Accessibility links

ახალი ამბები

NDI: ანაკლიის პროექტი და TBC ბანკის საქმე უმრავლესობას სმენია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ რესპონდენტთა 76%-ს სმენია. უარყოფითი პასუხი აქვს გამოკითხულთა 21%-ს.

მათ, ვისაც ანაკლიის პორტის შესახებ სმენია, დაუსვეს კიდევ ერთი შეკითხვა - „თქვენი აზრით ეს პროექტი საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იქნება?“. ამ შეკითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 85% - იქნება სარგებლის მომტანი;
  • 4% - არ იქნება სარგებლის მომტანი;
  • 11% - არ ვიცი.

იმის შესახებ, რომ TBC ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ეროვნულმა ბანკმა გადადგომისკენ მოუწოდა ფულის გათეთრების ბრალდებასთან დაკავშირებით, სმენია რესპონდენტების 68%-ს, ხოლო 27%-ს - არ სმენია.

მათ, ვისაც ამ ფაქტის შესახებ სმენია (68%), ფიქრობს, რომ იყო:

  • 62% - უმეტესად პოლიტიკური ინტერესებით განპირობებული;
  • 16% - უმეტესად დამოუკიდებელი გამოძიებით განპირობებული;
  • 22% - არ ვიცი.

კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.

ანაკლიის პორტის კრედიტორთა მოთხოვნებზე თბილისში მსჯელობენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაიმართა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის,“ ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრა, რომელზეც კრედიტორების 8 პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ სამუშაო ჯგუფის მოლაპარაკება გაგრძელდა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში.“

„ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებიდან საგრძნობ რაოდენობაზე მივაღწიოთ პრინციპულ შედეგს“ - უთხრა ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა. მისი ინფორმაციით, სამინისტროში შედგა წინასამუშაო შეხვედრა.

„წინ გვაქვს მსჯელობა, რომ რაღაც საკითხებზე განხილვა დავასრულოთ და შეთანხმებას მივაღწიოთ გარკვეულ საკითხებზე. ვფიქრობ, თვითონ პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს სახელმწიფოს მხრიდანაც, ბანკების მხრიდანაც. ჩვენი მხრიდანაც არის მზაობა და კონსტრუქციული მიდგომა სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ვიმედოვნებ, საგრძნობ პროგრესს მივაღწევთ. ყველა მხარე არის მზად დათმობებზე წასასვლელად და ამაზე არის სწორედ საუბარი ყველას მხრიდან“ - განაცხადა ახვლედიანმა. მან ამ ეტაპზე დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

ფინანსთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

„ზოგადად, უმრავლეს საკითხებზე არის ძალიან ცოტა განსხვავებები, ამიტომ ორი დღის განმავლობაში ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ყველა თემა ბოლომდე მივიყვანოთ, ყველა საკითხი. მაგრამ საზოგადოდ, არის სრული მზადყოფნა თანამშრომლობისათვის ყველა მონაწილე მხარის მხრიდან და ეს არის ძალიან დამაიმედებელი. მე ვფიქრობ, რომ იმ ტემპით და რესურსებით, რომელიც მოზიდულია ყველა ფინანსური ინსტიტუტის მხრიდან, ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს გავაკეთებთ“ - უთხრა ჟურნალისტებს ბადრი ჯაფარიძემ.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროების, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს, საქართველოს რკინიგზის, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის, აზიის განვითარების ბანკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაციის წარმომადგენლები და მხარეების ტექნიკური და იურიდიული მრჩევლები.

NDI: ბიძინა ივანიშვილის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება ყველაზე მაღალია

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებით დამოკიდებულებას ავლენს დავით სერგეენკოსა და კახა კალაძის (40-40%) მისამართით.

ბიძინა ივანიშვილის მიმართ დადებით დამოკიდებულებას გამოხატავს გამოკითხულთა 21%, ხოლო უარყოფითს - 39%. მიხეილ სააკაშვილის მიმართ დადებითი დამოკიდებულების მაჩვენებელი 31%-ს, ხოლო უარყოფითი დამოკიდებულების - 32%-ს შეადგენს.

შეკითხვაზე „დადებითი დამოკიდებულება გაქვთ თუ უარყოფითი შემდეგი ლიდერებისა და პოლიტიკური ფიგურების მიმართ?“ რესპონდენტთა დადებითი პასუხების მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  • 40% - დავით სერგეენკო, კახა კალაძე;
  • 31% - მიხეილ სააკაშვილი;
  • 28% - შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, გრიგოლ ვაშაძე;
  • 27% - გიორგი გახარია, ზაალ უდუმაშვილი;
  • 26% - ალეკო ელისაშვილი, მამუკა ბახტაძე, თეა წულუკიანი;
  • 22% - გიორგი ვაშაძე, ნიკა მელია;
  • 21% - ირმა ინაშვილი, ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი;
  • 20% - ირაკლი კობახიძე;
  • 19% - ნინო ბურჯანაძე, ელენე ხოშტარია;
  • 17% - რომან გოცირიძე, ლევან იზორია.

უარყოფითი დამოკიდებულების პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით პირველი ხუთი ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • 39% - ბიძინა ივანიშვილი;
  • 35% - ზურაბ ჯაფარიძე;
  • 33% - ნიკა მელია, ეკა ბესელია;
  • 32% - მიხეილ სააკაშვილი;
  • 30% - ნინო ბურჯანაძე.

კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.

აფხაზურმა ოპოზიციამ გახსნა პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ერთ-ერთი ავტომაგისტრალი

ოპოზიციის მხარდამჭერები სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გახსნეს პროტესტის ნიშნად გადაკეტილი ორიდან ერთი ავტომაგისტრალი.

სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის შტაბის ხელმძღვანელმა, თეიმურაზ ხიშბამ ჟურნალისტებს აცნობა, რომ საავტომობილო გზა გახსნეს სოფელ ბზიფთან. ეს მაგისტრალი რუსეთის საზღვრისკენ მიდის.

ხიშბას განცხადებით, ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვას გამაფრთხილებელი ხასიათი ჰქონდა და სწორედ ამიტომ, გზა დაბლოკეს ღამით, როცა მიმოსვლა ინტენსიური არ არის. ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, გრძელდება მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა აქციები.

ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან. მიტინგის მონაწილეები აცხადებენ, რომ მალე პროტესტი მთელ აფხაზეთს მოიცავს.

ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა გვიან ღამით გადაკეტეს თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან და რუსეთიდან სოხუმისკენ მიმავალი გზები ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან და გაგრის რაიონის სოფელ ბზიფთან.

ოპოზიციურმა პარტიებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 20 მაისიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.

მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა.

ასლან ბჟანიას მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

ხაჯიმბა ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გარკვეულ ძალებს სურთ სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა.

NDI: უმაღლეს პირთა საქმიანობას უარყოფითად მეტი აფასებს, ვიდრე - დადებითად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებები.

რესპონდენტთა პასუხების მიხედვით, საქმიანობის „ძალიან კარგად“ და „კარგად“ შეფასების მაჩვენებლების ჯამი ასეთია:

  • 43% - კახა კალაძე, თბილისის მერი (მხოლოდ თბილისში);
  • 20% - სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი;
  • 20% - მამუკა ბახტაძე, პრემიერი;
  • 16% - ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე.

იმავე ლიდერების საქმიანობა „ცუდად“ და „ძალიან ცუდად“ შეაფასა რესპონდენტების გარკვეულმა ნაწილმა. შედეგები ასე გადანაწილდა:

  • 23% - კახა კალაძე, თბილისის მერი (მხოლოდ თბილისში);
  • 30% - სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი;
  • 22% - მამუკა ბახტაძე, პრემიერი;
  • 23% - ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე.

კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.

გაეროს უშიშროების საბჭომ არ დააკმაყოფილა რუსეთის თხოვნა

გაეროს უშიშროების საბჭომ უარყო რუსეთის თხოვნა, რომ უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებული ენის ახალი კანონის გარშემო მოწვეულიყო უშიშროების სხდომა. რუსეთის თხოვნას მხარი დაუჭირა ოთხმა ქვეყანამ - ჩინეთმა, სამხრეთ აფრიკამ, ეკვატორულმა გვინეამ და დომინიკის რესპუბლიკამ. გაეროს უშიშროების საბჭოს 15 წევრიდან ექვსი წინააღმდეგი იყო - აშშ, საფრანგეთი, გერმანია, ბრიტანეთი, ბელგია და პოლონეთი. კიდევ ოთხმა ქვეყანამ თავი შეიკავა.

რუსეთის თხოვნაზე ჩატარებული კენჭისყრა 20 მაისს, დაემთხვა კიევში ახალი პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას.

ჯონათან კოენმა, აშშ-ის მოქმედმა ელჩმა გაეროში რუსეთის ნაბიჯი შეაფასა, როგორც „უკრაინაში ხელისუფლების გადაცემის მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცესის ხელის შეშლის“ აშკარა მცდელობა.

25 აპრილს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ "ვერხოვნა რადამ", უმრავლესობით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, „უკრაინული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ფუნქციონირების უზრუნველყოფის შესახებ“, რომლის განხილვა ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორი კვირის წინ კანონს ხელი მოაწერა უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ში იმყოფება

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ჯონ რუდს. მათ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური თანამშრომლობა არასდროს ყოფილა.

შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების პერსპექტივებზე. მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მრავალეროვნული სწავლებების ფორმატისა და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაც.

ლევან იზორიას ინფორმაციით, შემოდგომაზე აშშ-თან გაფორმდება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო- ხელშეკრულება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით კიდევ უფრო განმტკიცდება აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. „ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატოში გასაწევრიანებლად“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიამ და ჯონ რუდმა განიხილეს საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისთვის და ნატოს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებისთვის მხარდაჭერისა და თანადგომის გაგრძელების აუცილებლობაც. ლევან იზორიას ინფორმაციით, ამ საკითხშიც საქართველოს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

NDI: დაბალია პოლიტიკური პარტიების მიმართ მხარდაჭერა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC საქართველოს მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, კვლავაც დაბალია პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან.

გამოკითხულთა 37% ვერ ასახელებს, თუ რომელი პარტია დგას ყველაზე ახლოს მის შეხედულებებთან. მხარდაჭერის მაჩვენებლები ასე გადანაწილდა:

  • “ქართულ ოცნება” – 21%;
  • “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა” – 15%;
  • “ევროპული საქართველო” – 4%;
  • “პატრიოტთა ალიანსი” - 3%.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 60%-ს არა აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას. დანარჩენების ხმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • “ქართულ ოცნებას” – 17%;
  • “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა“ – 14%;
  • “ევროპული საქართველო” – 3%;
  • “პატრიოტთა ალიანსი” – 3%.

კვლევა ჩატარდა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში. პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2,927 პირი. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%-ს შეადგენს.

გარდაიცვალა ნიკი ლაუდა „ფორმულა 1“-ის სამგზის ჩემპიონი

ნიკი ლაუდა

70 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ნიკი ლაუდა, „ფორმულა 1“-ის სამგზის ჩემპიონი. ოჯახის წარმომადგენლის ინფორმაციით, სახელოვანი ავსტრიელი ავტომრბოლელი 20 მაისს გარდაიცვალა. ლაუდას გასულ წელს ფილტვის გადანერგვა გაუკეთდა, მაგრამ იანვარში გრიპის გამო მისი მდგომარეობა გართულდა და საავადმყოფოში აღმოჩნდა. წინა წლებში სპორტსმენს ორჯერ გაუკეთდა ასევე თირკლმის ტრანსპლანტაცია.

ლაუდამ, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ავტომრბოლელად იყო მიჩნეული, ორჯერ 1975 და 1977 წლებში „ფერარით“ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული, 1984 წელს კი - „მაკლარენით“.

1976 წლის გერმანიის „გრან პრიზე“ ნიკილ ლაუდამ ავარიის შედეგად მძიმე დამწვრობა მიიღო, ტოქსიკურმა კვამლმა კი სპორტსმენის ფილტვები დააზიანა.

1979 ნიკი ლაუდამ ჩამოაყალიბა კომპანია „ლაუდა ეარლაინსი“, რომელიც 1990 წელს გაყიდა.

NDI: ხელისუფლების საქმიანობისა და ლიდერების შეფასების მაჩვენებელი შემცირებულია

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა(NDI) გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, საქართველოს კურსის შეფასება ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ხელისუფლების საქმიანობისა და ლიდერების შეფასების მაჩვენებელი შემცირებულია და მოქალაქეები პოლიტიკური პარტიების მიმართ ენთუზიაზმის ნაკლებობით გამოირჩევიან.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის 46 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, 25 პროცენტის აზრით კი - სწორი მიმართულებით.

2018 წლის დეკემბრის შემდეგ 48 პროცენტიდან 56 პროცენტამდე გაიზარდა იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს. მოსახლეობის მხოლოდ 36 პროცენტი აფასებს მთავრობის საქმიანობას კარგად.

თბილისისა და დიდი ქალაქების მოსახლეობა მთავრობის საქმიანობას უფრო ნეგატიურად აფასებს: 64 და 66 პროცენტი. შესაბამისად. მოსახლეობა ფიქრობს, რომ ქვეყანას და საზოგადოებას სხვადასხვა ძალა ანაწევრებს, მათ შორის: ქვეყნის ლიდერები (68 პროცენტი), ქართული მედია (72 პროცენტი), არსებული ეკონომიკური სისტემა (73 პროცენტი), რუსეთი (73 პროცენტი) და პოლიტიკოსები (73 პროცენტი).

მოსახლეობას გამაერთიანებელ ძალებად მიაჩნია რელიგია (62 პროცენტი) და საგანმანათლებლო დაწესებულებები (53%).

გამოკითხვის თანახმად, ქვეყნის ლიდერების - პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის შეფასება ბოლო სამი წლის მანძილზე გაუარესდა. მათ საქმიანობას დადებითად მოსახლეობის 20 პროცენტზე ნაკლები აფასებს. თუმცა, მოწონებით სარგებლობს თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობა (43 პროცენტი).

მოქალაქეები ყველაზე კარგად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (61 პროცენტი), იუსტიციის სახლების (59 პროცენტი) და ჯარის (55 პროცენტი) საქმიანობას, ხოლო ყველაზე ცუდად მთავარი პროკურატურის (14 პროცენტი), პარლამენტისა (12 პროცენტი) და სასამართლოების საქმიანობას აფასებენ.

46 პროცენტი ფიქრობს, რომ ეკლესიას გავლენა უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, ხოლო 39 პროცენტი მიიჩნევს, რომ ეკლესიას ამ პროცესებზე საერთოდ არ უნდა ჰქონდეს გავლენა.

„სამწუხაროდ, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ქვეყნის ლიდერები საზოგადოების ერთიანობის საზიანოდ მოქმედებენ“ - განაცხადა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა თორნტონმა. მისივე თქმით, საზოგადოების გახლეჩა და პოლარიზაცია საფრთხეს უქმნის საქართველოს მედეგობასა და განვითარებას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოქალაქეები ქვეყნის კურსთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. თორნტონი ამბობს, რომ ლიდერები სამაგალითოები უნდა იყვნენ და საზოგადოების გაერთიანებისთვის მეტი ძალისხმევა უნდა გასწიონ.

კვლევის თანახმად, საზოგადოებაში პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა კვლავ დაბალია. მოსახლეობის 37 პროცენტი მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას ვერ ასახელებს.

“ქართულ ოცნებას” - 21 პროცენტი, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” - 15 პროცენტი, “ევროპულ საქართველოს” - 4 პროცენტი, “პატრიოტთა ალიანსს” კი 3 პროცენტი უჭერს მხარს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მოსახლეობის 60 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდა ხმას.

ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, 17 პროცენტი “ქართულ ოცნებას”, 14 პროცენტი კი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა ხმას. 3-3 პროცენტი “ევროპულ საქართველოსა” და “პატრიოტთა ალიანსს” დაუჭერდა მხარს.

NDI-ს კვლევისთვის გამოკითხვა 2019 წლის 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში ჩაატარა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა.“ საქართველოს მასშტაბით 2 927 რესპონდენტი გამოიკითხა. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3%-ია.

სალომე ზურაბიშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოში მიიწვია

პრეზიდენტების, ვოლოდიმირ ზელენსკის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა 20 მაისს, კიევში გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში მიიწვია. ამის შესახებ იუწყება უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ვოლოდიმირ ზელენსკის და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა 20 მაისს საღამოს, კიევში გაიმართა. მანამდე, საქართველოს პრეზიდენტი დაესწრო უკრაინის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას.

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარ პრიორიტეტებზე საუბრისას თქვა, რომ მისი გუნდი პოლიტიკაში წავიდა რამდენიმე გამოწვევის გამო და მათგან უპირველესია ცეცხლის შეწყვეტა აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც ადამიანები ყოველდღე იღუპებიან.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა გააგრძელებს საგარეო პოლიტიკის თანმიმდევრულ კურსს, რომელიც მიმართულია სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანიბის აღდგენისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის განვითარებისკენ.

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა გამოწვევად დაასახელა კორუფციის დამარცხება და თქვა, რომ ამ საკითხში საქართველოს გამოცდილება უკრაინისთვის მაგალითია.

თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ელოდებათ კიდევ ერთი საერთო გამოწვევა - ევროპარლამენტის არჩევნები. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებითვე, უკრაინამ და საქართველომ პოზიციები უნდა გააერთიანონ ევროინტეგრაციის და ნატოში გაწევრიანების მიმართულებებით.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობითვე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სალომე ზურაბიშვილმა განიხილეს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების მიმართულებები. ზელენსკი და ზურაბიშვილი დარწმუნებულნი არიან უკრაინისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო სამართალდამცავი უწყებები ოპოზიციას აფრთხილებენ

სოხუმში ოპოზიციის აქციის გამო აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს ადგილობრივი შსს-ს დანაყოფი იცავდა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრმა გარი არშბამ დაადასტურა, რომ ოპოზიციის მხარდამჭერებმა ცენტრალური გზები გადაკეტეს სოფელ ტამიშთან და მდინარე ბზიფის ხიდზე. არშბას განცხადებით, მსგავსი ქმედება უკანონოა და აღიკვეთება.

სააგენტო „ტასის“ ცნობით, შსს-მ გაავრცელა მიმართვა, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზებისას კანონი მკაცრად უნდა იყოს დაცული, სამინისტრო შეურიგებელი ბრძოლის პოლიტიკას აწარმოებს კანონის უპატივცემულობის წინააღმდეგ და მზად არის მართლწესრიგის დასაცავად.

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის ქმედებები პოლიტიკური შანტაჟის ზღვარზეა და მიზნად ისახავს მცდარი, ან არასრული ინფორმაციით მოქალაქეთა განწყობებით მანიპულირებას, რამაც შესაძლოა, გამოიწვიოს რესპუბლიკაში ნეგატიური სიტუაციის პროვოცირება.

ოპოზიციამ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია და გზების გადაკეტვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.

მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია მოწამლეს, რადგან არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი აქვს.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის მოთხოვნით, მეორე დღეა სოხუმის ცენტრში, დე ფაქტო პარლამენტთან გრძელდება ოპოზიციის აქცია. მისი მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც მოითხოვენ.

ოპოზიციის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის გამო განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო გენერალურმა პროკურატურამაც. ის მოქალაქეებს კონსტიტუციის დაცვისკენ მოუწოდებს და აფრთხილებს, რომ აქციების უკანონოდ ჩატარება და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებები კანონით ისჯება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეებმა გზები გადაკეტეს

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის მოთხოვნით სოხუმის ცენტრში აქცია 20 მაისს დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებმა გადაკეტეს თბილისის მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან და რუსეთიდან სოხუმისკენ მიმავალი გზები.

„კავკაზსკი უზელ“-ის ინფორმაციით, 21 მაისს ღამიდან გადაკეტილია ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშთან გამავალი ავტომაგისტრალი და მდინარე ბზიფის ხიდი გაგრის რაიონში.

ოპოზიციურმა პარტიებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 20 მაისს გამოაცხადეს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.

მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა. ასლან ბჟანიას მხარდამჭერები დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

არჩევნების გადატანის მოთხოვნით, მეორე დღეა სოხუმის ცენტრში გრძელდება ოპოზიციის აქცია. მისი მონაწილეები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას გადადგომასაც მოითხოვენ. 20 მაისს, აქციის მონაწილეთა შორის მრავლად იყვნენ ასლან ბჟანიას მშობლიური სოფლის, ტამიშის მცხოვრებნი.

სოხუმში, დე ფაქტო პარლამენტთან ოპოზიციის აქციის პარალელურად რაულ ხაჯიმბა და მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ დე ფაქტო მთავრობის შენობაში.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ასლან ბჟანიას მოწამვლა პირველ ყოვლისა, ხელს არ აძლევს მოქმედ ხელისუფლებას. დე ფაქტო პრეზიდენტის მტკიცებით, ბჟანიას კანდიდატურას თავად ოპოზიციაში ეწინააღმდეგებოდნენ „დღევანდელი მორალისტები“ და ალტერნატიულ ფიგურას ეძებდნენ.

რაულ ხაჯმბას თქმით, ასლან ბჟანიას მოწამვლის ვერსიის გამო, პროკურატურა, ჯანდაცვის სამინისტრო და სხვა სტრუქტურები ინფორმაციას აგროვებენ და კონსულტაციები აქვთ რუსეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთანაც, ამიტომ ბრალდებები, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, სიცრუეა. ხაჯიმბას შეფასებით, ზოგიერთებს ხელს აძლევს სიტუაციის დაძაბვა.

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებითვე, მას ყველა ნორმალური ადამიანის მსგავსად სურს, რომ ასლან ბჟანია გამოჯანმრთელდეს და მისი სახელი სპეკულაციებისთვის არ გამოიყენონ.

„ეხო კავკაზას“ ცნობითვე, ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ აფხაზეთიდან გაგზავნილ მიმართვას რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ ინფორმაცია დიაგნოზის და მკურნალობის მეთოდების შესახებ საიდუმლოა და მისი გასაჯაროება შესაძლებელია მხოლოდ პაციენტის წერილობითი თანხმობით.

ავსტრიის მთავრობას ტოვებენ ულტრამემარჯვენე პარტიის წევრი მინისტრები

ავსტრიელი ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსისა და სავარაუდო რუსი ბიზნესმენის ნათესავის შეხვედრა 2017 წელს. 2019 წლის 17 მაისს გასაჯაროვებული ვიდეოს ერთ-ერთი კადრი.

ულტრამემარჯვენე „ავსტრიის თავისუფლების პარტია“ აცხადებს, რომ მისი მინისტრები ტოვებენ კოალიციურ მთავრობას. კოალიციის დაშლის ფონს ქმნის კორუფციული გარიგებით გამოწვეული სკანდალი.

კრიზისული ვითარება შეიქმნა გასულ კვირაში, როცა გასაჯაროვდა ვიდეო, როგორ ჰპირდება „თავისუფლების პარტიის“ ლიდერი ჰაინც-კრისტიან შტრახე სავარაუდო რუსი ბიზნესმენის წარმომადგენელს კონტრაქტებს ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ.

შტრახე გადადგა ვიცე-კანცლერის პოსტიდან, ხოლო კანცლერმა სებასტიან კურცმა 20 მაისს დაითხოვა შინაგან საქმეთა მინისტრი, „თავისუფალი პარტიის“ წევრი ჰერბერტ კიკლი, რადგან ის, კურცის ინფორმაციით, ხელს უშლიდა სკანდალის გამჭვირვალე გამოძიებას.

საპასუხოდ პარტიამ მთავრობა დაატოვებინა თავის ყველა მინისტრს და კურცის კაბინეტი დარჩა საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შრომისა და ინფრასტრუქტურის მინისტრების გარეშე.

ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდრ ვან დერ ბელენს ვადამდელი არჩევნებისათვის განსაზღვრული აქვს სექტემბრის დასაწყისი.

გერმანიის მედიამ 17 მაისს გამოაქვეყნა ვიდეო, როგორ ხვდება შტრახე რუსულად მოლაპარაკე ქალს, რომელიც თავს უწოდებს მდიდარი რუსი ბიზნესმენის ძმისშვილს. მათ შორის თარჯიმნობს „თავისუფლების პარტიის“ კიდევ ერთი ოფიციალური წარმომადგენელი.

შეხვედრა, როგორც ჩანს, გაიმართა ესპანეთის კუნძულ იბიცაზე 2017 წლის ივლისში - სამი თვით ადრე არჩევნებამდე, რომელთა შედეგადაც „თავისუფლების პარტია“ კოალიციურ მთავრობაში შევიდა და შტრახე ვიცე-კანცლერი გახდა.

კრემლი უარყოფს ვარაუდს, რომ შესაძლოა სკანდალთან კავშირი ჰქონდეს.

ავსტრიის თავისუფლების პარტიამ 2016 წელს გააფორმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება პრეზიდენტ პუტინის „ერთიან რუსეთთან“.

რუსეთის კიდევ ორ ქალაქში შეაჩერეს ახალი საეკლესიო ნაგებობების პროექტები

ეკატერინბურგი, 2019 წლის 14 მაისი: პოლიციელები ქალაქის ცენტრალურ სკვერში ეკლესიის აშენების მოწინააღმდეგეთა პირისპირ

რუსეთის კიდევ ორ ქალაქში შეაჩერეს ახალი საეკლესიო ნაგებობების პროექტები მას შემდეგ, რაც ქალაქ ეკატერინბურგში საპროტესტო აქციების გამო შეაჩერეს ეკლესიის მშენებლობა.

ჩელიაბინსკის მერმა ვლადიმირ ელისტრატოვმა 20 მაისს გამოაცხადა, რომ სამხრეთ ურალის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ჯერ არ ააშენებენ სამლოცველოს.

ელისტრატოვის თქმით, შესასწავლია ეკატერინბურგის გამოცდილება და სამლოცველო არ აშენდება ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულების დაუდგენლად.

ამ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე ციმბირის ქალაქ კრასნოიარსკის მერმა სერეი ერიომინმა უარი თქვა ნებართვის გაცემაზე სკვერში მართლმადიდებელი ეკლესიის ასაშენებლად.

კრასნოიარსკის საქალაქო ადმინისტრაციის განმარტებით, შენობის ასაგებად საჭირო გახდებოდა ხეების მოჭრა.

გასულ კვირაში ეკატერინბურგში ზედიზედ ოთხი დღე იმართებოდა აქციები ქალაქის ცენტრალურ სკვერში ეკლესიის აშენების გეგმის გასაპროტესტებლად. ბოლოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სამშენებლო სამუშაოებს შეაჩერებს და საბოლოო გადაწყვეტილება მოჰყვება ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას.

საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციელებმა დააკავეს 100-მდე დემონსტრანტი. მათგან 33-ს შეუფარდეს ორიდან 15 დღემდე პატიმრობა.

ლაშა ტალახაძეს ზედიზედ მეორედ გადაეცა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნის ჯილდო

საქართველომ მეორედ უმასპინძლა მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოების ცერემონიას და ერთ-ერთ უმთავრეს ჯილდოს კვლავ ქართველი მძიმეწონოსანი - ლაშა ტალახაძე დაეუფლა.

20 მაისს ქობულეთში, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, 2018 წლის საუკეთესო ძალოსნები დააფასეს. მამაკაცებში ჯილდო ზედიზედ მეორედ გადაეცა ოლიმპიურ მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონსა და მრავალგზის რეკორდსმენ ლაშა ტალახაძეს, ქალებში კი საუკეთესოდ დასახელდა ასევე ყველა დიდი ტიტულის მომგები ესპანელი ლიდია ვალენტინი.

ძალოსნობაში წლის საუკეთესო მამაკაცი და ქალი სპორტსმენები ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებსაიტზე ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვის შედეგად სახელდება ხოლმე. 2018 წლის შემაჯამებელ გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 30 ათასმა გულშემატკივარმა მიიღო და მათგან ნახევარზე მეტმა არჩევანი ლაშა ტალახაძეზე შეაჩერა. ლიდია ვალენტინმა 13 ათასი ხმით იმარჯვა.

მიხეილ სააკაშვილი: გამარჯვება ახლოსაა, სანდრას მოწოდებას ვუჭერ მხარს

წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება“, - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში. მისი თქმით, 19 მაისის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ დიდი დარტყმა მიიღო.

“სინამდვილეში, გუშინ წარმოუდგენლად მაგარი ბრძოლა გავუმართეთ ივანიშვილს და ყოველი ასეთი ბრძოლის შემდეგ ეს ურჩხული სუსტდება... ამაში ვარ დარწმუნებული და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ აქტივისტს, თითოეულ ადამიანს, ვინც მოვიდა ხმის მისაცემად და რაც მთავარია, ვინც დარბოდა თვეები, კვირები, არაფერს შეეპუა და გუშინ ძალიან მაგრად ეჭირა თავი საარჩევნო უბნებთან და საარჩევნო უბნების შიგნით.

ეს ხალხი არის ნამდვილი ოქროს რეზერვი საქართველოს მომავლის და ძალიან მალე თქვენ იქნებით საქართველოს მომავლის განმკარგავი. სინამდვილეში, ივანიშვილმა გუშინ რეალურად დიდი დარტყმა მიიღო და ეს, იცით, ისტორიულად რას მახსენებს? 2004 წლის მარტში საქართველოში ჩავატარეთ საპარლამენტო არჩევნები, მაშინ მე ვიყავი ახლად არჩეული პრეზიდენტი, ძალიან პოპულარული, მათ შორის - აჭარაშიც ძალიან პოპულარული.

აჭარაში ჩავიყვანეთ მრავალი ათასი დამკვირვებელი, სახელისუფლებო ბერკეტების ნაწილი ჩვენს ხელში იყო. ასლან აბაშიძემ მოგვიგო არჩევნები, ჩაიწერა ისეთივე მოგება, როგორიც დაახლოებით ივანიშვილმა ჩაიწერა გუშინ საქართველოს სხვადასხვა ადგილებში. ზუსტად 2 თვეში იქ გამოვიდა ხალხი და ასლან აბაშიძე დაამხო. აი, ეს არის ისტორიის გაკვეთილი...“, - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანაში ასლანიზმი დაამყარა.

„ერთი ერთში ჰგავს ივანიშვილი აბაშიძეს, პრაქტიკულად, მან დაამყარა ასლანიზმი საქართველოს მასშტაბით - რეჟიმი დამყარებული დაშინებაზე, მოსყიდვაზე და სხვადასხვა ასეთ შავბნელ მექანიზმზე, მაგრამ ეს არ იმუშავებს. სუსი თითოეულ ადამიანს სურათებს უღებდა, ყველა გასასვლელში იდგა, მერე ოჯახებში აკითხავდნენ, ურეკავდნენ, სამსახურებში მათ ნათესავებს აწუხებდნენ - ამას ყველაფერს აქვს თავისი ლიმიტი...“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის სანდრა (რულოვსის) მოწოდებებს უჭერს მხარს:

„ერთ რაღაცაში ვეთანხმები სანდრას: ახლა მხოლოდ წინსვლა, მხოლოდ შეტევა, შეტევა შუშის სასახლეზე... სანამ ივანიშვილის არაფორმალური მმართველობა არ მოშორდება საქართველოს, არჩევნების ჩატარება არ გამოვა ნორმალურად.

რა თქმა უნდა, ხელისუფლება საბოლოო ჯამში უნდა შეიცვალოს არჩევნებით, მაგრამ არჩევნებს წინ უნდა უძღოდეს ივანიშვილის სისტემის მორყევა, რადგან არაფორმალურ სისტემაში, ჩრდილოვან სისტემაში ფორმალურად ვერ ჩაატარებ სწორად არჩევნებს. ეს, მე მგონი, ელემენტარულია და ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ ყველა ერთად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპრეზიდენტი პირობას დებს, რომ უმალ საქართველოში გაჩნდება - პირველივე „დიდი ტალღის“ წარმოქმნისას.

„რაც შემეხება მე, პირველივე დიდი ტალღის შექმნაზე, პირველივე მასშტაბურ რაღაცაზე უმალ გავჩნდები თქვენთან... ახლა ჩვენი ამოცანაა, მოვამზადოთ ეს მასშტაბური ის, გავშალოთ ფრონტი, ბევრი ხალხი გვყავდეს და, რა თქმა უნდა, ერთი წამით არ გავჩერდები არსად, მე ვიქნები თქვენთან ერთად მაშინ საქართველოში...

მაგრამ ამისათვის ყველას ერთად გვჭირდება მუშაობა, მათ შორის - მე ვმუშაობ ემიგრაციაში, ძალიან ბევრ ხალხში, აქ ჩამოსულ ქართველებში... ესეც ძალიან დიდი ძალაა, რომელიც გვაძლიერებს. ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოთარ კახიძე: ახლა არა აქციების, არამედ მათაწმინდის მეორე ტურზე კონცენტრირების დროა

საპროტესტო აქციაში ჩვენ არ ვმონაწილეობთ, ოპოზიციური ძალები მთაწმინდაზე სახელისუფლებო კანდიდატის დასამარცხებლად უნდა გაერთიანდნენ, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, ოთარ კახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთი ნაწილის მიერ საპროტესტო აქციების დაანონსების შესახებ.

მისი თქმით, კონსტიტუციით დაცულია გამოხატვის თავისუფლება და პროტესტის მშვიდობიანად გამოხატვის უფლება აქვს ყველა ადამიანსა და პოლიტიკურ გაერთიანებას. ამასთან, სამართლიანია პროტესტი, რომელიც უკავშირდება არჩევნებზე და საარჩევნო პროცესში გამოვლენილ არაერთ დარღვევას. თუმცა ამ ეტაპზე "ევროპული საქართველოს" ძალისხმევა სხვა მიმართულებით არის კონცენტრირებული.

„ყველა მიტინგსა და აქციას აქვს თავისი დრო. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია არჩევნების მეორე ტური დედაქალაქის ცენტრში. შალვა შავგულიძე, "ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების" ბლოკის კანდიდატი მეორე ტურშია, სახელისუფლებო კანდიდატთან ერთად და ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ ამ ბრძოლაზე.

ეს არის გარდამტეხი ეტაპი იმისთვის, რომ მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე დავამარცხოთ და გავისტუმროთ ივანიშვილი ხელისუფლებიდან, შედგეს ფართო პოლიტიკური კოალიცია "ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების" გარშემო და შავგულიძის გამარჯვება იყოს საეტაპო ამ დიდ ბრძოლაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა, ჩვენი ბრძოლა, რომელიც ამ შემთხვევაში მთაწმინდაზე გადის", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

თბილისის ცენტრში ერთი კვირით მოძრაობა იზღუდება

20 მაისის 24:00 საათიდან 21 მაისის დილის 05:00 საათამდე, ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, ასევე, მასთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე: რუსთაველის გამზირზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის და ალექსანდრე პუშკინის ქუჩებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით ეს შეზღუდვები დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებების მზადებას უკავშირდება.

ამასთან, 21 მაისის დილის 06:00 საათიდან ავტომანქანების მოძრაობის მარშრუტები სადღესასწაულო ღონისძიებების დასრულებამდე, დროებით შეიცვლება და ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებებით:

პუშკინის ქუჩიდან ამომავალი ავტომანქანები გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის გაგრძელებას ვერ შეძლებენ - ისინი ლეონიძის ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირის გავლით, წრეზე მობრუნდებიან და კვლავ რუსთაველის გამზირის გავლით ავლენ ლეონიძის ქუჩაზე.

შალვა დადიანის და კოტე აფხაზის ქუჩებიდან ამომავალი მანქანები ასევე დროებით ვერ იმოძრავებენ რუსთაველის გამზირის მიმართულებით. აღნიშნული ქუჩებიდან ამომავალი საავტომობილო ნაკადი პუშკინის ქუჩით ჩავა ბარათაშვილის ქუჩაზე, მობრუნდება და იმოძრავებს რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

შეცვლილი საგზაო მარშრუტები 26 მაისის ღონისძიებების დასრულებამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ყველა ქუჩასა და მოედანზე სატრანსპორტო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები მოაწესრიგებენ.

ზურაბიშვილი უკრაინაში ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინის კიევში უკრაინის ახალარჩეული პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს კიევში უკრაინის პრეზიდენტობის ფიცი დადო. თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან დათხოვნილად გამოაცხადა უკრაინის პარლამენტი, ვერხოვნა რადა, და რამდენიმე მაღალი რანგის პირს გადადგომისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის, რათა შეწყდეს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ომი ქვეყნის აღმოსავლეთში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო

ვოლოდიმირ გროისმანი

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვოლოდიმირ გროისმანმა გადაწყვიტა, რომ დატოვოს თანამდებობა. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა 20 მაისს განუცხადა ჟურნალისტებს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალურად შეუდგა მოვალეობის შესრულებას.

"ჩემს გადადგომას მთავრობის ოთხშაბათის სხდომაზე ოფიციალურად გამოვაცხადებ", - განაცხადა გროისმანმა.

„ვერხოვნა რადაში“ ფიცის მიღების შემდეგ წარმოთქმულ თავის საინაუგურაციო სიტყვაში ზელენკსიმ მოუწოდა მთავრობის წევრებს, რომ აიღონ ხელში ქაღალდი და კალამი და დაწერონ გადადგომის განცხადებები. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს, ახალმა პრეზიდენტმა თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა უშიშროებისა და თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელებს და გენერალურ პროკურორს. კონსტიტუციის თანახმად ე.წ. ძალოვანი მინისტრების მოხსნა-დანიშვნა უშუალოდ პრეზიდენტის პრეროგატივაა.

ინაუგურაციის შემდეგ მალევე, უკრაინაში გადადგნენ უშიშროების სამსახურის უფროსი ვასილი გრიცაკი და თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი.

ჯერ არ გავრცელებულა ცნობა გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს გადაწყვეტილების შესახებ.

უკრაინის ახალ პრეზიდენტს ეკუთვნის სასტუმროს 10 ნომერი საქართველოში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოაქვეყნა 2018 წლის საშემოსავლო დეკლარაცია, რასაც მისგან აქტივისტები ითხოვდნენ ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურამდე.

ზელენსკისა და მისი მეუღლის დეკლარაციაში შესულ ქონებას შორისაა:

სახლი კიევის ოლქში

მიწის ნაკვეთი კიევის ოლქში

ოთხი ბინა კიევში

ბინა ყირიმში

ორი ბინა კიევში, რომლის მფლობელიც მესამე პირია

ორი სახლი იტალიაში

სასტუმროს 10 ნომერი საქართველოში

წყვილმა დეკლარაციაში ჩაწერა ასევე ორი ავტომანქანა, ექვსი საათი და ფასიანი ქაღალდები.

ერთ წელიწადში ზელენსკის შემოსავალმა შეადგინა თითქმის 4 მლნ 170 ათასი გრივნა (160 ათასამდე ამერიკული დოლარში). დეკლარაციაშია ჩაწერილი აგრეთვე 400 ათასი დოლარი „პრივატბანკში“, 1 მლნ გრივნა (38 ათასი დოლარი) ОТП ბანკში, 190 ათასი დოლარი და 100 ათასი ევრო ნაღდ ფულად.

გაზეთ „კომერსანტის“ პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს

გაზეთ „კომერსანტის“ პოლიტიკური განყოფილების თანამშრომლებმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს მას შემდეგ, რაც აქციონერებმა გადაწყვეტილება მიიღეს, დაეთხოვათ ორი კორესპონდენტი ვალენტინა მატვიენკოს შესახებ სტატიის გამო. ამის შესახებ ფეისბუკში დაწერა გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, გლებ ჩერკასოვმა, რომელიც გამოცემის პოლიტიკურ მიმართულებას კურირებს. ისიც ტოვებს სამსახურს. ზოგიერთი თანამშრომელი, რომელმაც წასვლა გადაწყვიტა, 90-იანი წლების დასაწყისიდან მუშაობს გაზეთში.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „კომერსანტის“ სპეციალური კორესპონდენტი ივან საფრონოვი და პოლიტიკური განყოფილების რედაქტორის მოადგილე მაქსიმ ივანოვი გათავისუფლებული არიან ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვეენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატიის გამო.

მატვიენკოს შესაძლო გადადგომის შესახებ სტატია 17 აპრილს გამოქვეყნდა. მასში სახელმწიფო სტრუქტურებში არსებული წყაროების მითითებით ნათქვამი იყო, რომ ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარემ შესაძლოა მაისში დატოვოს თანამდებობა და საპენსიო ფონდში გადავიდეს სამუშაოდ.

„კომერსანტის“ გერენალურმა დირექტორმა და მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ ჟელონკინმა „ვედომოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ რედაქცია დაშორდა ივანოვსა და საფრონოვს, ვინაიდან მათ დაარღვიეს სარედაქციო სტანდარტები. კონკრეტულად რა დაარღვიეს ჟურნალისტებმა, მას არ დაუზუსტებია.

დანაშაული ფეხბურთის სამყაროში: 93 500 ლარი მოსყიდული მატჩებისთვის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი. სუსის ინფორმაციით, მათ სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობა ედებათ ბრალად. დაკავებულები არიან:

ყოფილი ფეხბურთელები:

  • ვახტანგ ჯ.
  • ლაშა ჩ.
  • ნიკა დ.

საფეხბურთო კლუბ „ჭიათურის“ ფეხბურთელი:

  • ირაკლი ხ.

საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიის“ ფეხბურთელები:

  • რობერტ ი.
  • ირაკლი ბ.

საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები:

  • ჯონი შ.
  • გიორგი გ.
  • ნიკოლოზ მ.
  • პაატა ღ.
  • ნოდარ კ.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

სუსის ინფორმაციით, გამოვლინდა ორი ასეთი კონკრეტული შემთხვევა:

  • 2019 წლის 3 აპრილს, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიის“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანთან“ შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს;
  • 2019 წლის 19 მაისს, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს.

„ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი“, - იტყობინება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

ზესტაფონის მერის არჩევნებში გამარჯვებულ კანდიდატს ადაპტირებულ შენობას დაახვედრებენ

წინასწარი მონაცემებით ზესტაფონის მერობის არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძეა. ვინაიდან ის ეტლით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის შენობის ადაპტაცია იქნება აუცილებელი.

ზესტაფონის მერია და საკრებული ქალაქის ცენტრში მდებარე სამსართულიან შენობის მეორე-მესამე სართულებზეა განლაგებული. ეტლით მოსარგებლეებისთვის შესაბამისი პანდუსით კი შენობის მხოლოდ შესასვლელია უზრუნველყოფილი

როგორც ზესტაფონის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ლელა გორგოძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, მიმდინარე წელს თვითმმართველობას ვალდებულება აქვს აღებული და უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი შენობაში ლიფტის მოსაწყობადსაპროექტო დოკუმენტაციის შესადგენად, პროექტირების შემდეგ კი მერია ტენდერს გამოაცხადებს შენობაში ლიფტის დასამონტაჟებლად.

ლელა გორგოძის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია რა თანხა დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობაში ლიფტის მოსაწყობად, თუმცა ცნობილია ის, რომ ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი დაფარავს.

„ლიფტის მოწყობა ახლა არ გადაწყვეტილა, ისედაც იყო გათვალისწინებული ვალდებულების მიხედვით, რათა ყველა შშმ პირმა დამოუკიდებლად შეძლოს შენობაში გადაადგილბა, თუმცა თუ რა თანხა დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ჯერჯერობით უცნობია“, - ამბობს ლელა გორგოძე.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG