Accessibility links

ახალი ამბები

უკრაინის საგამოძიებო ბიურო პოროშენკოსთვის იმუნიტეტის მოხსნას ითხოვს

პეტრო პოროშენკო

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო (DBR), რომელიც რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეებს იძიებს, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მოითხოვს.

უწყების 18 ნოემბრის განცხადებაში, რომლის ადრესატიც ქვეყნის გენერალური პროკურორია, პოროშენკო ეჭვმიტანილია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და ხელისუფლების დამხობის შესახებ გაკეთებულ მოწოდებაში.

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურო მიმართავს გენერალური პროკურორის აპარატს, რათა ინიცირებული იქნას „ვერხოვნა რადას“ წინაშე პოროშენკოსთვის დეპუტატის ხელშეუხებლობის პრივილეგიის გაუქმებას. მიმართვის სხვა დეტალები უცნობია.

პეტრო პოროშენკოს, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკისთან დამარცხდა საპრეზიდენტო არჩევნებში, დეპუტატის იმუნიტეტი იცავს.

მამუკა მდინარაძე: დაშლა არ არის აქ მთავარი ამბავი

"რაც მთავარია, დაშლა არ არის აქ მთავარი ამბავი, მთავარი ამბავია ის, რომ ისინი დიდი მოთმინებით შეხვდნენ ამ საქმეს, პროფესიონალურად გააკეთეს ყველაფერი", - თქვა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, რომელიც მას შემდეგ იმართება, რაც პოლიციელებმა პარლამენტის ყველა პიკეტირებული გასასვლელი წყლის ჭავლის გამოყენებით გაათავისუფლეს მოქალაქეებისგან და საპროტესტო აქციის 18 მონაწილე დააკავეს.

"ჩემი აზრით მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, რა ხდება სინამდვილეში. იმასთან დაკავშირებითაც, რომ ნაციონალური მოძრაობის ორი ფრთა დღეს ეჯიბრება ერთმანეთს რადიკალიზაციაში, რომელი უფრო მეტ მომხრეს წაიყვანს ამ, თუნდაც ვთქვათ, გაბრაზებული ადამიანებიდან. რადიკალიზმით ცდილობენ ამ შეჯიბრში და ამ მარათონში ჩართვას და სინამდვილეში გვაქვს ერთი ფრთა ბოკერიას ჯგუფი, მეორე სააკაშვილის ჯფუფის სახით და ამ ორი ადამიანის შიდა ჭიდილს და დუღილს უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა? ამას გვთავაზობენ, ჩიხური მოთხოვნებით?" - თქვა მამუკა მდინარაძემ, რომლის თქმითაც, ოპოზიციის ყველაზე დიდი გაწბილება აქციის მშვიდობიანი დაშლა იყო.

რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა დღის 3 საათის შემდეგ დაიწყო. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო წესის ცვლილებას და მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ისახავდა მიზნად.

აქციის დაშლისას დააკავეს რამდენიმე პოლიტიკოსი და აქტივისტი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი, 20 ივნისს დაშავებული ირაკლი ფავლენიშვილი. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რუსთაველზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.

სოზარ სუბარი: აღკვეთილია უკანონობა

სოზარ სუბარი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი ამბობს, რომ პარლამენტთან სპეცოპერაციით ხელისუფლებამ უკანონობა აღკვეთა. მისი შეფასებით, საქართველოში შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება დაცულია ისევე, როგორც გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, თუმცა, როცა ადმინისტრაციული შენობების ბლოკირება ხდება, სახელმწიფო მოვალეა, იმოქმედოს:

„აღკვეთილია უკანონობა, რომელიც ხდებოდა და ყველა აღიარებდა, რომ ეს იყო უკანონო ქმედება. ისინიც კი, ვინც ცდილობდნენ გაემართლებინათ მომიტინგეები, ვერ მალავდნენ, რომ ეს იყო უკანონობა, თვით მომიტინგეების და მათი ლიდერების ჩათვლით“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი აღნიშნავს, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა, მომიტინგეთა თავდასხმები პოლიციელებზე კი აღმაშფოთებელი იყო. ამ მხრივ სოზარ სუბარმა განსაკუთრებით გამოყო „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე:

„გამოვყოფ ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, პარტიის თავმჯდომარის, მათი პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, კულტურისა და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის, გრიგოლ ვაშაძის გაუგონარ ქმედებას, როდესაც თავს დაესხა სპეცრაზმელებს და ხელებს ურტყამდა და უტყამდა. ეს სცდება ყველანაირ ადამიანურ ჩარჩოებს, ამის გამო ნაციონალური მოძრაობა გადაიხდის ძალიან მწარე პოლიტიკურ ფასს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. მისი თქმით, ოპოზიციასთან დიალოგისთვის არსებობს პარლამენტი, მაგრამ მიუღებელია ულტიმატუმების ენა და პარლამენტის კარებზე ბოქლომების დადება.

მისივე განმარტებით, დიალოგი განხორციელდება იმ ფარგლებში, რაზეც პარტიის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. „არჩევნებისკენ მივდივართ და იქ გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის მხარდაჭერა“, - განაცხადა სოზარ სუბარმა „ქართული ოცნების“ ოფისში, პარლამენტთან მიმდინარე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ.

18 ნოემბერს პოლიციამ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გაწმინდა პარლამენტის შესასვლელებთან ოპოზიციის მიერ მოწყობილი პიკეტი. პარლამენტის შესასვლელები ოპოზიციამ 17 ნოემბერს ჩახერგა. პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ.

კანონპროექტს „ქართულმა ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილმა 14 ნოემბერს არ დაუჭირა მხარი, რის გამოც საკონსტიტუციო ცვლილების განხორციელება შეუძლებელი გახდა. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი მას შემდეგ პროტესტის რეჟიმში იმყოფებიან.

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას პარლამენტის ჭიშკრიდან ჩამოხსნილ ბოქლომს უბრუნებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე მიიტანა პარლამენტის ჭიშკრიდან ჩამოხსნილი ბოქლომი. თალაკვაძემ თქვა, რომ სურს ბოქლომი სიმბოლურად დაუბრუნოს ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც 17 ნოემბერს, ბოქლომი დაადო ქვეყნის პარლამენტს.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, გულისტკივილს გამოხატავს იმის გამო, თუ როგორც ექცევა ოპოზიციის ნაწილი იმ ინსტიტუტს, რომელიც წესით, უნდა იყოს პოლიტიკური დებატების და აზრთა სხვადასხვაობის მთავარი ადგილი: „ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ სჭირდებათ ასეთი პარლამენტი, მაგრამ, მეორე მხრივ, რაც ჩვენ ვნახეთ გუშინ, იყო ის, რომ საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა პირდაპირ ეთერში, სამწუხაროდ, ბოქლომები დაადეს პარლამენტის ჭიშკრებს".

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ეს არიან ადამიანები, ვინც თავის დროზე, ბოქლომი დაადეს ადამიანის უფლებებს, მედიას, კერძო საკუთრებას, ინსტიტუტებს და ქვეყნის თავისუფლების იდეას და მონოპოლიზებული მედიის საშუალებით საზოგადოებას არწმუნებდნენ, რომ ეს იყო თავისუფლება და დემოკრატია.

„დღეს ცდილობდნენ იგივეს, რომ ბოქლომი დაედოთ საქართველოს პარლამენტზე, ამიტომ მინდა, მათ სამახსოვროდ გადავცე და დავუბრუნო სიმბოლურად გაჭრილი ჯაჭვი და ბოქლომი, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მათ მიდგომას და ღირებულებებს მოქალაქეების და სახელმწიფოს მიმართ", - განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის ბიუროს სხდომის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც 18 ნოემბერს, საღამოს სპეცრაზმელებმა დაშალეს პარლამენტის შენობის შესასვლელების პიკეტის მონაწილეები, რომლებიც დილიდან პარლამენტში დეპუტატებს არ უშვებდნენ.

17 ნოემბერს ღამით დაწყებული პიკეტირების დროს, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ პარლამენტის შენობის ერთ-ერთ შესასვლელ ჭიშკარს გარედან ბოქლომი დაადო.

ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია 14 ნოემბრიდან დაიწყო მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებული საკონსტიტიციო ცვლილება.

პარლამენტთან 18 პირი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლის დროს 18 პირი დააკავეს. ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

მისი განცხადებით, 18-ივე პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის.

შსს დაკავებულთა ვინაობას არ ასახელებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ სირაძე, ადვოკატი ბექა ბასილაია და აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ზუკა ბერძენიშვილი.

პარლამენტში ბიუროს სხდომა ჩატარდება

პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პარლამენტში ბიუროს სხდომა დეპუტატების შეკრებისთანავე დაიწყება.

„პირველი არხის“ ცნობით, სხდომას ჟურნალისტები არ გააშუქებენ და მისი ტრანსლირება პარლამენტის ვებგვერდზე და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის ეთერით იქნება.

პარლამენტის შენობაში ბიუროს სხდომის ჩატარება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან შეკრებილი მომიტინგეები დაშალა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახის წერილი გადასცა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (წჯსკ) წარმომადგენლებმა ცხინვალის ციხეში მოინახულეს ვაჟა გაფრინდაშვილი. შეხვედრა 18 ნოემბერს, 14:00 საათზე შედგა. გავრცელებული ცნობით, მას გადაეცა ოჯახის წერილი, რომელსაც წერილობითვე უპასუხა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ორგანიზაციას 14 ნოემბერს დაუკავშირდა:

„მოქმედებდა რა საკუთარი საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში, წჯსკ-მ მოითხოვა ციხეში მისი მონახულების შესაძლებლობა. წჯსკ დელეგატებმა ბ-ნი გაფრინდაშვილი დღეს მოინახულეს“.

ვიზიტის შესახებ წითელმა ჯვარმა უკვე აცნობა ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

წჯსკ-ს მიერ გავრცელებულ ცნობაში განმარტებულია, რომ თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ორგანიზაციის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალურია და „ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან, დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“.

ოპოზიციის ლიდერები დიპლომატებს ხვდებიან 

სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" საღამოს 6 საათზე დაიწყო ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან.

ელჩებთან საუბარი რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა, თუმცა შეხვედრა დაგვიანდა იმის გამო, რომ პარალელურად, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, პარლამენტის პიკეტირების მოხსნის მიზნით, აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო სპეცრაზმმა - გამოიყენეს წყლის ჭავლი.

„გამაოგნებელია, რაც მოხდა - ოპოზიცია ელჩებს ხვდებოდეს და მეორე ქუჩაზე ხელისუფლება მშვიდობიან მომიტინგეებს არბევდეს“, - უთხრა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ რადიო თავისუფლებას შეხვედრის დაწყების წინ.

დიპლომატებთან საუბრის დაწყების წინ მოკლე ინტერვიუ რადიო თავისუფლებას მისცა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმაც: „ხელისუფლების მაგივრად მე მათ ბოდიშს მოვუხდი, იმისთვის, რაც მათაც აკადრა “ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილმა დაპირების უკან წაღებით“, - თქვა მან.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებდნენ, რომ ისინი შეეცდებიან „დასავლელი პარტნიორები, რომლებსაც ზემოქმედების ბერკეტები რჩებათ“, დაარწმუნონ იმაში, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რათა ხელისუფლება დაითანხმონ დაუბრუნდეს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების შესაძლებლობის განხილვას.

18 ნოემბერს დღის პირველ ნახევარში საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ და აშშ-ის საელჩომ თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რითაც სრულად დაუჭირეს მხარი მშვიდობიანი შეკრების უფლებას.

„დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება“, - ნათქვამი იყო განცხადებაში.

გიორგი კეკელიძე: თავის შესაფარებლად ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღიაა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე რუსთაველზე მიმდინარე აქციის პარალელურად განცხადებას ავრცელებს და აქციის დაშლისას დაზარალებულებს თავის შესაფარებლად ბიბლიოთეკის შენობას სთავაზობს.

"აქციის დაშლისას (თუკი ეს მოხდება) ვინმე დაზიანებულს ან უბრალოდ წამოსულს სადმე თავის შეფარება თუ მოუნდება, საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის კარი ღია იქნება. მე ახლა იქ ვარ, ბიბლიოთეკაში. ბიბლიოთეკა ახლოს არის მოვლენების ეპიცენტრთან. და ჩემთვის სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი. ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი შეხედულებისა. და იქ სადაც წიგნები ინახება, ადამიანების ადგილიც არის", - წერს გიორგი კეკელიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმი შლის აქციას, რომელიც პარლამენტთან მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც პარლამენტში ჩავარდა კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო წესის ცვლილებას და მაჟორიტარული წესიდან პროპორციულზე გადასვლას ისახავდა მიზნად.

აქციის დაშლისას დააკავეს რამდენიმე პოლიტიკოსი და აქტივისტი, მათ შორის - ზურაბ ჯაფარიძე, გიგა მაქარაშვილი, ბექა ბასილაია, ზუკა ბერძენიშვილი. სამართალდამცველებმა აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენეს. რუსთაველზე ამ დრომდე რჩებიან როგორც აქციის მონაწილეები, ასევე სამართალდამცველები.

სპეცრაზმმა ოპერაცია დაასრულა, რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილს დასუფთავების სამსახური ალაგებს

რუსთაველის გამზირს, პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიას დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ალაგებენ. ისინი იქ დაუყოვნებლივ გამოჩნდნენ მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა ტერიტორია წყლის ჭავლის გამოყენებით გაწმინდა.

სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებისგან პარლამენტის ოთხივე შესასვლელი გაათავისუფლა.

პარლამენტის შენობის წინ, პარლამენტის კიბეებსა და ტროტუარზე საპროტესტო აქციის მონაწილეები კვლავ რჩებიან.

სპეცრაზმი რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილს ათავისუფლებს

პარლამენტთან სპეცრაზმი გზის სავალ ნაწილს ათავისუფლებს. რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მიერ გაშლილი კარვები აღარ დგას. სპეცოპერაცია პარლამენტთან მიმდინარეობს სკანდირების ფონზე "სირცხვილია". აქციის ორგანიზატორები მოქალაქეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებენ.

სპეცრაზმს 4-დან პარლამენტის მხოლოდ ერთი, 9 აპრილის ქუჩის მხარეს არსებული შესასვლელი დარჩა პიკეტირებისგან გასათავისუფლებელი.


სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის მეორე შესასვლელთანაც გაუშვა წყლის ჭავლი

სპეცრაზმი წყლის ჭავლის მანქანით პარლამენტის მეორე შესასვლელთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე ცდილობს აქციის მონაწილეების დაშლას.

პარლამენტის უკანა შესასვლელის პიკეტი, ზუბალაშვილების ქუჩაზე, უკვე მოხსნილია.

სპეცრაზმი ოპერაციას განაგრძობს სპეციალური ხმოვანი შეტყობინების ფონზე და აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებს.

პოლიციამ დააკავა ზურაბ ჯაფარიძე, ზუკა ბერძენიშვილი და გიგა მაქარაშვილი

პარლამენტთან, სადაც პოლიცია მომიტინგეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის, აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.

დაკავებულები არიან: „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ოთარ სირაძე, აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, ადვოკატი ბექა ბასილაია, ლევან ნოზაძე, ირაკლი ფავლენიშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი და რეზი ნიჟარაძე.

პარლამენტთან წყლის ჭავლი გაუშვეს

სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან წყლის ჭავლი გაუშვა. შსს ხმოვანი სიგნალით აფრთხილებს აქციის მონაწილეებს, დატოვონ მიმდებარე ტერიტორია.

აქციის მონაწილეები პროტესტს განაგრძობენ. ისინი ჯერჯერობით არ იშლებიან.

აქციის მონაწილეები და სპეცრაზმელები ერთმანეთის პირისპირ დგანან

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეები და სპეცრაზმელები ერთმანეთის პირისპირ დგანან.

რამდენიმე წუთის წინ მოძრაობამ "სირცხვილია" მიმართვა გაავრცელა, სადაც მომხრეებს პარლამენტთან მისვლისკენ მოუწოდებენ:

"ამ წუთებში ქართული პოლიცია ემზადება ლეგიტიმური საზოგადოებრივი წინააღმდეგობის იძულებით დარბევისთვის! მოვუწოდებთ მათ, არ შეასრულოთ უკანონო ბრძანება! ჩვენ მშვიდობით ვიცავთ საქართველოს დასავლურ მომავალს!".

ვერც ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი ვერ მოხვდა ბელორუსის პარლამენტში

ერთ-ერთი საარჩევნო უბანი

ბელორუსში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ვერ ერთი ოპოზიციონერი კანდიდატი ვერ ხვდება საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში.

როგორც ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით იუწყება რადიო თავისუფლების ბელორუსული სამსახური, ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატაში ხვდება ხუთი პოლიტიკური ძალა, რომლებიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს უპირობო მხარდამჭერები არიან.

წინა მოწვევის ქვედა პალატაში იყო ორი ოპოზიციონერი დეპუტატი - ანა კანოპაცკაია „გაერთიანებული სამოქალაქო პარტიიდან“ და ელენა ანისიმი „ბელორუსული ენის საზოგადოებიდან“.

ამჯერად ყველა ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებამ რეგისტრაციის პროცესში ჩამოაშორა წინასაარჩევნო კამპანიას.

17 ნოემბერს ბელორუსში გაიმართა არჩევნები, რომელზეც ქვედა პალატის 110 დეპუტატი უნდა აერჩიათ. დეპუტატების მანდატებისთვის იბრძოდა დაახლოებით 500 კანდიდატი. ცენტრალური საარჩევნო კომიიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 77% შეადგინა.

სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა უკვე გაავრცელეს განცხადებები არჩევნების პროცესში გამოვლენილ დარღვევებზე, შანტაჟსა და მანიპულაციებზე.

"გონივრული ვადის" გასვლის შემდეგ შსს "შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს"

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის
წარმომადგენლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი აქციის ორგანიზატორები გააფრთხილეს და მისცეს გონივრული ვადა, ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაეთავისუფლებინათ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები.

უკვე მეორე დღეა, პარლამენტთან შეკრებილმა აქციის ორგანიზატორებმა
მოახდინეს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის ბლოკირება. გარდა ამისა, პოლიტიკური ლიდერები განაგრძობდნენ მხარდამჭერების ღიად მოწოდებას საპარლამენტო ორგანოს საქმიანობაში ხელის შეშლისკენ. გამოხატვის და შეკრების თავისუფლება გასცდა კანონით დადგენილ ფარგლებს, კერძოდ, დაირღვა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი,
რომლის თანახმად აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის თანახმად, ასევე დაუშვებელია
ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვა, თუ აღნიშნულის საჭიროებას არ განაპირობებს მონაწილეთა რაოდენობა.

პოლიციის თანამშრომლებისა და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ აქციის ორგანიზატორებისთვის მიცემული გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თუ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლება არ მოხდება, ასევე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე - ზაქარია ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ძმები ზუბალაშვილების ქუჩებზე და რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს, შეუძლიათ გადაადგილდნენ თავისუფლების მოედნის მიმართულებით".

არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ ხელისუფლებას, არ გამოიყენოს ძალა

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ:

"სახელმწიფოში მიმდინარე დაძაბული პოლიტიკური პროცესების ფონზე მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და სიტუაციის ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.

საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად.

იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად".

განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, საერთაშორისო გამჭვირვალობა, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება.

ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას გიორგი რურუას დაკავების შესახებ

„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია ავრცელებს ინფორმაციას ფეისბუკის პირად გვერდზე, რომ „მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი რურუა სამართალდამცველებმა დააკავეს.

„ჩვენი დამფუძნებელი Giorgi Rurua ამ წამს დააკავეს იარაღის ჩადებით“, - წერს ნიკა გვარამია.

რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით გიორგი რურუა დაახლოებით დღის პირველ საათზე დააკავეს, როდესაც ავტომობილით სახლის მიმართულებით მიდიოდა და ახლა დიღმის სამმართველოშია გადაყვანილი.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია. სამართალდამცველებმა მოქალაქეებს 30 წუთი მისცა შესასვლელების გასათავისუფლებლად. პარლამენტის გარშემო მობილიზებულია სპეცრაზმი.

რუსეთმა დაუბრუნა უკრაინას სამი შეპყრობილი ხომალდი

კატარღებმა „ნიკოპოლმა“, „ბერდიანსკმა“ და ბუქსირმა „იან კაპმა“ შინისაკენ აიღეს გეზი, - იუწყებიან უკრაინული გამოცემები ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების პრესცენტრზე დაყრდნობით.

"18 ნოემბერს დაიწყო უკრაინული კატარღების დაბრუნების პროცესი. ისინი მოემართებიან კონტინენტური უკრაინისკენ“, - ნათქვამია უწყების ოფიციალურ განცხადებაში.

რუსეთის მხარემაც დაადასტურა, რომ გადასცა უკრაინას ხომალდები, რომლებიც ქერჩის სრუტეში 2018 წლის ნოემბერში ძალის გამოყენებით დააკავეს რუსეთის საზღვრის დარღვევის მიზეზით.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის მესაზღვრეებმა ძალის გამოყენებით ხელში ჩაიგდეს უკრაინის სამხედრო ხომალდები, რომლებიც ქერჩის სრუტით აზოვის ზღვაში შესვლას ცდილობდნენ. დააკავეს გემების ეკიპაჟი - უკრაინის 24 სამხედრო მოსამსახურე.

მეზღვაურებს ბრალად დასდეს რუსეთის კანონების დარღვევა და ცხრა თვის შემდეგ გაცვალეს უკრაინის მიერ დაპატიმრებულ რუსეთის მოქალაქეებში.

ისინი სექტემბერში გაათავისუფლეს, რუსეთსა და უკრაინას შორის პატიმრების დიდი გაცვლის ფარგლებში.

შსს-ს წარმომადგენელი: 30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა პარლამენტთან მყოფ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 30 წუთის გასვლის შემდეგ პოლიცია იმოქმედებს შესაბამისად.

„პარლამენტის შესასვლელები არის ბლოკირებული. პარლამენტს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. შესაბამისად, მოვუწოდებთ, რომ აღნიშნული ბარიკადები, კარვები გაიტანონ, გაათავისუფლონ მიმდებარე ტერიტორია, რაც მათი მხრიდან არის კანონდარღვევა. 30 წუთს ვაძლევთ გონივრულ ვადას. 30 წუთის გასვლის შემდგომ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად. შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს პოლიცია“, - ამბობს შსს-ს წარმომადგენელი.

რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო ცაციაშვილმა განაცხადა: „კიდევ ერთხელ მივმართავთ აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირების გაგრძელების შემთხვევაში, პოლიცია, კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში, მოახდენს შესაბამის რეაგირებას“.

სპეცრაზმი იწყებს მზადებას პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მოსახსნელად

სპეცრაზმი იწყებს მზადებას პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების მოსახსნელად. პარლამენტის ოთხივე შესასვლელი ოპოზიციის საპროტესტო აქციის მონაწილეთა მიერ 17 ნოემბერს ჩაიხერგა.

პარლამენტის ბლოკირების შედეგად დღეს დეპუტატებმა ვერ შეძლეს რეგიონული მართვისა და თვითმმართველობისა კომიტეტის სხდომისა და ბიუროს სხდომის გამართვა.

პოლიციამ აქციის მონაწილეებს 30 წუთი მისცა ტერიტორიის გასათავისუფლებლად.

ექვსი კაცი დაიღუპა ირანში, სადაც დაძაბულობა გრძელდება

ირანში კვლავ დაძაბული რჩება ვითარება მას შემდეგ, რაც საწვავზე ფასების მკვეთრ ზრდას ქვეყნის მასშტაბით მრავალი სპონტანური საპროტესტო აქცია მოჰყვა.

ქვეყნის მასშტაბით გათიშულია ინტერნეტი, რის გამოც ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ხდება 18 ნოემბერს. ირანის ხელისუფლების ცნობით, შეტაკებებში დაიღუპა ექვსი კაცი, მათგან სამი დემონსტრანტი და სამი სამართალდამცველია. თუმცა, არაოფიციალური წყაროების ვარაუდით, დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.

რამდენიმე ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში მოყვარულმა მომხმარებლებმა ატვირთეს, ჩანს, თუ როგორ იყენებდნენ ირანის უსაფრთხოების ძალები იარაღს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ირანის ხელისუფლებამ გაავრცელა გაფრთხილება მოსალოდნელი სასტიკი რეაქციის შესახებ იმ საპროტესტო ტალღაზე, რამაც ქვეყანაში იფეთქა 15 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც თეირანმა შეზღუდვა დააწესა ბენზინის შეძენაზე და შეამცირა საწვავის სუბსიდირება აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი სანქციების შემდეგ, რაც მძიმედ აისახება ირანის ეკონომიკაზე.

დემონსტრანტების წინააღმდეგ სასტიკი ძალის გამოყენება დაგმო თეთრმა სახლმა, რომლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი "მხარს უჭერს ხალხის მოთხოვნებს".

შოთა დიღმელაშვილი: კანონის კითხვა ვისაც შეეძლო, ყველა წავიდა ამ მთავრობიდან

„ვნახეთ ბევრი ბრიფინგი. იყო სასაცილო ბრიფინგები, იყო სატირალი ბრიფინგები და იყო ბრიფინგები, რომლებიც უბრალოდ უნდა დავიკიდოთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომელთა მიზანი, მისი აზრით, მოქალაქეების შეშინებაა:

„ყველა ეს განცხადება არის გაკეთებული იმისთვის, რომ მოქალაქეები შეგაშინოთ, კუნთები აათამაშონ“.

„სასაცილო ბრიფინგების“ ნაწილში მან შსს-ს ბრიფინგებზე გაამახვილა ყურადღება და, კერძოდ, საპატრულო სამსახურის უფროსის, ვაჟა სირაძის 17 ნოემბრის ბრიფინგზე, რომელზეც მან მომიტინგეთა რაოდენობა შეაჯამა. შოთა დიღმელაშვილი მას პასუხობს: „ჩვენ ამ რიცხვებზე არ ვწვრილმანდებით. სამნიც რომ ვყოფილიყავით, ესეც მნიშვნელოვანი იქნებოდა. მთავარია, რისთვის ვდგავართ, მაგრამ უკაცრავად, რომ ძალიან ავტორიტეტულ მედიებს უფრო უნდა ენდოს ხალხი, ვიდრე თქვენ“.

მიმდინარე საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, შსს-ს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს:

„სამწუხაროა, რომ თვითონ შსს გამოდგა დეზინფორმატორი და გაავრცელეს ამბავი, თითქოს აქ ვიღაც ლამობდეს შტურმით აღებას პარლამენტის. თუ ასე იქნებოდა, სულელები ვართ? რატომ დაადებდნენ პოლიტიკური პარტიები ბოქლომს ჭიშკარს და გასაღებს გადააგდებდნენ გუშინ ხალხში?“

შოთა დიღმელაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახი კალაძის განცხადებას:

„თუ აქ მყოფებს არა აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა, მაშინ რაღატომ გვეწინააღმდეგებით? დანიშნეთ არჩევნები და მოიგებთ! არალოგიკურია, ხო, ბატონო კახი?!“

აქციის თანაორგანიზატორმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მათი განცხადებებისთვის.

შოთა დიღმელაშვილი „მტკნარ ტყუილს“ უწოდებს ე.წ. გერმანული მოდელის არაკონსტიტუციურად შეფასებას:

„თუ ხელისუფლება ამბობს, რომ მოიგებდა ნებისმიერი ტიპის არჩევნებს, მაშინ მით უმეტეს უნდა მოიგოს ამ „გერმანული მოდელით“. კეთილი ინებოს და დანიშნოს არჩევნები, რომელსაც დაგვპირდა და დაპირდა საერთაშორისო საზოგადოებას გაეროს ტრიბუნიდანაც კი. პრეზიდენტმაც ყური გამოიფხიკოს, მარტო ატმის საკრეფად არ დაგვინიშნავს იქ“.

ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებას არ მოელიან

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოესი დღეების განმავლობაში მოსალოდნელი არ არის, - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას აცნობა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებასთან დაახლოებულმა ინფორმირებულმა წყარომ: „მოვიკითხე ვაჟა გაფრინდაშვილის ამბავი. მან თქვა, რომ წინასწარ განზრახვით გააკეთა ეს და სამხრეთ ოსეთს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. მან სწორედ ეს დაწერა განმარტებაში. დანარჩენი ყველაფერი ნორმალურადაა, მას არავინ ეხება. როგორც გავარკვიეთ, კარგი და ცნობილი ექიმია, მაგრამ არ გვესმის, რას მიძვრებოდა პოლიტიკაში. ალბათ, 2-3 კვირაში გამოუშვებენ, უფრო ადრე არ მგონია“.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში იმედი აქვთ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება უახლოეს დღეებში მოხერხდება. ამის შესახებ 17 ნოემბერს განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა.

ხვალ, 19 ნოემბერს, ცხინვალში ჩადიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები, რომლებიც დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ექიმის გათავისუფლების საკითხზეც ისაუბრებენ.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულია. ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორში მიდიოდა იქაური პაციენტების დასახმარებლად, რადგან ე.წ. საზღვრის დაკეტვის გამო, ისინი ვერ ახერხებენ თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასვლას.

ცხინვალის იზოლატორიდან ექიმის გასათავისუფლებლად მუშაობენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ამოქმედებულია არაფორმალური კავშირებიც.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG