Accessibility links

ახალი ამბები

ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ნათესავმა მიაყენა. როგორც რადიო თავისუფლებას საავადმყოფოში უთხრეს, შემთხვევა გუშინ შუადღეს მოხდა.

მაღალაშვილის თქმით, მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

„ვუთხარი, რომ ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედი? გარანტიები სად არისო? დერეფანში რომ გავიდა, დედა შემაგინა და ამაზე მეც გავედი, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა“, - ამბობს გოგი მაღალაშვილი.

ექიმს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას/ძალადობას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ჯერ არავინაა.

გამოკითხვის თანახმად, რუსეთში მეტი მოქალაქე აფასებს სიტყვის თავისუფლებას

რუსეთში მოქმედი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, „ლევადა ცენტრი“ ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც აფასებენ სიტყვის, რწმენის და შეკრების თავისუფლებებს.

20 ნოემბერს გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ორგანიზაცია ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 34-დან 58 პროცენტამდე გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ სიტყვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა.

დედაქალაქ მოსკოვში ამ ჯგუფის რაოდენობა გაორმაგდა, უფრო მომცრო ქალაქებში კი 1,5-ჯერ გაიზარდა, - ამბობს ორგანიზაცია.

საერთო ჯამში, რუსეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ, 50-დან 64 პროცენტამდე გაიზარდა, რწმენის თავისუფლების დამფასებელთა რაოდენობა კი 22-დან 40 პროცენტამდე ავიდა 2017 წლის შემდეგ.

გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც რესპონდენტებს სთხოვდნენ დაესახელებინათ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებები, ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა რუსეთის 50 რეგიონში.

ბერძენიშვილი: ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ შვილის პროცესზე ყოფნა თუ მომიწევდა, არ მეგონა

დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ვერ იფიქრებდა ახალგაზრდობაში, რომ მისი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ შვილის პოლიტიკურ პროცესზე მოუწევდა ყოფნა: „ჩემი სასამართლოდან 35 წლის მერე ისევ პოლიტიკურზე უკვე შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, არ ვფიქრობდი ასე. მაინც უფრო იმედიანად ვიყავი ჩემს ახალგაზრდობაში“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას გამოიყენებს, თუმცა არც ამას გამორიცხავს:

„მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მგონი ახლა დაიწყებენ ანგარიშს, ვინ რა ღირს და გარეთ გაშვება რამდენად შეაფასონ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი, ერთ-ერთია 18 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ დაკავებული 37 პირიდან. 19 ნოემბერს დაკავებულთა მიმართ დაწყებული სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ნოემბერს განახლდა.

თამარ ჩუგოშვილი: ახალ ფრაქციაში იქნება კარგი რესურსი ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციებისთვის

უმრავლესობიდან 14 ნოემბერს გასული დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე და სოფიო ქაცარავა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები პარტიის შექმნას არ გეგმავენ. ამის შესახებ დღეს, 20 ნოემბერს, პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა: „გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირი პარტიის შექმნაზე“.

„პარტიის შექმნისთვის ჩვენ არც რესურსი გაგვაჩნია და ვერც კიდევ ერთი პარტიის შექმნის საჭიროებას ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა პოლიტიკაში, რადგან სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების გეგმები, პირველ რიგში, დაკავშირებულია დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში საპარლმენტო საქმიანობის ვადის ღირსეულად დასრულებასთან.

რაც შეეხება ახალი ფრაქციის შექმნას, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, კონსულტაციები მხოლოდ იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს 14 ნოემბრის კენჭისყრის შედეგების გამო.

„ჯერჯერობით, კოლეგებთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობ, პარლამენტის წევრები საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით, რომლებსაც სურვილი ექნებათ ფრაქციის შექმნის. ჯერჯერობით გვარებს და დეტალებს სრულად ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება... ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი. ფრაქციაში, თუ ის შეიქმნება, - და მე იმედი მაქვს, რომ შეიქმნება, - იქნება საკმაოდ კარგი რესურსი იმისთვის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი შეფასებით, ფრაქცია ორგანიზებული საპარლამენტო საქმიანობის კარგი ფორმაა. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ფრაქცია მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრმა, გიორგი ბეგაძემ. ამასთან, სოფიო ქაცარავამ უარი თქვა დეპუტატის მანდატზეც.

15 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ.

გიგა მაქარაშვილი სასამართლოში: შევდივართ, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება

გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის განახლების წინ, 20 ნოემბერს განაცხადა, რომ სასამართლოსგან ადეკვატური მოლოდინი არ აქვს, თუმცა დაკავებულთათვის პატიმრობის შეფარდებით „დუღილის ტემპერატურა“ კიდევ უფრო აიწევს:

„პროცესი იყო გუშინ, მოსამართლემ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებას ხელი ვერ მოაწერა. ბევრი საათი ეცადა, ეცადა, ეცადა, ეცადა, მაგრამ ხელი ვერ მოაწერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და ჩვენ გვგონია, რომ ეს არის დასაწყისი, კიდევ ერთი ძალიან დიდი ნაბიჯი ბიძინა ივანიშვილის და მისი რეჟიმის დასასრულის.

ვფიქრობთ, რომ ადეკვატური მოლოდინი არ უნდა გვქონდეს არც დღეს სასამართლოსი. საერთოდ არ არის გამორიცხული, რომ ისევ ჩაგვსვან, თუმცა ამით კიდევ უფრო აწევენ ტემპერატურას დუღილის. რამდენი დამატებით წუთს ჩვენ იქ გავატარებთ, მით უფრო შეუმცირდება ბიძინა ივანიშვილს და მის მთავრობას მმართველობაში ყოფნის დრო. მოკლედ, შევდივართ, აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება“, - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა სხდომის წინ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა 18 ნოემბერს დაკავებული 36 ადამიანი.

მოსამართლემ, აგრეთვე, იმსჯელა პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით არის გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა 20 ნოემბერს 17:50 საათზე გაგრძელდება.

მოსამართლემ აქტივისტები გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა და მათი პროცესები გადადო. პროცესები საქალაქო სასამართლოში განახლდა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

სააკაშვილის ქვეყნიდან გაძევება კანონიერად ცნო უკრაინის უზენაესმა სასამართლომ 

19 ნოემბერს უკრაინის უზენაესმა სასამართლომ კანონიერად ცნო მესაზღვრეებისა და სამართალდამცველი ორგანოების საქმიანობა 2018 წლის თებერვალში, როდესაც პოლონეთში გააძევეს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი.

უკრაინული მედიის თანახმად, ამგვარად სასამართლომ არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სარჩელი, რომელშიც იგი უკანონოდ მიიჩნევდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების ქმედებას.

დადგენილება კანონიერ ძალაში შედის მიღებისთანავე, საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას, - ნათქვამია უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2017 წლის ივლისში მოქალაქეობა ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს და მალევე გააძევეს პოლონეთში, საიდანაც საქართველოს ექსპრეზიდენტი ტრიუმფალურად დაბრუნდა 2017 წლის სექტემბერში.

უკრაინის სამართალდაცველმა ორგანოებმა მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს რუსეთში გაქცეული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოსგან ნახევარი მილიონი დოლარის აღებაში საპროტესტო აქციების ორგანიზებისთვის.

2018 წლის 12 თებერვალს სააკაშვილი დააკავეს კიევის ერთ-ერთ რესტორანში და გააძევეს პოლონეთში.

იმავე წლის მარტში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმე სააკაშვილის მიმართ.

28 მაისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაუბრუნა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც მეორე დღეს დაბრუნდა უკრაინაში.

უკრაინაში აშშ-ის ყოფილმა წარმომადგენელმა ჩვენება მისცა კონგრესის საიმპიჩმენტო პანელს

უკრაინაში აშშ-ის ყოფილი საგანგებო წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილ მაღალჩინოსანთან, ტიმ მორისონთან ერთად 19 ნოემბერს ხუთი საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას კონგრესის საიმპიჩმენტო პანელს. ​

დემოკრატების ხელმძღვანელობით მოქმედი წარმომადგენელთა პალატის წევრები იძიებენ, ისარგებლა თუ არა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი უფლებამოსილებით ბოროტად და სცადა თუ არა უცხოეთის მთავრობის დახმარების მოპოვება თავისი პოლიტიკური მეტოქის გარშემო გამოძიების დასაწყებად.

მოკვლევის ცენტრშია 25 ივლისს განხორციელებული სატელეფონო საუბარი ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის, რომლის დროსაც კიევს სთხოვეს დაეწყო გამოძიება ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერის შესახებ.

თავად ტრამპი იმეორებს, რომ ცუდი არაფერი გაუკეთებია, საიმპიჩმენტო მოკვლევას უწოდებს „სიყალბეს“ და „კუდიანებზე ნადირობას“, კონგრესში მიმდინარე მოსმენებს კი - „კენგურუთა სასამართლოს“.

19 ნოემბერს გამართულ საჯარო მოსმენაზე ვოლკერმა თითქოს შეცვალა მანამდე მიცემული ჩვენების გარკვეული დეტალები. კერძოდ, მან თქვა, მხოლოდ ახლახან გავიაზრე, რომ უკრაინის ენერგეტიკული ფირმა, "ბურისმა", ჰანტერ ბაიდენთან არის დაკავშირებულიო.

კობა კობალაძე: ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გარკვეულწილად სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული

კობა კობალაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის ქმედებები გარკვეული დესტაბილიზაციისაკენაა მიმართული და, შესაბამისად ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება აღკვეთილი იქნება:

„ჩვენს შეფასებას ოპოზიციისთვის აზრი არ აქვს, რადგან მათ აქვთ თავიანთი რაღაც სამოქმედო გეგმა, რომელიც გარკვეულწილად უფრო სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. აქვთ პრინციპი იმისა, ჩვენ თუ არ ვართ, სულ ნუ ყოფილა ნურაფერი. აქედან გამომდინარეა მათი მოქმედებები, ხედვები, აგრესია, რომელიც ვლინდება. ყოვლად გაუმართლებელი აგრესია მიმართული არ არის ძლიერი ქვეყნის შენებისკენ, ეს არის მიმართული გარკვეული დესტაბილიზაციისკენ“, - აღნიშნა დეპუტატმა პრესკონფერენციაზე. მისი შეფასებით, ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია, პოლიტიკურ ჯგუფებს თავიანთი ხედვისა და ინტერესების დაუბრკოლებლად გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ, თუმცა გამოხატვის თავისუფლება დაცულია მანამ, სანამ პროცესები კანონის ჩარჩოებიდან გავა:

„ამ დღეებმა დაგვანახა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს შესწევთ უნარი, რომ ქვეყანაში სტაბილიზაცია შეინარჩუნონ და ეს ასეც იქნება. ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოებრივი პოზიციიდან. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება მათი მხრიდან, სახელმწიფოს მიერ აღკვეთილი იქნება“, - აღნიშნა კობა კობალაძემ.

პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

უცხოელი მებრძოლები ემსხვერპლნენ სირიაში ისრაელის დარტყმებს "ირანის სამიზნეებზე"

ისრაელის არმია აცხადებს, რომ სირიაში მიზანში ამოიღო ათობით ირანული და სირიული სამხედრო ობიექტი, რაც, მისი თქმით, წარმოადგენდა პასუხს სარაკეტო თავდასხმებზე ისრაელის მიერ კონტროლირებულ გოლანის სიმაღლეებზე.

საბრძოლო თვითმფრინავებმა 20 ნოემბერს იერიში მიიტანეს ირანის რევოლუციის გუშაგთა ელიტური დანაყოფის, ყუდსის მფლობელობაში არსებულ სამიზნეებზე, მათ შორის, ხმელეთი-ჰაერის რაკეტებზე, იარაღის საწყობებსა და სამხედრო ბაზებზე, - აცხადებს ისრაელის არმია. მისივე განცხადებით, განადგურებულ იქნა სირიის საჰაერო თავდაცვის გარკვეული სამიზნეებიც, მას შემდეგ, რაც სირიის არმიამ რაკეტა ისროლა.

ომზე დამკვირვებელი ჯგუფი აცხადებს, რომ საჰაერო თავდასხმებს 11 "მებრძოლი" ემსხვერპლა და მათ შორის შვიდი სირიელი არ არის. სირიის სახელმწიფო მედიამ მანამდე გაავრცელა ცნობა, რომ დაიღუპა ორი სამოქალაქო პირი და დაიჭრა კიდევ რამდენიმე, დამასკთან ახლოს ისრაელის რაკეტების ჩამოგდების შედეგად.

ირანის ოფიციალურ პირებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებიათ, რუსეთი ისრაელის იერიშებს "არასწორ" ნაბიჯს უწოდებს.

ისრაელი ხშირად იღებს მიზანში სირიაში ირანის ინტერესებს, ასობით იერიშის ფორმით და ცდილობს, თეირანს საშუალება არ მისცეს იქ მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა დააარსოს. ირანი, რუსეთთან ერთად, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც დაიწყო 2011 წლის მარტში, მთავრობის სისხლიანი ზეწოლით დემონსტრანტებზე.

სვანეთსა და აჭარაში ხანძრის ორი კერა ლიკვიდირებულია

ნახანძრალი ადგილი მესტიის მუნიციპალიტეტში

საქართველოს ოთხ რეგიონში ბოლო დღეებში გაჩენილი ხანძრის 7 კერიდან ორი ლიკვიდირებული, ხუთი კი, ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის კერები ჩააქრეს მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხევრალის მახლობლად და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ რიყეთში.

ტყვის ქვედა საფარში გაჩენილი ხანძრები ლოკალიზებულია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმართან, ონის მუნიციპალიტეტის სოფლების ირის და ხიდეშლების მიმდებარედ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბართან და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს მახლობლად.

ამ კერებზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს.

ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად

20 ნოემბერს ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად. წინასწარი მონაცემებით, „არ დასტურდება, რომ ეს მოხდა მოწინააღმდეგის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად“. ამის შესახებ ნათქვამია ავღანეთში აშშ-ის სამხდრო სარდლობის განცხადებაში, რომელშიც სხვა დეტალებზე არ არის საუბარი.

ამერიკული შვეულფრენის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელიც ამტკიცებს, რომ ლოგარის პროვინციაში გაანადგურეს შვეულმფრენი და დახოცეს ეკიპაჟის ყველა წევრი.

ავღანეთის თავდაცვის სამინისტრომ სიცრუე უწოდა თალიბანის ინფორმაციას და ასევე უარყო ავღანელი ჯარისკაცების დაშავების შესახებ ექსტრემისტული წყაროებით გავრცელებული ცნობები.

სათანადო მტკიცებულებების გარეშე, ავღანეთში მოქმედი ექსტრემისტული დაჯგუფება ხშირად იღებს პასუხისმგებლობას შვეულმფრენებისა და დრონების ჩამოგდებაზე.

წლის დასაწყისიდან ავღანეთში 13 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა სამხედრო ამოცანების შესრულების დროს.

პენტაგონის ცნობით, დღეისათვის ავღანეთში დაახლოებით 13 ათასი ჯარისკაცი იმყოფება ნატოს ეგიდით მიმდინარე მტკიცე მხარადჭერის“ ოპერაციაში.

თბილისის მერია სამშენებლო სექტორს "ცენტრ პოინტის" საკითხზე შეხვედრაზე იწვევს

დედაქალაქის მერია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული მოქალაქეების საკითხის მოსაგვარებლად სამშენებლო კომპანიებსა და დეველოპერებს მიმართავს. 20 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მომავალ კვირაში გაფართოებულ შეხვედრაზე იწვევს, რათა ინდივიდუალურად წარუდგინოს „ცენტრ პროინტთან“ დაკავშირებული „ქეისები“.

„დღეს მე მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, დეველოპერებს, რომ ჩვენ უკვე მივედით იმ ეტაპზე, სადაც გვჭირდება თქვენი ჩართულობა და თანადგომა. ამიტომ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ ჩვენ მომავალ კვირას ვგეგმავთ, გავაკეთოთ დიდი შეხვედრა თქვენთან, დეველოპერებთან და მშენებლებთან და წარმოგიდგინოთ ყველა ის პროექტი, რომელიც უნდა დასრულდეს. ამ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ფართები დაიბრუნონ, რაშიც თანხები აქვთ გადახდილი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე 20 ნოემბერს.

კახა კალაძე ამბობს, რომ დედაქალაქის მერია ყველაფერს გააკეთებს „ცენტრ პოინტის“ მრავალწლიანი პრობლემის მოსაგვარებლად:

„სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანების პრობლემა უკვე მოვაგვარეთ. და წარმატებით დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები სამშენებლო კომპანია „M კვადრატთან“ და უახლოეს მომავალში დაიწყება უშუალოდ სამშენებლო სამუშაოები.

რაც შეეხება კონკრეტულად „ცენტრ პოინტს“ - ეს არის სერიოზული პრობლემა. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, ყოველ კვირას გვაქვს შეხვედრები, შევქმენით სპეციალური საინიციატივო ჯგუფი დაზარალებული ადამიანებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ“, - დედაქალაქის მერის თქმით, პრობლემა 6 000 ოჯახზე მეტს ეხება.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ოპოზიციას პარლამენტის შენობის პიკეტირებას არ ურჩევს

გიორგი კახიანი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი ოპოზიციას პარლამენტის შენობის პიკეტირებას არ ურჩევს.

„ეს მათთვისაც არ იქნება მომგებიანი. ასეთი მოქმედებებით საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტ მარგინალიზებას მოახდენენ“, - უთხრა პარლამენტში ჟურნალისტებს გიორგი კახიანმა.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას 26 ნოემბერს აპირებენ. ამ დღეს პლენარული სხდომაა დანიშნული.

გიორგი კახიანის განცხადებით, ყველას უნდა ესმოდეს, რომ პარლამენტი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა და მისი ფუნქციონირების შეფერხებას სახელმწიფო არ დაუშვებს: „ნებისმიერ მოქალაქეს და პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ შესაძლებლობა, რომ პროტესტი გამოხატონ, თუმცა, პროტესტს აქვს კანონისმიერი ჩარჩოები და ამ ჩარჩოებს არ უნდა გასცდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იძულებული იქნება, შესაბამისი ზომები მიიღოს, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა“.

18 ნოემბერს საღამოს, საპოლიციო ძალებმა დაშალეს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე პიკეტირების აქცია. შსს-მ აქციის დაშლის საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტირება 17 ნოემბერს, ღამით დაიწყეს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასავლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნისადმი პროტესტის ნიშნად.

18 ნოემბერს დილით, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში არ შეუშვეს რამდენიმე დეპუტატი. ჩაიშალა დღის პირველ ნახევარში დაგეგმილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის და ბიუროს სხდომები. პარლამენტმა ბიუროს სხდომა პიკეტირების აქციის დაშლის შემდეგ, საღამოს რვის ნახევარზე ჩაატარა.

კახა კალაძე: ყველაფერი კეთდება იმისთვის, რათა გაფრინდაშვილი დროულად გათავისუფლდეს

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით ხმა ყველა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მისწვდეს. თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ ყველა სამსახური, სამინისტრო და შესაბამისი უწყებაა ჩართული მისი დროულად გათავისუფლების საქმეში:

„ჩემი, თქვენი და ყველას ვალია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტრიბუნა და საშუალება, რათა გამოვუცხადოთ თანადგომა და მხარდაჭერა ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს, რომელიც არის უკანონოდ დაკავებული საოკუპაციო რეჟიმის მიერ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველას მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. შესაბამისად მინდა ასევე გითხრათ, რომ ყველა სამსახური, შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მისი გათავისუფლება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. მისი თქმით, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი ფიზიკურად თავს კარგად გრძნობს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დუმის სპიკერმა კომუნისტები გააკრიტიკა საბჭოთა პერიოდში საქართველოს "განვითარებისთვის"

რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი

რუსეთის დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა კომუნისტები გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი აზრით, საბჭოთა პერიოდში პრიორიტეტს ანიჭებდნენ არა რუსეთის, არამედ საქართველოს და ბალტიისპირეთის განვითარებას.

სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ვოლოდინის განცხადება მოჰყვა დუმის სხდომაზე, მევენახეობის კანონპროექტის განხილვისას კომუნისტი დეპუტატის, ნიკოლაი ხარიტონოვის გამოსვლას.

ხარიტონოვმა დეპუტატებს გაახსენა, რომ საბჭოთა პერიოდში ქვეყანაში არსებობდნენ მთლიანად მევენახეობის რეგიონები - საქართველო და მოლდავეთი.

„აი, თქვენ თქვით, რომ საქართველო იყო საბჭოთა დროს... საჭირო იყო რუსეთის ფედერაციის განვითარება და არა საქართველოსი. საქართველოში ვდებდით ყველაფერს, ახლა კი ვხედავთ, რომ ნაწყენებიც არიან... ყველაფერს, ბოლოსაც კი მათ ვაძლევდით, ბალტიისპირეთსაც და სხვა ქვეყნებსაც. ისინი უკეთესად ცხოვრობდნენ, მაშინ, როცა მთელი რესურსები ჩვენ გვქონდა... მდივნებიც იქიდან გვყავდა, საგარეო საქმეთა მინისტრებიც და დღეს კიდევ ჩვენ გვადანაშაულებენ“, - განაცხადა დუმის სპიკერმა ვოლოდინმა. კანონპროექტი, რომელსაც მისი ეს კომენტარი მოჰყვა, რუსეთში ვენახების და ღვინის საწარმოების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.

საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გავიდა

საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები

საქართველოს ჭაბუკთა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის საგზური მოიპოვა. პორტუგალიის ქალაქ მანგუალდეში, 17-წლამდელთა ევროპირველობის პირველი შესარჩევი წრის შეხვედრები ისე დასრულდა, გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილმა გუნდმა ერთი გოლიც ვერ გაიტანა, მაგრამ მიზნის მისაღწევად ორი უგოლო ფრეც ეყო.

ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა სამი თამაში ჩაატარა. დამარცხდა უკრაინასთან (0:2), დაუზავდა პორტუგალიასა (0:0) და ალბანეთს (0:0) და ორი ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.

რეგლამენტის თანახმად, ელიტ-რაუნდში თამაშს ცამეტი ჯგუფის ორ-ორი უძლიერესი და მესამე ადგილზე გასული ოთხი საუკეთესო ნაკრები ინაღდებდა. ქართველი ფეხბურთელები სწორედ დამატებითი მაჩვენებლის წყალობით გავიდნენ ელიტ რაუნდში.

ისრაელმა სირიის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

ისრაელის არმიამ მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანა სირიის ტერიტორიაზე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბატალიონ ალ-ყუდსის და სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე.

ინფორმაცია ტვიტერით გაავრცელა ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურმა. მისი განმარტებით, ეს იყო პასუხი ირანის ძალების მიერ სირიის ტერიტორიიდან ისრაელის წინააღმდეგ 19 ნოემბერს განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე.

ისრაელის არმია აცხადებს, რომ სირიის რეჟიმია პასუხისმგებელი ქვეყნის ტერიტიორიაზე ნებისმიერ ქმედებაზე, ამიტომ, კიდევ ერთხელ აფრთხილებენ, რომ ისრაელზე შეტევების გაგრძელებას ადეკვატური შედეგები მოჰყვება.

ეუთოს გენერალურ მდივანს ვაჟა გაფრინდაშვილის უახლოეს ხანში გათავისუფლების იმედი აქვს

ტომას გრემინგერი

ეუთოს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს იმედი აქვს, რომ დაკავებულ ქართველ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს უახლოეს მომავალში გაათავისუფლებენ.

გრემინგერმა „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე დაწერა: ​„იმედი მაქვს, რომ დაკავებული ქართველი ექიმი უახლოეს ხანში დაუბრუნდება საყვარელ ადამიანებს. დაკავების ყველა შემთხვევის მიმართ ჰუმანიტარული მიდგომა უმთავრესია".

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დავით ზალკალიანი ცხინვალიდან დაბრუნებულ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი შეხვდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დაბრუნებულ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებს.

ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლები ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ, 19 ნოემბერს, ცხინვალში შეხვდნენ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანის და თანათავმჯდომარეების შეხვედრის მთავარი თემა იყო უკანონო პატიმრობიდან ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და საოკუპაციო ხაზზე გამწვავებული ვითარება.

დავით ზალკალიანის განცხადებით, აუცილებელია საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავების და გატაცების პრაქტიკის შეწყვეტა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საოკუპაციო რეჟიმების მიერ ადამიანის უფლებების თემით მანიპულირების მიუღებლობას და საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის შედეგად ცხინვალის რეგიონში შექმნილ კრიზისულ ვითარებას. ზალკალიანის თქმით, ახალგორის რაიონში მარგო მარტიაშვილის გარდაცვალება და თამარ გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნათლად ადასტურებს საოკუპაციო ხაზზე მიმოსვლისა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვა, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა საშუალება საოკუპაციო ხაზზე პროვოკაციების შეწყვეტისა და ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით.

თავის მხრივ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ყველა ღონეს ხმარობენ და გააგრძელებენ აქტიურ მუშაობას ადგილზე ვითარების განმუხტვისა და პრობლემების გადაჭრისათვის.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ბერლინში მოკლეს გერმანიის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი

ბერლინში მოკლეს 59 წლის ექიმი ფრიც ფონ ვაიცზეკერი. თავდასხმა მოხდა შარლოტენბურგის სასახლესთან მდებარე კერძო კლინიკაში, რომლის ერთ-ერთი განყოფილების ხელმძღვანელი, ექიმი ფონ ვაიცზეკერი მოხსენებას კითხულობდა ღვიძლის დაავადებების შესახებ.

„დოიჩე ველე“-ს ინფორმაციით, ფრიც ფონ ვაიცზეკერს თავს დაესხა დარბაზში მყოფი მამაკაცი და დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. თავდამსხმელმა მძიმედ დაჭრა საკონფერენციო დარბაზში მყოფი პოლიციელი, რომელიც მის შეჩერებას ცდილობდა.

თავდამსხმელი დაკავებულია. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ექიმი ფრიც ფონ ვაიცზეკერი გაერთიანებული გერმანიის პირველი პრეზიდენტის, რიხარდ ფონ ვაიცზეკერის შვილი იყო.

ტოივო კლაარი: არ მგონია, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ხანგრძლივად დაკავება ვინმეს ინტერესებშია

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარე, ევროკავშირის წრამომადგენელი ტოივო კლაარი

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეს, ევროკავშირის წარმომადგენელს, ტოივო კლაარს იმედი აქვს, რომ ცხინვალის საპატიმროში მყოფ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს მალე გაათავისუფლებენ. ამის შესახებ კლაარმა განუცხადა რადიო თავისუფლების პროექტ „ეხო კავკაზას“ ცხინვალელ კორესპონდენტს.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები ევროკავშირიდან, ეუთოდან და გაეროდან ტოივო კლაარი, რუდოლფ მიხალკა და ჯიჰან სულთანოღლუ 19 ნოემბერს, ცხინვალში შეხვდნენ ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ტოივო კლაარის ინფორმაციით, მათ შეხვედრებზე დააყენეს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი. „რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ სიტუაცია მოგვარდება და ექიმ გაფრინდაშვილს რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლებენ, რადგან არ ვფიქრობ, რომ მისი ხანგრძლივი დროით დაკავება ვინმეს ინტერესებშია“, - განაცხადა ტოივო კლაარმა.

„ეხო კავკაზას“ ცნობითვე, ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრისას დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მომხდარს პროვოკაცია უწოდა. ბიბილოვის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილმა „საზღვარი“ განზრახ დაარღვია და ამას არც მალავს. „მიმაჩია, რომ ეს არის ნაწილი საერთო პოლიტიკისა, რომელსაც საქართველო ატარებს სამხრეთ ოსეთის მიმართ. დროა, საქართველომ გაიგოს, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ამის გათვალისწინებით წარმართოს თავისი მუშაობა“, - განაცხადა ბიბილოვმა.

დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელი პოსტკონფლიქტურ საკითხებში, მურატ ჯიოევი ამბობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მიმართ გადაწყვეტილებებს მიიღებენ „სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად.“ ჯიოევის განცხადებით, ჯერჯერობით გაფრინდაშვილს ორთვიანი სასჯელი აქვს შეფარდებული, შემდეგ კი, სასამართლო გადაწყვეტს.

მურატ ჯიოევის თქმით, ისინი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მონაწილეების წინაშე დააყენებენ საკითხს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა „საზღვარი“ განზრახ დაარღვია და არ აღიარებს პასუხისმგებლობას იმ ნაბიჯზე, რომელიც მიზანმიმართულად გადადგა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის 50-ე რაუნდი 10-11 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ცხინვალში ჩასვლამდე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს. მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს წარმომადგენლებს სთხოვა, ყველა ზომას მიმართონ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად.

18 ნოემბერს დაკავებული ყველა მომიტინგე დროებით თავისუფალია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა 18 ნოემბერს დაკავებული 36 ადამიანი.

მოსამართლემ, აგრეთვე იმსჯელა პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით არის გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა 20 ნოემბერს 17:50 საათზე გაგრძელდება.

მოსამართლემ აქტივისტები გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა და მათი პროცესები გადადო. ცნობილია, როდის განახლდება მათი საქმეების განხილვა.

გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსონაშვილის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხზე სასამართლო 20 ნოემბერს, 13:00 საათზე იმსჯელებს.

ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, ელგუჯა ბაგრატიონის, გურამ მჭედლიშვილის, გიორგი ბუნტურისა და ლუკა ჭიჭინაძის სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს, 13:30 საათზე გაიმართება.

20 ნოემბერს, 14:30 საათზე ჩატარდება ირაკლი ჩიხრაძის, ლევან გორგაძის, ხვიჩა ბიწაძის, რევაზ ნიჟარაძის, დავით ბერუაშვილის, პაატა მანჯგალაძის, ნოე ლაშხისა და გოჩა მჟავანაძის სასამართლო პროცესი.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავა, მათ შორის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 2020-დან პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი - სასამართლომ მორიგი ექვსეული გაათავისუფლა

ზუკა ბერძენიშვილი, ბექა ბასილაია

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა 18 ნოემბერს დაკავებული კიდევ 6 პირი გაათავისუფლა.

ბექა ბასილაიას, ზუკა ბერძენიშვილის, გიორგი ბუნტურის, გურამ მჭედლიშვილის, ელგუჯა ბაგრატიონის და ლუკა ჭიჭინაძის პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ნოემბერს გაგრძელდება.

თავდაპირველად მოსამართლემ გაათავისუფლა: ირაკლი ნადირაძე, პაატა სოსანაშვილი, დავით მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი და ირაკლი კაჭარავა.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით სპეცრაზმმა დაშალა. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

18 ნოემბერს დაკავებული 6 პირი გაათავისუფლეს და სასამართლო პროცესი 20 ნოემბერს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ 18 ნოემბერს დაკავებულთაგან 6 პირი გათავისუფლებულია. ესენი არიან: ირაკლი ნადირაძე, პაატა სოსანაშვილი, დავით მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი და ირაკლი კაჭარავა. მათი სასამართლო პროცესები გადაიდო და 20 ნოემბერს გაიმართება.

ამ წუთებში სასამართლოში კიდევ 6 აქტივისტის პროცესი იწყება.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში თავის დაწვა სცადა

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წევრმა ლაშა ჭიღლაძემ პროტესტის ნიშნად ბენზინი გადაისხა და შეეცადა თავი დაეწვა. მას დროულად მიუსწრეს სამართალდამცველებმა და დროულად გაიყვანეს.

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ლაშა ჭიღლაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ პოლიცია მასზე ზეწოლას ახდენს და ემუქრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბერს დაკავებულთა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს, პოლიცია არის მობილიზებული.

გაურკვეველია, როდის დასრულდება სასამართლო პროცესები. სასამართლოს შენობის გარეთ იმყოფებიან აქტივისტები და პოლიტიკოსები, რომლებიც იქ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მიტინგიდან მივიდნენ.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით სპეცრაზმმა დაშალა. სწორედ, ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი, რომელთა სასამართლო პროცესებიც ამამად მიმდინარეობს.

ჩამოტვირთე მეტი

"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:48 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG