Accessibility links

ახალი ამბები

ზვიად ქორიძე: ქვეყანაში შეგვრჩება მხოლოდ ერთსახოვანი მედიაგარემო

მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე მოელის, რომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით 18 ივლისს სწრაფი ტემპით განვითარებული მოვლენები ასევე სწრაფი ტემპით დააზარალებს მედიაგარემოსა და დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში.

„დღეს ჩვენ ფორსირებულად ვიღებთ პროცესს, როდესაც ინგრევა მედია-პლურალისტული გარემო და ჩვენ შეიძლება ძალიან მალე, ასევე დაჩქარებული ტემპით, ქვეყანაში შეგვრჩეს მხოლოდ ერთსახოვანი მედიაგარემო, სადაც ერთი და იგივე ინფორმაციას მოვისმენთ და ერთი და იგივე შინაარსის, კონტექსტის მქონე თოქშოუებს ვნახავთ.

ეს არის, სამწუხაროდ, გარდაუვალი რეალობა. რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული წინააღმდეგობა ჩვენი იმ კოლეგებისგან, რომლებიც ამ პოზიციას არ იზიარებენ, მაგრამ არსებითი გადაწყვეტილება იქნება მენეჯმენტის მისაღები და მენეჯმენტი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აწყობს ამ პოლიტიკურ დაკვეთას. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მედიაექსპერტმა, ზვიად ქორიძემ.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ის ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა ამბობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მესაკუთრედ არ გამოუცხადებია ქიბარ ხალვაში - ეს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააკეთა.

ამ ეტაპზე ზვიად ქორიძე არ არის დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულად ემხრობა ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2“-ის მესაკუთრის როლში.

„ჩვენ ვაკვირდებით უცნაურ კაზუსებს... მაგალითად, გენერალურმა პროკურატურამ გაუხანგრძლივა ხანდაზმულობის ვადა დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს მათ დავაში „რუსთავი 2“-ის საკუთრებისთვის...

ორიოდე დღის წინ კი, ასევე გენერალურ პროკურატურას მიმართა აქამდე არსებულმა ერთ-ერთმა მესაკუთრემ, 9%-იანი წილი მქონემ, შესაბამისი პროცედურების დასაწყებად ნიკა გვარამიას წინააღმდეგ.

ანუ თავად ხელისუფლებაც არ არის ბოლომდე დარწმუნებული და ჩამოყალიბებული ღირს თუ არა, რომ ქიბარ ხალვაში იყოს მესაკუთრე... შეიძლება ახალი პროცესი დაიწყოს პროკურატურამ, ახლა უკვე არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვების სასარგებლოდ...“, - ამბობს ზვიად ქორიძე.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

აქციის 29-ე დღე - "რუსთავი 2"-ის ქიბარ ხალვაშისთვის გადაფორმების ფონზე

ანტისაოკუპაციო აქცია "სირცხვილიას" 29-ე დღე რუსთაველის გამზირზე თავისუფალ მედიას მიეძღვნა. საპროტესტო აქცია, რომლის მთავარი მოთხოვნა შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომაა, ყოველდღე სხვადასხვა თემას ეძღვნება.

18 ივლისს, აქციის მონაწილეები ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

მედიის მკვლევარის, ნინო დანელიას განცხადებით, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რატომ არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში კრიტიკული მედიის არსებობა:

"როდესაც ვამბობთ, რომ "რუსთავი 2" ჩვენია ეს ზუსტდა ამას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი მედია ქვეყანაში უნდა არსებობდეს, ჩვენ ეს გვჭირდება".

აქციის მონაწილეებს მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამააც და ყველა ჟურნალისტს გამოუცხადა სოლიდარობა: "ჩვენთვის მთავარია თავისუფალი სიტყვა და ამას არ დავთმობთ".

"რესპუბლიკელი" დავით ზურაბიშვილის სიტყვებით კი, ხელისუფლებას არ გამოუვა თავისუფალი სიტყვის ჩახშობა და ვერც ბიძინა ივანიშვილი მიაღწევს მიზანს - ტელევიზორში, როგორც ზღაპრულ ჯადოსნურ სარკეში ის დაინახოს, რაც თავად ესიამოვნება.

რუსთაველზე მიმდინარე აქციების დაწყებიდან 20 ივლისს 1 თვე გადის. ამ დღეს ორგანიზატორები დიდი აქციის ჩატარებას გეგმავენ.

ლავროვი: მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს პროქართული არხი

18 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა უპასუხა რუსთავი 2-ის კორესპონდენტის შეკითხვას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ.

ლავროვის პასუხის თაობაზე მცირედ განსხვავებულ ცნობებს ავრცელებენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანი და რუსული საინფორმაციო სააგენტოები.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივნის, მარია ზახაროვას მიხედვით, რუსთავის 2-ის შეკითხვაზე, რამდენადაა საჭირო საქართველოში დამოუკიდებელი პროდასავლური არხი, კრემლის საგარეო უწყების ხელმღვანელმა განაცხადა, რომ მისი აზრით, მნიშვნელოვანია, საქართველოში იყოს პროქართული არხი.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო "ტასსის" ცნობით კი, ლავროვმა რუსთავი 2-ის კორესპონდენტის წარდგენას "მე წარმოვადგენ პრო-დასავლურ ტელევიზიას", კითხვის დასვამდე უპასუხა, რომ მას იგი პროქართული ეგონა;

"ტასსის" ინფორმაციით, ლავროვმა კითხვაზე სტრასბურგის გადაწყვეტილების შესახებ, განაცხადა, რომ მას არ სმენია, რა გადაწყვიტა სასამართლომ და აღნიშნა, რომ ბოლო ხანს საქართველოში მომხდარი მოვლენების თაობაზე, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს ეხება, არაერთხელ ითქვა პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ. ლავროვის თქმით, „გვსურს საქართველოს ხალხთან, გვქონდეს მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ არ მოგვწონს მცდელობები, მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთი, მათ შორის დამოუკიდებელი პროდასავლური საშუალებები, გამოყენებულ იქნეს რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოტენციალის გასანადგურებლად".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი, იტყობინება „რია ნოვოსტი“. ცნობით, ლავროვმა გერმანიაში ვიზიტად ყოფნისას, თქვა, რომ ამ [ რუსთავი 2-ის შესახებ] გადაწყვეტილების შესახებ არაფერი სმენია, "მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს საქართველოს საქმეა. ნებისმიერი სიტუაცია, რომლებიც ეხება საქართველოს შიდა საქმეს, ამ სამართლის საფუძველზე უნდა წყდებოდეს... მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“.

2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და განაცხადა, რომ ქართულ სასამართლოებში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა.

რუსთავი 2-ის წამყვანი არხის გენერალურ დირექტორს: თუ მოხვალთ კონტრაქტებით, გენდობით

რუსთავი 2-ის ახალ გენერალურ დირექტორს, პაატა სალიას, რომელიც ტელეკომპანიის „ნიუსრუმში“ ჟურნალისტებს შეხვდა, არხის ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა უთხრა, რომ „თუ თქვენ ხვალ მოხვალთ 2-წლიანი კონტრაქტებით, რომლითაც მოგვცემთ გარანტიას, რომ პირობითად, „რუსთავი 2“-ის 10 თანამშრომელს, რაც არ უნდა გააშუქონ, ტელევიზიიდან ვერავინ მოხსნის, მათ შორის, კონტრაქტი შეეხება ნიკას გვარამიას, როგორც წამყვანს, მე პირადად თქვენ გენდობით, - ასე მიმართა ნანუკა ჟორჟოლიანმა სალიას, რომლის პასუხად,სალიამ თქვა, რომ მისი აზრით, ჟორჟოლიანის ამ განცხადების შემდეგ, შესაძლოა, მათ შორის კონსტრუციული საუბარი დაიწყოს.

როგორც სალიამ აღნიშნა, მათ შორის შეთანხმება მხოლოდ ნიკა გვარამიას ტელეკომპანიაში დატოვებაზე ვერ შედგება.

„მე ვფიქრობ, რომ ახლა პირველი ნაბიჯი გადაიდგა იქითკენ, რომ რაღაც კონსტრუქციული საუბარი დავიწყოთ. მე გავიგე რაზეც საუბრობთ. კონტრაქტი ასე მარტივად არ დგება. ობიექტურად რომ შევხედოთ, როგორ წარმოგიდგენიათ ახლა, მესაკუთრე იცვლება და კომპანიაში ტოვებს ისევ ძველ დირექტორს, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში მის წინააღმდეგ ახორციელებდა მოქმედებებს და ხელს უშლიდა კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულებაში?! ქიბარ ხალვაშს არ წამოუდგენია, რომ ნიკა გავრამიასთან მას შეუძლია თანამშრომლობა. სხვა დანარჩენთან დაკავშირებით მას პრეტენზია არ გამოუხატავს“, - მიმართა სალიამ ჟორჟოლიანს.

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა პაატა სალიასგან ვერ მიიღეს პასუხი სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებთან დაკავშირებით

„რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიის შენობაში დაახლოებით 40 წუთი დაჰყო. მას ბევრი შეკითხვით მიმართეს „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა.

არხის ახალმა გენერალურ დირექტორმა ვერ გასცა პასუხი მათ მთავარ შეკითხვას - რა გარანტიები არსებობს იმისათვის, რომ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს შეუნარჩუნდებათ სარედაქციო დამოუკიდებლობა, რის პირობასაც დებს არხის ახალი მესაკუთრე, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში.

პაატა სალიას პასუხი იყო ის, რომ ყველაფერი სწრაფად მოხდა, მზად არ არის კონკრეტული გეგმა და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით დეტალები არხის თანამშრომლების ჩართულობით, სამუშაო შეხვედრაზე უნდა გადაწყდეს.

„გვინდა სამუშაო პროცესის დაწყება და ამ საკითხებზე შეჯერება ერთობლივად თქვენთან, თანამშრომლებთან, მენეჯმენტთან და ასე შემდეგ... მე ხომ უნდა ვიცოდე, თქვენთვის მისაღები ინსტრუმენტი რა არის?! მე აქ მოვედი პირველ რიგში იმისთვის, რომ არ მოხდეს კომპანიის მუშაობის შეფერხება... მე დღეს მოვედი ერთადერთი ამოცანით, რომ გავცნობოდი მენეჯმენტს, ვინც ახორციელებს ყოველდღიურ საქმიანობას... რომ ხვალ რაიმე პრობლემა არ იყოს ფინანსების თვალსაზრისით, ანგარიშსწორების თვალსაზრისით“, - უთხრა პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებს.

სალიამ არ გასცა პასუხი მათ კიდევ ერთ შეკითხვას - მოსწონს თუ არა ახალ გენერალურ დირექტორს არხის სარედაქციო პოლიტიკა და ეთანხმება თუ არა მკვეთრად კრიტიკულ განწყობას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ.

„რუსთავი 2“-ს შენობაში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ პაატა სალია და არხის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

„შენ, პაატა, აქ ცივილიზებულად ვერ მოხვალ, შენ ხარ თანამშრომელი აფხაზეთიდან შენი გამომგდების და იქ ჩვენი ნათესავებისა და მეგობრების ამომწყვეტის... ეს არის რუსული რეჟიმის დამკვიდრება“, - უთხრა სალიას გვარამიამ.

„დღეს გელაპარაკები სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად და თუ არ გაინტერესებს სასამართლოს გადაწყვეტილებები, კარგად ბრძანდებოდე... გადაწყვეტილებების შეუსრულებლობაც შეიძლება ადამიანის არჩევანი იყოს“, - უთხრა სალიამ გვარამიას.

„ვერ მიიღებთ მაგ ფუფუნებას ვერც შენ და ვერც შენი მოღალატე დამფუძნებელი... დამნაშავეა და ციხეში დაასრულებს აუცილებლად, გერმანიის მოქალაქეობა ვერ უშველის, პირობას გაძლევ... არანაირი ფუფუნება არ გექნებათ წინააღმდეგობის გაწევის“, - განაცხადა გვარამიამ ქიბარ ხალვაშის შესახებ.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე, ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

არასამთავრობოები: „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა

საქართველოს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ "რუსთავი 2"-ის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ შეიქმნა ახალი მოცემულობა, რომელიც "ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის".

განცხადების ავტორები წერენ საქართველოს მედიაგარემოში "რუსთავი 2"-ის მნიშვნელოვან როლზე. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დღეს მნიშვნელოვანია ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მათი შრომითი უფლებების დაცვა.

ამასთან, ხელმომწერი ორგანიზაციები თვლიან:

"ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე".

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები აგრძელებენ მედიასფეროში, განსაკუთრებით "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესების მონიტორინგს.

სალომე ზურაბიშვილი: „სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება საქართველოს შესახებ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებებს, რომელთა შესახებაც ინფორმაცია 18 ივლისს გავრცელდა:

„დღეს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ესე იგი ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო. ამ გადაწყვეტილებით მან აღიარა განხილული საქმის მიმართ, საქართველოს სასამართლოს მიუკერძოებლობა და მისი გადაწყვეტილებების სამართლიანობა. ამით ნდობა გამოუცხადა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემას. ეს ნდობა ძლიერ საფუძველს უქმნის სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის წამოწყებას და შესაბამისად, ჩვენი დემოკრატიის გაძლიერებას.

მიღებული გადაწყვეტილებებით, სტრასბურგის სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორ პრინციპს, რომელზეც დგას დემოკრატია და ევროპა: კერძო საკუთრებისა და ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობას. როგორც კონსტიტუციით ამ უფლებების დამცველი, მე სრულიად ვიზიარებ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების სულისკვეთებას და ამ პრინციპების გატარების აუცილებლობას. ასევე მჯერა, რომ საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც ერთერთ მთავარ დემოკრატიულ პრინციპს, საფრთხე არ დაემუქრება“.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ერთ-ერთ ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანია "პანორამას" მიაკუთვნეს.

ქიბარ ხალვაშმა ცვლილებები სამაუწყებლო კომპანიის მფლობელობაში საჯარო რეესტრის მეშვეობით გადაწყვეტილების გამოცხადების დღესვე დაარეგისტრირა, ჩაატარა პარტნიორთა კრება და შეცვალა არხის გენერალური დირექტორი.

სახალხო დამცველი "რუსთავი 2"-ის საქმის გამო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია გამოეხმაურა 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქმეზე „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 და სხვები საქართველოს წინააღმდეგ".

განცხადებაში წერია, რომ "უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საქმეში საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებისა და პლურალისტული მედია გარემოს დაცვისა და უზრუნველყოფის საკითხი. სწორედ აღნიშნულ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს სახალხო დამცველმა ზემოაღნიშნულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსათვის წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში. როგორც სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ სამწუხაროდ, გარკვეული პროცედურული გარემოებების გათვალისწინებით, ევროპულ სასამართლოს არ მიეცა სამაუწყებლო კომპანიის გამოხატვის თავისუფლების სავარაუდო დარღვევის საკითხზე არსებითად მსჯელობის შესაძლებლობა.

საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ჯანსაღ მედია გარემოს სასიცოცხლო ფუნქცია გააჩნია; თავისუფალი მედია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მესაკუთრეთა ნაწილში უკვე განხორციელებული ცვლილებები, უარყოფითად არ აისახება ქვეყანაში პლურალისტურ მედია გარემოს შენარჩუნებაზე და ამავე დროს უზრუნველყოფილი იქნება კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება".

„რუსთავი 2“ ახალი ხელმძღვანელი: უნდა გავიგოთ, რა გადაიბარა ამ კომპანიის სახით ქიბარ ხალვაშმა

მე არ ჩავერევი „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში, ვაპირებ შევისწავლო არხის სამართლებრივი და ფინანსური მდგომარეობა, - განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტზე ქიბარ ხალვაშის მიერ 18 ივლისს დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ ტელეკომპანიაში მისვლისას. სალია „რუსთავი 2“-ში 20:00 საათისთვის მივიდა.

„სარედაქციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშმაც გააკეთა განცხადება, რომ ის არ აპირებს ჩაერიოს... სრული დამოუკიდებლობა და თავისუფლება გექნებათ. მე ამ მიმართულებით კონკრეტული ამოცანა მაქვს განსაზღვრული, რომ ამ მიმართულებით არ უნდა ჩავერიო, არ უნდა შევეხო საერთოდ ამ სფეროს. ჩემი სფეროა, რომ შევისწავლო სამართლებრივი მდგომარეობა, შევისწავლო ფინანსური მდგომარეობა... რა თქმა უნდა, მე მარტო არა, ამას სჭირდება სპეციალისტები, მოწვეული, მაქსიმალური გამჭვირვალობით. ვეცდებით, რომ შევისწავლოთ, გავიგოთ, რა გადაიბარა ამ კომპანიის სახით ქიბარ ხალვაშმა, რომ შემდგომი შეუფერხებელი განვითარების გეგმა განვსაზღვროთ“, - განაცხადა პაატა სალიამ.

18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, დაჩქარებული ტემპებით მოხდა გადაწყვეტილებების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. თავდაპირველად მოხდა „რუსთავი 2“-ის ახალი მესაკუთრის, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება. შემდეგ კი, მისი გადაწყვეტილებით, არხის გენერალური დირექტორის პოსტზე ნიკა გვარამია ადვოკატმა პაატა სალიამ ჩაანაცვლა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

ნიკა გვარამიამ პაატა სალიასთან შეხვედრაზე უარი თქვა

პაატა სალია შედის "რუსთავი 2"-ის შენობაში

ნიკა გვარამიამ უარი თქვა „რუსთავი 2“-ის ახალ გენერალურ დირექტორთან, პაატა სალიასთან შეხვედრაზე, რომელზეც სალიას სურდა ტელეკომპანიაში არსებული ვითარების გაცნობა.

დირექტორის მისაღებში სალიასთან საუბრისას გვარამიამ მას კოლაბორაციონისტი უწოდა.

„ლავროვის მოთხოვნით და ბიძინა ივანიშვილის უზრუნველყოფით აქ შემოვარდნილ ადამიანს რა უნდა ვეკონტაქტო. ჩვეულებრივი კოლაბორაციონისტი ხარ“ - უთხრა გვარამიამ სალიას, რაზეც მან უპასუხა: „აბსურდში გადადიხარ.“

შეხვედრაზე ნიკა გვარამიას უარის შემდეგ პაატა სალიამ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ „ნიკა არ აპირებს თანამშრომლობას. ნიკა არ არის უკვე გენერალური დირექტორი და მას არ შეეძლება ამ ფუნქციების განხორციელება. მე მსურს შევხვდე იმ ადამიანებს, ვინც ადეკვატურად აფასებს რეალობას, ვინც ხედავს, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება რომ საქართველოში მიღებული გადაწყვეტილებები სწორია, რომ ეს ტელეკომპანია ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს."

ნიკა გვარამიას უარის შემდეგ პაატა სალიამ გადაინაცვლა „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის „ნიუსრუმში.“

თამარ ჩუგოშვილი: „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ცალსახაა

თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ცალსახაა და არ ტოვებს არავითარ სივრცეს ინტერპრეტაციისთვის.

„გაოგნებული ვარ იმ შეფასებებით რასაც ვისმენ. ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის მიერ გაჟღერებული პოზიციის მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განპირობებულია ვლადიმერ პუტინის ევროპულ სტრუქტურებში გავლენით ან კორუფციით. ასევე სრულიად გამაოგნებელია, ზოგიერთი პასუხისმგებლიან პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონე პირის საჯარო მოწოდება რომ სახელმწიფომ არ აღასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება“ - წერს ფეისბუქზე თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განმარტებით, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ან შესრულებისათვის ხელის შეშლა ისჯება თავისუფლების აღკვეთით.“

ჩუგოშვილის განცხადებითვე, „სრულიად გაუგებარია, რა პოლიტიკურმა კონიუნქტურამ უნდა გაიძულოს პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსი, საჯარო მოხელე წააქეზო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე. მითუმეტეს, იმ პირობებში როდესაც საქმე ეხება ქართული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის აღსრულებაზე დაწესებული შეზღუდვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო გააუქმა და ეს გაუქმება არ საჩივრდება.“

თამარ ჩუგოშვილი ასევე, წერს, რომ „სამწუხაროდ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმემ საინფორმაციო სივრცეში დაჩრდილა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული 2 უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, (ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ, გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ). აღნიშნულ საქმეებში საქართველო დამარცხდა წინა ხელისუფლების ძალადობრივი და კრიმინალური ქმედებების გამოისობით.“

ევროპის პარლამენტი მოუწოდებს რუსეთს, გაათავისუფლოს დაკავებული უკრაინელები

ევროპის პარლამენტმა ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომელშიც მოუწოდებენ რუსეთის ხელისუფლებას, „გადადების გარეშე და უპირობოდ გაათავისუფლოს რუსეთსა დაუკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსამართლოდ დაკავებული უკრაინის მოქალაქეები“.

რეზოლუციაში, რომელსაც არ აქვს იურიდიული ძალა, და რომელსაც 18 ივლისს მიემხრო ორგანოს ყველა დიდი ჯგუფი, ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო დაბრუნება უკრაინაში ყველასი, მათ შორის დემონსტრანტებისა, რომლებიც რუსეთმა მოსკოვში, წითელ მოედანზე დააკავეს 10 ივლისს და უკრაინის სამხედრო ფლოტის 24 მეზღვაურისა, რომლებიც დააკავეს ქერჩის სრუტეში 2018 წელს.

ეს რუსეთის შესახებ პირველი ტექსტი იყო, რომელიც მიიღო ევროპის პარლამენტმა ახალმა შემადგენლობამ.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთს, გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის სია და უზრუნველყოს მათი იოლი კავშირი ახლობლებსა და ადვოკატებთან. რეზოლუციის თანახმად, რუსეთის სასამართლოებს არ აქვთ უფლებამოსილება რუსეთის ტერიტორიის გარეთ მომხდარი ქმედებების განხილვისა.

რეზოლუცია შეიცავს სხვა მოთხოვნებს, როგორიცაა ევროპის კავშირის მიერ რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ ყირიმში პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლო პროცესებზე მეთვალყურეობა, ასევე მათ მიმართ სანქციების დაწესება, ვინც რუსეთსა და ყირიმში პოლიტპატიმრების დაკავებისთვისაა პასუხისმგებელი.

პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს რუსეთში უვადოდ ყოფნის უფლება მისცა

ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან "მოკავშირეობის და ინტეგრაციის ხელშეკრულების" დამატებით, რატიფიცირებულ ოქმს, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მცხოვრებთ აძლევს რუსეთის ტერიტორიაზე უვადოდ ყოფნის უფლებას.

2018 წლის ნოემბერში, მოსკოვში ხელმოწერილ "ოქმს" რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა 2019 წლის ივნისში, ხოლო ფედერაციის საბჭომ 10 ივლისს.

პუტინის მიერ "ოქმის" ხელმოწერამდე ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მოქალაქეებს“ რუსეთში უვიზოდ ყოფნა შეეძლოთ 180 დღიან პერიოდში 90 დღის განმავლობაში.

ეს "დოკუმენტი" ე.წ. სამხრეთ ოსეთში უვადოდ ყოფნის უფლებას აძლევს რუსეთის მოქალაქეებსაც.

პაატა სალია „რუსთავი 2“-ში დღესვე მივა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ახალი დირექტორი პაატა სალია საკუთარი ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ კომპანიაში მისვლას დღესვე გეგმავს.

"ვიმედოვნებ, რომ თანამშრომლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულ რეჟიმში წარიმართება" - წერს სალია.

​სალია წერს რომ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის პარტნიორთა გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი და დირექტორის თანამდებობაზე თავად დაინიშნა.

სალია ასევე წერს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ "ჟურნალისტებმა საკუთარი პროფესიული საქმიანობა განაგრძონ მშვიდად და თავისუფლად, „რუსთავი 2“-მა კი ჩვეულ რეჟიმში იმაუწყებლოს":

"ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც, რომ კომპანიამ შეუფერხებლად განაგრძოს ფინანსურ-ეკონომიკური საქმიანობაც. ამის უზრუნველსაყოფად, პირველ რიგში, მე დღესვე დავუკავშირდები ტელეკომპანიის მენეჯმენტს და მათთან ერთად ვგეგმავ, ცივილურ რეჟიმში დავიწყო ტელეკომპანიაში არსებული ფინანსური ვითარების გაცნობა და პასუხისმგებლობების გადმობარების პროცესი. როგორც არხის მეპატრონემ განაცხადა, ჟურნალისტების საქმიანობას არავითარი პრობლემა და შეზღუდვა არ ექნება", - წერს პაატა სალია.

გვარამია: „რუსთავი 2“ ისე გადაიფორმეს, როგორც ოროთახიანი „ხშუშჩოვკა“

„ცოტა ხანში ვეტყვით საზოგადოებას რა მოხდება“, - უთხრა „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ამავე არხის უკვე ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, დამაბნეველი იყო არა მხოლოდ თავად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, არამედ უცხოელი პარტნიორების დუმილი და ჯერჯერობით თავშეკავება.

გვარამიას განცხადებით, სრულიად არადამაბნეველი და გასაგებია ლავროვის, დუმის და პუტინის მოთხოვნით ბიძინა ივანიშვილის მიერ დახურვა მისი მთავარი საძულველი არა არხის, არამედ მიზნის:

„ისე გადაიფორმეს „რუსთავი 2“ ერთ საათში, როგორც ოროთახიანი „ხრუშჩოვკა“, - თქვა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვამია ამბობს, რომ ჯერჯერობით არც ხელისუფლების შემაკავებელი ბარიერები ჩანს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორებისგან, ვისაც პროცესების შეკავება შეუძლია.

„რუსთავი“-ის ყოფილი დირექტორი ასევე ამბობს, რომ ის აუცილებლად მოიგებს მის კონტაქტთან დაკავშირებულ დავას და აიღებს იმ 5 მილიონ პირგასამტეხლოსაც, რომელიც მის კონტრაქტშია ჩადებული და რომელსაც ისევ ახალ ტელევიზიაში ჩადებს, თუმცა ამას გარკვეული დრო დასჭირდება.

„რაც შეეხება „რუსთავი 2“-ს - ეს ტელევიზია ქიბარ ხალვაშის იქნება იმ ვადით, რა ვადითაც არის ეს ხელისუფლება ქვეყნის სათავეში. ამის შემდეგ ეს სიტუაცია ერთ დღეში ამოტრიალდება“, -განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"რუსთავი 2"-ის გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს მიმართა და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ჩანაცვლება ოფიციალურად მოითხოვა, რაც საჯარო რეესტრმა დაუკმაყოფილა კიდეც.

ყანდაარის პოლიციის შენობაზე თვითმკვლელის იერიშის შემდეგ მეამბოხეებმა შენობას შეუტიეს

მეამბოხეებმა პოლიციის შენობას შეუტიეს ყანდაარის მას მერე, რაც შესასვლელთან თვითმკვლელმა ბომბი ააფეთქა მანქანაში.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლმა, ბაჰირ აჰმადიმ რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს უთხრა, რომ 18 ივლისის თავდასხმისას რამდენიმე მეამბოხე შევიდა შენობაში და სროლა დაიწყო მათსა და პოლიციის და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის, გვიან ნაშუადღევს.

შეტაკების მსხვერპლის თაობაზე დეტალები არ გაუვრცელებიათ. პასუხიმგებლობა იერიშის გამო არავის უკისრია. ბოლო ხანებში ამ ტიპის თავდასხმებს თალიბანი ახორციელებს. ავღანეთში ძალადობის ზრდის ფონია წინსვლა აშშ-ის მცდელობაში, შუამავლობა გასწიოს მოლაპარაკებისას, რომელის მიზანი 18 წლიანი ომის დამთავრებაა.

ირანის ტელევიზია: რევოლუციურმა გვარდიამ უცხოეთის ტანკერი დააკავა ჰორმუზის სრუტეში

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ქვეყნის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა ჰორმუზის სრუტეში 14 ივლისს დააკავა უცხოეთის სახელმწიფოს ტანკერი, რომლის ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი იყო.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, ტანკერს უცხოელი კლიენტებისთვის გადაჰქონდა ირანელი კონტრაბანდისტების საწვავი და დააკავეს კუნძულ ლორაქის სამხრეთში, სტრატეგიული მნიშვენლობის ჰორმუზის სრუტეში. რევოლუციური გვარდიის საინტერნეტო საიტი იტყობინება, რომ ტანკერი, რომელსაც ირანული გემებისგან გადაქაჩული, ორი მილიონი ბარელის ოდენობის კონტრაბანდისტული ნავთობი გადაჰქონდა სხვა რეგიონში, დააკავეს.

ცნობაში არ იტყობინებიან ტანკერის წარმოშობას, ან ეკიპაჟის წევრების მოქალაქეობას.
საიტის თანახმად, გემი, რომელიც გვარდიამ დააკავა, იგივეა, რომელიც ირანის ძალებმა 14 ივლისს გაიყვანეს ბუქსირით.

„ტანკტრაკერსმა“, სატრანსპორტო ნაოსნობის სამსახურმა, ტანკერი ამოიცნო როგორც MT Riah, პანამის დროში მოცურავე გემი, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეკუთვნის, და რომელიც ირანის ძალების მიერ იქნა მიერ ბუქსირით გადაყვანილი 14 ივლისს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში აკრიტიკებს აშშ-ის პოლიტიკას

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯავად ზარიფის განცხადებით, აშშ "ეკონომიკურ ტერორიზმს" აწარმოებს, სანქციების დაწესების გზით და მან საკუთარ თავს ავნო საერთაშორისო ძალების მიერ 2015 წელს ირანთან გაფორმებული ატომური ხელშეკრულებიდან გამოსვლით.

17 მაისს, გაეროში გამოსვლისას ჯარიფმა ასევე თქვა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ცალმხრივად დაწესებული სანქციები "განზრახ იღებს მიზანში უდანაშაულო სამოქალაქო პირებს, არალეგიტიმური პოლიტიკური მიზნების მისაღწევად". ამასთან, ტელეკომპანია ბლუმბერგთან საუბარში ზარიფმა თქვა, რომ დაძაბულობის განმუხტვაზე პასუხისმგებლობა ტრამპს ეკისრება. ზარიფი წინააღმდეგობით შეხვდა ბირთვული ხელშეკრულების შესახებ ხელახალი მოლაპარაკების იდეას - "ერთ ცხენს ორჯერ ვერ იყიდიო", უთხრა მან ბლუმბერგს.

2018 წელს, მრაველეროვნული ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ აშშ-მა ფართომასშტაბიანი შემზღუდველი ზომები შემოიღო და ცდილობს ირანის ნავთობის ექსპორტი ნულამდე დავიდეს - რასაც მძიმე შედეგები აქვს ირანის ეკონომიკისთვის.

2015 წლის ხელშეკრულებამ ირანს სანქციები მოუხსნა, მისი ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ.

ნიკა გვარამია პაატა სალიამ ჩაანაცვლა „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელის პოსტზე

საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა „ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების“ თაობაზე. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავდა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან ნიკა გვარამიას გადაყენებასა და მის ნაცვლად პაატა სალიას დანიშვნას.

ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს ამ მოთხოვნით მას შემდეგ რამდენიმე წუთში მიმართა, რაც ის „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დარეგისტრირდა.

შედგა ასევე „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელშიც პრაქტიკულად მხოლოდ ქიბარ ხალვაში მონაწილეობდა, როგორც ერთობლივად კომპანიის 100%-ის მფლობელი.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს "პანორამაზეა" გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს. შესაბამისად, პარტნიორთა კრების ოქმზე ქიბარ ხალვაშის ორი ხელმოწერაა.

პარტნიორთა კრების დღის წესრიგის თანახმად, გადაწყდა, რომ:

  • შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლდა ნიკა გვარამია;
  • შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორად დაინიშნა პაატა სალია.

პარტნიორთა კრების შემდეგ, პაატა სალიამ საჯარო რეესტრში წარადგინა თანხმობა „სამაუწყებლო კომპანია შპს რუსთავი 2“-ის დირექტორად დანიშვნასთან დაკავშირებით.

​18 ივლისს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, რომ „რუსთავი 2“-ს დატოვებს მხოლოდ ნიკა გვარამია და გენერალურ დირექტორად დაინიშნება მისი ადვოკატი პაატა სალია.

საქმეზე "რუსთავი 2", შპს „ტელეკომპანია საქართველო“ და ლევან და გიორგი ყარამანიშვილები საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს პალატამ მიიღო 6 ხმით 1-ის წინააღმდეგ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება.

შესაბამისად, ძალაში რჩება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" მის ყოფილ მფლობელს, ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს.

ილო ბეროშვილი: ქიბარ ხალვაშს მხოლოდ „რუსთავი 2“-ის ლოგო დარჩება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მუსიკალური პროექტების გუნდი სტრასბურგის სასმართლოს გადაწყვეტილებას და მის თანმდევ მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არხის მუსიკალურ მეგაპროექტებს, შინაარსობრივად ყველაზე ნაკლები შეხება აქვს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, გუნდი იმავე სულისკვეთებით მუშაობს და იმავე ფასეულებებს იზიარებს, რომელსაც ემსახურება „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახური, პოლიტიკური თოქშოუები და მთლიანად „რუსთავი 2“:

„ჩვენი ტელევიზიის ფასეულობების და დამოუკიდებლობის გარანტი იყო და არის არხის გენერალური დირექტორი. თუ აქამდე ჩვენ გვიცავდა სტრასბურგის დროებითი ღონისძიება, რომელიც თავად სტრასბურგმა გააუქმა, ამიტომა ახლა მთავარი დარტყმა მოდის ნიკა გვარამიაზე. ქიბარ ხალვაშის განცხადებიდნ გამომდინარე, მისი პირველი ნაბიჯი გენერალური დირექტორის მოხსნა იქნება, რომელიც მთლიანად შეცვლის არხის სარედაქციო პოლიტიკას. რაც ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ეს გამოიწვევს ამ სახით არსებული რუსთვი 2 ის გაქრობას“, - აცხადებს „გვიანი შოუს“ წამყვანი ილო ბეროშვილი.

მისი განცხადებით, თუ ეს მოხდება, რუსთავი 2-დან დარჩება მხოლოდ ლოგო, რომელიც, მისივე სიტყვებით, თუ სასამართლოს დავუჯერებთ, ქიბარ ხალვაშის შექმნილია.

ნანუკა ჟორჟოლიანი: ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ

„თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ“, - აცხადებს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი, გადაცემა „ნანუკას შოუ“-ს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი

ნანუკა ჟორჟოლიანის თქმით, ტელეკომპანიის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს არა ქიბარ ხალვაში, არამედ ბიძინა ივანიშვილი და სწორედ ამიტომ, ის მიმართავს არა ქიბარ ხალვაშს, არამედ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს:

„ეს არხი ერთიანია როგორც არასდროს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც ამ ბრძოლას მომავალში მოგვაგებინებს. ეს არხი შედგება ადამიანებისგან. მესმის, რომ ქიბარ ხალვაშმა დახატა ლოგო, რომელსაც ის გვედავება, მაგრამ ამ ლოგოს მიღმა ვართ ჩვენ, ადამიანები, რომლებიც აგერ უკვე ათეულობით წელია ვართ ერთი ღირებულებების და ფასეულობების ირგვლივ გაერთიანება. ჩვენ ერთადერთ რამეს ვთავაზობთ ხელისუფლებას, ქიბარ ხალვაში არ არის არავინ, ქიბარ ხალვაში არის ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ვთავაზობთ, რომ თუ მას სურს, რომ დაამტკიცოს, რომ ამ ტელეკომპანიასთან დაკავშირებით არ აქვს პოლიტიკური ინტერესები, შეეშვას ნიკა გვარამიას. ნიკა გვარამია ჩვენთვის არის სიტყვის თავისუფლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტი. თუ თქვენ ამბობთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობასთან არაფერი გესაქმებათ, მაშინ ძალიან გთხოვთ, ნიკა გვარამიას მოხსნასთან დაკავშირებული საკითხი არც კი განიხილოთ. ეს არის ჩვენი მთავარი შეთავაზება და ამ პოზიციაში ვართ ერთიანები, როგორც არასდროს“, - აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ქიბარ ხალვაშმა "რუსთავი 2" ოფიციალურად გადაიფორმა. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში 18 ივლისს 15:17 საათზე აისახა.

რეესტრში მითითებულია, რომ შპს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 60%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40% შპს პანორამაზეა გაფორმებული, რომელსაც, თავის მხრივ, ასევე ხალვაში ფლობს.

რეესტრის მონაცემებით, ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ჯერჯერობით ნიკა გვარამია რჩება.

18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას. რამდენიმე საათში ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ საჯარო რეესტრს მიმართა და "რუსთავი 2"-ის პარტნიორისა და წილის ცვლილება მოითხოვა. განცხადება სალიამ მინდობილობისა და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების თანხლებით წარადგინა.

საჯარო რეესტრში, აქამდე, "რუსთავი 2"-ის მეწილეებად მითითებული იყვნენ:

  • ლევან ყარამანიშვილი 22%
  • გიორგი ყარამანიშვილი 18%
  • შპს ტელეკომპანია საქართველო 51%
  • ნინო ნიჟარაძე 9%

"რუსთავი 2"-ის გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაშმა საჯარო რეესტრს უკვე მიმართა ნიკა გვარამიას ჩანაცვლების მოთხოვნით.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი მისი ადვოკატი, პაატა სალია იქნება.

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებენ

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამების თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოში დასავლური ღირებულებების მთავარ ბასტიონს, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ს, ამ ღირებულებებისთვის ბრძოლაში მარტოს ტოვებს, ჩვენს იმედგაცრუებას იწვევს. ასეთ ვითარებაში ჩვენი ღრმა რწმენით, მთავარ პრობლემას და საფრთხეს არხისთვის, მედიასივრცისთვის და საბოლოო ჯამში მთლიანად ქვეყნისთვის, საინფორმაციო პოლიტიკური გადაცემების და მთლიანად "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა წარმოადგენს” - ნათქვამია განცხადებაში.

ტელეკომპანიის თანამშრომელთა შეფასებით, ნიკა გვარამიას ყოფნა გენერალური დირექტორის პოსტზე და მისი შრომითი კონტრაქტი იყო "რუსთავი 2"-ის სარედაქციო დამოუკიდებლობის მთავარი გარანტი, რადგან ნიკა გვარამია გამოხატავს, იცავს და იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რომლებისთვისაც იბრძვის "რუსთავი 2"-ის ყველა თანამშრომელი.

"ქიბარ ხალვაშის განცხადება, რომ ის არ აპირებს არც სარედაქციო პოლიტიკის და არც კომპანიის თანამშრომლების შეცვლას გარდა გვარამიასი, არ იწვევს ჩვენში ნდობას და ეს გამოჩნდა პირველივე წუთებში, როდესაც საჯარო რეესტრში, ტელევიზიის წილების რეგისტრაციისთვის მისი ადვოკატი და როგორც თავად ამბობს, არხის მომავალი დირექტორი, პაატა სალია მივიდა სამთავრობო მედიის წარმომადგენლებთან ერთად ისე, რომ "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურისთვის არც კი უცნობებია და ჩვენი პროდიუსერების სატელეფონო ზარებისთვისაც არ უპასუხია. მიგვაჩნია, რომ ხალვაში, წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას, რომელიც მთელი თავის ძალებით, ყველა შესაძლებლობით და ძალაუფლების ყველა შტოს გამოყენებით იბრძოდა "რუსთავი 2"-ის წინააღმდეგ, "ქართული ოცნების" მხარეს. იმ პოლიტიკური ჯგუფის მხარეს, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის პირველივე დღიდან ცდილობს შეცვალოს "რუსთავი 2"-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკა” - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, "კურიერის" ყველა თანამშრომელი საკუთარ პიროვნულ და პროფესიულ მიზნად ისახავს საქართველოს დასავლურ ცივილიზაციაში ინტეგრაციისთვის, ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისთვის და ოკუპანტის, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.

„ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ბიძინა ივანიშვილი, "ქართული ოცნება" და მის მიერ მხარდაჭერილი ქიბარ ხალვაში, იზიარებენ ამ მიზნებს და ეთანხმებიან მიზნებისკენ სწრაფვის ჩვენს სულისკვეთებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ქიბარ ხალვაშის მიერ მაუწყებელში მენეჯმენტის შეცვლა იქნება "კურიერის" და მთლიანად არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლისკენ მიმართული პირველი ნაბიჯი, რაც ჩვენთვის მიუღებელია” - ნათქვამია განცხადებაში.

„რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრს მოუწოდეს, არ დაარეგისტრიროს მესაკუთრეების ცვლილება, ვიდრე "რუსთავი 2" არ გამოიყენებს უფლებას გაასაჩივროს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში.

"რუსთავი 2"-ის გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას ჩანაცვლებას ოფიციალურად მოითხოვს

"რუსთავი 2"-ის გადაფორმების შემდეგ, ქიბარ ხალვაში საჯარო რეესტრს მიმართავს და არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ჩანაცვლებას ოფიციალურად მოითხოვს.

ქიბარ ხალვაში ნიკა გვარამიას თანამდებობაზე თავისი ადვოკატის, პაატა სალიას დანიშვნას აპირებს.​

გვარამია ამტკიცებს, რომ მისი კონტრაქტი 2020 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს და თანამდებობიდან გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს.

გვარამიას თქმით, საკუთარი ნებით კონტრაქტზე უარს იტყვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას გადაწყვეტენ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები და თანამშრომლები.

18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას.

რამდენიმე საათში, ადვოკატის პაატა სალიას მიმართვის საფუძველზე, საჯარო რეესტრმა რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა.

არხის მოქმედი დირექტორის, ნიკა გვარამიას აზრით, „დანაშაულებრივი მითვისებაა“ ტელევიზიის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაშის დარეგისტრირება მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ არსებობს გასაჩივრების შანსი.

ფაშინიანი: ჩვენი მმართველობის მთავარი მიღწევა დემოკრატიის განვითარებაა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ უმთავრესი მიღწევა მისი ხელისუფლებაში ყოფნის 14 თვის განმავლობაში არის სომხეთში დემოკრატიის მდგრადი განვითარება.

„უდიდესი მიღწევა ... არის დემოკრატია და სომხეთის დემოკრატიული იმიჯი და მართლაც, დღევანდელ მსოფლიოში, სომხეთს დემოკრატიულ ქვეყნად თვლიან“, უთხრა ფაშინიანმა რადიო თავისუფლებას. ფაშინიანმა დასძინა, რომ „2018 წელს სომხეთში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა. პირველად მოხდა ის, რომ არავის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია შედეგები. ეს განსაკუთრებული მოვლენაა სომხეთის ისტორიაში და მას მთავარ წარმატებად მივიჩნევ“.

მაშინ, ფაშინიანმა, ყოფილმა ჟურნალისტმა, ანტისამთავრობო სამკვირიანი გამოსვლების შედეგად აიძულა მაშინდელი ლიდერი, ადრინდელი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სერჟ სანქისიანი, გადამდგარიყო რამდენიმე დღის შემდეგ მას მერე, რაც ის პარლამენტში იქნა არჩეული.

მაია ასათიანი: ქვეყნის ბედი დღეს ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან წყდება

„ეს აღარ არის ბრძოლა მხოლოდ თავისუფალი სიტყვისთვის და აზრის გამოხატვის თავისუფლებისთვის, ეს აღრ არის ბრძოლა მხოლოდ რუსთავი 2-სთვის. მე მიმაჩნია, რომ ეს არის ბრძოლა ჩვენი სამშობლოსთვის. დღეს აქ, ამ ნარინჯისფერ მიკროფონთან წყდება სამშობლოს ბედი - ვიქნებით ტოტალიტარული სახელმწიფო - ყველა ტელევიზია, ყველა რადიო და ყველა გაზეთი ერთ ხმაზე ილაპარაკებს თუ კიდევ გვაქვს შანსი ვიყოთ თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - აცხადებს გადაცემა „პროფილის“ წამყვანი, ჟურნალისტი მაია ასათიანი.

მისი განცხადებით, ასეთი ტოტალიტარული სახელმწიფო არის რუსეთი, სადაც ყველა მედია ერთი ხმით საუბრობს, ვლადიმირ პუტინის ხმით: „ ჩვენ არ გვინდა ასეთი ქვეყანა“, - ამბობს ჟურნალისტი.

„თუ თითოეულ თქვენგანს აქვს სურვილი, საკუთარ თავს დაუსვას შეკითხვა, უნდა თავისუფალი საქართველო თუ უნდა საბჭოთა რესპუბლიკა, თქვენ უნდა უპასუხოთ ახლა ამ შეკითხვას, რა გინდათ თქვენი შვილებისთვის. ჩვენ 9 აპრილის თაობა ვართ, რომელსაც ახსოვს, რომ გამოდიოდა გაზეთები „თბილისი“ და „ კომუნისტი“ და ახლაც ასე იქნება“, - აცხადებს მაია ასათიანი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ეროვნულ სასამართლოებში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლები არ დარღვეულა. მათ შორის არც სამართლიანი სასამართლოს უფლება

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG