Accessibility links

ახალი ამბები

ჭიათურელი მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" განცხადებას უარყოფენ

"ჯორჯიან მანგანეზის" მაღარო ჭიათურაში

ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქციაში ამჟამად 500-მდე ადამიანი მონაწილეობს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას უთხრა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფესიული კავშირის ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა სამხარაძემ.

მისი ინფორმაციით, შიმშილობას განაგრძობს 14 ადამიანი, კიდევ 150-მდე მაღაროელს კი ქალაქის 13 სხვადასხვა ადგილი აქვს გადაკეტილი, რათა არ მოხდეს მარგანეცის გატანა.

სამხარაძის ცნობით, ერთმა მაღაროელმა შიმშილობა შეწყვიტა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ხელფასის გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა 15 მაისიდან, შიმშილობის აქცია კი 17 მაისიდან მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ჭიათურის ცენტრში, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ და მერიის მახლობლად იმყოფებიან.

პაატა სამხარაძის განცხადებით, გაფიცულმა მაღაროელებმა თავდაპირველი მოთხოვნა, ხელფასის 50%-ით გაზრდა შეცვალეს და „ჯორჯიან მანგანეზისგან“ მოითხოვეს 30%-იანი მატება უპირობოდ ყველასთვის, რასაც ადმინისტრაცია არ დათანხმდა.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზისგან“ შეთავაზებულ 25%-იან მატებას, პაატა სამხარაძის განმარტებით, მაღაროელები ამ წინადადებას არ დათანხმდნენ, რადგან ეს ითვალისწინებდა ჯერ 15%-ის დარიცხვას და შემდეგ 10%-ის გადახდას ერთი წლის განმავლობაში.

სამხარაძე უარყოფს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებას, რომ მაღაროელების გაფიცვა უკანონოა და არღვევს კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს. მისი ინფორმაციით, ხელშეკრულების ერთ-ერთ პუნქტში ეწერა, რომ იანვრიდან განიხილავდნენ და კვლავ მოხდებოდა ხელფასის მატება. „რადგან ეს არ მოხდა, ჩვენ სრული უფლება გვაქვს, რომ გავფიცულიყავით“ - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

პროფკავშირების წარმომადგენელი უარყოფს „ჯორჯიან მანგანეზის“ ამასწინანდელ განცხადებასაც, რომ მაღაროელთა გაფიცვას შესაძლოა, კავშირი ჰქონოდა ჭიათურაში მერის რიგგარეშე არჩევნებთან.

პაატა სამხარაძის თქმით, მაღაროელების გაფიცვას რომ პოლიტიკური მოტივი არ აქვს და 19 მაისის მერის რიგგარეშე არჩევნებსაც არ უკავშირდებოდა, ის ადასტურებს, რომ ჭიათურაში არჩევნები ჩატარდა ყოველგვარი ექსცესების გარეშე.

პაატა სამხარაძის ინფორმაციით, გადაწყვიტეს, რომ ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე აქციაზე არჩევნების დღეს დარჩებოდნენ მხოლოდ მოშიმშილეები, სხვა მაღაროელები კი უბნებზე მივიდოდნენ და თავის სამოქალაქო პოზიციას დააფიქსირებდნენ.

„ყველამ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა და ამისთვის თვითონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოვიდნენ და მადლობა გადაუხადეს ყველას“ - განაცხადა პაატა სამხარაძემ.

თბილისში სანაგვე ურნები მიწისქვეშ გადაინაცვლებს

სანაგვე ურნებს მალე მიწისქვეშ გადაიტანენ - თბილისის მერიამ ეს გადაწვეტილება უვე მიიღო და ურნების გადატანის საპილოტე პროექტი ჭავჭავაძის გამზირიდან დაიწყება.

ეს სიახლე შეეხება ყველა იმ ქუჩას, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდება.

„უახლოეს მომავალში ვიწყებთ ჭავჭავაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა, განსაკუთრებით კი მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. ამიტომ ჩემი დავალებაა სანაგვე ლურჯი ურნები, რომელიც დგას ქუჩაში, მიწის ქვემოთ ჩავიტანოთ. ბევრ განვითარებულ ქალაქშია ეს პროექტი გაკეთებული და ვფიქრობ, ჩვენი ქალაქისთისაც ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერს სანაგვე ურნები არც ვიზუალურად მოსწონს და ამბობს, რომ ეს სანაგვეები ბევრ სხვა პრობლემასაც ქმნის. კალაძის განცხადებით, ურნები დახურული იქნება და სისუფთავეც უფრო შენარჩუნდება.

„უკვე დავიწყეთ რეაბილიტირებულ სკვერებში სეპარირებული სანაგვე ურნების დადგმაც, ანუ ბოთლი ერთ ურნაში უნდა ჩააგდო, სხვა ნარჩენები - მეორეში და მესამეში. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება ამ მიმართულებით წასვლა. მოდი, დავიწყოთ ჭავჭავაძით, რადგან მთლიანად ვაპირებთ არსებული მდგომარეობის გამოსწორებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძე: ძველ თბილისში მშენებლობები ახალ წესებს დაექვემდებარება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით ახალი წესები ამოქმედდება.

მერიის ხედვას უკვე გაეცნენ სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, დეველოპერები და მათთან ამ საკითხზე შეთანხმება არსებობს.

კალაძის განცხადებით, ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება. მოსაწესიგებელია ქალაქის ამ ნაწილის იერსახე. თბილისის მერი ამბობს, რომ ძველი თბილისის გადასარჩენად ახალი მიდგომებია საჭირო:

„ყველა ევროპულ ქალაქში, რომელსაც აქვს ისტორიული ნაწილი, არსებობს ასეთი მიდგომა და დამოკიდებულება. შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება პრეზენტაცია, სადაც მოწვეულები იქნებიან ექსპერტები, სამშენებლო სექტორი, დეველოპერები და კიდევ ერთხელ გავაცნობთ მათ ჩვენს ხედვას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სასამართლო დაკავებული ფეხბურთელების საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს საფეხბურთო მატჩების ე.წ. ჩაწყობის საქმეზე დაკავებული 11 მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელისთვის აღკვეთის ზომის შეფარდებაზე.

ბრალდების მხარე ოთხისთვის პატიმრობას, დანარჩენებისთვის კი 10-10 ათას ლარიან გირაოს ითხოვს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა(სუსი) 20 მაისს განაცხადა, რომ სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დააკავა 8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი.

მოქმედი სპორტსმენები კლუბების: „ჭიათურის,“ „ლანჩხუთის გურიის“ და „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები არიან.

სუს-ის ინფორმაციით, "ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.“

სუს-ის ცნობითვე, ამ გზით „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს 93 500 ლარი.”

გამოძიება მიმდინარეობს პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე, რაც ითვალისწინებს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

დე ფაქტო ხელისუფლება ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ორ სკოლას დახურავს

ახალგორი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობა აპირებს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დახუროს რამდენიმე სოფლის სკოლა.

მათ შორისაა ახალგორის რაიონის სოფლების აბრევის და ახმაჯის სკოლები. ოკუპირებული ახალგორის რაიონი ძირითადად, ქართველებითაა დასახლებული.

სააგენტო „რეს“-ს მოჰყავს დე ფაქტო განათლების მინისტრის, ნატალი გასიევას განცხადება, რომლის თანახმად, 90-იანი წლების მოვლენებმა ხელი შეუწყო სოფლებიდან მოსახლეობის წასვლას, მას შემდეგ არაერთი სკოლა დაიხურა, თუმცა, მცირერიცხოვანი სასწავლო დაწესებულებების პრობლემა დღემდე არსებობს.

გასიევამ მაგალითად მოიყვანა სოფელ აბრევის სკოლა, სადაც მისი ინფორმაციით, მხოლოდ ორი მოსწავლეა. დე ფაქტო მინისტრის განცხადებით, მათ შეუძლიათ მეზობელი სოფლის, წინაგარის სკოლაში იარონ. გასიევას ცნობითვე, სკოლას დახურავენ ზნაურის რაიონის სოფელ ნოგკაუშიც.

ჭიათურელი მაღაროელები გაფიცვას განაგრძობენ

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, გაფიცულ მაღაროელებს შესთავაზა ხელფასის 25%-ით გაზრდა, რასაც ისინი არ დათანხმდნენ.

კომპანიის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, 21 მაისს დასაქმებულებს შესთავაზეს ხელფასის 25%-ით მომატება „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე.

„დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს. „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50 %-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ინფორმაციით, კომპანიასა და პროფკავშირებს შორის გასულ წელს გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულებს ხელფასი 10 %-ით გაეზარდა, სანაცვლოდ კი, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას.

შესაბამისად, „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ ამჟამინდელი გაფიცვით დასაქმებულებმა დაარღვიეს არა მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების პირობა, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების ყველა ნორმა.

„იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ჯორჯიან მანგანეზის“ ორასამდე თანამშრომელი 15 მაისს გაიფიცა. მათ უარი თქვეს კომპანიასთან სავალდებულო მედიაციის პროცესში მონაწილეობაზე.

თბილისში დააკავეს პირი, რომელიც ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების გამოძახება გახდა საჭირო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონში, სადაც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში პირს ჩაკეტილი ჰყავდა ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში, თუმცა პოლიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოქალაქე არ გამოდიოდა კავშირზე და კარს არ აღებდა. ამის გამო ადგილზე გამოიძახეს სამართალდამცველთა დამატებითი ჯგუფები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც საცხოვრებელ ბინაში სპეცტექნიკის გამოყენებით შეაღწიეს.

ოჯახში ძალადობის და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ზ.ჯ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, დაკავებულის ოჯახს საფრთხე აღარ ემუქრება.

ხაჯიმბა და მისი ოპოზიცია ე.წ. არჩევნების გადადებაზე შეთანხმდნენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ე.წ. არჩევნები 21 ივლისის ნაცვლად 25 აგვისტოს გაიმართება.

დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, შეთანხმებას გვიან ღამით მიაღწიეს რაულ ხაჯიმბას და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრაზე. ე.წ. არჩევნების 25 აგვისტოსთვის გადატანა ხაჯიმბას წინადადება იყო.

მოლაპარაკებაში ოპოზიციის მხრიდან მონაწილეობდნენ სერგეი შამბა, ნოდარ კაკუბავა და თეიმურაზ ხიშბა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებიდან ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია და ხაჯიმბას ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი შამბა.

დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე ინფორმაციის გამოქვეყნებამდე ოპოზიციის მიერ შექმნილი „სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობის“ შტაბის უფროსმა, თეიმურაზ ხიშბამ სოხუმში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოპოზიცია დათანხმდა ხაჯიმბას წინადადებას. თუმცა, ხიშბამ არჩევნების თარიღად არა 25, არამედ 26 აგვისტო დაასახელა.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადატანის საკითხზე დღეს იმსჯელებს.

ხაჯიმბას ოპოზიციამ 20 მაისს სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.

ოპოზიცია არჩევნების გადადებას მოითხოვდა ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობის გამო. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება. ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა.

ოპოზიციის მიერ ორგანიზებული ორდღიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვდნენ. თავის მხრივ, დე ფაქტო პრეზიდენტი ოპოზიციას ბრალს სდებდა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში.

რუსეთის უშიშროების სამსახურის უფროსი ხედავს საფრთხეს ავღანეთში მყოფი ექსტრემისტებისაგან

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (FSB) უფროსის, ალექსანდრ ბორტნიკოვის ინფორმაციით, ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები თავს იყრიან ჩრდილოეთ ავღანეთში, ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საზღვრებთან.

FSB-ს უფროსმა ამის შესახებ განაცხადა 21 მაისს, ავღანეთის მოსაზღვრე ტაჯიკეთში ვიზიტის დროს. რუსეთი წლებია აცხადებს, რომ არსებობს ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ წევრების მოხვედრის საფრთხე.

ექსპერტების შეფასებით, რუსეთი აზვიადებს რიცხვებს, როცა ექსტრემისტების რაოდენობაზე ლაპარაკობს, რათა გაამართლოს კონტაქტები ავღანელ თალიბებთან და დაარწმუნოს ცენტრალური აზიის მთავრობები, რომ თავდაცვისათვის რუსეთის დახმარება სჭირდებათ.

ამერიკელი სამხედროების მონაცემებით, ავღანეთში იმყოფება „ისლამური სახელმწიფოს“ 2000-მდე მებრძოლი. ხოლო ბორტნიკოვის ინფორმაციით, 5000-მდე ექსტრემისტი გადაადგილდა ავღანეთის ჩრდილოეთი პროვინციების მიმართულებით.

ლევან ახვლედიანი: ვეცდებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადამ არ გადაიწიოს

"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ვადები მაქსიმალურად დაცული იყოს, თუმცა ფინანსური დახურვის ვადამ შესაძლოა, გადაიწიოს", - უთხრა ჟურნალისტებს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ახვლედიანის განცხადებით, საჭიროა დამატებითი მოლაპარაკებები, ამიტომ, ფინანსური დახურვის ვადა, რომელიც 15 ივნისამდე იყო განსაზღვრული, გადაიწევს.

"შევთანხმდით, რომ მაქსიმალურად მოქნილები ვიქნებით ფინანსური დახურვისა და მოლაპარაკებების ვადებთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით, კონკრეტულად როდის დაიწყება მშენებლობა, მაქსიმალურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ვადები დავიცვათ", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ის ასევე გამოეხმაურა მთავრობის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მთავრობა პროექტის კომერციულ რისკებს არ დააზღვევს.

"ანაკლიის პორტის პროექტი კომერციულად გამართულია, ტვირთბრუნვის პროგნოზიც ძალიან დადებითია. აქ არის საუბარი გარკვეულ რისკებზე, რომელიც დადებით თუ უარყოფით პროგნოზებთან კავშირში არ არის", - განაცხადა ლევან ახვლედიანმა.

ოპოზიცია რაულ ხაჯიმბას გადადგომას მოითხოვს

ოპოზიციის მიტინგი სოხუმში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ოპოზიციის მიერ შექმნილმა „სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნულმა მოძრაობამ“ გაავრცელა მიმართვა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის უვადო აქციის დაწყების და აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.

ოპოზიციის შტაბი ირწმუნება, რომ ეს არის „ხალხის პასუხისმგებლიანი და საღად მოაზროვნე წარმომადგენლების იძულებითი ზომა, რომლის მიზანია აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების დაცვა უპასუხისმგებლო, მატყუარა და კორუფციაში ჩაფლული მოქმედი ხელისუფლების განუკითხაობისგან.“

ოპოზიცია აცხადებს, რომ თავისუფლება საფრთხეშია.

„სახელმწიფოებრიობის დაცვის საერთო ეროვნული მოძრაობა“ აღნიშნავს, რომ ყველა ოპოზიციური ძალის საერთო კანდიდატის, ასლან ბჟანიას მოწამვლის გამო, 20 მაისს სოხუმში ჩატარდა მიტინგი, რომლის მონაწილეებმა პარლამენტს მიმართეს ბჟანიას გამოჯანმრთელებამდე გადადებულიყო 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა, რაულ ხაჯიმბას ზეწოლით, პარლამენტმა უარი თქვა არჩევნების 23 ნოემბრისთვის გადატანაზე.

ოპოზიციის განცხადებითვე, ხაჯიმბამ უარი თქვა თანამოქალაქეებთან დიალოგზეც და პარლამენტის შენობასთან „ცოცხალ ფარად“ გამოიყენა მილიცია, უშიშროების სამსახური, საკუთარი თანამოაზრეები და მათი ოჯახის წევრები, რამაც კონფლიქტური სიტუაცია შექმნა.

„მოსახლეობის არჩევანის თავისუფლების დასაცავად მოვითხოვთ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გადადგომას, თავისუფალ არჩევნებს და პატიოსან კონკურენციას და ყველა მოქალაქეს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მოთმინება და ურთიერთპატივისცემა“ - ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიცია მიმართავს სამართალდამცავებს, დადგნენ ხალხის გვერდით, ხელი არ შეუშალონ თავისუფალი ნების გამოხატვას და იმოქმედონ მხოლოდ მოქალაქეების დასაცავად.


„ანაკლიის კონსორციუმი“:  8-დან 7 მოთხოვნა შეთანხმებულია

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ ინვესტორი ბანკების 8 მთავარი მოთხოვნიდან შესათანხმებელი დარჩა მხოლოდ ერთი პრინციპული საკითხი - ტვირთბრუნვის რისკის სახელმწიფოს მიერ დაზღვევის შესახებ მოთხოვნა.

ახვლედიანის განცხადებით, ამ საკითხზე მოლაპარაკებები გაგრძელდება - საუბარია გარკვეულ ალტერნატივაზე, დანარჩენი 7 მთავარ მოთხოვნაზე კი შეთანხმება შედგა.

„შედეგიანი შეხვედრები გვქონდა. პრაქტიკულად 7 საკითხზე პრინციპული შეთანხმება მიღწეულია. რა თქმა უნდა, ნიუანსებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გაგრძელდება. რაც შეეხება ტვირთბრუნვის რისკს, არის ალტერნატიული ვერსიები, მათ შორის საუბარია ევროკავშირის ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის ჩართულობაზე. ამ ალტერნატიულ ვარიანტზეც ვიმუშავებთ და უახლოეს მომავალში დამატებითი განვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა ლევან ახვლედიანმა 21 მაისს, სასტუმრო „რედისონში“ ანაკლიის პორტის საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე გამართული სამმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ანაკლიის პორტის ინვესტორ ბანკებს (EBRD, OPIC, ADB, AIIB), რომლებიც პროექტს 400 მილიონი დოლარით აფინანსებენ, საქართველოს მთავრობასთან სულ 8 მოთხოვნა აქვთ.

საქართველოს მთავრობაში ანაკლიის პორტის ინვესტორებთან მოლაპარაკების ყველაზე რთულ საკითხად სწორედ კომერციული რისკების დაზღვევას ასახელებენ.

21 მაისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის,“ ანაკლიის პორტის ინვესტორი საერთაშორისო ინსტიტუტების და მთავრობის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, რომ სახელმწიფოს არ შეუძლია ინვესტორის კომერციული რისკების დაზღვევა.

ზელენსკიმ გასცა ბრძანებულება პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების 21 ივლისს დანიშვნის შესახებ

უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი გასცა ბრძანებულება ქვეყნის პარლამენტის, ვერხოვნა რადას დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების 2019 წლის 21 ივლისს დანიშვნის შესახებ.

პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებულებაში ნათქვამია, რომ ის ძალაში შედის გამოქვეყნების დღესვე, ანუ 21 მაისს.

ბრძანებულებაზე ხელის მოწერამდე ზელენსკი ესაუბრა ვერხოვნა რადას თავმჯდომარე ანდრეი პარუბისა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს.

შეხვედრის შემდეგ მან პარლამენტის დათხოვნაზე გადაწყვეტილების მთავარ მიზეზად დაასახელა პარლამენტის მიმართ მოქალაქეების „ძალიან დაბალი“ ნდობა, სულ 4%.

ხაჯიმბამ ოპოზიცია დაადანაშაულა ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში

რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ ოპოზიცია დაადანაშაულა დესტრუქციულ ქმედებებში, რომელთა მიზანია ხელისუფლების მიტაცება.

მოსახლეობისადმი სპეციალურ მიმართვაში ხაჯიმბა აღნიშნავს, რომ დეპუტატ ასლან ბჟანიას ჯანმრთელობასა და საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე ზრუნვა მხოლოდ საბაბია, რეალურად კი ოპოზიციის ამოცანაა პრეზიდენტის ვადამდე გადადგომა.

ხაჯიმბას მტკიცებით, მისი მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დეპუტატის და მისი თანაშემწეების ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამართალდამცავები კი საქმეს რუს კოლეგებთან ერთად იძიებენ.

დე ფაქტო პრეზიდენტის განცხადებითვე, ოპოზიციის მიერ გზების გადაკეტვა, სოხუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება და სხვა ქმედებები ხელს უწყობს დესტაბილიზაციის შექმნას და ემთხვევა საკურორტო სეზონის დაწყებას.

ხაჯიმბა ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადაში, მშვიდ გარემოში უნდა ჩატარდეს, თუმცა, ოპოზიციის ქმედებები ამწვავებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სიტუაციას და ბოლო დღეების ფაქტები ადასტურებს, რომ არსებობს ხელისუფლების მიტაცების მცდელობა.

რაულ ხაჯიმბას განცხადებით, ხელისუფლების ორგანოები მიმართავენ აუცილებელ ზომებს სტაბილურობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად და პროვოკაციების აღსაკვეთად. დე ფაქტო პრეზიდენტი მოქალაქეებს მიმართავს, არ აყვნენ პროვოკაციებს და სიფრთხილე და გამძლეობა გამოიჩინონ.

ოპოზიციურმა პარტიებმა სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქცია 20 მაისიდან დაიწყეს, მას შემდეგ, რაც აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა უარი თქვა 21 ივლისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების 23 ნოემბრამდე გადადებაზე.

მოთხოვნის საფუძველია ოპოზიციური ბლოკის კანდიდატის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა. ის ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება.

ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებით, ასლან ბჟანია, რომელსაც გამარჯვების რეალური შანსი აქვს, მოწამლეს და ამას ადასტურებს გერმანიაში ჩატარებული ანალიზის შედეგად სისხლში ვერცხლისწყლის და ალუმინის მომატებული რაოდენობით აღმოჩენა.

ასლან ბჟანიას მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ხელისუფლებას ადანაშაულებენ და დეტალურ და ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ.

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

საქართველოს პროკურატურის ცნობით, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი სანდრო გირგვლიანის საქმეზე.

საჩივარი ეხებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივლისის განაჩენს, რომლითაც გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ იყო ცნობილი (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით), სასჯელის ზომად კი, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, განსაზღვრული ჰქონდა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. ხოლო დამატებითი სასჯელის სახით ჩამორთმეული ჰქონდა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლის და ექვსი თვის ვადით.

პროკურატურის ცნობით, გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებები გამოირკვა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში.

პროკურატურის ცნობით, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განმარტავს:

„სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი... საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ბაზარზე ერთობლივად უფრო იოლად შევლენ

უკრაინა და საქართველო ერთობლივად შექმნილ პროდუქციას უფრო იოლად გაიტანენ ევროკავშირის ბაზარზე.

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლაპარაკია სქემებზე, რომლებიც პროდუქციის ერთობლივი გადამუშავებისა და ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტირების გამარტივების შესაძლებლობას გააჩენს.

„პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება უკრაინაში და დასრულდება საქართველოში, უფრო მარტივად მიეწოდება ევროკავშირის ბაზრებს და ასევე პირიქით, პროდუქცია, რომლის გადამუშავებაც დაიწყება საქართველოში და დასრულდება უკრაინაში, უკეთესად იქნება წარმოდგენილი ევროკავშირში“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

თუკი ამჟამად უკრაინული ხილის კონცენტრატით საქართველოში დამზადებული ხილის წვენი ვერ აკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და ევროკავშირში ექსპორტისას დაიბეგრება იმპორტის გადასახადით, ცვლილებების ამოქმედების შემდეგ ვითარება შეიცვლება.

„ცვლილებათა ოქმის ამოქმედების შემდგომ, უკვე დიაგონალური კუმულაციის პირობების თანახმად, დააკმაყოფილებს წარმოშობის წესებს და მისი ევროკავშირში ექსპორტისას ისარგებლებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით“, - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

ახალ შეთანხმებას ხელი მოეწერა უკრაინის დედაქალაქ კიევში. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა, სტეფან კუბივმა ხელი მოაწერეს ოქმს, რომლითაც ცვლილება შევიდა ორ ქვეყანას შორის მოქმედი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში.

ხელმოწერის ცერემონია გაიმართა კიევში მიმდინარე ევროკავშირისა და DCFTA-ის (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების) პარტნიორების მეორე არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში.

ზელენსკის მრჩევლის ვარაუდით, უკრაინაში ივლისში გაიმართება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარლამენტის შენობიდან გადის 2019 წლის 20 მაისს ინაუგურაციის ცერემონიის შემდეგ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ხელს მოაწერს ბრძანებულებას პარლამენტის მალე დათხოვნისა და რიგგარეშე არჩევნების 21 ივლისს, ან დაახლოებით ამ პერიოდში დანიშვნის შესახებ. ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ანდრეი ბოჰდანმა.

პრეზიდენტად ინაუგურაციის მომდევნო დღეს, 21 მაისს, ზელენსკი პარლამენტის დათხოვნის გეგმაზე ესაუბრა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე ანდრეი პარუბისა და საპარლამენტო ფრაქციების ხელმძღვანელებს.

შეხვედრის შემდეგ კი მისმა მრჩეველმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი „უახლოეს მომავალში“ მოაწერს ხელს ბრძანებულებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ.

ხოლო ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ გადაწყვეტილი აქვს პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. „პარლამენტის დათხოვნის მთავარი მიზეზია მოქალაქეების ძალიან დაბალი ნდობა ამ ინსტიტუტის მიმართ - სულ 4%“, - განაცხადა უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა.

ქვეყნის მმართველი კოალიცია „ევროპული უკრაინა“ 2014 წლის ნოემბერში შეიქმნა პეტრო "პოროშენკოს ბლოკის", "სახალხო ფრონტის", "სამოპომიჩის", "ბატკივშჩინისა" და "რადიკალური პარტიის" მონაწილეობით. მათგან ბოლო სამი 2015-2016 წლებში ჩამოშორდა მმართველ გუნდს.

უკრაინის კონსტიტუციით, არჩევნები უნდა ჩატარადეს არაუგვიანეს ორ თვეში პარლამენტის დათხოვნის შესახებ ბრძანებულებაზე ხელის მოწერის შემდეგ.

მამუკა ბახტაძე: სანამ ქვეყანაში ოკუპაცია და სიღარიბეა, ხელისუფლება ვერ იტყვის, რომ ის წარმატებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება ბოლომდე წარმატებული უწოდოს საკუთარ თავს, მანამ, სანამ საქართველოს აქვს ორი გადაუჭრელი და მტკივნეული პრობლემა - ოკუპაცია და სიღარიბე.

„როგორც რიგითი მოქალაქე, ქვეყანაში არსებულ სიტუაციაზე იმ შემთხვევაში მივცემ მსგავს შეფასებას, როდესაც ორივე გამოწვევა იქნება დაძლეული", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ბახტაძის სიტყვებით, ხელისუფლების შეფასების ყველაზე ობიექტური კრიტერიუმი არჩევნებია. საქართველოში ჩატარებული ბოლო, შუალედური არჩევნების მონაცემებით კი, პრემიერის თქმით, ხელისუფლებისადმი ნდობა 60%-ს შეადგენს.

მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას დღეს საზოგადოების წინაშე არსებული ყველა პრობლემა აქვს გააზრებული და ეს პრობლემები, ბახტაძის სიტყვებით, ერთობლივი ძალისხმევით გადაწყდება.

ტაჯიკი ოპოზიციონერები მთავრობას ადანაშაულებენ ციხეში ამბოხებაზე სიმართლის დამალვაში

მკაცრი რეჟიმის კოლონია ტაჯიკეთში

ტაჯიკეთში აკრძალული ოპოზიციური „ისლამური აღორძინების პარტია“ ხელისუფლებას ადანაშაულებს ციხეში 19 მაისის ამბოხებაზე სიმართლის დამალვაში.

ოფიციალური ინფორმაციით, დუშანბესთან მდებარე მკაცრი რეჟიმის კოლონიაში არეულობისას დაიღუპა 32 ადამიანი, მათ შორის „ისლამური აღორძინების პარტიის“ სამი წევრი.

მაგრამ „ისლამური აღორძინების პარტიამ“ 20 მაისს განაცხადა, რომ მისი წყაროების თანახმად, დაღუპულების რიცხვი სინამდვილეში გაცილებით მეტია. ეს პარტია მნიშვნელოვანი ოპოზიციური ძალა იყო, სანამ მას მთავრობა 2015 წელს აკრძალავდა, რაც ბევრს მიაჩნია გაუმართლებელ და პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად.

ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ციხის სამი მცველი და 29 პატიმარი დაიღუპნენ არეულობისას დუშანბეს აღმოსავლეთით 15-მდე კილომეტრში, ვადატის რაიონში მდებარე კოლონიაში.

სამინისტროს თანახმად, მოკლულ პატიმრებს შორის იყო ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ 17 წევრი. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ ცნობას.

საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ სომეხი ვარსკვლავი არ ითამაშებს ბაქოში

სომეხი ფეხბურთელი ჰენრიხ მხითარიანი არ იქნება ინგლისის საფეხბურთო კლუბ „არსენალის“ შემადგენლობაში, როცა ეს გუნდი 29 მაისს ბაქოში ეთამაშება ინგლისისვე „ჩელსის“ უეფას ეროპის ლიგის ფინალურ მატჩში.

„არსენალმა“ 21 მაისს გამოხატა „დიდი იმედგაცრუება“ იმით, რომ მხითარიანი არ გაემგზავრება აზერბაიჯანში.

„ჩვენ დაწვრილებით განვიხილეთ გუნდში მიკის ჩართვის ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მიკისთან და მის ოჯახთან საუბრის შემდეგ ყველანი შევთანხმდით, რომ ის არ იქნება მათ შორის, ვინც (ბაქოში) გაემგზავრება“, ნათქვამია განცხადებაში.

„არსენალ“- „ჩელსის“ შეხვედრა იქნება ევროპის საკლუბო ასპარეზობის პირველი ფინალური მატჩი, რომელსაც აზერბაიჯანი უმასპნძლებს და მხითარიანის გადაწყვეტილებამ შესაძლოა, მძიმე დარტყმა მიაყენოს ბაქოს, როგორც მსხვილი სპორტული ასპარეზობის მასპინძლის იმიჯს.

აზერბაიჯანს სურს ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობა.

ლევან კობიაშვილი: „ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია“

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გარიგებულ მატჩებში მონაწილე ფეხბურთელების უმკაცრესად დასჯას აპირებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სპორტსმენების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით კობიაშვილმა დღეს, საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

„არავინ გაბედოს ამ ფეხბურთელების დაცვა. ყველას დავუპირისპირდები. ისინი რასაც იმსახურებენ, იმას მიიღებენ. ამის გარანტიას მე ვიძლევი. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვაპირებ იმ კომენტარის გაკეთებას, რომ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. ჩემთვის გამოძიება დაწყებულიცაა და დასრულებულიც. ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი აუცილებლად იმსჯელებს ამ საკითხზე და მიიღებს უმკაცრეს ზომებს, როგორც კონკრეტული პიროვნებების მიმართ, ასევე, არ არის გამორიცხული, კლუბების მიმართაც. ჩვენთვის ამ ადამიანების ფეხბურთი დასრულებულია“ – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტისვე სიტყვებით, უახლოეს პერიოდში გაიმართება ფედერაციის სადისციპლინო სხდომა, რომელზეც სავარაუდოდ, სხვა ფეხბურთელებისა და კლუბების სახელებიც გაჟღერდება, რომლებთანაც საეჭვო მატჩებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები იკვეთება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საფეხბურთო მატჩების ჩაწყობის ფაქტზე რვა მოქმედი და სამი ვეტერანი ფეხბურთელი დააკავა. მათ უკვე ბრალიც წარუდგინეს. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრის მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჟურნალი "W" ლევან გელბახიანს კანი 2019-ის ტალანტებს შორის ასახელებს

ამერიკული ჟურნალი W, რომელიც კულტურასა და მოდაზე წერს, წლევანდელი კანის ფესტივალსაც ეხმიანება და მკითხველს კანი 2019-ის გამორჩეული ტალანტების სიას სთავაზობს.

„ნახეთ კანი-2019-ის საინტერესო ტალანტები“, - წერს ჟურნალი და კინოს ისეთი ვარსკვლავების გვერდით, როგორებიც არიან ადამ დრაივერი, ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ, უილიამ დეფო, ბილ მიურეი და სხვები, ქართველი მსახიობის, ლევან გელბახიანის პორტრეტსაც აქვეყნებს.

ლევან გელბახიანი მთავარი გმირია ქართულ-შვედური ფილმისა "And Then We Danced", რომელიც კანის ფესტივალზე იყო ნომინირებული.

ფილმის რეჟისორია ლევან აკინი,სტოკჰოლმში დაბადებული შვედი რეჟისორი ქართული წარმოშობით, რომლისთვისაც ეს პირველი სარეჟისორო ნამუშევარი არ არის. ლევანის მშობლები შვედეთში საცხოვრებლად გასული საუკუნის 70-იან წლებში წავიდნენ.

ზელენსკი აშშ-ს მადლობას უხდის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს მადლობა გადაუხადა წამყვანი როლისათვის, რომელსაც ეს ქვეყანა ასრულებს ძალისხმევაში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

20 მაისს პრეზიდენტად ინაუგურაციაზე აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრისას, ზელენსკიმ აშშ-ს უწოდა უკრაინის „მძლავრი და ძალიან სერიოზული პარტნიორი, უწინარეს ყოვლისა, რუსეთის აგრესიის დასაძლევად“. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინა საკუთარი ძალებით ვერ შეძლებს დონბასსა და ყირიმში რუსეთის აგრესიასთან გამკლავებას: „ამიტომ თქვენი დახმარება გვჭირდება. მსურს მოგიწოდოთ, რომ აშშ-მა გააგრძელოს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება“.

ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა უკრაინაში „გამჭვირვალე, ღია და დემოკრატიული რეფორმების“ ჩასატარებლად.

იმავე დღეს ზელენსკიმ ევროკომისიის პრეზიდენტის მოადგილე მაროშ შეფჩოვიჩთან შეხვედრისას გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირი გააგრძელებს სანქციებით ზეწოლას რუსეთზე.

ლადო კახაძე მთაწმინდელებს: მადლობა მხარდაჭერის და შეწუხებისთვის

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობისთვის მებრძოლი „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლადო კახაძე მთაწმინდელებს მადლობას უხდის და მოუწოდებს, მეორე ტურში დაირაზმნონ, რათა „გაორმაგებული“ შედეგი მიიღონ.

„ჩემო ძვირფასო მთაწმინდელებო, მინდა მადლობის მერე, კიდევ ერთხელ შემოგთავაზოთ ბრძოლის ველზე გამოსვლა, ბრძოლისა, რომელიც წასაგებად არ არის, მოსაგებადაა და ეს მოგება სრულიად საქართველოს მკვიდრთ და მათი ღირსეული დედაქალაქის და დედაქალაქში გამორჩეული მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საამაყოდ გექნებათ“.

კახაძის განცხადებით, უცვლელია მთაწმინდასთან დაკავშირებული მისი მისი გეგმები და დაპირებები:

ეს არის ძველი ავარიული სახლების გამაგრება, რეაბილიტაცია, ეს არის ისტორიული კუთვნილების ობიექტების გაკეთილშობილება, უსაფრთხოების დაცვის პრინციპიდან გამომდინარე მისი რეალიზაცია, სწორი ორიენტაცია და ამ კუთხით მისი, როგორც საკუთრების გაზრდა თითოეული მოსახლისათვის, ტურისტულ პოტენციალში სწორად მოაზრება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა“, - აცხადებს ლადო კახაძე.

ცესკოს ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, მთაწმინდის 31-ივე უბნის მონაცემების თანახმად, 19 მაისის არჩევნებში კახაძემ მიიღო ხმების 41%, ხოლო შავგულიძემ 36,83%.

რომან გოცირიძე ლარის კურსის ვარდნას არჩევნების დასრულებას უკავშირებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის რომან გოცირიძის შეფასებით, არჩევნებამდე ხელისუფლება ლარის კურსის „ხელოვნურად დაჭერას“ ცდილობდა.

„მერამდენეჯერ მეორდება ერთი და იგივე სურათი. არჩევნების დამთავრებისთანავე ლარის კურსი მკვეთრად ეცემა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ხელისუფლება, მთავრობა და ეროვნული ბანკი წინასწარ, წინასაარჩევნოდ ყველა მეთოდით ცდილობენ, მათ შორის ბანკებზე ზემოქმედების გზით ლარის კურსის ხელოვნურად დაჭერას“ - განაცხადა რომან გიცირიძემ.

მისივე თქმით, „სასწრაფოდ უნდა გადაიხედოს ქვეყნის ბიუჯეტი, რომელიც იხარჯება არარაციონალურად, იფლანგება და იპარავენ უამრავ ფულს.“

დღეს, ეროვნული ვალუტის, ლარის კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებით ერთბაშად გაუფასურდა სულ მცირე სამი თეთრით და 2.77-დან 2.80-მდე მერყეობს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებში. კომერციულ ბანკებში ამერიკული დოლარის ფასი 2 ლარს და 80 თეთრს აჭარბებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ამ დროისთვის მოქმედი კურსი 2.7470-ია. 22 მაისისთვის ოფიციალურ კურსს ეროვნული ბანკი საღამოს 5 საათისთვის დაადგენს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG