Accessibility links

ახალი ამბები

გიგი უგულავა: „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი არ შევა პარლამენტის შენობაში“

„ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი არ შევა საქართველოს პარლამენტის შენობაში, სანამ პროპორციულ არჩევნებს არ დანიშნავენ.

„ბევრი თქვენგანი წუხს, რა არის ჩვენი გეგმა. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ ამ მოღალატე პარლამენტარებმა ვეღარ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა. ყოველი დღე მათი მუშაობის არის სახიფათო, იმიტომ რომ ივანიშვილი უდრის ქაოსს, ქაოსი უდრის სიღარიბეს. დღევანდელი დღე იქნება გარდამტეხი. „ქართული ოცნების“ არც ერთი დეპუტატი ამ შენობაში აღარ შევა, არც ერთი კარიდან. შევახსენებ პარლამენტის თავმჯდომარეს, ვერც გვირაბიდან ვერ შეხვალ, ვიცი, საიდან ამოდის გვირაბი... მარტო ერთხელ გაიხსნება პარლამენტის კარი, მაშინ როცა ჩავიბარებთ ივანიშვილის კაპიტულაციას“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

რუსეთი შარშან ხელში ჩაგდებულ სამხედრო გემებს უბრუნებს უკრაინას

უკრაინის სამხედრო გემები ქერჩიდან გაჰყავთ. 2019 წ. 17 ნოემბერი

რუსეთის მიერ 2018 წლის ნოემბერში ხელში ჩაგდებული სამი უკრაინული სამხედრო გემი ქერჩის აკვატორიიდან გავიდა რუსეთის სანაპირო დაცვის თანხლებით.

როგორც უკრაინის მედია იტყობინება, დღეს გემებს უკრაინას გადასცემენ „ნეიტრალურ წყლებში“. მათ ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან ელოდება უკრაინის სამი ბუქსირი, რომლებმაც უკრაინის სამხედრო გემები რუსეთის სასაზღვრო დაცვისგან უნდა გადაიბარონ.

მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის თანაშემწემ, ანდრეი ერმაკმა გამოაცხადა, რომ მიმდინარეობს უკრაინის სამხედრო გემების დაბრუნების უკანასკნელი ეტაპი.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის მესაზღვრეებმა ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამხედრო ხომალდები, რომლებიც ქერჩის სრუტით აზოვის ზღვაში შესვლას ცდილობდნენ. დააკავეს გემების ეკიპაჟი - უკრაინის 24 სამხედრო მოსამსახურე.

მეზღვაურებს ბრალად დასდეს რუსეთის კანონების დარღვევა და ცხრა თვის შემდეგ გაცვალეს უკრაინის მიერ დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქეებში.

მაისში, გაეროს საზღვაო სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ რუსეთმა ხომალდები უკრაინას უნდა დაუბრუნოს. მოსკოვმა განაცხადა, რომ არ ცნობს ამ საკითხში სასამართლოს იურისდიქციას. კიევმა მრავალჯერ მიმართა მოსკოვს გემების დაბრუნების მოთხოვნით, მაგრამ საკითხის გადაწყვეტა აქამდე ვერ მოხერხდა.

როგორც რუსეთის გამოცემა „კომერსანტი“ იტყობინება, უკრაინელი მეზღვაურების პირადი შეიარაღება, ასევე რადიოაღჭურვილობა და ხომალდების დოკუმენტები რუსეთში დარჩება. ისინი ნივთმტკიცებულებად გამოიყენება სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც რუსეთის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით აღძრეს უკრაინელი მეზღვაურების წინააღმდეგ.

ზუგდიდში მაჟორიტარი დეპუტატების პლაკატები თავდაღმა გააკრეს

ზუგდიდის ქუჩებში დღეს პლაკატები მაჟორიტარი დეპუტატების მერაბ ქვარაიას და ედიშერ თოლორაიას გამოსახულებებით თავდაღმა გააკრეს.

აქციის ავტორები უცნობია. პლაკატები ძირითადად ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზეა გაკრული. პარალელურად ფეისბუკზე ზუგდიდელთა ნაწილი დღეს აზიარებს ჰეშთეგს წარწერით - #ამოაყირავემაჟორიტარი.

მერაბ ქვარაია და ედიშერ თოლორაია იმ დეპუტატების სიაში არიან, ვინც მხარი არ დაუჭირა უმრავლესობის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. მათ რეგისტრაცია გაიარეს, თუმცა კენჭისყრისგან თავი შეიკავეს.

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა 14 ნოემბერს აქცია გამართეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან, სადაც პლაკატებიც გააკრეს შემდეგი წარწერით: „თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან, პროპორციული სისტემის ჩაგდებამდე“, „ბიძინა და 40 კერკეტი კაკალი“.

გიორგი ვაშაძე: იქნება პიკეტირება, იქნება დაუმორჩილებლობაც, ყველაფერი კანონის ფარგლებში

გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციას აქვს გამარჯვების გეგმა, რომელსაც ბოლომდე მიიყვანს:

  • ვადამდელი პროპორციული არჩევნები
  • მთავრობის გადადგომა და შემდეგი არჩევნების ჩატარება დროებითი მთავრობის მიერ
  • 20 ივნისს დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება

ესაა, გიორგი ვაშაძის თანახმად, ამოცანები, რომელთა განხორციელებასაც ოპოზიცია კონსტიტუციის ფარგლებში შეეცდება:

ჩვენ ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ, რა უნდა გავაკეთოთ ზეგ იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ. ამიტომ პირველი, რა თქმა უნდა, არ ვიშლებით და რუსთაველი იქნება ჩაკეტილი. მეორე - აქ გამოვაცხადებთ კონკრეტულ სტრატეგიას, როგორ ვაფართოვებთ წინააღმდეგობის არეალს. კონსტიტუციის ფარგლებში, კანონის ფარგლებში იქნება პიკეტირებები, იქნება დაუმორჩილებლობაც, ყველაფერი კანონის ფარგლებში, ამის უფლებას ჩვენ გვაძლევს საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუცია ჩვენია და არა ივანიშვილის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

მამუკა ხაზარაძე: ელჩებო, ჩაერიეთ, კანონი უნდა დაბრუნდეს პარლამენტში!

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე თავისი გამოსვლა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების ამბით დაიწყო და მოუწოდა ოსებს, საქართველოს მთავრობას, საერთაშორისო საზოგადოებას და დიპლომატებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ვაჟა გაფრინდაშვილი.

„მე მინდა მივმართო ჩვენს ოს ძმებს. ძმებო! ასე არ გამოვა, ეს არ არის სწორი, ეს არ ჯდება არც ერთ ტრადიციაში: ექიმი გადმოდის ავადმყოფის საშველად და თქვენ მას აპატიმრებთ. ყველას მოვუწოდებ, საერთაშორისო საზოგადოებას, დიპლომატებს, და ჩვენს უნიათო მთავრობას, გააკეთეთ ყველაფერი მის გასათავისუფლებალდ! სანამ ერთი ადამიანისთვის ბრძოლას არ ვისწავლით, სულ გაუგებრობაში ვიქნებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ლიდერის განცხადებით, დღეს ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება აქვს წართმეული და სწორედ ამას აპროტესტებს პარლამენტის წინ შეკრებილი ხალხი.

„ჩვენ, „ლელოელები“, დავდგებით იქ, სადაც თავისუფლებას შეაფერხებენ. არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიწევთ. მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, ყველა ნაბიჯი შევათანხმოთ ერთმანეთთან. სიურპრიზები არ იყოს. და ჩვენი პროტესტი იყოს კანონის ფარგლებში. დიპლომატებო, ელჩებო, ჩაერიეთ, რომ დაბრუნდეს კანონი პარლამენტში“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხალხრავალი საპროტესტო აქცია რუსთაველზე 15.00 საათზე დაიწყო. აქციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილს რამდენიმე დღეში გამოუშვებენ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება რამდენიმე დღეში მოხერხდება.

მისი თქმით, ყველა უწყება მუშაობს იმისთვის, რომ ექიმი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს.

„რამდენიმე არხით მიღებული ინფორმაციით, მისი გათავისუფლება მოხერხდება რამდენიმე დღეში, ახლა ძალისხმევა იქითკენ არის მიმართული, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ვაჟა ექიმი თავის ოჯახს და მის პროფესიულ საქმიანობს“, - ამბობს ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უწყება მას „საზღვრის“ განზრახ უკანონო კვეთას ედავება.

გრიგოლ ვაშაძე: ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური ლიდერების გამოსვლები დაიწყო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ აქციის მონაწილეებს უთხრა, ამ ღამით გამოჩნდება, რისი გამკეთებლები ვართო.

„არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას. რადგან ამ ორგანომ დაკარგა ლეგიტიმაცია. როცა საქართველოს მოქალაქეებს გვეუბნებიან, ყველა ფეხებზე მკიდიხართო, ამ დროს ყველა კანონიერი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ მის მოქალქეებს. „ქართულ ოცნებას“ კი ვეტყვი, რომ დაჯექით და დაიწყეთ „ნიურნბერგის პროცესის“ ყურება“.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, უცვლელია მოთხოვნები, რამაც აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე გამოიყვანა:

„კრიმინალური მთავრობა უნდა გადადგეს და მოვიდეს ხალხის ნდობით აღჭურვილი დროებითი მთავრობა. ხომ გინდათ?

ახალი წესით დაკომპლექტებული ცესკო! ხომ გინდათ?

პოლიტპატირების გათავისუფლება ხომ გინდათ?

ვაჟა გაფრინდაშვილის რუსი ნაცისტების ტყვებიდან გათავისუფლება ხო გინდათ? მაშინ ჩვენი მიზანია ყველა მოქალაქეს მინუს „ქართული ოცნება“ და მთელ საქართველოს მინუს „ქართული ოცნება“.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა პოლიციელებს მიმართა და მოუწოდა, არ გაიმეორონ „გავრილოვის ღამე“.

შოთა დიღმელაშვილი: მოდით, დავიწყოთ უხერხული სიმართლეებით

შოთა დიღმელაშვილი

საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მისი მონაწილეებისადმი სამოქალაქო აქტივისტის, შოთა დიღმელაშვილის მიმართვით დაიწყო: „მოდით დავიწყოთ მადლობით, მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც გადაწყვიტა, რომ მოკავშირეებში მტრების ძიების ნაცვლად, თუნდაც მტრებში ეძიონ მოკავშირეები. მადლობა თითოულ თქვენგანს, ვინც გაიზიარა აზრი „ერთად ერთის წინააღმდეგ“, - აღნიშნა შოთა დიღმელაშვილმა. მან განაცხადა, რომ ურთიერთობების „უხერხული სიმართლეებით“ დაწყების დროა.

„ვუთხრათ ერთმანეთს უხერხული სიმართლე.. ხო ყველას აქ ყველა არ უყვარს, მერე რაა, სხვანაირად არაბუნებრივიც იქნებოდა. მაგრამ ჩვენ ყველას გვიყვარს საქართველო ჩვენებურად და აქ, რუსთაველზე, მიზიდულობის ცენტრი არის არა ერთმანეთი, არამედ საქართველო. იმიტომ რომ საქართველოს გული დღეს ფეთქავს აქ და თუ შეწყვიტა მან ფეთქვა, თუ არ მოვიდა ხალხი, როგორც სისხლი არ მოაწვა ამ გულს და არ ამუშავა ეს გული, მაშინ ეს გული გაჩერდება, მაშინ ჩვენს სახელმწიფოს მიიტაცებენ“, - განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

დღეს, 17 ნოემბერს, 15 საათზე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას მართავენ.

საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებენ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელზეც პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გეგმა ოთხპუნქტიანია.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე გათიშეს ინტერნეტი და მობილური კავშირი

ირანში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების ფონზე გათიშეს ინტერნეტი და მობილური კავშირი. ქვეყნის უდიდეს ნაწილში შეწყდა საკომუნიკაციო საშუალებებზე წვდომა.

მიტინგები 15 ნოემბერს დაიწყო ერთდროულად რამდენიმე ქალაქში. მიზეზია ბენზინის ფასების ზრდა და საწვავის გაყიდვაზე დაწესებული ლიმიტი. ხელისუფლება აცხადებს, რომ მხოლოდ ასე შეიძლება ეკონომიკური პრობლემების მოგვარება, რომლებიც, სხვათა შორის, დაკავშირებულია აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებთან. ირანის მედიის ცნობით, შაბათს აქციებმა, სულ მცირე, ორმოცამდე ქალაქი მოიცვა.

ირანის მედია და სოცქსელების მომხმარებლები ასევე აღნიშნავდნენ, რომ დემონსტრანტები მთელი ქვეყნის მასშტაბით სკანდირებდნენ ანტისამთავრობო ლოზუნგებს. გამოქვეყნდა ვიდეოები, რომლებზეც ჩანს, როგორ უკიდებდნენ რადიკალი აქტივისტები ცეცხლს ბენზინგასამართ სადგურებს, საფინანსო დაწესებულებებს, ასევე შეტაკებებს აწყობდნენ პოლიციასთან.

როგორც იტყობინებიან, პოლიციასთან შეტაკებებში ერთი ადამიანი დაიღუპა.

ირანის უზენაესმა სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ მხარი დაუჭირა საწვავზე ფასების გაზრდას და „რესპუბლიკის მტრებს“ „საბოტაჟში“ დასდო ბრალი.

ილია მეორე: „ყველაფერი არამყარია და ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს“

„ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, ისეთ დროს, როცა ყველაფერი იცვლება, ყველაფერი არამყარია. ერთ დღეს შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი. ნაპოლეონი ამბობდა, „დიდებიდან სასაცილომდე ერთი ნაბიჯიაო“, და ეს უნდა გვახსოვდეს, უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ნაბიჯია დიდსა და მცირეს შორის, კარგსა და ცუდს შორის“, - ამ სიტყვებით მიმართა 17 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

პატრიარქის საკვირაო ქადაგება
please wait

No media source currently available

0:00 0:01:13 0:00

პატრიარქმა ისაუბრა ერთმანეთის დახმარებისა და თანადგომის საჭიროებაზე:

ერთმანეთს დავეხმაროთ, ერთმანეთს უშველეთ, ნუ დაუმძიმებთ ცხოვრებას, ისედაც მძიმეა ცხოვრება. პავლე მოციქული ამბობს: ერთმენთის სიმძიმე იტვირთეთ. წყალობა ღვთისა იყოს თქვენთან. ჩვენთან არის ღმერთი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ. წყალობა ღვთისა სუფევდეს თქვენთან. დალოცვილი იყავით. მშვიდობა, სიხარული და გამარჯვება მოგცეთ ზეციერმა უფალმა, - განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოს პატრიარქის სიტყვებით, შვილები სახარების მიხედვით უნდა აღვზარდოთ, ვასწავლოთ მათ მოწყალება, რათა ღვთის წყალობა მოიპოვონ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს შეახსენა, რომ 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულზე, 15 წელი სრულდება წმინდა სამების საკათედრო ტაძრის გახსნიდან, ამიტომ მომავალ შაბათს წირვა-ლოცვა სწორედ ამ ტაძარში შესრულდება.

პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ გიორგობის დღესასწაულზე სამების ტაძარში ბავშვთა საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

ბელარუსში ტარდება პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის რიგგარეშე არჩევნები

ბელარუსში ტარდება წარმომადგენელთა პალატის, პარლამენტის ქვედა პალატის, რიგგარეშე არჩევნები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, 110 ადგილზე პრეტენზიას აცხადებს 513 კანდიდატი. ისინი წარმოადგენენ 12 პარტიას და რამდენიმე საზოგადოებრივ მოძრაობას.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 8:00-ზე გაიხსნა და 20:00-ზე დაიხურება.

არჩევნები ტარდება ერთმანდატიან საარჩევნო უბნებში, მაჟორიტარული პრინციპით. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრაში საარჩევნო ხმის უფლების მქონეთა ნახევარზე მეტი მიიღებს მონაწილეობას.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება ბელარუსის 6,5 მილიონ მოქალაქეს აქვს. დაახლოებით 36%-მა პროცენტმა ვადამდე ადრე, 12-16 ნოემბერს მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, ვადამდელ კენჭისყრაში დარღვევები არ დაფიქსირებულა. მაგრამ მეთვალყურეები აცხადებენ, რომ ოთხდღიან ვადამდელ კენჭისყრაში ამომრჩეველთა მონაწილეობის მაჩვენებლები ხელოვნურადაა გაბერილი.

არჩევნების წინ მინსკში ასამდე ადამიანმა გამართა პიკეტი. ამის შემდეგ ისინი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაემართნენ. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბელარუსის ისტორიული დროშები და ევროკავშირის დროშები. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, ევროკავშირსა და აშშ-ს რესპუბლიკაში გამართული არცერთი არჩევნები არ უცვნიათ პატიოსნად და დემოკრატიულად.

ბელარუსის საპარლამენტო არჩევნები გაისად უნდა გამართულიყო. მაგრამ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ ის შემოდგომისთვის გადმოიტანა, ზაფხულში კი ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. ლუკაშენკამ განაცხადა, რომ აპირებს მასში საკუთარი კანდიდატურის წამოყენებას.

პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტთან აქციას მსვლელობით შეუერთდება

„პუშკინის სკვერში“ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მხარდამჭერები იკრიბებიან. ისინი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ გაემართებიან.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრთან იკრიბებიან, ასევე, „ევროპული საქართველოსა“ და მოძრაობა „ლელოს“ მხარდამჭერები. ისინიც მსვლელობით შეუერთდებიან საპროტესტო აქციას პარლამენტის შენობის წინ.

დღეს, 17 ნოემბერს, 15 საათზე, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ.

საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებენ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელზეც პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გეგმა ოთხპუნქტიანია.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

დღესვე, 17 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია. ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის თანახმად, დღეიდან „პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადადის. აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება“.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

ვაჟა სირაძე: არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის განცხადებით, პარლამენტთან პოლიციის საგანგებო მობილიზაციის მიზანი უსაფრთხოების ნორმების დაცვაა და საპოლიციო ძალების მობილიზებაც ამით აიხსნება.

მისი თქმით, პარლამენტის შენობაში არიან შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ მხოლოდ საკუთარი აღჭურვილობა, თუმცა არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღი.

„არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი პარლამენტის ტერიტორიაზე არ არის, ამის გარანტიას მე გაძლევთ და ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი“, - უთხრა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს.

ვაჟა სირაძის განცხადებით, სიტუაციის გამწვავების შემთხვევაში სამართალდამცავები დაიცავენ საზოგადოების უსაფრთხოებას.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან რამდენიმე წუთში დაიწყება. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები აქციას პუშკინის სკვერიდან და ოპერის შენობიდან მსვლელობით შეუერთდებიან. მათი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაა.

დღესვე, 17.00 საათზე, თბილისში აქციას „პატრიოტთა ალიანსიც“ გამართავს - მათი მოთხოვნა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლაა.

ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე: საჭიროა საერთაშორისო დახმარების უფრო აქტიურად მოთხოვნა

ვაჟა გაფრინდაშვილი

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, თამილა ლაფანაშვილი ამბობს, რომ მისი მეუღლე სასამართლო პროცესამდე, ციხეში გადაყვანამდე მძიმე პირობებში იმყოფებოდა:

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა თამილა ლაფანაშვილმა, საქმეში ჩართულია „წითელი ჯვრის“ ორგანიზაცია, თუმცა, მათმა წარმომადგენელმა დღემდე ვერ მოახერხა ვაჟა გაფრინდაშვილის მონახულება. თამილა ლაფანაშვილი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო დახმარების უფრო აქტიურად მოთხოვნაა საჭირო:

ვაჟა გადაყვანილია ციხეში, სავარაუდოდ, შედარებით ნორმალურ პირობებში. ასე თქვეს, რომ ახალი გარემონტებულია ციხე. მანამდე ძალიან მძიმე პირობებში იყო. ამას ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ და გამოუშვეს. მათი ინფორმაციით, ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია, მაგრამ ძალიან მძიმე პირობებში იყვნენ, არც საჭმელი ჰქონდათ, არც არაფერი.

პირველივე დღიდანვე კავშირზე არიან სახელმწიფო უწყებები, ცდილობენ დაგვეხმარონ. ქალბატონი ქეთი ციხელაშვილი პირადად მეკონტაქტა, ასევე ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - თავად მინისტრი არ არის საქართველოში. ასევე, სახელმწიფო უშიშროების სამსახური, სახალხო დამცველი პირველივე დღიდან არიან ჩართულები. ყველა ჩართულია და მეუბნებიან, რომ ყველაფერი კეთდება. დეტალებს, ალბათ, ვერ მეტყვიან.

მე, რა თქმა უნდა, პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ აუცილებლად გამოუშვებენ, მაგრამ როდის, არ ვიცი. 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. წითელი ჯვარია ჩართული, რომელიც სამწუხაროდ უძლურია, რომ შევიდეს მასთან, ამიტომ უფრო უნდა გავაძლიეროთ, უფრო აქტიურად უნდა ვთხოვოთ დახმარება საერთაშორისო საზოგადოებას. დღემდე ვერ შევიდნენ და ვერ მოინახულეს პატიმარი, თუ რა მდგომარეობაშია.

მე იმედი მაქვს ადგილობრივი ექიმებისაც, ვისთან ერთადაც ადრე გვისწავლია“, - განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უწყება მას „საზღვრის“ განზრახ უკანონო კვეთას ედავება.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

შსს: ადმინისტრაციული შენობების შტურმი აღკვეთილი იქნება

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ყველა მოქალაქეს მოუწოდებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

შსს-ს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოების შტურმი ან ბლოკირების მცდელობა, პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

„საპოლიციო ძალები მობილიზებულია, რათა დაცული იყოს ერთი მხრივ შეკრების და მანიფესტაციის დროს მოქალაქეთა უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, ხოლო მეორე მხრივ - სახელმწიფო ორგანოებმა შეუფერხებლად განაგრძონ საქმიანობა“, - აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

უწყების ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შსს 17 ნოემბერს დაგეგმილ აქციებზე უზრუნველყოფს როგორც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას, ასევე, თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, რომელიც არ სცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ 15.00 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა.

ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოვლენ

18 ნოემბერს 12:00 საათიდან, თბილისში, სამედიცინო დაწესებულებების წინ ექიმები „თეთრი ხალათების“ აქციას გამართავენ და ასე გამოუცხადებენ სოლიდარობას და მხარდაჭერას ცხინვალში დაპატიმრებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს.

„გამოვუცხადოთ მხარდაჭერა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის! გავაპროტესტოთ უკანონო დაკავების ფაქტი. დავდგეთ ერთად თეთრი ხალათებით და 5 წუთის განმავლობაში მდუმარე აქციით გამოვხატოთ პროტესტი“, - ვკითხულობთ ორგანიზატორთა მიმართვაში.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უწყება მას „საზღვრის“ განზრახ უკანონო კვეთას ედავება.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

თავდაცვის სამინისტრო "თავისუფლების მონიტორის" გამოძიებას ეხმაურება

თავდაცვის სამინისტრო ჯარში კვებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს მას შემდეგ, რაც ეთერში გავიდა „თავისუფლების მონიტორის“ ახალი ჟურნალისტური გამოძიება.

სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალები მოიხმარს I კატეგორიის გაყინულ საქონლის ხორცს, როგორც განსაზღვრულია კონსოლიდირებული ტენდერის პირობებში, 2019 წლის ბოლომდე მოქმედი ხელშეკრულების შესაბამისად.

„საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისმა მაკონტროლებელმა ორგანოებმა განსაკუთრებით გაამკაცრეს ტენდერით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი. შესაბამისად, 2019 წლის პირველი ნოემბრიდან თავდაცვის ძალებში საკვები პროდუქტები, მათ შორის ხორცპროდუქტები მისი უშუალოდ მიღების, გალღობისა და დამუშავების დროს განსაკუთრებულ შემოწმებას გადის. ამასთან კვებით რაციონში ხორცის ნორმა შეიცვალა. ასევე მინისტრის დავალებით, შეიცვალა კვების რაციონი და მთელი პირადი შემადგენლობა გადავიდა სპეციალური ოპერაციების ძალებისათვის განსაზღვრულ კვებაზე, რაც გულისხმობს კვების მოცულობის ზრდასა და მრავალფეროვნებას“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კვებაზე დანახარჯი პირველი ნოემბრიდან 25%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წლის კონსოლიდირებულ ტენდერში მოთხოვნილი იქნება ჯარის უმაღლესი კატეგორიის ხორცით კვება; ასევე ინფრასტრუქტურის განახლება, მათ შორის, ყველა სასადილოსა და საკვები ობიექტის უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

„რაც შეეხება ბოლო პერიოდში აღმოჩენილ ხარისხის პრობლემებს, სამინისტრო ელოდება ექსპერტიზის პასუხს გადაგზავნილი პროდუქციის ნიმუშებთან დაკავშირებით, რის შემდეგაც, სამინისტრო გამოიყენებს ხელშეკრულებით მინიჭებულ ყველა უფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

„თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ჯარი უხარისხო ხორცით იკვებება. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ ქართული ნედლი ხორცი უკრაინული გაყინული ხორცით ჩაანაცვლა, რითაც ქართველმა მეწარმეებმა რამდენიმე მილიონი ლარი დაკარგეს. გაყინული ხორცის ჯარისთვის მიმწოდებელ კომპანიას კი „ქართულ ოცნებასთან“ აქვს კავშირები. „თავისუფლების მონიტორს“ ჯარის სამზარეულოდან წყარომ მოაწოდა ფოტოები, სადაც უხარისხო ხორცია ასახული. „თავისუფლების მონიტორის“ გამოძიებამ ასევე აჩვენა იმპორტის ლობის ინტერესები და ხარვეზები ჯარის საკვების ხარისხის კონტროლში.

პარლამენტთან იმატა სპეცრაზმელებისა და პოლიციელთა რაოდენობამ

პარლამენტის ეზოსა და შენობაში, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. საპროტესტო აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკანონმდებლო ორგანოს ეზოში პოლიციელებით სავსე ყვითელი ავტობუსებიც მიიყვანეს.

„მთავარი არხის“ ცნობით, პარლამენტის შენობაში იარაღიც შეიტანეს.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით კი, სამართალდამცავების მობილიზება უსაფრთხოების დაცვას უკავშირდება და ამაში განსაკუთრებული არაფერია - ასე იყო წინა აქციების დროსაც. პრესსამსახურის ცნობით, პოლიციელები და სპეცრაზმელები შენობაში საკუთარი ეკიპირებით შედიან.

საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის წინ 15.00 საათზეა დაგეგმილი. მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზატორების განცხადებით, ოპოზიციური პარტიების ლიდერები პუშკინის სკვერიდან და ოპერიდან დაიძვრებიან და პარლამენტის წინ აქციას შეუერთდებიან.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებენ: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა.

საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი.

მხარდამჭერები სამეგრელოდან “პატრიოტთა ალიანსის” აქციასაც შეუერთდებიან

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ სამეგრელოდან თბილისის მიმართულებით „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები დაიძრნენ. ისინი 17:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან და ხელისუფლებისგან მოითხოვენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას.

„პატრიოტთა ალიანსის“ ფოთის ორგანიზაციის წარმომადგენლის, ნანა გადელიას განცხადებით, სამეგრელოდან 40 მიკროავტობუსით გაემგზავრნენ მათი მხარდამჭერები თბილისში. მისი სიტყვებით, „პატრიოტთა ალიანსი“ არ უერთდება არცერთ პოლიტიკურ პარტიას, ის თავად, დამოუკიდებლად მართავს აქციას, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ თავიანთ ხედვას ქვეყნის განვითარებასა და მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით.

„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერების თქმით, საპროტესტო აქციაზე დარჩებიან, სანამ ხელისუფლება არ შეასრულებს დანაპირებს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. მანამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები გაემგზავრნენ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაში მონაწილეობის მისაღებად.

საპატრიარქო: რელიგიებისა და კონფესიების წარმომადგენლებმა პატრიარქის მიმართ თანადგომა გამოხატეს

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად, 15 და 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში არსებული რელიგიებისა და კონფესიების ლიდერები და მათი წარმომადგენლები მიიღო. სტუმართა შორის იყვნენ: ებრაელთა თემის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის, ლათინ-კათოლიკეთა, იეზიდთა სასულიერო კრების, ევანგელურ-ლუთერული და სახარების რწმენის ეკლესიის ხელმძღვანელები და მათი თანხმლები პირები.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შეხვედრის მონაწილეებს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს მშვიდობისა და ურთიერთპატივისცემის შენარჩუნებისათვის. მან ასევე ისაუბრა თანამედროვე სამყაროს პრობლემებსა და გამოწვევებზე და ხაზი გაუსვა ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის მნიშვნელობას.

საქართველოს საპატრიარქოს თანახმად, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და მართლმადიდებელი ეკლესია და პირადად კათოლიკოს-პატრიარქი თავისი მოღვაწეობით ხელს უწყობს შემწყნარებლობის განმტკიცებას და სხვადასხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების მშვიდობიან თანაცხოვრებას.

„დასძინეს ისიც, რომ ისინი მოვიდნენ, რათა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ თანადგომა და პატივისცემა გამოეხატათ და მადლობა გადაეხადათ მისთვის ტრადიციული ღირებულებების დაცვისა და შემწყნარებლობის განტკიცებისთვის.

„ჩვენ ყურადღებით ვუსმენთ და ვითვალისწინებთ თქვენს სიტყვებს და ჩვენს სამრევლოებში ხელს ვუწყობთ ტრადიციული ღირებულებების დაცვას“, - განაცხადეს მათ“, - აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე UNESCO-ს ინიციატივით, 1995 წლიდან აღინიშნება. მისი მიზანი შეუწყნარებლობის, ექსტრემიზმისა და დისკრიმინაციის საფრთხეებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებაა. საქართველოში ეს დღე პირველად 2016 წელს აღინიშნა და მისი მასპინძელი საქართველოს საპატრიარქო და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იყო.

ფეხბურთის ფედერაცია: ვაჟა გაფრინდაშვილი ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში

ვაჟა გაფრინდაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხარდაჭერას უცხადებს ტრავმატოლოგ-ორთოპედთა საზოგადოების პრეზიდენტს, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფება. ფეხბურთის ფედერაცია თავის განცხადებაში გამოთქვამს იმედს, რომ ექიმი დროულად დაუბრუნდება თავის ოჯახს და პროფესიულ საქმიანობას:

მას უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი სპორტული ტრავმატოლოგიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ბატონი ვაჟა ერთ-ერთი ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენელია და თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს უამრავ მოქალაქეს, მათ შორის, ძალიან ბევრ ფეხბურთელს დახმარებია გამოჯანმრთელებაში და პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაში.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ბატონი ვაჟა უმოკლეს დროში დაუბრუნდება ოჯახს და გააგრძელებს თავის პროფესიულ საქმიანობას", -
აღნიშნულია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო უწყება მას „საზღვრის“ განზრახ უკანონო კვეთას ედავება.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებმა ამის შესახებ განცხადება 4 დღის შემდეგ გააკეთეს.

დღეს დედაქალაქში ორი საპროტესტო აქცია გაიმართება

დღეს, 17 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. აქცია 15 საათზე დაიწყება.

საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებენ ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომელზეც პარტიები ლეიბორისტული პარტიის ოფისში 16 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გეგმა ოთხპუნქტიანია.

ოპოზიციური პარტიები ითხოვენ პროპორციული წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას, მთავრობის გადადგომას და, შესაბამისად, ცვლილებებს საარჩევნო კომისიებში.

დღესვე, 17 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქცია. ალიანსის ლიდერის, ირმა ინაშვილის თანახმად, დღეიდან „პატრიოტთა ალიანსი“ უწყვეტი საპროტესტო აქციების რეჟიმზე გადადის. აქციების მთავარი მოთხოვნა იქნება - „ქართულმა ოცნებამ“ დატოვოს ხელისუფლება“.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

პარლამენტში წარუმატებელი კენჭისყრის შემდეგ, სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა „ქართული ოცნება“ და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოტყუებაში დაადანაშაულეს და საპროტესტო აქციები დაიწყეს მთავრობის გადადგომის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით.

საქართველოს პარლამენტის წინ აქციის მონაწილეებმა წუხელ მესამე ღამე გაათიეს.

თბილისში დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერები შეუერთდებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები თბილისში მიმდინარე აქციაში მონაწილეობის მისაღებად სამეგრელოს მუნიციპალიტეტებიდან ორგანიზებულად გავიდნენ. ისინი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში შეიკრიბნენ და თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსებითა და მსუბუქი ავტომობილებით გაემგზავრნენ.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერი თემურ ბასილაიამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, სამეგრელოს მასშტაბით რამდენი მოქალაქე წავიდა ზუსტი ცნობები არ აქვს, თუმცა ირწმუნება, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან დაახლოებით 600 ადამიანი მიიღებს თბილისის აქციაში მონაწილეობას.

აქციაზე მიმავალი მოქალაქეები ამბობენ, რომ უერთდებიან რუსთაველის გამზირზე მყოფთა მოთხოვნებს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებით. ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლების უმოქმედობის გამო, ცხოვრების სოციალური დონე მუდმივად იკლებს და გაუსაძლისი ხდება ყოფა. ამბობენ, რომ უნდა გადადგეს “ბიძინა ივანიშვილის მართული მთავრობა, რომელიც ხალხს ატყუებს”.

გიორგი ვაშაძე: ოპოზიციის ლიდერები შეთანხმდნენ გეგმაზე, რომელსაც 17 ნოემბრის აქციაზე გააჟღერებენ

ლეიბორისტული პარტიის ოფისში დასრულდა ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრა, რომლის მიზანი იყო 17 ნოემბრისთვის დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება.

შეხვედრის რამდენიმე მონაწილემ აქციის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ოპოზიციური სპექტრი ყველა მოთხოვნაში ერთიანია.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, მთავარი მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება პროპორციული წესით, მთავრობის გადადგომა და, შესაბამისად, ცვლილებები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს მოთხოვნებს, როგორ გავაგრძელებთ ხვალინდელ დღეს. ეს ყველაფერი გაჟღერდება უშუალოდ აქციაზე. დღეს ჩვენ ამის შესახებ არ გეტყვით, რადგან ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელსაც ჩვენ ხვალ აქციაზე გავაჟღერებთ. გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, მათ შორის ახალგაზრდებთან შეთანხმებით,“ თქვა ვაშაძემ.

პარლამენტთან განახლდა საპროტესტო აქცია

პარლამენტთან განახლდა ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია. მასზე იმყოფებიან საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი არ დაიშლებიან, ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი მთავარი მოთხოვნები.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებენ: შეიქმნას დროებითი ტექნიკური მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცესკო-ს შემადგენლობა.

17 ნოემბრისთვის ოპოზიციური ძალების მასშტაბური საპროტეტო აქციაა დაგეგმილი.

საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას მერე, რაც 14 ნოემბერს პარლამენტში ჩავარდა საარჩევნო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი.

ჩამოტვირთე მეტი

შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
please wait

No media source currently available

0:00 0:22:58 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
შშმ პირები დეინსტიტუციონალიზაციის პროცესს მიღმა
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG