Accessibility links

ახალი ამბები

კოსოვოსა და სერბეთში აშშ-ის წარგზავნილი მათ ლიდერებს მოწოდებს, ეკონომიკური განვითარებისთვის იზრუნონ

კოსოვოს პრეზიდენტი, ჰაშიმ ტაჩი და აშშ-ის ელჩი გერმანიაში, რიჩარდ გრენელი პრიშტინაში, 22 იანვარი, 2020 წელი

აშშ-ის საგანგებო წარგზავნილმა სერბეთსა და კოსოვოში მოუწოდა ორივე ქვეყნის ლიდერებს, გადალახონ უთანხმოებები და ეკონომიკურ განვითარებაზე იზრუნონ, რათა წინ წავიდეს დასაქმება. „ჩვენ წინსვლა გვსურს რეგიონში, კოსოვოში, სერბეთში, ეკონომიკურ ფრონტზე“, თქვა რიჩარდ გრენელმა, რომელიც აშშ-ის ელჩია გერმანიაში.

გრენელი 22 იანვარს კოსოვოს დედაქალაქს, პრიშტინას სტუმრობდა. მან პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩისთან შეხვედრამდე თქვა, რომ ახალგაზრდებს სჭირდებათ სამსახური - ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მანტრა. აშშ-ის ელჩის თქმით, „აშშ აპირებს უბიძგოს კოსოვოს და სერბეთის ლიდერებს „ხალხე იფიქრონ, იზრუნონ სამუშაო ადგილების შექმნისთვის". გრენელის თანახმად, „საქმიანი წრეები აშშ-ში, საქმიანი წრეები ევროპაში აქტიურად შემოვიდოდნენ რეგიონში, მაგრამ ამას ვერ გააკეთებ, როცა პოლიტიკურ მმართველ ჯგუფებს უთანხმოება აქვთ“, განაცხადა გრენელმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შარშან, ოქტომბერში დაასახელა აშშ-ის საგანგებო წარმომადგენლად კოსოვოსა და სერბეთში, რათა ორი დაპირისპირებული მხარე ერთმანეთთან დაეახლოებინა.

ევროკავშირმა სერბეთს ბლოკში პოტენციური წევრობის პირობად წაუყენა კოსოვოსთან, სერბეთის ყოფილ ოლქთან, ურთიერთობის ნორმალიზება. კოსოვო ცალმხრივად გამოეყო სერბეთს 1999 წლის (ნატოს მეთაურობით წარმართული) ომის შემდეგ.

გამყრელიძე: კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში, მიმართეთ ინფექციურ საავადმყოფოებს

ამირან გამყრელიძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა განიხილა. კერძოდ, ჯანდაცვის უწყება იწყებს გადაუდებელ საინფორმაციო კამპანიას მოსახლეობაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით და ასევე განსაზღვრავს გრძელვადიანი მოქმედების ღონისძიებებს:

„გადაუდებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით ძირითადად გვექნება საინფორმაციო ღონისძიებები. საქართველოს როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო საზღვრებზე დაიდგმება ბანერები, ვეცდებით, რომ ეს იყოს სამ ენაზე: ქართულად, ინგლისურად და ჩინურად. ჩინეთიდან და ვუჰანიდან, შესაბამისი პროვინციიდან ჩამოსულ ადამიანებს მიეცემათ ინფორმაცია, რომ თუ აქვთ სიმპტომები და ეს სიმპტომები იქნება ჩამოთვლილი, ვის უნდა მიმართონ და სად უნდა დარეკონ. ეს იქნება გადაუდებელი ღონისძიება“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, გამოიყო რამდენიმე საავადმყოფოც, სადაც განთავსდებიან ის ადამიანები, რომელთაც აღნიშნულ დაავადებაზე აქვთ ეჭვი. ესენია თბილისის ცენტრალური და ბათუმის, ქუთაისისა და ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოები.

„მათ მიეცემათ დამატებით ინფორმაცია დღევანდელი ეპიდსიტუაციის და ასეთი ავადმყოფების მართვის შესახებ. ასევე, ხდება მარაგების კონსოლიდაცია, რაც საჭიროა ამ ტიპის ავადმყოფების მართვისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ალბათობა მინიმალურია, თუმცა რისკი არსებობს და ამიტომ ადამიანებს, რომლებიც ბოლო პერიოდში იმყოფებოდნენ ჩინეთში, მოუწოდებს კორონავირუსის სიმპტომების შემთხვევაში საავადმყოფოებს მიმართონ:

„ამ ინფექციის სიმპტომები არის ის, რაც ახასიათებს ნებისმიერ რესპირატორულ დაავადებას, ანუ მაღალი ცხელება, ხველა, თავის ტკივილი, სისუსტე და სუნთქვის უკმარისობა. ჩვენ კონცენტრაციას ვაკეთებთ ადამიანებზე, ვინც ჩინეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში და განსაკუთრებით უხანში იყო. თუ ასეთ ადამიანს ეწყება მსგავსი სიმპტომები, აუცილებლად მიმართონ შემდგომი დიაგნოსტიკისთვის ინფექციურ საავადმყოფოებს. ჩვენ ასევე ვაძლიერებთ ლუგარის ცენტრში ჩვენს ლაბორატორიულ შესაძლებლობებს, რათა მოხდეს კორონავირუსის იდენტიფიცირება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მედიის ცნობით ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 17-ს მიაღწია, დაავადებული კი 500-ზე მეტია.

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

ქუთაისში, მეტალურგიული ქარხნის „ამბიკა სტილსის“200-მდე თანამშრომელმა წარმოება შეაჩერა დაგამაფრთხილებელი აქცია გამართა. ისინი საწარმოში შექმნილ პირობებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეებმა ხელფასის გაზრდა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

მეტალურგიული საწარმოს თანამშრომლები უქმე დღეების დასასვენებლად გამოყენების უფლებას და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების განსხვავებული ტარიფით აუნაზღაურებას მოითხოვენ.

„ვითხოვთ ხელფასის 30%-მდე მომატებას. ვმუშაობთ 12 საათი ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების გარეშე. არ გვაქვს არანაირი პირობები. არ არის გათბობა, სველი წერტილები. არ გვაცვია ფორმა, ჩვენი ტანსაცმლით ვმუშაობთ. არ გვაქვს აირწინაღები, როდესაც მტვერთან და ცეცხლთან მუშაობა გვიწევს“ , - აცხადებს აქციის მონაწილე იმედა ჩეჩელაშვილი.

ქარხნის ადმინისტრაციაში გაფიცული თანამშრომლების საპასუხოდ განმარტებებს არ აკეთებენ.

როგორც აქციის მონაწილე მეტალურგიული ქარხნის „ამბიკა სტილსის“ თანამშრომლები ამბობენ, საწარმოში 270-მდე მუშაა დასაქმებული და თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, მუშაობაზე უარს იტყვიან და გაიფიცებიან.

შპს „ამბიკა სტილსი“ ადგილზე გადამუშავებული ლითონისგან სამშენებლო მასალას და არმატურას აწარმოებს.

ათეულობით ქვეყნის ლიდერები იერუსალიმში შეიკრიბნენ აუშვიცის (ოსვენციმის) ბანაკის განთავისუფლების წლისთავის აღსანიშნავად

ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეტანიაჰუ მეუღლე სარასთან ერთად თავის რეზიდენციაში ხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმრ პუტინს. 2020 წლის 23 იანვარი

მსოფლიოს ათეულობით სახელმწიფოს ლიდერები ჩავიდნენ იერუსალიმში, სადაც 23 იანვარს აღინიშნება აუშვიცის (ოსვენციმის) საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების 75-ე წლისთავი. იერუსალიმში, ჰოლოკოსტის „იად ვაშემის“ მემორიალთან გამართული შეხვედრების ფონია ანტი-ებრაული ძალადობის ზრდა მსოფლიოში.

„ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე“ ჩასულ, 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა მაკრონი, ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი და გერმანიის, იტალიის და ავსტრიის პრეზიდენტები. მათი მიზანია ჰოლოკოსტის წლისთავის აღნიშვნა და თანამედროვე ანტისემიტიზმთან ბრძოლა.

პოლონეთის პრეზიდენტმა, ონჯეი დუდამ არ ისურვა იერუსალიმში ჩასულიყო, რადგან მას უარი უთხრეს, სიტყვით გამოსულიყო შეხვედრაზე, რომელზეც შეკრებილებს მიმართავენ რუსეთის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, აშშ-ის და გერმანიის წარმომადგენლები. შეხვედრის ისრაელმა ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეებს და გერმანიას მიეცემათ სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.

პოლონეთი, რომელიც განაწყენებულია პუტინის განცხადებით, რომ პოლონეთმა უნდა გაიზიაროს ომის პასუხისმგებლობა, საბჭოთა ჯარის მიერ აუშვიცის ბანაკის განთავისუფლების წლისთავისადმი შეხვედრებს თვითონაც გამართავს 27 იანვარს, პოლონეთში, უშუალოდ ოსვენციმში, მემორიალურ მუზეუმში, სადაც საკონცენტრაციო ბანაკი, აუშვიც-ბირკენაუ მდებარეობდა ნაცისტური ოკუპაციის დროს.

აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში მილიონამდე ადამიანი იქნა მოკლული, უმეტესად ებრაელები. სულ ჰოლოკოსტს ექვს მილიონამდე ებრაელი ემსხვერპლა.

ილია მეორეს გეგმურ გამოკვლევას ბათუმში ჩაუტარებენ

საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს გეგმური გამოკვლევა ჩაუტარდება ბათუმში კლინიკა „მედინაში“. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ილია მეორის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განუცხადა. მისი სიტყვებით, პატრიარქს გამოკვევა ჩაუტარდება, ყოველგვარი „სასწრაფო მიზნის გარეშე“.

ცისანა შარტავას თქმით, ილია მეორეს დღესასწაულების დასრულების შემდეგ სამედიცინო გეგმური გამოკვლევა, ტრადიციულად, ყოველ წელს უტარდება. მისი მდგომარეობა, ექიმის ინფორმაციით, აბსოლუტურად სტაბილურია. თავს კარგად გრძნობს. ექიმი ამბობს, რომ პატრიარქი დასასვენებლად იმყოფება ქობულეთში, სასტუმრო „ჯორჯია პალასში“ და რადგან თავისუფალი დროც ჰქონდა, ადგილობრივმა ექიმებმა შესთავაზეს გამოკველვა ბათუმში ჩაეტარებინა.

„პატრიარქი გუშინწინ გაბრძანდა ქალაქგარეთ, რომ რამდენიმე დღე დაისვენოს. ჩავიდა ქობულეთში სადაც ახლობელმა ექიმებმა მოინახულეს და შესთავაზეს გეგმური სამედიცინო გამოკვლევა ბათუმში ჩაიტარეთო. რადგან ყოველ წელიწადს პატრიარქს ასეთ კვლევას, სწორედ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში ვუტარებთ. თბილისში რომ ჩამობძანდებოდა აქ უნდა გაგვეკეთებინა გარკვეული გამოკვლევები“,- ეუბნება რადიო თავისუფლებას პატრიარქის პირადი ექიმი ცისანა შარტავა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით პატრიარქი ილია მეორე კლინიკა „მედინაში“ ჯერ არ მისულა და მას პერსონალი ელის.

ღვინის სააგენტო: 2019 წელს საქართველოდან 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოში ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა 9%-ით აღემატება 2018 წელს ექსპორტირებული ღვინის რაოდენობას. ამასთანავე 2019 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. სააგენტოს თანახმად, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0, 75ლ) ღვინო გაიტანეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:

  • პოლონეთი – 17% (4 114 972 ბოთლი),
  • ჩინეთი – 2% (7 089 259 ბოთლი),
  • აშშ – 48% (678 148 ბოთლი),
  • დიდი ბრიტანეთი – 60% (168 307 ბოთლი).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში:

  • ლიეტუვა – 45% (708 408 ბოთლი),
  • გერმანია – 40% (671 453 ბოთლი),
  • ბელარუსი – 74% (2 787 065 ბოთლი),
  • ისრაელი – 80% (324 700 ბოთლი),
  • ესტონეთი – 20% (693 248 ბოთლი),
  • რუსეთი – 9% (58 384 540 ბოთლი),
  • მოლდოვა – 8738% (625 724 ბოთლი), ]
  • ნიდერლანდები – 17% (96 464 ბოთლი),
  • ჩეხეთი – 34% (83 136 ბოთლი),
  • შვედეთი – 636% (92 214 ბოთლი),
  • ბულგარეთი – 30% (34 734 ბოთლი),
  • მონღოლეთი – 40% (297 576 ბოთლი) და ა.შ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი საქართველოდან სულ 341-მა კომპანიამ განახორციელა.

აქედან მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა.

დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ექსპორტირებული ღვინოების რაოდენობით პირველ ადგილზეა ქინძმარაული -17 418 683 ბოთლი, მას მოსდევს „მუკუზანი“ - 5160 309 ბოთლი, „წინანდალი“- 4 407 563 ბოთლი, ,„ახაშენი“ - 1 577 823 ბოთლი , „ხვანჭკარა“ -1 011 887 ბოთლი, „ტვიში“ - 298 509 ბოთლი და ა.შ.

ღვინის ექსპორტის 60%, 58 384 540 ბოთლით, მოდის რუსეთზე, მეორე ადგილზეა უკრაინა - 10 272 315 ბოთლით, მესამე ადგილზე 7 089 259 ბოთლით კი ჩინეთია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2019 წელს მთლიანად ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მილიონი აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მამუკა ხაზარაძე "ქართული ოცნების" წევრებს და მხარდამჭერებს მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანების „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წევრებს და მხარდამჭერებს მიმართა, საკუთარი პასუხისმგებლობა გაიზარონ და შეაჩერონ მათი ლიდერის "ბოროტი კურსი".

23 იანვარს გამოქვეყნებულ ღია წერილში ხაზარაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" პროპაგანდისტები ცდილობენ მინიმუმამდე დაიყვანონ ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან და ამერიკელი კონგრესმენების წერილებიდან მიღებული გზავნილი: „არადა, პოლიტიკაში ჩაუხედავი ადამიანებისთვისაც აშკარაა, რასაც ნიშნავს ასეთი განცხადებები. აშკარაა, რომ ეს უკვე შეუქცევადი პროცესია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მძაფრი კრიტიკა, უნდობლობა, ნეგატიური დამოკიდებულება, პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება და დღევანდელი ხელისუფლება ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს“.

ხაზარაძის შეფასებით, ეჭვქვეშ დგება საქართველოს ევროატლანტიკური კურსი და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა და თუ რაღაც არ შეიცვალა, მალე საქართველოს საერთაშორისო პარტნიორად მხოლოდ რუსეთი დარჩება.

„ამ ვითარებაში მინდა მივმართო "ქართული ოცნების" დეპუტაციას, პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს, თქვენ კარგად უნდა გაიაზროთ ის ისტორიული პასუხისმგებლობა, რომელიც დღეს გეკისრებათ. თქვენი ლიდერის მიერ წარმოებულმა კურსმა სულ მცირე ხანში შეიძლება დაგვაკარგვინოს ის, რასაც 30 წლიანი ბრძოლით, შრომით და გამარჯვებებით მივაღწიეთ. თუ ასე გაგრძელდა, თქვენი პარტია სულ მალე შეიძლება კოლექტიურ ორჯონიკიძედ იქცეს“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

"ლელოს" დამფუძნებელი მმართველი პარტიის წევრებს და მხარდამჭერებს მიმართვს, რომ მათი ლიდერის „ბოროტი კურსის“ შეჩერება პირველ ყოვლისა, მათივე ვალია: „მიიღეთ ეს გაფრთხილებად. ჯერ კიდევ არსებობს იმედი, რომ ზოგ თქვენგანს მაინც აქვს შერჩენილი საღი აზრი და ქვეყნის სიყვარული. საქმე ეხება ქვეყნის ბედს და არა ერთი ადამიანის ძალაუფლებას, რომელსაც ცუდად ესმის, რას ნიშნავს ქვეყანა და მისი ისტორიული სტრატეგია“.

TI-ს "კორუფციის აღქმის ინდექსში" საქართველომ უკან დაიხია

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“(TI) გამოაქვეყნა „კორუფციის აღქმის ინდექსი 2019“, რომელიც აფასებს მსოფლიოს 180 ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებულ ვითარებას.

წინა, 2018 წლის ინდექსთან შედარებით საქართველომ უკან დაიხია სამი საფეხურით და 41-დან 44-ე ადგილზე გადაინაცვლა.

2019 წლის ინდექსით, საქართველოს 100 საუკეთესო ქულიდან 56 აქვს. საქართველოს ქულა 58 იყო 2018 წლის ინდექსით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ სახელმწიფო სექტორში არსებული კორუფციის აღქმის დონეს ზომავს ექსპერტების და ბიზნესის წარმომადგენელთა შეფასებებით.

ალექსანდრ ანქვაბმა მოსახლეობისადმი აფხაზეთის "პარლამენტის" მიმართვის პროექტი დახია

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ვერ მიიღო მოსახლეობისადმი მიმართვა, რომლის პროექტი ე.წ. სპიკერმა, ვალერი ქვარჩიამ წარმოადგინა.

დე ფაქტო პარლამენტი - სახალხო კრება 22 იანვარს განიხილავდა აფხაზეთში შექმნილ რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას, რომლის სტაბილიზაციის მიზნით, ქვარჩიამ დეპუტატებს მიმართვის მიღება შესთავაზა.

რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ სოხუმელი კორესპონდენტის ინფორმაციით, ვალერი ქვარჩიამ სხდომაზე განაცხადა, რომ დაირღვა „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას მონაწილეობით „პარლამენტში“ 18 იანვარს გამართულ დახურულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება, რომ 22 მარტის „საპრეზიდენტო არჩევნებამდე“ არანაირი საკადრო ცვლილებები არ მოხდებოდა. ქვარჩიას თქმით, მიუხედავად ამისა, თანამდებობები დატოვა გადამდგარი „პრეზიდენტის“ რაულ ხაჯიმბას გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენელმა.

„არიან რაღაც ჯგუფები, დადიან და ტოვებენ წერილებს ამა თუ იმ ჩინოვნიკის გათავისუფლების მოთხოვნით, საკუთარ კანდიდატურებს სთავაზობენ და ზეწოლას ახდენენ პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელზე. ის ნერვიულობს და ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. რა საჭიროა და ვის სჭირდება სიტუაციის დაძაბვა? ეს საკითხები აღელვებს ბევრ დეპუტატს, ჟურნალისტებს და მთელ ჩვენს ხალხს. მოდით დავმშვიდდეთ, მოვემზადოთ განმეორებითი არჩევნებისთვის და ამისთვის ნორმალური პირობები შევქმნათ“, - ასე მიმართა სპიკერმა ე.წ. პარლამენტის დეპუტატებს. ერთ-ერთი მათგანის, დიმიტრი დბარის განცხადებით, ქვეყნის მართვა რთული საქმეა და ვალერი ბგანბას ეს უნდა ესმოდეს, ხოლო რაც შეეხება ნერვიულობას, დეპუტატებიც ნერვიულობენ და ხალხიც ნერვიულობს იმის გამო, რომ პენსია 500 რუბლია.

ე.წ. პარლამენტის წევრების ნაწილი დაინტერესდა, თუ „პრეზიდენტის“ მოვალეობის შემსრულებელზე ზეწოლაა, რატომ არ მიიწვიეს „პარლამენტის“ სხდომაზე ამ თემაზე სალაპარაკოდ. საპასუხოდ ითქვა, რომ ბგანბა მიწვეული იყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მივიდა. დე ფაქტო პარლამენტის წევრის, ილია გუნიას განცხადებით, ავადმყოფობას ვალერი ბგანბასთვის ხელი არ შეუშლია, რომ 22 იანვარს „უშიშროების საბჭის მდივნად“ დაენიშნა ბესლან კვიცინია.

რაც შეეხება დე ფაქტო სპიკერის მიერ შეთავაზებულ მიმართვის პროექტს, ის მხოლოდ „პარლამენტის“ წევრებს დაურიგეს და ჟურნალისტებისთვის არ უჩვენებიათ.

ამ პროექტით აღშფოთებულმა დეპუტატმა რაულ ლოლუამ განაცხადა, რომ მიმართვა ხელს უწყობს დაპირისპირების გაღრმავებას: „გინდათ, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის ფედერაციასაც შეეჯახოს? ყველა საკითხი უნდა ავწონ-დავწონოთ მით უმეტეს, როცა საქმე ეხება მთელი სადეპუტატო კორპუსის მიმართვას. ბევრი მოძრაობაა სხვადასხვა მიმართულებით. ასეთი დოკუმენტი უნდა დავხიოთ და გადავაგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანას დაპირისპირებამდე მივიყვანთ“.

როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტი იუწყება, ამ გამოსვლის დროს მიმართვის პროექტი დახია „პარლამენტის“ წევრმა ალექსანდრ ანქვაბმა. საბოლოოდ, დე ფაქტო პარლამენტმა მოსახლეობისადმი მიმართვის მიღებაზე უარი თქვა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება იანვრის შუა რიცხვებიდან დაიძაბა მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებს და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეჭრას მოჰყვა ე.წ. პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომა.

ხაჯიმბამ „სახალხო კრებას“ 12 იანვარს მიმართა განცხადებით „უფლებამოსილების შეწყვეტის“ შესახებ. დე ფაქტო პარლამენტმა ხაჯიმბას მიმართვა 13 იანვარს დააკმაყოფილა და ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება დაავალა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ვალერი ბგანბას.

რაულ ხაჯიმბას გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოპოზიციის საპროტესტო აქცია, რომელიც 9 იანვარს დაიწყო, და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ოპოზიციის საკასაციო სარჩელი 2019 წლის სექტემბერში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგის გაბათილების შესახებ.

ამ „არჩევნების“ შედეგების თანახმად, რაულ ხაჯიმბამ ხმების 47.38%-ით დაამარცხა ოპოზიციური პარტიის, „ამცახარას“ კანდიდატი ალხას კვიცინია, რომელსაც ხმა მისცა 46.19%-მა. კვიცინია აცხადებდა, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა „პრეზიდენტად“ კანონიერად არჩევისთვის საჭირო ხმები, ამიტომ ხელახალი კენჭისყრა უნდა ჩატარებულიყო.

ოპოზიციის მოთხოვნას არ ეთანხმებოდა დე ფაქტო საარჩევნო ადმინისტრაცია, თუმცა, ე.წ. უზენაესი სასამართლოს მიერ 10 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განმეორებითი „არჩევნები“ 2020 წლის 22 მარტს დანიშნა.

12 იანვრამდე ხაჯიმბა გადადგომაზე უარს ამბობდა და ე.წ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავდა.

დე ფაქტო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ე.წ. უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, წინ უძღოდა მისი შეხვედრაც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევთან.

ოკუპირებულ აფხაზეთში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთმა სოხუმში გაგზავნა პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვიც, რომელიც 12 იანვარს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. რადიო თავისუფლების პროექტის, Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, სურკოვთან შეხვედრაზე უარი თქვა რაულ ხაჯიმბამ.

გიორგი გახარია დავოსში შეხვედრებს განაგრძობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი დავოსში. 2020 წლის 22 იანვარი

მულტინაციონალური ენერგეტიკული კომპანია ENEL-ი ენერგეტიკის სფეროში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში სპეციალურ ჯგუფს გაგზავნის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ფრანჩესკო სტარაჩიმ მიიღო დავოსში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას.

ENEL-ი 5 კონტინენტზე 30 ქვეყანაში მუშაობს და ელექტროენერგიას და გაზს აწვდის 73 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

გიორგი გახარიამ ფრანჩესკო სტარაჩის გააცნო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო და ინვესტორებისთვის შეთავაზებული შესაძლებლობები, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში. ხაზი გაესვა ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურების შექმნის კუთხით საქართველოში არსებულ პოტენციალს და ეკონომიკის ზრდის პარალელურად დამატებითი გენერაციის წყაროების განვითარების აუცილებლობას.

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა გერმანული კონგლომერატის, Siemens Energy-ს აღმასრულებელ დირექტორს, მაიკლ სენს. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველოს ენერგეტიკული სიმძლავრეებისა და ექსპორტის პოტენციალის შეფასების დეტალური დოკუმენტი, რომელიც სატრანსპორტო და სატრანზიტო ასპექტებს სრულად დაფარავს, შესაძლოა, Siemens Energy-სთან პარტნიორობით შეიქმნას. გიორგი გახარიამ Siemens Energy-ის წარმომადგენლები საქართველოში მიიწვია საინვესტიციო გარემოს და წარმოების შესაძლებლობების გასაცნობად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა კომპანია “კოკა-კოლას” ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ გოლცმანს. კომპანია დაინტერესებულია რეგიონში წარმოების გაფართოებით და განაგრძობს საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას. “კოკა-კოლას” ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი გახარია მიიწვია საქართველოში კომპანიის ახალი საწარმოო ხაზის გახსნის ღონისძიებაზე.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობითვე, გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი დაინტერესებულია საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით, რომლითაც რეგიონს დაფარავს. გიორგი გახარია დავოსში შეხვდა კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს ადრიან სტეკელს. ბრიტანული კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის ოპერირება გლობალური კოსმოსური სატელიტური ქსელის საშუალებით. დავოსში გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი OneWeb-სა და ქართულ კომპანია "სილქნეტს" შორის.

რაც შეეხება პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრებს, 22 იანვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსში შეხვდა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, სლოვენიის პრემიერ-მინისტრ მარიან შარეცს, ხორვატიის პრემიერ-მინისტრ ანდრეი პლენკოვიჩს და ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტსს. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც გიორგი გახარია ევროპელ ლიდერებს ესაუბრა, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარებაა.

ჩინეთის ქალაქ უჰანში ვირუსული დაავადების გამო მუშაობას წყვეტს სამოქალაქო ტრანსპორტი

ჩინეთის ქალაქ უჰანში, რომელიც ახალი ვირუსული დაავადების ცენტრია, დროებით წყვეტს მუშაბას სამოქალაქო ტრანსპორტი, იტყობინება სახელმწიფო მედია.

22 იანვარს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში, რომელშიც 9 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, აუქმებენ საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლას, ვინაიდან ქვეყანა ცდილობს, კონტროლს დაუქვემდებაროს გრიპისმაგვარი ვირუსის გავრცელება, რომლითაც 500-ზე მეტი ადამიანია დაავადებული და 17 გარდაიცვალა.

23 იანვარს, ადილობრივი დროით დილის 10 საათიდან მუშაობას შეწყვეტენ ავტობუსები, მეტრო, ბორნები და შორი მანძილის სატრანსპორტო ქსელები. ხელისუფლებამ ხალხს მიმართა, არ დატოვონ უჰანი საგანგებო მიზეზის გარეშე.

ვუჰანიდან ვირუსი გავრცელდა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში, ჰონ-კონგში, ტაილანდში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. მეცნიერთა თანახმად, ესაა ახალი ტიპის კორონავირუსი, რომელიც აქამდე არ ყოფილა ცნობილი. დაავადება SARS-ი, რომელმაც 2000-იანი წლების დამდეგს 800-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ასევე კორონავირუსი იყო.

ჯიოევი: გუგუტიანთკარში ჩვენი მესაზღვრეები ერთი მეტრითაც არ შეხებიან საქართველოს ტერიტორიას

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში მურატ ჯიოევი ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას იმის შესახებ, რომ საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს.

„რეალურად, ვითარება იმაში მდგომარეობს, რომ სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამსახურმა სოფელ გუგუტიანთკარში 2019 წლის აგვისტოში დაწყებული საზღვრის გავლების სამუშაოები გააგრძელა. მართალია, ჩვენი მესაზღვრეები არც მანამდე და არც ახლა ერთი მეტრითაც არ შეხებიან საქართველოს ტერიტორიას, ქართული მხარე, ისევე, როგორც წარსულში, ცდილობს ამ ქმედების „მსოფლიო სკანდალად“ წარმოჩენას.

ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლებას შეცდომაში შეყავს საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები“, - ამბობს მურატ ჯიოევი.

სუს-ის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მიმდინარეობს მავთულხლართების ე.წ. საზღვრის აღმნიშველი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს.

ზურაბიშვილი იერუსალიმში „მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენით“ დააჯილდოეს

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილე მესამემ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო - „მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი" გადასცა, - იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს, ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს.
საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს“.

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი აჩუქა.

სალომე ზურაბიშვილი ისრაელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

იაგო კაჭკაჭიშვილი: გიორგი შარვაშიძემ ვერცერთ ძირითად შეკითხვას ვერ/არ უპასუხა

თსუ-ის რექტორის გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში გამჟღავნებული შესაძლო პლაგიატის თავად რექტორის განმარტებას ეხმაურება ამავე უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.

„მოვისმინე გიორგი შარვაშიძის ბრიფინგი, რომელმაც ვერცერთ ძირითად შეკითხვას ვერ/არ უპასუხა.

დავწერ იმათთვის (მათ შორის, მედია საშუალებებისთვის), ვინც დაიბნა (ან თავს აჩვენებს, რომ დაიბნა) და ჰგონია, რომ არსებობს ორი უნივერსიტეტის (თსუ-ის და ილიაუნის) ალტერნატიული დასკვნები, რომელთაგან ან არც ერთი არ არის სწორი და სიმართლე სადღაც „შუაშია“, ანდა თსუ-ის დასკვნაა მხოლოდ სწორი“, - აღნიშნავს „ფეისბუკზე“ კაჭკაჭიშვილი.

პროფესორის აზრით, სინამდვილეში, არავითარ ბუნდოვანებასთან არ გვაქვს საქმე. პლაგიატი აშკარაა:

„1. დისერტაციაში არის თავი პირველის 1.1. ქვეთავი (გვ. 18-58) – „უმაღლესი განათლების განვითარების თავისებურებები“ - რომლის (უკეთეს შემთხვევაში, ერთადერთი) ავტორი გია შარვაშიძე არ არის.


2. ანაბანაა: როდესაც რაიმე ტექსტის ავტორი არ ხარ, უნდა დაიმოწმო წყარო, რომელიც ადასტურებს გამოყენებული ტექსტის წარმომავლობას (ავტორი/ავტორები, პირველწყაროს დასახელება, გამომცემელი და გამოცემის წესი და ა.შ.). შარვაშიძის დისერტაციის ამ ქვეთავში არაფერი წერია ტექსტის წარმომავლობის შესახებ. ანუ, რჩება სრული შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული თავის ავტორი დისერტანტია.


3. დისერტაციაში გამოყენებული ტექსტი (1.1. ქვეთავი), ამავე დროს, წარმოადგენს პარლამენტის 2012 წლის დადგენილების განმარტებით ბარათს. შარვაშიძის დამცველები ამბობენ, რომ რადგან ტექსტი იურიდიულ დოკუმენტად გადაიქცა, შარვაშიძეს არ მოეთხოვებოდა დოკუმენტის ავტორ(ებ)ის დასახელებაო. ეს არგუმენტი რომც გავიზიაროთ, დისერტანტს ის ხომ მაინც მოეთხოვებოდა, რომ ეთქვა, ეს 41 გვერდი იურიდიული დოკუმენტიაო? არ უთქვამს! ვერავინ მიხვდება, რომ დისერტაციის პირველი თავის პირველი ქვეთავი იურიდიულ დოკუმენტს წარმოადგენს.


4. პარლამენტის აღნიშნული დადგენილების და მისი მიღების ისტორიის შესახებ წერია დისერტაციის სხვა - 1.2. ქვეთავში („საკანონმდებლო ინიციატივები საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში“), რომელსაც შემხებლობა არ აქვს 1.1. ქვეთავთან.


5. რომელია პირველწყარო? ესაა 2002 წელს ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დასტამბული ბროშურა „საქართელოში უმაღლესი განათლების განვითარების ძირითადი მიმართულებები“. ეს ბროშურა დისერტანტს ბიბლიოგრაფიაში მოხსენიებული არ აქვს. მეტიც: ბიბლიოგრაფიაში მოხსენიებული არ არის პარლამენტის დადგენილებაც (რომელიც ასევე შეიძლება პირველწყაროდ ჩაითვალოს).


6. დაბოლოს, აბსოლუტურად დაუშვებელია, რომ დისერტაციის მესამედი (!) დაიკავოს დადგენილების განმარტებითმა ბარათმა, როგორც იურიდიულმა დოკუმენტმა. ეს რომ დასაშვები იყოს, აკინძავდა ვინმე რომელიმე კოდექსს და დისერტაციად გაასაღებდა.

თსუ-ის კომისიის პოზიციაა (ცხადია, არაადეკვატური), რომ რადგან დისერტაციის 1.1. ქვეთავი, ანალიტიკურთან ერთად, იურიდიული დოკუმენტია, ის არ მოითხოვს არანაირ მითითებას. ამდენად, ეს ნაწილი კომისიამ გააბათილა და ნულოვანი (თუ 8%-იანი) პლაგიატი მიიღო.

ილიაუნის დასკვნაში კი წერია, რომ დისერტაციაში 34% მოცულობის ტექსტი გამოყენებულია პირველწყაროს მითითების გარეშე. ამიტომ სახეზეა აშკარა პლაგიატი“.

იაგო კაჭკაჭიშვილი მიმართავს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს ქეთევან ხუციშვილს, რომელიც რექტორის ნაშრომში პლაგიატს უარყოფს. „მიმითითოს შეცდომაზე, ან წინააღმდეგობაზე, რომელსაც ჩემი ზემოაღნიშნული არგუმენტაცია შეიცავს“, - წერს კაჭკაჭიშვილი.

თავად გიორგი შარვაშიძემ 22 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ მის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი არ არის.

„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.

ტრამპი აპირებს აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვა გაავრცელოს ბელარუსზე, ყირგიზეთზე და რამდენიმე ქვეყანაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია აპირებს, „რამდენიმე“ ქვეყანა მიუმატოს იმ ქვეყნების სიას, რომელთა მოქალაქეებსაც ეკრძალებათ აშშ-ში მგზავრობა. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება „ძალიან მალე“ გამოქვეყნდება.

22 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსში, სადაც ტრამპი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება, მან თქვა: „ხედავთ, რაც ხდება მსოფლიოში, ჩვენი ქვეყანა დაცული უნდა იყოს“.

ტრამპის კომენტარი მოჰყვა გუშინ აშშ-ის მედიაში გაჩენილ ცნობებს, რომ ვაშინგტონი აკრძალული ქვეყნების სიაში აპირებს შეიყვანოს ბელარუსი, ყირგიზეთი, ბირმა, ერითრეა, ნიგერია, სუდანი და ტანზანია.

ტრამპის თავდაპირველი განკარგულება, რომელიც მან სამი წლის წინ გამოსცა, მიმართული იყო შვიდი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც ძირითადად მუსლიმებით არიან დასახლებული. მაგრამ ამ განკარგულებამ სახეცვლილება განიცადა იურიდიული წინაღობების გამო.

სახლი უყიდეს მიუსაფარ ძაღლს, რომელიც ბავშვებს ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლაში ეხმარება

პოპულარულ მიუსაფარ ძაღლს, კუპატას, რომელიც ბავშვების ბათუმში ქუჩაზე უსაფრთხოდ გადასვლაში ეხმარება, აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სახლი უყიდეს.

რადიო თავისუფლების ვიდეოდან გაიგეთ მეტი სოციალურ ქსელში უკვე პოპულარული ძაღლის შესახებ.

„დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვუყიდეთ #კერა წარწერით „ხალხის რჩეული", რაც ნამდვილად დაიმსახურა“, - წერს აჭარის ა/რ ტურიზმის დეპარტამენტი.

ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული წერილი გახარიას. სრული ტექსტი ქართულად

საქართველოს მთავრობამ ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მაღალი რანგის კონგრესმენების წერილი, რომელიც მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მისწერეს.

წერილის შესახებ გუშინ, კონგრესმენ ადამ კინზინგერის განცხადებით გახდა ცნობილი.

წერილში, რომელიც 21 იანვრით არის დათარიღებული, გამოხატულია მკვეთრი კრიტიკა და შეშფოთება საქართველოში დაპირებული საარჩევნო რეფორმების ჩავარდნის, ოპოზიციის დევნისა და ამერიკული ინვესტიციების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების გამო.

გთავაზობთ წერილის არაოფიციალურ თარგმანს სრულად:

ბატონო პრემიერ-მინისტრო გახარია,

გწერთ, როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც დიდი ხანია მხარს უჭერენ საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისკენ და დასავლეთში ინტეგრაციისკენ. თუმცა, როგორც ზოგიერთმა ჩვენგანმა თქვენს წინაშე 2019 წლის 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილში უკვე გამოვხატეთ, ჩვენ შეშფოთებული ვართ გადაწყვეტილებით, უარი თქმულიყო დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამასთან დაკავშირებული ძალადობით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ამავე დროს, ჩვენში განგაშს იწვევს ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის პროექტის პოლიტიზება.

მაშინ, როცა საქართველო, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობით, უახლოვდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ჩვენ კვლავ მოგიწოდებთ დაიცვათ ამ არჩევნების ლეგიტიმურობა და უზრუნველჰყოთ მისი დაცულობა როგორც შიდა, ისე გარე ჩარევისგან. 2019 წლის 17 დეკემბრით დათარიღებულ საპასუხო წერილში თქვენ დაგვპირდით, რომ 2020 წლის არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარდება. თუმცა, ბოლო პერიოდში გავრცელებული ცნობების თანახმად, ფეისბუკს მოუწია „ქართული ოცნების“ მიერ დაფინანსებული ანგარიშების ფართო ქსელის დახურვა. ის ფაქტი, რომ ეს ანგარიშები, როგორც სჩანს, ავრცელებდნენ ანტიდემოკრატიულ, ანტიდასავლურ შეხედულებებს, უბრალოდ მიუღებელია.

ამავე დროს, ჩვენ გვაშფოთებს ცნობები, „ქართული ოცნების“ მიერ დანიშნული პროკურორების მიერ ძველ საქმეების კვლავ აღძვრის შესახებ პარტიის ოპონენტების წინააღმდეგ. ამ საქმეების ნაწილს შესაძლოა ჰქონდეს ღირებულება, სხვები კი აღქმულია, როგორც, წამყვანი ოპოზიციური ლიდერების, ახალი ამბების მწარმოებლების, საერთაშორისო კორპორაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების მიზანში ამოღება. კანონის უზენაესობის დაცვა და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა უმნიშვნელოვანესია ჯანსაღი დემოკრატიისთვის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფისთვის - რისი გარანტიაც თქვენმა პარტიამ გასცა.

1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, ჩვენ თვალს ვადევნებთ ქართველი ხალხის მძლავრ სვლას დემოკრატიისკენ და დასავლეთთან პარტნიორობის გაღრმავებისკენ. მაგრამ, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მოცემული იმედის მიუხედავად, ბოლო პერიოდში გამოკვეთილი დემოკრატიული და ეკონომიკური ტენდენციები უარყოფითად მოქმედებს საქართველოს იმიჯზე აშშ-ში. სამწუხაროდ, ეკონომიკის ინდიკატორები აჩვენებს მკვეთრ კლებას პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საქართველოში, იმ ფონზე, როცა ამერიკულმა და ევროპულმა კომპანიებმა შევიწროება განიცადეს, რის გამოც ბევრმა გადასინჯა საკუთარი ბიზნესწამოწყებები.

ამასთან, აღქმამ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ სამიზნედ აქცევს აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს, ახლა უკვე შეაჩერა არსებული ან გააჩერა შესაძლო ინვესტიციები ამერიკული კომპანიების მხრიდან ამ მნიშვნელოვან პროექტში. ეს ტენდენციები, როგორც სჩანს, ირეკლავს მზარდად არაკეთილმოსურნე ბიზნეს გარემოს და მათ გამო შესაძლოა აშშ-სგან სამომავლო ინვესტიციებიც გაჩერდეს საქართველოში. შემცირებული უცხოური ინვესტიციები ზიანს აყენებს არა მხოლოდ ქართველ ხალხს და მათ იმედებს დასავლურ ინსტიტუტებთან უფრო ღრმა ინტეგრაციის თაობაზე, არამედ ასევე აძლიერებს ვლადიმირ პუტინის გავლენას რეგიონში. საქართველოს შეუძლია იყოს უმნიშვნელოვანესი ჰაბი აშშ-დან ევროპასა და შუა აზიაში, და პირიქით მოძრავი საქონლისთვის, რაც წაადგებოდა საქართველოს ეკონომიკას.

ამ შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერების და კონგრესის დერეფნებში საქართველოს მიმართ არსებულ, ორპარტიულ და ორპალატიან მხარდაჭერაზე უარყოფითი გავლენის არდაშვების იმედებით. ვიმედოვნებთ, რომ თქვენი მთავრობა ითანამშრომლებს აშშ-ის კონგრესთან, ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების და ქართველი ხალხის ეკონომიკური კეთილდღეობის გაფართოების მიზნით, რათა საქართველომ კვლავაც, ბევრი სამომავლო წლის განმავლობაში შესძლოს იყოს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. მოუთმენლად ველით თქვენს პასუხს.

წერილს ხელს აწერენ საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარეები აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი და დემოკრატი კონგრესმენი ჯერალდ კონოლი, ასევე საგარეო კომიტეტის დემოკრატი თავმჯდომარე ელიოტ ენგელი და იმავე კომიტეტის მთავარი რესპუბლიკელი წევრი მაიკლ მაკკოლი.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან გასაუბრება პირდაპირ ეთერში გადაიცემა

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და შერჩევის წესი დაადგინა.

მიღებული გადაწყვეტილებით, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ ყველა პირთან ჩაატარებს ინდივიდუალურ გასაუბრებას. გასაუბრების პროცესი პირდაპირ ეთერში („ლაივ სტრიმით“) გადაიცემა.

საპროკურორო საბჭოს ცნობით, „გასაუბრების დასრულების შემდგომ, საპროკურორო საბჭო, შერჩევის პროცესში ყველა მონაწილეს ფარული წესით უყრის კენჭს და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, შეარჩევს გენერალური პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს“.

საპროკურორო საბჭოს სულ 17 კანდიდატი წარუდგინეს, მათ შორის არის ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

კანდიდატებად წარმოდგენილი პირების მონაცემების შესწავლის შედეგად დოკუმენტაციის არასრულად წარმოდგენის გამო, ორ პირს (გელა ჩივაძეს, ალექსანდრე კობაიძეს) დაუდგინდა ხარვეზი და მიეცა დამატებითი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო გრიგოლ გაგნიძემ ირაკლი შოთაძის სასარგებლოდ მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.

საპროკურორო საბჭო კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას 2020 წლის 27 იანვრიდან დაიწყებს.

ჯაღმაიძემ დაასახელა გამონათქვამები რისთვისაც ანდრია სარიას მღვდელმსახურება აუკრძალეს

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განმარტა მიზეზები, რატომო აუკრძალეს მღვდელმსახურება მღვდელ ანდრია სარიას.

„იმის გამო, რომ მღვდელმა ანდრია სარიამ შენიშვნა არ გაითვალისწინა, მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

შეკითხვაზე, რომელი განცხადება დაედო საფუძვლად პატრიარქის ბრძანებას, ჯაღმაიძე პასუხობს: „ბოლო დროის მის განცხადებებს გადახედეთ და იქ არის ასეთი გამონათქვამები: „საპატრიარქო არის ყველაფერში დამნაშავე“; „პატრიარქის გარემოცვა ბანდაა“; „საპატრიარქო სახელმწიფოსთან ერთად არის ერთ-ერთი სადამსჯელო ორგანიზაცია“ და მსგავსი განცხდებები“.

ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მაშინ, როდესაც პატრიარქი არ იმყოფება თბილისში?

„გადაწყვეტილება მიიღო [პატრიარქმა] და საპატრიარქო ამზადებს ბრძანებას, რომელსაც უთანხმებს პატრიარქს და მისი ფაქსიმილიით მზადდება ეს ბრძანება. არის ხალხის კატეგორია, რომელიც, როცა აწყობს, ამბობს, რომ პატრიარქი იღებს პრეზიდენტზე უპირატეს გადაწყვეტილებას შეწყალება-არშეწყალებაზე, რაც მამალაძის შემთხვევაში მოვისმინეთ, ხოლო, როცა ააწყობთ, ამბობს, რომ პატრიარქმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება სარიასთან დაკავშირებით“, - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

ანდრია სარია პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, რაზეც ჯაღმაიძე პასუხობს: „ჩემი აზრით, სანამ საჯაროდ გააკეთებდა ამხელა განცხადებებს, მანამდე უნდა ეზრუნა ამაზე, რომ პატრიარქს შეხვედროდა, თუმცა არ ვიცი პატრიარქი, რას გადაწყვეტს“. მისი თქმით, პატრიარქის გულმოწყალების ნიმუშია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ანდრია სარიას ბევრი შესაძლებლობა ეძლეოდა იმისთვის, რომ მოენანიებინა.

„ის დანაშაული, რის გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერეს გაცილებით მძიმე გადაწყვეტილების მიღების, განკვეთის საშუალებასაც იძლევა. ამ ფონზე ეს არის კიდევ ერთი შეღავათიანი გადაწყვეტილება“, - თქვა ჯაღმაიძემ.

მღვდელმსახურების შეზღუდვა გულისხმობს იმას, რომ ის ვერ წირავს, ვერ ჩაიბარებს აღსარებას და სხვა საიდუმლო მსახურებას ვერ შეასრულებს.

„ქრისტიანის წოდებას და სტატუსს ვერავირ ვერ წამართმევს. ეს არ არის კანტორა და კონკრეტული გვარების, ან შიოლაშვილების. ეს არის ქრისტეს ეკლესია ამ ქრისტეს ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაშლის“,- განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ, რომელსაც პატრიარქის ბრძანებით მღვდელმსახურება აეკრძალა

გია შარვაშიძე დისერტაციაზე: შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, მაგრამ ეს არ არის პლაგიატი

გია შარვაშიძე, თსუ-ის რექტორი

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გია შარვაშიძე ამბობს, რომ მის სადისერტაციო ნაშრომში პლაგიატი არ არის. საგანგებო პრესკონფერენციაზე რექტორმა განაცხადა, რომ ეს დაადასტურა ანტიპლაგიატის ორ სისტემამ:

„რამდენიმე მცდელობა გვქონდა იმისა,რომ დაგვედგინა თუ რასთან გვაქვს საქმე. „Turnitin”-ის პროგრამაში გავატარებინეთ ეს დისერტაცია. დამთხვევა ამ დოკუმენტში დაფიქსირდა 8% და ახსნილია, თუ რა არის ეს დამთხვევები. რამოდენიმე ექსპერტი რომელიც ჩვენთან ერთად მუშაობს ამას აწერს ხელს.

„Turnitin”-ის გარდა, არსებობს მეორე, კიდევ ერთი სისტემა „Urkund“. გავატარეთ „Urkund“- ში და მივიღეთ პასუხი, რომ აქ არ დაფიქსირდა პლაგიატი და მნიშვნელოვანი დამთხვევაც არ არის. 0% წერია „Urkund”-ში , - აღნიშნა გია შარვაშიძემ.

მისი თქმით, დისერტაციაში პლაგიატის შესახებ საუბრებში მანიპულაცია იყო ისიც, რომ მან ნაშრომში გამოიყენა ბროშურა. „საუბარია საკანონმდებლო აქტზე, რომელიც ბროშურის ფორმითაა გამოცემული, სინამდვილეში კი საჯარო დოკუმენტია.“, - განაცხადა გია შარვაშიძემ. „დიახ, ეს არის ის დოკუმენტი, რომლის თანაავტორიც ვიყავი და ვიყავი ამ ჯგუფის ხელმძღვანელი, თუმცაღა მითვისება არ მომხდარა, ეს არის საჯარო დოკუმენტი“, - აღნიშნა რექტორმა, რომლის თქმითაც, საავტორო უფლებები საკანონმდებლო აქტებზე არ ვრცელდება:

„რა თქმა უნდა დისერტაციაში არის ნახსენები დოკუმენტი, თუმცა აქ საუბარია იმაზე, არის თუ არა სქოლიოში ჩამოტანილი. ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური საკითხი. არის ნახსენები. სქოლიოში არ არისო, მაგაზეა საუბარი. შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა, კი ბატონო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის პლაგიატი“, - აღნიშნა გია შარვაშიძემ.

მან კომენტარი გააკეთა ასევე პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილისადმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ მიწერილი წერილის შინაარსზე. „ფეისბუკში“ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი წერდა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გია შარვაშიძის დისერტაციაში დაადასტურა პლაგიატი 34 % - ის მოცულობით. გია შარვაშიძე ამბობს, რომ არ იცის რას ნიშნავს ეს 34%:

„ის დოკუმენტი, რაზეც აპელირება ხდება, მე არ მინახავს. მე ვნახე მხოლოდ ფეისბუკპოსტები. სოციალური ქსელებით ამ საკითხის გარჩევა არ არის სწორი, არსებობს უფრო აკადემიური გარემო, სადაც ასეთი საკითხები ირჩევა“, - აღნიშნა გია შარვაშიძემ. იგი ამბობს, რომ საჭიროა ეს მონაცემები ჩაშლილი სახით ნახოს.

რექტორი მიიჩნევს, რომ მის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ საუბარი თსუ-ის რეპუტაციის შელახვისკენაა მიმართული. გია შარვაშიძე მოუწოდებს მათ, ვინც თვლის რომ საავტორო უფლებები დაერღვა, სასამართლოს მიმართოს.

„დიდი სიამოვნებით დავიცავ ჩემს პოზიციას სასამართლოში. სამართლებრივი გზა ამ სიტუაციაში არის ყველაზე სწორი გამოსავალი“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე.

ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილმა 21 იანვარს განაცხადა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც წერია, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი ნაშრომის 34 %-ის მოცულობითაა დადასტურებული.

„თავისუფლების მონიტორმა“ გასულ წელს მოიძია დოკუმენტები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელდა. „სადავო 40 გვერდი დისერტაციიდან“ ეთერში 2019 წლის 15 ნოემბერს გავიდა.

„გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას“, - წერია ოფიციალურ დოკუმენტში, რომელიც პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა მიიღო ილიას უნივერსიტეტიდან მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

სადისერტაციო ნაშრომის შესახებ საექსპერტო დასკვნის შინაარსი რადიო თავისუფლებასთან დაადასტურა ილიას სახელობის უნივერსიტეტმაც.

გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია 2003 წელს დაიცვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს ილიას უნივერსიტეტია.

სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი „კანონიერი ქურდების“ წინააღმდეგ

სომხეთის პარლამენტმა საბოლოო წაკითხვით დაამტკიცა კანონი, რომელიც მიმართულია „კანონიერი ქურდებისა“ და მათი ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობის წინააღმდეგ.

22 იანვარს მიღებული კანონით, პირებს, რომლებსაც დაუმტკიცდებათ „დანაშაულებრივი სუბკულტურული ჯგუფის შექმნა ან ლიდერობა“ და პირებს, რომლებიც „კანონიერ ქურდებად“ იწოდებიან, 10 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.

თუკი დანაშაულებრივი ჯგუფი შეიქმნება პატიმრის, „კანონიერი ქურდის“, სამხედრო ოფიცრის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიერ, სასჯელი შეიძლება 12 წლით პატიმრობამდე გაიზარდოს.

მიმომხილველთა თანახმად, სომხეთის მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო ეძებენ გზებს, რათა შეასუსტონ მაფიური ჯგუფების გავლენა ჩვეულებრივ პატიმრებზე და წესრიგი შეიტანოს პენიტენციურ სისტემაში.

მმართველმა ბლოკმა „ჩემმა ნაბიჯმა“ მხარი დაუჭირა კანონს, ოპოზიციური პარტია „განათლებული სომხეთის“ წარმომადგენლებმა თავი შეიკავეს, ოპოზიციური პარტია „აყვავებული სომხეთის“ დეპუტატებმა წინააღმდეგ მისცეს ხმა.

კანონპროექტი იუსტიციის მინისტრმა წარადგინა და სომხეთის მთავრობამ ის აგვისტოში მოიწონა.

როგორც იტყობინებიან, სექტემბერში სომხეთის მთავარ საპატიმროებში მომხდარი ამბოხება მთავრობის გეგმის წინააღმდეგ იყო მიმართული.

ყოფილ საბჭოთა კავშირში ეთნიკურ ქართველებთან ერთად სომხები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ „კანონიერი ქურდების“ იერარქიაში.

რუსეთმა მსგავსი კანონი 2019 წელს მიიღო. საქართველოში ეს კანონი 2004 წელს იქნა მიღებული.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპის ათ საუკეთესო ნაკრებს შორის გაინაღდა ადგილი. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, პლეი ოფში თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ადვილად დაამარცხა, ანგარიშით 12:6.

ამ წარმატებით ქართველმა წყალბურთელებმა ევროპირველობაზე მინიმუმ მეათე ადგილი გაინაღდეს. წინ კი კიდევ ერთი თამაშია და შესაძლოა მეცხრე პოზიციამდეც დაწინაურდნენ.

მეცხრე ადგილისთვის საქართველოს ნაკრები გერმანიას შეხვდება, რომელმაც დღეს რუმინეთს აჯობა. გადამწყვეტი მატჩი 24 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება.

გარდაიცვალა ცნობილი ბრიტანული შოუს, "მონტი პაითონის" ყოფილი წევრი ტერი ჯონსი

ტერი ჯონსი

დიდ ბრიტანეთში 77 წლის ასაკში გარდაიცვალა კომიკოსთა სახელგანთქმული ჯგუფის, „მონტი პაითონის“ წევრი ტერი ჯონსი.

ჯონსი 1941 წლის 1 თებერვალს დაიბადა უელსში. სწავლობდა ოქსფორდის ერთ-ერთ კოლეჯში. 1965 წელს მეგობართან ერთად დაიწყო სატელევიზიო შოუ, შემდეგ კი ტელეგადაცემებისთვის სცენარებს წერდა.

2016 წელს ცნობილი გახდა, რომ ჯონსს სჭირდა დემენციის იშვიათი ფორმა, რომელსაც თან ახლავს მეტყველების დარღვევა. ამის შემდეგ მსახიობმა შეწყვიტა ინტერვიუების მიცემა.

ყველაზე დიდი სახელი ჯონსს მოუპოვა შოუ „მონტი პაითონმა“. ის შეიქმნა 1969 წელს. ჯგუფში ექვსი ადამიანი იყო. შოუს ბიბისის ტელეარხი გადასცემდა. ჯგუფმა შექმნა ოთხი სრულმეტრაჟიანი ფილმი. 1983 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ მისი მონაწილეები საკუთარ პროექტებზე მუშაობდნენ, მაგრამ არაერთხელ შეიკრიბნენ ერთობლივი პროექტებისთვის.

ანდრია სარია მღვდელმსახურების შეჩერებაზე: ქრისტიანის წოდებას ვერავინ წამართმევს

„ქრისტიანის წოდებას და სტატუსს ვერავირ ვერ წამართმევს. ეს არ არის კანტორა და კონკრეტული გვარების, ან შიოლაშვილების. ეს არის ქრისტეს ეკლესია ამ ქრისტეს ეკლესიას ვერავინ და ვერაფერი ვერ დაშლის“,- განაცხადა მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ, რომელსაც პატრიარქის ბრძანებით მღვდელმსახურება აეკრძალა.

ის მღვდელმსახურების შეწყვეტას მუქარის და შანტაჟის აღსრულებად აფასებს.

„შანტაჟის ენა და მუქარების აღსრულება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე წლებია ლაპარაკობენ სიმართლეს. მამათმავლები, ნაკრომანები მფარველობაში ჰყავთ ეკლესიაში და ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ეკლესიაში დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს ნელ-ნელა თითქოს მოცილებულია მათგან“.

ანდრია სარიას განცხადებით, ის პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, იმის გასარკვევად პირადად მან მიიღო გადაწყვეტილება თუ სხვებმა.

„პატრიარქთან ის [მინდა გავიგო], რომ ერთპიროვნულად მან მიიღო ეს არაკანონიკური გადაწყვეტილება თუ მის ნაცვლად სხვებმა მიიღეს. მინიმუმ 6-მა მღვდელმთავარმა უნდა განსაჯოს მღვდელი, თუ რაიმე კანონიკურ დარღვევაშია მხილებული. მაგრამ არც დაბარება მომხდარა და რაღაც კანტორაში რომ გადაწყვეტენ - ეს არის მღვდელი, ეს არ არის მღვდელი და ქურდულ სამყაროში ქუჩური გარჩევებივით [ასე მოხდა]. საეკლესოი სივრცე ფაქტობრივად მოშლილია“,- განაცხადა ანდრია სარიამ.

კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.

20 იანვრით დათარიღებული ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დებულებების, ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოსა და პატრიარქის ბრძანებით გაფრთხილების მიუხედავად, მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) კვლავ აგრძელებს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

პატრიარქმა მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აუკრძალა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებით, მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება აეკრძალა.

20 იანვრით დათარიღებული ბრძანებაში ნათქვამია, რომ საქართველოს საპატრიარქოს დებულებების, ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოსა და პატრიარქის ბრძანებით გაფრთხილების მიუხედავად, მღვდელმონაზონი ანდრია (სარია) კვლავ აგრძელებს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და დაუსაბუთებელ ბრალდებებს.

2 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პეტრე ცაავამ ინჩხურის მონასტერში განწესებაზე უარი მიიღო, ანდრია სარიამ შემდეგი რამ განაცხადა: „საპატრიარქოს განცხადება, რა თქმა უნდა, არის ამორალური. საპატრიარქოს ადმინისტრაციის მხრიდან უკეთესის მოლოდინი არ გვქონდა, იმ საშინელების შემდგომ, რაც მათ გააკეთეს, თუმცა ეს იყო შეთავაზება სიყვარულისმიერი, ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცებდით ამ ყველაფრით, რომ არ ვართ დაპირისპირების, შუღლის და ბოროტების მომხრე, არამედ გვაქვს სურვილი, შიგნითვე, ეტაპობრივად მოწესრიგებულიყო ყველაფერი“.

2019 წლის დეკემბერში ანდრია სარია საპატრიარქოში დაიბარეს და ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლების ოქმი გააცნეს.

9 იანვარს მღვდელ-მონაზონმა ანდრია სარიამ გლდანის ციხეში მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე აზიარა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG