Accessibility links

ახალი ამბები

ნათია კაპანაძე: მე ვმუშაობ კანონის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე უარყოფს მრჩეველთა საბჭოს ორი წევრის ბრალდებებს.

საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას კაპანაძემ განაცხადა, რომ შეუძლია ყველა ბრალდებას დოკუმენტური მასალებით უპასუხოს. მისივე ინფორმაციით, საჯარო დოკუმენტების სახე აქვს პრიორიტეტებს და ფინანსურ საკითხებსაც.

ნათია კაპანაძის თქმით, აჭარის ტელევიზია და რადიო მუშაობს მხოლოდ საზოგადოებისთვის და მის სანდოობას ადასტურებს არაერთი სერთაშორისო და შიდა კვლევა.

დირექტორის განცხადებითვე, პირადად ის მუშაობს კანონის მოთხოვნებიდან და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე.

ნათია კაპანაძემ პრეტენზია გამოთქვა თავად მრჩეველთა საბჭოს მიმართ. დირექტორის ინფორმაციით, დღემდე უშედეგოდ ითხოვს განხილვას და მიღებას ორგანიზაციული განვითარების დოკუმენტისა, რომელიც ეხება თანამშრომლების შრომითი და სხვა უფლებების დაცვას და ტელევიზიის და რადიოს განვითარებას.

აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩევლები დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე მსჯელობენ

ნათია კაპანაძე

ბათუმში მიმდინარეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილება დირექტორის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი.

კაპანაძის გადაყენება რამდენიმე დღის წინ მოითხოვეს საბჭოში „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კვოტებით არჩეულმა გიგა ჩხარტიშვილმა და ირაკლი დარცმელიძემ.

ჩხარტიშვილმა მიზეზებად ის დაასახელა, რომ კაპანაძე პატივს არ სცემს და არ თანამშრომლობს მრჩეველთა საბჭოსთან, ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლებს უკრძალავს საბჭოს წევრებთან ურთიერთობას, ტელევიზიის მაყურებელთა რაოდენობა განახევრებულიაა, პრიორიტეტები არ სრულდება და ზოგიერთი საკითხი კანონის მოთხოვნებისთვის გვერდის ავლითაა გადაწყვეტილი.

დღევანდელ სხდომაზე გიგა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ შეუძლია დოკუმენტურად დაასაბუთოს ყველა ბრალდება, მათ შორის ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვა. მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი პროექტისთვის 85 ათასი ლარი ნათია კაპანაძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაიხარჯა, მაშინ, როცა კანონი ავალდებულებდა მრჩეველთა საბჭოსთან შეთანხმებას.

ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების მეორე ინიციატორის, ირაკლი დარცმელიძის თქმით, დირექტორმა დახურა რამდენიმე რეიტინგული გადაცემა და სამსახურიდან დაითხოვა პროფესიონალები, უარს ამბობს თანამშრომლებისთვის ხელფასის გაზრდაზე და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, მრჩეველთა საბჭოს სხდომას ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველის წარმომადგენლები, აჭარის ტელევიზიის და რადიოს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები და საკითხით დაინტერესებული სხვა მოქალაქეები.

საუდის არაბეთიდან გამოქცეულ დებს ტვიტერის ანგარიში დაუბლოკეს

საუდის არაბეთიდან გამოქცეულ დებს მაჰა და ვაფა ალ-სუბაიეს, ტვიტერის ანგარიში დაუბლოკეს, რითიც ისინი მსოფლიოს საკუთარ ამბავს უყვებოდნენ.

გოგოები ამჯერად ახალი ანგარიშიდან განაგრძობენ ინფორმაციის გაზიარებას. დები აქვეყნებენ ვიდეო და ფოტო მასალას, რომელიც მათი თქმით, დებზე ოჯახის ძალადობას ასახავს.

საუდის არაბეთიდან გამოქცეულმა დებმა გუშინ სახელმწიფოს ლტოლვილის სტატუსი მისაღებად მიმართეს, თუმცა საქართველოში მუდმივად დარჩენას არ აპირებენ. ამჟამად დები თავშესაფარში იმყოფებიან. მათ დაცვასა და ადგილსამყოველის მკაცრად გასაიდუმლოებაზე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას.

ლონდონდერიში ირლანდიელი ჟურნალისტი დაიღუპა არეულობის დროს ნასროლი ტყვიით

არეულობა ლონდონდერიში

ჩრდილოეთ ირლანდიის პოლიციის ცნობით, სავარაუდოდ გასამხედროებულ ორგანიზაცია ირლანდიის ახალ რესპუბლიკურ არმიას (New IRA) მიუძღვის ბრალი ჟურნალისტის სასიკვდილო დაჭრისათვის ქალაქ ლონდონდერიში წუხელ მომხდარი არეულობის დროს.

29 წლის გამომძიებელი ჟურნალისტი ლირა მაკკი 19 აპრილს გამთენიისას დაიღუპა მას შემდეგ, რაც შემთხვევით მოხვდა არეულობის დროს ნასროლი ტყვია.

ჟურნალისტი იმყოფებოდა დაპირისპირების ეპიცენტრში, სადაც პოლიციის მანქანებს უშენდნენ აალებად ბომბებს, ქვებს და ბოთლებს.

ბოლო კვირის დაპირისპირებას პოლიციასა და მეამბოხეებს შორის მაკკი აღწერდა, როგორც „აბსოლუტურ უგნურებას.“

მაკკი ბელფასტში მდებარე საინფორმაციო საიტ „მედიაგაზერის“ რედაქტორი იყო. იგი ჩრდილოეთ ირლანდიაში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ძალადობის შედეგებს იკვლევდა და 2018 წლის პუბლიკაციების გამო ითვლებოდა საგამოძიებო ჟურნალისტიკის ამომავალ ვარსკვლავად.

თბილისში ბანკზე თავდასხმისას ორი ადამიანი დაშავდა

თბილისში, ვარკეთილის დასახლებაში თავდასხმა მოხდა „ლიბერთი ბანკის“ ფილიალზე.

სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაშავებულია ორი ადამიანი, რომლებიც საავამდყოფოში გადაიყვანეს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, დაჭრილია ბანკის ორი თანამშრომელი.

თავდასხმის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ქუთაისელი მოსწავლეები სასკოლო ბულინგის თემაზე გამოფენას გამართავენ

"მემეგობრე შენც" ასე ჰქვია გამოფენას, რომელსაც ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები თბილისში გამართავენ.

პროექტისათვის მზადება სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. 31 მოსწავლემ 55 ნამუშევარი შექმნა.

"სამწუხაროდ, საზოგადოებაში აგრესიულმა ფორმებმა იმატა. მუდმივად გვესმის ქუჩაში, ტელევიზიით, სოციალურ ქსელში ოჯახში ძალადობისა და ჩაგვრის ფაქტები. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ამ პრობლემას შევეხოთ და დავინახოთ პოტენციური მსხვერპლის პერსპექტივიდან,"-განაცხადა ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა ნატალი პატარიძემ.

მოსწავლეებთან სასკოლო ბულინგის თემაზე ფსიქოლოგები მუშაობდნენ.

გამოფენა თბილისში, 20 აპრილს გაიმართება.

ამერიკელი დემოკრატები: პრეზიდენტი ტრამპი ხელს უშლიდა მართლმსაჯულებას

აშშ-ის კონგრესის წევრი დემოკრატები ამტკიცებენ, რომ ხუთშაბათს გამოქვეყნებული სპეცპროკურორ მიულერის რედაქტირებული ანგარიში რუსეთის მხრიდან 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაზე, შეიცავს მტკიცებულებებს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს უშლიდა მართლმსაჯულებას.

წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეროლდ ნადლერმა განაცხადა, რომ კონგრესს აქვს ყველანაირი საფუძველი დააყენოს პრეზიდენტის პასუხიმგებლობის საკითხი ამ ქმედებისათვის. ნადლერმა მიულერი მოიწვია კომიტეტის წევრების შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

რობერტ მიულერის ანგარიშში, 448 გვერდიანი დოკუმენტში, რომელიც აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა გამოაქვეყნა, - არ არის წაყენებული ბრალდება დონალდ ტრამპის მიმართ სისხლის სამართლის დანაშაულისათვის, რასაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლა წარმოადგენს.

მაგრამ იმავდროულად დოკუმენტში ნათქვამია, რომ არსებული ფაქტები არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას პრეზიდენტის უდანაშაულობაზე.

საუბარი შეეხება პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებას თავად მიულერის მოხსნის თაობაზე (თეთრი სახლის კონსულტანტებმა უარი თქვეს ამ განკარგულების შესრულებაზე), გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ჯეიმს კომის გათავისუფლების გარემოებებს და სხვა მცდელობებს პრეზიდენტის მხრიდან თავის კონტროლზე აეყვანა გამოძიება.

თავად პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიულერის ანგარიში შეაფასა, როგორც მისი უდანაშაულობის დადასტურება. „არ ყოფილა არც შეთქმულება და არც მართლმსაჯულების ხელის შეშლა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა და დასძინა, რომ „დღეს კარგი დღეა.“

ესტონეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინს საქართველოზეც ესაუბრა

ესტონეთის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა 2019 წლის 18 აპრილს, მოსკოვში გაიმართა

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოსა და უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს. ამის შესახებ ესტონური გამოცემა Postimees-ი იუწყება. პრეზიდენტების შეხვედრა 18 აპრილს, მოსკოვში გაიმართა.

„მე ვთქვი, რომ ორივე ქვეყანაში ვიყავი კონფლიქტის ხაზებთან და ადამიანებს ველაპარაკე მავთულხლართების და შლაგბაუმების ერთი მხრიდან მეორე მხარეს“ - განაცხადა კერსტი კალიულაიდმა.

მისივე თქმით, პუტინთან განიხილეს, თუ როგორი შეიძლება იყოს კონფლიქტების სამომავლო გადაწყვეტის სცენარები. ესტონეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, ამ საკითხზე საუბრისას მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის პოზიციას.

ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის - აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას და უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიას.

რუსეთის პრეზიდენტთან საქართველოს საკითხის განხილვით დაინტერესდა გამოცემა „კომერსანტი,“ რომელსაც ესტონეთის პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა.

შეკითხვას: რა განიხილეს საქართველოს შესახებ, სადაც კონფლიქტი დიდი ხანია გაყინულია, კერსტი კალიულაიდიმ უპასუხა: "სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ. საქართველოში ახლა ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი."

„კომერსანტთან“ ინტერვიუში ესტონეთის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ მისი ქვეყანა ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს რუსეთის წინააღმდეგ ევროპულ სანქციებს და უკრაინის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

ზუგდიდში დაჭრილი ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზეა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ გრიგოლიშში წუხელ ადგილობრივი მკვიდრი, 28 წლის ალიკა ლაგვილავა დაჭრეს. მას ჭრილობები, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

დაშავებულს საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

კლინიკის სამედიცინო მენეჯერის სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

წინასწარი ინფორმაციით, დაჭრაში მონაწილეობდა ლაგვილავას მეზობელი, რომელთანაც მას პირადი უთანხმოება ჰქონდა.

ამასთან, მედიით ვრცელდება ცნობები, თითქოს პირი, რომელმაც ალიკა ლაგვილავას ესროლა, სოფელ გრიგოლიშში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წარმომადგენელია. ამ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახურში არ ადასტურებენ. "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ დაჭრილი ალიკა ლაგვილავა მათი მხარდამჭერია.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით, სავარაუდო დამნაშავის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები.

აჭარის ტელევიზიის 13 ოპერატორი გაიფიცა

აჭარის ტელევიზიის გაფიცული ოპერატორები

დღეს დილიდან გაიფიცა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 13 ოპერატორი. ისინი ხელფასის გაზრდას, ან მუშაობის პირობების შეცვლას მოითხოვენ.

ტელეოპერატორების განცხადებით, უშუალო ფუნქციის გარდა ასრულებენ მემონტაჟის მოვალეობასაც, რასაც მათი შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება.

ტელევიზიის პროფკავშირის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ოპერატორებმა გაფიცვა გადაწყვიტეს საზოგადოებრვი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელებთან უშედეგო მოლაპარაკების გამო, რომელიც წელიწადზე მეტხანს გრძელდებოდა.

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის რედაქტორმა მაია მერკვილაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ოპერატორების გაფიცვის მიუხედავად, სამსახურის მუშაობა არ შეფერხებულა. გაფიცულების ნაცვლად მუშაობენ ანალიტიკური გადაცემების და რეგიონული ბიუროების ტელეოპერატორები.

13 საათზე დანიშნულია აჭარის ტელევიზიის და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილება საბჭოს ორი წევრის მიმართვა, გენერალური დირექტორის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ.

მედიით "პუტინი ქურდია"-ს ხსენება შესაძლოა, რუსეთის ახალი კანონით დისაჯოს

რუსმა ჩინოვნიკებმა სცადეს მედიასაშუალებების ხელმძღვანელებისა და იურისტებისთვის აეხსნათ, როგორ გამოიყენებენ ახალ კანონს, რომლითაც ისჯება ცრუ ინფორმაციის გავრცელება და ხელისუფლების შეურაცხყოფა.

„ბიბისი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ 17 აპრილს, რუსეთის ფედერალური სამსახურის, „როსკომნადზორის“ ხელმძღვანელები პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად დახურულ კარს მიღმა შეხვდნენ მედიასაშუალებების ხელმძღვანელებს.

„ბიბისი“-ს ეს დაუდასტურა შეხვედრის ხუთმა მონაწილემ, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვეს.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ჩინოვნიკები ცდილობდნენ მთავარი რედაქტორების დარწმუნებას, რომ კანონს გონივრულად და ზუსტად გამოიყენებენ და დარღვევის შემთხვევაში, „როსკომნადზორი“ მედიასაშუალებებს მაშინვე არ დაბლოკავს და ჯერ გააფრთხილებს.

მედიასაშუალებების ხელმძღვანელები დაინტერესდნენ, შეიძლება თუ არა მაგალითად, რეპორტაჟში მოყვანილი იყოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მიერ საკმაოდ ხშირად გამოყენებული ფრაზა, რომ მმართველი პარტია „ედინაია როსია“ ქურდების და თაღლითების პარტიაა.

„ბიბისი“-ს წყაროების ინფორმაციით, ეს შეკითხვა რამდენჯერმე დაისვა, თუმცა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ მიუღიათ.

„როსკომნადზორის“ წარმომადგენლებმა მხოლოდ ის თქვეს, რომ თითოეულ შემთხვევაში სანახავი იქნება კონტექსტი და გამოყენების ფორმა. ამასთან, უწყების ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ მისი პირადი აზრით, მედიის მიერ ნავალნიზე დაყრდნობითაც კი მსგავსი ფრაზების გავრცელება შეურაცხყოფაა.

მედიასაშუალებების ხელმძღვანელები ასევე, დაინტერესდნენ შეუძლიათ თუ არა ჟურნალისტებს ციტატად მოიყვანონ აქციის მონაწილეთა შეძახილები, რომ პუტინი ქურდია.

„როსკომნადზორის“ დირექტორის მოადგილემ, ვადიმ სუბოტინმა თქვა, რომ ამას ხელისუფლების შეურაცხყოფად ჩათვლიდა, თუმცა, საბოლოოდ საკითხი პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს.

„ბიბისი“-ს ერთ-ერთმა წყარომ შეხვედრის შედეგად გამოიტანა დასკვნა, რომ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ჩინოვნიკების პოზიცია ასეთია - მაგალითად, არ შეიძლება სახელმწიფო დუმის, როგორც ინსტიტუტის შეურაცხყოფა, მაგრამ შეიძლება ცალკეული დეპუტატების, ხოლო რაც შეეხება პუტინს, ის უნიკალურია, ერთადაა ადამიანიც და ხელისუფლების ორგანოც და ხალხის გონებაში ეს განუყოფელია.

რუსეთში მიღებული ახალი კანონით, ხელისუფლების შეურაცხყოფად ითვლება ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც გამოხატავს აშკარა უპატივცემულობას საზოგადოების, სახელმწიფოს, მისი სიმბოლოების, კონსტიტუციის და ხელისუფლების ორგანოების მიმართ.

„როსკომნდაზორს“ უფლება აქვს გენერალურ პროკურორს, ან მის მოადგილეებს მიმართოს და მსგავსი ინფორმაციის წაშლა მოითხოვოს. თუ მედიასაშუალება ამას არ გააკეთებს, დაბლოკავენ.

ეკონომიკის მინისტრის შეცვლის ოფიციალური მიზეზი დღეს დასახელდება

გიორგი ქობულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს დაასახელებს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გათავისუფლების მიზეზს.

14 საათზე დანიშნულია მთავრობის სხდომა, რომლის დაწყებამდე მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

პრემიერ-მინისტრმა 18 აპრილს გამოსცა ბრძანება მინისტრის თანამდებობიდან გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ. იმავე დღეს მამუკა ბახტაძის ბრძანებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა ნათია თურნავა, რომელიც მანამდე მინისტრის მოადგილე იყო.

გიორგი ქობულია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად 2018 წლის 12 აპრილს დაინიშნა.

კახა კახიშვილი: გიორგი ქობულია კონსულტაციების შედეგად გადადგა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, კახა კახიშვილის განცხადებით, გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან კონსულტაციების შედეგად გადადგა:

„დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია გადადგა თანამდებობიდან და ამ თანამდებობაზე დაინიშნა ნათია თურნავა“.

ჟურნალისტების კითხვაზე თავად გადადგა თუ გადააყენებს გიორგი ქობულია, კახა კახიშვილმა გაიმეორა, რომ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონსულტაციის შედეგად:

„კონსულტაციები შედგა როგორც ბატონ გიორგი ქობულიასთან, ისე, რა თქმა უნდა, დანიშვნის დროს ქალბატონ ნათია თურნავასთან, ამავდროულად, უმრავლესობის ლიდერებთან. ეს არის ბუნებრივი პროცესი. როდესაც მე ვსაუბრობ იმაზე, რომ მან თანამდებობა დატოვა კონსულტაციის შედეგად, ეს იმას ნიშნავს, რომ კონსულტაციის შედეგად გადაწყდა“.

კახა კახიშვილის თქმით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობის დატოვების შესახებ დამატებით განმარტებებს 19 აპრილს გააკეთებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე.

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის საიტზე უკვე ატვირთულია.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას დღეს მოაწერა ხელი პრემიერ-მინისტრმა.

ნათია თურნავა 50 წლისაა, დაიბადა ქ. მოსკოვში. 1996-2000წწ. იყო სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის უფროსის მოადგილე; თბილისის საკრებულოს წევრი და საფინანსო კომისიის თავჯდომარის მოადგილე; 2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2005 წელს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე; 2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე; 2013-2018წწ. "საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი. 2018 - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.


„ამერიკელ თალიბს“ - ლინდს, მომავალ თვეში გაათავისუფლებენ საპატიმროდან

ჯონ უოლკერ ლინდი, ამერიკელი, რომელიც 2002 წელს სცნეს დამნაშავედ თალიბანის მხარეს ბრძოლის გამო, მაისში განთავისუფლდება ციხიდან 17 წლიანი პატიმრობის შემდეგ.

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, 38 წლის „ამერიკელ თალიბად“ წოდებული ლინდი გათავისუფლება ინდიანის ციხიდან 23 მაისს.

ვირჯინიის სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ლინდი დათანხმდა პატიმრობის შემდგომ სამ წლიან გამოსაცდელ ვადაში შეზღუდვებს. სხვათა შორის, ეს გულისხმობს ინტერნეტის მოხმარებას მიმაგრებული პოლიციელის თანხმობის გარეშე, მას ასევე არ შეეძლება უყუროს ექსტრემისტული შინაარსის და ტერორიზმის თემაზე ვიდეოებს.

კათოლიკურ ოჯახში დაბადებული ლინდი 1998 წელს იემენში წავიდა არაბულის სასწავლად და იქიდან ავღანეთში გაემგზავრა ოთხი თვით, სანამ ალ- ყაიდა ნიუ-იორკში 11 სექტემბრის თავდასხმებს განახორციელებდა.

გიორგი ქობულიას გათავისუფლების შესახებ ბრძანებას მამუკა ბახტაძემ ხელი მოაწერა

ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა მთავრობის ადმინისტრაციამ.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრად 2018 წლის 12 ივლისს დაინიშნა, მანამდე ის 18 წლის განმავლობაში ბიზნესის სფეროში საქმიანობდა.

სახალხო დამცველის მოსმენა პარლამენტში, სავარაუდოდ, ხვალისთვის გადაიდო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის მოსმენა გადაიდო.

ნინო ლომჯარიას, სავარაუდოდ, 19 აპრილის პლენარულ სხდომაზე მოუსმენენ, რადგან “საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვა ამ დრომდე არ დასრულებულა და შესაბამისად, ლომჯარიას დღევანდელ სესიაზე მოსმენა ვერ ესწრება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველს მოუსმინოს პარლამენტმა მანამ, სანამ აღნიშნულ კანონპროექტს კენჭს მეორე მოსმენით უყრიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მოსმენა მხოლოდ ფორმალურ ხასიათს შეიძენს და არ ექნება არანაირი ეფექტი. მე დღეს პარლამეტში 12:00 საათზე გამოვცხადდი. მთელი დღის განმალვობაში სხდომათა დარბაზში ვიჯექი და ველოდი, რომ შესაძლოა რამე შეცვლილიყო, თუმცა სამწუხაროდ, ამ დრომდე გრძელდება სხდომაზე კანონპროექტის განხილვა და ლოგიკურად ვეღარ მოესწრო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ლომჯარიამ.

დონალდ ტრამპი: ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს სხვა პრეზიდენტის მიმართ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის საჯარო განცხადებაში 18 აპრილს, აშშ-ის საგანგებო პროკურორის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ თქვა, რომ კარგი დღე აქვს, ვინაიდან შეთქმულება არ დადასტურდა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა არ ყოფილა.

ვაშინგტონში, ვეტერანებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე, ტრამპმა თქვა, რომ ასეთი რამ აღარ უნდა მოხდეს სხვა პრეზიდენტის მიმართ. მან მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს, რომლებსაც იძიებდა საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის გუნდი, სიყალბე უწოდა.

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის დასკვნის შემოკლებული ვერსია 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე 18 აპრილს გამოაქვეყნა. 448 გვერდიანი ანგარიში ადრე გადაეცა გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, რომელმაც კონგრესისთვის მიწერილ წერილში განაცხადა, რომ ვერ მიაგნეს რუსეთთან შეთქმულების ფაქტებს დონალდ ტრამპის თანაგუნდელების მხრიდან.

ვაშინგტონში, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი მართლაც ცდილობდა ჩარევას, მაგრამ საგანგებო პროკურორის რობერტ მიულერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ მიაკვლია დასტურს, რომ შეთქმულებაში რუსეთის ხელისუფლებასთან, ან პეტერბურგის ინტერნეტ კვლევის სააგენტო ე.წ. „ტროლების ფაბრიკასთან“ ერთად მონაწილეობდა აშშ-ის რომელიმე მოქალაქე, მათ შორის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის რომელიმე წევრი.

ბარმა ამის შესახებ განაცხადა 18 აპრილს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებდა რობერტ მიულერის დასკვნის რედაქტირებული, შემოკლებული ვერსიის კონგრესისთვის გადაცემას და მის საჯაროდ გამოქვეყნებას.

საგანგებო პროკურორის გადაწყვეტილებით, საკითხი, იყო თუ არა ეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, უნდა გადაეწყვიტა გენერალურ პროკურორს. ბარმა და მისმა მოადგილემ, როდ როზენსტაინმა გადაწყვიტეს, რომ ტრამპის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს და არ წაუყენეს ბრალდება პრეზიდენტს.

მიულერის ანგარიშის შემოკლებულ ვერსიაში ჩანს, რომ ტრამპი ცდილობდა რუსეთის ჩარევის გამო დაწყებულ გამოძიებაზე გავლენა მოეხდინა და მიულერი ჩამოეშორებინა, რათა მართლმსაჯულებისთვის პრეზიდენტის მხრიდან ხელის შეშლის ბრალდების შესაძლო გამოძიებისთვის ხელი შეეშალა.

დოკუმენტში წერია, რომ 2017 წლის ივნისში, ტრამპმა დაავალა თეთრი სახლის ადვოკატს, დონ მაკგანს, მოქმედი გენერალური პროკურორის, ჯეფ სეშენსისთვის ეთხოვა რობერტ მიულერის განთავისუფლება, რადგან მას ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა. დასკვნა გვამცნობს, რომ ადვოკატმა უარი თქვა მოთხოვნაზე, გადაწყვიტა რა, რომ გადადგომა ერჩივნა, 1974 წელს უოტერგეიტის სკანდალის მსგავს ისტორიაში გახვევას.

დასკვნაში ასევე წერია, რომ ტრამპის ყოფილმა პირადმა იურისტმა, მაიკლ კოენმა განმეორებით ილაპარაკა თეთრ სახლის ადვოკატთან, სანამ ის აშშ-ის კონგრესს ყალბ ჩვენებას მისცემდა.

მიუხედავად ამ სამხილებისა, მიულერმა თავის ანგარიშში დაწერა, რომ მან ვერ შეძლო ცალსახად დაემტკიცებინა, რომ ტრამპმა დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა და მართლმსაჯულებას ხელი შეუშალა.

დასკვნა შეიცავს მიულერის შეკითხვებზე ტრამპის მიერ გაგზავნილ პასუხებს. ტრამპის იურისტთა ჯგუფთან შეთანხმებით, მათში არ შევიდა შეკითხვები მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის შესახებ.

ტრამპის პასუხის მიხედვით, 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს რუს ჰაკერებისთვის მისი თხოვნა, დაეხმარონ მას, მისი მეტოქე საპრეზიდენტო კანდიდატის, ჰილარი კლინტონის პირადი სერვერიდან წაშლილი ელექტრონული წერილების მოძებნაში, „ხუმრობა და სარკაზმი იყო“.

ტრამპი მიულერს წერდა ასევე, რომ არ ახსოვდა ასეთი ფაქტი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს მისთვის ეთქვათ რუსეთის მცდელობების შესახებ, გაეტეხათ ან შეეღწიათ დემოკრატი მეტოქეების საკომპიუტერო სისტემებში.

18 აპრილს მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა მიულერის დასკვნის გამოქვეყნების თაობაზე თქვა, რომ ეს ამბავი არ არის მნიშვნელოვანი. „ეს ჩვენი საქმე არაა. ეს არის არის თემა, რომელიც ან გვაინტერესებს, ან გვაშფოთებს, თქვა პესკოვმა, კრემლს უფრო საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს გასაკეთებელი“ დასძინა მან.

ანგარიშის შემოკლებული ვერსია მოამზადეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა მხოლოდ მსაჯულთა ჟიურის წევრების პირადი მონაცემების დაცვის მიზნით. ამის თაობაზე ბარმა 18 აპრილს განაცხადა. გენერალური პროკურორის თქმით, ტრამპს რედაქტირებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამის უფლებამოსილება პრეზიდენტს გააჩნდა.

ბარმა ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი სრულად თანამშრომლობდა მიულერის გამოძიებასთან, მიუხედავად ტრამპის მხრიდან გამოძიების მიმართ კრიტიკისა.

აშშ-ში გამოქვეყნდა სპეცპროკურორის დასკვნის შემოკლებული ვერსია

აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო აქვეყნებს საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის დასკვნის შემოკლებულ ვერსიას 2016 წელს აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის თაობაზე.

400 გვერდიანი ანგარიში ადრე გადაეცა გენერალურ პროკურორს, უილიამ ბარს, რომელმაც კონგრესისთვის მიწერილ წერილში განაცხადა, რომ ვერ მიაგნეს რუსეთთან შეთქმულების ფაქტებს დონალდ ტრამპის თანაგუნდელების მხრიდან.

ვაშინგტონში აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი მართლაც ცდილობდა ჩარევას, მაგრამ საგანგებო პროკურორის რობერტ მიულერის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ მიაკვლია დასტურს, რომ შეთქმულებაში რუსეთის ხელისუფლებასთან, ან პეტერბურგის ინტერნეტ კვლევის სააგენტოე.წ. „ტროლების ფაბრიკასთან“ ერთად მონაწილეობდა აშშ-ის რომელიმე მოქალაქე, მათ შორის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის რომელიმე წევრი.

ბარმა ამის შესახებ განაცხადა 18 აპრილს პრეს-კონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებდა რობერტ მიულერის დასკვნის რედაქტირებული, შემოკლებული ვერსიის კონგრესისთვის გადაცემას და მის საჯაროდ გამოქვეყნებას. ბარმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი სრულად თანამშრომლობდა მიულერის გამოძიებასთან, მიუხედავად ტრამპის მხრიდან კრიტიკას გამოძიების მიმართ.

საგანგებო პროკურორმა შეაფასა ათი ეპიზოდი, რომლებშიც მონაწილეობდა ტრამპი, და რომლებიც მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლად შეიძლებოდა შეფასებულიყო.

მისი დასკვნით, საკითხი, იყო თუ არა ეს მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა, უნდა გადაწყვიტოს გენერალურმა პროკურორმა. ბარმა და მისმა მოადგილემ, როდ როსენსტაინმა გადაწყვიტეს, რომ ტრამპის საწინააღმდეგო მტკიცებულება არ არსებობს და არ წაუყენეს ბრალდება პრეზიდენტს.

ანგარიშის შემოკლებული ვერსია მოამზადეს იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებმა მხოლოდ მსაჯულთა ჟიურის წევრების პირადი მონაცემების დაცვის მიზნით. ამის თაობაზე ბარმა 18 აპრილს განაცხადა. გენერალური პროკურორის თქმით, ტრამპს რედაქტირებაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ამის უფლებამოსილება პრეზიდენტს გააჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები დირექტორის წინააღმდეგ გამოდიან

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილი დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღმდეგ გამოდის. 18 აპრილს გამართულ ბრიფინგზე მათ განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 103 თანამშრომელი აწერს ხელს.

მაუწყებლის თანამშრომლები უკმაყოფილებას გამოთქვამენ დირექტორის მმართველობასთან დაკავშირებით.

წერილი აჭარის რადიოს საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა თამილა დოლიძემ წაიკითხა:

“ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი სრულად ემიჯნება ტელევიზიის სახელით გამოქვეყნებულ წერილს, სადაც ნათქვამია, რომ 11 აპრილს გაცხადებული, მაუწყებლის დირექტორის უნდობლობის საკითხი პოლიტიკური პროცესია და თურმე ის საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას, სარედაქციო დამოუკიდებლობას, ან ეს არის დემოკრატიულ მედიაზე შეტევა.

ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით საკითხის ამგვარ ფორმულირებას, რადგან ყოველდღიურად ვხედავთ სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობს მაუწყებელში ბოლო პერიოდში. ჩვენ ვხედავთ მართვაში არსებულ ხარვეზებს, დირექტორის მხრიდან ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს და უსამართლო დამოკიდებულებებს თანამშრომლების მიმართ.

დიდი ხანია დაიწყო და მომწიფდა უკმაყოფილება და პრეტენზიები შრომის ანაზღაურების სამართლიან განაწილებასთან დაკავშირებით. დირექტორი იღებს არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებებს, რაც ტელევიზიასა და რადიოს პირდაპირ აზარალებს, ასევე თანამშრომლებს უკარგავს მუშაობის მოტივაციას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ემსახურება ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - სიტყვის თავისუფლებას! და ჩვენ ვსაუბრობთ ორგანიზაციიდან, სადაც დირექტორი უზღუდავს თანამშრომლებს მრჩეველთა საბჭოსთან ლაპარაკსაც კი! ამის დამადასტურებელი დოკუმენტი თუ სხდომებიდან ამოღებული ვიდეო მასალა გავრცელებულია სოციალურ პლატფორმებზე, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ რჩება! ანუ ფუნდამენტური უფლება - სიტყვის თავისუფლება დარღვეულია საზოგადოებრივ მაუწყებელში!

ცალკეული პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პიროვნებების განწყობა კი, თითქოს აჭარის მაუწყებელს ყველაზე დემოკრატი დირექტორი ყავს, სინამდვილეში მხოლოდ იაფფასიანი პოპულიზმის გამოძახილია.

რაც შეეხება სარედაქციო დამოუკიდებლობას. აჭარის ტელევიზია საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნიდან დღემდე, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვიდა იმ რეალობამდე, რაც დღეს გვაქვს და სარედაქციო დამოუკიდებლობა მხოლოდ ნათია კაპანაძის დამსახურება არ არის. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიუკერძოებელი და ობიექტური გაშუქებისთვის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებში მანამდეც არაერთხელ მოხვდა და ჩვენ ვამაყობთ ამ შედეგით.

ჩვენ ნებისმიერი მენეჯმენტის პირობებში დავიცავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას და კანონით მონიჭებულ უფლებას გვქონდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა.

ვიმედოვნებთ, რომ მრჩეველთა საბჭო აღნიშნულ გარემოებებს გაითვალისწინებს და გააკეთებს თავისუფალ არჩევანს”, - წერია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღესვე, 18 აპრილს განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ საქართველოში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, ნათია კაპანაძის შესაძლო იმპიჩმენტთან დაკავშირებით:

“აშშ-ის საელჩომ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ძლიერმა მხარდამჭერმა, მოიწონა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის (ODIHR), ევროკავშირისა და გაეროს მედიამონიტორინგის (EU-UNDP) ანგარიშებში ასახული აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის, როგორც მიუკერძოებელი მედიასაშუალების, ბოლოდროინდელი შეფასება. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მაუწყებლისა და მისი გენერალური დირექტორის, ნათია კაპანაძის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ტელევიზია და მისი ხელმძღვანელობა გააგრძელებენ დადებითი როლის შესრულებას საქართველოში თავისუფალი მედიის განვითარების საქმეში”.

აჭარის ტელევიზიის ხუთწევრიანი ბორდის ორმა წევრმა, ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა ტელევიზიის დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხი რამდენიმე დღის წინ დააყენა. მათი განცხადებით, დირექტორი მართვისას იღებს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს, რაც უარყოფითად აისახა ტელევიზიისა და რადიოს საქმიანობასა და იმიჯზე.

ნათია კაპანაძის გადაყენების იდეის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ დირექტორთან დაპირისპირებული მხარის არგუმენტები არ არის საკმარისი იმპიჩმენტის საკითხის დასაყენებლად.

დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ, ხვალ, 19 აპრილს უნდა უყაროს კენჭი.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიის დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში აირჩიეს. მას ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე მეტი დარჩა.

კიევის სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია, რასაც პოროშენკო "უგუნურ ნაბიჯად" თვლის

უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გამოთქვა გაფრთხილება, რომ უდიდესი ბანკის " პრივატბანკის" ნაციონალიზაციის უკანონოდ გამოცხადება სასამარლოს მიერ საფრთხეს წარმოადგენს უკრაინისთვის, თუ ბანკი კვლავ დაუბრუნდა მის პირვანდელ მფლობეს, იგორ კოლომოისკის.

კიევის ადმინისტრაციულმა საოლქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია ადრე მილიარდერ იგორ კოლომოისკის კუთვნილი ბანკის, „პრივატბანკის“ ნაციონალიზაცია.

2016 წლის ბოლოს საფინანსო პრობლემების გამო ბანკი უკრაინის სახელმწიფოს კონტროლს დაუქვემდებარეს.

პოროშენკომ სასამართლოს გადაწყვეტილებას უზოდა „უგუნური ნაბიჯი“. მისი თქმით ამას შეიძლება მოჰყვეს უკრაინის დეფოლტი და გამოიწვიოს „ახალი ეკონომიკური კრიზისი“.

სასამართლომ დაასკვნა, რომ „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციის დროს არ არსებობდა საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ის გადახდის უუნაროდ გამოეცხადებინათ. სასამართლოს დადგენილებაში წერია, რომ ამის გამო სახელმწიფოსთვის ბანკის მიყიდვის გადაწყვეტილება ძალა დაკარგულად ჩაითვალა მისი გაფორმების დღიდან.

სასამართლომ ამას გარდა დაადგინა, რომ პასუხიმგებელებმა, ეროვნულმა ბანკმა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა, დაარღვიეს იგორ კოლომოისკის უფლება აქტივების თავისუფლად ფლობის შესახებ.

უკრაინის ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, გიორგი ქობულია გადადგომის შესახებ განცხადებას 19 აპრილს გააკეთებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ამ ეტაპზე არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას მინისტრის, გიორგი ქობულიას გადადგომის შესახებ. ინფორმაციას არ ადასტურებს არც მთავრობის ადმინისტრაცია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თანამდებობიდან გადადგა.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, გიორგი ქობულია გადადგომის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 19 აპრილს გააკეთებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა განიხილება.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის პოსტს 2018 წლის ივლისიდან იკავებს.

შსს: დები საუდის არაბეთიდან დათანხმდნენ ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში გადაყვანას

შსს განცხადებს ავრცელებს საუდის არაბეთიდან საქართველოში გამოქცეული დების შესახებ. უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალები, რომლებიც საქართველოში პირველ აპრილს ჩამოვიდნენ შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან გასაუბრების შემდეგ, დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საუდის არაბეთის მოქალაქეებმა, დებმა - მაჰა და ვაფა ალ-სუბაიებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს ვიდეომიმართვა, სადაც აცხადებდნენ, რომ ისინი იმყოფებოდნენ საქართველოში. აღნიშნული პირები, ასევე, აცხადებდნენ, რომ მათ ემუქრებათ საფრთხე საკუთარი ოჯახის წევრებისგან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებოდნენ მისამართზე, სადაც დები - მაჰა და ვაფა ალ-სუბაიები დროებით ცხოვრობენ. სამართალდამცველების ვიზიტის მიზანი იყო მათთან გასაუბრება და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დახმარების შეთავაზება. ასევე, ქალებს მიეწოდათ ინფორმაცია, მათი სურვილის შემთხვევაში, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ინფორმაციის მიწოდებისა და შესაბამისი განმარტებების მიღების შემდგომ, აღნიშნული პირები დათანხმდნენ მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს მიმღებ ცენტრში გადაყვანას, თავშესაფრის მაძიებლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გასავლელად“.

შსს-ს განმარტებით, ოჯახის წევრები, რომლებზეც დები ალ-სუბაიები მიუთითებდნენ, რომ საფრთხე ემუქრებათ, საქართველოში არ იმყოფებიან.

ჩრდილოეთი კორეის ლიდერი მოსკოვს ეწვევა

რუსეთის კრემლმა ოფიციალურად განაცხადა რუსეთში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ვიზიტის შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტის საიტი იტყობინება, რომ კიმი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირადი მოწვევით ეწვევა რუსეთს აპრილის თვის მეორე ნახევარში. ზუსტად სად და როდის შედგება შეხვედრა, არ ზუსტდება.

ადრე მედია იტყობინებოდა, რომ შეხვედრა ვლადივოსტოკში გაიმართებოდა.

კორეის სახალხო-დემოკრატიულირესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯომარე, კიმ ჩენ ინი, რომელიც თანამდებობაზეა 2011 წლიდან და პუტინი არასოდეს შეხვედრიდან ერთმანეთს.

შარშან მაისში ფხენიანში შედგა კიმის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. ეს იყო რუსეთის პოლიტიკურ მოღვაწესთან კიმის პირველი შეხვედრა. მაშინდელი შეხვედრის დროს კიმმა მოკითხვა გადასცა „ამხანაგ პუტინს“ და მადლობა გადაუხადა მას, რომ „წინ აღუდგა აშშ-ის ჰეგემონიას“. ლავროვმა კიმს საჩუქარი გადასცა და რუსეთში მიიწვია.

სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნაციონალისტური ჯგუფების წევრები

თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო ნაციონალისტური ჯგუფების 5 წევრი, რომლებსაც ხულიგნობა და რასობრივი დისკრიმინაცია ედებოდათ ბრალად, უდანაშაულოდ ცნო. სასამართლო სხდომა 17 აპრილს შედგა.

„ქართული ძალისა“ და რამდენიმე სხვა ნაციონალისტური ჯგუფის 12 წევრი პოლიციამ დააკავა 2016 წლის 27 სექტემბერს, აღმაშენებლის გამზირზე, სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილ მსვლელობაზე.

მაშინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებულები იყვნენ „ქართული ძალის“ აქტივისტები, რომლებმაც თბილისში არასანქცირებული მსვლელობა გამართეს გმირთა მოედნიდან მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმართულებით.

„მსვლელობის მონაწილეები გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული აგრესიით, შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, ისროდნენ მაშხალებს სავაჭრო ობიექტებსა და კაფეებში, აზიანებდნენ წარწერებსა და ბანერებს“, - ნათქვამია 2016 წელს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით წარიმართა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

12 დაკავებულიდან შვიდი არასრულწლოვანი იყო და მათი საქმე სასამართლომ ცალკე განიხილა. „ქართული ძალის“ ლიდერისა და ერთ-ერთი დაკავებულის, ნიკოლოზ ბურნაძის ადვოკატის თქმით, ერთი თვის წინ, სასამართლომ შვიდივე არასრულწლოვანი გაამართლა, 17 აპრილს კი დანარჩენი ხუთი ბრალდებულიც უდანაშაულოდ ცნო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG