Accessibility links

ახალი ამბები

"სირცხვილიას" აქციაზე 20 სექტემბერს ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ

„ერთად ერთის წინააღმდეგ“- ამ სლოგანით გაიმართება 20 სექტემბერს „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია თბილისში პარლამენტის შენობის წინ. აქცია 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამიდან 3 თვის თავზე გაიმართება და მას, ორგანიზატორთა განმარტებით, მასშტაბური სახე ექნება.აქციაზე „სირცხვილიას“ საქმიანობის ერთწლიან სამოქმედო გეგმას წარმოადგენენ:

„ჩვენ წარვადგენთ ერთწლიან გეგმას, რომელიც მოიცავს შესაძლებლობას, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ კოორდინაცია გაუწიოს პროდასავლურ პოლიტიკურ კლასს. გეგმა მოიცავს, როგორც საინფორმაციო ნაწილს, ანუ ცნობიერების ამაღლების ნაწილს, ასევე ძველ, კარგ აქტივისტულ ნაწილს, რომლის დეტალურ გეგმასაც ხვალ გაგაცნობთ“, - განაცხადა სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა. მისი განმარტებით, ხელისუფლება „ვერ გამოძვრება“ მხოლოდ პროპორციული არჩევნების დათმობის გზით და ბრძოლა გაგრძელდება იმისთვის, რომ 2020 წელს ქართულმა საზოგადოებამ პროდასავლური არჩევანი გააკეთოს და „მოიშოროს პრორუსული ხელისუფლება“.

„ამ ბრძოლას სხვა სამიზნე აღარ ჰყავს. ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ჩვენ ვაჩვენებთ ბიძინა ივანიშვილს წითელ ბარათს, მანამდე ყვითელი ბარათი ვაჩვენეთ. თუმცა იმასაც უზრუნველვყოფთ, რომ არეულობა არ იყოს. იმიტომ, რომ არეულობა ეხლა მარტო ხელისუფლებას აწყობს“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

აქცია პარლამენტის წინ 20 სექტემბერს 19 საათზე დაიწყება.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ აქციები დაიწყო მას შემდეგ, რაც 20 ივნისს, თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის ფარგლებში, რუსეთის დუმის კომუნისტმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, ასამბლეის სხდომა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პარლამენტის თავმჯდომარის კუთვნილი ადგილიდან გახსნა.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი.

აშშ-მა პირველი ფრთოსანი რაკეტა გამოცადა INF-ის ხელშეკრულების დატოვების შემდეგ

აშშ-მა განაცხადა, რომ მან გამოცადა ხმელეთზე ბაზირებული პირველი ფრთოსანი რაკეტა საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების ხელშეკრულების დატოვების შემდეგ. შეთანხმება საბჭოთა კავშირთან დაიდო 30 მეტ წლის წინ.

სამხედრო უწყების თანახმად, ჩვეულებრივი სახმელეთო რაკეტის საცდელი გაშვება განხორციელდა 18 აგვისტოს, კალიფორნიაში, სან ნიკოლას კუნძულიდან. პენტაგონი იტყობინება, რომ რაკეტამ ზუსტად მიაღწია მიზანს, რომელიც 500-ზე მეტ კილომეტრში მდებარეობდა. უწყების თანახმად, ის გამოიყენებს გამოცდის მონაცემებს საშუალო სიშორის რაკეტების განსავითარებლად.

აშშ-მა ოფიციალურად დატოვა 1987 წელს საბჭოთა კავშირთან დადებული ხელშეკრულება საშუალო სიშორის ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ მას მერე, რაც ვაშინგტონმა და მისმა მოკავშირეები რუსეთი დაადანაშაულეს ამ შეთანხმების დარღვევაში. რუსეთი უარყოფს ბრალდებას და აცხადებს, რომ აშშ-მა დაარღვია ხელშეკრულება აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვის სისტემების განთავსებით. ამ ბრალდებას უარყოფს ვაშინგტონი. რუსეთი INF-ის შეთანხმებიდან გავიდა მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 1 თებერვლიდან აშშ ტოვებს შეთანხმებას, უარყოფს ნაკისრ ვალდებულებებს და იწყებს გასვლისთვის მოსამზადებელ ექვსთვიან პერიოდს.

"ევროპული საქართველო" დაუშვებლად მიიჩნევს რუსეთისთვის რამზან ახიადოვის გადაცემას

პარლამენტის წევრი ელენე ხოშტარია

ოპოზიციური საპარლამენტო პარტია „ევროპული საქართველო“ სახელმწიფოს მიმართავს, რუსეთს არ გადასცეს ინტერპოლით ძებნილი რამზან ახიადოვი.

პარლამენტის წევრის, ელენე ხოშტარიას ინფორმაციით, რამზან ახიადოვის ექსტრადიცია 20 სექტემბერს იგეგმება.

ხოშტარიას განცხადებით, ახიადოვის თქმით, მან ბრალდების შესახებ არაფერი იცოდა, რუსეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება და არც სამართლიანი სასამართლოს იმედი აქვს. რამზან ახიადოვს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში ადანაშაულებენ.

ელენე ხოშტარიას თქმით, საქართველოში ახიადოვი საპატრულო პოლიციამ არასწორი პარკირების გამო შეაჩერა და გადამოწმების შემდეგ დააკავეს.

„მიგრაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთში არ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ ამან ხელი შეუშალოს ექსტრადირებას. ქართულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ახიადოვის საჩივარი რუსეთში არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ჩვენ გვახსოვს მსგავს საქმეზე - შამაევი და 12 სხვა პირი საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც სასწრაფო წესით აუკრძალა სახელმწიფოს ამ პირების ექსტრადიცია. ამ შემთხვევაში სტრასბურგმა კონკრეტულად საქართველოსა და რუსეთს შორის მსგავს საქმეებთან დაკავშირებით სტანდარტი დააწესა", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

რამზან ახიადოვს, რომელიც ამჟამად რუსთავის საპატიმროშია, საექსტრადიციო პატიმრობის 9-თვიანი ვადა 20 სექტემბერს ეწურება.

ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსად

ნათია მეზვრიშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას აპარატის უფროსად შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი დაინიშნა. ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე შეცვალა გიორგი ჭოლაძე, რომელმაც პოსტი მამუკა ბახტაძის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ დატოვა.

ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 13 სექტემბერს გადადგა. იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.

ავღანეთში 20 კაცი დაიღუპა თალიბების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად

თავდასხმის ადგილი ზაბულის პროვინციაში

ავღანეთის ზაბულის პროვინციაში ხუთშაბათს სულ მცირე 20 კაცი დაიღუპა დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად, რაზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო.

19 სექტემბრის იერიშის სამიზნე იყო ქალაქ ქალათში განლაგებული დაზვერვის უწყების შტაბი და საქალაქო საავადმყოფო. პროვინციის მმართველის, რაჰმატულა იარმალის თქმით, თავდასხმის შედეგად დაჭირილია დაახლოებით ასი კაცი.

ოფიციალური ცნობებით, საჭირო გახდა ყანდაარიდან სასწრაფო დახმარების მანქანების გამოძახება დაჭრილთა და დაშავებულთა ევაკუაციისათვის.

ვინაიდან მაშველები განაგრძოებენ ინცინდენტის მუშაობას, ადგილობრივი საბჭოს დეპუტატი ატა ჯან ჰაქბაიანი ვარაუდობს, რომ დაღუპულთა რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს.

თალიბანის მიერ წინა დღეებში განხორციელებული ორი თავადასხმის შედეგად ავღანეთში 48 კაცი დაიღუპა. მაგრამ როგორც თალიბების მთავარმა წამომადგენელმა სამშვიდობო მოლპარაკებებში შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ უთხრა "ბიბისის", "კარები ღია" 18 წლიანი ომის დასრულებისათვის დაწყებული საერთაშორისო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

თალიბების წარმომადგენლები უარს ამბობენ პირდაპირ მოლაპარაკებებზე ავღანეთის ხელისუფლებასთან, რომელსაც დასავლეთის "მარიონეტს" უწოდებენ.

სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას ცუდად 40% აფასებს - NDI-ის კვლევა

NDI-ის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 12% აფასებს. მისი საქმიანობა ცუდ შეფასებას იმსახურებს გამოკითხულთა 40%-ში. გამოკითხულთა 36% სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას საშუალო შეფასებას აძლევს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის აპრილთან შედარებით, საქართველოს პრეზიდენტის საქმიანობის შეფასების მაჩვენებელი გაუარესებულია. აპრილში სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 20% აფასებდა, ხოლო უარყოფითად 30%.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

რუსეთის სამხრეთში ტაქტიკური სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქმა დაიწყო ტაქტიკური სამხედრო წვრთნები, რომელიც საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონსაც მოიცავს.

სააგენტო „ინტერფაქსი“ სამხედრო ოლქის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ როსტოვის და ვოლგოგრადის ოლქებში, ყუბანში, სტავროპოლში, ყირიმში, ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, სომხეთში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 10 ათასზე მეტი რუსი არტილერისტი ამუშავებს ტაქტიკურ მოქმედებებს.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში აცხადებენ, რომ სწავლების მეთაურები იყენებენ შეიარაღებულ კონფლიქტებში, მათ შორის სირიაში მიღებულ საბრძოლო გამოცდილებას.

ოფიციალური ინფორმაციით, წვრთნებში ჩართულია სამხრეთის ოლქის და რუსეთის მეოთხე არმიის 50-ზე მეტი თვითმფრინავი და ვერტმფრენი და დაახლოებით 2 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

NDI: გამოკითხულთა 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს "ქართული ოცნებაა"

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ვერ ასახელებს მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მდგომ პარტიას. გამოკითხულთა 19%-ისთვის ასეთი მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, ხოლო 9 %-სთვის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. 4-4 % ერგოთ „ევროპულ საქართველო - თავისუფალ დემოკრატებსა“ და“პატრიოტთა ალიანსს“. 9 %-მა აირჩია კატეგორია „სხვა“.

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველი ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

NDI: ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს 41% მონაწილებას არ მიიღებდა

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 57 %-ს გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, ვის მისცემდა ხმა. 37 %-ს - გადაწყვეტილი აქვს. 5 %-მა პროცენტმა - არ იცის.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, 41 % მონაწილეობას არ მიიღებდა, 59 % კი მიიღებდა.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1,7 %.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

NDI: გამოკითხულთა თანახმად 20 ივნისის ღამით ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) გამოკვლევის თანახმად, გამოკითხულთა 92 %-ს სმენია 20 ივნისის აქციის შესახებ, მათგან 43 % აქციის დაშლისას ძალადობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

9 % - იმჟამინდელ შს მინისტრ გიორგი გახარიას მიიჩნევს პასუხისმგებელ პირად.

55 % მიიჩნევს ძალადობაზე პასუხისმგებლად ხელისუფლებასთან დაკავშირებული ინსტიტუტებს.

92 %-იდან, ვისაც სმენია გავრილოვის ღამის შესახებ, 68 % ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა.

კვლევა ჩატარდა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.

გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ბიუჯეტსა და რთველზე ილაპარაკა

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობა მომავალი წლის სახელმწიფო ბუჯეტის პროექტზე მუშაობს.

„2020 წლის ბიუჯეტი პირველ რიგში, უნდა იყოს ორიენტირებული მოქალაქეზე და რა თქმა უნდა, აუცილებლად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს სოციალური პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტია ინფრასტრუქტურა და ამ მიმართულებით ხარჯები გაიზრდება.

„ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ის, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების პრინციპის შენარჩუნება, ესეც მკაცრად იქნება გაკონტროლებული“, - თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის სხდომაზე განიხილავენ კახეთში რთველის მიმდინარეობას. გახარიას განცხადებით, მთავრობისთვის ცნობილია კახეთში არსებული გამოწვევები, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მოსავალი დროულად უნდა დაბინავდეს.

მთავრობის დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში სულ 11 საკითხია. მათ შორის, თბილისის მერი კახა კალაძე წარადგენს გუდიაშვილის მოედნის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპის გეგმას.

NDI - პოლიტიკური ლიდერებიდან ყველაზე მაღალი შეფასება კახა კალაძის საქმიანობამ დაიმსახურა

Georgia - NDI

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 60% საქართველოს მთავრობის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს. საჯარო ფიგურებიდან უმეტესად დადებითად აფასებენ თბილისის მერის კახა კალაძის საქმიანობას. გამოკითხვის შედეგებით იგი პირველ ადგილზე დგას-მის საქმიანობას გამოკითხულთა 11% „ძალიან კარგად“, ხოლო 34% „კარგად“ აფასებს.

შედეგების მიხედვით რიგითობით მეორე ადგილზე დგას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. მის საქმიანობას „ძალიან კარგად“ აფასებს 1%, ხოლო „კარგად“ 12%.

მესამეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი მონაცემები შესაბამისად არის 1-11%.

მას მოსდევს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. მის საქმიანობას 1% აფასებს "კარგად", 9% კი ძალიან კარგად.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით მასში 2 131 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება არის 1, 7 %.

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილი 19 სექტემბერს გამოქვეყნდება.

საქართველოს პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშს მოისმენს

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია

საქართველოს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე მოისმენს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2018 წლის ანგარიშს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“.

ანგარიში იწყება მსჯელობით სიცოცხლის უფლების შესახებ და პირველ ყოვლისა, განხილულია თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოყენებული ძალის პროპორციულობის გამოძიების მიმდინარეობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ყველა საზედამხედველო ბერკეტი უნდა გამოიყენოს ამ საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

ანგარიშის ამ ნაწილში საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიებაზეც. ნინო ლომჯარიას შეფასებით, გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა, არ ემსახურებოდეს დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენის საჯარო ინტერესს. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მისი რეკომენდაცია სამოხელეო დანაშაულის მუხლით გამოძიების დაწყების შესახებ, არ შესრულდა.

სიცოცხლის უფლების ჭრილში განხილულია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების მასალებში არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები.

სახალხო დამცველი ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად კვლავ ასახელებს არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიან ბრძოლას. ანგარიშის თანახმად, მოკლული პატიმრის, ლევან კორტავას საქმეზე პასუხისგებაში მიცემულ, პენიტენციარული სამსახურის მოხელეებს სასჯელის არაპროპორციულად მსუბუქი ზომა შეეფარდა.

ანგარიშის მიხედვით, პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ მიმართვიანობის შემცირების მიუხედავად, თითქმის ორჯერაა გაზრდილი დაკავებისას მიღებული დაზიანებების მაჩვენებელი. აჭარაში, 2017 წელთან შედარებით, ეს მაჩვენებელი დაახლოებით ცხრაჯერ არის გაზრდილი.

ანგარიშის იმ ნაწილში, რომელიც ეხება თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, საუბარია უკანონო დაკავებების შემთხვევებზე, 12 მაისის სპეციალური ოპერაციის დროს სამხრე კამერების გამოყენების ხარვეზებზე. საუბარია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტის გამოძიებაზე და ამ კუთხით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ დადგენილ მოთხოვნებზე.

სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით მიმოხილულია სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს.

თანასწორობის უფლების დაცვის კუთხით სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციას იწვევს დაუცველი ჯგუფების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და არასწორი აღქმები, თუმცა მათ დასაძლევად სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებები ნაკლებად ტარდება.

სახალხო დამცველის შეფასებით, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს გენდერული თანასწორობა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და შრომითი უფლებების თვალსაზრისით, მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა.

2018 წელს ქალთა მკვლელობის 22 ფაქტი გამოვლინდა, მათგან ოჯახური დანაშაულის ნიშნით 7 შემთხვევა. ქალთა მკვლელობის მცდელობის 18 ფაქტიდან 11 ოჯახური დანაშაულის პირობებში იქნა ჩადენილი. მათგან 10 ფაქტი ქმრის მიერ ცოლის მკვლელობის მცდელობას ეხება.

ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ეს ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ძალადობას.

სახალხო დამცველის შეფასებით, 2018 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზების კუთხით, გამოწვევად რჩებოდა ჯანსაღი მედიაგარემოს არსებობა. შემაშფოთებელია, რომ სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე.

შეკრების თავისუფლების რეალიზაციის კუთხით, მთავარ პრობლემას სამართალდამცავთა მხრიდან შეკრების მიმდინარეობისას დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობის უკანონოდ შეზღუდვის პრაქტიკა და კონტრდემონსტრაციების არაეფექტიანი მართვა წარმოადგენს.

სახალხო დამველის ანგარიშში ასევე, ნათქვამია, რომ შრომის უსაფრთხოების სფეროში არსებულმა არაეფექტიანმა საკანონმდებლო რეგულირებამ 2018 წელს წარმოებაში უბედური შემთხვევების შედეგად 59 ადამიანის დაღუპვა და 199-ის დაშავება გამოიწვია, რაც წინა წლის მონაცემებს მნიშვნელოვნად აღემატება.

დოკუმენტში ყურადღება ეთმობა თვითნებური დასჯის პრაქტიკასა და სამხედრო ნაწილებში გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებას. სახალხო დამცველი საუბრობს ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც და ამ მიმართებით წარმოდგენილია რეკომენდაცია შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გაზრდის შესახებ.

ანგარიშში შეფასებულია საარჩევნო უფლების რეალიზაცია, საპრეზიდენტო არჩევნების მწვავე ნეგატიური კამპანია, წინასაარჩევნო პერიოდის თანმდევი სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტები და სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები.

სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებასა და დევნილთა უფლებრივ მდგომარეობაზე.

ცალკე თავები ეთმობა ბავშვების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების და ხანდაზმულთა უფლებებს.

ეროვნული უმცირესობების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით კვლავ აქტუალურია ეროვნული უმცირესობების განათლების, სახელმწიფო ენის სწავლების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობისა და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი.

სახალხო დამცველის აპარატის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეთნიკურ და რასობრივ ნიადაგზე მიუღებლობა კვლავ მწვავე პრობლემაა. ამ მხრივ, განსაკუთრებულად შემაშფოთებელი იყო ვიტალი საფაროვის მკვლელობა ქსენოფობიურ ნიადაგზე.

რელიგიის თავისუფლების კუთხით წლებია არ გადაჭრილა ისტორიული საკუთრების დაბრუნების, განათლების სფეროში არსებული დარღვევებისა და უთანასწორო გარემოს, რელიგიური შეუწყნარებლობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიანი და დროული რეაგირების პრობლემა.

ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფება დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი

დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთაური დენის პუშილინი

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩავიდა სეპარატისტების მიერ უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მეთაური დენის პუშილინი.

დღეს, 19 სექტემბერს პუშილინი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს შეხვდება. დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი მონაწილეობას მიიღებს ე.წ. რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში „რესპუბლიკის დღეს“ 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ 2014 წელს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკის და ლუგანსკის ოლქებში პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული რაიონები.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ამ ეტაპზე „სამხრეთ ოსეთია საერთაშორისო არენაზე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ერთადერთი ოფიციალური პარტნიორი.“

პუშილინი ცხინვალში რუსეთის ტერიტორიიდან, ვლადიკავკაზიდან ჩავიდა. დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის მეთურის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 18 სექტემბერს დენის პუშილინი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მეთაურს, ვიაჩესლავ ბიტაროვს შეხვდა.

ქაცარავა: ევროპული საქართველოს პროექტი პოტენციურად ქმნის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთიდან

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს „ფეისბუკზე“ ეხმაურება.

ქაცარავას ინფორმაციით, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი, როგორც სავალდებულო კომიტეტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში განიხილავს დადგენილების პროექტს.

სოფიო ქაცარავა პროექტის შესახებ უმრავლესობის პოზიციის შესახებ საუბრობს.

„შინაარსს რაც შეეხება - „ევროპული საქართველოს“ მიერ ინიცირებული დადგენილება პოტენციურად ქმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოს დაეკისროს სანქციები რუსეთის მხრიდან. ეს მარტივად რომ ვთქვათ, გამოიწვევს ათასობით ადამიანისთვის ეკონომიკურ ზარალს. მართალია, ჩვენი ამოცანაა შევამციროთ რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, ასეც ვაკეთებთ, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება დრო და უფრო მაღალი სტანდარტის პროდუქტის შექმნა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ევროკავშირის ბაზარზე არსებულ ძალიან მრავალფეროვან და ძალიან მაღალი სტანდარტის პროდუქციას.

ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ ყველა აზრიანი ადამიანი, არა პოპულისტი, ხედავს რომ ეს ხანგრძლივი პროცესია“, - წერს ქაცარავა.

უმრავლესობის წევრს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ქაცარავას პოზიცია არის მორიგი აღიარებითი ჩვენება ივანიშვილის გუნდის მხრიდან.

„საქართველოს ინტერესების დასაცავად არ მუშაობენ და ვინც სთავაზობს მას ეფექტურ მუშაობას, იმათ აცხადებენ პროვოკატორებად. ასეთი უტიფრობა არ გამიგია. ისინი აქამდე გვატყუებდნენ, როცა იძახდნენ, რომ მუშაობენ საერთაშორისო ზეწოლაზე რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ იმისთვის, რომ ომი ავირიდოთ თავიდან, იმისთვის რომ შევამციროთ ჩვენი მოქალაქეები მკვლელობის შანსები, როგორც ოთხოზორიას მკვლელობა იყო, საოკუპაციო ხაზის გადმოწევის. აქამდე გვეუბნებოდნენ, რომ ვმუშაობთ და ეფექტურებიც ვართო და ახლა როცა დადგა საკითხი ძალიან კონკრეტულად - რომ ამ მუშაობის შედეგი არის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ამაზე ეფექტური შემაკავებელი ფაქტორი ომის თავიდან აცილების არ არსებობს“, - უთხრა „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ.

16 სექტემბერს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე“.

ზვიად ძიძიგური: „კონსერვატიული პარტია“ ცალკე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ წევრი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „კონსერვატიული პარტია“ ცალკე მიიღებს მონაწილეობას.

„მე წარმოვადგენ „კონსერვატიულ პარტიას“, რომელიც არის „ქართული ოცნების“ კონსერვატიული ფრთა, თუ შეიძლება, ასე ვთქვათ“, - თქვა ძიძიგურმა „ტვ პირველის“ ეთერში. შესაბამისად, ძიძიგური, ლოგიკურად მიიჩნევს „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობას.

ზვიად ძიძიგურის თქმით, „ქართულ ოცნებას“ რუსული ორბიტის ორგანიზაციებთან არ ექნება კოალიცია. დეპუტატი ასეთ პარტიად, სავარაუდოდ, მიიჩნევს „პატრიოტთა ალიანსს“. როგორც ძიძიგური ამბობს, მიუღებელია აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციის ჩატარება.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით და ბუნებრივი საარჩევნო ბარიერით ჩატარდება.

კიევში დააპატიმრეს მამაკაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა და ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა

უკრაინის პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა ოთხშაბათს დააპატიმრა 42 წლის მამაკაცი, რომელმაც მანქანიდან ცეცხლი გახსნა და ხიდის აფეთქებით იმუქრებოდა. ამის გამო ხიდზე გარკვეული ხნით შეწყდა ტრანსპორტის მოძრაობა.

პოლიციის თანახმად, ოლექსი ბელკო, რომელიც უკრაინის კუთვნილ ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე ფოროსიდანაა, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა.

დაპატიმრებისას ბელკოს უპოვეს შაშხანა, მაგრამ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოუჩენიათ. ოპერაციაში 300-მდე პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა.

პოლიციამ ინციდენტს ტერაქტისთვის მზადების კვალიფიკაცია მისცა.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო განმარტავს ფოთის პორტში ამერიკული გემის ვერშესვლის მიზეზებს

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო რადიო თავისუფლებას ოფიციალურ პოზიციას აცნობს აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდის “USNS Yuma T-EPF-8” ფოთის პორტში ვერშესვლის მიზეზების შესახებ.

როგორც სააგენტოში გვითხრეს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააგენტომ ყველა წყაროდან შეაგროვა ინფორმაცია.

„ფოთის ნავსადგურის მე-14 ნავმისადგომზე 16 სექტემბერს დილის საათებში დაგეგმილი იყო ამერიკული სამხედრო გემის “UMA” დაყენება, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ფოთის პორტში მყოფი საკონტეინერო გემის სატვირთო ოპერაციების დამთავრება და გასვლა შეყოვნდა და შესაბამისად, შეფერხდა ამერიკული გემის შემოსვლაც", - აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, ფოთის ნავსადგურისგან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, პორტს გარეთ მიმდინარე სატვირთო ოპერაციებში მომხდარი ტექნიკური შეფერხების გამო, რაც, მათი შეფასებით, ნორმალური პროცესია, საკონტეინერო გემის დატვირთვა ვერ დასრულდა დაგეგმილ დროში.

ამასთან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიუთითებს, რომ ამერიკულ გემს, რომლელიც შემოსვლის მიზანიც იყო კომერციული ხასიათის, დროულად ეცნობა შექმნილი გარემოების დეტალები და გააფრთხილეს, რომ ნავსადგურში შესვლის დრო გადაიწევდა.

„აღსანიშნია, რომ ყველა შესაბამისი ნებართვა სახელმწიფო უწყებებისაგან გაცემული იყო. აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებასთან იყო შეთანხმებული ეს ვიზიტი. უბრალოდ მოხდა ტექნიკური შეფერხება“, - აცხადებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. მისი ინფორმაციით, პორტში გემის შესვლას კომერციული ხასიათი ჰქონდა და ამიტომ არ იყო გათვალისწინებული ოფიციალური დახვედრა, შესაბამისად, არავინ იყო მასპინძელი.

ამ საკითხს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი 18 სექტემბერს გამოეხმაურა.

„გემის არშეშვება არ ყოფილა. ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა“ - ნათქვამია ელიზაბეთ რუდის განცხადებაში, რომელიც მედიას საქართველოში აშშ-ის საელჩომ მოაწოდა.

მედიაში მანამდე გავრცელებული ცნობებით, ფოთის პორტში შესვლის საშუალება არ მიეცა აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდს “USNS Yuma T-EPF-8”. სხვადასხვა მედიასაშუალების თანახმად, ხომალდი შავ ზღვაში მიმდინარე თვეში შემოვიდა და ის ფოთის პორტს უნდა მიეღო, თუმცა ხომალდი უკან გაბრუნდა.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავ ზღვაში შესვლის თაობაზე ცნობა თავდაპირველად გაავრცელა Bosphorus Observer-მა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის მართვის ცენტრის ცნობას, რომ ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა 14 სექტემბერს, საღამოს, და მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აედევნენ.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, USNS Yuma განეკუთვნება Spearhead-ის ტიპის მრავალფუნქციურ ხომალდს, წელს ის მესამედ შევიდა შავი ზღვის აკვატორიაში, შესვლის მიზნები უცნობია.

ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად რობერტ ო'ბრაიენის კანდიდატურა წამოაყენა

რობერტ ო'ბრაიენი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის თანამდებობაზე რობერტ ო'ბრაიენის კანდიდატურა წამოაყენა.

ამჟამად ო'ბრაიენი სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობს. ის არის მძევლების საკითხში პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი.

ო'ბრაიენის წინამორბედი ჯონ ბოლტონი სექტემბრის დამდეგს გაუშვეს თანამდებობიდან. მაშინ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას მრავალ საკითხში არ ეთანხმებოდა. კერძოდ, ტრამპმა გააკრიტიკა ბოლტონის წინადადებები ჩრდილოეთ კორეასა და ვენესუელასთან დაკავშირებით.

ბოლტონი გასული წლის მარტიდან მუშაობდა უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე.

საუდის არაბეთი ამტკიცებს, რომ მის ნავთობის ობიექტებზე იერიში ირანმა განახორციელა

საუდის არაბეთმა წარმოადგინა, მისი თქმით, დრონებისა და ფრთოსანი რაკეტების ნარჩენები, რომლებიც ამტკიცებს მის ნავთობის ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან ირანის კავშირს. თავდასხმა შაბათს განხორციელდა.

ამ ინფორმაციის თანახმად, გამოყენებულ იქნა 18 დრონი და შვიდი ფრთოსანი რაკეტა.

საუდის არაბეთმა ასევე განაცხადა, რომ თავდასხმა არ განხორციელებულა იემენის მიმართულებიდან.

თავდაპირველად იემენში მოქმედი ჰუთიტი მეამბოხეების დაჯგუფებამ აიღო თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე.

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, თურქი ალ-მალქის თქმით, მოპოვებული ვიდეომასალა ნათელყოფს, რომ ყველა რაკეტა ჩრდილოეთის მიმართულებიდან გაისროლეს, თუმცა მათი სტარტის ზუსტი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით ვერ ქვეყნდება.

„Euronews საქართველო“ ეთერში გასვლას საპარლამენტო არჩევნების წინ გეგმავს

Euronews-ის აღმასრულებელი დირექტორის, მაიკლ პიტერსის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა კარგი მომენტი იყოს მაუწყებლობის დასაწყებად.

„ჩვენ ვეცდებით მზად ვიყოთ ამ არჩევნებისათვის, რათა ქართულ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადასხვა პერსპექტივით“, - განაცხადა მან დღეს, როდესაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას „Euronews საქართველოს“ დაფუძნების შესახებ.

Euronews-სა და „სილქნეტს“ შორის ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.

თავდაპირველად, არხზე გასული ინფორმაციის 70 % ნათარგმნი იქნება, შემდგომში კი გაიზრდება ადგილობრივი მასალის წილი. ქართული მაუწყებლობისთვის არხი გუნდის, 50-მდე თანამშრომლის, შერჩევას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

Euronews-მა და „სილქნეტმა“ თანამშრომლობის შესახებ პირველი განცხადება 2019 წლის ივლისში გააკეთეს.

Euronews-ი ევროპის ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ახალი ამბების არხია, რომელიც 26 წელია არსებობს და დღეისათვის 12 ენაზე მაუწყებლობს. მაუწყებლობა ხელმისაწვდომია 158 ქვეყნისათვის. საქართველომდე ადგილობრივი Euronews-ის დაფუძნების ხელშეკრულებები გაფორმდა ალბანეთსა და სერბეთში.

EMC აქვეყნებს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულთა შესახებ სტატისტიკას

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტის ბრიფინგს, რომლითაც მან პრეზიდენტისთვის მინიჭებული შეწყალების ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

EMC პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, აღნიშნავს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალების თაობაზე განცხადებით სულ 4468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა 91 მსჯავრდებული შეიწყალა. ყველა შემთხვევაში, შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არის მიღებული.

სტატისტიკის თანახმად, პრეზიდენტმა ქურდობაში, ძარცვაში, ყაჩაღობაში, თაღლითობასა და მითვისებაში მსჯავრდებული 60 ადამიანი შეიწყალა (ყველა მათგანი ეკონომიკური დანაშაულის კარში ერთიანდება); საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული 4 ადამიანია შეწყალებული; მკვლელობისთვის მსჯავრდებული - 3; ნარკოტიკული დანაშაულისთვის - 8; ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული - 4; ქრთამის აღება-მიცემისთვის მსჯავრდებული -3; სხვა - 9.

EMC სრულად იზიარებს საზოგადოების კრიტიკას, პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის დათხოვნისა და განსაზღვრული პროცედურის არარსებობის პირობებში კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით.

ამავდროულად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უმნიშვნელოვანესია შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებით და შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა.

EMC მიიჩნევს, რომ საზოგადოებაში გაჩენილი კრიტიკის პასუხად, შეწყალების უფლებამოსილებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით, ზიანი ადგება პენიტენციარულ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის, ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა.

18 სექტემბერს პრეზიდენტმა შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

16 სექტემბერს კი ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ შეწყალებულთა შორის არის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

„მთავარმა არხმა“ 17 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა მკვლელობაში მსჯავრდებული ზურაბ ნადირაძე.

2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო - ლევან კობერიძის ინიციატივა

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, რომელიც კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაში მონაწილეობს, ინიციატივით გამოდის, რომ 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო იყოს. ამის შესახებ მან ფეისბუკის გვერდზე დაწერა.

„ქვეყანა ფორსირებულად გადადის პროპორციული არჩევნების სისტემაზე, რომელიც საზოგადოების მოთხოვნა იყო. ამიტომ გთავაზობთ, თუნდაც ერთჯერადად 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო - ეს საშუალებას მოგვცემს, ყველამ გადავინაწილოთ პასუხისმგებლობა, არ დავუშვათ მსხვილი პარტიების მანიპულაციები და ახალი, ჯანსაღი პოლიტიკური ძალები მოვიდნენ ქვეყანაში“, - წერს ლევან კობერიძე.

ინიციატივის საფუძვლად ლევან კობერიძე ამომრჩეველში არსებულ ნიჰილიზმს ასახელებს.

ამასთან, ის მოითხოვს, დაზუსტდეს ამომრჩეველთა რაოდენობაც.

„ქვეყანაში 3.7 მლნ მოქალაქიდან დაახლოებით 3.6 მლნ ამომრჩეველია და ეს ციფრები არათავსებადია და აჩენს ლეგიტიმურ კითხვებს არჩევნების სანდოობასთან დაკავშირებით. ბიუჯეტიდან მრავალათასიანი დაფინანსების მქონე ცესკომ კეთილი ინებოს და დაიწყოს სასწრაფოდ ამ საკითხზე მუშაობა“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობის საკითხს გასულ წელს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილიც აყენებდა და დეპუტატებს საკანონმდებლო ცვლილებებისკენ მოუწოდებდა. მისი ინიციატივით, არჩვენებში უარის შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაჯარიმებულიყო.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება. პროექტით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

13 სექტემბერს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თელავიდან დაიწყო. 13-დან 30 სექტემბრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია სულ 11 საჯარო შეხვედრას გამართავს. კომისიას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ხელმძღვანელობს.

ივანიშვილი: 2020 წლის სექტემბერში ქუთაისის უნივერსიტეტში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„განათლება ისევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როგორც ჰაერი და წყალი. მხოლოდ განათლებაა ის იარაღი, რითაც ჩვენი ახალგაზრდობა შეძლებს დიდების დღეები აღუდგინოს ჩვენს სამშობლოს. ჩვენნაირი ქვეყნისთვის სწორედ განათლება წარმოადგენს იმ მთავარ რესურსს, რომელსაც განვითარების სტრატეგია უნდა დაეფუძნოს“, - წერს ივანიშვილი.

როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება და გაისად, 2020 წლის სექტემბერში, ამ შენობაში პირველი სტუდენტები შემოაბიჯებენ.

ივანიშვილის განცხადების თანახმად, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ფონდი „ქართუ“ უკვე რამდენიმე წელი მუშაობს საქართველოში ადრონული ამაჩქარებლის პროექტზე და ამ მიზნით თბილისსა და ქუთაისში იქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

„ეს გახლავთ ურთულესი მაღალტექნოლოგიური პროექტი, რომლის წარმატებით განხორციელებას ესაჭიროება სათანადო სამეცნიერო-კვლევითი ბაზა, რაც გულისხმობს როგორც ინფრასტრუქტურას, ისე შესაბამისი კადრების მომზადებას.

ფონდი ეტაპობრივად ახორციელებს დასახულ მიზანს. პირველ ეტაპზე ქუთაისში აიგება ადრონული თერაპიის ცენტრი ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლით, რომელსაც ექნება როგორც სამეცნიერო-კვლევითი, ისე სამედიცინო დანიშნულება. ამ მიზნით უკვე გაფორმდა ხელშეკრულება ამაჩქარებლების მწარმოებელ საერთაშორისო კონცერნ „აიბიეისთან“ (IBA), რომელიც მსოფლიო ლიდერია ამ დარგში“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის მიხედვით, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი მუხნარის ტყე-პარკის მიმდებარედ, მდინარე რიონის არხის დასავლეთ და აღმოსავლეთ მდელოებზე, ხელოვნური ტბის გარშემო შენდება.

ფოთის პორტი: ამერიკული გემის შემოსვლას ხელი რიგითმა შეფერხებამ შეუშალა

ფოთის პორტის ადმინისტრაციის თქმით, ამერიკული სამხედრო ხომალდის ფოთის პორტში შესვლას ხელი რიგითმა საოპერაციო შეფერხებამ შეუშალა. ადმინისტრაცია ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს, თუმცა რადიო თავისუფლებას განუმარტავს, რომ რეალური მიზეზი 17 სექტემბერს ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა განმარტა.

„ამერიკული გემი ფოთის ნავსადგურში მარაგის შესავსებად შემოდიოდა, თუმცა ნავსადგური დაკავებული იყო კომერციული გემის მიერ. იმის გამო, რომ კომერციულ მიზნებს ხელი არ შეშლოდა, ამერიკულმა ხომალდმა ფოთის პორტი დატოვა და თავისი გრაფიკით გააგრძელა გზა“, – ნათქვამია ელიზაბეტ რუდის განცხადებაში.

ფოთის პორტში განმარტავენ, რომ ამერიკულ გემს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ როდის შეეძლო ნავსადგურს მისი მიღება, თუმცა ეკიპაჟმა გააუქმა პორტში გაჩერების გადაწყვეტილება.

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ შავ ზღვაში უკვე მესამედ იმყოფებოდა ამერიკული სამხედრო გემი, რუსულ საინფორმაციო არხებში 14-15 სექტემბრიდან იძებნება.

17 სექტემბერს გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების საექსპედიციო სატრანსპორტო ხომალდს “USNS Yuma T-EPF-8” ფოთის პორტში შესვლის ნებართვა არ მიეცა.

ბიბისის რუსული სამსახურის თანახმად, სწრაფმავალი სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდის შავ ზღვაში შესვლის თაობაზე ცნობა თავდაპირველად გაავრცელა Bosphorus Observer-მა, რომელიც ბოსფორის სრუტეში გემების გადაადგილებას ადევნებს თვალს. რუსეთის მედია ავრცელებს რუსეთის თავდაცვის მართვის ცენტრის ცნობას, რომ ხომალდი შავი ზღვის აკვატორიაში შევიდა 14 სექტემბერს, საღამოს, და მას რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემები აედევნენ.


ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG