Accessibility links

ახალი ამბები

პაატა სალია განცხადებას დღეს აღარ გააკეთებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია საღამოს 9 საათისთვის დაგეგმილ განცხადებას აღარ გააკეთებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს სატელეფონი გზავნილით შეატყობინა.

მისი თქმით, ტელეკომპანიის სამომავლო გეგმებსა და შექმნილ ვითარებაზე განცხადებას ის ხვალ, 22 აგვისტოს, დღის განმავლობაში გააკეთებს.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

რუსთავი 2-ზე 21 აგვისტოს არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება.

პაატა სალია განცხადებას, სავარაუდოდ, 21 საათისთვის გააკეთებს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პაატა სალია განცხადებას ტელეკომპანიიდან ჟურნალისტების წასვლის შესახებ, სავარაუდოდ, 21 საათისთვის გააკეთებს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს, სატელეფონო საუბრისას უთხრა.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა. რუსთავი 2-ის ეთერში 21 აგვისტოს არცერთი საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

რუსთავი 2-ზე 21 აგვისტოს არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება. არხზე ამ დრომდე არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება.

პროტესტის 63-ე დღე: 21:00 საათზე სადისკუსიო ფორმატის სტუმარი იქნება დიანა ჯოჯუა

რუსთაველის გამზირზე პროტესტის 63-ე დღეს გადაცემა #სირცხვილია დაეთმობა საქართველოში აქტივიზმის ისტორიას.

როგორ იბრძოდნენ ადამიანები სისტემის წინააღმდეგ სხვადასხვა ეპოქაში.

სადისკუსიო ფორმატის სტუმრები იქნებიან: თამრიკო ჩხეიძე, გიორგი მელაძე, სოფო კუჭავა.

ზუსტად 21:00 საათზე #სირცხვილიას შეუერთდებიან „კურიერის" ყოფილი წამყვანი დიანა ჯოჯუა და P.S.-ის ყოფილი ჟურნალისტი თეა ადეიშვილი.

ორგანიზატორთა განცხადებით, „ისინი ისაუბრებენ „რუსთავი2“ -ში მიმდინარე რეპრესიების შესახებ“.

„კურიერი“ ძირითადმა გუნდმა დატოვა

ტელეკომპანია რუსთავის 2 „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა. მათ შორის არიან ჟურნალისტები ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნათია ტრაპაიძე, დათო ქაშიაშვილი, ნინო სამყურაშვილი, თამთა, დოლენჯაშვილი, ნინო გაზდელიანი, მაიკო ლომიძე, გიგლა თუმანიშვილი, ეკო მაღრაძე, ეკა გაგუა, სოფო ზურაბიანი, რუსუდან ჯაბანიშვილი, დავით ერაძე, ჯეიხუნ მუჰამედალი, მარიამ გაფრინდაშვილი, ქეთა ციცქიშვილი, სოფო ვარდიაშვილი, ანუკი ბუავა.

ამის შესახებ მათ განცხადება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეზოში გააკეთეს.

თამარ ბაღაშვილის თქმით, ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა 21 აგვისტოს ერთ-ერთი უმძიმესი გადაწყვეტილება მიიღეს:

„სამწუხაროდ, ეს რეალობა გვაქვს დღეს. რუსთავი 2 ბიძინა ივანიშვილის მიერაა ოკუპირებული. აქ ყველანი არ ვართ, ვინც რუსთავი 2-ის დატოვების გადაწყვეტილება მივიღეთ, მაგრამ „კურიერის“ დიდმა ნაწილმა, პრაქტიკულად მთელმა გუნდმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ოკუპირებულ ტელევიზიაში ვერ გავაგრძელებთ მუშაობას“.

„კურიერის“ ყოფილი ჟურნალისტები ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ სად გააგრძელებენ საქმიანობას.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

რუსთავი 2-ზე, 21 აგვისტოს, არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება.

რუსთავი 2 კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა

ტელეკომპანია რუსთავი 2 კიდევ რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა. მათ შორის არიან საინფორმაციო გამოშვება „კურიერის“ წამყვანი თამარ ბაღაშვილი, ჟურნალისტები მაიკო ლომიძე, გიგლა თუმანიშვილი და ეკო მაღრაძე. ამის შესახებ ისინი საკუთარ ფეისბუქის გვერდებზე წერენ.

რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ის მზად არის ჟურნალისტები „მთავარ არხზე“ დაასაქმოს. მისივე თქმით, ის ორშაბათიდან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

რუსთავი 2-ზე 21 აგვისტოს არ გასულა არცერთი საინფორმაციო გამოშვება.

პუტინი მეზობელ ფინეთს სტუმრობს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 21 აგვისტოს მეზობელ ფინეთს სტუმრობს და მოლაპარაკებას მართავს ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტიესთან. ფინეთის პრეზიდენტის ოფისის წინასწარი განცხადებით, ჰელსინკიში გამართული მოლაპარაკების მთავარი თემები იქნება საერთაშორისო და ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე საკითხები.

გამოცხადდა, რომ პუტინის ვიზიტთან დაკავშირებით ფინეთის დედაქალაქის ცენტრში და აეროპორტის გზაზე დროებით შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა.

პუტინი და ნიინიესტიე რეგულარულად მართავენ შეხვედრებს. პუტინი ფინეთს გასულ წელსაც ეწვია, ამ დროისათვის ბოლო ორმხრივი შეხვედრა კი გაიმართა აპრილში, სანკტ-პეტერბურგში, არქტიკის ფორუმის კულუარებში.

პრეზიდენტის სასახლეში მოლაპარაკების შემდეგ, ორი ლიდერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს. ნიინიესტიე პუტინის პატივსაცემად სადილსაც უმასპინძლებს.

ფინეთი ამჟამად ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყანაა. ის არ არის ნატოს წევრი, თუმცა ალიანსთან თანამშრომლობს პარტნიორობის და მშვიდობის პროგრამაში და ავღანეთის მისიაში.

ნინო შუბლაძე: არ მიმიღია „რუსთავი 2“-ში დაბრუნების გადაწყვეტილება

ნინო შუბლაძე, რომელიც იყო „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი, არხზე მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

შუბრაძე Facebook-ზე წერს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში დაბრუნებას არ აპირებს.

„სალამი ყველას სახედაკარგულებსაც!

პირველ რიგში დავიწყებ იმით რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და კერძოდ რუსთავი2-ში დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ ...
მეორე დღეა ვყურებ სრულ ისტერიას …ოდესმე ამ შოკიდანაც ალბათ გამოვალ ...

ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთერთობაში, მიუხედავად იმისა რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად ... არც ახლა გადავალ ამ ზღვარს....
ამიფეთქდა ტელეფონი - თქვენი პიროვნულიი გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - წერს შუბლაძე.

„რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ 20 აგვისტოს მიიღო არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, აგრეთვე ტოკშოუების წამყვანების: ეკა კვესიტაძისა და გიორგი გაბუნიას გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება.

ბათუმის საკრებულოს წევრი ბოდიშს იხდის რუსთავი 2-ის ჟურნალისტების მიმართ უცენზურო სიტყვებისთვის

ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ირაკლი პატარიძე ბოდიშს იხდის იმ უცენზურო ფეისბუქ-კომენტარზე, რომელიც მან რუსთავი 2-დან გათავისუფლებული ჟურნალისტების მისამართით 21 აგვისტოს დაწერა.

ირაკლი პატარიძე, რომელიც ამავე დროს, ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა, სოციალურ ქსელში წერს, რომ კომენტარი მან ემოციურ ფონზე დაწერა:

„ჩემი აღელვება მოჰყვა რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას მიერ არაერთხელ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ გაცხადებას, მათ შორის ღია ეთერით (გინება, ლანძღვა, ბილწსიტყვაობა), ამან გამოიწვია ჩემი აღელვება, რის გამოც ვერ შევიკავე თავი და საზოგადოებისთვის მიუღებელი ფორმით გამოვხატე ემოცია“.

გუდაუთის რაიონში ცეცხლი გაუხსნეს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის შტაბს

20 აგვისტოს, ღამით, გუდაუთის რაიონის სოფელ მუგუძირხვაში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატის, ოლეგ არშბას, და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ოლეგ ბარციცის შტაბს. ამის შესახებ საარჩევნო შტაბიდან იტყობინებიან.

„სროლის მოტივი სავსებით ნათელია. ამ ბოროტმოქმედებას ვაფასებთ საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა დაშინების მცდელობად. მაგრამ ეს მცდელობები აზრს მოკლებულია. ჩვენ ვაცხადებთ, რომ მყარად გვაქვს გადაწყვეტილი, გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა საარჩევნო კანონის ფარგლებში,“ აღნიშნულია საარჩევნო შტაბის უფროსის, ლეონიდ ლაკერბაიას განცხადებაში. ამის თაობაზე „აფხაზია-ინფორმი“ იტყობინება.

კანდიდატის შტაბში ასევე იმედოვნებენ, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ქმედით ზომებს მიმართავენ „მოცემული ბოროტმოქმედების გასახსნელად“.

ქართველი და აზერბაიჯანელი ექსპერტები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებს ათვალიერებენ

დავით აგრეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სამთავრობო კომისიების საექსპერტო ჯგუფები ერთობლივად მუშაობენ საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 20 აგვისტოს ექსპერტებმა ტერიტორია დაათვალიერეს სოფელ ვახტანგისისა და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიდამოებში.

ექსპერტებმა განიხილეს ორი ქვეყნის კომისიების პოზიციები მოცემულ მონაკვეთებზე და წარმოადგინეს თავისი ხედვები. საქართველოს ექსპერტთა ჯგუფმა ადგილზე განუმარტა აზერბაიჯანულ მხარეს თავისი პოზიცია საზღვრის გამავლობის შესახებ. მუშაობის შედეგები მიეწოდება კომისიების თავმჯდომარეებს შემდგომი განხილვის მიზნით.

მომდევნო დღეებში დაგეგმილია ანალოგიური სამუშაოების ჩატარება საზღვრის სხვა შეუთანხმებელ მონაკვეთებზე. ექსპერტთა შეხვედრის პირველი ეტაპი სავარაუდოდ, 23 აგვისტომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიგეგმება დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულების მეორე ეტაპი.

საექსპერტო შეხვედრების დასრულების შემდეგ, თბილისში დაიგეგმება სამთავრობო კომისიების სხდომა, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბერში ჩატარდება.

ირანმა განაცხადა, რომ ტრამპის „არაპროგნოზირებადმა“ პოლიტიკამ შესაძლოა თეირანს მსგავსი პასუხებისკენ უბიძგოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი.

ირანმა განაცხადა, რომ რჩება ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგული, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „არაპროგნოზირებადმა“ პოლიტიკამ შესაძლოა თეირანს მსგავსი პასუხებისკენ უბიძგოს. 21 აგვისტოს სტოკჰოლმში მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტში გამოსვლისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა ასევე გააფრთხილა ირანის მეზობლები, რომ დასავლური შეიარაღება ვერ დაეხმარება სპარსეთის ყურეში სტაბილურობის დამყარებას.

ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ტრამპი გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან. აშშ-მა თეირანს სანაცვლოდ განუახლა სანქციები, რომელთა სამიზნეა ირანის სანავთობო და საფინანსო სექტორები.

ეკონომიკის მინისტრი „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ანგარიშების დაყადაღებას კონკრეტულ პროექტებს არ უკავშირებს

არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ანგარიშების დაყადაღების თაობაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, რა ზომას გამოიყენებს გამოძიება კონკრეტული პირის მიმართ, ეს მხოლოდ გამოძიების პრეროგატივაა და ის ვერ დაეთანხმება, რომ ყადაღის გამოყენება „განპირობებულია რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით“.

„ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. პროცესი გამჭვირვალეა. რა ზომას გამოიყენებს გამოძიება და პროკურატურა, ეს სრულიად მათი პრეროგატივაა. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვინმეს, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე კონკრეტულ პროექტში მონაწილეობით. არც ერთ პროექტში მონაწილეობა, არც ერთი სტატუსი, არც ერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არც ერთ ჩვენთაგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან“, - აცხადებს თურნავა.

TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ მას და მის პარტნიორს, ბადრი ჯაფარიძეს ყველა საბანკო ანგარიში დაუყადაღეს. ხაზარაძის თქმით, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება, ემსახურება, იმას, რომ გაჩერდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობა და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტი, მათ შორის ანაკლიის პორტის პროექტიც.

პროკურატურის განმარტებით, „სასამართლოს ხაზარაძის და ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 16 664 000 დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით“ მიმართეს.

ნიკა გვარამია: ორშაბათიდან ვიწყებთ ჟურნალისტებთან ხელშეკრულებების გაფორმებას

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ორშაბათიდან ჟურნალისტებთან ხელშეკრულებების გაფორმებას იწყებს.

მისი სიტყვებით, ის „ამბიციურ ტელევიზიას“ აკეთებს და ამისათვის ინვესტორები უკვე ჰყავს:

„ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს. შენობა - რუსთავი 2-ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რუსთავი 2-ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტელევიზიაა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება. P.s. ბოლო ოთხის სიტყვა მთავარი არხის სლოგანია“, - წერს ნიკა გვარამია.

20 აგვისტოს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ არხის რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლა. მათ შორის, „კურიერის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. 20 აგვისტოს, ტელეკომპანია დატოვეს „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

"ევროპული საქართველო" მიესალმა Ryanair-თან "ექვსი წლით დაგვიანებულ კონტრაქტს"

ქუთაისის აეროპორტი

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ მიესალმა წამყვან, დაბალბიუჯეტიან ირლანდიურ ავიაკომპანიასთან, Ryanair-თან ხელშეკრულების გაფორმებას.

21 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა თქვა, რომ მისასალმებელია კონტრაქტის თუნდაც ექვსი წლის დაგვიანებით ხელმოწერა.

კანდელაკის განცხადებით, თავის დროზე ქუთაისის აეროპორტის რეკონსტრუქცია და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების ცენტრად გადაქცევა სწორედ Ryanair-ისთვის მოხდა და მას ფრენა უნდა დაეწყო 2013 წელს, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ ქუთაისის აეროპორტი არამიზნობრივ ხარჯად მიიჩნია.

მიუხედავად ამისა, „ევროპული საქართველო“ Ryanair-ის მიერ ავიარეისების დაწყებას აფასებს სერიოზულ სიგნალად ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„იმედი გვაქვს, რომ ახლა მაინც გამოჩნდება ერთმნიშვნელოვნად მთავრობისთვის, რომ ფსონის დადება უნდა მოხდეს არა დაბალი გადახდის უნარის მქონე ტურისტებზე რუსეთიდან და ოკუპანტ ქვეყანაზე დამოკიდებულების ზრდაში ხალხის ფულის ხარჯვაზე, არამედ სწორედ ასეთ რაღაცეებზე თუნდაც დაგვიანებით, და მაღალი გადახდის უნარის მქონე ტურისტებზე დასავლეთ ევროპიდან“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

დეპუტატის ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტი სერიოზულად ჩამორჩება დაგეგმილ სიმძლავრეს, რომელიც უნდა ყოფილიყო 2 მილიონი მგზავრი, დღეს ნახევარ მილიონამდეა და დაახლოებით ერთი წლით ჩამორჩენა აქვს ტერმინალის გაფართოების სამუშაოებს.

„იმედია, რომ ქუთაისის აეროპორტის დაგეგმილი სიმძლავრით ამუშავება და Ryanair-ის სრული მასშტაბით ამუშავება არათუ ამოავსებს დანაკლისს და გაანეიტრალებს რუსეთზე დამოკიდებულებას, არამედ იქნება სერიოზული ნახტომი ქვეყნის ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოსთვის“ - თქვა გიორგი კანდელაკმა.

21 აგვისტოს, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ბრაიენმა თბილისში გააფორმეს თანამშრომლობის ხელშეკრულება. ირლანდიურ ავიაკომპანიასთან შეთანხმებით, პირდაპირი რეისები სულ 12 მიმართულებით შესრულდება თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან.

პირველ ეტაპზე Ryanair-ის თვითმფრინავები იფრენენ თბილისი-მილანის, ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებებით. თბილისის ეროპორტიდან მილანისკენ 4 რეისი შესრულდება, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელისკენ 2-2 რეისი.

სამსაათიან „კურიერში“, სავარაუდოდ, სალიას მიმართვა უნდა გავრცელებულიყო

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამსაათიანი „კურიერი“ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას მიმართვით უნდა გასულიყო პირდაპირ ეთერში, თუმცა, წყაროს ინფორმაციით, მან ეთერში შესვლა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და საკუთარ კაბინეტში გადაინაცვლა.

დონალდ ტრამპის თქმით, სავსებით სწორი იქნებოდა რუსეთის დაბრუნება „დიდ შვიდეულში“

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სავსებით სწორი იქნებოდა რუსეთის დაბრუნება „დიდ შვიდეულში“, რომელშიც შედიან აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია და კანადა.

როგორც CNN-ი იტყობინება აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირეს რუსეთის მიწვევას „დიდი შვიდეულის“ სამიტზე 2020 წელს. მანამდე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე მაკრონმა თქვა, რომ რუსეთს დაელოდებიან მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუკი ის გადადგამს უკრაინის კრიზისის მოგვარებისთვის აუცილებელ ნაბიჯებს.

ამ დღეებში საფრანგეთში გაიმართება „დიდი შვიდეულის“ მორიგი სამიტი, რომელზეც რუსეთი არ არის მიწვეული. რუსეთს ამ ჯგუფის წევრობა (მაშინ მას „დიდი რვიანი“ ეწოდებოდა) 2014 წელს შეუწყდა ყირიმის ანექსიის გამო.

ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე დაბარებას ნიკა გვარამიას ახალ არხს არ უკავშირებს

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა ადასტურებს ინფორმაციას, რომ „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას შეხვდა და ესაუბრა ახალი ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ მის კუთვნილ შენობაში შესაძლო განთავსების შესახებ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებაზე ვერ შეთანხმდნენ.

„განაცხადი მქონდა მიცემული უძრავი ქონების სააგენტოებისთვის, რომ ობიექტებს ვყიდდი. ვინაიდან, ყველაფერზე ყადაღა დამიდეს და ძალიან დიდი სესხები მაქვს ბანკების, იძულებული ვიყავი, რომ რაღაც უძრავი ქონება გამეყიდა. მერე იყო შეხვედრა, რომელზეც ვერ შევთანხმდით ჩვენ და ნიკა გვარამია თანხაზე. იმან სხვა ობიექტი ნახა ალბათ, არ ვიცი, მე საქმის კურსში არ ვარ“, -განაცხადა ლაურა ღაჭავამ.

ის გამოკითხვაზე დაბარებას „მთავარ არხს“ არ უკავშირებს.

„მე ამ წუთას არ ვუკავშირებ და რომ გავეცნობი, მერე გამოვალ და გეტყვით“,-აცხადებს ლაურა ღაჭავა.

ღაჭავას თქმით, მას რამდენიმე ობიექტის გაყიდვა სურდა, მათ შორის ერთ-ერთი აეროპორტის გზატკეცილზე, მეორე კი დიღომში მდებარეობს. მისივე თქმით, მან ჭორის დონეზე შეიტყო რომ ნიკა გვარამიას „მთავარი არხი“ „ასტრა დიღომში“ განთავსდება.

„ასტრა პარკი“ ჩემი არ არის, ჩემი ობიექტი არის პატარა. მათ უნდოდათ 5000 კვადრატული, მე ჭორის დონეზე გავიგე, რომ „ასტრა დიღომს“ მიუბრუნდნენ“,- აცხადებს ბიზნესმენი.

ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2 160 955 ლარს .ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება. უწყებაში შესავლამდე ლაურა ღაჭავამ განაცახდა, რომ მას ფინანსური დოკუმენტაცია მოწესრიგებული აქვს, თუმცა მის დაბარებაში პოლიტიკურ მოტივსაც ვერ ხედავს.

„საფუძველი არ მაქვს ვთქვა, რომ ჩემი საგამოძიებო სამსახურში დაბარება პოლიტიკური მოტივით ხორციელდება. უნდა ჩამოვყალიბდე, საქმის მასალებს გავეცნობი, გამოვალ და ყველაფერს მოგახსენებთ, რა ბრალს მიყენებენ. რაც არ ვიცი, ვერ გეტყვით. მე ვარ მართალი, მაქვს სუფთა დღგ-ები, აქტივი, რომელიც ბანკიდან მივიღე. შეძენილი მაქვს 2013 წლიდან და ახლა, ასე უცებ რა მოხდა, გავერკვევი და მოგახსენებთ“, - განაცხადა ღაჭავამ.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ „ინტერმედია პლუსის“ ერთ-ერთ მეწილე კახა ანჯაფარიძესთან ერთად შპს „მთავარი არხი“ 17 აგვისტოს დაარეგისტრირა.

სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, გვარამია კომპანიის 51%-იანი წილის მესაკუთრეა, ანჯაფარიძე კი 49%-ის. კახა ანჯაფარიძე 2008 წლის მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას „ნაციონალური მოძრაობიდან“ იკავებდა.

ნიკა გვარამია შპს „მთავარი არხი“-ს გენერალური დირექტორიც გახდა. კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა, ხოლო დირექტორები არიან: „რუსთავი 2“-ის ყოფილი იურისტები დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილი.

დმანისში მიწისძვრა მოხდა

დმანისში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, 3.3 მაგნიტუდის სიდიდის ბიძგები დღეს, თბილისის დროით, 14:20 საათზე დაფიქსირდა.

ზალკალიანმა და მოგერინიმ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, სატელეფონო საუბარი გამართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ რთულ გარემოზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზზე ბოლო მოვლენების შესახებ, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის და ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვის ფაქტებზე.

სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი კონფლიქტის დარეგულირების სამშვიდობო პოლიტიკის განხორციელებაში ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს, განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობა.

საოკუპაციო ხაზზე ბოლო პერიოდში გახშირებული ინციდენტების გათვალისწინებით, ხაზი გაესვა აღნიშნული საკითხების განხილვის აუცილებლობას, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე, ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის ფარგლებში. ამ კონტექსტში აღინიშნა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის საქართველოში ჩამოსვლისა და ვითარების ადგილზე გაცნობის მნიშვნელობა.

უმაღლესმა წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქუთაისის მერიის შენობა შესაძლოა გაიყიდოს

ქუთაისში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ქუთაისის მერიის შენობა გაიყიდოს, ადგილობრივი თვითმმართველობა კი აუდიტის შენობაში გადავიდეს, რომელიც პარლამენტის ყოფილ შენობასთან ახლოს მდებარეობს.

ქუთაისის მერიის შენობა ქალაქის ცენტრში, რუსთაველის 3 ნომერშია განთავსებული.

ამავე ინფორმაციით, მერიის შენობის ყიდვით „საპარტნიორო ფონდი“, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული და ტერიტორიაზე სასტუმროს განთავსებას გეგმავს.

გავრცელებულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ მერიაში. მათი თქმით, შენობა აუქციონის წესით უნდა გაიყიდოს და ინვესტორის გამოჩენას ელოდებიან.

კიევში სასამართლომ განკარგულება გასცა, გამოძიება დაიწყოს პეტრო პოროშენკოსა და პავლო კლიმკინის წინააღმდეგ

კიევში სასამართლომ განკარგულება გასცა უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსა და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, პავლო კლიმკინის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

ჯერჯერობით არ არის ნათელი, რა ემუქრებათ პოროშენკოსა და კლიმკინს. სასამართლოს თანახმად, საქმე უცნობი პირის მიერ არის ინიცირებული.

განვლილი კვირების განმავლობაში გამოძიების სახელმწიფო ბიურომ ორჯერ დაკითხა პოროშენკო გადასახადებისთვის თავის არიდების საქმესთან დაკავშირებით.

აპრილში პოროშენკომ საპრეზიდენტო არჩევნებში წააგო ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი გამოჩნდა

ცოტა ხნის წინ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის თავზე საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი „მი 8“ შემოფრინდა. ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აფასებს მორიგ პროვოკაციულ ქმედებად.

„ფაქტზე გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ეს არის მორიგი პროვოკაციული ქმედება, რომელიც უკიდურესად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“,- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ დისევს შორის. უკანონო სამუშაოები ამ სოფლების დამაკავშირებელ გზასთან მიმდინარეობს.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ძელებს დგამენ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიდან გუგუტიანთკარის სიღრმეში. დღემდე ეს ტერიტორია საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო.

რუსეთის საოკუპაციო ძალებს გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვარი 7 აგვისტოდან გაჰყავთ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის მცხოვრებთა ორი სახლი, მიწის ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სარწყავი არხი.

საქართველოდან ევროპის ქალაქებისკენ ავიარეისებს ირლანდიური Ryanair-იც შეასრულებს

საქართველოდან ევროპის ქვეყნებისკენ ავიამიმოსვლას იწყებს მსოფლიოში წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ი.

ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება 21 აგვისტოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გააფორმეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ბრაიენმა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, ირლანდიურ ავიაკომპანიასთან შეთანხმებით, პირდაპირი რეისები სულ 12 მიმართულებით შესრულდება თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან.

წელს Ryanair-ის თვითმფრინავები იფრენენ თბილისი-მილანის, ქუთაისი-ბოლონიის და ქუთაისი-მარსელის მიმართულებებით. თბილისის ეროპორტიდან მილანისკენ 4 რეისი შესრულდება, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელისკენ 2-2 რეისი. მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება ავიამიმოსვლა თბილისი-კიოლნის მიმართულებითაც.

Ryanair-ის ვებსაიტზე უკვე იყიდება ნოემბრის ავიაბილეთები თბილისიდან მილანისკენ და მათი ფასი 26.55 ევროდან იწყება.

რეისებს ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის ქალაქებისკენ და პირიქით 2012 წლიდან ასრულებს დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-იც.

იტალიაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ახალი მთავრობის ფორმირებაზე

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა

იტალიის პრეზიდენტი სერჯო მატარელა ოთხშაბათს პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს ახალი მთავრობის ფორმირებაზე. პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე გუშინ გადადგა კოალიციურ მთავრობაში განხეთქილების გამო - მატეო სალვინის პარტია „ლიგასა“ და „ხუთი ვარსკვლავის“ მოძრაობას შორის.

სენატში გამოსვლისას კონტემ გააკრიტიკა ვიცე-პრემიერი და „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი იმისთვის, რომ მან, კონტეს თქმით, მოახდინა სამთავრობო კრიზისის პროვოცირება და საკუთარი პარტიის ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენა.

სალვინი ფაქტობრივად განხეთქილების ინიციატორი გახდა, მას შემდეგ, რაც უკანასკნელ ხანებში ხშირად აკეთებდა განცხადებებს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის აუცილებლობისა და მინისტრთა კაბინეტში უთანხმოების შესახებ.

კომენტატორთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ახალი მთავრობის შექმნა ვადამდელი არჩევნების გარეშე მოხერხდეს. ასეთ შემთხვევაში მემარჯვენე პოპულისტური „ლიგა“ ოპოზიციაში აღმოჩნდება, მინისტრთა კაბინეტი კი უფრო ცენტრისტული გახდება და უფრო ევროპულად იქნება ორიენტირებული.

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე სალვინი მკაცრ პოლიტიკას ატარებს მიგრანტების მიმართ. იტალია საკუთარ პორტებში შესვლას უკრძალავს გემებს, რომლებიც ზღვაში ეხმარებიან არალეგალურ მიგრანტებს. იგი ცნობილია ასევე ვლადიმირ პუტინის პოლიტიკისადმი დადებითი დამოკიდებულებით.

იტალიის პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს სალვინის ემისრისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების თაობაზე, რომელზეც, როგორც ამტკიცებენ, საქმე ეხებოდა რუსეთის სტრუქტურების მიერ პარტია „ლიგის“ დაფინანსებას. სალვინი უარყოფს ამ ბრალდებებს.

მეთიუ ბრაიზა: თუ ანაკლიის პორტი ჩავარდა, ეს ნამდვილი ტრაგედია იქნება

თუ ანაკლიის პორტის პროექტი ჩავარდა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ საქართველოს ნამდვილი კი არა, ეფემერული დამოუკიდებლობა აქვს, რომ თქვენ კვაზი-სუვერენული სახელმწიფო ხართ. ეს კი ნამდვილი ტრაგედია იქნებოდა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა მეთიუ ბრაიზამ IWPR-ს (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი) განუცხადა.

მისი შეფასებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობა აქვს.

„ანაკლიის პორტი სტრატეგიული თვალსაზრისით საქართველოსთვის გარდამტეხი მნიშვნელობისაა. ის საქართველოსთვის წარმოადგენს მთელი მსოფლიოდან ფართომასშტაბიანი გადაზიდვების განხორციელებაზე პირდაპირი წვდომის საშუალებას.

პორტი მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მაგალითად, აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეებმა ავღანეთში სხვადასხვა მასალის, საკვებისა და სხვა სამხედრო ტვირთის მისაწოდებლად შესაძლოა, განიხილონ ანაკლიის პორტის გამოყენება, ნაცვლად თურქული პორტისა, როგორიცაა მერსინი.

ასე რომ, გაცილებით მეტი ბიზნესი იქნება, გაცილებით მეტი ეკონომიკური აქტივობა, რაც გააძლიერებს საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. პორტი ასევე ჩამოაყალიბებს საქართველოს, როგორც გლობალურ სავაჭრო ჰაბს, რაც შესანიშნავი იქნება მისი სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისა და ზოგადი უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით“, - განაცხადა ბრაიზამ.

რაც შეეხება უშუალოდ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, მეთიუ ბრაიზას თქმით, ამერიკის მთავრობაში მათ იცნობენ, როგორც პროფესიონალ და წესიერ ადამიანებს.

"ბადრი ჯაფარიძეს ამერიკის მთავრობაში იცნობენ, როგორც ჭეშმარიტ პროფესიონალსა და უწესიერეს ბიზნესმენს. ის ჩვენთვის მისაბაძი ადამიანია. იმავეს ვფიქრობ მამუკაზეც, უბრალოდ ბადრის უფრო დიდი ხანია და უფრო კარგად ვიცნობ. უკიდურესად არადამაჯერებლად მეჩვენება მტკიცება, რომ ბადრი ჯაფარიძე ფულის გათეთრების სქემაში იყო გარეული", - განაცხადა ბრაიზამ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG