Accessibility links

ახალი ამბები

ხუნდაძე შერეული სისტემის შენარჩუნების და მაჟორიტარების რამდენიმე ოლქში დაყენების მომხრეა

დიმიტრი ხუნდაძე

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მმართველ პარტიას სთავაზობს, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემა შეინარჩუნოს, თუმცა მხოლოდ იმ ოლქებში დააყენოს საკუთარი კანდიდატურები, სადაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლებს ექნებათ გამარჯვების შანსები.

სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ გამოქვეყნებულ ვრცელ პოსტში დიმიტრი ხუნდაძე წერს, რომ ამ ნაბიჯით მმართველი პარტია შეძლებს გაფანტოს ეჭვი, რომ მას კვლავ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს:

„ვთავაზობთ უმრავლესობის დანარჩენ წევრებს, შევინარჩუნოთ შერეული საარჩევნო სისტემა და არ დავაყენოთ საკუთარი კანდიდატი არც ერთ იმ მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორი ფრთის გარდა, დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ კონკურენტუნარიან წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების მოპოვების რეალური შესაძლებლობა და ამ ნაბიჯით გავფანტოთ ყოველგვარი ეჭვი, რომ ჩვენ ჭარბი, საკმარისზე მეტი ძალაუფლების ანდა კვლავაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას ვისახავთ მიზნად. შედეგად, საზოგადოებისათვის მიცემული დაპირების შესაბამისად, გზა გავუხსნათ პოლიტიკურ ჯგუფებს და აქტიურ ადამიანებს, ქმედითი მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების განხორციელების პროცესში, მათ შორის, კოალიციურ მმართველობაში, თუ ასეთი რეალობა დადგა.

დარწმუნებული ვართ, რომ მაჟორიტარული არჩევნების ამგვარად ორგანიზების პირობებში ბევრად იზრდება სხვა პოლიტიკური მოთამაშეების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების დამარცხების ალბათობა, რადგან ამ უკანასკნელებს, სინამდვილეში, არ გააჩნიათ ხალხის არავითარი პერსონალური ნდობა და პატივისცემა და სწორედ ამიტომ ილტვიან ასე გამალებით პროპორციული სისტემისკენ, რათა ლამაზ დასახელებებს ამოაფარონ საკუთარი სისხლიანი წარსული და სახე“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე. იგი ფიქრობს, რომ მისი ეს ინიციატივა ეფექტიანად მოემსახურება პარლამენტში პოლიტიკურ ძალთა მრავალფეროვნების იდეას ისე, რომ არ „ვახეიროთ ნაცები“. ამ მიზნისთვის, დიმიტრი ხუნდაძის შეფასებით, არც ხალხისთვის მიცემული პირობის უკან წაღებაა პრობლემა:

„აბსოლუტურად კარგად გვესმის, რომ შესაძლოა, ჩვენი უმრავლესობის ზოგიერთ წევრში უხერხულობას იწვევდეს ის გარემოება, რომ, გარკვეულწილად, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზების უკან წაღება გვიწევს. მაგრამ მოდი, გავიხსენოთ, როგორ შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" ორივე ფრთა და მათი ახალგაზრდული დანამატები ჩვენს ინიციატივას - ნებაყოფლობით გვეთქვა უარი 73 მაჟორიტარულ მანდატზე, რადგან, სხვამ თუ არა, ჩვენ ხომ ზედმიწევნით კარგად გვესმის, რომ არსებულ ვითარებაში, "ქართულმა ოცნებამ" რომ მაჟორიტარული არჩევნები წააგოს ნაცებთან, ამის თეორიული შანსიც არ არსებობს? ჩვენ ხომ მათგან არც მადლობას ვითხოვდით და არც ქათინაურებს, მაგრამ ელემენტარული ადეკვატურობა მოითხოვდა, რომ, მინიმუმ, დადებითი რეაქცია ჰქონოდათ ამ, პირდაპირ ვიტყვი, საჩუქარზე. მათ კი ჯერ თავად მიიწერეს ეს აქტივი და უფრო შორსაც წავიდნენ, უკვე თვეებია ხალხს ეუბნებიან, რომ მათ გვაიძულეს გადაგვედგა ეს ნაბიჯი. ამიტომ ნუ გვექნება კომპლექსი, რომ რამე უკან მიგვაქვს. რაც გაცემულად არ ჩაგვითვალეს - უკან როგორ წავიღებთ იმას? როცა უტიფართა მხრიდან ასეთ თავხედობას ვაწყდებით, არათუ უფლებამოსილი, ვალდებულიც კი ვართ შევცვალოთ მიდგომა და გაკოტრებული დავტოვოთ "ნაციონალური მოძრაობა", - წერს დიმიტრი ხუნდაძე „ფეისბუკის“ პირად გვერდზე.

როგორც დეპუტატი ამ ვრცელი მიმართვის დასაწყისში აღნიშნავს, მიმართვა მან თანამოაზრეებთან ერთად მოამზადა და უმრავლესობის სხდომას წარუდგინა. სხდომამ, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართა, დიმიტრი ხუნდაძის შეთავაზება არ გაითვალისწინა.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

"ლელო" ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, ნუ ეთამაშება ქართულ საზოგადოებას

მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არღვევს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დაპირებას.

„ლელოს“ განცხადებით, „20 ივნისის ძალადობრივი ღამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის დაპირება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების უმნიშვნელოვანესი მიღწევა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისკენ გადადგმული პროგრესული ნაბიჯი იყო. გუშინდელი საპარლამენტო დებატები აღნიშნულ თემაზე არის ბიძინა ივანიშვილის ტიპური ხელწერა, როდესაც ის იწყებს შიდაპარტიული უთანხმოების გათამაშებას. ეს არის საკანონმდებლო ორგანოში გათამაშებული ფარსი. ყველა განცხადება, რომელიც უმრავლესობის მხრიდან კეთდება და მიუთითებს ოცნების თუ მის მიერ კონტროლირებადი მაჟორიტარების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე, არის საზოგადოების დაცინვა და უპასუხისმგებლობა“.

„ლელო“ მიიჩნევს, რომ „ბიძინა ივანიშვილი არღვევს შეთანხმებას, არ ასრულებს დაპირებას, აფერხებს სახელმწიფოს განვითარებას და დემოკრატიულ პროცესებს. ეს ყველაფერი ემსახურება ხალხისთვის არჩევანის უფლების წართმევას“. საზოგადოებრივი მოძრაობის შეფასებითვე, თუ პარლამენტი კენჭს არ უყრის საკონსტიტუციო ცვლილებებს, უკიდურესად გაამწვავებს პროცესებს და საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის მშვიდობიან სტაბილურ განვითარებას.

„ლელო“ მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“, ნუ ეთამაშებიან ქართულ საზოგადოებას და ნუ გამოცდიან ქართველი ხალხის მოთმინებას.

„ჩვენ არ დავუშვებთ პოლიტიკურ ტერორიზმს, რომელიც აღრმავებს კრიზისს და ზრდის ქვეყანაში დესტაბილიზაციის საშიშროებას. ასეთი სვლით ჩვენ მივიღებთ პარლამენტიდან ქუჩაში გადმოტანილ მძაფრ და უმართავ პროცესებს, რაც მთლიანად ბიძინა ივანიშვილის პასუხისმგებლობა იქნება“, - ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.

ტოჩინოშინმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა კიუშუ ბაშოზე

ტოჩინოშინი

სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში სეზონის ბოლო სუპერტურნირზე - ნოემბრის ბაშოზე - მეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა და ლევან გორგაძემ მეორე ქულა აიღო. ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილმა ქართველმა მესამე მაეგაშირა ტაკარაფუჯის აჯობა და მოგება-წაგებათა რაოდენობა გაათანაბრა.

მიმდინარე ბაშოზე ლევან გორგაძის მიზანი ოძეკის წოდების დაბრუნებაა. ამისთვის მას დარჩენილი თერთმეტი შეხვედრიდან მინიმუმ რვის მოგება სჭირდება.

14 ნოემბერს მეხუთე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე პირველი მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელსაც აქამდე ცხრაჯერ დაეჭიდა და ექვსჯერ დაამარცხა.

"არ გაბედოთ ჩაგდება" - აქციამ პარლამენტის წინ გადაინაცვლა

პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლეს დემონსტრანტებმა, რომლებიც პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციას მართავდნენ პარლამენტის უკანა შესასვლელთან.

სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა პარლამენტის შენობის წინ ეკრანი დადგეს, რომლის მეშვეობითაც პარლამენტის სხდომას უსმენენ.

აქციის მონაწილეები კანონმდებლებს აფრთხილებენ, არ ჩააგდონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული კანონპროექტი და შეასრულონ მიცემული პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

განამ უკან წაიღო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება

ივიცა დაჩიჩი, სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

სერბეთმა „მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“ უწოდა დასავლეთაფრიკული სახელმწიფოს, განის, მიერ კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების უკან წაღებას.

განის საგარეო საქმეთა სამინისტროს 11 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ „ნაჩქარევი“ იყო 2012 წელს მიღებული გადაწყვეტილება კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე რეზოლუციიდან გამომდინარე.

გაეროს მიერ 1999 წელს მიღებული რეზოლუცია კოსოვოს სთავაზობს საერთაშორისო დაცვას და რეგიონს ანიჭებს „არსებით ავტონომიას“ იუგოსლავიის შემადგენლობაში, რომლის ნაწილი იმ დროს სერბეთიც იყო.

უპირატესად ეთნიკური ალბანელებით დასახლებულმა კოსოვომ 2008 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში 110 ქვეყანაზე მეტმა აღიარა, სერბეთის, მისი მოკავშირე რუსეთისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის, მათ შორის, ასევე ევროკავშირის ხუთი ქვეყნის გარდა.

სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ივიცა დაჩიჩმა განაცხადა, რომ თავის გადაწყვეტილების შესახებ განამ ბელგრადს აცნობა გასული კვირის ბოლოს. სერბმა მინისტრმა დასძინა, რომ „კოსოვოს აღიარების გადაწყვეტილების გაუქმებას სხვა ქვეყნებიც მიბაძავენ“.


სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განა გახდა გაეროს მე-16 სახელმწიფო, რომელსაც უკან მიაქვს კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარება.

ვაშაძე: კონსტიტუციაში პროპორციული სისტემის ჩაწერამდე ოპოზიცია სრულ კოორდინაციაზე შეთანხმდა

გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციური სპექტრი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ერთიანია. მისი თქმით, ხელისუფლებამ დაპირება უნდა შეასრულოს და შერეულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვას.

საქართველოს ლეიბორისტულ პარტიაში ოპოზიციური პარტიების შეკრების დასრულების შემდეგ, გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ ოპოზიცია სამ მთავარ პრინციპზე შეთანხმდა:

პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი, შევთანხმდით, სრული კოორდინაცია გვექნება ყველა ოპოზიციურ ძალას უკლებლივ.

მეორე - გვექნება საერთო სამოქმედო გეგმა. ანუ იქნება ეს გარკვეული ნაბიჯები, რაც უნდა გადავდგათ საერთაშორისო საზოგადოებასთან, ქვეყნის შიგნით და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველაფერზე გვექნება საერთო სამოქმედო გეგმა.

და მესამე - მანამდე გვექნება კოორდინაცია, სანამ კონსტიტუციაში არ გაჩნდება ჩანაწერი პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. მისი შეფასებით, თუ „ქართული ოცნება“ უარს იტყვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, მისი მმართველობა მოსალოდნელზე გაცილებით ადრე დამთავრდება.

13 ნოემბერს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების 22 ლიდერი შეიკრიბა. შეკრების დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ თუ ხელისუფლება მხარს არ დაუჭერს საარჩევნო სისტემის ცვლილებების კანონპროექტს, ოპოზიცია კონსტიტუციით დაშვებულ ყველა საპროტესტო ფორმას მიმართავს.

ირაკლი კობახიძემ ოპონენტებს ბერბიჭაშვილები უწოდა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ, ბერბიჭაშვილები უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ წევრებს.

პარლამენტის სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს მოხდა. მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი მხეიძის მიერ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემა მომხსენებელმა, ირაკლი კობახიძემ იმით დაიწყო, რომ როცა დეპუტატი კითხვას სვამდა, დარბაზში იყო „ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის რეპლიკა „დიმიტრი სტიქაროსანი“.

„ეს არის ამ ხალხის დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. კაკო ბობოხიძეც არის ჩვეულებრივი ბერბიჭაშვილი, ნებისმიერ დროს ესვრის ის ილიას“, - განაცხადა კობახიძემ. მან მიმართა დეპუტატ სერგო რატიანსაც, რომ ილიას ისიც ნებისმიერ დროს ესვრის: „ამას აკეთებთ თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი პარტიული ტელევიზიის მეშვეობით, თქვენი საიტების მეშვეობით და თქვენი ნაცაქტივის მეშვეობით ფეისბუკზე. ათასობით ადამიანია ჩართული იმ საქმეში, რასაც ჰქვია ბერბიჭაშვილის საქმე. რომ არ ყოფილიყავით ბერბიჭაშვილები, საქართველოს ტერიტორიების ოც პროცენტს არ ჩააბარებდით რუსეთს და არ გაუფორმებდით მერე იმ რეზოლუციით, რომელსაც მხარი დაუჭირეთ“.

ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს მტრებს წარსულს ჩააბარებენ.

დარბაზიდან „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგო რატიანის რეპლიკას, რომ ბერბიჭაშვილი თავადაა, ირაკლი კობახიძემ უპასუხა: „რას გიზამ იცი, სერგო, დაგამთავრებ. აი, ეგ იქნება პასუხი. ნუ იკრიჭები, სერგო, ნუ იკრიჭები!“

კობახიძემ ბერბიჭაშვილი და „ნაციონალურ მოძრაობასთან ტანდემში“ მყოფი უწოდა „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილსაც, რომელიც დარბაზიდან დაინტერესდა, არიან თუ არა ბერბიჭაშვილები მოსამართლეები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

კახა ოქრიაშვილი: ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა

პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ზეწოლის მცდელობა იყო გარკვეულ დეპუტატებზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან უმრავლესობის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველაზე დიდი ზეწოლა დიმიტრი ხუნდაძეზე განხორციელდა, რადგან ყველაზე მეტად სწორედ ის აქტიურობდა და „მასზე წავიდა მთელი აგრესია“.

თავად კახა ოქრიაშვილი იმავე გადაწყვეტილებაზე რჩება და ამბობს, რომ რადგან უშუალოდ პარტიის წევრი არ არის, მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

„ხუნდაძეზე იყო სერიოზული ზეწოლა, მაგრამ მან განაცხადა, რომ მისი პოზიცია არ შეიცვლება. მომხრეებიც მრავლად არიან, მაგრამ, მაგალითად, ოთარ ჩრდილელმა, რომელიც არ არის მაჟორიტარი დეპუტატი, დააფიქსირა, რომ არ არის მომხრე ამ სისტემაზე გადასვლის. დაახლოებით, როგორც ვვარაუდობ, 20-მდე ადამიანია ან ცოტა მეტი, ვინც არ ემხრობა ახალ საარჩევნო სისტემას, უფრო სწორად, მოძველებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას“, - განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

ომბუდსმენი დეპუტატებს პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

„მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მხარი დაუჭირონ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას! ეს არა მხოლოდ პოლიტიკური საკითხია, არამედ მისი მიღება უკავშირდება ისეთ უმნიშვნელოვანეს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ ღირებულებებს, როგორიცაა სამართლიანი და პროპორციული არჩევნები, ხმის წონის თანაბრობა, გენდერული, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ნიშნით თანასწორობა და პოლიტიკური ჩართულობის უზრუნველყოფა“,- განცახდებას სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

ომბუდსმენის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, პოლიტიკური სტაბილურობისა და სამართლიანობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯი.

„დღეს მასზე უარის თქმა არის ადამიანის უფლებებისა და შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება“,- ნათქვამია ნინო ლომჯარიას განცხადებაში.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

პარლამენტში განახლდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა

ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განახლდა საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

პარლამენტის გუშინდელ სხდომაზე დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს მომხსენებელი, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე. ის ცდილობს მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრეები დაარწმუნოს პროპორციული სისტემის უპირატესობაში.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

"არ გაბედოთ ჩაგდება" - პარლამენტთან პროპორციული სისტემის მოთხოვნით აქცია იმართება

პარლამენტთან პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით მოქალაქეები და მოძრაობა „სირცხვილია“ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ 12 ნოემბერს პარლამენტის სესიაზე განვითარებული მოვლენები ხელოვნურად იყო წარმართული, რადგანაც მმართველ პარტიას დაპირების შესრულება და შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულზე გადასვლა არ სურს. მოქალაქეები კანონმდებლებს აფრთხილებენ, არ ჩააგდონ კანონპროექტი და შეასრულონ მიცემული პირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მასობრივი საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავენ.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, სულ მცირე, 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის პირობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, მას შემდეგ დადო, რაც 2019 წლის ზაფხულში ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი 3 მთავარი მოთხოვნით გადაიკეტა, მათ შორის ერთ-ერთი კი სწორედ პროპორციული არჩევნები იყო.

ირაკლი შიოლაშვილი პროპორციული არჩევნების მხარდაჭერის შემთხვევაში უმრავლესობას დატოვებს

ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი და იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დაუჭერს მაინც ამ კანონპროექტს მხარს, მე დავტოვებ უმრავლესობას, - განაცხადა სიღნაღი- დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში. შიოლაშვილის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომა საკმაოდ მძიმედ წარიმართა. იმ დეპუტატებს, რომლებიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგებიან პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა არ მისცა საშუალება საკითხი სარეიტინგო კენჭისყრაზე დაეყენებინათ.

„ჩვენი გვინდოდა, რომ გამოჩენილიყო რამდენია ისეთი დეპუტატი, რომელიც ფიქრობს ჩვენნაირად და დამდგარიყო ეს სარეიტინგო კენჭისყრაზე, თუმცა პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა ამის საშუალება.

ეს არის ჩემთვის პრინციპული საკითხი, ეს არ არის კონკრეტულ სოციუმზე გათვლილი კანონპროექტი, ეს არის მომავლის განმსაზღვრელი კანონპროექტი, როგორ უნდა ვიცხოვროთ, როგორ უნდა იცხოვროს ჩვენმა სახელმწიფომ და როგორი სტაბილური იქნება ჩვენი ქვეყანა, ეს არის ჩემთვის წითელი ხაზი და იმ შემთხვევაში თუ უმრავლესობა დაუჭერს მაინც ამ კანონპროექტს მხარს, მე დავტოვებ უმრავლესობას“, - განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

მისი სიტყვებით, შეთანხმება და სიტუაცია, რომელიც კანონპროექტის შემუშავებისას იდგა იყო განსხვავებული და დღეს ეს ვითარება შეცვლილია. წინააღმდეგობაც ამან გამოიწვია.

„როდესაც კანონპროექტი მუშავდებოდა არსებული შეთანხმება იყო აბსოლუტურად სხვა, მათ შორის ოპოზიციასთან, რაც ჩვენ გვითხრეს, და რატომაც მივიღეთ ეს რეალობა. ამ რამდენიმე თვის განმავლობაში აბსოლუტურად შეიცვალა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა“,- განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

გია ვოლსკი: პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარს დაუჭერს უმრავლესობის უმრავლესობა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს დაუჭერს უმრავლესობის უმრავლესობა. ამის შესახებ ვოლსკიმ ჟურნალისტებს უთხრა დღეს, 13 ნოემბერს, მმართველი პარტიის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომის შემდეგ. შეხვედრას ესწრებოდა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

„სარეიტინგო კენჭისყრა არ ჩავატარეთ, ვინაიდან ჯერ განხილვები არის წინ. ირაკლიმ[კობახიძე] დღევანდელი დღისთვის დაიტოვა ის პოზიტივები, რაც გააჩნია პროპორციულ არჩევნებს. გუშინ ილაპარაკა, დღის ბოლოს რაღაც საფრთხეებთან დაკავშირებით. დღეს იქნება მთავარი დებატები. თუკი საჭირო გახდა ამასთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი ანალიზი და წინასწარი შეთანხმება და კიდევ ერთხელ გავლა ჩვენ კოლეგებთან ერთად, რასაკვირველია ამის საშუალება გვექნება“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

მედიის შეკითხვას, უშვებს თუ არა, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ვერ მიიღებენ, გია ვოლკსიმ უპასუხა: „როგორც ვითარება უჩვენებს, საწინააღმდეგო პოზიცია არ გააჩნია იმ რაოდენობას, ვთქვათ, რა რაოდენობითაც არის ოპოზიცია წარმოდგენილი“.

„ჩემთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის ძალიან რთული იქნება იმის განცდა, რომ ჩვენი კოლეგები, ვინც მხარს არ დაუჭერს, რაღაცა ფორმით კენჭისყრის დროს უნდა ჩანაცვლდნენ ოპოზიციის მიერ. მე შევეცდები, რომ ეს არ დავუშვა“, - განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა. პროექტის მიხედვით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

დიმიტრი ხუნდაძე პროპორციული არჩევნების წინააღმდეგ დეპუტატთა მიმხრობისთვის იბრძოლებს

აქ არის საუბარა იმაზე თუ როგორ უნდა გააგრძელოს შემდეგი პოლიტიკური ცხოვრება ქვეყანამ,ეყოლება ქვეყანას სტაბილური და ძლიერი ხელისუფლება და მთავრობა თუ ეყოლება რყევადი და სუსტი ხელისუფლება - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემმას შემდეგ რაც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

„ჩემთვის მიუღებელი იყო ის, რომ პარტიის თავმჯდომარემ არ მოგვცა საშუალება, რომ სარეიტინგო კენჭისყრაზე დაგვეყენებინა საკითხი, მე დავსვი საკითხი ნათლად - არის უფრო მეტი მხარდამჭერი, რომ ეს პროექტი არ გავიდეს, ვიდრე ვინმეს წარმოაუდეგნია და ვიდრე წარმოუდგენია უმრავლესობას, რომლის სხდომაზეც ვიყავით ჩვენ, მაგრამ თუ არ მოხდა ამის დათვლა აქ, მოხდება პარლამენტში ამის დათვლა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ის არ ტოვებს უმრავლესობას, მაგრამ იბრძოლებს რომ ბევრი დეპუტატი მიიმხროს.

„იმაზე ბევრი ვიდრე არის დღეს, რომ ჩვენ სწორი პოლიტიკური ცხოვრება გავაგრძელოთ და ქვეყანას საფრთხეები და რყევები ავაცილოთ“, - განაცხადა დიმისტრი ხუნდაძემ, მას შემდეგ რაც პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

აკაკი ზოიძე: ოპოზიციის აზრი ჩვენთვის უმნიშვნელოა

"ოპოზიციის აზრი ჩვენთვის უმნიშვნელოა, ხალხის აზრია ჩვენთვის და ის კონკრეტული შედეგი, რასაც მივიღებთ. ემოციური შეხვედრა იყო საკმაოდ, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ." - თქვა პარლამენტარმა აკაკი ზოიძემ პარლამენტის სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან კითხვაზე პასუხად, დგას თუ არა ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო წესის ცვლილების მოწინააღმდეგეთა მხარეს, როგორც ამას ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ. 13 ნოემბრის საპარლამენტო სხდომაზე საარჩევნო წესის ცვლილებაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.სხდომამდე ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

"ჩვენი პარტიული უმრავლესობის გადაწყვეტილება არის, რომ დავიცვათ ის დაპირება, რაც მივეცით ხალხს. ასე ფიქრობს პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილიც" - თქვა მან.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

აკაკი ბობოხიძე: ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ დაპირების ჩავარდნის შემთხვევაში

"მაჟორიტარები არიან დამოკიდებული ხელისუფლებაზე და მათი ბუნტი ალბათ არის ინსპირირებული ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომ მან თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში, რომ თქვას, რომ მხარს უჭერდა, მაგრამ აი, მაჟორიტარებს ვერაფერი მოუხერხა. ყველაფერი გაირკვევა რამდენიმე საათში, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ დაპირების ჩავარდნის შემთხვევაში, თუმცა ბიძინა ივანიშვილის ბევრი დაპირება არ შესრულებულა და ჩვენ შეიძლება ისევ დავდგეთ ამგვარი ფაქტის წინაშე. " - თქვა პარლამენტარმა აკაკი ბობოხიძემ პარლამენტის სხდომის დაწყების წინ, რომელზეც საარჩევნო წესის ცვლილებაზე უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

"დღეს მთელი შემტევითობა არის განპირობებული იმით, რომ მათ მაღალი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე პირი ახალისებს და ასეთი მე ქართულ ოცნებაში ვიცი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი"- თქვა აკაკი ბობოხიძემ ჟურნალისტებთან.

მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრად დაბრუნდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს, 13 ნოემბერს მოაწერა.

მიხიელ ჩხენკელი განათლების და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2017-2018 წლებშიც, ამ თანამდებობაზე მიხეილ ბატიაშვილის დანიშვნის შემდეგ კი გახდა პრემიერ-მინისტრის მრჩეველი განათლების საკითხებში.

მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის პოსტი 2019 წლის 7 ნოემბერს დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე.

შსს-მ "ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

სანდრო ბრეგაძე

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა სახალხო დამცველის ოფისში მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის სანდრო ბრეგაძის ქმედებების გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს. მსგავსი ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთიდან ორ წლამდე, ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით.

12 ნოემბერს, სახალხო დამცველის ოფისში მისულმა სანდრო ბრეგაძემ ნინო ლომჯარია დაადანაშაულა მხოლოდ გარკვეული სოციალური და პოლიტიკური ჯგუფების დაცვაში და მასშტაბური აქციით და „პოლიტიკურ სანაგვეზე“ ადგილის მიჩენით დაემუქრა.

ქაბულში მომხდარმა აფეთქებამ სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაიჭრა ქაბულში, ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროთან მომხდარი აფეთქების შედეგად.

სამინისტროს შენობასთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ნასრათ რაჰიმის ინფორმაციით, ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ქაბულში ორი ექსტრემისტული დაჯგუფება მოქმედებს - „თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“.

საფრანგეთის ელჩი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი იმყოფებოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონთან მოსაზღვრე სოფელ ოძისში, საიდანაც კარგად ჩანს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეულ სოფელ ახმაჯში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა.

საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, დიეგო კოლასს მეგზურობას უწევდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსი. საოკუპაციო ხაზთან გამგზავრებამდე კოლასი ევროკავშირის მეთვალყურეებს მცხეთის ოფისში შეხვდა.

საფრანგეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობისადმი. დიეგო კოლასის განცხადებით, რეგიონში არსებული რთული ვითარების პირობებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხელს უწყობს დაძაბულობის ესკალაციის თავიდან აცილებას.

ევროკავშირის მეთვალყურეებთან შეხვედრის შემდეგ, საფრანგთის ელჩმა ტვიტერზე დაწერა, რომ მისია მამაცურად მოქმედებს საქართველოს უსაფრთხოებისთვის და იმსახურებს მხოლოდ მხარდაჭერას და არა უსაფუძვლო კრიტიკას. დიეგო კოლასის მხარდაჭერას მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი.

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დღეს დილით საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ნინოწმინდიდან 6 კილომეტრში მდებარე სოფელ სათხესთან მდებარეობდა. მიწისქვეშა ბიძგი თბილისის დროით 07:18 საათზე დაფიქსირდა.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა აქციის ფონზე გაგრძელდება

საქართველოს პარლამენტში დღეს გაგრძელდება საარჩევნო სისტემის შესაცვლელად „ქართული ოცნების“ უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო კანონპროექტის განხილვა.

12 საათზე დანიშნული პლენარული სხდომის წინ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ჩატარდება. წინასწარი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" ოფისში 10 საათზე დაგეგმილ სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

საკონსტიტუციო კანონპროექტით, მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდეს უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ეწინააღმდეგება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. „ქართულ ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარს უჭერს საპარლამენტო ოპოზიცია, თუმცა, გადამწყვეტი იქნება სწორედ უმრავლესობის წევრების ხმები.

დღეს 12 საათიდან საქართველოს პარლამენტთან განახლდება მოძრაობა „სირცხვილია“-ს აქცია. მოძრაობის აქტივისტები აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ „ქართული ოცნების“ მიერ პირობის დარღვევას. „სირცხვილია“-ს წარმომადგენლები პარლამენტთან 12 ნოემბერს საღამოსაც შეიკრიბნენ მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობის მაჟორიტარი წევრების მხრიდან გაკეთდა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საწინააღმდეგო განცხადებები.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებების განხილვა 12 ნოემბერს დაიწყო, თუმცა, რეგლამენტით განსაზღვრული დროის ამოწურვის გამო საკითხის განხილვა ვერ დასრულდა.

საკონსტიტუციო კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ცვლილება შედის კონსტიტუციური კანონის გარდამავალი დებულების მე-9 პუნქტში:

საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად პოლიტიკურ პარტიებზე მანდატების გასანაწილებლად თითოეული პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე;

მანდატს, ან მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობას მიიღებს;

პარლამენტის მომდევნო არჩევნების ჩატარების შედეგად, პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის წარსადგენად, თითოეული პოლიტიკური პარტიის მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა იმ პოლიტიკური პარტიების ხმების ჯამზე, რომლებმაც სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარისი ხმების რაოდენობა მიიღეს;

თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები;

პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, რომლის მხარდაჭერა ორგანული კანონით დადგენილი წესით დადასტურებულია არანაკლებ 5 000 ამომრჩევლის ხელმოწერით;

ირაკლი კობახიძის განმარტებით, დადგენილია გამონაკლისი, რაც ოპოზიციური პარტიების ინიციატივა იყო და „ქართული ოცნება“ კომპრომისზე წავიდა. კერძოდ, პარლამენტის მომდევნო არჩევნებში მონაწილეობისთვის არანაკლებ 5000 ამომრჩევლის მხარდაჭერის დადასტურების ვალდებულებისგან თავისუფლდება:

ყველა კვალიფიციური პოლიტიკური პარტია;

ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც დამოუკიდებლად, ან საარჩევნო ბლოკის შემთხვევაში მონაწილეობდა პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში და თუ მან, ან შესაბამისმა საარჩევნო ბლოკმა ერთ-ერთ არჩევნებში მაინც პროპორციული წესით 15 000 ხმა მაინც მიიღო;

ყველა პოლიტიკური პარტია, ან რომლის წევრმა კანდიდატმა საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის არჩევნების პირველ ტურში 15000 ხმა მაინც მიიღო;

კობახიძის ინფორმაციით, მთლიანობაში ხელმოწერების შეგროვების ვალდებულებისგან თავისუფლდება 23 პოლიტიკური გაერთიანება.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, ერთჯერადად არის შემოთავაზებული ნულოვანი ბარიერის დადგენა, იმისთვის, რომ მაქსიმალურად საზოგადოების დიდი წარმომადგენლობა იყოს უზრუნველყოფილი საქართველოს პარლამენტში.

12 ნოემბერს პარლამენტმა განიხილა და კენჭი უყარა ოცი ოპოზიციური პარტიის მიერ 200 000 ამომრჩევლის სახელით ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ასევე ითვალისწინებდა მომდევნო არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, თუმცა, „ქართული ოცნების“ პროექტისგან განსხვავებით, ოპოზიციის ინიციატივა იყო 3%-იანი საარჩევნო ბარიერი და პოლიტიკური ბლოკების შენარჩუნება.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის მომდევნო არჩევნებისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

სააკაშვილი: დაწყებული „ცოცხების კადრებიდან“, თავს გვახვევენ უკანალის გარშემო პოლიტიკურ დისკუსიებს

ლევან აკინის ფილმთან „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დაკავშირებული მოვლენების შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ილაპარაკა „მთავარი არხის“ ეთერში.

„რაც შეეხება ფილმებს, მეგობრებო, საქართველო ფუნდამენტურად არის ქრისტიანული ფასეულობების მატარებელი ქვეყანა. ქრისტიანული ფასეულობა ნიშნავს ტოლერანტულობას ყველაფერთან ერთად; ჰუმანურობას, ძალიან ბევრი რაღაცის მიმართ გახსნილობას და ა.შ. არის რაღაც საზღვრები, რაც არ ჯდება ქრისტიანული ფასეულობების ფარგლებში. ნურავის ნუ ეწყინება, რომ ვიღაც ადამიანებს აქვს თავისი შეხედულება“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი და დასძენს - „რაც შეეხება იმას, რაც ხდება, ჩემი აზრით, ეს არის, რა თქმა უნდა, სრულიად ინსპირირებული. საქართველოში მეტი პრობლემა არ არის, ვიდრე ფილმების გარჩევა?! საქართველოში თქვენ რა „გეფილმებათ“, მეგობრებო. საქართველოში ჩვეულებრივად საშინელებათა ფილმში ცხოვრობთ, ოღონდ „რეალში“.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ფილმის წინააღმდეგ მოქმედების მიზანი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის საქმიანობიდან თემის გადატანაა.

„ვინც უნდა წავიდეს და ნახოს, რა პრობლემაა. მშვენივრად უკეთებენ რეკლამას, თავის თავსაც გაუკეთეს რეკლამა და ამ ფილმსაც. რაც მთავარია, მიაღწიეს მიზანს და ისევ გადაიტანეს თემა სხვაგან. ხვალ იქნება სხვა თემა და ყველას დაავიწყდება ივანიშვილი.

2012 წლიდან, დაწყებული ცოცხების კადრებიდან, უკაცრავად და თავს გვახვევენ უკანალის გარშემო პოლიტიკურ დისკუსიებს“, - აღნიშნავს სააკაშვილი.

ლევან აკინის ქართული ჩვენებაა 8, 9 და 10 ნოემბერს შედგა. კინოჩვენების წინააღმდეგი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. გარდა ამისა, სეანსის ჩაშლის მცდელობა ჰქონდათ ბიზნესმენ ლევან ვასაძეს და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების სხვა წარმომადგენლებს.

სააკაშვილი: ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ რუსეთის აგენტებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „მთავარი არხის“ ეთერში ეკლესიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს გამოეხმაურა.

„ფსევდოლიბერალები მხოლოდ აძლიერებენ პირდაპირ რუსეთის, გავლენის აგენტებს, იმით, რომ ლაპარაკობენ: „უფ, რა გოიმობაა, ნახე, ეკლესიაზე ლაპარაკი, რწმენაზე ლაპარაკი, ეს ხო პოპულიზმია“. უკაცრავად, მე მწამს ის, რაც მწამს. მე მჯერა ის, რაც მჯერა“, - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

სააკაშვილი თქმით, საკუთარ ხალხზე ქილიქი არ შეიძლება.

„როგორ შეიძლება ქილიკი იმაზე, რაც სინამდვილეში ჩვენი ფასეულობაა. ჩვენი ევროპულობის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი არის ჩვენი ქრისტიანობა.

რატომ ვერ ამბობს ჩვენზე უარს ევროპა, იმიტომ, რომ ქრისტიანები ვართ, ხუთჯვრიანი დროშა გვაქვს. ჩემი ინიციატივით შემოვიდა ხუთჯვრიანი დროშა. არავის არ დასიზმრებია მანამდე“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

საკუთარი რწმენის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 30 სექტემბერსაც ისაუბრა.

„მე, ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით, ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვინც რა არ უნდა თქვას, ეს ესეა, ვატარებ ჯვარს...“, - თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა.

ლუკაშენკო ავსტრიაში იმყოფება ევროკავშირთან უფრო უკეთესი კავშირების მოლოდინში

ბელორუსის პრეზიდენტის შეხვედრა ავსტრიელ კოლეგასთან ვენაში

12 ნოემბერს ავსტრიაში ვიზიტად მყოფმა ბელორუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელორუსში ადამიანის უფლებების დაცვაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ საუბრობდა ავსტრიის პრეზიდენტ, ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეს არის ლუკაშენკოს პირველი ვიზიტი ევროპის ქვეყანაში უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში. მანამდე ევროკავშირის სანქციების ქვეშ მყოფი ბელორუსის ავტოკრატი ლიდერი ასევე ერთხელ არის ნამყოფი იტალიაში.

ოპონენტები ლუკაშენკოს აკრიტიკებენ განსხვავებული აზრისა და თავისუფალი მედიის დევნისთვის.

ბელორუსის ხელისუფლება აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციების ქვეშაა არასამართლიანი არჩევნებისა და ადამიანის უფლებების შელახვისთვის, მაგრამ დასავლეთმა და ბელორუსმა ბოლო ხანს გადაწყვიტეს მოაწესრიგონ ურთიერთობები, მინსკზე რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად.

რუსეთი, ბელორუსის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, პატარა მეზობელს იაფ ენერგორესურსებს აწვდის.

12 ნოემბრის ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლუკაშენკომ ავსტრიას უწოდა "მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საქმიანი პარტნიორი", რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მინსკს ევროკავშირთან ურთიერთობის დალაგებაში.

ადამიანის უფლებებზე საუბრის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად, ლუკაშენკომ ბელორუსს უწოდა ქვეყანა, სადაც "ადამიანს უსაფრთხოდ და მშვიდად შეუძლია დასვენება ."

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG