Accessibility links

ახალი ამბები

არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს

„ქართული ოცნება“ დარჩება მცირე მთავრობის კონცეფციის მხარდამჭერი, თუმცა ამ კონცეფციის ფარგლებში სამომავლოდ არ არის გამორიცხული მთავრობის სტრუქტურული ცვლილება. პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ განაცხადა 14 სექტემბერს რუსთავში, საპარლამენტო კომიტეტებში მთავრობის სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობის შესახებ არსებული მოსაზრებების კომენტირებისას.

„მთავრობის სტრუქტურული ცვლილება არის პოლიტიკური კონსულტაციების საგანი, ამას სჭირდება კომპლექსური ცვლილებები როგორც საბიუჯეტო, ასევე სხვა კანონებში, რაც სწრაფად და ერთბაშად ვერ მოხდება“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე და აგრძელებს - „სხვადასხვა სექტორთან, პროფესიულ ასოციაციებთან, ოპოზიციასთან კონსულტაციებს გავმართავთ“.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ დარგობრივი და ეკონომიკური მიმართულების საპარლამენტო კომიტეტებში პარლამენტართა ჯგუფს რამდენიმე დარგობრივი სამინისტროს შექმნის ან აღდგენის ინიციატივა აქვს, თუმცა ეს თემა ჯერჯერობით აქტუალური არ არის.

მამუკა მდინარაძის ვარაუდით, ამ ინიციატივას უმრავლესობის უმრავლესობა ამ ეტაპზე არ გაიზიარებს.

დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მოკლულია ბინ ლადენის ვაჟი ჰამზა ბინ ლადენი

ჰამზა ბინ ლადენი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, მას შეუძლია დაადასტუროს, რომ ჰამზა ბინ ლადენი, „ალ-ყაიდის“ დაღუპული ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის ვაჟი, მოკლულია ავღანეთ-პაკისტანის საზღვრისპირა რაიონში განხორციელებული სამხედრო ოპერაციის შედეგად.

„ჰამზა ბინ ლადენის სიკვდილი ‘ალ-ყაიდას’ არა მარტო სამეთაურო უნარებსა და მამამისთან სიმბოლურ კავშირს ართმევს, არამედ ძირს უთხრის ჯგუფის მნიშვნელოვან ოპერატიულ საქმიანობას“, - თქვა ტრამპმა 14 სექტემბერს თეთრ სახლში გამოსვლისას.

31 ივლისს მედია აშშ-ის სადაზვერვო უწყებებზე დაყრდნობით იტყობინებოდა ჰამზა ბინ ლადენის სიკვდილის შესახებ. ამის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა დაადასტურა მისი სიკვდილი, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ჰამზა ბინ ლადენი ოსამა ბინ ლადენის 20 შვილიდან მე-15 იყო. „ალ-ყაიდის“ დამაარსებელს ის მესამე ცოლისგან ჰყავდა. ვარაუდობენ, რომ ის დაახლოებით 30 წლის იყო.

თებერვალში აშშ-ის მთავრობამ 1 მილიონი დოლარი ჯილდო დააწესა ჰამზა ბინ ლადენის მოკვლისთვის. ვაშინგტონის თქმით, ის „ალ-ყაიდაში“ ლიდერი ხდებოდა.

ჰამზა ბინ ლადენი აქვეყნებდა აუდიო და ვიდეომიმართვებს, რომლებშიც აშშ-სა და სხვა ქვეყნებზე თავდასხმების მოწოდებით გამოდიოდა, განსაკუთრებით იმისთვის, რომ შური ეძია მამამისის, ოსამა ბინ ლადენის სიკვდილისთვის. ოსამა ბინ ლადენი აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმმა მოკლა პაკისტანში 2011 წლის მაისში.

ნუგზარ წურწუმია და ლაშა გობაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ

ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში, ჭიდაობაში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი დაიწყო და პირველ დღეს - 14 სექტემბერს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა ოთხ წონით კატეგორიაში გამოავლინეს ფინალისტები. საქართველოს სახელით ხალიჩაზე ოთხი სპორტსმენი გავიდა და მათგან ორმა: ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და ლაშა გობაძემ (82 კგ) დღე წაუგებლად ჩაამთავრეს. მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს ორივეს თითო შეხვედრის მოგება აშორებს.

ნუგზარ წურწუმიამ ფინალის გზაზე სამი მეტოქე დაამარცხა: ჩინელი ლიგუო ჩაო (9:0), რუსი ვიტალი კაბალოევი (8:3) და იაპონელი შოთა ოგავა (8:0). ლაშა გობაძემ მსოფლიოს პირველობა ამერიკელი ჯონ ვალტერ სტეფანოვიჩის ძლევით (7:0) გახსნა. მეოთხედფინალში ჩინელ ჰაიტაო ქიანს აჯობა (9:0), ხოლო ნახევარფინალში - უზბეკ ნურბეკ ხაშიმბეკოვს (3:1).

დღესვე ჩაებნენ მსოფლიოს კონკურენციაში ლევან ქავჟარაძე (63 კგ) და იური ლომაძე (72 კგ), მაგრამ მედლისთვის ბრძოლას ორივე გამოეთიშა.

55, 63, 72 და 82 კილოგრამ წონით კატეგორიებში საპრიზო სამეულები ხვალ შეივსება. ნუგზარ წურწუმია ფინალში ყაზახ ხორლან ჟაკანშას დაუპირისპირდება. ლაშა გობაძის მეტოქე კი აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი იქნება.

ხვალვე ჩაებმებიან საქმეში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები 67, 87 და 97 კილოგრამებში. საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ოლიმპიური პრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (67 კგ), 23-წლამდელთა შორის მსოფლიოს ჩემპიონი გურამ ხეცურიანი (87 კგ) და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი მელია (97 კგ).

თალიბანმა მოსკოვში გამართა მოლაპარაკებები ავღანეთში სამშვიდობო დარეგულირების შესახებ

შერ მოჰამად აბას სტანიკზაი

ავღანელი თალიბების დელეგაცია ესტუმრა მოსკოვს, სადაც პარასკევს რუსეთის წარმომადგენლებთან გამართა მოლაპარაკებები ავღანეთში სამშვიდობო დარეგულირების შესახებ. ვიზიტი გაიმართა რამდენიმე დღეში მას მერე, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა თალიბების ხელმძღვანელებთან დაგეგმილი შეხვედრა კემპ-დევიდში და აშშ-სა და თალიბებს შორის ავღანეთში მშვიდობის თაობაზე მოლაპარაკებებს „მკვდარი“ უწოდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთის მხრიდან აღინიშნა აშშ-სა და თალიბების მოძრაობას შორის მოლაპარაკებების განახლების აუცილებლობა“. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქმით, მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ავღანეთიდან უცხოური ჯარების სრული გაყვანა არის ერთადერთი პირობა ქვეყანაში ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად.

თალიბების დელეგაციის ხელმძღვანელმა შერ მოჰამად აბას სტანიკზაიმ ტელეარხ RT-ს განუცხადა, რომ მოძრაობა მზადაა დაუბრუნდეს აშშ-სთან მოლაპარაკებებს. მაგრამ, თუკი ის არ გაგრძელდება, თალიბები მზად არიან, განაახლონ სამხედრო მოქმედებები ავღანეთის სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ. როგორც როიტერსთან ინტერვიუში თქვა თალიბების ერთ-ერთმა ლიდერმა, მოძრაობამ შეიძლება გააძლიეროს მოლაპარაკებებზე თავისი პოზიციები იმით, რომ მხარდაჭერის პირობა მიიღოს რეგიონის ქვეყნებისგან, როგორებიც არიან რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნები.

მას მერე, რაც ქაბულში განხორციელდა ტერაქტი, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, ტრამპმა განკარგულება გასცა, შეწყდეს თალიბებთან მოლაპარაკებები, რომლებიც ყატარის დედაქალაქ დოჰაში ტარდებოდა და რომელზეც თალიბებთან სამშვიდობო დარეგულირების შესახებ შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს.

თალიბების დელეგაცია პირველად არ სტუმრობს მოსკოვს. ამასთან, თალიბანი რუსეთში ოფიციალურად არის აღიარებული ტერორისტულ ორგანიზაციად.

საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო რეფორმას რუსთავში განიხილავენ

საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, რუსთავში მიმდინარეობს შეხვედრა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

ცვლილებების თანახმად, 2020 წელს საქართველოში უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა და ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე უნდა გადავიდეს. ასევე, დაწესდება ნულოვანი საარჩევნო ბარიერი.

"მიზანი არის, რომ პარლამენტი გახდეს უფრო წარმომადგენლობითი, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის განკარგულებაში არ იყოს მანდატების ძალიან დიდი რაოდენობა, და რომ პოლიტიკა გახდეს უფრო დაბალანსებული", - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

პირველი განხილვა თელავში, 13 სექტემბერს მოეწყო.

დღევანდელ დისკუსიაში მონაწილეობას იღებენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ასევე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრები. განიხილება ოპოზიციის პროექტიც - ოპოზიცია ნულოვან საარჩევნო ბარიერსა და ბლოკების გაუქმებას არ ეთანხმება.

საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია საქართველოს მასშტაბით შეხვედრებს 10 ქალაქში გამართავს.

2017 წელს განახლებული კონსტიტუციით, საქართველოში პირველი სრულად პროპორციული არჩევნები 2024 წელს უნდა გამართულიყო. ხელისუფლებამ მაჟორიტარული სისტემა დათმო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ - როცა სახელმწიფომ ძალის გამოყენებით დაშალა ანტისაოკუპაციო აქცია, რა დროსაც დაშავდა ასეულობით ადამიანი და რამდენიმემ თვალი დაკარგა.

კუჩმა შიშობს, რომ საფრანგეთი და გერმანია შეეცდებიან, ზელენსკი რუსეთის მიმართ დათმობებზე დაიყოლიონ

ლეონიდ კუჩმა

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ, რომელიც დონბასის რეგიონის კონფლიქტის დარეგულირების საკონტაქტო ჯგუფის წევრია, Associated Press-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა შიში, რომ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები უკრაინას რუსეთის მიმართ დათმობებისკენ მოუწოდებენ, კერძოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე არჩევნების გამართვის საკითხში.

„დიდი იმედი არ მაქვს. ზელენსკის ძალიან გაუჭირდება, ის ერთი იქნება სამი ადამიანის წინააღმდეგ“, მოჰყავს სააგენტოს კუჩმას სიტყვები იმის თაობაზე, რომ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერთად შეეცდებიან, კომპრომისებზე დაიყოლიონ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

კუჩმამ აღნიშნა, რომ, მისი აზრით, არჩევნები შეიძლება გაიმართოს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დონბასიდან გაყვანილ იქნება მძიმე შეიარაღება და ჯარი, ასევე რუსეთთან საზღვარზე კონტროლი გადავა უკრაინის ხელისუფლების ხელში.

უკანასკნელ ხანებში, განსაკუთრებით რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრებისა და დაკავებული პირების გაცვლის შემდეგ, გააქტიურდა დისკუსია მინსკის შეთანხმებების შესასრულებლად საჭირო შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მათ შორის საუბარია არჩევნების ჩატარებაზე დონბასის იმ რაიონებში, რომლებსაც კიევი ვერ აკონტროლებს. განსაკუთრებით აქტიურია საფრანგეთი, რომელიც ითხოვს, რაც შეიძლება მალე გაიმართოს უკრაინის, რუსეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების შეხვედრა შემდგომ ნაბიჯებზე მოსალაპარაკებლად.

ერდოანის თქმით, ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს Patriot-ის ტიპის რაკეტების შეძენის საკითხზე

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მოლაპარაკებებს გამართავს Patriot-ის ტიპის ამერიკული რაკეტების შეძენის საკითხზე. ერდოანის აზრით, ორი ლიდერის ურთიერთგაგების წყალობით შეიძლება გადალახულ იქნეს კრიზისი, რომელიც წარმოიშვა თურქეთის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების შეძენის შემდეგ.

ანკარის მიერ ივლისში რუსული S-400-ების შეძენამ გაზარდა ნატოელი მოკავშირის მიმართ სანქციების შემოღების ალბათობა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ Patriot-ზე თურქეთ-აშშ-ის გარიგების ვადები ამოიწურა.

ერდოანმა როიტერსს უთხრა, რომ ორი კვირის წინ ტელეფონით ესაუბრა ტრამპს Patriot-ის შესახებ და განაახლებს ამ თემაზე მოლაპარაკებებს, როცა ორი ლიდერი მომავალ კვირაში ნიუ-იორკში გამართავს შეხვედრას გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის დროს.

რაც შეეხება თურქეთის სახელმწიფო ბანკის, Halkbank-ის წინააღმდეგ აშშ-ის სანქციებს - ირანის მიმართ სანქციების დარღვევისთვის, - პრეზიდენტმა ერდოანმა იმედი გამოთქვა, რომ ორი ლიდერი მოახერხებს „ამ შეცდომის თავიდან აცილებას“. თურქეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მასა და აშშ-ის პრეზიდენტს შორის „განსაკუთრებული ნდობა“ არსებობს.

„ვფიქრობ, რომ ისეთი ქვეყანა, როგორიც აშშ არის, აღარ აწყენინებს თავის მოკავშირე თურქეთს“, - განაცხადა ერდოანმა როიტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში.

სუროგაციით დაბადებული ბავშვების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს

სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების მშობლებმა, პროტესტის ნიშნად, ღამე იუსტიციის სახლში გაატარეს.

"6-7 კვირაა ჩვენი შვილების დაბადების მოწმობებს ველოდებით, მაგრამ არ გვაძლევენ, რის გამოც ქვეყანას ვერ ვტოვებთ და ჩარჩენილები ვართ აქ", - ეუბნება რადიო თავისუფლებას კრისტოფერ ორნჰაგენი, რომელიც საქართველოში შვედეთიდან ჩამოვიდა.

სუროგაციის გზით დაბადებული რამდენიმე ბავშვის მშობელს მე-2 თვეა, რაც შვილის დაბადების მოწმობის მიღებაზე უარს ეუბნებიან. ეს არის დაახლოებით 20 უცხოელი წყვილი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, პოლონეთიდან, შვედეთიდან.

კრისტოფერ ორნჰაგენი ამბობს, რომ ზოგიერთი წყვილი იუსტიციის სახლში ყოველდღე დადიოდა, გახსნის საათებიდან დახურვამდე და დაბადების მოწმობების მიღებას მოითხოვდა:

"გუშინ, უბრალოდ უარი ვთქვით აქედან წასვლაზე. რაღაც მომენტში 40 ადამიანზე მეტნი ვიყავით. ჩვენი ოჯახები და ბავშვები აქ არიან. დაახლოებით 16 საათია აქ ვართ", - ამბობს კრისტოფერი და აგრძელებს: "არ ვიცით, რას ვიზამთ. ველოდებით მედიის ყურადღებას, რათა ცხადი გავხადოთ, როგორ აბსურდულ სიტუაციაში ვართ".

შაბათს, 14 სექტემბერს, იუსტიციის სახლი მოქალაქეებისთვის არ გაიხსნა.

დაბადების მოწმობების გარეშე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებმაც სუროგაციით საქართველოში ისარგებლეს, შვილების სამშობლოში წაყვანას ვერ ახერხებენ. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო განმარტავს, რომ მათ სუროგაციის პროცესში კანონით განსაზღვრული წესები დაარღვიეს.

წაიკითხეთ მეტი: მშობლები დაბადების მოწმობებს ვერ იღებენ - სუროგაციის პრაქტიკა კანონის პირისპირ

სასამართლომ „ჯეოსთილი“ 5 ათასი ლარით დააჯარიმა

რუსთავის სასამართლოს მოსამართლე ნატა თედეშვილმა ნარჩენების მართვის კოდექსის მთელი რიგი მუხლების დარღვევისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა რუსთავში მდებარე არმატურის მწარმოებელი კომპანია „ჯეოსთილი“, რითაც დააკმაყოფილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის სარჩელი.

მოსამართლემ გაიზიარა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამა წლის 2 აგვისტოს ოქმში მოყვანილი ბრალდებები, სადაც ჩამოთვლილია „ჯეოსთილის“ მხრიდან გარემოზე ზემოქმედების ნებართვით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტები. კომპანიამ ეს ბრალდებები მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა, რასაც მოჰყვა მის წინააღმდეგ სარჩელი.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თანახმად, საწარმოს გარშემო ხუთასმეტრიან რადიუსში, სადაც მოხვდა დასახლებული პუნქტებიც, დაფიქსირებულია მავნე ნივთიერებების ზღვრულ ნორმაზე გადაჭარბება.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იკვლევდა ჰაერში 9 მავნე ნივთიერების კონცეტნტრაციას, მათ შორის რკინის ოქსიდის, ტყვიის ოქსიდის, მანგანუმის ოქსიდისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციას.

ამავე დროს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას, ანგარიშის თანახმად, „ვერ დგინდება, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების დასაშვებზე მაღალი კონცენტრაცია პირდაპირ უკავშირდება „ჯეოსთილის“ საქმიანობას, ვინაიდან მიმდებარედ ფუქნციონირებს სხვა საწარმოებიც“.

რუსთაველი ეკოლოგები არაერთხელ გამოსულან „ჯეოსთილისა“ და მსგავსი პროფილის სხვა ადგილობრივი საწარმოების წინააღმდეგ. ისინი აქციებსაც მართავდნენ.

ბულგარეთში ჟურნალისტებმა სახელმწიფო რადიოს შენობასთან დემონსტრაცია მოაწყვეს

ათეულობით ბულგარელი ჟურნალისტმა დემონსტრაცია გამართა სოფიაში, ბულგარეთის სახელმწიფო რადიოს შენობასთან სახელმწიფო მაუწყებლის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად.

13 სექტემბერის საპროტესტო გამოსვლის მიზეზი გახდა ხუთი საათით მაუწყებლობის გაჩერება მას მერე, რაც თანამშრომელი, რომელიც ბულგარეთის კორუმპირებულ სამართლებრივ სისტემას აშუქებს, სამსახურიდან დაითხოვეს. ჟურნალისტ სილვია ველიკოვას უნდა წაეყვანა დილის პროგრამა "ჰორიზონტი" 13 სექტემბერს, მაგრამ მაუწყებლობამ 12 სექტემბერს გამოაცხადა, რომ პროგრამას აღარ გაუშვებდნენ ეთერში.

ბულგარეთის სახელმწიფო რადიოს ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ მაუწყებლობის შეჩერება მოხდა ტექნიკური მიზეზით. მაგრამ ბულგარეთის მედიის ცნობით, კოლეგებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ველიკოვას და არ შეცვალეს ის, რის გამოც ხელმძღვანელობა იძულებული იყო გადაედგა უპრეცედენტო ნაბიჯი და შეეწყვიტა მაუწყებლობა 6-დან 11 -საათამდე.

საპროტესტო გამოსვლის შედეგად ველიკოვა დააბრუნეს და ის თავის პროგრამას კვლავ გაუძღვება მომავალ კვირაში. გადადგა პროგრამა ჰორიზონტის დროებითი ხელმძღვანელი, ნიკოლაი კრასტევი.

კრასტევმა ველიკოვა დაითხოვა 12 სექტემბერს და განაცხადა, რომ მან დაარღვია კონტრაქტი, როცა ცოცხალ ეთერში მოუწოდა მსმენელებს, შეუერთდნენ საპროტესტო გამოსვლას, ბულგარეთის ახალი გენერალური პროკურორის არჩევის წინააღმდეგ.

ბულგარეთის გენერალურმა პროკურორმა, სოტირ ცაცაროვმა განაცხადა 13 სექტემბერს, რომ მაუწყებლობის შეწყვეტის გამო დაიწყება გამოძიება რადგან ბულგარეთის სახელმწიფო რადიო „ქვეყნის უსაფრთხოების ინფრასტრუქტურის ნაწილია“.

მომხდარის მიართ კრიტიკა გამოხატეს უფლებადამცავმა ჯგუფებმა. ევროპელი ჟურნალისტების ასოციაციის ბულგარულმა ფილიალმა განაცხადა, რომ ეს იყო „შეთქმულება ჟურნალისტური პროფესიონალიზმის“ წინააღმდეგ ქვეყანაში, რომელსაც ევროპის კავშირის წევრებს შორის პრესის თავისუფლების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს.

ბულგარეთი მედიის თავისუფლების მხრივ მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 111-ე ადგილზეა და ჩამორჩება დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნებსაც, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები.

თალაკვაძემ შეაფასა ივანიშვილის, ხაზარაძისა და ჩხარტიშვილის შეხვედრა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საუბრობს მამუკა ხაზარაძის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილისა და მთავარი პროკურორის ჩარევით სამართლებრივი დავა გადაწყდა.

„რაც შეეხება შეხვედრებს ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, მე ამაში ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას საქართველოს კანონმდებლობასთან, ვერ ვხედავ ვერანაირ წინააღმდეგობას იმ ტრადიციებთან, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაშია, სადაც ბიზნესმენები შეიძლება ერთად დასხდნენ და განიხილონ საკითხები, ეს არის დარეგულირებული კანონმდებლობით“, - არჩილ თალაკვაძის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

პარლამენტის სპიკერისთვის უცნობია, ვინ ესწრებოდა შეხვედრას. „უცნაურია, რომ ამ ყველაფრის შესახებ გავიგეთ მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ის იყო მოსული პარლამენტში და გავიგეთ ახლა, როდესაც მან ეს გაიმეორა. მე საერთოდ ასე მესმის, რომ რაც შენთვის მიუღებელია, იმ მომენტშივე არ უნდა გააკეთო, ხოლო, თუ გააკეთე და რჩება მიუღებლად, ალბათ, იმ მომენტშივე უნდა უთხრა საზოგადოებას ან უნდა უთხრა მედიას, რომ ეს მიუღებელია“, - თქვა თალაკვაძემ.

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის შეფასებით, ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის ჩართვა სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით.

აშშ-ის კონგრესის კომიტეტს ავღანეთში ტრამპის საგანგებო წარმომადგენლის მოსმენა სურს

აშშ-ის კონგრესის კომიტეტმა 12 სექტემბერს მოსმენაზე მიიწვია პრეზიდენტ ტრამპის საგანგებო წარგზავნილი ავღანეთში, ზალმაი ხალილზადი. თალიბანთან სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელსაც აშშ-ის მხრიდან ხალილზადი წარმართავდა, პრეზიდენტის მოულოდნელი გადაწყვეტილებით ერთი კვირის წინ შეწყდა.


წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, კონგრესმენ ელიოტ ენჯელის (დემოკრატი ნიუ-იორკიდან) თანახმად, მას „მობეზრდა“ ტრამპის ადმინისტრაციის საქციელი, როცა ის ხალილზადს არ აძლევდა შესაძლებლობას, კანონმდებლებისთვის მოლაპარაკების თაობაზე მიეწოდებინა ინფორმაცია და სამშვიდობო პროცესის შესახებ აშშ-ის საზოგადოებას სიბნელეში ამყოფებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტს მიწვევის თაობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. იტყობინება როიტერსის სააგენტო. „ელჩი ხალილზადი ვაშინგტონშია და ვფიქრობ, გასცემს პასუხს შეკითხვებზე იმის შესახებ, თუ რა სტადიაში იმყოფება ახლა“, განაცხადა 12 სექტემბერს მორგან ოსტაგუსმა, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ღია მოსმენა დაგეგმილია 19 სექტემბრისთვის. 9 სექტემბერს ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკება შეწყვიტა და გააუქმა კემპ დევიდში დაგეგმილი საიდუმლო მოლაპარაკება თალიბებთან. ტრამპის ნაბიჯმა კონგრესის ზოგიერთ წევრის უკმაყოფილება გამოიწვია, რამაც გააღრმავა მათი უკმაყოფილება იმით, რომ თებერვალში, აპრილსა და სექტემბრის დასაწყისში მათი თხოვნა, ბრიფინგი გაემართათ ხალილზადთან, მუდამ უარყოფილი იქნა.

ჩხარტიშვილი: ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებებს ეხმაურება.

„ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში, სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები, ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც იგი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა.

სააკაშვილთან ალიანსში ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახალგამომცხვარი პარტიის ლიდერი ნდობას“, - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.

ბიზნესმენის ცნობით, ხაზარაძესთან სასამართლო დავა ეხებოდა „სააკაშვილის რეჟიმის“ დროს ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომლებიც მაშინდელმა ხელისუფლებამ, როგორც ჩხარტიშვილი ამბობს, მას თიბისი ბანკის მეშვეობით უკანონოდ წაართვეს.

ჩხარტიშვილის თქმით, „ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო“.

ვანო ჩხარტიშვილი განმარტავს, რატომ განიხილებოდა საქმეები ერთ კონკრეტულ მოსამართლესთან.

„ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ დავა ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის განმსაზღვრელი ინსტიტუტისადმი ნდობის სახელმწიფოებრივ თემებს. ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა ზემოთ დასახელებული სახელმწიფოებრივი ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს“, - აცხადებს ჩხარტიშვილი.

ვანო ჩხარტიშვილი მიიჩნევს, რომ გაუგებარია მამუკა ხაზარაძის საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზეც.

„მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდა მოქმედებებში. ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე გამოვიტანე სასამართლოდან. არც ვნანობ, რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა ბიზნესგარემოს საქართველოში და გახდებოდა ბიზნესში არასასურველი პროცესების მაპროვოცირებელი. ჩემთვის მთავარი იყო, დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც“, - აღნიშნავს ჩხარტიშვილი.

როგორც ბიზნესმენის განცხადებაშია ნათქვამი, თიბისი ბანკმა მამუკა ხაზარაძის მონაწილეობით სრულიად უსაფუძვლოდ მიითვისა მისი ქონება და 5 წუთში სხვას მიჰყიდა, რათა „პატიოსანი მყიდველის“ შემოყვანით მითვისებული ქონება გადაემალა.

„ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს.

ის დღეს ცდილობს, კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელირებითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია“, - წერს ჩხარტიშვილი.

ბიზნესმენის შეფასებით, ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ამაოდ ცდილობს.

„საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო და ჩვენი ქონებების მიტაცებით მდიდრდებოდა. უფრო მეტიც, ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის იგი სააკაშვილმა 2007 წელს ღირსების ორდენითაც კი დააჯილდოვა. ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ დავის დეტალებზე“, - ნათქვამია ვანო ჩხარტიშვილის განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ტოქშოუ „რეაქციაში“ თქვა, რომ ჩხარტიშვილთან სამართლებრივი დავა და 30 მილიონი დოლარის ბედი ბიძინა ივანიშვილისა და მთავარი პროკურორის ჩარევით გადაწყდა.

ჩეხეთის პროკურატურამ შეწყვიტა ქვეყნის პრემიერის საქმის გამოძიება

ჩეხეთის პროკურატურამ შეწყვიტა ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანდრეი ბაბიშის საქმის გამოძიება. მას ბრალად ედებოდა თაღლითობა ევროკავშირის სახსრებით.

როგორც 13 სექტემბერს პრაღაში პროკურატურის წარმომადგენელმა განაცხადა, გამოძიება მივიდა დასკვნამდე, რომ ბაბიშის საოჯახო ფირმა „ყარყატის ბუდე“ იყო „მცირე და საშუალო საწარმო“ და, შესაბამისად, ჰქონდა უფლება, ევროკავშირისთვის ეთხოვა თანხა ბიზნესის გასავითარებლად. ასევე შეწყდა ბაბიშის ცოლის და მისი სხვა ნათესავების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება.

ბაბიშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 2017 წელს. პოლიტიკოსს, ჩეხეთის ერთ-ერთი უმდიდრეს ადამიანს, ბრალად ედებოდა, რომ ევროკავშირი შეცდომაში შეიყვანა და მიიღო მისგან 50 მილიონი ევრო დასასვენებელი კომპლექსის „ყარყატის ბუდის“ ასაშენებლად. 2017 წელს, ბრალდების მიუხედავად, მისმა პარტიამ არჩევნები მოიგო, შექმნა მმართველი კოალიცია და ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ბაბიში გახდა პრემიერი.

2019 წელს მან იუსტიციის მინისტრი შეცვალა მისთვის ლოიალური პირით. ოპოზიციის თანახმად, ამის მიზანი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა იყო. ბაბიშის წინააღმდეგ იმართებოდა მასობრივი დემონსტრაციები.

ბაბიში, რომელსაც მხარს უჭერს პრეზიდენტი ზემანი, თანამდებობაზე დარჩა.

მოსკოვი არ გამორიცხავს პატიმრების კიდევ ერთ გაცვლას უკრაინასთან

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხვდება უკრაინელ მეზღვაურებს, რომლებიც რუსეთმა დააკავა ქერჩის სრუტეში და რომლებიც გაათავისუფლეს პატიმრების გაცვლის შედეგად

კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი არ გამორიცხავს, კიდევ ერთხელ გაცვალოს პატიმრები უკრაინასთან. გაცვლის პირველ ეტაპზე ორივე ქვეყანაში 70 პირი გაათავისუფლეს. მოსკოვში 13 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას პესკოვმა თქვა, რომ პროცესი შეიძლება გაიწელოს.

პესკოვის განცხადება მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლას კიევში, „იალტის ევროპული სტრატეგიის“ შეხვედრაზე, სადაც მან თქვა, რომ მისი მთავრობა რუსეთში დაკავებული უკრაინის მოქალაქეების ახალ სიას ამზადებს შესაძლო გაცვლისთვის.

7 სექტემბერს უკრაინამ და რუსეთმა გაცვალეს 70 პატიმარი, რაც 2017 წლის შემდეგ პატიმრების გაცვლის პირველი ასეთი შემთხვევა იყო.
მოსკოვსა და კიევს შორის ურთიერთობა დაძაბულია 2014 წლის შემდეგ, როცა რუსეთმა დაიკავა უკრაინის ტერიტორიის ნაწილი, ყირიმის ნახევარკუნძული და მხარს უჭერს უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტულ ძალებს. მას მერე ამ კონფლიქტმა 13 ათასი ადამიანი იმსხვერპლა.

ომბუდსმენმა სამოგზაურო დაზღვევის შეზღუდვა ხანდაზმულთა მიმართ დისკრიმინაციად მიიჩნია

საქართველოს სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ მხრიდან ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. გადაწყვეტილების საფუძველი კომპანიის მიერ 1943 და 1937 წლებში დაბადებული მოქალაქეებისთვის სამოგზაურო დაზღვევაზე უარი გახდა.

კომპანიის განმარტებით, შიდა პოლიტიკის თანახმად, მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძვლად 70 წელი განისაზღვრება, რაც განმცხადებლებთან მიმართებითაც იქნა გამოყენებული ისე, რომ მათი ინდივიდუალური ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეფასებულა.

სახალხო დამცველი აღნიშნულთან დაკავშირებით მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ ზღვრული ასაკის განსაზღვრა, რომლის მიღმაც პირს სამოგზაურო დაზღვევაზე შაბლონურად ეუბნებიან უარს, გაუმართლებელია, ასაკოვანი ადამიანების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს ეფუძნება და მიმოსვლის თავისუფლების უფლებაში ჩარევასაც გულისხმობს.

სახალხო დამცველმა სადაზღვევო კომპანია „არდის“ მიმართა რეკომენდაციით, მომსახურების გაწევაზე დაწესებული შეზღუდვები დეტალურად ასახოს შიდა დოკუმენტებში. ასევე, არ დაადგინოს ასაკი, როგორც მომსახურების გაწევაზე ერთმნიშვნელოვნად უარის თქმის საფუძველი და ამ საფუძვლით მომსახურების გაწევაზე უარი ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში წერილობით დაასაბუთოს.

პროკურატურა „მუქარის წერილის“ საკითხზე მამუკა ხაზარაძეს პასუხობს

საქართველოს პროკურატურა საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს პასუხობს.

პროკურატურის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „სიმართლეს არ შეესაბამება მამუკა ხაზარაძის განცხადებები, თითქოს პროკურატურამ არ დაიწყო გამოძიება ეგრეთ წოდებულ წერილთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილი „დოკუმენტი” დაუყოვნებლივ დაერთო მოქმედ სისხლის სამართლის საქმეს, რაც პროცესუალურად ნიშნავს, რომ მასზე გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. გამოძიების მიმდინარეობის კიდევ ერთი დასტურია ის გარემოება, რომ მამუკა ხაზარაძე ამ ფაქტზე სასამართლოში გამოიკითხა მოწმის სახით. მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, მოწმე იკითხება მხოლოდ მოქმედი, დაწყებული გამოძიების ფარგლებში“.

პროკურატურის განცხადების თანახმად, „ამ ეპიზოდის სრულყოფილად და ობიექტურად გამოძიება განზრახ შეაფერხა თავად მამუკა ხაზარაძემ, რომელმაც არ ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოსამართლის წინაშე დაკითხვისას არ წარმოადგინა ე.წ. წერილის ორიგინალი და, ამასთან, კატეგორიული უარი განაცხადა შუამავლის დასახელებაზე. ამის გამო, პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, დანიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები ე.წ. წერილთან დაკავშირებით და გამოკითხოს მოწმეები“.

საგამოძიებო ორგანოში მიიჩნევენ, რომ გაუგებარი და სამართლებრივ ჩარჩოებს აცდენილია მამუკა ხაზარაძის მოთხოვნები იმის შესახებ, რომ ის მხოლოდ განსაკუთრებული წესით წარმართულ საგამოძიებო მოქმედებებში მიიღებს მონაწილეობას.

პროკურატურის შეფასებით, ეს პოზიცია სრულ წინააღმდეგობაში მოდის მოქმედი სისხლის სამართლის მატერიალურ და საპროცესო კოდექსებთან.

„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით და არანაირი საგამონაკლისო წესი პიროვნების საზოგადოებრივი, პოლიტიკური თუ ქონებრივი სტატუსის მიუხედავად არ დაიშვება“, - ნათქვამია განცხადებაში.

მამუკა ხაზარაძემ „ტვ პირველის“ ეთერში 12 სექტემბერს გაიხსენა წერილთან დაკავშირებული ამბავი.

ბიზნესმენი ამბობს, რომ პარლამენტში წერილის შესახებ საუბრის მეორე დღეს პროკურატურაში გამოიძახეს.

ხაზარაძის თქმით, „დაკითხვის დროს ადვოკატმა პროკურორს ჰკითხა, წერილის თემაზე ცალკე საქმე იქნება აღძრული?“

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, სხვადასხვა თემაა ფულის გათეთრება და წერილი.

„მათ გვიპასუხეს, რომ არა, ეს ერთი საქმეა. ცოტა გაკვირვებული დავრჩი, რატომ უნდა იყოს ერთი საქმე, ორი სხვადასხვა შინაარსის. მოსამართლის თვალწინ ვუთხარი წერილის მიღების შესახებ და ვის გავაცანი ის. მოგვიანებით, ბიზნესმენებსაც მოვუყევი. ამის შემდეგ პროკურორისგან ვიგებ, რომ ეს მთელი ისტორია არაფრისმომცემია“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე.

10 სექტემბერს თიბისი ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ეკა ეგუტიამ განაცხადა, რომ ლონდონში დასრულდა იმ წერილის ექსპერტიზა, რომელიც, მამუკა ხაზარაძის მტკიცებით, მას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ შუამავლის ხელით გაუგზავნა და რომელიც მუქარას შეიცავს.

ადვოკატის თქმით, ანაბეჭდების შესწავლას მოიცავდა. წერილის ორივე გვერდზე აღმოჩნდა ათეულობით ანაბეჭდი, რომლებიც ახლა უკვე საქართველოს პროკურატურამ უნდა შეადაროს საქართველოს მოქალაქეთა თითის ანაბეჭდების ბაზაში არსებულ მონაცემებს.

ნიკა მელია: სადაც ჩავთვლი საჭიროდ, იქ მივალ

„გირაოზე და შინაპატიმრობაზე უფრო მკაცრი ღონისძიება არის პატიმრობა, მე ვუთხარი, რომ შეგიძლიათ ჩათვალოთ ჩემი საბოლოო პოზიცია და გადასცეთ თქვენს ხელმძღვანელობას - აუცილებლად, სადაც ჩავთვლი საჭიროდ, რომელ ტელე-რადიო კომპანიაშიც ჩავთვლი საჭიროდ, იქ მივალ. მიუხედავად იმისა, ამაზე პროკურატურა თანხმობას განაცხადებს თუ არა, თუ უარს იტყვის, აუცილებლად მივალ“, - განაცხადა ნიკა მელიამ მას შემდეგ, რაც პროკურატურა დატოვა, სადაც გაფრთხილების ოქმი გადაეცა.

„პროკურატურას სხვა გამოსავალი არ აქვს, ან უნდა აღიაროს, რომ ნიკა მელიას, როგორც დეპუტატს, აქვს უფლება, გადაადგილდეს იქ, სადაც იგი თვლის საჭიროდ, გაფრთხილების შემდეგ, ადვოკატი სისტემატურად საქმის კურსში აყენებს [პროკურატურას] ან უნდა დააპატიმროს ეს ადამიანი, რომელიც კანონს არღვევს. მესამე გამოსავალი არ არსებობს, პროკურატურას მოუწევს რეალობას თვალი გაუსწოროს და შეეგუოს მოცემულობას, რომელიც გულისხმობს დეპუტატის იქ გადაადგილებას, სადაც მას აქვს სურვილი, მეტიც, კონსტიტუციური უფლება და კიდევ უფრო მეტი... კონსტიტუციური ვალდებულება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს უთხრეს, რომ მან სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია და კიდევ ერთხელ გამეორების შემთხვევაში, მის მიმართ გამოიყენება უფრო მკაცრი ღონისძიება ანუ დაპატიმრება.

„ნიკა მელიას აქვს პარლამენტარის უფლებები, რომელსაც იცავს კონსტიტუცია და ვერავითარი შეზღუდვა ვერ იმოქმედებს ამაზე. ვერ იქნება პროკურორის კეთილ ნებაზე დამოკიდებული, ნიკა მელია წავა თუ არა პარლამენტში, შეხვდება თუ არა ამომრჩევლებს და ისარგებლებს თუ არა მასმედიით და მიიღებს თუ არა ტოქშოუში მონაწილეობას. ამიტომ ის ოქმი, რომელიც დღეს გაფორმდა, არის ფარატინა ქაღალდი“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ადვოკატის განცხადებით, ნიკა მელიამ გაფრთხილების ოქმზე საკმაოდ ვრცელი განმარტება დატოვა, სადაც დაწერა, რომ ეს არის „სამართლებრივი აბსურდი“.

„თუ ნიკა მელიამ დაარღვია კანონი, გენერალური პროკურორი უნდა მივიდეს პარლამენტში და უნდა აუხსნას პარლამენტარებს, რომ დავით აქუბარდიასთან მისვლით ნიკა მელიამ, საქართველოს პარლამენტის წევრმა, დაარღვია კანონი და მოითხოვოს დაპატიმრების ნებართვა. ამ ნებართვის მიღების შემდეგ, რაზეც დიდი ეჭვი მეპარება, მივიდეს სასამართლოში და იქ უნდა მოითხოვოს ნიკა მელიას დაპატიმრება“, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

საგამოძიებო ორგანომ ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარა, რათა განემარტათ, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს მის მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას, რაც განმეორების შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების პირობაა.

2019 წლის 27 ივნისს, 20 ივნისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მის მიმართ მიმდინარეობს ელექტრონული მონიტორინგი.

8 სექტემბერს ნიკა მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა საპარლამენტო უფლებამოსილება. ამგვარი ნებართვა მას არ ჰქონია 10 სექტემბერს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემაში.

პრაღაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მარშლის ძეგლის გადატანამ მოსკოვის გაბრაზება გამოიწვია

პრაღის მე-6 რაიონის მუნიციპალიტეტის საბჭოს გადაწყვეტილებამ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა მარშალ კონევის ძეგლი მუზეუმში გადაიტანოს, დიპლომატიური დაძაბულობა გამოიწვია რუსეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიწვია ჩეხეთში რუსეთის ელჩი მოსკოვში რუსი კანონმდებლის გამონათქვამის გამო, რომელმაც ქალაქის იმ რაიონის მერს, სადაც ძეგლის გადატანას უყარეს კენჭი, ნაცისტური მთავრობის რეგიონული მმართველი უწოდა.

ამის ფონზე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილების თაობაზე განაცხადა, რომ ის „არ დარჩება უპასუხოდ“.

პრაღის მეექვსე რაიონის მერმა, ონდჟეი კოლარჟმა ძეგლის გარშემო ხარაჩოები ააგებინა და ძეგლი დაფარეს, რასაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. პრორუსულმა ძალებმა ძეგლს საფარველი მოხსნეს და ბევრმა მასთან ყვავილები მიტანა. რუსეთის კულტურის მინისტრმა ვლადიმირ მედინსკიმ კოლარჟი „ნაცისტს“ შეადარა, როცა ის ძეგლის სხვაგან გადატანის ინიციატივით გამოვიდა.

მარშალ კონევის ძეგლი, რომელიც 1980 წელს დაიდგა პრაღა 6-ში, უკვე რამდენიმე წელია, დავის საგანია ჩეხეთის საზოგადოებაში. დემონტაჟის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ სწორედ კონევის ჯარებმა გაათავისუფლეს პრაღა 1945 წლის 9 მაისს. დემონტაჟის მომხრეები კი მიუთითებენ კონევის როლზე უნგრეთის 1956 წლის ეროვნული აჯანყების ჩახშობაში და მის მონაწილეობაზე ჩეხოსლოვაკიაში 1968 წელს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარების შეყვანაში, ასევე იმაზე, რომ 1945 წლის მაისში პრაღაში საბჭოთა ჯარების მისვლისთვის გერმანელებს უკვე ფაქტობრივად კაპიტულაცია ჰქონდათ გამოცხადებული.

უკანასკნელი წლების განმავლობაში დაუდგენელი პირები რეგულარულად ასხამენ კონევის ძეგლს საღებავს. უკანასკნელი ასეთი შემთხვევა მოხდა 21 აგვისტოს, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შესვლის წლისთავზე. პრაღის მე-6 რაიონის მუნიციპალიტეტის დეპუტატთა საბჭომ ხუთშაბათს მიიღო გადაწყვეტილება, რაიონის ტერიტორიიდან გადაიტანოს საბჭოთა მარშლის, ივან კონევის ძეგლი - სავარაუდოდ, მუზეუმში. ჯერჯერობით არაა ცნობილი, როდის მოხდება ეს. მის ადგილზე ნაციზმისგან პრაღის განმათავისუფლებელთა ახალი ძეგლი დაიდგმება.

ნიკა მელია: „ეს არაა პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული“

ნიკა მელია

რისთვის უნდა დააპატიმრო დეპუტატი, პოლიტიკურ ტოქშოუში მონაწილეობისთვის? ეს შეკითხვა დაუბრუნა დეპუტატმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს პასუხად კითხვაზე, ხომ არ არის მოსალოდნელი მისთვის აღკვეთის ღონისძიების გამკაცრება საცხოვრებელი ადგილის საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად დატოვების გამო.

„მე ვარ მზად, შევასრულო ჩემი უფლებამოსილება დეპუტატისა. ვინმე თუ არღვევს დღეს კანონს, მათ შორის, კონსტიტუციას, ეს არის ის ხალხი, აქ რომ არის.

ეს არაა პროკურატურა - თადუმაძეებში ვარ მოსული“, - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, პარლამენტში იგი პროკურატურის ნებართვით მივიდა, თუმცა სიტყვით გამოსვლის დროს მასთან სახლში ხელისუფლების წარმომადგენლები მივიდნენ და ოქმს ადგენდნენ, სად არის ნიკა მელიაო?!

„რა მოხდა, არ იცოდა პრობაციის სააგენტომ, რომ მელია პარლამენტშია და არ იცოდა, რომ პროკურატურამ ნებართვა დართო. არა, უბრალოდ, იქ, ამ მთის გადაღმა რომ ცხოვრობს ადამიანი, ჩამოარტყა ხელი მაგიდას და თქვა, რომ ეს მელია დაააბით სახლშიო და მართლა როგორც ოთხფეხა მელიაზე, ისე ნადირობენ ჩემზე. ეს განცდა მაქვს“, - აღნიშნა გენერალურ პროკურატურაში შესვლამდე ნიკა მელიამ. საგამოძიებო ორგანომ იგი 16 საათზე დაიბარა, რათა განემარტათ, რომ 2019 წლის 10 სექტემბერს მის მიერ საცხოვრებელი ადგილის დატოვება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას, რაც განმეორების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების პირობაა.

„არ არსებობს, შეზღუდვას არ დავიწესებ, კანონს არ დავარღვევ, კონსტიტუციას არ დავარღვევ, კონსტიტუციისა და კანონის მოთხოვნების შესრულების გამო დააკავო ნებისმიერი ადამიანი, მით უფრო დეპუტატი, არის წარმოუდგენელი“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

პროკურატურა მან შესვლიდან რამდენიმე წუთში, მას შემდეგ დატოვა, რაც გაფრთხილების ოქმი გადაეცა.

2019 წლის 27 ივნისს, 20 ივნისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. მის მიმართ მიმდინარეობს ელექტრონული მონიტორინგი.

8 სექტემბერს ნიკა მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა საპარლამენტო უფლებამოსილება. ამგვარი ნებართვა მას არ ჰქონია 10 სექტემბერს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემაში.

დავითის უნიკალური მონეტა საქართველოში ჩამოიტანეს

დავითის მონეტა

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში პირველად გამოიფინება დავით აღმაშენებლის მონეტა, რომელიც ბრიტანეთის მუზეუმში არის დაცული. ეროვნული მუზეუმის განცხადებით, ეს მონეტა დავითის მოჭრილ მონეტებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან მისი წარწერა ასახავს XI-XII საუკუნეების საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ ხაზს.

მონეტის ავერსზე წარმოდგენილია დავით მეფის გამოსახულება ბიზანტიურ სამოსში; თავზე ადგას ჯვრით დამშვენებული გვირგვინი - სტემა, მარჯვენა ხელში გრძელბუნიანი ჯვარი უპყრია, მარცხენაში კი - ჯვრიანი სფერო. გამოსახულების თანმხლები ასომთავრული წარწერა მას მეფე დავითად მოიხსენიებს.

რევერსზე, მონეტის ცენტრში, თანაბარმკლავიანი ჯვრის გამოსახულებაა, რომელსაც გარშემო ქართული ასომთავრული წარწერა გასდევს: „ქრისტე, დავით მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, სომეხთა“.

აუდიტორია შეძლებს იხილოს დავით აღმაშენებლის მონეტა როგორც მუზეუმში, ასევე ინტერნეტსივრცეში - სპეციალურად შექმნილ ახალ ციფრულ პლატფორმაზე:

დამთვალიერებელს გამოფენის ნახვა 17 სექტემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით შეეძლება.

შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ნათია მეზვრიშვილი, სავარაუდოდ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, რასაც თავად არ ადასტურებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი კახა კახიშვილია, რამდენიმე დღის წინ დატოვა დაკავებული თანამდებობა პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გიორგი ჭოლაძემ.

ნათია მეზვრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2017 წლიდან მუშაობდა.

ერგნეთში ტექნიკური შეხვედრა დღესაც უშედეგოდ დასრულდა

ერგნეთი

ერგნეთში დასრულდა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების, რუსეთის საოკუპაციო ძალებისა და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის.

ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით ბოლო ორ კვირაში გამართულ მეოთხე ტექნიკურ შეხვედრაზეც მხარეები მხოლოდ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

„პოზიციები კვლავ არის დიამეტრალურად განსხვავებული. კერძოდ, ჩვენ ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ პოლიციის სტანდარტული საგუშაგო [ჩორჩანასთან] გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში და მისი დანიშნულებაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა. ამასთანავე, კატეგორიულად მოვითხოვეთ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნებისმიერი უკანონო აქტივობის შეწყვეტა“, - უთხრა ჟურნალისტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მისი თქმით, ამავე საკითხზე მეორე მხრიდან გაჟღერდა დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრებები და, შესაბამისად, კონსენსუსი მიღწეული არ არის.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 4 სექტემბრიდან, ახალგორთან ე.წ. საზღვრის დაკეტვა დაუკავშირეს ჩორჩანის მახლობლად მიმდინარე პროცესებს, რასაც ქართულმა მხარემ უპასუხა, რომ ეს მხოლოდ ჰუმანიტარული საკითხია, ახალგორთან ე.წ. გადასასვლელებით ადგილობრივი მოსახლეობა სარგებლობს და მათი დაკეტვა კიდევ უფრო გაუუარესებს ცხოვრების პირობებს. ირაკლი ანთაძის თქმით, მეორე მხარეს კონსტრუქციული პოზიცია არც ამ საკითხში ჰქონია.

სუს-ის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე ახალგორში ჰუმანიტარული კატასტროფა არ არის, თუმცა, გადასასვლელების დაკეტვა გარკვეული პერიოდის შემდეგ სერიოზულ კონკრეტულ პრობლემებს გააჩენს. ამიტომ, ანთაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას, რათა შეძლებისდაგვარად მოკლე დროში მიაღწიონ ამ გადასასვლელების გახსნას.

13 სექტემბერს გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ იმაზე, რომ პოზიციების დაახლოების მიზნით დიალოგი უნდა გაგრძელდეს. მომდევნო შეხვედრის თარიღი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განისაზღვრება.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი უკანონო საგუშაგო.

Human Rights Watch რუსეთს მოუწოდებს, შეცვალოს უმცირესობათა ენების მიმართ პოლიტიკა

ალბერტ რაზინის პიკეტი, სანამ ის თავს დაიწვავდა. 10 სექტემბერი, 2019 წელი

ენების სფეროში რუსეთის პოლიტიკის მიმართ პროტესტის ნიშნად უდმურტი მკვლევრის და აქტივისტის მიერ თავის დაწვის შემდეგ, Human Rights Watch მოსკოვს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციოს „ღრმა ფესვების მქონე პრობლემებს“, რომლებიც ქვეყნის ეთნიკურ და ენობრივ უმცირესობებს აქვთ.

რუსეთმა ენის სფეროში თავისი პოლიტიკა უნდა გადასინჯოს, რათა არ მოხდეს პირდაპირი და ირიბი დისკრიმინაცია და შეცვალოს პოლიტიკა, რომელიც ანადგურებს ენობრივ მრავალფეროვნებას, წერს Human Rights Watch 12 სექტემბრის განცხადებაში.

ორი დღით ადრე, ალბერტ რაზინი საავადმყოფოში გარდაიცვალა მას მერე, რაც რეგიონული პარლამენტის წინ, უდმურტეთის დედაქალაქ იჟევსკში ცეცხლი წაიკიდა. აქტის დროს მას ეჭირა პლაკატები წარწერით: „თუ ჩემი ენა ხვალ უნდა მოკვდეს, მე მზად ვარ, მოვკვდე დღეს“ და „მაქვს მე სამშობლო“.

79 წლის რაზინი ერთ-ერთი იყო ადგილობრივი ექსპერტების იმ ჯგუფში, რომელმაც 2018 წელს ხელი მოაწერა უდმურტეთის პარლამენტისთვის გაგზავნილ წერილს. ჯგუფი დეპუტატებს მოუწოდებდა, არ დაეჭირათ მხარი კანონპროექტისთვის, რომელიც ეხებოდა რუსეთის ეგრეთ წოდებული ეთნიკური რეგიონების სკოლებში „დედა-ენის“ სწავლებას, და რომელიც მათი კულტურისთვის არსებით მუქარად მიაჩნდა.

მიუხედავად წინააღმდეგობისა, რუსეთმა შარშან მიიღო კანონი, რომლის თანახმად გაუქმდა ადგილობრივი ენების სავალდებულო სწავლება რეგიონებში, სადაც არარუსული მოსახლეობა ფართოდ არის წარმოდგენილი.

ზელენსკი მადლიერია ტრამპისა სამხედრო მიზნებისთვის 250 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის სამხედრო მიზნებისთვის დახმარების სახით 250 მილიონი დოლარის ოდენობის პაკეტის გამოყოფისთვის. დახმარების ეს პაკეტი შეჩერებული ჰქონდა თეთრს სახლს გადასინჯვისთვის.

სამხედრო დახმარების მიზანია უკრაინის სამხედროების წვრთნა და აღჭურვა. უკრაინის არმიას ხუთი წელიწადია ომი აქვს რუსეთის დახმარებით მოქმედ სეპარატისტებთან. ამ დაპირისპირებას 13 ათასი ადამიანი ემსხვერპლა და მის გამო უკრაინას მოწყდა აღმოსავლეთის რეგიონის დიდი ნაწილი.

ზელენსკიმ „იალტის ევროპული სტრატეგიის“ თავყრილობაზე, რომელიც უკრაინელმა მაგნატმა, ვიქტორ პინჩუკმა მოაწყო, ტრამპს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ თავის კოლეგა ყოფილ სატელევიზიო ვარსკვლავთან, რომელიც პრეზიდენტი გახდა, „ძალიან კარგი“ ურთიერთობა აქვს და აშშ-ს უწოდა „მნიშვნელოვანი სტრატეგიული“ პარტნიორი.

გასულ კვირაში თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტს განიხილავს, ჩანს, კორუფციის თაობაზე შეშფოთების გამო და იმაში დასარწმუნებლად, რომ ის აშშ-ის საგარეო-პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად იქნება გამოყენებული.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG