Accessibility links

ახალი ამბები

ყირგიზეთის პრემიერ-მინისტრი ციხიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს

საფარ ისაკოვი და ისტორიის მუზეუმის მაკეტი

ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, საფარ ისაკოვი, წინასწარი საპატიმრო დაწესებულებიდან 16 აგვისტოს საავადმყოფოში გადაიყვანეს ინსულტის სიმპტომებით.

41 წლის ისაკოვი, რომელიც მიჩნეულია ყოფილ პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან დაახლოებულ პირად, 2018 წლიდან იმყოფება წინასწარ პატიმრობაში კორუფციის ბრალდებით.

იგი ერთ-ერთი პირველი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ყირგიზეთის ახალი პრეზიდენტ, სოონორბაი ჟეენებეკოვსა და მის წინამორბედ, ატამბაევს შორის დაწყებული განხეთქილების შემდეგ დააპატიმრეს.

ისაკოვის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს შორისაა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ჩინეთის კომპანიის სასარგებლოდ ლობიერება, ბიშკეკის თბოელექტროსადგურის მშენებლობისა და სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის რეკონსტრუქციისათვის გამოცხადებული ტენდერისას.

აშშ-ის საელჩო გუგუტიანთკარზე: რუსეთის საოკუპაციო ძალები მიწებს, სახლებს ითვისებენ

რუსეთის საოკუპაციო ძალები ითვისებენ „გასაოცარი ხალხის“ მიწებს, სახლებს და საზოგადოებას ორად ყოფენ, - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა პრესისა და ინფორმაციის ატაშეს, კრის დევენპორტის განცხადება.

16 აგვისტოს კრის დევენპორტი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები უკანონო საზღვრის მონიშვნას განაგრძობენ.

ტექსტში ნათქვამია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას.

„ეს სოფელი გუგუტიანთკარია. აქაურობა სავსეა ულამაზესი ხილის ბაღჩებითა და გასაოცარი ხალხით. დღეს განსაკუთრებით გულსატკენი იყო იმის ხილვა, როგორ ითვისებენ რუსეთის საოკუპაციო ძალები ამ ხალხის მიწებსა და სახლს, მათ ხომ მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში მშვიდობიანი ცხოვრება სურთ.

ამ ადამიანებს ართმევენ მთელი ცხოვრების მონაგარს და საზოგადოებას ორად ყოფენ. ამის ფონზე განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო გუგუტიანთკარელების მტკიცე გზავნილების მოსმენა ერთობასა და საქართველოს კეთილდღეობაზე.

დღეს გუგუტიანთკარის ხალხის გვერდით ამაყად ვაცხადებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ოკუპაციას" - წერს კრის დევენპორტი, აშშ-ის პრესისა და ინფორმაციის ატაშე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ათზე მეტ ძელზე უკვე აღმართულია ე.წ. სასაზღვრო ღობე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის განაპირას მდებარე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა. 15 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ოჯახები გააფრთხილეს, რომ თუ სახლებში რამე დარჩენილი აქვთ, გასატანად სამი დღე აქვთ.

ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

ზალკალიანი: გუგუტიანთკარში ბორდერიზაცია შეჩერებულია

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ყველაფერი გაკეთდა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზაციისთვის და ამ ეტაპზე შეჩერებულია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში. თუმცა მინისტრი აღნიშნავს იმასაც, რომ გასულ დღეებში ერთხელ უკვე შეჩერებული პროცესი ისევ განახლდა და გარანტია არც ამჯერად არსებობს.

„ამ მომენტისთვის უკანონო ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია, თუმცა გაგრძელდება ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შეფასება და მათზე რეაგირების პროცესი... ვაგრძელებთ აქტიურ მონიტორინგს იმისთვის, რომ მუდმივად გვყავდეს პროცესში ჩართული საერთაშორისო თანამეგობრობა... თუკი პროცესი განახლდა, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს... საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა იყოს ინფორმირებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა 16 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, სწორედ საგარეო უწყებისა და დიპლომატიური კორპუსის დამსახურებაა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან - ორგანიზაციების, სტრუქტურებისა თუ დედაქალაქების დონეზე გამოხატული მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მათ შორის - გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატის ფარგლებში.

"თქვენ ასე მარტივი გგონიათ გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში დებატების გამართვა საქართველოსთან მიმართებაში, სადაც რუსეთი, როგორც საბჭოს მუდმივი წევრი, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი სახის ფორმატები არ გაიმართოს?!", - ასე უპასუხა მინისტრმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კრიტიკულ შეკითხვებს.

ზალკალიანი ამბობს, რომ სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით არის შესაძლებელი რუსეთის უკანონო ქმედებების შეჩერება და ამას ემსახურებოდა 16 აგვისტოს უცხოელი დიპლომატების ჩასვლაც საოკუპაციო ხაზზე.

„კავშირზე ვრჩებით საერთაშორისო პარტნიორებთან და მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო პოლიტიკა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მან ასევე თქვა, რომ შვეიცარიის საელჩოს შუამავლობით რუსეთს გაეგზავნა საპროტესტო ნოტა - „ჩვენ მუდმივად ვაგზავნით ხოლმე მსგავსი სახის ნოტებს, სადაც თავს ვუყრით ხოლმე მთელი პერიოდის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ჯარების მხრიდან (გადადგმულ) უკანონო ნაბიჯებს“.

რატომ არ ჩავიდა მინისტრი გუგუტიანთკარში მთელი ამ ხნის განმავლობაში?

ამ შეკითხვის საპასუხოდ მინისტრმა ზალკალიანმა, ერთი მხრივ, თქვა, რომ ის ოთხი დღის განმავლობაში საქართველოში არ იმყოფებოდა და მხოლოდ რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა; ხოლო, მეორე მხრივ, ის ამბობს, რომ მთავარია „იმ ამოცანისა და დავალების“ შესრულება, რაც საგარეო უწყებას აქვს და „ეს არის სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზაცია“.

„ხვალაც ჩავალ, დღესაც ჩავალ, არ არის პრობლემა... იქ იყო ასევე ჩემი მოადგილე და მუდმივად იყვნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, იყო ასევე სახელმწიფო მინისტრი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

თუმცა მას შემდეგ, რაც მედიამ გეგმების დაკონკრეტება ითხოვა, მინისტრმა დაამატა, რომ ბრიფინგის შემდეგ გაემგზავრება სოფელ გუგუტიანთკარისკენ.

„ახლავე წავალ, აი, დღესვე წავალ, აქედანვე... თუ დამასრულებინებთ, დღესვე წავალ აქედან... კი ბატონო, აი, წავალ ახლა... კი ბატონო“.

​რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ათზე მეტ ძელზე უკვე აღმართულია ე.წ. სასაზღვრო ღობე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის განაპირას მდებარე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა. 15 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ოჯახები გააფრთხილეს, რომ თუ სახლებში რამე დარჩენილი აქვთ, გასატანად სამი დღე აქვთ.

ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

საპატიმროში მყოფ რუს ოპოზიციონერს კიდევ ერთხელ ეთქვა უარი არჩევნებში მონაწილეობაზე

ილია იაშინი სასამართლოში

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილია იაშინის, სარჩელი სხვადსხვა დონის საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ, რომლებმაც უარი უთხრეს 8 სექტემბრის მუნიციპალურ არჩევნებში რეგისტრაციაზე.

სარჩელში ილია იაშინი სხვდასხვა დონის საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილებას უწოდებდა „პოლიტიკურად მოტივირებულს“.

16 აგვისტოს სასამართლომ დაადგინა, რომ რეგიონული და ფედერალური საარჩევნო კომისიების მიერ იაშინის რეგისტრაციაზე უარის თქმა კანონიერად მოხდა.

ილია იაშინის სარჩელი სხდომაზე მიივანეს საპატიმროდან, სადაც ოპოზიციონერ კანდიდატი 10-დღიან პატიმრობას იხდის საჯარო ღონისძიებების გამართვის წესების დარღვევისთვის.

იაშინის გარდა, საარჩევნო კომისიებმა, მუნიციპალურ არჩევნებში დარეგისტრირებაზე უარი უთხრეს ოპოზიციის ათობით კანდიდატს, უმრავლეს შემთხვევაში მხარდამჭერთა სიებში მონაცემების უზუსტობის გამო.

მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში დამოუკიდებელი დაურეგსიტრირებელი კანდიდატების მხარდამჭერი რამდენიმე სანქცირებული და არსანქცირებული აქცია გაიმართა. ბოლო, 10 აგვისტოს „სოლიდარობის“ აქციის შემდეგ, პოლიციამ დააპატიმრა 250-კაცზე მეტი.

მოსკოვის სასამართლომ კიდევ ექვს უკრაინელ მეზღვაურს გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა

უკრაინელი მეზღვაურები მოსკოვის სასამართლოში

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და პატიმრობაში დატოვა ექვსი უკრაინელი მეზღვაური, რომლებიც დანარჩენ 18-თან ერთად დააკავეს ნოემბერში, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინცინდენტის დროს.

როგორც ადვოკატი ნიკოლაი პოლოზოვი წერს „ფეისბუკში“, მოსკოვის საქალაქო სასამართლომ 16 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება ექვსი მეზღვაურის: მიხაილო ვლასიუკის, სერჰიუ პოპოვის, ანდრიუ დრაჩის, ბოჰდან ჰოლოვაშის, დენის ჰრისტენკოს და ვიაჩელავ ზინჩენკოს მიმართ. ეს ექვსი მეზღვაური, დანარჩენ 7 უკრაინელთან ერთად პატიმრობაში 24 ოქტომბრამდე დარჩებიან. დანარჩენი 11-ის მიმართ წინასწარი პატიმრობის ვადად განისაზღვრა 26 ოქტომბერი.

მათი პატიმრობის ვადა ივლისის თვეში გახანგრძლივდა.

რუსეთი უკრაინელ მეზღვაურებს ადანაშაულებს მის კონტროლირებად ტერიტორიულ წლებში „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევაში, რაც ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცოტა ხნის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მოუწოდა რუს კოლეგას დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენ პრინციპით „ყველა-ყველაზე“.

გასული წლის ნოემბერში რუსმა მესაზღვრეებმა ოკუპირებული ყირიმის სანაპიროსთან დააკავეს უკრაინის სამი ხომალდი მათ ეკიპაჟებთან - 24 მეზღვაურთან - ერთად.

გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რუსეთს 25 ივნისამდე უნდა გაეთავისუფლებინა მეზღვაურები, რაც მას გაუკეთებია.

კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა კვლავ წარმოადგენს პრობლემას

კურტ ვოლკერი

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერი, რუსულ პროპაგანდას მიიჩნევს უკრაინაში კონფლიქტის მოწესრიგების ერთ-ერთ პრობლემად. სანამ რუსეთი არ აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტულ ძალებსა და უკრაინის არმიას შორის მიმდინარე კონფლიქტში, ვოლკერის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მიერ რუსეთივერ ჩაითვლება „მინსკის 2014-2015 წლების სამშვიდობო შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შემსრულებლად“.

„სწორედ რუსეთი ხელმძღვანელობს სამხედრო ძალებს (დონბასში), ის გზავნის ჯარისკაცებს და აფინანსებს სამხედრო ნაწილებს, გზავნის დაქირავებულ მებრძოლებს სანკტ-პეტერბურგში არსებული ფირმის სახელით, უხდის გასამრჯელოს ადგილობრივი ხელისუფლებას“,- აღნიშნა ვოლკერმა ვაშინგტონში რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში.

რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა ყირიმის ანექსია - მალევე მას შემდეგ, რაც პროევროპულმა ძალებმა ქვეყნიდან გააძევეს უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, კრემლის მეგობარი ვიქტორ იანუკოვიჩი.

მოსკოვის მხარდაჭერილი დონბასელი სეპარატისტების შეიარაღებულ ამბოხებას 2014 წლიდან შეეწირა 13 ათას ადამიანზემეტი, დაახლოებით 1,5 მილიონზე მეტი იქცა ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირად.

პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ გუგუტიანთკარელების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებენ

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლების შემდეგ, მთავრობის წარმომადგენლები ადგილზე არ ჩასულან.

მამუკა ბახტაძის თქმით, პრობლემის შექმნისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში და მისი თხოვნით, გუგუტიანთკარში ჩავიდნენ სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა.

„მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს. ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ პირველივე დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რათა როგორმე შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი” - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ, რომელიც დღეს სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა.

ბახტაძემ დეზინფორმაცია უწოდა იმასაც, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპაციის პრობლემას საერთაშორისო დონეზე მწვავედ არ აყენებს. პრემიერ-მინისტრმა ერთ-ერთ მაგალითად მოიყვანა ცოტა ხნის წინ, გაეროში გამართული შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. მამუკა ბახტაძის თქმით, გაეროა ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ეს პრობლემა შეიძლება დაისვას.

ნინო ხარატიშვილი შილერის პრემიის ლაურეატი გახდა

გერმანულენოვანი ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი შილერის პრემიის ლაურეატი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანულ პრესაში ვრცელდება.

ფრიდრიხ შილერის სახელობის პრემია გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის რეგიონს აქვს დაწესებული და იგი გერმანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ლიტერატურული პრემიაა. პრემიით, რომლის ოდენობა 25 ათასი ევროა, ავტორთა მთელი ლიტერატურული შემოქმედება აღინიშნება.

ხარატიშვილამდე ამ პრემიის ლაურეატები იყვნენ ისეთი გამოჩენილი გერმანულენოვანი ავტორები, როგორებიც არიან მაქს ფრიში, ქრისტა ვოლფი, ფრიდრიხ დიურენმატი, პეტერ ჰანდკე, ბოთო შტრაუსი და სხვ. პრემია 1955 წლიდან გაიცემა. ოფიციალური დაჯილდოება 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.

„ნინო ხარატიშვილის შემოქმედება მრავალწახნაგოვანია და ის მაღალი ესთეტიკური და ენობრივი ხარისხისაა“, ვკითხულობთ ჟიურის დასკვნაში. „მისი პიესები მისდევს ღია დრამატურგიას. ისინი მოგვითხრობენ და სვამენ კითხვებს, მაგრამ არ ატარებენ მორალისტურ ხასიათს. მისი გმირები გამოხატავენ საფრთხეში აღმოჩენილ სუბიექტურობას კრიზისებით აღსავსე გლობალიზებულ მსოფლიოში; მათი თემაა მიგრაცია და ფსიქოლოგიური ტრავმები ქალის პერსპექტივიდან.“

ნინო ხარატიშვილი დაიბადა 1983 წლის 8 ივნისს, თბილისში. დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი. 2003 წელს ჩააბარა ჰამბურგის თეატრის აკადემიაში, თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე. ამჟამად ნინო ხარატიშვილი ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრებში.

ხარატიშვილი გერმანულ ენაზე წერს. მისი ნაწარმოებები ნათარგმნია ქართულ ენაზე. ნინო ხარატიშვილს ეკუთვნის რომანები: „ჟუჟა“, „ ჩემი საყვარელი ორეული“, „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“, „კატა და გენერალი“. რომანი „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ საქართველოში ბოლო ორ საუკუნეში განვითარებულ მოვლენებს ასახავს და მასში 6 თაობის ამბავია მოთხრობილი.

გუგუტიანთკარი: ელჩები საერთაშორისო სამართლის დარღვევაზე ლაპარაკობენ  

კაი კარელსონი - ესტონეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 16 აგვისტოს ჩავიდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები განაგრძობენ უკანონო საზღვრის გავლებას.

საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ ავსტრიის, ესტონეთის, ლატვიის, უკრაინის, ბულგარეთის ისრაელის, ბრაზილიისა და იაპონიის ელჩები. დიპლომატები სოფელ გუგუტიანთკარში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდნენ.

ესტონეთის ელჩის, კაი კარელსონის თქმით, ადგილზე მათ დახვდათ მცოცავი ანექსიის შემაშფოთებელი სურათი, რომელიც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უხეშად არღვევს ადამიანის უფლებებს.

„ესტონეთი საერთაშორისო სამართლის, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია. ცხადია, ღრმად შემაშფოთებელია ის, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ და არა მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც მცოცავ ანექსიას ნიშნავს, არამედ ჰუმანიტარული განზომილებითაც“.

შეკითხვაზე - რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველოს ხელისუფლებამ მოცემულ სიტუაციაში, ელჩი კარელსონი პასუხობს, რომ ამ მხრივ ქმედითი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიურობა.

„ჩემთვის ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ, მაგრამ, ვფიქრობ, რომ დახმარება შეუძლია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას, საყოველთაო ყურადღებას“, - განაცხადა ესტონეთის ელჩმა.

საქართველოში იაპონიის ელჩის, ტადაჰარუ უეჰარას თქმით, დაუშვებელია საქართველოს საზღვრების ხელყოფა და ადამიანების უფლებების დარღვევა, რაც ამჟამად ხდება.

"მართლაც სამწუხაროა იმის დანახვა, თუ როგორ აღმოჩნდნენ ადგილობრივ მცხოვრებთა ოჯახები სხვადასხვა მხარეს ახალი ბარიერების აღმართვის გამო. შეშფოთებული ვარ არსებული მდგომარეობით. იაპონია აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლას. იმედი მაქვს, რომ ეს გაურესებული მდგომარეობა უმოკლეს ხანში გამოსწორდება. ოჯახების გახლეჩვა მართლაც რომ სერიოზული პრობლემაა და მე სრულიად მესმის და თანავუგრძნობ იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს განცალკევება შეეხოთ“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა საოკუპაციო ხაზთან ყოფნისას.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ათზე მეტ ძელზე უკვე აღმართულია ე.წ. სასაზღვრო ღობე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის განაპირას მდებარე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა. 15 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ოჯახები გააფრთხილეს, რომ თუ სახლებში რამე დარჩენილი აქვთ, გასატანად სამი დღე აქვთ.

ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

ყირგიზეთის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი

ალმაზბეკ ატამბაევი

ყირგიზეთში სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი. ის 26 აგვისტომდე დარჩება წინასწარ პატიმრობაში. დაცვამ ითხოვა პოლიტიკოსისთვის აღკვეთის ზომის შეცვლა. სასამართლო სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდა.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი გასულ კვირაში დააპატიმრეს ორდღიანი ოპერაციის შედეგად. ის პოლიტიკოსის რეზიდენციის შტურმით დასრულდა. ატამბაევის მომხრეთა და სამართალდამცველთა შორის შეტაკება მოხდა. დაშავდა 170 ადამიანი, სპეცრაზმის ერთი წევრი დაიღუპა.

ალმაზბეკ ატამბაევს თავდაპირველად ბრალი წაუყენეს კორუფციასა და კრიმინალური ავტორიტეტის უკანონოდ გათავისუფლებაში. მოგვიანებით ბრალდებათა სიას დაემატა მასობრივი არეულობების მოწყობა, მკვლელობის მცდელობა და მძევალთა ხელში ჩაგდება. ამჟამად ატამბაევი სისხლის სამართლის 14 დანაშაულშია ეჭვმიტანილი. თავად ატამბაევი ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.

მიხეილ სააკაშვილი: "იმედის" ფილმის მიზანია  ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სასამართლოში ბრალი​

ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 11 აგვისტოს გასულ ფილმს “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს“. ფილმი აგვისტოს ომს შეეხება.

სააკაშვილის განცხადებით, „ჩვენ კი არ დავესხით რუსეთს თავს, იმიტომ რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა“.

„მე ჯერჯერობით ცოცხალი ვარ და შემიძლია ზუსტად მოგიყვეთ რა მამოძრავებდა, რა იყო მიზეზები და ეს არაერთხელ მომიყოლია, მაგრამ ის ბრალდება, რომ თურმე ჩვენ დავიწყეთ ომი იმის გამო, რომ მე მქონდა შერყეული პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში, გათვლილია კლინიკურ იდიოტებზე და უბრალოდ სკლეროზიან ადამიანებზე.

2007 წელს ჩვენ წინააღმდეგ მართლაც იყო გამოსვლები, მე გადავდექი, განსხვავებით ამათგან და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები მოვიგეთ და შემდეგ რამდენიმე თვეში, ვისაც არ ახსოვს, მინდა შევახსენო, მოვიგეთ უზარმაზარი უპირატესობით საპარლამენტო არჩევნები და გვქონდა ერთპიროვნული კონსტიტუციური უმრავლესობა და ჩვენს ხელისუფლებას საერთოდ არაფერი ემუქრებოდა. სწორედ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ამოწურა ყველა საშუალება შიდადესტაბილიზაციის, პროვოკაციის, ყველაფერ ამის შემდეგ, როცა ჩვენ განვიმტკიცეთ ხელისუფლება, პუტინმა გადაწყვიტა საქართველოზე თავდასხმა. ჩვენ კი არ დავესხით რუსეთს თავს, იმიტომ რომ ხელისუფლება შეგვერყა, პირიქით, იმის გამო, რომ განვამტკიცეთ ხელისუფლება, რუსეთმა გადაწყვიტა ჩვენზე თავდასხმა. ეს არის სიმართლე, მაგრამ მე მათაც მინდა ვუთხრა, ვისაც ეს გონია შემთხვევითობა და ვიღაცის თვითშემოქმედება. ხაბურზანია იყო პუტინის კაცი, მე ეს პუტინმა მითხრა პირადად, ლალიაშვილი იყო მისი მარჯვენა ხელი. ლალიაშვილი, რა თქმა უნდა, რუსეთთან არის კავშირში, ისევე როგორც ამ დღეებში ვოლსკი რომ აქტიურობს, ეს იყო თავის დროზე საქართველოს დიპლომატიურ მისიაში, გაეროში ჩანერგილი, ასევე „კაგებეშნიკ“ პეტრე ჩხეიძის მიერ და იყო „კაგებეს“ წარმომადგენელი საქართველოს საგარეო სამსახურში. ეს ვიცით ყველამ, ვისაც საქმესთან გვქონია შეხება და ეს ხალხი აქტიურობს დღეს. ეს ფილმი არის რუსული დავალება და მას აქვს კონკრეტული ორი მიზანი: რუსეთი ამზადებს საფუძველს და ეს უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ უახლოეს კვირებში და თვეებში, მას შემდეგ, რაც იმუშავა წულუკიანმა ივანიშვილის დავალებით, ქართულ სამხედროებს წაუყენონ ჰააგის სისხლის სასამართლოში ბრალი. წულუკიანი ამაზე ძალიან ბევრს მუშაობს და ძალიან უნდა, რომ ეს მოხდეს და ამისთვის ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს. საერთაშორისო თანამეგობრობას უნდათ აჩვენონ, რომ ეს არის საზოგადოებრივი აზრი, ეს არის პირველი საფუძველი, ჰააგაში საქართველოს გამტყუნება და მეორე საფუძველი, რასაც ამზადებს პუტინი, არის ე.წ „სამხრეთ ოსეთის“ და სინამდვილეში შიდა ქართლის ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ, მათ მიერ ჩვენი ტერიტორიის საბოლოოდ მიტაცება. ეს არის რისთვისაც ემზადებიან და რისთვისაცაა გაკეთებული ეს ფილმი. მე მიხარია, რომ ქართული საზოგადოება იღებს ხმას, ასეთ რაღაცას ივანიშვილი და მისი პატრონები უკვე ვეღარ გვახვევენ თავს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

ფილმი "ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!" 11 აგვისტოს გადაიცა. ფილმს ფართო საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოჰყვა.13 აგვისტოს "ფილმს გამოეხმაურა მედიაკრიტიკის პლატფორმა "მედიაჩეკერი": "მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა, მანიპულაცია და არაზუსტი ინფორმაცია ფონად გასდევს 40 წუთიან ფილმს, სახელწოდებით “ჩვენ მშვიდობით მოვიგებთ სხვის დაწყებულ ომს!”

რუსეთი აცხადებს, რომ დონბასში უკვე 25 ათასი პასპორტი დაარიგა

დონბასის რუკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეობა უკვე მიიღო დონეცკსა და ლუგანსკში მცხოვრებმა 25 ათასმა უკრაინელმა. განაცხადი კი რუსეთის მოქალაქეობაზე დონბასის 60 ათასამდე მცხოვრებს აქვს შეტანილი.

სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის თაობაზე სამინისტროს მიგრაციის საკითხების კოორდინატორმა, ვალენტინა კაზაკოვამ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განზრახული აქვს მიგრაციული ქვედანაყოფის თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა „რუსეთის მოქალაქეობის მსურველთა მოზღვავების გამო.“

21 აპრილს უკრაინამ ახალი პრეზიდენტი აირჩია - ვოლოდიმირ ზელენსკი. უკვე 24 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული გზით მოპოვების შესახებ სპერატისტების კონტროლქვეშ მყოფი უკრაინის აღმოსავლეთის რაიონებისათვის. აგვისტოში პუტინის ახალი ბრძანებით გამარატივებული წესით პასპორტების მიღების პროცედურა გაფართოვდა მთელი დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ყველა მცხოვრებისთვის

ზელენსკის გარემოცვაში განაცხადეს, რომ დონბასის მცხოვრებთათის რუსული პასპორტების დარიგებით რუსეთმა აღიარა პასუხიმგებლობა როგორც ოკუპანტმა სახელმწიფომ.

თავის მხრივ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, უკრაინის მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივების შესახებ.

დოკუმენტის თანახმად, რომელიც პრეზიდენტის საიტზე 13 აგვისტოს გამოქვეყნდა, უკრაინის მოქალაქეობაზე პრეტენზიის გამოთქმა შეეძლებათ რუსეთის იმ მოქალქეებს, რომლებიც „პოლიტიკური რწმენისთვის იდევნებიან“. გარდა ამისა, უკრაინის პასპორტების მიღება შეეძლებათ უცხოელებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებიც უზრუნველყოფენ უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას და დაცვას.

გუგუტიანთკარელები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

გუგუტიანთკარში სადაც, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მცხოვრებლებიც მივიდნენ.

ქეთევან გუგუტიშვილის სახლი საოკუპაციო ძალების მიერ აღმართული ე.წ საზღვრის მიღმა რჩება. ქეთევან გუგუტიშვილის თქმით, 2013 წლის მარტის შუა რიცხვებში 11 ელჩი იყო ჩამოსული მისი კარ-მიდამოს სანახავად. 6 წლის შემდეგ მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა.

"მაშინ პირველად გაყვეს ჩემი ეზო და მავთულხლართები დაყარეს. რა შეიცვალა? ვინც გინდა მოვიდეს, [რუსები] თავიანთ საქმეს მაინც აკეთებენ. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ცქერა. ორი კვირაა სტრესის ქვეშ ვიმყოფებით მთელი სოფელი",- უთხრა ქეთევან გუგუტიშვილმა რადიო თავისუფლების კორესპონდენტს.

ადგილობრივები, საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, მათ შორის საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარების თვალსაზრისით. ამასთან, სთხოვენ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებას მიაწვდინონ მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

20 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას განაგრძობენ ე.წ. საზღვრის გავლებას.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, 7 აგვისტოს დადგმულ ძელებს და მათზე 14 აგვისტოს გავლებულ ე.წ. სასაზღვრო ღობეს დღეს, 15 აგვისტოს კიდევ რამდენიმე ძელი დაამატეს.

საოკუპაციო ძალები ამ უკანონო სამუშაოებს აწარმოებენ გუგუტიშვილების და რაზმაძეების მიწის ნაკვეთებზე, რომლებსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოაქცევენ. ძელებს მიღმა რჩება ამ ოჯახების ორი სახლიც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დაინგრა და იქ დღეს არავინ ცხოვრობს. ამასთან, ეს ოჯახები მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ.

გარდა ამისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობა, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

გუგუტიანთკარში იმყოფებიან ქართველი პოლიციელები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ევროპელი დამკვირვებლები საოკუპაციო ძალების ქმედებებს დოკუმენტურად აფიქსირებენ.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ "საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის" გავლებისას ხელმძღვანელობს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების რუკით.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: დიპლომატებმა თავისი თვალით ნახეს რა არის ოკუპაცია

ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს ე.წ. საზღვარი გაჰყავთ.

ლაშა დარასალიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, მთელმა მსოფლიომ თავისი თვალით ნახოს ოკუპაციის შედეგი, რომელიც აუარესებს არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს, არამედ კონკრეტული ოჯახების მდგომარეობას. ლაშა დარსალიას ინფორმაციით, გუგუტიანთკარში ჩავიდა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის 8 ელჩი.

„მოგეხსენებათ, საოკუპაციო ძალებმა განაახლეს ბორდერიზაციის პროცესი. როგორც კი მივიღეთ ეს ინფორმაცია, სახელმწიფომ აამუშავა შესაბამისი მექანიზმები. პირველ რიგში, გააქტიურდა ცხელი ხაზი და შესაბამისი კომუნიკაცია მოხდა. დავუკავშირდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ასევე დავუკავშირდით ჟენევის თანათავმჯდომარეებს და მივაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია. შემდეგ მოხდა დიპლომატიური კორპუსის ორგანიზება და შეხვედრა გავმართეთ საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამის შემდგომ დავგეგმეთ, რომ უშუალოდ ადგილზე გაგვეცნო მათთვის სიტუაცია“ - განაცხადა ლაშა დარსალიამ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ათზე მეტ ძელზე უკვე აღმართულია ე.წ. სასაზღვრო ღობე.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის განაპირას მდებარე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა. 15 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ოჯახები გააფრთხილეს, რომ თუ სახლებში რამე დარჩენილი აქვთ, გასატანად სამი დღე აქვთ.

ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

აშშ ანაკლიის პორტის პროექტისადმი ძლიერ მხარდაჭერას ადასტურებს

ელიზაბეტ რუდი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, ელიზაბეტ რუდის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარებისა და მომავალი კეთილდღეობისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, შეერთებული შტატები ამ პროექტის ძლიერი მხარდამჭერია.

ზუგდიდში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მყოფ ელიზაბეტ რუდს ჟურნალისტებმა თხოვეს კომენტარი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ერთ-ერთი აქციონერის, ამერიკული „კონტი ჯგუფის“ გასვლის შესახებ. რუდის თქმით, მეწილეებთან და სხვა მსგავს საკითხებთან დაკავშირებით კონსორციუმს უნდა მიმართონ.

„სხვა მხრივ, ამ პროექტში ამერიკული ინვესტიცია მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობას” - თქვა ელიზაბეტ რუდმა.

15 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული „კონტი ჯგუფი“ ტოვებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს.“

„არაფერია მომხდარი ისეთი, რამაც შეიძლება კრიტიკულად დააზიანოს ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტი. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას“ - განაცხადა 15 აგვისტოს კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა. მისი თქმით, კონსორციუმთან რჩება და პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს უმსხვილესი ამერიკული კომპანია „ესესეი მარინი.“

ირანის ტანკერი Grace 1 სახელისა და დროშის გამოცვლის შემდეგ დატოვებს გიბრალტარს

ირანის სანავთობო ტანკერს, რომელიც ექვსი კვირის წინ დააკავა გიბრალტარმა, სახელს და დროშას უცვლიან და ის გასამგზავრებლად ემზადება მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გემს პორტის დატოვება შეუძლია.

ირანის პორტებისა და საზღვაო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯალილ ესლამიმ 16 აგვისტოს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, რომ Grace 1, რომელიც გიბრალტარს 4 ივლისიდან ჰყავდა დაკავებული, ამიერიდან ირანის დროშით იცურებს. „მფლობელის თხოვნით, Grace 1 ხმელთაშუა ზღვისკენ აიღებს კურსს მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რესპუბლიკის დროშით შეეცვლება დროშა და დაერქმევა Adrian Darya,“ თქვა ესლამიმ. „გემი რუსული წარმომავლობისაა, ის პანამის დროშით ცურავდა და მასზე ორი მილიონი ბარელი ირანული ნავთობი იმყოფება,“ დასძინა მან.

გიბრალტარის მთავარმა მინისტრმა ფაბიან პიკარდომ მანამდე განაცხადა, რომ ექვსი კვირის წინ დაკავებულ სუპერტანკერს შეუძლია დატოვოს პორტი, როგორც კი მზად იქნება საამისოდ. ამასთან, გიბრალტარის უზენაესი სასამართლო განიხილავს აშშ-ის ნებისმიერ მცდელობას, ხელი შეუშალოს Grace 1-ის მიერ პორტის დატოვებას.

პიკადოს მიერ 16 აგვისტოს გაკეთებულ ამ კომენტარამდე აშშ-მა განაცხადა, რომ სუპერტანკერის ეკიპაჟს შეიძლება აშშ-ის ვიზებზე აკრძალვა დაუწესდეთ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, Grace 1 ეხმარება ირანის ისლამურ რევოლუციურ გვარდიას, რომელსაც ვაშინგტონი „ტერორისტულ ორგანიზაციად“ მიიჩნევს.

ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი ამბობენ, რომ კონკურსი დამთავრდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება

ანა დოლიძე, ნაზი ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის შემაჯამებელი ბრიფინგი სასამართლოს ფასადის ბანერის ფონზე გამართეს - პერფორმანსის მიზანი იმის ჩვენება იყო, რომ კონკურსი ფასადური იყო:

დღეს ვხედავთ ფასადურ მართლმსაჯულებას, ფასადურ სამართალდამცავ ორგანოებს, ფასადურ დემოკრატიას, ფასადურ სახელმწიფო მართვას. ჩვენ წინაშეა ვითომ სასამართლო, ვითომ პარლამენტი, ვითომ პრემიერი, ვითომ პროკურატურა. მე და ნაზი ჯანეზაშვილი შიშველი ხელებით ვიბრძოდით და ვიბრძვით, რომ გაგვეშიშვლებინა ეს ფასადი და თქვენთვის გვენახებინა, რომ სინამდვილეში საქმე არ გვაქვს სამართლიან სასამართლოსთან და სამართლიან მართლმსაჯულებასთან. ამ პროცესის ერთი ეტაპი დასრულდა, მაგრამ ბრძოლა გრძელდება ნამდვილი, სამართლიანი, დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, თუმცა მე და ნაზი ჯანეზაშვილი მარტო აქ ვერაფერს შევძლებთ. დღეს ჩვენ შევძელით და გაჩვენეთ ის, რომ თქვენ წინაშეა მხოლოდ და მხოლოდ ფასადი და სინამდვილეში ჩვენი სახელმწიფო უბრალოდ, ფუყეა“,- განაცხადა ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილთან ერთად „ფასადი“ სიმბოლურად გვერდზე გასწია, თუმცა დასძინა, რომ ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია ფასადის დანგრევა, ქართველი ხალხია.

თავის მხრივ, ბრიფინგზე ნაზი ჯანეზაშვილმა აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა დაადასტურა, რომ სისტემაში ავტორიტეტული მმართველობაა.

„ისინი ეცადნენ, რომ კონკურსის მეშვეობით შეექმნათ დემოკრატიული იმიჯი, მაგრამ გასაუბრების პროცესმა ცხადყო, რომ რეალურად, სისტემაში არის ანტიდემოკრატიული ტენდენციები და ვერც ერთმა მოქმედმა მოსამართლემ, რომელიც არის კონკურსანტი, ვერ შეძლო და ვერ გაბედა ეთქვა სიმართლე, რომ სისტემაში ერთი ადამიანის მმართველობაა და მას ჰქვია ჩინჩალაძე, რომელსაც ასევე მხარს უჭერს ლევან მურუსიძე. ეს არის ფასადური, ყალბი კონკურსი და მას საერთო არაფერი აქვს კონკურენციასთან “, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. მისი შეფასებით, პროცესმა კოსმეტიკური დანიშნულების მინიმალური სტანდარტიც კი ვერ დააკმაყოფილა.

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა კონკურსი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 აგვისტოს დასრულდა. გასაუბრება 49 კანდიდატმა გაიარა, მათგან საუკეთესო 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრით უნდა გამოავლინოს. კენჭისყრა, წინასწარი ინფორმაციით, აგვისტოს ბოლოს გაიმართება.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა რეგიონებში ხელმოწერების შეგროვება ბათუმიდან დაიწყეს

მედიკო მარგოშვილი და მალხაზ მაჩალიკაშვილი. ბათუმი, 2019 წლის 16 აგვისტო

პანკისის ხეობაში 2017 წელს ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა, მალხაზ მაჩალიკაშვილმა და მედიკო მარგოშვილმა ბათუმში დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ბათუმში ორ დღეს დარჩებიან. 16 აგვისტოს ისინი მოქალაქეთა ხელმოწერებს შეაგროვებენ „ანბანის კოშკთან,“ ხოლო 17 აგვისტოს, ბათუმის ცენტრალური პარკის შესასვლელთან. მალხაზ მაჩალიკაშვილს და მედიკო მარგოშვილს ხელმოწერების შეგროვებაში აქტივისტები ეხმარებიან.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ინფორმაციით, ბათუმიდან ზუგდიდში გაემგზავრებიან, შემდეგ ქუთაისში და საქართველოს სხვა რეგიონებსაც მოივლიან.

„ჩემი მთელი ოჯახიც რომ დაიჭირონ, ეს საქმე, ეს ბრძოლა მაინც ბოლომდე მივა. სახელმწიფომ უნდა აღიაროს ის შეცდომა, რაც ჩაიდინა მაჩალიკაშვილების ოჯახის წინააღმდეგ“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ივნისში, თბილისიდან დაიწყეს.

მალხაზ მაჩალიკაშვილის ცნობით, ამ დროისთვის 30 ათასზე მეტი ხელმოწერა აქვთ. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები პარლამენტში ინიციატივის წარსადგენად სულ მცირე 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ. მათი მოთხოვნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული ოპერაციის ობიექტურად გამოძიებაა. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ საპარლამენტო კომისიას შეუძლია იმის დადგენა, რომ მათი შვილი ტერორისტი არ ყოფილა.

ზესტაფონში გაიფიცნენ ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები

ზესტაფონის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული 150-მდე მუშა ხელფასების გაზრდას მოითხოვს და სამუშაო პირობებს „არასათანადოდ“ მიიჩნევს.

მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშრომლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.

"დღეში 22 ლარს ვიღებთ, აქედან ნაწილი ტრანსპორტირებაში გვეხარჯება. მოვითხოვთ დამატებითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ჰყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

გაფიცულების განცხადებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს რამდენიმე თანამშრომელი გაფიცულთა მიმართ სოლიდარობისთვის. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. კომპანიამ სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები გასაცნობად კომპანიის ხელმძღვანელობას გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს გაცნობის შემდეგ მიაწვდიან.

ელიზაბეტ რუდი: აშშ მოუწოდებს რუსეთს საქართველოდან გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები

ელიზაბეტ რუდი

აშშ რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

„ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება შეწუხებულია იმით, რომ სოფელ გუგუტიანთკარში, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ განაახლა ღობის გავლების სამუშაოები. რა თქმა უნდა, ეს უარყოფითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეჩერდეს ეს პროცესი. ასევე რუსეთს მოვუწოდებთ, დაემორჩილოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები“ - უთხრა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა ზუგდიდში, სადაც პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად ფერმერებს შეხვდა.

შეკითხვას, რამდენად ეფექტურად რეაგირებს საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან შექმნილ პრობლემაზე, რუდმა უპასუხა, რომ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის აშშ და ჟენევის ფორმატის მონაწილეები საქართველოს მთავრობასთან ერთად აქტიურად არიან ჩართული ამ პროცესში და მუშაობენ.

„ყველას ვურჩევდი, კრიტიკის ნაცვლად გაერთიანდნენ ამ პრობლემის წინააღმდეგ და მის მოსაგვარებლად“ - თქვა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

WSJ: პრეზიდენტი ტრამპი გრენლანდიის ყიდვითაა დაინტერესებული

გრენლანდია

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თავის მრჩევლებთან არაერთხელ განუხილავს დანიისგან გრენლანდიის შეძენის შესაძლებლობა - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს თეთრ სახლში თავის წყაროებზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, ოფიციალურ, თუ დაახლოებულ წრეებთან შეხვედრებზე ტრამპი ინტერესდებოდა, შეუძლია თუ არა აშშ-ს გრენლანდია კანონიერად იყიდოს, პასუხებსაც ყურადღებით ისმენდა და ხაზს უსვამდა გრენლანდიის დიდ ბუნებრივ რესურსებს და გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვან მდებარეობას.

The Wall Street Journal-ის ცნობითვე, პრეზიდენტმა თეთრი სახლის იურისტებსაც მიმართა საკითხის სამართლებრივი ასპექტების შესასწავლად. გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპს ინტერესი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გაიგო, რომ დანიას თავისი ავტონომიური ოლქის - გრენლადნიის დაფინანსება გაუჭირდა. საუბარია ყოველწლიურად 591 მილიონ დოლარზე.

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, სექტემბერში დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით კოპენჰაგენში მიემგზავრება, თუმცა დღის წესრიგში გრენლანდიის საკითხი შეტანილი არ არის.

დანიის ავტონომიურ ოლქში - გრენლანდიაში 56 ათასი ადამიანი ცხოვრობს. აქ მდებარეობს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა.

აშშ-ს გრენლანდიის შეძენის იდეა პირველად გაუჩნდა 1867 წელს, როცა რუსეთისგან ალიასკა იყიდა. 1946 წელს, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა დანიას გრენლანდიისთვის 100 მილიონი დოლარი შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

მურატ ჯიოევი: ოსი მესაზღვრეები ერთი მეტრითაც კი არ გადადიან ქართულ მხარეზე

მურატ ჯიოევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევმა დასავლეთისთვის განკუთვნილი პიარ-აქცია უწოდა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებს, რომელიც მოჰყვა სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლებას.

ჯიოევმა სააგენტო „რეს“-ს განუცხადა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს უსაფუძვლოდ ადანაშაულებს იმაში, რომ "საზღვრის" მოწყობის სამუშაოებში რუსი სამხედროები მონაწილეობენ.

მურატ ჯიოევის თქმით, საქართველოს ხელისუფლება კვლავ ცდილობს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე არაკეთილსინდისიერად წარმოაჩინოს სამხრეთ ოსეთში რუსების ყოფნა.

ჯიოევის მტკიცებით, „საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის საინჟინრო ნაგებობებით მონიშვნას აწარმოებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახური“ და ამ სამუშაოებთან რუს მესაზღვრეებს არანაირი კავშირი არ აქვთ.

მურატ ჯიოევის განცხადებით, რუსეთსა და „სამხრეთ ოსეთს“ შორის არსებული შეთანხმებით, რუსი მესაზღვრეები მხოლოდ „სახელმწიფო საზღვრის დაცვას უზრუნველყოფენ." ჯიოევის მტკიცებით, სამუშაოების წარმოებისას ოსი მესაზღვრეები ითვალისწინებენ ადგილობრივ მცხოვრებთა ინტერესებს და „ერთი მეტრითაც კი არ გადადიან ქართულ მხარეზე.“

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს არ სურს აღიაროს რეგიონში არსებული რეალიები და არ სურს დაინახოს, რომ მის გვერდით რეალურად არსებობს აღიარებული სახელმწიფო - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა.

ჯიოევის თქმით, ქართულ მხარეს არაერთხელ შესთავაზეს ერთობლივი მუშაობა სასაზღვრო ხაზის მოსანიშნად და ოფიციალურად მიმართეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებსაც, მაგრამ პასუხად მიიღეს დუმილი, დაუსაბუთებელი ბრალდებები და შეურაცხყოფა.

"ნოვიჩოკის" კვალი კიდევ ერთი ბრიტანელი პოლიციელის სისხლში აღმოჩნდა

სერგეი სკრიპალის ყოფილი სახლი სოლსბერიში

დიდი ბრიტანეთის პოლიციის ინფორმაციით, „ნოვიჩოკის“ სახელით ცნობილი მომწამლავი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, ბრიტანეთის აგენტის, სერგეი სკრიპალის მოწამვლის საქმის გამოძიებაში ჩართული კიდევ ერთი პოლიციელის სისხლში.

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში მოწამლეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში.

სკოტლენდ-იარდის განცხადებით, პოლიციელს მოწამვლის ნიშნები თავიდანვე აღენიშნებოდა, თუმცა, მაშინ სისხლში „ნოვიჩოკის“ კვალი არ აღმოუჩენიათ, მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და სამსახურს დაუბრუნდა. პოლიციელის სისხლში მომწამლავი ნივთიერების უმნიშვნელო კვალი პორტონ-დაუნის ლაბორატორიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებულმა საექსპერტო-კრიმინალისტურმა კვლევამ გამოავლინა.

დღემდე დადასტურებული იყო, რომ სერგეი და იულია სკრიპალების გარდა,„ნოვიჩოკით“ მოიწამლნენ პოლიციელი ნიკ ბეილი და სოლსბერის მახლობლად მცხოვრები ჩარლი როული და დონ სტერჯესი. ექიმებმა სტერჯესის გარდა ყველას გადარჩენა შეძლეს.

დიდი ბრიტანეთი სკრიპალებზე თავდასხმაში რუსეთს ადანაშაულებს. გამოძიების ინფორმაციით, ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვლი იულია „ნოვიჩოკით“ მოწამლეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრებმა, ანატოლი ჩეპიგამ და ალექსანდრ მიშკინმა. რუსეთი ამას დღემდე უარყოფს.

მამუკა ხაზარაძე გუგუტიანთკარელ გივი რაზმაძეს ახალ სახლს პირდება

მამუკა ხაზარაძე

გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ თანადამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის. ამ ომს თავისი გმირები ჰყავს - იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა. ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები. ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. ამიტომ გუგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება“ - წერს ფეისბუკზე მამუკა ხაზარაძე.

"თიბისი ბანკის" თანადამფუძნებელი ქართულ ბიზნესს თხოვს, დაეხმარონ გუგუტიანთკარში მცხოვრებ ადამიანებს: „ქართული კერა არ მოიშლება, ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, საქართველო გაერთიანდება.”

რუსეთის საოკუპაციო ძალებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის განაპირას 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი. ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა.

ამ ოჯახებმა სახელმწიფოსგან ფინანსური კომპენსაცია მიიღეს. რაზმაძეები ამჟამად ცხოვრობენ გორში, სადაც მიწის ნაკვეთი შეიძინეს და პატარა სახლი ააშენეს.

გუგუტიშვილები სოფელში დარჩნენ და გუგუტიანთკარის ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობენ.

საოკუპაციო ხაზით გაყოფილ გუგუტიანთკარში უცხოელი დიპლომატები ჩავლენ

გუგუტიშვილების სახლი, რომელსაც წინ ე.წ. საზღვარს უვლებენ

საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დღეს ჩავლენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს 7 აგვისტოდან გაჰყავთ ე.წ. საზღვარი.

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სოფლის განაპირას მდებარე ორი სახლი და მიწის ნაკვეთები. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ნახევრად დანგრეული სახლები გუგუტიშვილების და რაზმაძეების საკუთრებაა. 15 აგვისტოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ოჯახები გააფრთხილეს, რომ თუ სახლებში რაიმე დარჩენილი აქვთ, გასატანად სამი დღე აქვთ.

ე.წ. საზღვრის გავლების შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა სარწყავი ნაგებობაც, რომელიც წყლით ამარაგებს გუგუტიანთკარს და ახლომდებარე სოფლებს.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ "საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის" გავლებისას ხელმძღვანელობს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების რუკით.

საქართველოს ხელისუფლება ქმედითი ზომების მიღებას საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვს და რუსეთს მიმართავს, შეწყვიტოს საქართველოს საწინააღმდეგო უკანონო ქმედებები.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG