Accessibility links

ახალი ამბები

აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი სამშვიდობო მისიით ქაბულსა და ყატარს ესტუმრება

ზალმაი ხალილზადი, აშშ-ის სპეციალური წარგზავნილი ავღანეთის საკითხში, 22 ივლისს გაემგზავრა ქაბულში, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ბოლო კვირებში ახალი ძალით იფეთქა საომარმა დაპირისპირებამ ექსტრემისტულ დაჯგუფებებსა და ავღანეთის უსაფრთხოების ძალებს შორის.

ხალილზადის მისია, რომელიც 1 აგვისტომდე გასტანს, მიზნად ისახავს ასევე ჩასვლას ყატარში, სადაც დიპლომატი განაახლებს მოლაპარაკებებს თალიბანის წამომადგენლებთან. ქაბულში ხალილზადი კონსულტაციებს გამართავს ავღანეთის მთავრობასთან იმ ეროვნული დელეგაციის შემადგენლობაზე, რომელმაც მონაწილეობა უნდა მიიღოს შიდა ავღანურ მოლაპარაკებებში.

ზალმაი ხალილზადის 11 დღიანი ტურნეს ფონია ავღანეთის მთავრობისა და აშშ-ის მიერ განხორციელებული ერთობლივი საავიაციო იერიში, რასაც სულ მცირე 7 სამოქალაქო პირის დაღუპვა მოყვა. ინცინდენტი 21 ივლისს მოხდა აღმოსავლეთ ლოგარის პროვინციაში, სადაც მიმდინარეობდა სამხედრო ოპერაცია თალიბების ჯგუფის განადგურების მიზნით. მაგრამ შეცდომით ბომბები დაეცა ორ საცხოვრებელ სახლს.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ნიკა გვარამიას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, “რუსთავი 2”-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მედია და საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როცა აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყეტილება საბოლოო არ არის და მისი გასაჩივრება შესაძლებელია.

„წესი და კანონმდებლობა ცალსახად განმარტავს, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დროებითი ზომის შესახებ არ საჩივრდება. შესაბამისად, მასზე გადაწყვეტილების მიღებისთანავე ის არის ძალაში“ - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თავის დროზე, როცა სტრასბურგის სასამართლომ „რუსთავი 2“-ის შესახებ შუალედური, დროებითი ზომა მიიღო და ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერდა, ის მაშინვე შესრულდა და არ გასაჩივრებულა.

„შესაბამისად, მისი გასაჩივრება არ მოხდება და არ ხდება ახლაც. რაც შეეხება კონვენციურ უფლებებს, ამას არანაირი გადაწყვეტილების ჩამოსვლა, როგორც მან თქვა, არ სჭირდება სტრასბურგიდან. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ კონვენციური უფლებების ნაწილში გასაჩივრების უფლება აქვთ მხარეებს, მაგრამ ეს არანაირად არ უკავშირდება იმ ტრანზაქციებს და გადაწყვეტილებებს, რომელიც სახელმწიფომ ჩვენს ქვეყანაში მართლმსაჯულების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაატარა” - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე თანდართულ განმარტებაში წერია, რომ გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.

"რუსთავი 2"-ის ადვოკატები აპირებენ მიმართონ დიდ პალატას, თუმცა პირველ ეტაპზე აპირებენ გაასაჩივრონ საჯარო რეესტრის მიერ 18 ივლისს მიღებული აქტები, რომელთა საფუძველზე შეიცვალა „რუსთავი 2“-ის მფლობელი და გენერალური დირექტორი.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა „რუსთავი 2“-ის საჩივარი, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ტელეკომპანიის მფლობელად მისი დარეგისტრირების და „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გათავისუფლების მიზნით.

სააგენტომ შესაბამისი პროცედურები რამდენიმე საათში დაასრულა. „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია.

შსს-მ ძალადობის მუხლით დაიწყო გამოძიება გორის Fashion week-ის ღონისძიებაზე მომხდარ ინციდენტზე

გორის Fashion week-ის ღონისძიებაზე 22 ივლისს, PosTV-ის ჟურნალისტ ნინო ადამაშვილსა და დიზაინერ გიორგი მასხულიას შორის დაპირისპირების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრეს შსს-ში, ორივე მხარე გამოკითხულია და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

Qartli.ge-ს ინფორმაციით, ნინო ადამაშვილი ამბობს, რომ მას გიორგი მასხულიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც პატრულში დარეკა.

გიორგი მასხულია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ღონისძიების ჩაშლაში წვლილი მიუძღვის PostTv-ის ჟურნალისტებს ნინო ადამაშვილსა და რობერტო მავანს.

გორი „რეგიონ Fashion week“-ს სამი დღის განმავლობაში მასპინძლობდა, ღონისძიება 22 ივლისს უნდა დახურულიყო, თუმცა, ჩვენების დაწყებამდე ერთი საათით ადრე, ღონისძიების ბანერის გადატანის დროს სატვირთოდან მუშა გადავარდა. ინციდენტის გამო, მერიამ ორგანიზატორებს ურჩია, კულტურისა და დასვენების პარკში დაგეგმილი ღონისძიება გადაედოთ, თუმცა, მათ დასკვნითი ღონისძიება რესტორანში განაგრძეს, სადაც PosTV-ის გადამღები ჯგუფის გამოჩენას დაპირისპირება მოჰყვა.

ოქრუაშვილი: ვთქვი, რომ პარლამენტში შესვლას ვაპირებდი, რადგან ხელფასი მქონდა ასაღები

„სახუმარო ხასიათზე ვიყავი“, - გამოკითხვიდან გამოსულმა ირაკლი ოქრუაშვილმა, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თქვა, რომ 20-21 ივნისის ღამის საქმეზე მოსამართლესთან საუბრისას, მან ბევრი იხუმრა:

„კითხვაზე, ვაპირებდი თუ არა პარლამენტში შესვლას, ვუპასუხე, რომ ვაპირებდი, რადგან 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გავხდი დეპუტატი და შემდეგ, პროკურორობის გამო, სანამ პარლამენტი უფლებამოსილებას შემიწყვეტდა, ხელფასი მქონდა ასაღები და ამიტომ უნდა შევსულიყავი პარლამენტში. მათ მკითხეს, რატომ შედიოდი წინიდანო. მე ვუთხარი, რომ მეგონა, ბუღალტერია წინიდან იყო-მეთქი და მერე პოლიციელებმა მითხრეს, არა, გვერდიდან არისო და გვერდიდან შესვლა ვცადე, მაგრამ ბოლოს მითხრეს, ხელფასს არ მოგცემთო“.

ირაკლი ოქრუაშვილის თქმით, „ერთადერთი აზრიანი“ კითხვა, რომელიც მას თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივლისს გამოკითხვისას დაუსვეს, შეეხებოდა იმას, თუ რას მოიმოქმედებდა ის, თუკი ხალხი პარლამენტში შევიდოდა:

„ძალიან მარტივი პასუხია: ხალხს პარლამენტში შევყვებოდი იმის გამო, რომ რაიმე სახის გართულება არ მომხდარიყო. მათ ასევე მკითხეს, ვიცი თუ არა, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ პარლამენტში შესვლას სპეციალური ნებართვა სჭირდება“.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, კითხვა შეეხებოდა იმასაც, ჰქონდათ თუ არა პოლიტიკურ ლიდერებს რაიმე ტიპის კონსულტაციები და მოლაპარაკებები, რაზეც მან უპასუხა, რომ კონსულტაციები შეეხებოდა სამი მაღალჩინოსნის გადადგომას და მათ ეს მოთხოვნები აქციაზეც დააყენეს.

გამოკითხვიდან გამოსული ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილია პასუხისმგებელი ყველა იმ მოვლენაზე, რასაც 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე ჰქონდა ადგილი:

„მის გარეშე აქციის დაშლის გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებდა. უშუალოდ ივანიშვილმა გასცა ბრძანება ანზორ ჩუბინიძის მეშვეობით, რომ დაერბიათ მომიტინგეები“.

20-21 ივნისს საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.

მამუკა ბახტაძე: 2022 წლის ჩათვლით საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს მთავრობამ გამართა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და მთის ფონდების და განათლების ინფრასტრუქტურისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შესრულების 6 თვიანი ანგარიშის პრეზენტაცია.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თქვა, ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს, ამიტომ რეგიონალური განვითარება ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

პრემიერ-მინისტრის თქმით, 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება 20%-ით გაიზარდა, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

მამუკა ბახტაძის განცხადებითვე, ჯერ კიდევ გასულ წელს, რეგიონულ მმართველობაში იყო პრობლემები, რომელიც ინვესტიციების ვერ ათვისებაშიც გამოიხატებოდა, მაგრამ მართვის სტრუქტურა და პროცედურები შეცვალეს და ამას შედეგები მოჰყვა.

ბახტაძის ინფორმაციით, წლის პირველი 6 თვის მონაცემებით, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ინფრასტრუქტურაში განახორციელა 200 მილიონი ლარით მეტი ინვესტიცია.

„რეგიონალური განვითარება ეს არის სასიცოცხლო მიმართულება. აუცილებელია, რომ საქართველოში მივაღწიოთ ინკლუზიურ ზრდას, რომელიც შესაძლებელია სწორედ ჩვენი რეგიონების განვითარებით“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, ეროვნული მნიშვნელობის პროექტების გარდა, რეგიონებში ჯერ კიდევ გასაკეთებელია ადგილობრივი მნიშვნელობის პროექტები, მათ შორის გზები, წყლის სისტემები და სპორტული და განათლების ინფრასტრუქტურა.

მამუკა ბახტაძის მტკიცებით, პროექტები კიდევ უფრო ამბიციური გახდება.

„მსურს ყველა კიდევ ერთხელ დავარწმუნო, 2022 წლის ჩათვლით, როგორც შევპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საქართველოს ექნება ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტად განვავითაროთ ეკონომიკა, კიდევ უფრო მეტი მოქალაქე ჩავრთოთ ეკონომიკურ განვითარებაში და როგორც შედეგი, ერთობლივი ძალებით დავძლიოთ სიღარიბე. რეგიონული განვითარების გარეშე წარმოუდგენელია საქართველოში სიღარიბის დაძლევა“ - თქვა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის ინფორმაციით, წელს შესასრულებელია 400 მილიონი ლარის 6700 პროექტი, რომელსაც თვითმმართველობები ახორციელებენ სამინისტროს აქტიური ჩართულობით.

30 მლნ. ჭიდაობისთვის 4 წელიწადში - IDFI-მ ჭიდაობის ფედერაციაში კორუფციის რისკები შეისწავლა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ჭიდაობის ფედერაციის ფინანსების შესახებ კვლევას აქვეყნებს, სადაც საუბარია თანხების განკარგვის გაუმჭვირვალობაზე, კორუფციის რისკებსა და ინფორმაციის მოპოვების სირთულეებზე.

"ბოლო პერიოდში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია არაერთხელ მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მოჭიდავეების და ამ სფეროში მოღვაწე პირების გარკვეულმა ჯგუფმა მედიას არაერთხელ გააცნეს ფედერაციაში საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარგვის და ფედერაციის მართვის პროცესებთან დაკავშირებული გადაცდომების სავარაუდო ფაქტები." - ნათქვამია კვლევაში, სადაც მოყვანილია კონკრეტული საეჭვო ფაქტები.

  • ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მოწვეული მსაჯებისათვის გადახდილი თანხები ფინანსურ ანგარიშებში დაანგარიშებულია დღიურად 100 ლარი, ხოლო ხელშეკრულებაში და მიღება ჩაბარების აქტებში დღიურად 100 აშშ დოლარი.
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეების სპორტული ფორმების საქართველომდე ტრანსპორტირებაში ფედერაციამ 12,517 ლარი გადაიხადა, ხოლო ადგილობრივ ტრანსპორტირებაში, ანუ ქალაქ თბილისის საბაჟოდან ჭიდაობის ფედერაციის შენობამდე ეკიპირების ტრანსპორტირებაში - 8,276 ლარი.
  • შეჯიბრისთვის საჭირო ინვენტარის მოწყობისთვის ჭიდაობის ფედერაციამ დაიქირავა ამავე ფედერაციის ყოფილი გენერალური მდივანი.
  • თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგებისათვის, ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გათვალისწინებული 63,580 ლარიდან, ყველაზე დიდი ფულადი ჯილდო (12,980 ლარი) დაერიცხა ფედერაციის ფინანსურ მრჩეველს.
  • ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ადმინისტრაციული ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები პრემიის სახით ნაწილდება გაურკვეველი პრინციპით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ე.წ. „ატკატების“ რისკს.
  • 2018 წლის ევროპის ჩემპიონატის მესამე ადგილოსანს ანტიდოპინგური წესების დარღვევისათვის ჩამოერთვა ბრინჯაოს მედალი და მისი ჩამორთმევიდან დაახლოებით 3 თვის შემდეგ ამ შედეგისთვის დადგენილების შესაბამისად (სპორტსმენზე, მწვრთნელზე, საექიმო და ადმინისტრაციული პერსონალზე) გაიცა 61,200 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები.


2015-2018 წლებში საქართველოს ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაზე სპორტის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამიდან და სპორტულ შეჯიბრებებში მიღწეული შედეგებისთვის გამოყოფილი თანხის ჯამურმა ოდენობამ დაახლოებით 30 მლნ. ლარი შეადგინა - ნათქვამია IDFI-ს ანგარიშში, რომელიც 23 ივლისს გამოქვეყნდა.

ირაკლი ოქრუაშვილი გამოკითხვაზე მივიდა

„ამ საქმეზე თუ ვინმეა დასაკითხი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი“, - აცხადებს მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ მივიდა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვაზე.

გამოკითხვა შეეხება 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.

„ბიძინა ივანიშვილმა ურცხვად მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ თითქოს 20 ივნისის ღამეს ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება მას 20 ივნისის ლაქა. სხვის ბოსტანში ქვის გადაგდებას ჰყავს ეს ყველაფერი. საკუთარ თავს მოსთხოვონ პასუხი იმაზე, რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა. მათი მიზანია ოპოზიციის დაშინება და პროტესტის ჩაქრობა, რომელიც არ გამოუვათ. 20-21 ივნისის აქციებისას მე ერთ-ერთი აქტიური პირი ვიყავი“.

20-21 ივნისის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

20-21 ივნისის მოვლენებზე სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.

გენერალურ პროკურორს პროფესიაში შესაძლებლობების ზღვარიც აინტერესებს

შალვა თადუმაძე

მოსამართლის სტატუსი უმაღლესია - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების დროს.

მოსამართლის თანამდებობის დაკავების მოტოვაციაზე საუბრისას თადუმაძემ თქვა, რომ 18 წელზე მეტია პროფესიაშია და ძირითადად, ეწეოდა საპროცესო იურისტის საქმიანობას.

„შემიძლია თამამად ვთქვა, რომ დაცვის ნაწილში როცა ვახორციელებდი ადვოკატის უფლებამოსილებას, ვიყავი წარმატებული ადვოკატი. შემდეგ გავაგრძელე მუშაობა საჯარო სამსახურში საკმაოდ სერიოზულ თანამდებობებზე და იქაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, ყოველთვის სჯეროდა, რომ ადვოკატი უნივერსალური პროფესიაა და შეუძლია იყოს წარმატებული ბრალმდებელი.

„შემიძლია ვთქვა, რომ მე ვარ წარმატებული ბრალმდებელი. შესაბამისად, საპროცესო იურისტის ნაწილში ეს ორი კომპონენტი გავიარე და ორივე შემთხვევაში წარმატებას მივაღწიე. მაქვს შესაძლებლობა და მინდა ის უმნიშვნელოვანესი სტატუსი მოვიპოვო, რასაც მოსამართლის სტატუსი ჰქვია. თანამდებობრივი მდგომარეობის და განვლილი კარიერული წინსვლის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ მოსამართლის სტატუსი უმაღლესია, რომელიც საპროცესო იურისტისთვის არის საკმაოდ მიმზიდველი“ - განაცხადა თადუმაძემ.

გენერალური პროკურორის თქმით, მოსამართლის თანამდებობის დასაკავებლად აქვს ადამიანური მოტივაციაც.

„როგოც ქართველი კლასიკოსი იტყოდა, მაინტერესებს პროფესიაში ჩემი შესაძლებლობების ზღვარი სად მთავრდება. ეს ფაქტორიც არსებობს იმიტომ, რომ არ მახსენდება იურისტი, რომელიც იყო ადვოკატი, პროკურორი და შეუძლია გახდეს შემდეგ მოსამართლე. მე რანგების ნაწილში ვგულისხმობ და არ ვგულისხმობ ბუნებრივია, იმ შემთხვევას, როცა იყო ადვოკატი, როდესაც იყო ჩვეულებრივ პროკურორი და შემდეგ ის გახდა მოსამართლე“ - თქვა შალვა თადუმაძემ.

„რატომ უნდა ამირჩიოთ მე? საპროცესო მიმართულებით 11 წელი ვიმუშავე როგორც დაცვის მხარემ. ერთი წელია ვახორციელებ სახელმწიფო ბრალდების უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობას, მაქვს გამოცდილება ამ მიმართულებით. გარდა ამისა, შუალედში ვახორციელებდი ქვეყანაში და მთავრობაში საკანონმდებლო პროცესის კოორდინაციას, რაც უმნიშვნელოვანესი საქმეა და მიმაჩნია, რომ კვალიფიკაციის ნაწილში ეს შესაძლებლობები გამაჩნია და შესაბამისად, უნარებიც. სასამართლოს არ აღვიქვამ დაწესებულებად, სადაც მოსამართლეები კანონის თანახმად იღებენ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საქმეებზე. სასამართლოს აღვიქვამ როგორც ხელისუფლების შტოს და საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის, რადგან ორი მოწვევის პარლამენტში ვიყავი მთავრობის სამი შემაგდენლობის წარმომადგენელი და ძალიან კარგად ვიცი ურთთიერთობები აღმასრულებელ და საკანონდებლო ხელისუფლებას შორის. ეს გამოცდილება ძალიან მნიშნელოვანი იქნება სასამართლო ხელისუფლებისთვის“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ და დასძინა, რომ გასული წლების საქმიანობის შედეგად ჩამოუყალიბდა მენეჯერის ფუნქციებიც.

ყოფილი ადვოკატი შალვა თადუმაძე საქართველოს გენერალურ პროკურორად 2018 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2012 წლიდან ეკავა ჯერ მთავრობის საპარლამენტო მდივნის, შემდგე კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობები.

ალექსანდრ ვერშბოუ უარყოფს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება

ალექსანდრ ვერშბოუ

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, ამერიკელმა დიპლომატმა ალექსანდრ ვერშბოუმ უარყო ქართული მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩად ინიშნება.

ალექსანდრ ვერშბოუს ელჩად შესაძლო დანიშვნაზე შეკითხვა ტვიტერზე დაუსვეს.

"ვამაყობ, რომ ვარ საქართველოს მეგობარი და ნატოსკენ მისი მისწრაფების მხარდამჭერი, მაგრამ მე არ ავრჩეულვარ აშშ-ის ელჩად" - დაწერა საპასუხოდ ამერიკელმა დიპლომატმა.

ალექსანდრ ვერშბოუ 2001-2005 წლებში იყო აშშ-ის ელჩი რუსეთში, მანამდე კი იკავებდა ნატოში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობას.

2009-2012 წლებში ვერშბოუ იყო აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2012-2016 წლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე.

სახელმწიფო სამსახურიდან წასვლის შემდეგ, ალექსანდრ ვერშბოუმ საქმიანობა ატლანტიკურ საბჭოში გააგრძელა.

ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე გამოკითხავენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამოიკითხება.

გამოკითხვა დანიშნულია რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენების საქმეზე.

„გამარჯვებული საქართველოს“ პრეს-სამსახურის განცხადებით, ოქრუაშვილი დაკითხვაზე 11 საათზე მივა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

20-21 ივნისის მოვლენებზე სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.

რუსეთის მოქალაქეებს დუმაში ურჩიეს საქართველო ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებით შეცვალონ

რუსეთის სახელმწიფო დუმის შენობა

„საქართველოში არაფერი გვესაქმება“ - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის ფიზიკური კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ დეგტიაროვმა. ჟირინოვსკის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა რუსეთის მოქალაქეებს ურჩია, საქართველოს ნაცვლად ჩრდილოეთ კავკასიის კურორტებზე წავიდნენ.

დუმის დეპუტატმა სამართლიანი უწოდა საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეჩერებას, რადგან მისი აზრით, საქართველოში არ არის დაცული ტურისტების უსაფრთხოება. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე დეგტიაროვმა თქვა, რომ რუსებს საქართველოს მიმართულებას წარმატებით შეუცვლიან ჩრდილოეთ კავკასიის იაფი კურორტები.

„რა შეიძლება შევთავაზოთ სანაცვლოდ რუს ტურისტებს? ჩრდილოეთ კავკასიის შესანიშავი, თანამედროვე და იაფი კურორტები. არის რეგულარული ავიამიმოსვლა მახაჩყალასთან, გროზნოსთან, ვლადიკავკაზთან, ნალჩიკთან და მინვოდთან. ყველა რესპუბლიკა გელოდებათ. იქ ყველაფერი მუშაობს, ყველა რუსულ ენაზე ლაპარაკობს, მიმოქცევაში რუსული რუბლია და უსაფრთხოება უმაღლეს დონეზეა. საქართველოში კი არაფერი გვესაქმება“ - განაცხადა დეგტიაროვმა.

რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეაჩერა. ამას წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციების დაწყება.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

საპროტესტო აქციების გამო, ასამბლეამ მუშაობა ვადაზე ადრე შეწყვიტა, გავრილოვი და დუმის სხვა დეპუტატები კი იძულებულნი გახდნენ საქართველო დაეტოვებინათ.

გენერალური პროკურორი მოსამართლეობის კანდიდატის სტატუსით გასაუბრებას გაივლის

შალვა თადუმაძე

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10 საათიდან გაგრძელდება გასაუბრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებთან.

დღეს საბჭოს წევრები მოუსმენენ სამ კანდიდატს, მათ შორის საქართველოს გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს.

გასაუბრებას გაივლის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარე ზაზა თავაძეც.

იუსტიციის საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთი კანდიდატი გიორგი თევდორაშვილი.

იუსტიციის საბჭოში გასაუბრების პროცესი 17 ივლისს დაიწყო. დღემდე საბჭომ მოუსმინა 50-დან 12 კანდიდატს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 20 ივნისს ჩატარდა ფარული კენჭისყრა, რომლის შედეგად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კანდიდატიდან შერჩევის შემდეგ ეტაპზე 50 გადავიდა.

საქართველოს კანონმდებლობით, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში 28 მოსამართლეა. ამჟამად ვაკანტურია თანამდებობების ნახევარზე მეტი.

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა

ოფიციალური პირების თქმით, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე შეტაკებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაიჭრა.

სოფელ ვორუხის ტაჯიკური ნაწილის წარმომადგენელმა გაფურჯონ ჯურაევმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ სულ მცირე ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნა მოკლული და რამდენიმე დაიჭრა 22 ივლისს მომხდარი შეტაკებებისას. მისი თქმით, ყირგიზებმა სანადირო თოფები გამოიყენეს, ტაჯიკები კი ქვებს ისროდნენ.

დაძაბულობა ძალადობაში გადაიზარდა მას შემდეგ, რაც ფერგანის ველზე მდებარე ექსკლავ ვორუხის მაცხოვრებლებმა ტაჯიკეთის დროშების აღმართვა დაიწყეს ისფარა-ვორუხის გზაზე, რამაც განარისხა სოფლის ყირგიზი მაცხოვრებლები. არმიის შენაერთებმა აღადგინეს სიმშვიდე და ამჟამად გზა გადაკეტილია.

ყირგიზეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურმა დაადასტურა, რომ ინციდენტში დაიჭრა ხუთი ადამიანი.

ანა დოლიძე იუსტიციის საბჭოს წევრებს დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სახალხო დამცველს მიმართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე სახალხო დამცველს მიმართავს, რომ შეისწავლოს იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესის დროს მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულება.

როგორც ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროს განაცხადა, მისი და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ საბჭოს წევრების მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომას აქვს ადგილი.

„მივმართავ სახალხო დამცველს, რომელიც არის ანტიდისკრიმინაციული კანონის ზედამხედველი ორგანო, დაიწყოს ამ თემის შესწავლა. მივმართავ არასამთავრობო სექტორს, ვართ ორი ქალი წევრი, ორივეს გვყავს მცირეწლოვანი შვილები, ეს არის დისკრიმინაციული დამოკიდებულება ჩვენს მიმართ", - განაცხადა ანა დოლიძემ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების პროცესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ პროტესტის ნიშნად უკვე მეორედ დატოვეს. საბჭოს არამოსამართლე წევრებსა და მოსამართლე წევრებს შორის კამათი ამჯერადაც მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრების დროის გახანგრძლივებამ გამოიწვია.

"ჩვენ ვართ ქალები, დედები და გვყავს ოჯახი. დილის 9 საათიდან გამოსული ვარ და ჩემს შვილს სჭირდება ელემენტარული დედის ყურადღება, სანამ დაიძინებს, ნახევარი საათი მაინც. 9 თვის შვილი მყავს. თქვენ რომ ზიხართ აქ და ატარებთ სხდომებს ღამის 9 საათზე, გეხვეწებით, რომ იქნებ სამუშაო საათებში ჩაატაროთ გასაუბრება და არაგონივრულ გადაწყვეტილებას იღებთ იმიტომ, რომ თქვენი პერსპექტივის იქით ვერაფერს ხედავთ. ეს არის აუტანელი და ახლა თან რიგითობას მიწესებთ, რომ ღამის 10 საათზე დავსვა ბოლო შეკითხვა", - მიმართა ნაზი ჯანეზაშვილმა საბჭოს წევრებს.

ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა კოლეგებს შესთავაზეს, რომ კანდიდატ თამარ ზამბახიძესთან გასაუბრება 23 ივლისისთვის გადაედოთ, ვინაიდან სამუშაო დრო ამოწურული იყო. აღნიშნული პოზიცია საბჭოს დანარჩენმა წევრებმა არ გაიზიარეს, რის შემდეგაც დოლიძემ და ჯანეზაშვილმა გასაუბრების პროცედურა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 50 კანდიდატს უნდა მოუსმინოს. კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო.პროცედურის მიხედვით, კანდიდატებთან გასაუბრება 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, შედგება 20 კანდიდატისგან შემდგარი სია, რომელიც პარლამენტს გადაეგზავნება.

გაგრძელდება თუ არა „ჩემი ცოლის დაქალები“, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი

გაგრძელდება თუ არა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, ამის თაობაზე განცხადებას „ფორმულა კრეატივი“ უახლოეს დღეებში გაავრცელებს.

სერიალის გეგმებზე, „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპილოტე გადაცემაში, შოთა დიღმელაშვილთან საუბრისას თქვა.

ქეთი დევდარიანი ეჭვს გამოთქვამს, რომ რუსთავი 2-ის ახალი მმართველობის პირობებში, სერიალმა მსგავსი ფორმატით მუშაობა გააგრძელოს:

„ჩემი ცოლის დაქალები" "რუსთავი 2"-ზე გადის უკვე მერვე წელია. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება, რას ვიზამთ. ეს სერიალი რომ არ მოსწონს ხელისუფლებას, ესეც ვიცით, ამიტომ არც არავინ შეგვეხვეწება დარჩენას. ოფიციალურ განცხადებას „ფორმულა კრეატივი“ ამ დღეებში გააკეთებს, სადაც გაუწყებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რას ვიზამთ ხვალ და ზეგ. ჩვენ გვაქვს კონტრაქტი და ეს გულისხმობს ამ სეზონის სერიების დასრულებას. დარჩა 6 სერია, ამას ვერ დავარღვევთ. ეს იქნება უპასუხისმგებლობა მაყურებელთან. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩემთან არასდროს არავის დაურეკავს და არ მიუთითებია, რომ ასეთი სცენარი დაწერე, ისეთი სცენარი დაწერე. „ჩემი ცოლის დაქალები“ იარსებებს მხოლოდ ისეთ ფორმატში, სადაც არავინ რეკავს, რა უნდა დავწეროთ, რა გადავიღოთ და ვინ ითამაშოს სერიალში. მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ახალი რედაქციით ეს შესაძლებელი იქნება“.

18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა").

დონალდ ტრამპმა კატეგორიულად უარყო თეირანის განცხადება, რომ ირანმა გაანადგურა აშშ-ის ჯაშუშთა ქსელი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კატეგორიულად უარყო თეირანის განცხადება, რომ ირანის უშიშროების სამსახურებმა დააპატიმრეს და მკაცრი - ზოგიერთს სასიკვდილო - განაჩენი გამოუტანეს მას შემდეგ, რაც გამოაშკარავდა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს ჯაშუშთა ქსელი. „ნული სიმართლე. ტყუილები და პროპაგანდა (ისევე, როგორც ჩამოგდებულ დრონზე)“, დაწერა ტრამპმა 22 ივლისს ტვიტერში.

დღესვე ირანის დაზვერვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისმა სპეცსამსახურებმა „წარმატებულად გაანადგურა“, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-ის „ჯაშუშთა ქსელი“. „ზოგიერთს სიკვდილი მიუსაჯეს, ზოგიერთს მრავალწლიანი პატიმრობა“, - განაცხადა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომლის სახელი უცნობია.

ირანული სახელმწიფო მედიის თანახმა, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სასარგებლო ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს ირანული კალენდრით იმ წელიწადში, რომელიც 2019 წლის მარტში დასრულდა.

ირანულმა სახელმწიფო მედიამ ასევე გამოაქვეყნა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს იმ სავარაუდო ოფიცრების ფოტოები, რომლებსაც კავშირის ჰქონდათ ირანში მოქმედ ჯაშუშებთან.

ამ ინფორმაციის ფონია, მზარდი დაძაბულობა დასავლეთსა და ირანს

ირაკლი ოქრუაშვილი ფეისბუკის ხუმრობებზე: სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე

„ხეოფსის პირამიდაც მე ავაშენე, სფინქსს ცხვირი მე მოვატეხე, ნაპოლეონის მეჯვარეც მე ვიყავი, ჯეფ ბეზოსს ცოლი მე წავართვი, ბიძინას პოკერში პინგვინი მოვუგე და ნიცშეს წაკითხვა მე ვურჩიე. დანარჩენებს მერე გეტყვით“, - ასე ეხმაურება ირაკლი ოქრუაშვილი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხუმრობებს.

მას შემდეგ, რაც 22 ივლისს, ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2003 წლის ოპოზიციის საარჩევნო კამპანია და „ვარდების რევოლუცია“ მის მიერ მოზიდული სახსრებით იყო დაფინანსებული, სოციალურ ქსელში გაჩნდა ათეულობით ხუმრობა ირაკლი ოქრუაშვილის „ყოვლისშემძლეობაზე".

ირაკლი ოქრუაშვილმა ისიც თქვა, რომ 2007 წლის მერე ანტისამთავრობო აქციები რუსთაველზე მისი დაფინანსებული იყო სხვადასხვა წყაროდან მოძიებული თანხებით.

ირაკლი ოქრუაშვილი ირწმუნება, რომ „რუსთავი 2”-ზე საკუთრების უფლება მას ეკუთვნის და არა ქიბარ ხალვაშს.

არანაკლებ 23 ადამიანისა დაიღუპა სირიაში რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად

არანაკლებ 23 ადამიანისა დაიღუპა სირიის ქალაქ მაარეთ ალ-ნუმანში რუსეთის ავიაციის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად. ამის შესახებ ფრანს პრესი იტყობინება ადამიანის უფლებების მონიტორინგის სირიულ ცენტრზე დაყრდნობით.

უფლებადამცველთა თქმით, იერიშის შედეგად დანგრეულია ადგილობრივი ბაზარი და მისი მიმდებარე სამოქალაქო შენობები. როგორც იტყობინებიან, დაიჭრა 45 ადამიანი, რომელთა ნაწილი მძიმე მდგომარეობაშია.

როგორც ადამიანის უფლებების დამცველები აცხადებენ, გუშინ იდლიბში რუსეთის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს საჰაერო იერიშების ჩატარებას და ამ ინფორმაციას „ცრუს“ უწოდებს.

დღე 33 - ანტისაოკუპაციო აქციები ანტისაოკუპაციო გადაცემად გადაიქცევა

22 ივლისიდან რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციები ფორმას იცვლის და გადაცემების სახეს იღებს.

ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორების თქმით, დღეიდან პროტესტი ახალ, უპრეცედენტო ეტაპზე გადადის და პარლამენტის წინ მდებარე სცენიდან გადაცემები იწყება:

„სანამ გიორგი გახარია შს მინისტრის პოზიციაზე რჩება, ქვეყანაში მუდმივად იქნება კერა, სადაც ადამიანები ყოველდღე გაიგებენ, რატომ უნდა დატოვოს მან თანამდებობა და ამასთანავე, რა შეცდომებს უშვებს მმართველი გუნდი. პარლამენტთან შეკრებილი თითოეული ადამიანი ავტომატურად ხდება გადაცემის მონაწილე და ექნება შესაძლებლობა, თავისი მოსაზრება უფრო მეტ ადამიანს გააგებინოს“, - ამბობენ აქციის ორგანიზატორები.

მათი თქმით, თავდაპირველად, გადაცემა სხვადასხვა ონლაინ მედია გამოცემაში გავა, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ გრძელვადიან პერიოდში, ახალი ტელევიზიის შექმნას ჩაეყაროს საფუძველი.

პარლამენტის წინ მოწყობილი სცენიდან პირველი გადაცემა 22 ივლისს, 20 საათსა და 20 წუთზე გავა და ერთ საათს გაგრძელდება.

პირველი გადაცემის სტუმრები იქნებიან სცენარისტი ქეთი დევდარიანი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე.

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები "სირცხვილია" 20 ივნისს, მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან გახსნა ასამბლეა და ასამბლეის წევრებს სიტყვით მიმართა.

20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, 240-მდე ადამიანი დაშავდა. ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

აქციის ორგანიზატორთა თქმით, 20-21 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება შს მინისტრს, გიორგი გახარიას.

აქციების 33-ე დღეს, დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად გიორგი გახარიას გადადგომა რჩება.

სალაძე: რუსთავი 2-ის გაკოტრებისკენ წაყვანა, იქნება შეტყობინება, რომ ის აღარ უნდა მაუწყებლობდეს

„თუ დღეს ვინმეს ექნება მცდელობა, რომ არხი ამ ფორმით და ფინანსური პრობლემის გამო ხელოვნურად წაიყვანოს გაკოტრებისკენ, ეს იქნება საზოგადოებისთვის პირდაპირი შეტყობინება, რომ „რუსთავი 2“ არ უნდა მაუწყებლობდეს ქვეყანაში", - განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ „რუსთავი 2”- ის საინფორმაციო ჯგუფისა და არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ვისაუბრეთ იმ შიშებზე, რომელიც შეიძლება ფინანსურ მდგომარეობას უკავშირდებოდეს ორგანიზაციაში. ჩვენ ვნახეთ არხის მმართველის ერთი განცხადება, როდესაც ის საუბრობდა, რომ ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობაა, თუმცა, ვიცით, რომ ეს მდგომარეობა არ დაწყებულა გუშინ და გუშინწინ. ვიცით, რომ წლების განმავლობაში არხი ახერხებდა ფუნქციონირებას მიუხედავად ამ მძიმე მდგომარეობისა. ამიტომ თუ დღეს ვინმეს ექნება მცდელობა, რომ არხი ამ ფორმით და ამ პრობლემის გამო ხელოვნურად წაიყვანოს გაკოტრებისკენ, ეს იქნება საზოგადოებისთვის პირდაპირი შეტყობინება, რომ „რუსთავი 2“ უბრალოდ არ უნდა მაუწყებლობდეს ქვეყანაში“ .

სულხან სალაძე გამოეხმაურა არხის ამჟამინდელი მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადებასაც:

„რაც შეეხება ჟურნალისტებს, მთავარი ის არის, რომ მათ ახლა უწევთ გაურკვევლობაში ყოფნა. ნაცვლად შემხვედრი პოზიციებისა, დღეს აბსოლუტურად სხვა რამ მოისმინეს მათ ქიბარ ხალვაშის მხრიდან. ერთი მხრივ, ის საუბრობს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნებაზე, მეორე მხრივ კი მას არ მოსწონს ის, რაც არის დღეს „რუსთავი 2“.

22 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გაავრცელა კომპანიის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომელშიც ავტორი აკრიტიკებს ტელეკომპანიის შინაარსს.

განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში, სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაციო ჯგუფი არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა "რუსთავი2"- ის შენობაში შედგა და საუბარი იმ გამოწვევებს შეეხო, რომლის წინაშეც ახლა ტელეკომპანია დგას.

ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე ხვალ გამოკითხავენ

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 23 ივლისს გამოიკითხება.

გამოკითხვა დანიშნულია რუსთაველის გამზირზე, 20-21 ივნისს ღამეს განვითარებული მოვლენების საქმეზე.

„გამარჯვებული საქართველოს“ პრეს-სამსახურის განცხადებით, ოქრუაშვილი დაკითხვაზე 11:00 საათზე მივა.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

20-21 ივნისის მოვლენებზე სასამართლომ უკვე გამოკითხა ნიკა მელია, გიგი უგულავა, გუბაზ სანიკიძე, ხატია დეკანოიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა.

რუსთავი 2: ქიბარ ხალვაშის განცხადება აღიქმება, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს განცხადება გააცნეს, სადაც ისინი მიუთითებენ არხის ამჟამინდელი მფლობელის მხრიდან სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის საფრთხეების შესახებ.

„არხის ჟურნალისტები სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის პირველივე მცდელობას კონკრეტული ნაბიჯით ვპასუხობთ. ქიბარ ხალვაშის დღევანდელი განცხადება, სადაც ის არხის მუშაობას დესტრუქციად აფასებს და ღიად მიანიშნებს, რომ მისთვის არსებული სარედაქციო პოლიტიკა მიუღებელია, ჩვენს მიერ აღიქმება, როგორც ცენზურის დაწესების და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა“.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ჟურნალისტები "რუსთავი 2"-ის შენობაში შეხვდნენ.

22 ივლისს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ გაავრცელა კომპანიის მფლობელის ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომელშიც ავტორი აკრიტიკებს ტელეკომპანიის შინაარსს.

უსუფაშვილი: თუ ოქრუაშვილი ცდილობს გამრიოს საქმეში, ეს იქნება მორიგი „საამაყო“ ფურცელი მის ისტორიაში

„თუ ოქრუაშვილი ცდილობს, რომ გამრიოს ამ საქმეში, ეს იქნება მორიგი „საამაყო“ ფურცელი მის ისტორიაში“, - ასე შეაფასა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, 2014 წელს, თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის დასამყარებლად, მას მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი დაეხმარა.

დავით უსუფაშვილი იხსენებს 2014 წლის მოვლენებს, როდესაც ოქრუაშვილსა და ღარიბაშვილ-ივანიშვილს შორის შუამავლის ფუნქცია შეასრულა.

„მე გეტყვით ფაქტს, რასაც ჰქონდა ადგილი 2014 წელს და თავად განსაჯეთ რამდენად შეესაბამება ოქრუაშვილის საუბრები ამ ყველაფერს. მე ოქრუაშვილი თავისი სურვილით დამიკავშირდა 2014 წელს. მთხოვა შეხვედრა და შეხვედრაზე მთხოვა გადამეცა ღარიბაშვილისთვის და ივანიშვილისთვის, რომ მას ჰქონდა მზაობა, პირველი: მიეცა მნიშვნელოვანი ჩვენებები გახმაურებულ სასამართლო საქმეებზე და მეორე: მას ჰქონდა სურვილი ეთანამშრომლა პოლიტიკურად „ოცნებასთან“ და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილთან. მე ეს კონკრეტული, ოქრუაშვილს მზაობა გადავეცი და ოქრუაშვილს დავუბრუნე მათი პასუხი, რომ შოთაძესთან უნდა ჰქონოდა ურთიერთობა სისხლის სამართლის საქმეებსა და ჩვენებებზე და დანარჩენზე მერე ისაუბრებდნენ. ეს იყო და ეს. ყოველგვარი დეტალებისა და სისხლის სამართლის საქმეებისა და მისი ჩვენებების განხილვების გარეშე. მე შევასრულე ეს კონკრეტული როლი. მას შემდეგ რა ურთიერთობები ჰქონდა ოქრუაშვილს შოთაძესთან და რა ჩვენებები მისცა და ახლა რატომაა ეს ჩვენება არასწორი და მაშინ რატომ იყო სწორი და ა.შ ამაზე ვერაფერს გეტყვით. ერთს კი ვიტყვი, რომ ოქრუაშვილის მხრიდან მსგავსი მანევრები ახალი არ არის. მე დილით დამირეკა და მკითხა წინააღმდეგი ხომ არ ვიყავი ჩვენი შეხვედრის ფაქტის გახმაურების?! მე ვუთხარი, რომ მას საიდუმლოდ არ შევხვედრილვარ და არც არანაირი პრობლემა მქონდა შეხვედრის ფაქტის გასაჯაროების, მაგრამ თუ ახლა ის ცდილობს, მე რაიმეთი გამრიოს ან ჩემი სახელი გამოიყენოს იმისთვის, რომ თითქოს მე ვიყავი რაიმე ყალბი ჩვენებების მიცემის თაობაზე მოლაპარაკებების მონაწილე?! - ეს არის სრული სიცრუე და ეს იქნება მორიგი საამაყო ფურცელი ოქრუაშვილის ისტორიაში“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

ირაკლი ოქრუაშვილმა 22 ივლისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის დავალებით, 2014 წელს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მისცა ჩვენება, რის სანაცვლოდაც გორის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის იმედი ჰქონდა. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილსა და მის შორის მოლაპარაკებების შუამავალი დავით უსუფაშვილი იყო.

ეკატერინბურგში საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორი საქმეა აღძრული

იაროსლავ შირშიკოვი

ეკატერინბურგში ტაძრის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი, იაროსლავ შირშიკოვი, სისხლის სამართლის ორი საქმის ფიგურანტი გახდა. ის ეჭვმიტანილია ცილისწამებასა და მასობრივი არეულობისკენ მოწოდებაში და საგამოძიებო კომიტეტშია გამოძახებული. ამის შესახებ ის ფეისბუკზე იტყობინება.

შირშიკოვის თქმით, ცილისწამებაში ბრალდება იმაში მდგომარეობს, რომ მან პოლონეთის ჯაშუში უწოდა რეგიონში პრეზიდენტ პუტინის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ნიკოლაი ცუკანოვს. მანამდე მისი მოადგილე დააპატიმრეს სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით.

რაში მდგომარეობს მასობრივი არეულობისკენ მოწოდებაში ბრალდება - როგორც შირშიკოვი წერს, მან ეს ჯერ არ იცის. ცნობილია, რომ ივნისში პოლიციამ საქმე აღძრა ეკატერინბურგის ცენტრში მდებარე სკვერში არეულობასთან დაკავშირებით. აქამდე არ მოიპოვებოდა ინფორმაცია ეჭვმიტანილების, ან ამ საქმესთან დაკავშირებული ბრალდებების შესახებ, მაგრამ ივლისის შუა რიცხვებში მათთან აკავშირებდნენ ჩხრეკას ქალაქის აქტივისტების ბინებში.

მაისში ეკატერინბურგში გაიმართა საპროტესტო აქციები, რომლის მონაწილეები ეწინააღმდეგებოდნენ ქალაქის ცენტრალურ სკვერში მართლმადიდებელი ტაძრის მშენებლობას. აქციების ერთ-ერთ დღეს შეტაკება მოხდა, ერთი მხრივ, პროტესტის მონაწილეებსა და, მეორე მხრივ, მშენებლების მიერ დაქირავებული დაცვის კერძო კომპანიის თანამშრომლებს, მართლმადიდებელ აქტივისტებსა და პოლიციას შორის.

დაპირისპირების აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ ტაძრის მშენებლობაზე უარი თქვეს. მისთვის სხვა ადგილებს განიხილავენ.

გია ვოლსკი: ასე წყაროზე დაყრდნობით, მეც შემიძლია ვთქვა, რომ „რუსთავი 2“-ის ნაწილი სატანისტურ შეკრებებს ატარებს

„ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან რაც არ არის სიმართლე და წარმოადგენს სიბინძურეს. ასე წყაროზე დაყრდნობით მეც შემიძლია ვთქვა, რომ „რუსთავი 2“-ის გუნდის ნაწილი ღამ-ღამობით სატანისტურ შეკრებას ატარებს და შავი კატის წინაშე იფიცებიან, რომ არ უღალატებენ ერთმანეთს და იქნებიან ამ ბრძოლაში“, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნებაზე დასმული შეკითხვის პასუხად.

გია ვოლსკის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიასაშუალების არსებობა, თუმცა არა ისეთის, რომელიც ბულინგისა და შანტაჟის ენით ცდილობს ოპონენტების დაკნინებას.

„მე არ ვიცი რას ეძახით სარედაქციო დამოუკიდებლობას, მაგრამ ფაქტია, ბულინგით, შანტაჟით, ტყუილებით ცდილობენ დააზარალონ პოლიტიკური ოპონენტები. ეს აშკარად თვალსაჩინო გახდა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. ამასწინათ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს მე და ჩემი კოლეგები შავ ფულს ვიღებთ ბიძინა ივანიშვილისგან, რაც არ არის სიმართლე და წარმოადგენს სიბინძურეს. ასე წყაროზე დაყრდნობით მეც შემიძლია ვთქვა, რომ „რუსთავი 2“-ის გუნდის ნაწილი ღამ-ღამობით ატარებს სატანისტურ შეკრებებს და შავი კატის წინაშე იფიცებიან, რომ არ უღალატებენ ერთმანეთს და იქნებიან ამ ბრძოლაში. არ მაინტერესებს ვისია ეს არხი, მე მინდა ვიხილო კრიტიკული მედია, რომელიც არის ინფორმაციის მიმწოდებელი საზოგადოებისთვის და არა შანტაჟისტი“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG