარების გაფართოების მნიშვნელობას.

კანონპროექტი კიდევ ერთხელ ადასტურებს სენატის მტკიცე პოზიციას ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკისადმი და მხარდაჭერას ნატოში საქართველოს გაწევრიანების მიმართ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, აშშ-ის საკანონმდებლო დონეზე საქართველოს ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ აშშ-ის კონგრესის მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას და აშშ-ის ადმინისტრაციის პოლიტიკურ დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელობას.

აშშ დამატებით სამხედრო ძალებს გზავნის ახლო აღმოსავლეთში

აშშ-ის სამხედრო უწყებამ გამოაქვეყნა დამატებითი ფოტოები იმ მოსაზრების გასამყარებლად, რომ ირანს ეკისრება პასუხისმგებლობა გასულ კვირაში, ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე განხორციელებულ თავდასხმაში. 17 ივნისს პენტაგონის მიერ გავრცელებულ ფოტოზე, რომელიც აშშ-ის სამხედრო შვეულმფრენიდან არის გადაღებული, ჩანს, თუ როგორ იღებენ ირანელ სამხედროები აუფეთქებელი ჭურვს იაპონური ტანკერის კორპუსიდან.

ვაშინგტონის თანახმად, ეს ფოტოები ადასტურებს, თუ როგორ ცდილობენ ირანელი სამხედროები მტკიცებულებების განადგურებას ინცინდენტის ადგილიდან.

ვაშინგტონმა ორშაბათს განაცხადა, რომ ტანკერებზე იერიშის გამო დამატებით 1000 სამხედრო მოსამსახურეს გაგზავნის ახლო აღმოსავლეთში. „სამხედროებს აქვთ თავდაცვითი ამოცანა ახლო აღმოსავლეთში საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო ხასიათის საფრთხეების შესაკავებლად“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა პატრიკ შენეჰენმა.

პენტაგონის შეფის თქმით, რეგიონში სამხედრო ძალების რაოდენობის კორექტირება მოხდება, „სადაზვერვო ცნობებისა და საფრთხეების შესახებ მიღებული სანდო ინფორმაციების“ მიხედვით.

ომანის ყურეში ნავთობის ორ ტანკერზე თავდასხმა 13 ივნისს განხორციელდა. თავდასხმას აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.

ამის შედეგად დაძაბულობამ რეგიონში ახალ სიმძაფრეს მიაღწია. აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა სპარსეთის ყურეში, მათ შორის საუდის არაბეთმა, ირანი დაადანაშაულეს. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 14 ივნისს ირანს დასდო ბრალად ტანკერებზე თავდასხმაში.

დავით სერგეენკო მინისტრის თანამდებობას დღეს დატოვებს

დავით სერგეენკომ დაადასტურა, რომ ტოვებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას.

„ჩვენ დღეს გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთოთ განცხადება ამის შესახებ. თუმცა, ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ“ - უთხრა ჟურნალისტებს დავით სერგეენკომ.

სერგეენკოს თქმით, რჩება გუნდში, რადგან ეს გუნდი იმ ღირებულებების მატარებელია, რომელიც მისთვის, როგორც რიგითი ექიმის ინსტინქტისთვის ყველაზე ძვირფასია. „სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე, რომ მე არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და უფრო მეტიც, ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა, რომ ამ გუნდთან ერთად ვიმუშაო“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე 2012 წლის ოქტომბერში დაინიშნა. "ქართული ოცნების" მთავრობაში გარკვეული პერიოდულობით განხორციელებული საკადრო ცვლილებები სერგეენკოს დღემდე არასდროს შეხებია.

აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) მიერ 2019 წლის მაისში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, დავით სერგეენკო თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად პირველ ადგილს ინაწილებდა პოლიტიკოსებისადმი დადებითი განწყობის მხრივ. სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 40%-მა გამოხატა.

არასამთავრობო ორგანიზაციები "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებს სოლიდარობას უცხადებენ

ათზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სოლიდარობა გამოუცხადა „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს და ლგბტ+ აქტივისტებს, რომელთა „გამოხატვის თავისუფლება უხეშად შეიზღუდა ძალადობრივი ჯგუფების მიერ 14 ივნისს მთავრობის კანცელარიის მიმდებარედ.“

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს, გაატარონ ყველა საჭირო ზომა, ერთი მხრივ, მოძალადეთა სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის, მეორე მხრივ კი „თბილისი პრაიდის” კვირეულის მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულია თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლება, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს სრული უფლება, გააჩნდეს საკუთარი მოსაზრება და გამოხატოს ის თავისუფლად, ზეპირად, წერილობით ან სხვა ფორმით. ამავდროულად, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, მიიღოს სათანადო ზომები, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უშლიან ამ უფლებით სარგებლობას. სწორედ ამგვარი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩათვალა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომ 2012 წლის 17 მაისს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა კონვენციის დარღვევას საქართველოს მხრიდან” - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.

მათი შეფასებით, „საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ 14 ივნისს კანცელარიასთან ლგბტ+ აქტივისტებს არ მიეცათ საკუთარი უფლებების რეალიზების საშუალება. ისინი, ისევე როგორც იქ მყოფი სხვა მშვიდობიანი მოქალაქეები, ჟურნალისტები და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, გახდნენ მუქარისა და ძალადობის ობიექტები, იმ ჯგუფების მხრიდან, რომელთა ლიდერებსაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციასთან.“

არასამთავრობო ორგანიზაციების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს "16 ივნისს, ვერის პარკში ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლების განცხადებები, რომლებიც შეიცავდა მკაფიო მუქარას და ძალადობისკენ მოწოდებას ლგბტ+ აქტივისტების, პოლიციელების, უფლებადამცველებისა და საერთაშორიო პარტნიორების მიმართ. ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში შეკრებილებს „თბილისი პრაიდის” ჩაშლის გეგმაც გააცნო და ძალადობრივი დაჯგუფებაში გაწევრიანებისკენ მოუწოდა."

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ 14 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული წესით დააკავა 28 პირი, რომლებიც ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევას და სხვადასხვა ქმედებით გამოხატავდნენ აგრესიას აქციის მშვიდობიანი მონაწილეების, მათი მხარდამჭერების და ჟურნალისტების მიმართ. ამასთან, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრების ფაქტებზე..

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ექსტრემისტული ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებსა და მოწოდებებზე რეაგირება მისასალმებელია, თუმცა აღსანიშნავია, რომ ასეთი ჯგუფების გაძლიერება წლების მანძილზე ხელისუფლების არასათანადო პოლიტიკის, უმოქმედობისა და ხშირად შემწყნარებლური დამოკიდებულების შედეგია. განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს პრაიდის არჩატარებას სთავაზობს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს" - ნათქვამია განცხადებაში.

შექმნილ ვითარებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აუცილებლად მიიჩნევენ:

- სამართალდამცავმა ორგანოებმა დროულად და ეფექტიანად გამოიძიონ 14 და 16 ივნისის აქციებზე განხორციელებული ძალადობრივი აქტები და მოწოდებები; ამ კუთხით სამართალდამცავმა ორგანოებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინონ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს აქციაზე გაჟღერებული გეგმების მიმართ, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლით (უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება) გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს შეიცავს;

- გატარდეს ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება იმისთვის, რომ ლგბტ+ აქტივისტების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი „თბილისი პრაიდის” კვირეულის განმავლობაში და მიეცეთ საჯაროდ შეკრებისა და გამოხატვის უფლებებით თავისუფლად სარგებლობის საშუალება;

- ხელისუფლება განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით დააკვირდეს ქვეყანაში ექსტრემისტული ძალების გააქტიურებას, შეისწავლოს რუსეთის სპეც-სამსახურებთან მათი შესაძლო კავშირები და მოახდინოს ამ მხრივ არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება;

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საზოგადოება და ბანკები, მედიის განვითარების ფონდი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, საფარი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი.

აშშ შეშფოთებულია საქართველოში ლგბტქ თემის მიმართ მუქარის გამო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას ყველა მოქალაქე სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

"თბილისი პრაიდის" გამო საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ „ამერიკის ხმის“ შეკითხვას სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ ღრმადაა შეშფოთებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ გამოთქმული მუქარებით “თბილისი პრაიდის” მარშის წინ და კატეგორიულად გმობს ადამიანების დევნას რაიმე, კერძოდ, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიზეზით.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მიესალმება საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ დაიცავს თითოეული ადამიანის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას.

ქუთაისში აფეთქების შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანის მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისის ავტომშენებლის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების და ხანძრის შედეგად დაშავებული შვიდიდან სამი ადამიანი თერმულ დაზიანებათა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ცენტრშია მოთავსებული.

ცენტრის ექიმმა გიორგი აბესაძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ სამივე პაციენტს სხეულის 30-დან 75%-მდე დამწვრობა აქვს და მათი მდგომარეობა მძიმეა. ამავე კლინიკაში იმყოფებოდა კიდევ ერთი, არასრულწლოვანი პაციენტი, რომელიც თბილისში გადაიყვანეს.

დანარჩენი დაშავებულები ინტერვენციული მედიცინის ცენტრში იმყოფებიან.

ქუთაისში ავტომშენებლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მდებარე ბინაში აფეთქება დილით მოხდა. ხანძარს 30-მდე მეხანძრე მაშველი ათამდე ერთეული სპეციალური ტექნიკით აქრობდა. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეს ქუთაისის პოლიცია იძიებს.

ქარიშხალმა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა

ძლიერმა ქარმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. კალაურში ქარიშხალმა სახურავი გადახადა საცხოვრებელ სახლებს.

ნაწილობრივ სახურავის გარეშე დარჩა სოფელ შაშიანის საჯარო სკოლა და სარიტუალო დარბაზი. ქარიშხალმა მრავალწლოვანი ხე მოგლიჯა თელავი- გურჯაანის საავტომობილო გზაზე, სადაც მიმოსვლა დაახლოებით 15 წუთით შეჩერდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის აღწერა, რომლის დასრულების შემდეგ დაიწყება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა.

აშშ-ის პრეზიდენტი მიგრანტებს გაძევებით დაემუქრა

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალ კვირაში მიგრაციული და საბაჟო კანონმდებლობის დაცვის ბიურო დაიწყებს ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მილიონობით მიგრანტის გაძევებას.

დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ისინი აშშ-ს ისევე სწრაფად დატოვებენ, როგორც ჩამოვიდნენ. ტრამპმა შეაქო მექსიკა, რომელიც პრეზიდენტის შეფასებით, ძლიერი მიგრაციული კანონმდებლობის დახმარებით კარგად მუშაობს და ხალხს აშშ-ის საზღვრისკენ აღარ უშვებს.

მაისის ბოლოს დონალდ ტრამპი მექსიკას დაემუქრა საბაჟო გადასახადებით, თუ ამ ქვეყნის მთავრობა არ მიმართავდა ეფექტურ ზომებს არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ.

ივნისის დასაწყისში, აშშ-თან მოლაპარაკებისას მექსიკამ აიღო უპრეცედენტო ზომების მიღების და სამხრეთ საზღვრის გასაკონტროლებლად ეროვნული გვარდიის მობილიზების ვალდებულება. ამ მოლაპარაკების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა გადადო მექსიკური პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადის დაწესება.

დალასის სასამართლოსთან შეიარაღებულ თავდასხმაში აშშ-ის არმიის ყოფილი სამხედრო მონაწილეობდა

აშშ-ის არმიის ყოფილმა სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლი გახსნა ტეხასის შტატის ქალაქ დალასის ფედერალური სასამართლოს შესასვლელთან. თავდამსხმელი დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა მოკლეს.

ფედერალური საგამოძიებო ბიუროს წარმომადგენლის, მეთიუ დესარნოს ინფორმაციით, მოკულულია 22 წლის ბრაიან აიზეკ კლაიდი, რომელსაც თან ჰქონდა დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალები და ძლიერი ცეცხლსასროლი იარაღი. დესარნოს განცხადებით, დაცვის სამსახურის სამმა თანამშრომელმა დროულად და ეფექტურად იმოქმედა.

ყოფილი სამხედროს მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, ბრაიან აიზეკ კლაიდი 2015 წლიდან საზღვაო ქვეითად მსახურობდა და არმია 2017 წელს დატოვა.

სავარაუდოდ აფეთქებით გამოწვეული ხანძრის შედეგად ქუთაისში შვიდი ადამიანი დაშავდა

7 ადამიანი დაშავდა ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში, ავტომშენებლის გამზირზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-2 სართულზე სავარაუდოდ, მოხდა აფეთქება, რასაც ხანძარი მოჰყვა. ადგილზე მივიდნენ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობითვე, 30-მდე მეხანძრე-მაშველმა კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია პირველივე წუთებში განახორციელა. ხანძრის ჩასაქრობად გამოყენებული იყო ათამდე ერთეული სახანძრო და სამაშველო ტექნიკა.

სავარაუდო აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. საქმეს ქუთაისის პოლიცია იძიებს.

სასამართლო სხდომაზე გარდაიცვალა ეგვიპტის ექსპრეზიდენტი მორსი

ეგვიპტის გადაყენებული პრეზიდენტი, მოჰამად მორსი გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც გონება დაკარგა კაიროს სასამართლო დარბაზში - იუწყებიან ოფიციალური პირები.

ეგვიპტის მთავარი პროკურორის თანახმად, მორსი სასამართლო დარბაზში აღმართული გისოსების უკან წაიქცა, მას შემდეგ, რაც ტრიბუნალს სიტყვით მიმართა 17 ივნისს. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, სადაც ექიმებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს, ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ, სამედიცინო ცნობით, მას სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სასამართლო სხდომაზე განიხილავდნენ ჯაშუშობის ბრალდებებს, რომლებიც ეფუძნება ეჭვებს კონტაქტების შესახებ პალესტინურ ისლამისტურ ჯგუფ ჰამასთან. 67 წლის მორსი ერთ დროს მთავარი ფიგურა იყო ამჟამად აკრძალულ, ისლამისტურ მოძრაობა მუსლიმთა საძმოში. ის ეგვიპტის არმიამ 2013 წელს გადააყენა, მასშტაბური საპროტესტო გამოსვლების ფონზე, რომლებიც დაიწყო ერთ წელიწადში მას შემდეგ, რაც მორსი ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ქვეყნის პირველი დემოკრატიულად არჩეული ლიდერი. მას შემდეგ მორსი პატიმრობაში რჩებოდა, ეგვიპტის მთავრობამ მის მომხრეებზე ზეწოლა დაიწყო. მუსლიმთა საძმო ეგვიპტის ხელისუფლებას ადანაშაულებს მორსის "მიზანმიმართული ნელი სიკვდილის" გამოწვევაში.

პარიზში მყოფი ზელენსკი ევროპელ მხარდამჭერებს მოუწოდებს შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე

პარიზში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მისი ქვეყნის ევროპელ მხარდამჭერებს მოუწოდა შეინარჩუნონ ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი.

"მშვიდობის ერთადერთი გასაღები არის დიპლომატიური და სანქციებით ამოქმედებული ზეწოლა" - თქვა ზელენსკიმ მაკრონთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე 17 ივნისს და დასძინა: "ამიტომაც, გთხოვთ შეინარჩუნოთ ეს [კურსი]".

მთავრობის ძალებს და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლას 13 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა 2014 წლის აპრილიდან, მალევე მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსირება განახორციელა. ევროკავშირმა, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს ყირიმის საკითხის და სეპარატისტებსი მხარდაჭერის გამო.

მაკრონი მიესალმა ზელენსკის სურვილს ომი დასრულდეს და პირობა დადო, რომ საამისოდ იმუშავებს ე.წ. "ნორმანდიული ფორმატის" აღსადგენად. ამ ფორმატის წევრები არიან საფრანგეთი, გერმანია, უკრაინა და რუსეთი. ჯგუფს ორი წელია არ გაუმართავს შეხვედრა.

18 ივნისს ზელენსკი ბერლინში შეხვდება გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

აშშ გამოდის მოწოდებით, საერთაშორისო პასუხი გაეცეს ირანის "ბირთვულ შანტაჟს"

აშშ-ის შეფასებით, ირანის გეგმა, დაარღვიოს მის მარაგში არსებულ გამდიდრებულ ურანზე 2015 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებით დაწესებული ზღვარი, წარმოადგენს "ბირთვულ შანტაჟს", რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს "გაზრდილი საერთაშორისო ზეწოლით".

ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის პრესმდივანმა, გარეტ მარკისმა ეს განცხადებები 17 ივლისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ირანმა მისდია თავის მუქარას, რომ კიდევ უფრო მეტად შეამცირებდა თავისი ერთგულების ხარისხს მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან გაფორმებული ხელშეკრულებისადმი, რომლითაც შემცირდა ირანის ბირთვული პროგრამა, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ.

ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი გამოვიდა მოწოდებით, რომ სასწრაფოდ გადასარჩენია ხელშეკრულება, რომელიც კოლაფსის პირასაა მას შემდეგ, რაც მას შარშან აშშ გამოეთიშა. საფრანგეთი ირანს მოუწოდებს გამოიჩინოს "მოთმინება და პასუხისმგებლობა", ბრიტანეთი კი ამბობს, რომ "ყველა შესაძლებლობას განიხილავს" იმ შემთხვევაში, თუ თეირანი ხელშეკრულებას არ უერთგულებს.

ირანმა მაისში შეწყვიტა გარკვეული ვალდებულებების შესრულება, პასუხად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე აშშ გამოეყვანა ხელშეკრულებიდან. ტრამპმა ირანს სანქციებიც აღუდგინა.

ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა მსოფლიოს ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს პირველობის დასრულებამდე კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებენ.

საქართველოს 20-წლამდელთა სარაგბო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიჯის ნაკრები დაამარცხა და მსოფლიოს 2020 წლის პირველობის საგზური ვადაზე ადრე გაინაღდა.

ილია მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში ბოლო წუთზე გატეხა ვანო კარკაძის მიერ დადებული ლელოთი და 12:8 მოიგო.

უმცროსი ბორჯღალოსნები მსოფლიოს პირველობის დასრულებამდე კიდევ ერთ თამაშს ჩაატარებენ - 22 ივნისს იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და, გამარჯვების შემთხვევაში, შეჯიბრებას მეცხრე ადგილით დაასრულებენ, ამ წყვილში წაგებული კი მეათე ადგილს დაიკავებს.

გამოკითხვაზე დაიბარეს ლევან ვასაძის "სახალხო ლეგიონის" წევრები

ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დიღმის მთავარ სამმართველოში რამდენიმე პირის გამოკითხვა მიმდინარეობს; ესენი არიან: გიორგი მამარდაშვილი, დავით ბერიძე და ლევან ჩაჩუა. გამოკითხვაზე დაბარებულები გაწევრიანებული არიან ვასაძის ორგანიზებით შექმნილ "სახალხო ლეგიონში".

გავრცელებული ინფორმაციით, გამოკითხვაზე დაბარებულები არიან ასევე გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი - ალექსანდრე ფალავანდიშვილი. უწყებები მათ შს სამინისტროს თანამშრომლებმა 17 ივნისს ვერის ბაღში მიუტანეს, თუმცა მამა-შვილი მათ იქ არ დახვდათ.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

„სახალხო ლეგიონის“ რიგებში 17 ივნისს არაერთი ადამიანი ჩაეწერა. ლეგიონში გაწევრიანებულია ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი დეპუტატი ემზარ კვიციანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რუსთავის ხელოვნურ ტბაში 11 წლის მოზარდი დაიხრჩო

ხელოვნური ტბა რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში

11 წლის ბავშვი დაიხრჩო 17 ივნისს, დღისით, რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში ხელოვნური ტბის ცურვისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, რომელიც ადგილობრივი მაშველების მეთვალყურეობის ქვეშაა. თვითმხილველების თქმით, მოზარდი ძმასთან ერთად ბანაობდა, როცა წვიმა წამოვიდა. ის, რომ ერთ-ერთი ბავშვი არ ჩანდა, მაშველებს დაღუპულის ძმამ შეატყობინა. გარდაცვლილი მოზარდი 15-წუთიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

პარკის დაცვის სამსახურის თანამშრომელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტრაგედია დღის ხუთ საათზე მოხდა. ამ წუთებში ხელოვნური ტბის მაშველები - ისინი კი სულ ორნი არიან - პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხვაზეა პარკის დაცვის ხელმძღვანელობაც. ამჟამად ტბაში ბანაობა აკრძალულია.

2016 წელს ამავე ტბაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო, რის შემდეგაც ტბას მაშველები მიუჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის პოლიციის სამმართველოში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გურამ ფალავანდიშვილი: პრემიერი ლგბტ-ზონდერად იქცა

პრემიერ-მინისტრი ლგბტ-ზონდერად იქცა, მთავრობა ბიბლიის საწინააღმდეგო კონსტიტუციას იცავს და თუკი ვინმეს დაიჭერენ, მთავრობას გადადგომა ემუქრება, - აცხადებს ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გურამ ფალავანდიშვილი.

„ბატონი პრემიერი გახდა ლგბტ-ექსტრემისტი, ლგბტ-ზონდერი და უცხოეთში დაამტკიცა როცა თქვა, რომ ყველა გზით, საქმეს აღძრავს რათა ეს დაცემულობა, ანტიქრისტეობა, ანტისახარება... შენ კონსტიტუცია რომ მიიღე, ბიბლიის საწინააღმდეგო, იმას არ უნდა დაემორჩილო. მე არ ვამბობ, რომ ვიღაც უნდა სცემო და მოკლა, მაგრამ არ უნდა დაემორჩილო“, - ამბობს ფალავანდიშვილი.

მისი აზრით, პრემიერის ამჟამინდელი მოქმედებები არ შეესაბამება მის სხვა მოქმედებებს, როცა მან ღვთისმშობლის ხატთან დაიფიცა და ქვეყანაში წილხვდომილობის ოფიციალურად გამოცხადებას დაუჭირა მხარი.

ფალავანდიშვილის თქმით, პრემიერი და მთავრობა ახლა ყოფნა-არყოფნის არჩევნის წინაშე დგას.

„თუ ეს კანონი მას მიაღებინეს და დამნაშავე არ არის, პრემიერმა ელჩებთან, სოდომისტებთან, სხვადასხვა მასონებთან და არ შეირცხვინოს თავი ერთან და ბერთან და არ გაბედოს ტერიტორიის გადასაკეტად ზვარაკად დამდგარი ხალხის ჯოხებით ცემა... თუ მან ხალხის დახვრეტა დაიწყო, ამას ადეკვატური რეაქცია მოჰყვება, ამას არც ვასაძე სჭირდება და არც არავინ... თუ ისინი მოახდენენ ვიღაცეების დაჭერას, ვიღაცეების ცემას ან თუნდაც - ტყვიის სროლას, უბრალოდ იმდენი კაცი გამოვა ქუჩაში, როგორც სომხეთში გამოვიდა, რომ სამ დღეში თუ არა, ერთ კვირაში - მაქსიმუმ, მთავრობა, რომელიც არის მოღალატე და ლგბტ-ზონდერობაში ჩართული, გადადგება“, - ამბობს ფალავანდიშვილი.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

„ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია. მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ჯვრით მოვალ და ამით ვძლევ" - განაცხადა 16 ივნისს ვასაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ქუცნაშვილი: რუს დეპუტატებს ვერ ვეტყვით უარს მიუღებელი განცხადებების გამო

არ გვაქვს უფლება, რომ ჩვენთვის მიუღებელი განცხადებების გამო არ შემოვუშვათ საქართველოში რუსი დეპუტატები, - აცხადებს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტის, სერგეი გავრილოვის საქართველოში არშემოშვების მოთხოვნაზე საუბრისას.

„იმის გამო, რომ ჩვენთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული ვიღაც დეპუტატებს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება, რომ არ შემოვუშვათ საქართველოში. მაგ ლოგიკით მაშინ, მეგობრებო, გაეროს გენერალური ასამბლეაზე ჩადის მსოფლიო დიქტატორების ნახევარი და მაშინ ამერიკამ უნდა ჩაკეტოს ნიუ-იორკის აეროპორტები.

საერთაშორისო ასამბლეებში და გენერალურ ასამბლეებში მონაწილეობაზე უარის თქმა, თუნდაც მიუღებელი პერსონებისთვის, ეს არის დიპლომატიაში ქაჯობა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის ჩატარება 19-22 ივნისს თბილისში იგეგმება. „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევენ, მათ შორის, კომუნისტური პარტიიდან რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის თბილისში ჩამოსვლას. მიზეზებად სახელდება საქართველოსა თუ უკრაინის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული არაერთი მავნებლური განცხადება თუ ქმედება.

ქუცნაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ სერგეი გავრილოვს „ოკუპაციის შესახებ კანონი“ აქვს დარღვეული. მისი თქმით, აღნიშნული კანონი ასამბლეის მონაწილე ორ დეპუტატს ჰქონდა დარღვეული, რომლებსაც შესაბამისად საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში ქართულ დელეგაციას „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციის წევრები არიან დიმიტრი ხუნდაძე, ენძელა მაჭავარიანი, ადა მარშანია და ზვიად ძიძიგური.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილმა რამდენიმე დღის წინ უთხრა რადიო თავისუფლებას, ეუთოსა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეების შემდეგ, რომელიც თბილისში გასულ წლებში გაიმართა, მართლმადიდებლობის საპარლამენტთასორისო ასამბლეა თბილისს მისცემს საშუალებას გახდეს მესამე დიდი საერთაშორისო ფორუმის მონაწილე.

საპატრიარქო: LGBT ჯგუფები ქვეყნის დასავლური ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს

საქართველოს საპატრიაქრო აცხადებს, რომ ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები საქართველოს დასავლური ორიენტაციის მოწინააღმდეგეების წისქვილზე ასხამენ წყალს, ხოლო თავად მართლმადიდებელი ეკლესია პროევროპულია.

17 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ, საპატრიარქოს აზრით, არაერთ ძალას სურს "ლგბტ მცირე ჯგუფი გამოიყენოს გარკვეული მიზნებისათვის. ამ მიზნებში პოლიტიკური ორიენტირებიც იკვეთება და ეკლესიის სახელის შელახვის სურვილიც."

ამასთან, საპატრიარქო აცხადებს, რომ სხვადასხვა ეთნოსისა და აღმსარებლობის მოსახლეობაში ლგბტ პრაიდის ჩატარება "აჩენს სამართლიან პროტესტს".

"დღეს უკვე ნათელია, რომ ე.წ. LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში მღელვარებაა; როდესაც ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე, რატომღაც არ ამბობენ, რომ საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო კანონმდებლობით ეს თავისუფლება, როგორც არააბსოლუტური, შეიძლება შეიზღუდოს, თუ იგი ეწინააღმდეგება ქვეყანაში არსებულ მორალურ ღირებულებებს და ქმნის რეალურ საშიშროებას ხალხში დაპირისპირებისა და შფოთისათვის. ხელისუფლების ვალია, მიიღოს ზომები ქვეყანაში სიმშვიდის დასაცავად", - წერს საპატრიარქო და აცხადებს ასევე, რომ ემიჯნება ძალადობას, ძალადობისკენ მოწოდებასა და სიძულვილის ენას.

საპატრიარქო მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს, ნუ დაუკარგავენ საქართველოს მოსახლეობას პროდასავლურ განწყობას და ხელი შეუწყონ სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან აცილებას.

რუსეთის სასამართლომ კვლავ გადადო რეჟისორ სერებრენიკოვის პროცესი

მოსკოვში მოსამართლემ კიდევ ერთხელ გადადო თეატრის რეჟისორის, კირილ სერებრენიკოვის და მასთან ერთად განსასჯელი პირების პროცესი, რათა მეტი დრო იყოს საქმეში არსებული მტკიცებულებების შესახებ ახალი გამოკვლევის შესასწავლად.

სასამართლომ 17 ივნისს დაადგინა, რომ 16 აგვისტოს განახლდება 49 წლის რეჟისორის და მასთან ერთად სამი განსასჯელის გახმაურებული პროცესი, რომელშიც მათ 133 მილიონი რუბლის, ანუ ორი მილიონი დოლარის გაფლანგვას ედავებიან. ბრალდების თანახმად, ეს თანხა სახელმწიფომ გამოუყო 2011-2014 წლებში "მეშვიდე სტუდიას", სერებრენიკოვის მიერ დაარსებულ არაკომერციულ ორგანიზაციას.

სასამართლო სხდომა პირველად 15 აპრილს გადაიდო - როცა მესჩანსკის რაიონულმა მოსამართლემ, ირინა აკურატოვამ ბრძანება გასცა, "ყოვლისმომცველად" შეფასებულიყო საქმესთან დაკავშირებული ფინანსური, შემოქმედებითი და სხვა ტიპის ინფორმაცია. ეს გადადება მაშინ დაცვის მხარის გამარჯვებად იქნა აღქმული.

სერებრენიკოვი 2017 წლის აგვისტოში დააპატიმრეს, რასაც მოჰყვა საერთაშორისო ყურადღება და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მთავრობის დადანაშაულება, რომ ის ავიწროებს მისდამი კრიტიკულად განწყობილ კულტურულ ფიგურებს.

სახალხო დამცველი: შსს-მ „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს ღირსების მარშის გამართვაზე უარი უთხრა

შინაგან საქმეთა სამინისტროში დასრულდა სახალხო დამცველთან და „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებთან შეხვედრა.

ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

„შეხვედრაზე იყო საუბარი უსაფრთხოების საკითხებზე, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით. შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ პრაიდის წევრების, არამედ ზოგადად უსაფრთხოებაზე. ამიტომ მათი მხრიდან ითქვა, რომ არ ჩატარდეს პრაიდი, ვინაიდან ეს არის დაკავშირებული უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას უკვე მიიღებს თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ, უნდა გაიარონ კონსულტაციები შიგნით, ორგანიზაციებში. თუმცა, შეხვედრაზე იყო ასევე საუბარი სხვადასხვა პრობლემებზე და საკითხებზე, რაც აწუხებს ლგბტ თემს, მათ შორის მათი მხრიდან იყო მოთხოვნა დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები და შეფასებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე, ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ ხელისუფლებამ გაატაროს მათი უფლებების დასაცავად. თუმცა, ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება. რაც შეეხება პრაიდს, შსს-მ თქვა, რომ ეს პრაიდი არ ჩატარდეს. რაც შეეხება სხვა დანარჩენ ღონისძიებებს, კულტურული თუ სხვა ტიპის ღონისძიებები, რაც არის დაგეგმილი, ამასთან დაკავშირებით გამოითქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მზაობა, რომ გაკეთდება მაქსიმუმი მათი უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა რაც შეეხება პრაიდს ღია სივრცეში, ამასთან დაკავშირებით მათი მხრიდან იყო ცალსახად გაკეთებული, დაფიქსირებული პოზიცია, რომ, ძალიან გაჭირდება უსაფრთხოების დაცვა,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ლგბტ თემს ქვეყანაში თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა არ აქვს. ეს არის ფაქტი და თუ ისინი, თუნდაც ათასი პოლიციის კორდონით გარშემორტყმულნი შეიკრიბებიან, ეს ვითარებას არ ცვლის.

"ფაქტი ფაქტად რჩება. დღემდე პრობლემად რჩება მათი თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, თუმცა გარკვეული ლოგიკაც არსებობს იმაში, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გარკვეული საკითხები იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი, გამართავენ თუ არა ამ ტიპის მარშს და მსვლელობას",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა უკომეტაროდ დატოვეს.

სალომე ზურაბიშვილმა თიჯრობის დღესასწაული ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად აღნიშნა

"ამოვედი სოფელ გრემისხევში. სულთმოფენობის მეორე დღეს აქ თიჯრობის დღესასწაულია, რომელიც წლების და საუკუნეების მანძილზე აერთიანებდა ქართველებსა და ოსებს, ქრისტიანებს. აქ ამოდიოდნენ და ლოცულობდნენ, მაგრამ დღეს, ზევით ხატში, საოკუპაციო ხაზის გამო ვერ ადის სოფლის მოსახლეობა",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშილმა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტმა დიდი დანაშაული უწოდა საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ქართულ-ოსური მოსახლეობის დაყოფას:

„საუკუნეების მანძილზე ერთად მცხოვრები ადამიანების ასეთი ხელოვნური დაყოფა დიდი დანაშაულია! არავის აქვს უფლება დაარღვიოს ერთმანეთის სიყვარულში ცხოვრების ძველებური ტრადიცია. ამიტომ ამოვედი აქ და მგონია, რომ მისახედია ეს ადგილი. მისახედია იმით, რომ უნდა ამოვიდეთ უფრო ხშირად და ვაჩვენოთ, რომ ეს ხაზი რეალურად არ არსებობს, რომ ეს ხაზი ხელოვნურია“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით გზას 12 კილომეტრი აკლია, რის გამოც სოფელი გარიყულია.

„ბევრად გაადვილებული უნდა იყოს მისვლა-მოსვლა. ეს სოფელი არ უნდა დაიცალოს, მას ჩვენგან ზრუნვა და ყურადღება სჭირდება. გზა და ყურადღება - ეს არის ნიშანი იმისა, რომ სახელმწიფო ზრუნავს ყველაზე, რომ ხვალ, ახლო მომავალში, ჩვენ ყველამ შევძლოთ იმ მაღალ ხატზე ასვლა და მოსახლეობა არ იყოს დაყოფილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

სახალხო დამცველი: ლევან ვასაძის აქციით უსაფრთხოების სამსახური უნდა დაინტერესდეს

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის მიერ 16 ივნისს ორგანიზებულ აქციაზე გაკეთებული განცხადებებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურიც უნდა დაინტერესდეს.

ნინო ლომჯარიასთვის საყურადღებოა, რომ აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ რუსეთის ინტერესების ღიად გამტარებელი ადამიანები, რომელთა საქმიანობა ქვეყნის უსაფრთხოების ჭრილშია განსახილველი.

„გუშინ ადგილზე ვხედავდით იმ ადამიანებსაც, რომლებსაც ძალიან ღია კავშირები აქვთ რუსეთის რბილი ძალის წარმომადგენლებთან საქართველოში; იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ და ოფიციალურად წარმოადგენენ იმ ორგანიზაციებს, რომელთა გაცხადებული ინტერესია, რომ უცხო სახელმწიფოებში გააძლიერონ საზოგადოებრივი აზრი, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის პოლიტიკას.

ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხებს ჩვენ უნდა შევხედოთ უფრო ფართო ჭრილში ქვეყნის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველისთვის ცხადია, რომ ვერის პარკში 17 ივნისს გამართულ აქციაზე გაკეთებული განცხადებები სცილდება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებს.

„ჩვენ დავინახეთ, რომ მოწოდებები, რაც გაისმა გუშინდელ აქციაზე, სცილდებოდა კონსტიტუციით გარანტირებულ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფარგლებს, იყო უკანონო ფორმირების შეკრებისკენ მოწოდებები, იყო ადამიანის უკანონო თავისუფლების აღკვეთისკენ და ძალადობისკენ მოწოდება“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

16 ივნისს, ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის პარკში გამართულ აქციაზე გამოაცხადა, რომ იქმნება სახალხო ლეგიონი, რომელიც „თბილისი პრაიდის“ გამო ქალაქში პატრულირებას დაიწყებს. ვასაძის თქმით, მოხალისეები ქამრებით შეუკრავენ ხელს უმცირესობათა წარმომადგენლებს და ტერიტორიიდან გაიყვანენ.

„ვფიქრობდი, რა არის ქართული ზღაპრებიდან სიმბოლო, რაც მე უნდა მქონდეს ასეთ დროს? კომბლე გამახსენდა. ეს კომბალი არ მოხვდეს არცერთ გარყვნილ ადამიანს, ქათამს, არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ცემას არ დაგვიწყებენ, მაგრამ თუ ისინი შეგვდგებიან, თავს არ გაგალახინებთ, გამორიცხულია. მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. მე ჯვრით მოვალ და ამით ვძლევ" - განაცხადა 16 ივნისს ვასაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება მიმდინარეობს უკანონო ფორმირების შექმნის, ხელმძღვანელობის და მასში გაწევრიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მუხლის პირველი ნაწილით.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უკან დაიხია ეკატერინბურგში ტაძრის მშენებლობის საკითხზე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ უარს ამბობს "უფლებაზე" საკათედრო ტაძარი აეშენებინა ურალში მდებარე ქალაქ ეკატერინბურგის უთანხმოების საგნად ქცეულ ადგილას, პარკში.

16 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში ეკატერინბურგის და ვერხოტურიეს მიტროპოლიტი კირილე ამბობს, "ტოტალური ტყუილების და ცბიერების ატმოსფეროში" ამ ადგილას ეკლესიის აშენება შესაძლოა მომავალშიც უთანხმოების გამომწვევ საკითხად დარჩეს. კირილე ამბობს, რომ არ სურს "ეშმაკს მისცეს ამის საშუალება".

განცხადების ფონია იშვიათი საზოგადოებრივი პროტესტი ეკლესიის აშენების პროექტის მიმართ. ტაძარი უნდა აშენებულიყო ეკატერინბურგის პოპულარულ პარკში, რასაც მწვავე უკმაყოფილება მოჰყვა. პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ყველა მხარეს მოუწოდა კომპრომისული გამოსავალი მოენახათ.

22 მაისს სვერდლოვკის რეგიონის ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს ეკლესიის პარკში აშენების გეგმაზე და თქვეს, რომ ამ პროექტს ეწინააღმდეგებოდა საჯარო გამოკითხვაში მონაწილე პირთა 74 პროცენტი. გასულ თვეში ეკატერინბურგში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც 100-მდე დემონსტრანტი დააკავეს და ორიდან 15 დღემდე მიუსაჯეს პატიმრობა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG