Accessibility links

ახალი ამბები

20-21 ივნისის აქციაზე ძალადობაში ბრალდებული დათაშვილი და ჯავახიშვილი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა 2000-2000 ლარის გირაოთი შეუცვალა პარლამენტთან, 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ჯავახიშვილს და თორნიკე დათაშვილს.

ორივე მათგანმა ბრალი აღიარა, რის შემდეგაც დაცვის მხარის შუამდგომლობას გირაოს შესახებ, ბრალდების მხარე დაეთანხმა.

ჯავახიშვილი და დათაშვილი, რომლებიც წინასწარ პატიმრობაში ივლისის შემდეგ იმყოფებოდნენ, სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართული აქციის საქმეზე სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი. მათ წინააღმდეგ საქმეები აღძრულია სისხლის კოდექსის 225-ე მუხლით, რომელიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას ეხება

სისხლის სამართლის საქმის საფუძველი გახდა აქციის მონაწილეთა მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

რომან გოცირიძე: თუ დავინახეთ, რომ შეწყალების საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს დავიწყებთ

იმ შემთხვევაში, თუ დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, მაშინ დავიწყებთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს, - განუცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს, ამით ის მსჯავრდებულების შეწყალების საქმეზე პრეზიდენტის გამოკითხვის საკითხს გამოეხმაურა.

რომან გოცირიძის განცხადებით, საქმეში აშკარა დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

„ერთი თვე გავიდა. გამოძიებას კიდევ ვაძლევთ დროს, არ გვინდა ვიჩქაროთ. იმ შემთხვევაში, თუკი დავინახეთ, რომ საქმე ჩაფარცხვისკენ მიდის, მაშინ დავიწყებთ იმპიჩმენტის პროცესს. დანაშაულის ნიშნები აშკარად იკვეთება. ეს პრეზიდენტმა ჩაიდინა, იცოდა თუ არა მან, ან მისი გულგრილობის და არაპროფესიონალიზმის შედეგი იყო, ამას დაადგენს გამოძიება, მაგრამ დანაშაული რომ არის, ამაში ეჭვი არავის ეპარება. შეუძლებელია, რომ მკვლელები, ნარკორეალიზატორები და არასრულწლოვნებთან სექსუალურ კავშირში შემჩნეული ადამიანები გათავისუფლებული ყოფილიყვნენ ერთ დღეს, ერთი ხელის მოსმით. აქ არის ინტერესები და, როგორც წესი, ინტერესები დაკავშირებულია ფულთან“, - განაცხადა გოცირიძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 პატიმარი, მათ შორის, განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამ ფაქტით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აწესებს.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. უკვე გამოკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის - დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

14 ოქტომბერს, ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ხომ არ იმყოფებოდა პროკურატურაში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა, რატომ უნდა ვიყო?“

„ლელოს“ დამფუძნებელმა გუნდის მორიგი თორმეტეული წარადგინა

„ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა.

„ლელოს" ახალი წევრები არიან:

1. კახა ხაზარაძე, ბიზნესმენი;

2. ნატალია ბარათელი, ინჟინერია-გეოფიზიკის მაგისტრი. განათლების დამოუკიდებელი ექსპერტი;

3. ლევან ქოქიაშვილი, რესტორატორი, სომელიე და კომპანია „გასტრონავტის“ დაფუძნებელი;

4. ვაჟა სამადბეგიშვილი, ინჟინერ-მექანიკოსი, კომპანია „კა-დე-ვე“ ჯორჯიას გენერალური დირექტორი;

5. ლაშა მარგიანი, პოეტი, მხატვარი, სამოქალაქო აქტივისტი;

6. მარიამ თავაძე, ფილოლოგი, მთარგმნელი, შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

7. ალექსანდრე რატიშვილი, ინჟინერ ეკონიმისტი, ბიზნესმენი;

8. ლევან ლომთაძე,ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალისტი, სერთაშორისო (ამერიკული) საქველმოქმედო ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის პრეზიდენტი;

9. გიორგი ბიჭიაშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი;

10. გიორგი მჭედლიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიური დოქტოტი;

11. ირაკლი კუცია, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;

12. მარიამ აფრასიძე,სამოქალაქო აქტივისტი, ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებული.

მამუკა ხაზარაძემ„ლელოს“ პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა. ამ დროისთვის ორგანიზაციის 48 წევრია წარდგენილი.

პროკურატურა პრეზიდენტს "საჭიროების შემთხვევაში" გამოკითხავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„საჭიროების შემთხვევაში, პროკურატურა იმოქმედებს კანონის შესაბამისად“, - ასე უპასუხა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, აპირებს, თუ არა პროკურატურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის დაბარებას პატიმართა შეწყალების საქმის გამოძიების ფარგლებში.

თადუმაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს იმ პირთა გამოკითხვა, რომელთა გამოკითხვის აუცილებლობაც არსებობს.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 პატიმარი, მათ შორის განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამ ფაქტით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აწესებს.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. უკვე გამოკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

14 ოქტომბერს, ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ხომ არ იმყოფებოდა პროკურატურაში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა, რატომ უნდა ვიყო?“

არჩილ თალაკვაძე: ჩვენი გადასაწყვეტი არაა პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარება

ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტი უნდა დაიბარონ თუ არა გამოკითხვაზე. ჩვენ ვართ საპარლამენტო ხელისუფლება და პასუხისმგებელი ვართ კანონების შექმნასა და აღსრულების მონიტორინგზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა პატიმართა შეწყალების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებაზე საუბრისას.

თალაკვაძის შეფასებით, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით გარკვეული ოპოზიციური პარტიები სამმაგი სტანდარტით ხელმძღვანელობენ.

"როდესაც სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით მისი შეწყალების გადაწყვეტილებებს და N რაოდენობით ასეთი გადაწყვეტილებები ჰქონდა მიღებული, ეს ხალხი იყო სწორედ, ვინც მაშინ ამბობდა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილებები. არანაირი კრიტიკა მათ არ გამოუთქვამთ. შემდეგ, როდესაც ბატონი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენ ვაკრიტიკებდით შეწყალების გადაწყვეტილებებს, ისევ ეს ხალხი იყო, ვინც ამბობდა, მმართველი პარტია თავს ესხმის პრეზიდენტსო. დღეს, როდესაც იგივე შეწყალების გადაწყვეტილებები კითხვის და კრიტიკის საგანია, ისევ ეს ხალხი არის, ვინც ამბობს, რომ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. ანუ, როგორც ვხედავთ, სამ ერთნაირ შემთხვევაში, სამ სტანდარტულ შემთხვევაში ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ განსხვავებული რეაქცია, რაც სამმაგი სტანდარტია. ამიტომ მათ საზოგადოებას უნდა აუხსნან, როდის იყვნენ გულწრფელები და როდის უჭერდნენ მხარს სიმართლეს", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე შეფასებით, საკითხის გარშემო საზოგადოებაში კითხვები დღესაც არსებობს და კარგია, რომ პრეზიდენტი პროცესში პარლამენტის ჩართულობიის ინიციატივით გამოვიდა.

"დღესაც აქვს კითხვები საზოგადოებას შეწყალებაზე, ამიტომ მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტი ჩართოს ამ პროცესში. ეს არის მისი კომპეტენციის სფერო, მისი დისკრეცია. ამას არეგულირებს პრეზიდენტის ბრძანებულება და პრეზიდენტის ბრძანებულებაში უნდა შევიდეს ცვლილებები. პრეზიდენტმა უკვე მოგვმართა. ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ თანამშრომლობაზე", - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი შემცირებულია.

"იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა, დაინერგა ალტერნატიული მეთოდები პატიმრობის, როგორიც არის ელექტრონული პატიმრობა, როგორიცაა ღია დაწესებულებები, სადაც პატიმრებს აქვთ ოჯახთან კავშირების შენარჩუნების შესაძლებლობა, ასევე ისეთი დაწესებულებები, სადაც მაგალითად, შაბათ-კვირას პატიმრებს შეუძლიათ, რომ ოჯახებში გაატარონ დრო, ვფიქრობ, თვითონ შეწყალების, როგორც მექანიზმის მნიშვნელობა შეუდარებლად შემცირებულია. რიცხვებშიც თუ ნახავთ, თანდათან ამ წლების განმავლობაში მცირდებოდა შეწყალების მექანიზმის გამოყენების მაჩვენებელი", - უთხრა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა თადუმაძე კოლეგა პროკურორებს "დიდოსტატის მარჯვენის" შესახებ რჩევას აძლევს

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე

თბილისში მიმდინარეობს საქართველოს პროკურორთა კონფერენცია, რომელმაც საპროკურორო საბჭოს პროკურორი წევრები უნდა აირჩიოს.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ, რომელმაც კოლეგებს წარმატებები უსურვა და გამოსვლა რჩევით დაასრულა: „ჩემი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ „დიდოსტატის მარჯვენა“ ასეთი ნაწარმოები არ არსებობს. კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“.

შალვა თადუმაძეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიცაა, 9 ოქტომბერს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ამ სტატუსით მოსმენისას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჰკითხა, თუ ვინ დაწერა „დიდოსტატის მარჯვენა“, რაზეც შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ არ იცის.

მოგვიანებით, გენერალურმა პროკურორმა თქვა, რომ იხუმრა.

გენერალური პროკურორი "პოლიტიკურ ბოდვებზე" კომენტარს არ აკეთებს

გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ მისი დიპლომის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოთქმულ ეჭვებს პოლიტიკური ბოდვა უწოდა.

შალვა თადუმაძეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიცაა, დღეს, 18 ოქტომბერს, პროკურორთა კონფერენციის გახსნამდე ჟურნალისტებმა ჰკითხეს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის განცხადებაზე, რომ აუცილებელია მისი დიპლომის ნამდვილობის სრულყოფილი გამოძიება.

გენერალური პროკურორის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები წელიწადნახევარია ავრცელებენ ერთი და იგივე განცხადებას, თუმცა, მისი დიპლომის არაკანონიერებასთან დაკავშირებული არანაირი დოკუმენტი არ გააჩნიათ.

„ამას აკეთებენ წელიწადნახევრის განმავლობაში. ამ პოლიტიკურ ბოდვებზე მე კომენტარს არ ვაკეთებ“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

აშშ-ის მთავრობის დახმარებით საქართველოში ახალი საარჩევნო-პოლიტიკური პროგრამა იწყება

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ(USAID) საქართველოში დაიწყო საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების ახალი, ოთხწლიანი პროგრამის განხორციელება.

USAID-ის ინფორმაციით, პროგრამა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის პირდაპირი დახმარებაა 2020-2021 წლების არჩევნებისა და შემდგომი პერიოდისთვის. პროგრამის ბიუჯეტი 14 მილიონი დოლარია.

ოთხწლიანმა პროგრამამ ხელი უნდა შეუწყოს მოქალაქეთა ინტერესებზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ჩამოყალიბებას.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულია სამი საერთაშორისო და ექვსი ქართული ორგანიზაცია: საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, საარჩევნო სისტემათა საერთაშორისო ფონდი, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველო.

ამ ორგანიზაციებმა სხვადასხვა პროექტით ხელი უნდა შეუწყონ პოლიტიკურ პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და პოლიტიკურ ინსტიტუტებზე კონტროლის გაძლიერებას.

არასამთავრობო სექტორი გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობის გამოძიებას ითხოვს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, რომელიც 40 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს, საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის დასადგენად სრულყოფილ გამოძიებას ითხოვს.

კოალიციის შეფასებით, 9 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე შალვა თადუმაძის განმარტებებმა კიდევ უფრო საფუძვლიანი გახადა დოკუმენტში ყალბი მონაცემების შეტანის ეჭვი.

„გენერალურმა პროკურორმა განმარტა, რომ დიპლომში ინსტიტუტში ჩაბარების წელი სწორად არ არის მითითებული, რადგან 1993 წელს მოცემული სასწავლებელი საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, ცხადია, რომ შალვა თადუმაძე სწავლას 1993 წელს ვერ დაიწყებდა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მიხედვით, დასჯადია არა მარტო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება ან/და შეძენა, არამედ მისი გამოყენებაც. ამიტომაც, აღნიშნული საკითხი სცდება ჩვეულებრივი პოლიტიკური დისკუსიისა და პროფესიული შესაბამისობის დასადგენად მიზანშეწონილობის ფარგლებს და მას სამართლებრივი განზომილება გააჩნია“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

გარდა ამისა, „შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ განათლების შესახებ კანონში 1997 წელს შეტანილი ცვლილების შესაბამისად, ინსტიტუტი ექსტერნატის ფორმით 1998 წელს დაამთავრა, რაც სასწავლო დაწესებულებამ დიპლომში 1993 წელს სწავლის დაწყების ფორმით ასახა. მიუხედავად განმარტებისა, ბუნდოვანია, თუ სწავლის დაწყების თარიღად სასწავლებელმა დოკუმენტში რატომ მიუთითა ის წელი, როდესაც ის საერთოდ არ იყო რეგისტრირებული, ხოლო დიპლომში ექსტერნად დამთავრების შესახებ ჩანაწერი არ გააკეთა”.

კოალიციის განცხადებითვე, კანონის თანახმად, უმაღლესი იურიდიული განათლება აუცილებელი წინაპირობაა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის, არამედ პროკურორის უფლებამოსილების განხორციელებისათვისაც, ხოლო შესაბამისი განათლების არქონა გენერალურ პროკურორს არაუფლებამოსილ პირად ხდის, ეს კი, თავის მხრივ, მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს შეიძლება იწვევდეს გენერალური პროკურორის მიერ განხორციელებულ მთელ რიგ ქმედებებთან დაკავშირებით.

„გარდა სამართლებრივი შედეგებისა მსგავს შემთხვევას შესაძლოა, მძიმე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. როდესაც ქვეყნის გენერალური პროკურორის თანამდებობა შეიძლება ეკავოს პირს, რომელიც ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს და უფრო მეტიც, ეს თანამდებობა შესაძლოა ყალბი დოკუმენტის გამოყენების შედეგად ქონდეს დაკავებული, ამან შესაძლოა, გამოუსწორებელი რეპუტაციული ზიანი მიაყენოს მთლიანად პროკურატურის ინსტიტუტს“.

კოალიციას მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა ჩატარდეს სრულყოფილი გამოძიება, რათა დამაჯერებელი პასუხი გაეცეს ლეგიტიმურ შეკითხვას გენერალური პროკურორის დიპლომის ნამდვილობის და შესაძლო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების შესახებ, ამ პროცედურის დასრულებამდე პარლამენტმა კენჭი არ უნდა უყაროს შალვა თადუმაძის კანდიდატურას, პარლამენტმა კანონით გათვალისწინებული პროცედურებით უნდა უზრუნველყოს შალვა თადუმაძის დიპლომის ნამდვილობის გადამოწმება და თუ დანაშაულის ნიშნებს დაინახავს, იმპიჩმენტის პროცედურა უნდა დაიწყოს.

მოსკოვის საპატრიარქო ელადის ეკლესიას უკრაინის გამო ემუქრება

მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილე

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს მიანიჭა უფლებამოსილება, შეწყვიტოს ღვთისმსახურებისას ათენის და სრულიად ელადის არქიეპისკოპოს იერონიმეს მოხსენიება, თუ ის დაიწყებს „უკრაინის ეკლესიაში განხეთქილების შემტანი დაჯგუფების მეთაურის მოხსენიებას, ან სხვა ქმედებებით დაადასტურებს ამ განხეთქილების აღიარებას“.

12 ოქტომბერს, კიევის და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ელადის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა.

მოსკოვის საპატრიარქოს ინფორმაციით, ელადის ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებამ აღიარა კონსტანტინოპოლის პატრიარქის უფლება, ავტოკეფალია მიანიჭოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას.

რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრების მიერ 17 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის შემდეგ, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ვლადიმირ ლეგოიდამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლოცვითი და ევქარისტიული ურთიერთობა შეწყდება ელადის ეკლესიის ყველა მღვდელმთავართან, ვინც ამა თუ იმ ფორმით აღიარებს „უკრაინის არაკანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას“.

გარდა ამისა, ლეგოიდას თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია მორწმუნეებს არ მისცემს კურთხევას, მოილოცონ ელადის ეკლესიის ეპარქიის მონასტრები და სხვა წმინდა ადგილები.

ვლადიმირ ლეგოიდას განცხადებით, მოსკოვის საპატრიარქო ელადის ეკლესიასთან ევქარისტიული ურთიერთობების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობას აკისრებს კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართლომეს და იმ გარე პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ინტერესების გათვალისწინებით მოხდა უკრაინულ ეკლესიაში შეტანილი განხეთქილების ლეგალიზება.

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია 2019 წლის იანვარში აღიარა. მანამდე, 2018 წლის დეკემბერში, კიევში გაიმართა საეკლესიო კრება, რომელზეც ახალ სტრუქტურად გაერთიანდნენ კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მიაკუთვნეს. მოსკოვის და სრულიად რუსეთის საპატრიარქო უკრაინის ეკლესიას კვლავ თავის ნაწილად მიიჩნევს.

წინასწარი ინფორმაციით, 29 წლის მუშა სანგრევი სამუშაოების დროს დაიღუპა - „ჯორჯიან მანგანეზი"

„ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებით, 17 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში კომპანიის თანამშრომელი, 29 წლის გ.ბ დაიღუპა. „ჯორჯიან მანგანეზის" წინასწარი ინფორმაციით, ინციდენტი სანგრევი სამუშაოების დროს მოხდა.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, ამ დროისთვის მუშის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ცნობილი არ არის.

შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

2018-2019 წლებში დაიღუპა 20-მდე და დაშავდა 15-ზე მეტი მაღაროელი და მეშახტე.

შსს: ჭიათურის მაღაროში მუშა დაიღუპა, დაწყებულია გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას დაუდასტურეს, რომ ჭიათურაში, მაღაროში მუშა დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით - სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა.

2018-2019 წლებში დაიღუპა 20-მდე და დაშავდა 15-ზე მეტი მაღაროელი და მეშახტე.

თურქეთი დათანხმდა სირიაში ოპერაციის შეჩერებას

თურქეთი და აშშ შეთანხმდნენ თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე სირიაში, რათა ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედ ძალებს იმ ადგილების დატოვების საშუალება მიეცეს - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ანკარაში გამართული მოლაპარაკების შემდეგ.

როგორც პენსმა 17 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე თქვა, ჩრდილოეთ სირიაში 120 საათით შეწყდება სამხედრო ოპერაცია, რათა ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედი ძალები იქიდან გავიდნენ.

"ჩვენ ოპერაციას ვაჩერებთ. ეს არ არის ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება" - ეს სიტყვები თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გადაწყვეტილებას ტვიტერით მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ერდოანს და განაცხადა, რომ "მილიონობით სიცოცხლე გადარჩება".

თურქეთმა თავისი შეტევა ცხრა დღის წინ დაიწყო, განაცხადით, რომ სურდა ტერიტორიიდან განედევნა ქურთთა ძალები.

ამ ნაბიჯს წინ უძღოდა ტრამპის მიერ გასულ კვირაში მოულოდნელად მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩრდილოაღმოსავლეთ სირიიდან გაიყვანდა აშშ-ის ძალებს, რომლებიც იქ ქურთთა დანაყოფებს უჭერდნენ მხარს ექსტრემისტულ ჯგუფთან, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში.

თურქეთი აცხადებს, რომ სირიაში მებრძოლ ქურთებს მჭიდრო კავშირი აქვთ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან, რომელიც თურქეთში 1980-იანი წლებიდან პარტიზანულ ბრძოლას აწარმოებს და რომელსაც ანკარა, ვაშინგტონი და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევენ.

გორდონ სონდლანდი კონგრესის წინაშე გამოდის ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე

ევროკავშირში აშშ-ის ელჩი გორდონ სონდლანდი ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტების წინაშე გამოდის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიების ფარგლებში.

მოსმენა დახურულ კარს მიღმა ტარდება, მაგრამ გამოქვეყნდა სონდლანდის შესავალი სიტყვის ტექსტი.

მასში ნათქვამია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც უკრაინის მიმართ პოლიტიკისთვის იყვნენ პასუხისმგებელი, ტრამპის პირდაპირი მითითებით უნდა შეეწყოთ ხელი პრეზიდენტის პირად ადვოკატს, რუდი ჯულიანისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებისთვის.

სონდლანდის თქმით, ის არ ეთანხმებოდა ამას, მაგრამ არ შეეძლო მითითებების დარღვევა და, გარდა ამისა, მიაჩნდა, რომ ჯულიანის შეეძლო ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ურთიერთობების აწყობა.

დიპლომატის სიტყვებით, ის არ დაფიქრებულა იმაზე, რომ უკრაინის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჯულიანის შეუძლია წამოჭრას ტრამპის პოლიტიკური ოპონენტის, ჯო ბაიდენის ვაჟის საკითხი.

ადრე მედია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ სონდლანდი უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილ წარმომადგენელთან, კურტ ვოლკერთან ერთად ცდილობდა, ზელენსკის გაეკეთებინა განცხადება, რომ უკრაინა განაახლებს ბაიდენთან დაკავშირებულ გამოძიებას.

იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიება დაიწყო ეჭვის გამო, რომ ტრამპი ჯულიანისა და დიპლომატების გზით, ასევე პირადად, ახდენდა ზეწოლას უკრაინაზე, რომ ზიანი მიეყენებინა ჯო ბაიდენისთვის.

თავად ტრამპი აცხადებს, რომ დემოკრატების მიერ დაწყებული გამოძიება პოლიტიკური ხასიათისაა და რომ მას არაფერი დაუშავებია.

პუტინი აპირებს ომის დროს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის შესახებ "ჟენევის პროტოკოლიდან" გასვლას

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სახელმწიფო დუმაში წარადგინა კანონპროექტი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის მიერ ხელმოწერილი, იმ საერთაშორისო შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, რომელიც აღიარებს გაეროს კომისიის კომპეტენციას შეიარაღებული კონფლიქტების დროს ადამიანთა უფლებების დარღვევის გამოძიებაზე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ შეთანხმებიდან გასვლა გამოწვეულია „საერთაშორისო ვითარების მზარდი რისკებით“, ასევე "არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების მიერ კომისიის უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების რისკებით“.

განმარტებით ბარათში ცალკე მითითებულია, რომ კომისიაში არ იყო შეყვანილი რუსეთის წარმომადგენელი, რომელიც მაშინ მის ბიუჯეტში საწევროს იხდიდა.

საერთაშორისო შეთანხმებას, რომელიც აღიარებს გაეროს კომისიის უფლებას შეიარაღებული კონფლიქტის დროს ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოძიებაზე, საბჭოთა კავშირმა რატიფიცირება მოახდინა 1977 წელს. თავად კომისია შეიქმნა 1949 წელს, ჟენევის მეოთხე კონვენციის ფარგლებში, მშვიდობიან პერიოდში სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ.

1993 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ჟენევის მეოთხე კონვენცია საერთაშორისო სამართლის ნორმად იქცა, რომლის შესრულებაც სავალდებულო გახდა ყველა ქვეყნისთვის.

კონვენციის მთავარი მუხლი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ავალდებულებს მშვიდობიანი მოსახლეობისა და უშუალოდ ომში მონაწილეთა ერთმანეთისგან გარჩევას.

თურქეთის ელჩი საქართველოში: ჩვენ კი არ გვჯერა, არამედ ვიცით, რომ ვართ მართლები

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანმა პრესკონფერენციაზე სირიაში სამხედრო ოპერაციის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციისა და სანქციების საკითხზე ისაუბრა.

„ათათურქმა ჩვენ, თურქებს დაგვიბარა – თუ საკითხი შეეხება სამშობლოს, სხვა ყველაფერი არის დეტალები“, - დიპლომატის განცხადებას „პირველი არხი" აქვეყნებს. მისი თქმით, საკუთარ უსაფრთხოებაზე თურქეთმა თავად უნდა იზრუნოს.

როგორც ფატმა ჯერენ იაზგანი ამბობს, საერთაშორისო ურთიერთობებში ყველა ქვეყანას აქვს ლეგიტიმური ინტერესები.

„ყველა ქვეყნის ინტერესებში შესაძლოა, არ შედის თურქეთის უსაფრთხოება და საზღვრის დაცვა. ჩვენ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ კი არ გვჯერა, არამედ ვიცით, რომ ვართ მართლები და რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს, თუ ეს ზეგავლენას იქონიებს, მზად ვართ ამისთვის. თუ არ გვექნება სამშობლო და ჩვენს ქვეყანაში თავს უსაფრთხოდ ვერ ვიგრძნობთ, ჯიბეში რამდენი ფულიც უნდა გვქონდეს, მას არანაირი ფასი არ ექნება”, - ამბობს ელჩი.

აშშ-მა საბანკო ანგარიშები და უძრავი ქონება დაუბლოკა თურქეთის თავდაცვის, შინაგან საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებს. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ სანქციები დაუწესა თურქეთის თავდაცვის და ენერგეტიკის სამინისტროებსაც და მათთან ფინანსური ურთიერთობა აუკრძალა ამერიკულ კომპანიებს და ფიზიკურ პირებს.

სანქციებით ვაშინგტონმა უპასუხა სირიის ჩრდილოეთში, ქურთების შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ თურქეთის სამხედრო ოპერაციას, რომელიც 9 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.

ზალკალიანი სირიის საკითხზე: ვაცნობიერებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის ინტერესს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში სირიაში ქურთების წინააღმდეგ მიმდინარე თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ძალიან მგრძნობიარე საკითხია. ასევე, ვაცნობიერებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, თურქეთის ინტერესს, რომ მის საზღვრებთან უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების გარემო. ამავე დროს, დაინტერესებული ვართ, რომ ორ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს – თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს – შორის, იყოს მიღწეული შეთანხმება, რადგანაც ეს დიდწილად განაპირობებს რეგიონში შემდგომ უსაფრთხოებას”, – დავით ზალკალიანის განცხადებას ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს.

დავით ზალკალიანის თქმით, მთავრობა „სერიოზულად ფიქრობს და აანალიზებს” სირიაში თურქეთის ოპერაციის გავლენებს საქართველოზე როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების კუთხით.

„ყველა უწყება, რომელიც არის პასუხისმგებელია ამაზე როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ისე უსაფრთხოების კუთხით, მუდმივი მონიტორინგის და კონსულტაციების რეჟიმში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორც თურქეთთან, ისე ამერიკასთან და ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან”, – დასძინა ზალკალიანმა.

თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.

ძიუდოისტი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა ახალგაზრდებს შორის

ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედალი მოიპოვა. ქალთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან ხუთი შეხვედრა ჩაატარა და ხუთივე მოიგო.

20 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჭიდაობს, ფინალის გზაზე დაამარცხა უნგრელი ანდრეა კარმანი, სლოვენიელი კაია კაიზერი, ჰოლანდიელი შენონ ვან დე მიბერგი და სამხრეთკორეელი მიმი ჰუმი. საჩემპიონო ბრძოლაში კი იაპონელ კანაკო ჰაკამატას დაუპირისპირდა და 57 წამში იპონით მოუგო.

ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიოს ჩემპიონატზე 57 კილოგრამში მოჭიდავე 42 ძიუდოისტს შორის პირველ ნომრად იყო განთესილი. შეჯიბრების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ის ძიუდოს ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ვებსაიტმა judoinside-მა მსოფლიოს ხუთ უმთავრეს ტალანტს შორის დაასახელა.

ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

მაიკ პენსი და მაიკ პომპეო ანკარაში ხვდებიან რეჯეპ ტაიპ ერდოანს

მარცხნიდან: რეჯეპ ტაიპ ერდოანი, მაიკ პენსი და მაიკ პომპეო

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ანკარაში, საპრეზიდენტო სასახლეში, ხვდებიან თურქეთის პრეზიდენტ რეჟეპ ტაიპ ერდოანს. მათი ვიზიტის მიზანია, ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიონ ჩრდილოეთ სირიაში, სადაც თურქეთის შეიარაღებული ძალები მეცხრე დღეა ებრძვიან. თურქეთმა იერიში წამოიწყო, რათა გაწმინდოს რეგიონი ქურთების შეიარაღებული ძალებისგან და ბუფერული ზონა შექმნას იქ სირიელი ლტოლვილების ჩასასახლებლად.

ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირაში მოულოდნელად გადაწყვიტა ჯარების გამოყვანა ჩრდილოეთ სირიიდან, სადაც ისინი ქურთ მებრძოლებს ეხმარებოდნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

თურქეთი დიდი ხანია აცხადებს, რომ სირიის ქურთი მებრძოლები წარმოადგენენ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ფრთას, პარტიისა, რომელიც პარტიზანულ ომს აწარმოებდა თურქეთის ტერიტორიაზე 1980-იანი წლებიდან მოყოლებული. „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, აშშ და ევროპის კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ტრამპის თქმით, მას სჯერა, რომ თურქეთში პენსისა და პომპეოს შეხვედრა წარმატებული იქნება. თუკი მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდება, ტრამპის თქმით, „სანქციები, ტარიფები და სხვა რამეები“ გამანადგურებელ ზემოქმედებას იქონიებს თურქეთის ეკონომიკაზე.

გიორგი გახარია: შატილში დამწვარი სკოლის ნაცვლად ახალი აშენდება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას.

პრემიერი შატილის საჯარო სკოლის შენობაში ხანძრის გაჩენას ეხმაურება და აცხადებს, რომ სოფელში ახალი სკოლა აშენდება.

„შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება, პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს.

სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,“ - აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა.სკოლაში 8 მოსწავლე სწავლობდა.

შატილის ერთადერთი სკოლა-პანსიონი დაიწვა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შატილის სკოლაში გაჩენილი ხანძარის შედეგად შენობა დაიწვა. დაშავებულები არ არიან.

ეს შატილში ერთადერთი სკოლა-პანსიონი იყო, სადაც 8 მოსწავლე სწავლობდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შაბათს განიხილავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შაბათს განიხილავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა კაბინეტის წარმომადგენელმა ჯეიკობ რის-მოგმა.

მისი თქმით, დეპუტატთა წინაშე იქნება შესაძლებლობა აირჩიონ ევროკავშირიდან შეთანხმებით და შეთანხმების გარეშე გასვლას შორის. ორივე შემთხვევაში ბრიტანეთმა 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს ევროკავშირი.

ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა უკვე განაცხადეს, რომ წარმოადგენენ შესწორებას იმის თაობაზე, რომ შეთანხმება რეფერენდუმზე უნდა იქნეს მოწონებული. მოსალოდნელია სხვა შესწორებებიც.

ბრექსიტის ახალი პირობების შესახებ დღეს შეთანხმდნენ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ. მოსალოდნელია, რომ მას მოიწონებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში იმართება. შეთანხმების ძალაში შესასვლელად მას რატიფიკაცია უნდა გაუკეთონ ევროპის პარლამენტმა და ბრიტანეთის პარლამენტმა.

შეთანხმების ტექსტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

მოლაპარაკებებზე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოახერხა იმის მიღწევა, რომ შეთანხმება არ შეეხოს ე.წ. „ბეკსტოპს“. „ბექსტოპი“ არის ჩრდილოეთ ირლანდიის ავტომატური ყოფნა ევროკავშირის საბაჟო კავშირში და ერთიან ევროპულ ბაზარზე მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული საბოლოო შეთანხმებები ირლანდიასთან საზღვრის თაობაზე. მაგრამ ამის სანაცვლოდ ბრიტანეთს მოუწია იმაზე დათანხმება, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში დე ფაქტო მოქმედებდეს გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ტერიტორიისგან განსხვავებული საბაჟო რეჟიმი.

ჯონსონი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მოიწონებს შეთანხმებას. მაგრამ ბევრ მიმომხილველს ეჭვი ეპარება ამაში.

შატილში სკოლის შენობა იწვის

საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შატილის სკოლაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისთვის 3 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით დაშავებულები არ არიან.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებელმა ფხია ჭინჭარაულმა გაავრცელა.

კახა კოჟორიძე: ვერ დავეთანხმები პაატა სალიას, რომ აქიმიძისა და დვალის სარჩელი ხანდაზმულია

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ადვოკატი კახა კოჟორიძე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი, რომელიც აქიმიძე-დვალმა 17 ოქტომბერს სასამართლოში შეიტანეს საკუთარი 60%-ის დასაბრუნებლად, ხანდაზმულობის პრობლემის მქონეა.

„ცოტა უცნაურია, ბატონი პაატასგან ამის თქმა, იმიტომ, რომ ხანდაზმულობის პრობლემა დაისვა ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვის დროს და მაშინ ხალვაშის ადვოკატები ამას იმით ხსნიდნენ, რომ რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო 2012 წლის არჩევნებამდე, განხორციელებული იძულება გაგრძელდა არჩევნებამდე და პროკურატურაში სარჩელის შეტანით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ჩვენს შემთხვევაში. კანონის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იძულების დასრულების მომენტიდან. უზენაესმა პალატამ თქვა, რომ ქიბარ ხალვაშის საქმეზე იძულება დასრულდა 2012 წელს და შესაბამისად, ჩვენთან მიმართებაშიც 2012 წელს დასრულდა. აქიმიძემ და დვალმა შემდეგ მიმართეს პროკურატურას, რაც საკმარისია, რომ ხანდაზმულობა შეწყდეს“, - აცხადებს კოჟორიძე, რომელიც ამავდროულად გამოთქვას მზაობას, ნებისმიერ ეთერში ესაუბროს პაატა სალიას ამ საქმესთან დაკავშირებით.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ კუთვნილი წილის დასაბრუნებლად აქიმიძე და დვალი ახალ სამართლებრივ დავას იწყებდნენ, 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვეს, რომ მათი ბრძოლის სტრატეგია ქიბარ ხალვაშის არგუმენტების მის წინააღმდეგ გამოყენება იქნებოდა და სასამართლოს ფაქტობრივად მხოლოდ 2 გზა რჩებოდა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უარყოფა ან რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მოთხოვნის კანონიერად ცნობა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

თბილისის აეროპორტში ტაქსის ახალი კომპანია შემოვიდა, მგზავრობა 30-40 ლარი ეღირება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კომპანია „ბენე ექსკლუზივის“ (Bene Exclusive) ტაქსები მოემსახურებიან.

მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით, 30-დან 40 ლარამდე იქნება.

„აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება. Bene Exclusive ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, რომელიც Bene Group-ის შვილობილი კომპანიაა. Bene Exclusive მომხარებელს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის უახლესი ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით სთავაზობს. Bene Group-ს საქართველოს გარდა წარმომადგენლობითი ოფისები უკრაინასა და ბელორუსიაში აქვს“,- ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სერვისის მიწოდებაზე ინტერესი ექვსმა კომპანიამ გამოხატა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას Toyota Taxi 2012 წლიდან დღემდე ახორციელებდა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG