Accessibility links

ახალი ამბები

დავით უსუფაშვილს "TV პირველის" გადარჩენის სამოქალაქო ფონდის შექმნის ინიციატივა აქვს

„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა თავისუფალი მედიის მოთვინიერების კიდევ ერთი მცდელობა უწოდა ბიზნესმენ ავთო წერეთლისთვის ბრალის წაყენებას.

უსუფაშვილის შეფასებით, ეს პირდაპირ უკავშირდება „TV პირველის“ ფუნქციონირებას და არსებობას იმ ბიზნეს-წრეებისა, რომლებიც ხელისუფლებას მორჩილებას არ უცხადებენ.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის თქმით, შექმნილ ვითარებაში არაადეკვატური და უშედეგოა მორიგი შეფასებები, ანალიზი და მოთქმა-გოდება იმის თაობაზე, თუ რას და რატომ სჩადის ხელისუფლება.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ შედეგიანი იქნება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა თავისუფალი მედიის დასაცავად და ხელისუფლებას დაუმორჩილებელი ბიზნეს-წრეების გასააქტიურებლად.

დავით უსუფაშვილის ინიციატივაა, რომ შეიქმნას ტელეკომპანია „პირველის“ გადარჩენის სამოქალაქო ფონდი, რომელიც განაცხადებს, რომ თუ ტელეკომპანიას შეექმნება ფუნქციონირების პრობლემა მის მფლობელებსა და დამფინანსებლებზე ხელისუფლების ზეწოლის გამო, მოქალაქეები აიღებენ ვალდებულებას და პასუხისმგებლობას, საქართველოს შეუნარჩუნონ განსხვავებული, თავისუფალი სიტყვის საშუალება.

„შენების მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, საზოგადოებრივი ფონდი უნდა შეიქმნას ყოველგვარი პარტიული და საარჩევნო-პერსონალური კონტექსტების გარეშე და იმის მიუხედავად, ვის რომელი ტელეკომპანია მოსწონს, ან არ მოსწონს.

დავით უსუფაშვილის თქმით, ფონდის არსებობაში ხარისხობრივი წვლილი უნდა შეიტანონ ბიზნესმენებმაც.

"შენების მოძრაობის" ლიდერის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ხელისუფებას, რომ მის ზეწოლას პასუხს თავად გასცემს.

ადვოკატი: უკრაინაში დაკავებულ რუსეთის სამ მოქალაქეს გაცვლისთვის ამზადებენ

რუსეთის სამ მოქალაქეს, რომლებიც უკრაინაში არიან დაკავებული, პატიმართა გაცვლის ოპერაციისთვის ამზადებენ - იუწყება დაკავებულთა ადვოკატი, გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ რუსეთი გეგმავს კიევს გადასცეს ათობით დაპატიმრებული უკრაინელი.

ვალენტინ რიბინმა სააგენტო "ტასს" 22 აგვისტოს უთხრა, რომ მისი კლიენტები, მაქსიმ ოდინცოვი, ალექსანდრ ბარანოვი და ევგენი მეფიოდოვი, ამჟამად იურიდიულ პროცედურებს გადიან, "უახლოეს მომავალში" დანიშნული გაცვლის ოპერაციისთვის.

ოდინცოვი და ბარანოვი უწინ ყირიმში, უკრაინის არმიაში მსახურობდნენ და მას მერე, რაც მოსკოვმა 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, მხარე იცვალეს. თებერვალში ისინი დამნაშავედ სცნეს სამშობლოს ღალატში და დეზერტირობაში და 14 და 13 წლით მიუსაჯეს პატიმრობა, შესაბამისად. მეფიოდოვი სეპარატიზმში სცნეს დამნაშავედ.

"რუსთავი 2" დატოვა გადაცემა "P.S." გუნდმა

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პოსტ სკრიპტუმის” გუნდმა ტელეკომპანია დატოვა. მათ განცხადება გადაცემის ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნეს. გადაცემაზე მომუშავე ჯგუფის თანახმად საავტორო პროგრამის წამყვანის მოხსნის შემდეგ მათ სხვა არჩევანი არ დარჩათ.

„რამდენიმე დღის წინ სრულიად გაუფრხილებლად მოგვიხსნეს საავტორო გადაცემის წამყვანი და ასევე საინფორმაციო სამსახურის უფროსი, რის შესახებაც მხოლოდ პირდაპირი ეთერით გავიგეთ. ეს გადაწყვეტილება აღარ გვიტოვებს არჩევანს - მრავალჯერადი დაპირების მიუხედავად, წაგვერთვა შესაძლებლობა ვაკეთოთ ისეთი გადაცემა, როგორსაც ვაკეთებდით და ვთქვათ ის, რასაც ვთვლით საჭიროდ“- ნათქვამია „პოსტ სკრიპტუმის“ ჯგუფის განცხადებაში.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

ოპოზიციას გორის ვიცე-მერის გადადგომის ოფიციალური მიზეზის არ სჯერა

ეკატერინე სუხიშვილი

თანამდებობიდან გადადგა გორის მერის მოადგილე ეკა სუხიშვილი. ვიცე-მერად 21-თვიანი მუშაობის შემდეგ, სუხიშვილმა სამსახურიდან წასვლის განცხადება თავად დაწერა და მიზეზად ის დაასახელა, რომ სამუშაოდ თბილისში, განათლების სამინისტროში გადადის.

ეკა სუხიშვილის გადადგომის სხვა მიზეზს ასახელებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგნლები. საკრებულოს წევრის, ვასილისა ჯაბახიძის მტკიცებით, სუხიშვილს გადადგომა აიძულეს გორში წარუმატებლად ჩატარებული მოდის კვირეულის გამო, რომელსაც მუნიციპალური სამსახურის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

„ეკა სუხიშვილი ერთი თვით ადრე უწევდა რეკომენდაციას გორში ფეშენ უიკის ჩატარებას გუბერნატორის დავალებით. იმის გამო რომ ეს ღონისძიება ჩავარდა, ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო იყო და თან, მას ემსხვერპლა კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი, პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა, მერიას ეკისრებოდა. ამ ფაქტს შესწირეს ეკა სუხიშვილი და ვითომ სხვა უწყებაში გადაყვანით გააჩუმეს, რომ წასვლის შემდეგ დარღვევებზე არ ელაპარაკა“ - განაცხადა ჯაბახიძემ.

ეკა სუხიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ურჩია, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.

„მათი ეს განცხადება სასაცილოა. მე მივმართავ ოპოზიციას, ჩემო ძვირფასებო, ადამიანობა ყველაზე მთავარია, მნიშვნელობა არ აქვს, რომელ პარტიაში ხართ და რომელ სკამზე ისხდებით. როგორც პროფესიით ექიმი, ერთ რჩევას გეტყვით - ჯანმრთელობისთვის ბოღმა, ბოროტება და შური საზიანოა. გაუფრთხილდით გულს, გაიღიმეთ, იყავით უფრო ლმობიერები და გაეცით სიყვარული, თუ გინდათ, რომ დიდხანს იცოცხლოთ“ - განაცხადა ეკა სუხიშვილმა 22 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

24 ივლისს, გორის კლინიკაში გარდაიცვალა მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, 57 წლის ნუგზარ ლამაზოღლი, რომელიც ორი დღით ადრე მძიმედ დაშავდა სატვირთო ავტომანქანიდან მოდის კვირეულისთვის განკუთვნილ ბანერთან ერთად გადმოვარდნის შედეგად.

ირანმა წარადგინა ადგილობრივი წარმოების სარაკეტო თავდაცვის სისტემა

ირანმა წარადგინა ახალი, ადგილობრივი წარმოების სარაკეტო თავდაცვითი სისტემა, იმ ფონზე, როცა თეირანი ინარჩუნებს დაუმორჩილებელ პოზიციას აშშ-სთან მიმართებით, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის ზრდის პირობებში.

22 აგვისტოს, ჰაერი-ხმელეთი მობილური სარაკეტო სისტემის წარდგენისას, პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ თქვა, იმის გამო, რომ ირანის "მტრები ლოგიკას არ ცნობენ, ჩვენც ვერ ვუპასუხებთ ლოგიკითო".

"როცა მტერი ჩვენს წინააღმდეგ რაკეტას გაუშვებს, ჩვენ საპასუხოდ სიტყვით ვერ გამოვალთ და ვერ ვიტყვით, 'ბატონო რაკეტავ, გთხოვთ, არ დაეცეთ ჩვენს ქვეყანას და ჩვენს უდანაშაულო ადამიანებს. რაკეტის გამშვებო ბატონო, თუ შეიძლება დააჭირეთ ღილაკს და რაკეტა ჰაერშივე გაანადგურეთ" - თქვა როჰანიმ თეირანში წარმოთქმულ სიტყვაში.

როჰანის ეს გამოსვლა და სარაკეტო სისტემა ჯერჯერობით ბოლო განვითარებაა თეირანსა და ვაშინგტონს შორის სიტყვიერ ომში, რომელიც, ბევრი შიშობს, შეიძლება შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდოს. აშშ გავიდა 2015 წელს გაფორმებული საერთაშორისო ბირთვული ხელშეკრულებიდან, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას შეზღუდვებს უწესებდა, ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. აშშ-მა ირანს აღუდგინა სანქციები, რომლებიც მიმართულია ქვეყნის სანავთობო და ფინანსურ სექტორებზე.

კოსოვოს პარლამენტმა თვითდაშლა გამოაცხადა

კენჭისყრა კოსოვოს პარლამენტში

კოსოვოს პარლამენტმა კენჭი უყარა საკანონმდებლო ორგანოს დაშლას, რაც გზას უხსნის პრეზიდენტ ჰაშიმ ტაჩის გამოაცხადოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. 22 აგვისტოს კოსოვოს 120-კაციანი პარლამენტიდან ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 89 დეპუტატმა. ამასთან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს ან სექტემბრის ბოლოს, ან ოქტომბრის დასაწყისში.

კოსოვოს პარლამენტის დათხოვნა დღის წესრიგში დადგა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, რამუშ ჰარადინაის გადაგომის შემდეგ. 19 ივლისს ჰარადინაიმ თანამდებობა დატოვა, რისი მიზეზიც გახდა მისი გამოძახება ჰააგის სასამართლოში კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის მიერ 20 წლის წინ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ფაქტზე.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჰარადინაი პოსტს ტოვებს, ჰააგიდან წამოსული ბრალდებების გამო.

პირველად ეს მოხდა 2005 წელს, ყოფილი იუგოსლავიის საქმეთ გაეროს სისხლის სამართლის ტრიბუნალის მიერ, მისი, როგორც კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის (KLA) ერთ-ერთი წამყვანი მეთაურის მიმართ არსებული კითხვების გამო.

ჰარადინაის, რომელიც პოლიტიკური პარტია კოსოვოს მომავლის ალიანსის ლიდერია, 2008 წელს ყველა ბრალდება მოეხსნა.

იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრია 2017 წლის სექტემბრიდან.

6000-მდე პენსიონერი პედაგოგი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ ფულად ჯილდოს მიიღებს

პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული 6000-მდე პრაქტიკოსი პენსიონერი პედაგოგი ფულად ჯილდოს მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, ფულად ჯილდოსთან დაკავშირებით საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა.

მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემამ თემასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე 6 000-მდე მასწავლებელი დარეგისტრირდა, რაც საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი პედაგოგების ნახევარს შეადგენს.

მისი თქმით, მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიმდინარე წლის ოქტომბრის დასაწყისშივე მიიღებენ. ამასთან, მათ მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ პედაგოგის ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი - ამ მიმართულებით ხორციელდება ცვლილებები შესაბამის ნორმატიულ აქტებში.

ამასთან, საპენსიო ასაკის პრაქტიკოს პედაგოგებს ჯილდოს მისაღებად ნების გამოხატვა 2019 წლის ბოლომდე შეუძლიათ. შესაბამისად, ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი წლის ბოლოს განხორციელდება.

ირინა აბულაძის განცხადებით, ამ ფორმით, სახელმწიფო საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლების მიმართ, მადლიერებას გამოხატავს მათი მრავალწლიანი ფასდაუდებელი პედაგოგიური საქმიანობის გამო.

მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სისტემის კომპლექსურ რეფორმას ახორციელებს. რისთვისაც განათლების სისტემის ყველა საფეხურზე ფუნდამენტური ცვლილებები მიმდინარეობს.

„შეგახსენებთ, რომ 2019 წელს განხორციელებული შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების საფუძველზე, 2022 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სფეროზე დაიხარჯება, თუმცა ახლაც მიმდინარეობს განათლების დაფინანსების სისტემური, ეტაპობრივი ზრდა, რაც ცხადია, მოიაზრებს უფროსი, წამყვანი, მენტორი მასწავლებლების ანაზღაურების ზრდასაც. როგორც რამდენიმე თვის წინ დავაანონსეთ, სკოლებში ხარისხის ასამაღლებლად ვახორციელებთ განათლების რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ეტაპს, რაც მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების ხელშეწყობის პარალელურად, პედაგოგების მოტივაციას გულისხმობს“- აღნიშნა ირინა აბულაძემ .

მან განმარტა, რომ ამ პროცესში მოიაზრება სამწლიან პერსპექტივაში პედაგოგების სახელფასო ზრდა, ამისათვის მკაფიო და გამჭვირვალე სისტემის შექმნა, არსებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული სქემის გამარტივება და საგაკვეთილო პროცესთან დაახლოვება.

გრძელდება მოლაპარაკება ბულგარეთში საქართველოს მოქალაქეთა ლეგალურად დასაქმების მიზნით

საქართველოს და ბულგარეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის შრომითი მიგრაციის რეგულირების სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების ტექსტზე. მოლაპარაკების ოფიციალური რაუნდი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა.

საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა მინისტრის მოადგილე თეა ახვლედიანი, ხოლო ბულგარეთის დელეგაციას შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის მოადგილე ლაზარ ლაზაროვი.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია ხელშეკრულების ხელმოწერა და ძალაში შესვლა. შემდეგ ეტაპზე მუშაობა გაგრძელდება ბულგარეთსა და საქართველოს შორის დროებითი ლეგალური დასაქმების კონკრეტული სქემის ასამოქმედებლად საჭირო დოკუმენტის მომზადებაზე. ამ საკითხზე მხარეები უნდა შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 6 თვეში.

სამინისტროს განმარტებით, ეს პროცესი საქართველოს კვალიფიციურ მოქალაქეებს მისცემს ბულგარეთში შესაბამისი მოთხოვნადი პროფესიების მიხედვით დროებით, ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობას.

ავთანდილ წერეთლის ბრალდების დადგენილებას მისი ადვოკატი ჩაიბარებს

"ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი პროკურატურის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალს დაუსაბუთებელს უწოდებს და აცხადებს, რომ არანაირ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია", - ამის შესახებ იტყობინება სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბიზნესმენის ადვოკატზე დაყრდნობით.

ადვოკატის ინფორმაციით, ავთანდილ წერეთელი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, დაბრუნების შემდეგ, საგამოძიებო უწყებაში მისვლას გეგმავს.

ბიზნესმენის ადვოკატი 22 აგვისტოს, 18:00 საათზე, პროკურატურაში თავად ჩაიბარებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდების დადგენილებას.

22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

გამოძიება ავთანდილ წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

მაკრონი პარასკევს გეგმავს ირანის წარმომადგენელთან შეხვედრას

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გეგმავს მსოფლიოს ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული ქვეყნების ჯგუფის, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრის წინ.

ირანის ოფიციალური სააგენტოს, „ირნას“ ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი პარიზში ჩასვლას და საფრანგეთის ლიდერთან შეხვედრას 23 აგვისტოს აპირებს.

საფრანგეთი გერმანიასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად ცდილობს გადაარჩინოს 2015 წელს ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმება ირანის ბირთვული პროგრამის თაობაზე, მას შემდეგ, რაც შეთანხმებიდან გასულ წელს გავიდა ამერიკის შეერთებული შტატები.

20 აგვისტოს, გაეროში გამოსვლისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თეირანი და მის მიერ მხარდაჭერილი ძალები დაადანაშაულა „ტერორისა და ქაოსის“ გაღვივებაში ერაყში, ლიბანსა და სირიაში და „დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგებისთვის“ იემენში.

22 აგვისტოს, დედამიწა-ჰაერის კლასის ახალი რაკეტის დემონსტრირების დროს, ირანის პრეზიდენტი ჰასან როჰანი სამაგიეროს გადახდას დაპირდა მათ, ვინც ირანს ძალით დაემუქრება.

საოკუპაციო ძალებმა ე.წ. სასაზღვრო ღობე გუგუტიანთკარის კიდევ ერთ მონაკვეთზე დადგეს

გუგუტიანთკარში

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო ღობე დაამონტაჟეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში 21 აგვისტოს დადგმულ ძელებზე.

21 აგვისტოს, საუკუპაციო ძალებმა 25-ზე მეტი ძელი აღმართეს გუგუტიანთკარსა და ოკუპირებულ სოფელ დისევს შორის არსებულ გზაზე. ეს უკანონო სამუშაოები მიმდინარეობდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე აღმართული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერიდან გუგუტიანთკარის სიღრმეში. დღემდე ეს ტერიტორია საქართველოს ხელისუფლების კონტროლქვეშ იყო.

22 აგვისტოს, საკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობე მხოლოდ ერთ მონაკვეთზე აღმართეს.

რუსეთის მიერ კონტროლირებულ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვარი 7 აგვისტოდან გაჰყავს. გამყოფი ღობეები პირველად გუგუტიშვილების და რაზმაძეების სახლებთან დადგეს. ორი სახლის გარდა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთები და ხეხილის ბაღები.

51-ე სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

51-ე საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო ადასტურებს.

მანანა თურქაძის გადადგომას საზოგადოების ნაწილი მას შემდეგ ითხოვდა, რაც 2017 წლის დეკემბერში, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდებს შორის ჩხუბის შედეგად, 51-ე სკოლის მოსწავლეები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს.

მკვლელობიდან რამდენიმე თვეში მანანა თურქაძემ გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა განათლების სამინისტროს, თუმცა, სამეურვეო საბჭომ მაშინ მისი განცხადება არ დააკმაყოფილა.

ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა მოვალეობის შესრულების დროს

ამერიკელი ჯარისკაცები წვრთნის დროს

ნატოს საერთაშორისო ძალების (RSM) სარდლობის ცნობით ავღანეთში აშშ-ის ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა „მოვალეობის შესრულების“ დროს. სარდლობის 21 აგვისტოს განცხადებაში არ არის მითითებული ჯარისკაცების დაღუპვის დრო და გარემოება. პენტაგონის პოლიტიკის თანახმად, ჯარისკაცების ვინაობა გასაიდუმლოებულია მანამ, ვიდრე დაღუპვის ცნობას პირველად ოჯახის წევრებს არ შეატყობინებენ.

ბოლო ინცინდენტის ჩათვლით, 2019 წლის დასაწყისიდან, ავღანეთში 13 ამერიკელი ჯარისკაცია დაღუპული ადგილობრივი ჯარისკაცების თავდასხმების შედეგად.

სულ ბოლოს, ივლისის ბოლოს ავღანელმა ჯარისკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ორი ამერიკელი ჯარისკაცი სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო მთავრობა ე.წ. საზღვარს კეტავს

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ „დამოუკიდებლობის აღიარების“ 11 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის რამდენიმე დღით ჩაკეტვა გადაწყვიტა.

ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ცნობით, 25 აგვისტოს, 20:00 საათიდან ე.წ. საზღვარზე მოქალაქეთა გამარტივებული გასვლის პუნქტებში ხალხის გაშვება შეწყდება.

„გამშვები პუნქტების ჩვეულებრივი მუშაობა განახლდება 27 აგვისტოს დილის 06:00 საათზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვატო წერეთელი: ავთო წერეთელი პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე მივა

„ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს ვატო წერეთელი, ავთანდილ წერეთლის შვილი,“ტვ პირველის“ დამფუძნებელი.

„მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაშანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით?! კიდევ ერთხელ გეუბნებით - „ტვ პირველს“ ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა - მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა - ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში“, - წერს ვახტანგ წერეთელი.

22 აგვისტოს, გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ "უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება".

ზუგდიდში ლევან ვასაძის ერთ-ერთმა მასპინძელმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ზუგდიდელი გიორგი ბერიშვილის ოჯახმა ქალაქის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნით

გიორგი ბერიშვილი, რომელიც მედიას ბიზნესმენად გაეცნო, საჯაროდ პირველად 20 ივლისს გამოჩნდა ზუგდიდის საკათედრო ტაძრის ეზოში, სადაც საინიციატივო ჯგუფი "ერთიანი და ზნეობრივი საქართველოსთვის" ხელმოწერებს აგროვებდა „ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის" მოთხოვნით. ამ აქციას ბიზნესმენი ლევან ვასაძეც შეუერთდა. სტუმრების პატივსაცემად გაშლილი სუფრა გიორგი ბერიშვილმა დააფინანსა.

22 აგვისტოს, გიორგი ბერიშვილმა ცოლთან, თამარ გვაგვალიასთან ერთად დაიწყო ხელმოწერების შეგროვება მოთხოვნით, საქართველოს კანონმდებლობიდან ამოიღონ ტერმინები „გენდერული იდენტობა და გამოხატვა“ და „სექსუალური ორიენტაცია.“ ხელმოწერების შეგროვების ინიციატორები აცხადებენ, რომ ეს ტერმინები ხელს უწყობენ „სოდომური ცოდვის დაკანონებას.“

აქციის ორგანიზატორებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ - კანონმდებლობით განისაზღვროს, რომ „ლგბტქ არის ნორმიდან გადახრა, გარყვნილება და აიკრძალოს მისი ნებისმიერი ფორმით გასაჯაროება, გავრცელება, პროპაგანდა, ნორმად გამოცხადება, მათ შორის აღლუმებით, მედიით, სიმბოლიკის გამოყენებით, განათლების სისტემით და სხვა."

ცოლ-ქმარი აცხადებს, რომ ხელმოწერებს საკუთარი ინიციატივით და ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით აგროვებენ, ოჯახის ღირსების დასაცავად.

ბათუმის საკრებულომ პროექტ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების გეგმა დაამტკიცა

ბათუმის საკრებულომ 17 ხმით დაამტკიცა პროექტ „ბათუმი რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმა.

ბათუმის კონცხად წოდებულ ზღვისპირა პირველ ზოლში 5 ცათამბჯენის მშენებლობას კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი შპს „რივიერა ბათუმი“ გეგმავს.

ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებას აქტივისტების მწვავე პროტესტი მოჰყვა. ისინი პროექტის მხარდამჭერ დეპუტატებს ბათუმის ღალატში ადანაშაულებდნენ. საკრებულოს შენობაში მობილიზებული იყო დაცვის, ხოლო შენობის გარეთ საპატრულო პოლიცია.

სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც "ბათუმი რივიერას" პროექტს ქალაქის ისტორიული ნაწილის ხელყოფად და ახალი ეკოლოგიური პრობლემების სათავედ მიიჩნევენ, საკრებულოს გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

ავთო წერეთელი, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პროკურატურაში 18:00 და 19:00 საათზე არიან დაბარებულები

ბრალდების დადგენილების წარსადგენად და წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით, 22 აგვისტოს, 18:00 და 19:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არიან დაბარებულები ბიზნესმენი ავთო წერეთელი და თიბისი ბანკის დამფუძნებლები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთო წერეთლის მიმართ ბრალდების დადგენილება 22 აგვისტოს, 11 საათზე გამოიტანა.

წერეთელი ბრალდებულად ცნეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში.

ავთო წერეთელი ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა. ვატო წერეთელი „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის მეწილეცაა.

8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით გამოკითხვის შემდეგ, ვატო წერეთელმა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ტელეკომპანია „პირველის“ საქმიანობას დაუკავშირა. ვატო წერეთელმა ისიც განაცხადა, რომ პროკურატურას სურს საქმე აღძრას მისი მამის, ავთო წერეთლის წინააღმდეგ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია: "კურიერის" ეთერში არგასვლით კანონი არ ირღვევა

"რუსთავი 2"-ის ეთერში საინფორმაციო გამოშვებების არგასვლით მაუწყებლობის შესახებ კანონი არ ირღვევა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უთხრეს.

მათი განმარტებით, კანონში არ არსებობს ჩანაწერი იმ ვადების შესახებ, თუ რა პერიოდის განმავლობაში შეიძლება არ გადიოდეს ეთერში საინფორმაციო გამოშვება.

იმ შემთხვევაში თუ "რუსთავი 2" გადაწყვეტს, რომ საერთოდ აღარ ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვებები, მას მოუწევს ლიცენზიის მოდიფიცირება.

ბოლო საინფორმაციო გამოშვება რუსთავი 2-ის ეთერში 20 აგვისტოს, 21:00-ზე გავიდა, სადაც წამყვანები მაყურებლებს დაემშვიდობნენ.

მას შემდეგ "კურიერის" ყველა გამოშვების დროს ეთერში მხატვრული ფილმები გადის.

„შაბათის შუადღის“ წამყვანებმა რუსთავი 2 დატოვეს

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთ-ერთი გადაცემის, „შაბათის შუადღის“ წამყვანებმა ტელეკომპანია დატოვეს.

ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა განცხადება 22 აგვისტოს გაავრცელეს.

მათი თქმით, დღეს არსებული მედიარეალობის გათვალისწინებით, "ლიტერატურული შაბათის" წამყვანები შეუძლებლად მიიჩნევენ დარჩნენ ტელევიზიაში:

"სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება", - აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.

21 აგვისტოს ტელეკომპანია საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ძირითადმა გუნდმა დატოვა.

20 აგვისტოს რუსთავის 2-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაათავისუფლა რამდენიმე ჟურნალისტი. მათ შორის, საინფორმაციო გამოშვების ხელმღვანელი ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გათავისუფლდებიან საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანი გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და ასევე „ნანუკას შოუს“ წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი. მათი გათავისუფლების მიზეზად "ინტერესთა კონფლიქტი" დასახელდა.

20 აგვისტოს, პირდაპირ ეთერში, პროტესტის ნიშნად დატოვეს არხი მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა.

პროკურატურამ ბიზნესმენ ავთო წერეთლის მიმართ ბრალდების დადგენილება გამოიტანა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდების დადგენილება გამოიტანა ბიზნესმენ ავთო წერეთლის მიმართ.

წერეთელი ბრალდებულად ცნეს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლით აღძრული საქმის ფარგლებში.

გენერალური პროკურატურის ოფიციალური განცხადების თანახმად:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ. კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება"

ავთო წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების დადგენილების წარსადგენად, რის შემდეგაც პროკურატურა სასამართლოს მიმართავს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგლომლობით. რა ზომას მოითხოვს ბრალდების მხარე ჯერ უცნობია.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძეც მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით.

ბიზნესმენი ავთო წერეთელი კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ის თანამფლობელია. პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისი ბანკის“ მიერ სწორედ ამ კომპანიებისთვის გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების შესახებ ოფიციალურად ცნობილი გახდა 2019 წლის იანვარში. ავთო წერეთელმა მალევე განაცხადა, რომ საბანკო სესხი უკვე მის განკარგულებაში იყო და შესაბამისად, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს თავისი ფული ასესხა. „ახლა რაც არ უნდა იხტუნაონ, მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია“ - უთხრა 2019 წლის თებერვალში GBC-ს ავთო წერეთელმა.

ავთო წერეთელი ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამაა. ვატო წერეთელი „სამგორი თრეიდისა“ და „სამგორი M“-ის მეწილეცაა.

8 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მოწმის სტატუსით გამოკითხვის შემდეგ, ვატო წერეთელმა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ტელეკომპანია „პირველის“ საქმიანობას დაუკავშირა. ვატო წერეთელმა ისიც განაცხადა, რომ პროკურატურას სურს საქმე აღძრას მისი მამის, ავთო წერეთლის წინააღმდეგ.

„ერთი კითხვის დასმა ვცადე, მაინტერესებდა, ვინ იყო დაზარალებული ან მომჩივანი მხარე, რაზეც ვერც პასუხი მივიღე და მოსამართლემაც გამაჩერა, რომ არ მქონდა უფლება კითხვების დასმის. ყოველ შემთხვევაში, ამ საქმეს არც დაზარალებული ყავს, არც მომჩივანი. იმ ქვეყანაში, სადაც ამდენი გამოუძიებელი საქმეა, 11 წლის წინანდელ საქმეზე, სადაც არც დაზარალებული ჰყავთ და არც მომჩივანი მხარე, არის ძალიან დიდი ეჭვი, რომ უკავშირდება ტელევიზიას" - განაცხადა 8 აგვისტოს ვატო წერეთელმა.

2019 წლის მარტში, პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ ავთო წერეთლის კომპანიებს „თიბისი ბანკში“ გახსნილი ჰქონდათ 35 მილიონის საკრედიტო ხაზი, საიდანაც თანხის მიღება მარტივი პროცედურით - საკრედიტო ოფიცერთან ერთი სატელეფონო ზარით შეეძლოთ. მამუკა ხაზარაძის განმარტებით ავთო წერეთლისგან ფულის სესხება დასჭირდათ ბანკის კაპიტალის გასაზრდელად, რისთვისაც მანამდე სხვადასხვა წყაროებიდან უკვე მოზიდული ჰქონდათ 80 მილიონი აშშ დოლარი.

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებული იყო

თბილისის მეტროში, მატარებლის ტექნიკური ხარვეზის გამო, მოძრაობა დროებით შეფერხდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე, 10:00-დან 10:15 საათამდე მატარებლები მოძრაობდნენ სადგურ „ვარკეთილიდან“ სადგურ „დიდუბემდე,“ ხოლო „დიდუბიდან“ სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობა შეფერხებული იყო მოძრავი შემადგენლობის ტექნიკური ხარვეზის გამო.

სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად მას შემდეგ განახლდა, რაც დამხმარე მატარებელი დაინიშნა და დაზიანებული შემადგენლობა ჩიხში გადაიყვანეს.

სოხუმის აეროპორტის ინვესტორად რუსული კომპანია "აეროინვესტი" სახელდება

აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის და "როსავიაციის" წარმომადგენლების შეხვედრა სოხუმში. 2019 წლის 21 აგვისტო

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობაში მოსკოვის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სოხუმის აეროპორტის აღსადგენად ინვესტიციას სავარაუდოდ, განახორციელებს კომპანია „აეროინვესტი,“ რომელიც მინვოდის აეროპორტის ყოფილი მფლობელია.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, „აეროინვესტს“ კავშირი აქვს ყაბარდო-ბალყარეთის ყოფილი მეთაურის, რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრის, არსენ კანოკოვის ჰოლდინგ „სინდიკასთან.“

აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი ვალერი ბგანბა 21 აგვისტოს სოხუმში შეხვდა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს, „როსავიაციის“ დელეგაციას. მის შემადგენლობაში იყო ეგორ სალამატინი, რომელსაც სოხუმის აეროპორტის საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელად მოიხსენიებენ.

„ეხო კავკაზას“ კორესპონდენტის შეკითხვას, არის თუ არა პოტენციური ინვესტორი კერძო კომპანია, სალამატინმა უპასუხა: „ასე რატომ გაინტერესებთ?“ ჟურნალისტის განმარტების შემდეგ, რომ ეს საზოგადოებას აინტერესებს, სალამატინმა თქვა, რომ არსებობს მრავალპროფილიანი ჰოლდინგი, რომლის ფარგლებშიც კომპანია „აეროინვესტიცაა“ და ის თავის დროზე ფლობდა მინვოდის აეროპორტს. სალამატინს ჰოლდინგის სახელი „სინდიკა“ არ უხსენებია.

რაც შეეხება სოხუმის აეროპორტის მდგომარეობას, ეგორ სალამატინმა განაცხადა, რომ ის ნულიდან უნდა აღადგინონ და თუ სამუშაოებს ამ შემოდგომიდან დაიწყებენ, ორი წელი დასჭირდებათ.

„როსავიაციის“ დირექტორის მოადგილის, ოლეგ სტორჩევოის განცხადებით, დელეგაცია სოხუმში იმყოფება ტექნიკურ კომისიასთან ერთად, რათა შეისწავლონ აეროპორტის მდგომარეობა და განსაზღვრონ მუშაობის მიმართულებები. სტორჩევოიმ ამოცანად დაასახელა ავიამიმოსვლის განახლება აფხაზეთსა და სხვა ქვეყნებს შორის, პირველ ყოვლისა რუსეთთან. „როსავიაციის“ წარმომადგენლის განცხადებით, აეროპორტის რეკონსტრუქციის გარდა, აუცილებელია ავიაციის სპეციალისტების მომზადება.

რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, ვალერი ბგანბამ განაცხადა, რომ მათ ინვესტორის დასახმარებლად თანხები არ გააჩნიათ.

სოხუმის აეროპორტის აღდგენის საკითხი 6 აგვისტოს, სოჭში განიხილეს რუსეთის პრეზიდენტმა, პუტინმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ხაჯიმბამ.

ივლისის ბოლოს, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვიტა სოხუმის აეროპორტი აღადგინოს საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. აეროპორტს მიანიჭეს "ერთობლივი ბაზირების სტატუსი" და "საერთაშორისო კოდი URAS." ამ დასახელების პირველი ასო პოსტსაბჭოთა სივრცის აეროპორტების კოდებში გამოიყენება, მეორე ასო აღნიშნავს რუსეთის ქალაქს, დონის როსტოვს, მესამე - აფხაზეთს და მეოთხე - სოხუმს.

აგვისტოს დასაწყისში, საქართველომ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას (ICAO) მიმართა, სათანადოდ შეაფასოს აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვა, სოხუმის აეროპორტი გახსნას საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის.

თავის მხრივ, ICAO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმის აეროპორტი და მისი საჰაერო სივრცე საქართველოსია.

ICAO-ს განმარტებით, საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთიც შედის, მინიჭებული აქვს ერთიანი სპეციალური კოდი FIR, რომლის შეცვლა, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის, ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა შეუძლებელია საქართველოს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის განიხილავს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად.

დიდი ბრიტანეთი და გერმანია ეწინააღმდეგებიან "დიდ შვიდეულში" რუსეთის დაბრუნებას

პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და კანცლერი ანგელა მერკელი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ეწინააღმდეგებიან ინდუსტრიულად განვითარებული სახელმწიფოების ჯგუფის(G7), ე.წ. „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნებას.

მერკელმა და ჯონსონმა ოფიციალური პოზიცია გამოხატეს G7-ის ლიდერთა სამიტის წინ, რომელიც 24 აგვისტოს იხსნება საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში.

21 აგვისტოს, ბერლინში, ბორის ჯონსონთან შეხვედრისას ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთის დაბრუნება ნაადრევია, რადგან გაერთიანებიდან მისი გარიცხვის მიზეზი არ ამოწურულა. რუსეთს ეს ჯგუფი 2014 წელს დაატოვებინეს ყირიმის ანექსიის გამო.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გერმანიის კანცლერის პოზიციას დაეთანხმა. ბორის ჯონსონმა უკრაინის გარდა, მიზეზად დაასახელა ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლა.

21 აგვისტოს, ტელეკომპანია CNN-მა თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ემანუელ მაკრონმა სატელეფონო საუბრისას მხარი დაუჭირეს რუსეთის მიწვევას G7-ის მომავალ, 2020 წლის სამიტზე.

თუმცა, იმავე დღეს ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის კრიზისის დაძლევის გარეშე რუსეთის დაბრუნება სტრატეგიული შეცდომა და მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების სისუსტის გამოვლინება იქნება.

G7-ის წევრები არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, იტალია, აშშ, კანადა და იაპონია. რუსეთი ამ გაერთიანებაში 90-იანი წლების ბოლოს მიიწვიეს.

აშშ მოითხოვს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონთან  "ბორდერიზაციის" დაუყოვნებლივ შეწყვეტას

მორგან ორტაგუსი, პრეს-სპიკერი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მორიგი განცხადება გააკეთა გუგუტიანთკართან მიმდინარე უკანონო საზღვრის გავლების პროცესთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მორგან ორტაგუსმა აღნიშნა, რომ: "შეერთებული შტატები შეწუხებულია ცნობებით რუსეთის მიერ მხარდაჭერილი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან ღობის დამონტაჟების გაგრძელებასთან დაკავშირებით."

"ბორდერიზაციის პროცესი ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ სამოქალაქო პირებზე განურჩევლად და არაპროპორციულად ახდენს გავლენას, აშორებს მათ საკუთარ ნაკვეთებს, ოჯახებს, შემოსავლის წყაროს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას"- განაცხადა მორგან ორტაგუსმა.

პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები მოითხოვს "ღობისა და სხვა ბარიერების მშენებლობის პროცესის დაუყოვნებლივ შეწყვეტას. კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარებას მიწოდებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად."

21 აგვისტოს განცხადებამდე, გუგუტიანთკარში მიმდინარე პროცესს, სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებულ განცხადებაშიც გაესვა ხაზი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG