Accessibility links

ახალი ამბები

არასამთავრობოები: დაკავებული დემონსტრანტების სასამართლო პროცესები დარღვევებით ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაციები 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა სასამართლო პროცესების შეფასებისას აღნიშნავენ, რომ დაკავებული დემონსტრანტების საქმეების განხილვის პროცესში მოსამართლე უგულებელყოფდა კანონით დადგენილ მოთხოვნებს, იყო მიკერძოებული და ზღუდავდა დაკავებულთა უფლებებს. განცხადებაში, რომელსაც 16 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს, ჩამოთვლილია ისეთი დარღვევები და შეუსაბამოებები, როგორებიცაა 37 საქმის ერთი მოსამართლისთვის მიწერა, ადვოკატებისათვის მიცემული არაგონივრულად მცირე დრო, მტკიცებულებების არარსებობა და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სასამართლო პროცესი პოლიტიზირებული იყო. კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „იმ ფონზე, როცა სასამართლო იშვიათად იყენებს ადმინისტრაციული სახდელის სახით პატიმრობას, აქტივისტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად მიუთითებს პროტესტის დასუსტების შესაძლო მიზანზე, რასაც მომავალში უარყოფითი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“.

რაც შეეხება სასჯელების ლოგიკას, არასამთავრობოები ტენდენციაზე დაკვირვებით ასკვნიან, რომ აქციის უშუალო ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც ასევე 25 ნოემბრის აქციაშიც აქტიურად იქნებოდნენ ჩართულები, უფრო მკაცრი სასჯელები იყო გამოყენებული.

"საქმეში მტკიცებულებების პრაქტიკულად არარსებობის ფონზე, სასამართლომ 20 ნოემბერს 12-ვე დემონსტრანტი გაამტყუნა და 10 მათგანს ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა:

  1. გიგა მაქარაშვილი - პატიმრობა 12 დღე.
  2. ბექა ბასილაია - პატიმრობა 13 დღე.
  3. ელგუჯა ბაგრატიონი - პატიმრობა 12 დღე.
  4. ზუკა ბერძენიშვილი - პატიმრობა 7 დღე.
  5. ირაკლი კაჭარავა - პატიმრობა 4 დღე;
  6. დავით მჟავანაძე - პატიმრობა 4 დღე.
  7. ირაკლი ნადირაძე - პატიმრობა 13 დღე.
  8. დიმიტრი ბიძინაშვილი - პატიმრობა 3 დღე.
  9. გიორგი ბუნტური - პატიმრობა 5 დღე.
  10. ლუკა ჭიჭინაძე - პატიმრობა 5 დღე.
  11. პაატა სოსანაშვილი - სიტყვიერი შენიშვნა.
  12. გურამ მჭედლიშვილი - ჯარიმა 1000 ლარი".

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პარტიას და მათ ლიდერს შეწყვიტოს აქტივისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა და უარი თქვას სახელმწიფო ინსტიტუტების ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებაზე.

სასამართლომ 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 37 დემონსტრანტიდან ამ დროისთვის მხოლოდ 12 პირის საქმე განიხილა. მათგან 10-ს პატიმრობა შეუფარდა, ერთ დემონსტრანტს ჯარიმა და ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცა. დანარჩენი დემონსტრანტების საქმეები მოსამართლეს დღეს უნდა განეხილა, თუმცა დილით ცნობილი გახდა, რომ პროცესები გადაიდო.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

სუსი: საოკუპაციო რეჟიმის განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გამოგონილი ბრალდების ნაწილია

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ გამოგონილი ბრალდების შემადგენელ ნაწილს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას“, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

მისგან მიღებული კომენტარის თანახმად, „საოკუპაციო ძალების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით გატარებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და არ გააჩნია არანაირი სამართლებრივი საფუძველი. ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ უსაფრთხოების გარემოს შენარჩუნების მიზნით, აუცილებელია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და პროცესში ჩართულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა დღეს, 21 ნოემბერს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ და „საზღვარზე მომხდარი პროვოკაცია" დაუკავშირა საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. როგორც წესი, ამ ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის სანაცვლოდ ათავისუფლებენ, თუმცა, ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე: უკრაინამ ტრამპი-ზელენსიკის საუბრის დღეს იკითხა დახმარების თაობაზე

უკრაინას შეშფოთება გამოუთქვამს ამ ქვეყნისთვის აშშ-ის სამხედრო დახმარების, 390 მილიონი დოლარის შეჩერების თაობაზე 25 ივლისს, იმავე დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სადავო სატელეფონო საუბარი გამართეს. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რუსეთის და უკრაინის საკითხებში, ლორა კუპერი 20 ნოემბერს ამერიკელი კანონმდებლების წინაშე წარდგა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წარმომადგენელთა პალატაში დაწყებული საიმპიჩმენტო გამოძიების ღია მოსმენის განაცხადა, რომ მან შეჩერების შესახებ შეიტყო უკრაინის საელჩოდან მისითანამშრომლებისთვის გაგზავნილი წერილიდან. „უკრაინის საელჩომ იკითხა, რა ხდება უშიშროების სფეროში დახმარების მხრივო“, - განაცხადა კუპერმა.

კუპერის თქმით, ელექტრონული წერილები მას ახლახან აჩვენეს და გასულ თვეში დახურულ კარლს მიღმა მოსმენების შემდეგ ისინი მან კანონმდებლებს გადასცა. იმავე დღეს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმაც ჰკითხა მის თანამშრომლებს დახმარების შესახებ.

კუპერმა თუმცა, განაცხადა, რომ მას დაბეჯითებით არ შეუძლია თქვას, იცოდნენ თუ არა დახმარების გაყინვის შესახებ უკრაინის ოფიციალურმა პირებმა და თქვა, რომ ეს ჩემმა თანამშრომლებმა გაიხსენესო.

რესპუბლიკელები ამტკიცებენ, რომ უკრაინელებს რომ არ სცოდნოდათ დახმარების შეჩერების შესახებ, ვერც იმაზე მოხდებოდა ლაპარაკი, დაეწყოთ დემოკრატის, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის საქმიანობის თაობაზე გამოძიების დაწყება სამხედრო დახმარების მიღების სანაცვლოდ.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილის "პროვოკაცია" ამჯერად, აქციებს დაუკავშირა

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და ამჯერად, „საზღვარზე მომხდარ პროვოკაციას უკავშირებს საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს“.

„ქართული ოპოზიციის, მისი დასავლელი კურატორების და ასევე, ოფიციალური თბილისის მცდელობები, საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილით ჩაიწერონ პოლიტიკური ქულები და საკუთარი შიდა რეიტინგის გასაუმჯობესებლად ზეწოლა მოახდინონ რესპუბლიკის ხელისუფლებაზე, უპერსპექტივოა“, - ნათქვამია დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ დღეს, 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მისი მტკიცებით, ხელთ აქვს ცნობები და „ობიექტური კონტროლის მონაცემები“, რომლებიც ადასტურებენ, რომ 2019 წლის 9 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევა იყო „კარგად მომზადებული და წინასწარ დაგეგმილი“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ნოემბრის დასაწყისში, ვაჟა გაფრინდაშვილი საზღვარგარეთ მივლინების დროს იმყოფებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთში და 4 ნოემბერს დაბრუნდა თბილისში, სადაც 5-8 ნოემბერს პაციენტებს იღებდა კლინიკა „მედიქლაბ-ჯორჯიაში“.

ამავე განცხადების მიხედვით, 6 ნოემბერს, ვაჟა გაფრინდაშვილის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 21 ათასი ლარი, ხოლო 8 ნოემბერს რამდენიმე პაციენტთან სატელეფონო საუბრისას მათ აცნობა, რომ შაბათ-კვირას თბილისში არ იქნება და მიღებას ორშაბათს, 11 ნოემბერს განაახლებს. ე.წ. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა გამოაქვეყნა სამი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერიც.

ამავე განცხადების მიხედვით, 9 ნოემბერს, დილის 10 საათზე ვაჟა გაფრინდაშვილი თბილისში, რესტორან "ვენდისთან" შეხვდა თავის კოლეგა ირაკლი კარტოზიას და მასთან ერთად, ტაქსით გაემგზავრა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოსკენ, საიდანაც უკვე ე.წ. საზღვარი გადაკვეთა „ლენინგორის რაიონის“ სოფელ მონასტერთან და ამის შესახებ ტელეფონით კარტოზიას აცნობა.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილი მალევე დააკავეს, დაკითხვის დროს მან თქვა, რომ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა, რადგან მონასტრის ეკლესიაში მისვლა სურდა, თუმცა, თავისი რელიგიური შეხედულებები და მრწამსი გასაგებად ვერ განმარტა: „ასევე, გაფრინდაშვილმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვებისთვის პარტიული კუთვნილების შესახებ და განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს სწრაფი გაწევრიანების მომხრეა, საზღვრის დარღვევას განიხილავს საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების კანინიერი უფლების განხორციელებად, სამხრეთ ოსეთს მიიჩნევს რუსეთის მიერ ოკუპირებულ, საქართველოს ტერიტორიად, ხოლო რუსეთს ქართული სახელმწიფოს მთავარ მტრად. ამასთან, გაფრინდაშვილის თქმით, ის, როგორც საქართველოს მოქალაქე უფლებას იტოვებს აკრიტიკოს საქართველოს ნებისმიერი პოლიტიკური ხელმძღვანელობა და კანონიერი მეთოდებით მოითხოვოს, ამა თუ იმ ნორმატიული აქტის შეცვლა“.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი „ამ ფაქტების და გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნით, ქართულ და დასავლურ მედიაში გაჩაღებული ისტერიის გათვალისწინებით, პროვოკაციას პირდაპირ უკავშირებს საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებს.“

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის 9 ნოემბერს დააკავეს, თბილისში საპროტესტო აქციები კი, 14 ნოემბერს დაიწყო.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა 19 ნოემბერსაც გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „ვაჟა გაფრინდაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სამედიცინო სამსახურის თადარიგის კაპიტანია და როგორც სამხედრო ექიმი, აქტიურად მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში“.

ამ განცხადებაში, ვაჟა გაფრინდაშვილის და სხვა მოქალაქეების მიერ „სახელმწიფო საზღვრის დარღვევის გახშირებული შემთხვევები“ მოხსენიებული იყო, როგორც „ერთი ჰიბრიდული ოპერაციის ელემენტები, რაც მიმართულია ცნების - სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის განადგურებისა და 2008 წლის აგვისტოს მთავარი პოლიტიკური შედეგების რევიზიისკენ“.

ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ელჩებს ხვდება

ბიძინა ივანიშვილი

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარტიის ცენტრალურ ოფისში ევროკავშირის ელჩებს ხვდება.

შეხვედრა 15 საათზე დაიწყო.

პარტიის პრესცენტრის თანახმად, საუბრის თემა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებია.

„გაბედეს“ აქტივისტებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ნაგვის ურნა დატოვეს

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ჯაჭვით მიაბეს ნაგვის ურნა, რომელშიც სიმბოლურად „ქართული ოცნების“ დეპუტატების ფოტოები ჩაყარეს.

აქციის ორგანიზატორები ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებდნენ, ჩაატაროს არჩევნები პროპორციული წესით.

მანამდე სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს საშუალება მიახლოებოდნენ ივანიშვილის ბიზნესცენტრს. იყო სიტყვიერი დაპირისპირება.

„გაბედეს“ აქტივისტების თქმით, „ბოქლომი და ჯაჭვი იქნება ბიძინა ივანიშვილის მომავალი, თუ არ მოეგება გონს“, მათი სიტყვებით ბიძინა ივანიშვილი ციხეში დაასრულებს ცხოვრებას.

აქცია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რამდენიმე წუთში დაიშალა.

„გაბედეს“ აქტივისტების თქმით, ისინი სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების შენობებთან მსგავს აქციებს მომავალშიც გამართავენ.

ძიძიგური: ვისთანაც ფრაქციას შევქმნით, მხარს არ უნდა უჭერდნენ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას

ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი, დეპუტატი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ კონსერვატორებთან ერთად ახალ ფრაქციაში გაწევრიანებული ადამიანები მათ ღირებულებებს უნდა იზიარებდნენ:

მაგალითად, არ უჭერდნენ მხარს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, არ იყვნენ მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრეები, იყვნენ ოჯახის, ჯარის და იმ ღირებულებების ისე დამნახავები, როგორც ეს ჩვენი კონსერვატიული პარტიის ღირებულებებში აისახება. ამიტომ გეუბნებით რომ ეს არის ჩვენთვის ფილტრი და ასეთი ტიპის გადაწყვეტილებას მივიღებთ მხოლოდ ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი განმარტებით, კონსერვატიული ფრაქციის შექმნა დამოკიდებული იქნება იმ რესურსზე, რომელიც არსებობს ან არ არსებობს პარლამენტში:

ქალბატონმა თამარ ჩუგოშვილმაც გააკეთა განცხადება, რომ მუშაობენ იმისათვის, რომ ფრაქცია შექმნან. მე მინდა მას წარმატება ვუსურვო ამ საქმეში, მაგრამ ვამბობ, რომ თუ შეიქმნება ფრაქცია, პირობითად ვამბობ თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვიფიქრებთ იმაზე, რომ კონსერვატიული ფრაქცია ჩამოყალიბდეს პარლამენტში“, -ზვიად ძიძიგური აღნიშნავს, რომ ფრაქცია საპარლამენტო ცხოვრების მნიშვნელოვანი ბერკეტია და ამიტომ „კონსერვატორები“ მის გამოყენებას საპარლამენტო ცხოვრებაში შეეცდებიან.

საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებმა ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.

ამნესტი ინტერნეშნელი: გუგლის და ფეისბუკის მოდელი „თვალთვალზეა დაფუძნებული“

ამნესტი ინტერნეშენელი თვლის, რომ ფეისბუკმა და გუგლმა უნდა შეცვალონ თავიანთი ბიზნეს მოდელი, რადგან უფლებადამცავების აზრით, ის ადამიანის უფლებების დარღვევას წარმოადგენს.

ლონდონში დაფუძნებული ორგანიზაცია აცხადებს, რომ მისი სიტყვებით, „თვალთვალზე დაფუძნებული“ ბიზნეს მოდელი, რომლითაც მოქმედებენ აშშ-ის ორი საინტერნეტო გოლიათი, არსებითად შეუთავსებელია პირადი ცხოვრების საიდუმლოს დაცვასთან.

ფეისბუკი და გუგლი, რომლებსაც ანგარიში უწოდებს „თვალთვალის გოლიათებს“, საფრთხეს უქმნიან ადამიანის სხვა უფლებებსაც, სხვათა შორის „გამოხატვის და აზრის გამოთქმის თავისუფლებას და თანასწორობის, ასევე ანტი დისკრიმინაციულ უფლებას“, წერს ორგანიზაცია.

ამნესტი ინტერნეშენელი მოუწოდებს მთავრობებს და კანონმდებლებს, უზრუნველყონ ადამიანის უფლება, არ იქნენ სარეკლამო ფირმებისა და სხვა მესამე მხარის მხრიდან თვალთვალის ობიექტი.

ანგარიშის ავტორების თანახმად, ფეისბუკის და გუგლის ბიზნეს მოდელი აიძულებს ადამიანებს, დათანხმდნენ „ფაუსტურ გარიგებას“ და მათ პირად ინფორმაციაზე წვდომის ნებართვა გასცენ იმ პლატფორმებზე წვდომის სანაცვლოდ, რომლებიც ბატონობენ მსოფლიო სივრცეში, ჩინეთს გარეთ.

ანგარიშის საპასუხოდ, ფეისბუკი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი ქმედება არღვევს ადამიანის უფლებების პრინციპებს და არ ეთანხმება აზრს, რომ მისი ბიზნეს მოდელი „თვალთვალზეა დაფუძნებული“. სოციალური ქსელი აცხადებს, რომ მომხმარებლები ნებაყოფლობით თანხმდებიან ამ სამსახურებს.

ზაზა გაბუნია რუს დეპუტატებს: თქვენი საძაგელი საოკუპაციო რეჟიმის გამო ქართველები იტანჯებიან

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებაზე.

პარლამენტის ინფორმაციით, სოფიაში, შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას გაბუნიამ რუს დეპუტატებს მიმართა: „თქვენი საძაგელი, დანაშაულებრივი, სასტიკი საოკუპაციო რეჟიმის გამო დღეს ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და საქართველოს მოქალაქეები იტანჯებიან ოკუპირებული ცხინვალის ციხეში“.

„ჩვენო მეგობარო სახელმწიფოებო, დაუდექით საქართველოს გვერდით, რომ გამოვიხსნათ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი და რომ ჩვენი მოქალაქეები დაცულნი იყვნენ რუსული აგრესიისგან. ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება, რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაა, რადგან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტურ კონტროლს სამწუხაროდ, სწორედ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს და ნებისმიერი უკანონობა, მათ შორის ესეც, მათი პასუხისმგებლობაა. თუ რუსეთის ფედერაცია პატივს სცემს ამ ორგანიზაციას და მის წესდებას, მაშინ დუმის და ფედერაციის საბჭოს აქ წარმოდგენილო წევრებო, გაიღეთ თქვენი ძალისხმევა ექიმის გასათავისუფლებლად. ის არის ექიმი, რომელიც 2008 წლის ომის დროს მკურნალობდა როგორც ქართველებს, ისე დაჭრილ რუს სამხედროებს“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

მისივე თქმით, საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და უკრაინაში რუსეთი ახორციელებს შუასაუკონეობრივ, ძალადობრივ და ბნელ პოლიტიკას: „რუსეთის ფედერაციამ მოაწყო ქართველთა გენოციდი და დღესაც აგრძელებს ქართველთა სიძულვილით მოტივირებულ საქმიანობას, რომლის მსხვერპლია არჩილ ტატუნაშვილი, გიგა ოთხოზორია და აქ კი, ამ ასამბლეაზე თავმომწონეობთ თითქოს ცივილიზებული პოლიტიკის მომხრეები იყოთ“.

ზაზა გაბუნიამ შავი ზღვის ქვეყნების საპარლამენტო ასამბლეის წევრ ქვეყნებს მიმართა, საქართველოსთან ერთად ამხილონ რუსული პოლიტიკა, რომ ხვალ თავადაც არ გახდნენ მისი აგრესიის მსხვერპლი.

ზვიად ძიძიგური: ბოთლიდან ამოვუშვით „ჯინი“, რომლის უკან ჩაბრუნება არ გამოვა

ზვიად ძიძიგური

საქართველოს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდება იყო შეცდომა, რომელიც ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და დამაზიანებელია როგორც "ქართული ოცნებისთვის", ისე ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციისთვის. იგი ვარაუდებს, რომ "ჯინის" უკან ჩაბრუნება შეუძლებელი იქნება:

იმ გადაწყვეტილებით, რაც პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებით მიიღო, ბოთლიდან „ჯინი“ ამოვუშვით, რომლის უკან ჩაბრუნება არ გამოვა. ეს იყო სერიოზული პოლიტიკური შეცდომა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკურ სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის განმავლობაში „კონსერვატორები“ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ვიყავით, ჩვენ პასუხისმგებლობა ავიღეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდით. ის, რაც მოხდა, ქვეყნისთვის, მმართველი პარტიისთვის და პირადად ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციისთვის დამაზიანებელია“, - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ პროპორციული სისტემა ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო. მისთვის შესაბამისად მიუღებელია ინიციატივა 2020 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული წესით გამართვის შესახებ.

„როგორ შეიძლება მე ვიყო მაჟორიტარობის მომხრე. ჩვენთან ერთადერთი გზა, როცა უნდა განვითარდეს პარტია, არჩევნებია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პროპორციული სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის იყო საუკეთესო გამოსავალი. ეს ვარიანტი, ვფიქრობ, არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის დღის წესრიგის თემა და შესაბამისად, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არც დაბრუნდება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებმა ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ დატოვეს.

14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და არა 2024 წლიდან, როგორც ამას მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპროტესტო აქციები გრძელდება.

მოძრაობა „შეცვალეს" აქტივისტებმა სასამართლო ვერ „დააბოქლომეს“

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტები თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან მიმდინარე აქციის დროს ცდილობდნენ ერთ-ერთი ჭიშკრისთვის ბოქლომის დადებას.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილის მიერ წუხელ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პოლიციის მიერ პარლამენტთან, 18 ნოემბერს, აქციის დაშლის დროს დაკავებულ 10 პირს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

აქტივისტების ინფორმაციით, მათ ბოქლომი სამართალდამცავებმა წაართვეს. პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა სასამართლოში შესვლის უფლება.

21 ნოემბერს, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ცდილობდნენ ბოქლომი დაედოთ მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკრებზეც, თუმცა, პოლიციამ ამის შესაძლებლობა არ მისცა და საბოლოოდ, ბოქლომი ერთ-ერთ ღობეზე დატოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები 14 ნოემბრიდან მართავენ საპროტესტო აქციებს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნებით.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება. პროპორციული არჩევნები ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

14 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა საჭირო იყო სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა. "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები დააკლდა თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან.

დეპუტატი გედევან ფოფხაძე "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს

გედევან ფოფხაძემ

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე ტოვებს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტს.

ფოფხაძემ გადაწყვეტილება ამ კომიტეტის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის დღევანდელ, ერთობლივ სხდომაზე გამოაცხადა და „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა: „უკვე მეორე თვეა კომიტეტის აპარატი მე მაჯარიმებს კომიტეტის სხდომების გაცდენის გამო, რაც მიმაჩნია, რომ არის რეგლამენტის დისკრიმინაციული მუხლის შედეგიც. გარდა ამისა, ვაფიქსირებ, რომ მიმაჩნია ჩემს პოლიტიკური დევნის ფორმად „ქართული ოცნების“ მხრიდან, ამიტომ შეუძლებლად ვთვლი კომიტეტის მუშაობაში შემდგომი მონაწილეობა მივიღო. მე აუცილებლად მივმართავ ბიუროს და ოფიციალურად დავტოვებ კომიტეტს“.

გედევან ფოფხაძემ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი „პოლიტიკური ძალა არის ყოვლად სულმდაბალი და მორალს დაცლილი“. ამ განცხადების შემდეგ გედევან ფოფხაძემ სხდომა დატოვა და აღარ მოუსმინა უმრავლესობის წევრების პასუხს.

„ნამდვილად ვერ მივიღებ იმ შენიშვნას და კონტექსტს, რაც განათლების კომიტეტის აპარატის მიმართ იყო წარდგენილი“, - განაცხადა განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გენადი მარგველაშვილმა. მისი შეფასებით, განათლების კომიტეტი ყოველთვის გამოირჩეოდა ოპოზიციის და უმრავლესობის წარმომადგენლების კონსოლიდაციით.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა გედევან ფოფხაძის გამოსვლას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ სხდომების გაცდენის გამო აპარატმა სხვა დეპუტატებიც დააჯარიმა.

ირაკლი ჩიქოვანი: პროპორციული სისტემის ჩაგდებას საერთაშორისო ურთიერთობებზე ეფექტი არ ექნება

ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს მთავრობის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, 2020 წლის არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილების ჩავარდნას საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობებზე გავლენა არ ექნება, რადგან ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების გზით აგრძელებს სვლას:

რიგ შემთხვევაში ამ მიმართულებით არსებობს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო მეტი მოლოდინის მქონეა საერთაშორისო თვალსაზრისით, თუმცა, ვიცით, რომ 2024 წლიდან საქართველო ისედაც გადადის პროპორციულ სისტემაზე და ეს ის გადაწყვეტილებაა, რომელიც მიღებულია ამ ხელისუფლების მხრიდან და ვერც ერთი სხვა ხელისუფლება ადრე ვერ იღებდა, ამას ჰქონდა უპრეცენდენტო ხასიათი.

ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან და ეს პერმანენტულად მიმდინარეობს. იყო რამდენიმე შეხვედრა. როგორც იცით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე შეხვდა ჩვენს პარტნიორებს, არსებობდა სხვა კომუნიკაციაც. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით ჩვენს პარტნიორებთან, თუ რა ვითარება და მდგომარეობაა ჩვენს ქვეყანაში და ეს არ ეხება მხოლოდ იმ ვითარებას და მდგომარეობას, რომელიც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ვითარდებოდა თბილისში. ზოგადად, ასეთ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს პარტნიორებთან“, - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები 14 ნოემბრიდან მართავენ საპროტესტო აქციებს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნებით.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება. პროპორციული არჩევნები ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

14 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა საჭირო იყო სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა. "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები დააკლდა თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან.

ვაჟა სირაძე: აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ბოქლომი დაადონ ფორმალურად

ცენტრალური შენობის კარი არ ჩაიკეტება. ვინც პოლიციას არ დაემორჩილება და კანონს დაარღვევეს, დავაკავებთ,- განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, სადაც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა მთავრობის ადმინისტრაციის ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

ვაჟა სირაძის თმით, აქციის მონაწილეებს შეუძლიათ ბოქლომის დადება ფორმალურად, მითითებულ ადგილზე.

„ვინც პოლიციას არ დაემორჩილება და კანონს დაარღვევეს დავაკავებთ, ვაშაძე იქნება თუ სხვა. კანონის წინაშე ყველა თანასწორია, მეც თქვენც და ყველა პოლიტიკური ლიდერიც. გარკვეული პირები ცდილობენ ცენტრალური შესასვლელის პიკეტირებას და ბოქლომის დადებას, ჩვენ მოვუწოდეთ და მივუთითეთ, რომ ცენტრალური შესასვლელი კარის გვერდით მხარეს, სადაც კარის გაღებას არ შეუშლის ხელს, ფორმალურად, რადგანაც პროტესტს გამოხატავენ შეუძლით დაადონ ბოქლომი, მაგრამ არიან პროვოკაციაზე და ცდილობენ ცენტრალურ შესასვლელს დაადონ ბოქლომი. კარის ჩაკეტვა გამორიცხულია. არაერთხელ ავუხსენით, რომ ეს კანონის დარღვევაა. პოლიცია იმოქმედებს კანონის ფარგლებში, ვინც არ დაემორჩილება, დავაკავებთ“, - აცხადებს ვაჟა სირაძე.

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმმა ბოქლომი სიმბოლურად ადმინისტრაციის ღობეს დაადეს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება ბოქლომი მთავარ შესასვლელზე დაეკიდათ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები 14 ნოემბრიდან მართავენ საპროტესტო აქციებს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნებით.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება. პროპორციული არჩევნები ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

14 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა საჭირო იყო სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა. "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები დააკლდა თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან.

აქციის მონაწილეებმა ბოქლომი სიმბოლურად ადმინისტრაციის ღობეს დაადეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმმა ბოქლომი სიმბოლურად ადმინისტრაციის ღობეს დაადეს. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა საშუალება ბოქლომი მთავარ შესასვლელზე დაეკიდათ.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის „ევროპული საქართველოდან,“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და "ახალი საქართველოდან" მხარდამჭერებთან ერთად ცდილობდნენ ჭიშკართან მიახლოებას და ბოქლომების დადებას, რაც მათ პოლიციის წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლეს.

ამ დროისათვის აქცია უკვე დასრულებულია.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები 14 ნოემბრიდან მართავენ საპროტესტო აქციებს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნებით.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება. პროპორციული არჩევნები ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

14 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა საჭირო იყო სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა. "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები დააკლდა თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან.

ანტისამთავრობო აქციის დაშლისას დაკავებული 25 ადამიანის პროცესი უცნობი დროით გადაიდო

ხელისუფლება ძალის გამოყენებით შლის ანტისამთავრობო აქციასა და პარლამენტის პიკეტს. 18 ნოემბერი, თბილისი.

გაურკვეველი დროით გადაიდო ანტისამთავრობო აქციისა და პარლამენტის პიკეტის დაშლის დროს დაკავებული 25 ადამიანის სასამართლო პროცესები, რომლებიც დღეს, 21 ნოემბერს იყო ჩანიშნული.

ბრალდებულებს 20 ნოემბერს გვიან ღამით, 1-2 საათზე შეატყობინეს, რომ მათი პროცესები დილით ჩატარდებოდა. საბოლოოდ კი უთხრეს, რომ მოსამართლე ახლა სხვა საქმეები აქვს განსახილველი.

"მოსამართლისთვის თავიდანვე იყო ცნობილი, რომ სხვა საქმეების განხილვა მოუწევდა", - ამბობს საია-ს იურისტი, ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლებასთან და აგრძელებს: "ჩვენთვის გაუგებარია, რატომ გადმოიტანეს გუშინ ჩანიშნული საქმეების დღეისთვის, თუ მოსამართლე მაინც ვერ შეძლებდა ამ საქმეების განხილვას".

18 ნოემბერს დაკავებული 37 ადამიანის საქმეს - რომელთაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან - ერთი მოსამართლე, ვალერიანე ფილიშვილი განიხილავს.

37 ბრალდებულიდან 12-ის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა 20 ნოემბერს გვიან ღამით. 10 აქტივისტს - მათ შორის, გიგა მაქარაშვილს, ზუკა ბერძენიშვილსა და ბექა ბასილაიას - პატიმრობა შეეფარდათ, ერთს სიტყვიერი შენიშვნა მისცეს, კიდევ ერთს 1 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

წულუკიანი: კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში

თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მიესალმება პროპორციული საარჩევნო მოდელის ჩავარდნას და ფიქრობს, რომ ქვეყანას სტაბილურობისთვის მაჟორიტარული სისტემა სჭირდება:

„სამწუხაროდ რაც არ უნდა კეთილშობილური და დემოკრატიული აზრი იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება და სრულად ამ მოდელზე გადასვლა, ჩვენს რეალობაში, როდესაც მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია, არამედ მალე ბოქლომების მაღაზიას გახსნიან ალბათ, მათთან ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. მისი შეფასებით, შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნება არის გარანტია იმისა, რომ 2020 წლის არჩევნების შედეგად ქვეყანა მიიღებს ხალხის მიერ არჩეულ იმ მმართველ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას დაამკვიდრებს:

„როგორც ყოფილი მაჟორიტარი ვრჩები იმ აზრზე რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი და ვფიქრობ, რომ მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში. და ეს სისტემა უნდა იქნეს შენარჩუნებული“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა 21 ნოემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

14 ნოემბერს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტს, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა. სხდომაზე შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა საჭირო იყო სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა. "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები დააკლდა თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან.

ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო გადაიდო

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაურკვეველი დროით გადაიდო. სხდომა დღეს 15 საათზე იყო დანიშნული. „დიდხანს უნდათ რომ მანერვიულონ“, - წერს ფეისბუკზე ზურაბ ჯაფარიძე.

წუხელ, თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 37 პირიდან ათს 4-იდან 13 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, ერთი 1000 ლარით დააჯარიმა და ერთს სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა კიდევ 25 ბრალდებულის საქმის განხილვა გაურკვეველი დროით გადაიდო.

პოლიციამ 37-ივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავა.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციის შენობის ჭიშკრის "დაბოქლომებას" ცდილობენ

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობის. სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის „ევროპული საქართველოდან,“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ და "ახალი საქართველოდან" მხარდამჭერებთან ერთად ცდილობენ ჭიშკართან მიახლოებას და ბოქლომების დადებას, რის საშუალებასაც პოლიციელები არ აძლევენ.

აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს სიტყვიერად უპირისპირდებიან და „რუსი ოლიგარქი ივანიშვილის“ ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ. ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ შენობაში მყოფი მთავრობის წევრები უკანა შესასვლელიდან გარბიან, რაც ნიშნავს, რომ ეს მთავრობა ჩამოშლილია.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიები 14 ნოემბრიდან მართავენ საპროტესტო აქციებს მთავრობის გადადგომის, ცესკოს შემადგენლობის შეცვლის და ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნებით.

საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც "ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება. პროპორციული არჩევნები ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

14 ნოემბერს, პარლამენტის სხდომაზე შესაბამის საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა 101-მა დეპუტატმა, მაშინ, როცა საჭირო იყო სულ მცირე 113 დეპუტატის ხმა. "ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ხმები დააკლდა თავად "ქართული ოცნების" უმრავლესობიდან.

„ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს ჩემპიონს დაუპირისპირდებიან

საქართველოს სარაგბო ნაკრები 2020 წლის ზაფხულში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან - სამხრეთ აფრიკასთან ისტორიულ ტესტ-მატჩს გამართავს. ინფორმაცია უკვე ორივე ქვეყნის რაგბის კავშირმა დაადასტურა. შეხვედრა 18 ივლისს შედგება, ოღონდ ჯერჯერობით უცნობია, რომელ ქალაქში.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკას აქამდე ერთხელ შეხვდა - 2003 წელს, ავსტრალიაში გამართულ მსოფლიოს თასზე „ქურციკებმა“ მოიგეს, ანგარიშით 46:19. ის თამაში ქართული რაგბისთვის ისტორიული გამოდგა, რადგან ამ რანგის შეჯიბრებაზე „ბორჯღალოსნებმა“ პირველი ლელო დადეს.

მთავრობის პრესსპიკერად ირაკლი ჩიქოვანი დაინიშნა

ირაკლი ჩიქოვანი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის პოსტი საერთაშორისო საკითხებში პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დაიკავა. გიორგი გახარიამ 21 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ახალი სამსახურის ამოქმედებით მთავრობის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხარისხი ამაღლდება:

„ეს გახლავთ ახალი პოზიცია და ეს ხელს შეუწყობს სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში მთავრობის ადმინისტრაციასა და ჩვენ მოქალაქეებს და რა თქმა უნდა მედიას შორის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია: დესტაბილიზაცია გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს ეკონომიკური ზრდის დასაჩქარებლად კონკრეტული დავალება მისცა, ეროვნულ ბანკს კი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.

დღეს, 21 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გახარიამ კვლავ განაცხადა, რომ უახლოესი წლების ყველაზე დიდი გამოწვევა და მიზანი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნაა: „ყველაფერი ის, თუ რა ხდება ჩვენს სოციალურ, ან პოლიტიკურ ცხოვრებაში როგორც კი იძენს დესტაბილიზაციის ხასიათს, გადადის ქუჩაში, იძენს უკანონო ქმედებების სახეს, რა თქმა უნდა, პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ასეთ მნიშვნელოვან ჩვენ განზომილებაზე ცხოვრების, როგორიც გახლავთ ეკონომიკური ცხოვრება“.

პრემიერ-მინისტრ გახარიას თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები არ ითვალისწინებენ მოქალაქეების და ქვეყნის განვითარებისთვის ამ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს.

„ჩვენ როგორც პასუხისმგებლიანმა ძალამ და საქართველოს მთავრობამ, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ მსგავს გამოწვევებსაც გავცეთ შესაბამისი პასუხი“, - განცხადა გიორგი გახარიამ. მან ეკონომიკური ზრდის დაჩქარების უზრუნველსაყოფად ფინანსთა მინისტრს დაავალა განიხილოს და მომავალ სხდომაზე წარმოადგინოს, თუ რამდენად არის შესაძლებელი უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე დაწესებული ზღვრის შემცირება 200 ათასიდან 100 ათას ლარამდე.

პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ბანკს მოუწოდა, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. გახარიას განცხადებით, მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად კოორდინირებულად უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური ზრდა, ინფლაციის ზღვრული ნორმა, რომელიც წლის დასაწყისში იყო დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა.

პრემიერ-მინისტრმა ფინანსთა მინისტრს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს შემოსავლების სამსახურს: „სამართლიანი, გამჭვირვალე და ეფექტური საგადასახადო სისტემა არის პრიორიტეტი და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების და საერთოდ, სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. შემოსავლების სამსახურს და ფისკალურ პოლიტიკას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება“.

გახარია: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო 24 საათიანი რეჟიმით მუშაობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის სახელმწიფო ორგანოები, მთავრობა და შესაბამისი უწყებები აქტიურად, 24 საათის განმავლობაში მუშაობენ:

"ჩვენ ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ვდგამთ იმ ნაბიჯებს, რომლებიც აუცილებელია მსგავს მძიმე სიტუაციაში.

და რა თქმა უნდა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები. და პირველ რიგში ეს სტანდარტები უნდა გავითვალისწინოთ ბატონი ვაჟას და მისი ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 21 ნოემბერს მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევისთვის. ვაჟა გაფრინდაშვილს ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევისთვის, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

სირიაში სასტიკი მკვლელობა სავარაუდოდ "პუტინის მზარეულთან" ასოცირებულმა ჯგუფმა ჩაიდინა

ევგენი პრიგოჟინი და ვლადიმირ პუტინი(საარქივო ფოტო)

რუსეთის „ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის“ წევრებს შესაძლოა, კავშირი ჰქონდეთ სირიაში ადამიანის სასტიკ წამებასა და მკვლელობასთან.

ერთ-ერთი სავარაუდო ეჭვმიტანილის ვინაობა გამოცემა „ნოვაია გაზეტა“-მ დაადგინა. საუბარია სტანისლავ დ-ზე, რომლის გვარს გამოცემა არ ასახელებს მისი ოჯახის უსაფრთხოების გამო.

„ნოვაია გაზეტა“-ს ინფორმაციით, სტანისლავ დ. „ვაგნერის ჯგუფის“ დაზვერვაში მსახურობდა. გამოცემამ მოიპოვა ამ პირის პასპორტის ასლი, ავტობიოგრაფია, მის მიერ შევსებული „ვაგნერის ჯგუფის“ უსაფრთხოების სამსახურის ანკეტა და ხელწერილი ინფორმაციის გაუთქმელობის შესახებ.

სირიაში მიწაზე გართხმული ახალგაზრდა კაცის უროებით, მუსიკის თანხლებით სასტიკად ცემის ამსახველი ვიდეოჩანაწერი პირველად 2017 წელს გავრცელდა, თუმცა, კადრებში არ ჩანს რუსულად მოლაპარაკე შეიარაღებული პირების სახეები.

ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელებით გავრცელდა ჩანაწერის სხვა ნაწილიც, სადაც ჩანს, რომ ნაწამებ მამაკაცს თავს აჭრიან, შემდეგ ფეხებით კიდებენ და ცეცხლს უკიდებენ. ერთ-ერთ კადრში სტანისლავ დ. ჩანს. „ნოვაია გაზეტა“ აცხადებს, რომ მზად არის მოპოვებული მასალები გადასცეს პროკურატურას, საგამოძიებო კომიტეტს და შსს-ს.

არაბული მედიასაშუალებების ინფორმაციით, სირიის ჰომსის პროვინციის შაირის საბადოსთან სასტიკად მოკლული მამაკაცი სავარაუდოდ, მოჰამედ ტაჰა ისმაილ ალ-აბდულაა, რომელიც სირიის სამთავრობო ძალების რეზერვში გაიწვიეს, ჯარიდან გაიქცა და მოგვიანებით დააპატიმრეს.

2017 წლის გაზაფხულზე „ვაგნერის ჯგუფის“ დანაყოფებმა ამ რაიონიდან განდევნეს ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმები, რაც „ნოვაია გაზეტა“-ს ინფორმაციით, დადასტურებულია სირიის სახელმწიფო ნავთობკორპორაციის და რუსული კომპანია „ევრო პოლისის“ შეთანხმების ოქმით. ეს კომპანია ექსტრემისტებისგან საბადოების გათავისუფლების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულებას იღებდა მოპოვებული ნავთობის და გაზის 25%-ის სანაცვლოდ.

„ევრო პოლისს“ კავშირი აქვს „პუტინის მზარეულის“ სახელით ცნობილი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის ბიზნესსტრუქტურებთან.

სწორედ პრიგოჟინს მიიჩნევენ „ვაგნერის ჯგუფის“ მთავარ ორგანიზატორად და დამფინანსებლად. სირიაში ამ ჯგუფის სახელით მოქმედებს ასობით შეიარაღებული რუსი.

გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებული, მორიგი ექვსეულის საქმეზე გადაწყვეტილებები გამოაცხადა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, გიგა მაქარაშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.

ირაკლი ნადირაძეს - 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

ირაკლი კაჭარავას - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

დიმიტრი ბიძინაშვილის - 13-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

დავით მჟავანაძეს - 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა;

პაატა სოსანაშვილს - სიტყვიერი გაფრთხილება;

მოსამართლის გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობაში შეკრებილი მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.

მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა გადაწყვეტილებები კიდევ რამდენიმე დაკავებულის საქმეებზე.

18 ნოემბერს, პარლამენტთან აქციაზე დააკავეს სულ 37 პირი. მათგან 25-ის საქმის განხილვა გადაიდო. სასამართლო სხდომების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

20 ნოემბერს მოსამართლემ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა.

პოლიციამ 37-ივე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით დააკავა.

18 ნოემბერს, საპოლიციო ძალებმა პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. 14 ნოემბერს პარლამენტმა ვერ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარებულიყო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG