Accessibility links

ახალი ამბები

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიისას

ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა თუშეთის გზაზე მომხდარი ავარიისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ფშაველი-ომალოს მე-18 კმ-ზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო. ინფორმაციას შსს ავრცელებს:

„სავარაუდოდ, ავტომობილის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა ხევში. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ავტომობილის მგზავრი 1984 წელს დაბადებული მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე.

აღნიშნული ავტომობილის მძღოლი, ასევე საქართველოს მოქალაქე კი დაშავებულია, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში“.

ადგილზე იმყოფებიან პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ნინო ლომჯარია: მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქო მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას

„მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქო თავის განცხადებაში მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას“, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია „თბილისი პრაიდის“ გამართვასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებას.

სახალხო დამცველი მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, რომ დაიცვან და პატივი სცენ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები.

პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქოს განცხადებაში საპატრიარქო მხარს არ უჭერს და ემიჯნება ძალადობას. მნიშვნელოვანია ყველა შევთანხმდეთ, რომ საზოგადოებაში რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული აზრი, ძალადობას არ უნდა ჰქონდეს ადგილი. რაც შეეხება ჩემს პოზიციას, რა თქმა უნდა პატივი უნდა ვცეთ, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციას, რომელიც ამ ქვეყანაში უზენაესი კანონია, სადაც წერია, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანს, განურჩევლად მათი მსოფლმხედველობისა თუ ღირებულებისა და სხვადახვა ჯგუფებისადმი კუთვნილებისა, აქვთ უფლება მშვიდობიანი ფორმით შეიკრიბონ ღია ცის ქვეშ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია. მე მოვუწოდებ ყველას, თითოეულ მოქალაქეს, ასევე სამართალდამცველებს, რომ დავიცვათ და პატივი ვცეთ სხვა ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი ხედვები ჩვენთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი გამოხატვის თავისუფლება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოს საპატრიარქომ 14 ივნისს გაავრცელა განცხადება ლგბტქი პრაიდთან დაკავშირებით და მოუწოდა ხელისუფლებას, მათ შორის სახალხო დამცველსაც, „გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და არ წაახალისონ ქვეყანაში მსგავსი აქტივობები.

ამასთან, საპატრიარქო განმარტავს, რომ მათთვის მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა და მას ემიჯნებიან.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა დღევანდელი აქციის შესახებ შსს-ს შეატყობინეს

„თბილისიპრაიდის“ ორგანიზატორებმა დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საქმის კურსი ჩააყენეს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მათ სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს კანცელარიასთან დაგეგმილი აქციის თაობაზე წერილობით აცნობეს.

როგორც აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორი მარი კვარაცხელია ეუბნება რადიო თავისუფლებას დროა პარლამენტის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა გამოხატონ თავისი პოზიცია, იმასთან დაკავშირებით „მნიშვნელოვანია თუ არა მათთვის თანასწრობა. ახლა თავშეკავების დრო მართლა აღარ არის .“

აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

„თბილისი პრაიდის“ მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების პირველ პირებს გააკეთონ განცხადებები „თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე:

„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რესპუბლიკური პარტია ეხმაურება საპატრიარქოს განცხადებას „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით

საქართველოს რესპუბლიკური პარტია ეხმაურება განცხადებას „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით, რომელიც საპატრიარქომ 14 ივნისს გაავრცელა. საპატრიარქომ მოუწოდა ხელისუფლებას არ დაუშვას ქვიარ თემის მიერ 18-23 ივნისს დაგეგმილი პრაიდის ჩატარება.

რესპუბლიკური პარტიის განცხადებით, საპატრიარქოს მოწოდება არის პირდაპირი დადასტურება ძალადობის, ჩაგვრისა და ადამიანის დევნის. ამასთანავე, საპატრიარქო ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას, რომელიც არის (უნდა იყოს) კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის გარანტი:

„განცხადების უკან მდგომი ცალკეული “ტაბურეტკიანი” სასულიერო პირები სეკულარული სახელმწიფოსთვის სრულიად დაუშვებელი ფორმებით ცდილობენ მიითვისონ ის ფუნქციები, რაც სასულიერო ხელისუფლებას არ ეკუთვნის, არ ეკუთვნოდა და არც მიეკუთვნება არასოდეს.

დღეს, როგორც არასდროს, ხელისუფლებას, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს, აკისრია პასუხისმგებლობა იმოქმედოს კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტით, უზრუნველეყოს ლგბტქ ადამიანების მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება, რადგან სახელმწიფოს, რომელიც ვერ იცავს მოქალაქეთა ერთ ჯგუფს, ვერასოდეს ექნება პრეტენზია იმაზე, რომ მას საერთოდ შესწევს უნარი დაიცვას ადამიანის უფლებები, ჰქონდეს პრეტენზია იყოს ცივილიზებული ევროპული ოჯახის წევრი, იყოს ღირსეული პარტნიორი ჩვენი ქვეყნის მოკავშირე სახელმწიფოების.

ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და პოლიტიკური პარტიის ლიდერებს გააკეთონ მკაფიო განცხaდებები, რომელიც მკაცრ პასუხს გასცემს საპატრიარქოს, მსოფლიოს და ჩვენს საზოგადოებას აჩვენებს მზაობას თითოეული ადამიანის უფლების დაცვის. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო ამ საკითხშიც გახდება აშშ პარტნიორი და შეურთდება დონალდ ტრამპის კამპანიას, რომლის მიზანია მთელს მსოფლიოში ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა“, - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები მთავრობის კანცელარიასთან აქციას გამართავენ

აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში პრაიდის ჩატარება.

„თბილისი პრაიდის“ მონაწილეები მიმართავენ ხელისუფლების პირველ პირებს გააკეთონ განცხადებები „თბილისი პრაიდის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებზე:

„მივმართავთ ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ფიგურებს, პოლიტიკოსებს, ყველას, ვისთვისაც ღირსება, თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია, მოხვიდეთ დღეს და დადგეთ ჩვენს გვერდით მთავრობის კანცელარიის წინ.

31 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო ვერ დაიცავს თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილ ღირსების მარშს. დღეს, 14 ივნისს საქართველოს საპატრიარქომ გააკეთა სიძულვილის შემცველი და ძალადობის წამახალისებელი განცხადება, რომლითაც მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას მშვიდობიანი და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიმართული მსვლელობა.

თბილისი პრაიდის ორგანიზატორები და აქტივისტები, დავრჩებით მთავრობის კანცელარიის წინ იქამდე ვიდრე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია და ირაკლი კობახიძე არ გამოვლენ და საჯაროდ არ გააკეთებენ განცხადებებს თბილისი პრაიდის გარშემო მიმდინარე მოვლენების შესახებ.

დროა და გადამწყვეტია დაფიქსირდეს სად დგას დღეს ჩვენი სახელმწიფო და რა ღირებულებებს ემსახურება“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლო 2020 წლის 24 თებერვალს გაიმართება

WikiLeaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის საკითხზე სასამართლოს სხდომა 2020 წლის 24 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ პარასკევს განაცხადა მოსამართლემ ლონდონის ვესტმინსტერის მაგისტრატის სასამართლოს საპროცედურო სხდომაზე.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ხელი მოაწერა ასანჟის აშშ-ში ექსტრადიციის ნებართვას. მასში WikiLeaks-ის დამაარსებელს წარდგენილი აქვს 17 ბრალდება, მათგან მთავარია ავღანეთისა და ერაყის ომების თაობაზე საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნება. აშშ-ში პროკურორები მას ბრალს სდებენ იმაში, რომ ის ყოფილ სამხედრო მოსამსახურეს, ჩელსი მენინგს პენტაგონის კომპიუტერებში შეღწევაში დაეხმარა.

ასანჟი 2012 წლიდან ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებდა თავს და ემალებოდა აშშ-ისა და შვედეთის მართლმსაჯულებას. შვედეთში ის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. 2019 წლის აპრილში ეკვადორმა ასანჟს შეუწყვიტა დიპლომატიური თავშესაფრის უფლება. ბრიტანეთის პოლიციამ დააკავა ის. ამის შემდეგ მალე ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟს 50 კვირით პატიმრობა მიუსაჯა გირაოთი განთავისუფლების პირობების დარღვევისთვის.

მაშველ ქალებზე სექსისტური პოსტის გამო ბათუმის საკრებულოს წევრს ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს

მაშველ ქალებზე დისკრიმინაციული და სექსისტური კომენტარის გამო ბათუმის საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს.

„ზატო ხელოვნური სუნთქვა ეცოდინებათ“, - ასე გამოეხმაურა ის 13 ივნისს, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას პირველი მაშველი ქალების შესახებ, რომლებიც სანაპირო ზოლზე მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი განვითარების აკადემიის“ პროგრამების ხელმძღვანელი, რომა დოლაბერიძე, 14 ივნისს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მაშველი ქალების მიმართ საკრებულოს წევრის მიერ გავრცელებული სექსისტური და დისკრიმინაციული კომენტარის გასაპროტესტებლად მივიდა. მან სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლება რამდენჯერმე ითხოვა, თუმცა საკრებულოს თავმჯდომარემ ამის საშუალება არ მისცა.

„მინდოდა გამეკეთებინა განცხადება, შეკითხვები დამესვა, მაგრამ თავმჯდომარემ არ მომცა ამის საშუალება, მიუხედავად დაპირებისა. საკრებულოს წევრებს მოვუწოდებ, შეწყვიტონ ასეთი ქმედებები, ეს არის ქალთა დისკრედიტაცია. პირიქით, მათ უნდა იბრძოლონ იმისათვის, რომ გაძლიერდნენ ქალები, არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება, მაშველი იქნება ის თუ სხვა. საკრებულოს სხდომაზე მოვითხოვე ბატონ ნოდარ დუმბაძეს საჯაროდ მოეხადა ბოდიში და ამავე საკრებულოს წევრის ბატონ ომახ მახარაძეს, რომელიც ეჭვმიტანილია სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში, მოვუწოდე დაეტოვებინა საკრებულოს წევრის მანდატი​“.

საკრებულოს წევრი, ნოდარ დუმბაძე ამბობს, რომ ამ კომენტარით ის ირონიულად გამოეხმაურა იმ ადამიანებს, რომლებიც მაშველებს დასცინოდნენ. ნოდარ დუმბაძე არ ფიქრობს, რომ ასეთი კომენტარი საკრებულოს წევრისგან შეურაცხმყოფელია ან დისკრიმინაციის წამახალისებელია: „ამ შედეგზე არ მიფიქრია ნამდვილად, რადგან არც მიგულისხმია, რომ რაღაც დისკრიმინაციული განცხადება გამეკეთებინა“.

13 ივნისს, მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია და ფოტოები სანაპირო ზოლზე ქალი მაშველების გამოჩენის შესახებ, სოციალურ ქსელში დაიწერა არაერთი სექსისტური და დისკრიმინაციული პოსტი ქალების შესახებ. სოციალური ქსელის მომხმარებლები არჩევნდნენ, როგორც ქალების ვიზუალურ მხარეს, ისე მათ პროფესიონალიზმს.

რუსეთმა თავისი პასპორტების გაცემა დაიწყო აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში

რუსეთმა დაიწყო რუსული პასპორტების გაცემა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მაცხოვრებლებისთვის. ამის შესახებ „ერბეკა“ იტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით.

გამოცემის თანახმად, პასპორტების გაცემა ხორციელდება ორ დროებით საკონტროლო-გამშვებ პუნქტში რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ პუნქტებზეა ლაპარაკი.

მოცემულ მომენტში მოწონებულია ათასზე მეტი განაცხადი ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან, იტყობინება „ერბეკას“ წყარო. მისი ცნობით, რუსეთის პასპორტები უკვე ითხოვა 12 ათასმა ადამიანმა, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრობს რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 24 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელმაც გააადვილა რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ მაცხოვრებლებისთვის. კრემლის ოფიციალური პოზიციის მიხედვით, პასპორტების გაცემა ხდება ჰუმანიტარული მიზნებით და ადამიანის უფლებების დასაცავად.

უკრაინის ხელისუფლება უკანონოდ ცნობს რუსეთის პასპორტებს, რომლებიც გაიცემა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მოსახლეობაზე. თავის მხრივ, ევროკავშირმა შესაძლოა ბათილად ცნოს დოკუმენტები, რომლებიც ახალი, გამარტივებული პროცედურით გაიცემა. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს.

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მყოფ სამაშველო ბრიგადებთან დაკავშირება ვერ ხერხდება

უცნობია, რამდენი ადამიანი იმყოფებოდა თუშეთში სიმაღლიდან გადავარდნილ ავტომობილში, აცხადებს კახეთის გუბერნატორი, ირაკლი ქადაგიშვილი. უცნობია დაშავებუთა შესახებ ინფორმაციაც.

შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ბრიგადებთან დაკავშირება, მობილური კავშირის არ არსებობის გამო, ჯერ ვერ ხერხდება.

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. იუწყებიან, რომ მე-18 კილომეტრზე მანქანა გადავარდა, რომელსაც სავარაუდოდ ტურისტები გადაჰყავდა.

თუშეთის გზაზე მანქანა გადავარდა, რომელშიც სავარაუდოდ ტურისტები იმყოფებოდნენ

თუშეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. იუწყებიან, რომ მე-18 კილომეტრზე მანქანა გადავარდა, რომელსაც სავარაუდოდ ტურისტები გადაჰყავდა.

ადგილზე ამ წუთებში სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები მიემგზავრებიან.

შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები.

რადიო თავისუფლება დეტალებს აზუსტებს.

"გირჩის" თანახმად, ის სიტყვის თავისუფლების გადასარჩენად ბრძოლას იწყებს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“ ეხმაურება განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარისა და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 13 ივნისის განცხადებას სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

„გირჩი“ თვლის, რომ მსგავსი რეგულაციები ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის და მის დასაცავად ქმნის საიტებს dedistraki.com და mamistraki.com.

„გირჩის“ მიერ რეგისტრირებულ მისამართებზე იხსნება wordpress-ზე შექმნილი ბლოგი, რომელზეც ჯერჯერობით მხოლოდ ერთი, სტანდარტული მისასალმებელი პოსტია განთავსებული, Hello World, რომელსაც თავად wordpress სთავაზობს მომხმარებელს ახალი ბლოგის რეგისტრაციისას.

„ჩვენთვის სიტყვის თავისუფლება არის არა უბრალოდ ერთ-ერთი უფლება, არამედ მექანიზმი რომლითაც ადამიანები ვარკვევთ სწორსა და არასწორს, ტყუილსა და მართალს... უკანასკნელ პერიოდში სწორედ სიტყვის თავისუფლება დადგა საფრთხის ქვეშ. მას ერჩის საპატრიარქო, პრეზიდენტი, პარლამენტის სპიკერი, ოცნების პარლამენტარები, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და სხვები. ცილისწამების, შეურაცხყოფისა თუ ე.წ. "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფის დაუშვებლობაზე აპელირებით, ვიღაცეებს განზრახული აქვთ შეზღუდონ სიტყვის თავისუფლება.

ჩვენს საკუთრებაში არსებულ დომენებზე www.dedistraki.com და www.mamistraki.com რამდენიმე დღეში გაეშვება სპეციალური ვებგვერდი, რომელზეც ჩვენ განვათავსებთ იმ ადამიანების სიას, ვინც გამოდიან ინიციატივით ან რაიმე ფორმით მხარს უჭერენ სიტყვის თავისუფლებაზე სახელმწიფო ცენზურის დაწესებას. იქვე იქნება განთავსებული შესაბამისი ციტატები, რომლებითაც დადასტურდება მათი მსგავსი ზრახვები“, - ნათქვამია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადების თანახმად, სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით, 2019 წლის 1 ივლისამდე, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები უნდა შევიდეს.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის: დაუშვებელია მაუწყებლობის თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხების რეგულირებაში გადატანა

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის დაუშვებლად მიიჩნევს მაუწყებლობის იმ საკითხების რეგულირების ნაწილში გადატანას, რომლებიც თვითრეგულირებას მიეკუთვნება.

კოალიციის განცხადებით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში.

ამით შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება, რაც გამოხატვის თავისუფლებლის თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს ქმნის.

„2019 წლის 13 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით 2019 წლის 1 ივლისამდე მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

აღნიშნულის საფუძვლად კი მითითებულია საქართველოს ვალდებულება აუდიოვიზუალური მედია დირექტივის იმპლემენტაციის თაობაზე“, - წერს კოალიცია.

კოალიციის თანახმად, კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს.

ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით.

„ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს. შემოთავაზებული ცვლილებებით სწორედ ის მუხლი ბრუნდება რეგულირებაში, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია იმედს მაუწყებლობა შეუჩერდა.

აღსანიშნავია, რომ სიძულვილის ენის დარეგულირება მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში არ ხდება. თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, დღესაც არსებობს სამართლებრივი მექანიზმები (მათ შორის მაუწყებლების წინააღმდეგ) - სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლები“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის 2009 წლის 10 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებაზეც მიუთითებს. სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევად არ ჩათვალა ის, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებები სასამართლოში არ საჩივრდებოდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა საფრთხეები გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, თუკი მაუწყებლის მიერ კანონით განსაზღვრული ქცევის წესების დაცვაში სასამართლო ან ხელისუფლების სხვა ორგანო ჩაერეოდა და 2010 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში განაცხადა:

„გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ ამ უფლებების სრულყოფილი განხორციელებისთვის მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიები არ კმარა, საჭიროა, რომ თავად საზოგადოება იყოს შემწყნარებელი ინდივიდის უფლებისადმი, თავისუფლად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი აზრი.

დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად.

დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.

მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.“

მისასალმებელია, რომ კომისია ცდილობს შემცირდეს სიძულვილის ენის, შუღლის გაღვივების თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის სამაუწყებლო ეთერში გაშვება, თუმცა კანონპროექტით პრობლემის მოგვარების არასწორი გზა არის შერჩეული.

დირექტივა წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტოს საკითხი გადაწყვეტილი უნდა იყოს რეგულირების თუ თვითრეგულირების ფარგლებში“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ რეგულირების ნაცვლად აუცილებელია გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი.

„კოალიციას დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი ფორმით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული. მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სხვა ბერკეტები სიძულვილის ენასთან საბრძოლველად და მისი ჯეროვანი გამოყენება არ ხდება.

ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ ითხოვს ტელევიზიისა და რადიოს მიერ მაუწყებლობის ქცევის წესების დაცვაზე სასამართლო კონტროლის არსებობას.

მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ მოახდინოს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესებში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ზესტაფონსა და ხარაგაულში სტიქიის შედეგად სოფლები დაზიანდა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიანაულში 13 ივნისს, გვიან საღამოს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ნათესი კულტურა, ვაზი, გზა და სანიაღვრე სისტემები გაანადგურა.

ზესტაფონის მერიაში შექმილი საგანგებო კომისიის წევრები ამბობენ, რომ ზარალის მოცულობა დადგენის პროცესშია, რადგან ჯერ დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი უკვე დათვალეს ხარაგაულში და ის 4 მილიონ ლარს აჭარბებს. 7 და 12 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ ხარაგაულის რამდენიმე სოფელი დააზიანა. დღეს დილიდან, ანეულაში ზვარე-მოლითი-წიფას დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენითი სამუშაოები განახლდა.

ქვა-ღორღისგან და შლამისგან უკვე გაიწმინდა სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ საბეს ცენტრალური და საუბნო გზები. აღსადგენია სოფელ ანიულას ბონდის ხიდი და დიდვაკის ქარხნის უბანში გარდამავალი საავტომობილო ხიდი, რომელიც ადიდებულმა ჩხერიმელამ მწყობრიდან გამოიყვანა.

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე დაგმეს ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. არჩევნები

ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს ინიციატივით იმსჯელეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებული ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ ეუთოს მუდმივი საბჭოს წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ე.წ. საპარლამენტო არჩევნების შესახებ და განაცხადა, რომ საოკუპაციო რეჟიმის ეს ქმედება უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ნებისმიერი ე.წ. არჩევნები უკანონოა და ვერ წარმოშობს ვერანაირ სამართლებრივ შედეგს, რადგან ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს.

თბილისი ე.წ. არჩევნებს აფასებს ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდის, ოკუპაციისა და საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობად რუსეთისა და ცხინვალში მისი საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის, აზერბაიჯანის, უკრაინის და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა არაფორმალური ჯგუფის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის 28 ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებას შეუერთდნენ ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ანდორა, სან-მარინო, მოლდოვა, მონტენეგრო და ისლანდია.

საქართველოს მხარდამჭერთა პოზიციით, უკანონო, ე.წ. არჩევნების ჩატარების მსგავსი ქმედებები აფერხებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესს.

ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

ევროკავშირის წარმომადგენელმა რუსეთს მოუწოდა, დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც ეს გათვალისწინებულია მისიის მანდატით.

კანადის დელეგაცია მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს რეგიონებიდან დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ რეზოლუციის მიღებას და აღნიშნა, რომ კანადა გახდა ამ რეზოლუციის თანასპონსორი.

უკრაინის დელეგაციამ დაგმო ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და ეთნიკური წმენდის ლეგიტიმაციის მცდელობა ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ. უკრაინის დელეგაცია მიესალმა კონფლიქტის მოგვარებისა და დეოკუპაციისკენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

ტრანსგენდერი ქალები ღირსების მარშს არ შეუერთდებიან

გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვა

„ჩვენ ამ ქვეყანაში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალები ვაცხადებთ,რომ არ ვუერთდებით წლევანდელი თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებულ ღირსების მარშს. ამავდროულად მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვთ ივნისის თვეში ჩვენზე გახშირებული თავდასხმების გამო დაუყოვნებლივ მიიღოთ ზომები“, - აღნიშნულია ტრანსგენდერი თემის წევრების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც მედიას გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვამ გააცნო. განცხადების თანახმად, ბოლო დროს ტრანსგენდერ ქალებზე აგრესია კიდევ უფრო გაიზარდა. ეს, თემის წევრების აზრით, თბილისი პრაიდის დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.

„2013 წლის 17 მაისის შემდეგ მივიჩნევთ, რომ მაისის თვეში თავდასხმების რაოდენობა თემის წევრებზე საგრძნობლად იზრდება და ამისთვის ყოველთვის მზად ვიყავით. მაგრამ პრაიდის დაანონსების შემდეგ თავდასხმებმა სექს-სამუშაოში ჩართულ ტრანსგენდერ ქალებზე სისტემატიური ხასიათი მიიღო.

პატივს ვცემთ ორგანიზატორების სულისკვეთებას, ლგბტქ აქტივისტებთან ერთად ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩართულნი უთანასწორობასთან ბრძოლაში, ყოველთვის ვიდექით და დავდგებით ამ ადამიანების გვერდით, ვინც იბრძვის თემის ხილვადობის გაზრდისა და მისი უფლებების დასაცავად, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ ვთვლით,რომ პრაიდზე გასვლა თუ არ გასვლა ვერ შეგვიმსუბუქებს იმ რთულ მდგომარეობასა და დაუცველობის შეგრძნებას, რომლებიც ჩვენ დღეს გვაქვს.“- აღნიშნულია განცხადებაში.

ტრანსგენდერი ქალები პატივისცემას გამოხატავენ ლგბტქ თემის ყველა იმ წევრის მიმართ, რომლებიც ღიად უჭერენ მხარს პრაიდს. თუმცა აღნიშნავენ იმასაც, რომ პრაიდის დაანონსებამდე არავის უკითხავს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფის აზრი.

ჰასან როჰანი: აშშ-ის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას

ჰასან როჰანი შანხაის სამიტზე გამოსვლისას. ბიშკეკი, 2019 წ. 14 ივნისი.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში იმართება, განაცხადა, რომ აშშ-ის მოქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას. როჰანიმ ეს კომენტარი გააკეთა 14 ივნისს, ერთ დღეში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებიდან, რომელმაც ირანს დასდო ბრალი ომანის ყურეში იაპონიისა და ნორვეგიის ნავთობის ტანკერებზე თავდასხმაში. გემებს აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ესკორტი ახლდა თან.

ირანი უარყოფს თავდასხმებთან რაიმე კავშირს. თავის გამოსვლაში როჰანის არ უხსენებია 13 ივნისის თავდასხმები. მაგრამ სამიტზე მან განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი პასუხისმგებელია „უნილატერალიზმის ჭირისთვის“, რაც როგორც არასდროს, ისე უქმნის საფრთხეს საერთაშორისო თანამეგობრობას.

შეეხო რა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ გარიგებიდან აშშ-ის გასვლას, როჰანიმ თქვა, რომ ირანი კვლავაც პატივს სცემს ამ შეთანხმებას.

ჩინეთის სახელმწიფო მედიას მოჰყავს პრეზიდენტ სი ძინპინის სიტყვები იმის თაობაზე, რომ პეკინი განავითარებს ირანთან ურთიერთობებს მიუხედავად იმისა, როგორ შეიცვლება საერთაშორისო ვითარება.

ბიშკეკის სამიტში მონაწილეობენ რუსეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ინდოეთი და პაკისტანი. სამიტს დამკვირვებელთა სტატუსით ესწრებიან ავღანეთის, ბელარუსის, ირანისა და მონღოლეთის ლიდერები.

შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალზე დასაქმებული გაფიცული მუშები თბილისში ჩასვლას გეგმავენ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირულაში, შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ 50-მდე დასაქმებული, შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მეხუთე დღეა გაფიცვას აგრძელებს.

გაფიცულები შროშა-ძირულას საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე რამდენიმე თვეა არიან დასაქმებულნი და ამბობენ, რომ თუ მათ პროტესტს შესაბამისი რეაგირება არ მოჰყვება, თბილისში კომპანიის ოფისთან ჩავლენ და აქციებს გამართავენ აქციებს.

გაფიცულები ხელფასების მომატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა ერთ-ერთმა გაფიცულმა, ფრიდონ ბახტიძემ, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპანიის ადმინისტრაციის წარმომადგენელები არ მიდიან მოლაპარაკებებზე არც გაფიცულებთან და არც პროფკავშირებთან:

„როგრც ვხვდებით, ცდილობენ დროის გაყვანას და საერთოდ არ აპირებენ ჩვენი მოთხოვნების შესრულებას. ყოველდღიურად 8 საათიან სამუშაოში 17, 5 ლარი გამოგვდის ხელზე ასაღები ხელფასი, რაც ძალიან ცოტაა იმ სამუშაოსთვის, რასაც ჩვენ ფიზიკურად ვასრულებთ და პროდუქტების გაძვირების ფონზე, ამ თანხით თავის და ოჯახების რჩენა გვიჭირს. სამუშაო ადგილზე არ გვაქვს ელემენტარული პირობები, სუფთა წყალი, ტუალეტი, საჭმლის ჭამა სილაში რომ არ მოგვიწიოს, საჭმელად მდინარის პირას ჩავდივართ. არ გვაქვს სპეციალური სამოსი, ლურსმნები გვერჭობა ფეხებში, რადგან არ გვაძლევენ სპეციალურ ფეხსაცმელს და ბიჭები კედებით ვმუშაობთ. ვითხოვთ ხელფასის გაზრდას 8 საათიან სამუშაო დროში 30 ლარამდე და ნორმალური სამუშაო პირობების შექმნას“.

ფრიდონ ბახტიძის თქმით, მაისის თვის ხელფასი თითქმის ყველა დასაქმებულს დანაკლისით ჩაერიცხა: „მე ჩემი გამოანგარიშებით, 350 ლარი უნდა ამეღო და 150 დამაკლეს, შემდეგ მივედი უფროსებთან, ბუღალტერთან, განმეორებით დაიანგარიშეს და ხელზე მომცეს ის თანხა, რაც დამაკლდა, ასე იყო ყველა. ყველას დააკლდა და განმეორებით ვაანგარიშებინეთ. რა გახდა 50-მდე მუშის ხელფასის დაანგარიშება?! ყველა თვეში იგივე მეორდება“.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წარმომადგენლის ილია ლეჟავას ინფორმაციით, არაერთი მცდელობის მიუხედავად შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ წარმომადგენელები პროფკავშირებთან, როგორც გაფიცულთა ინტერესების დამცველებთან, მოლაპარაკებაზე ამ დრომდე არ მიდიან:

„დღეს კიდევ ერთხელ ვეცდებით კომპანიის თბილისში მდებარე ოფისში მისვლას და მის წარმომადგენლებთან შეხვედრას და თუ მცდელობამ სასურველი შედეგი არ გამოიღო, საინიციატივო ჯგუფი პროტესტის სხვა ფორმებს მიმართავს“, - ამბობს ილია ლეჟავა.

სოფელ ძირულაში, შპს „ჩინეთის გზებისა და ხიდების კორპორაციის საქართველოს ფილიალის“ 50-მდე დასაქმებულმა სამუშაოს შესრულებაზე უარი 10 ივნისს განაცხადა.

საპატრიარქო მოუწოდებს ხელისუფლებას არ დაუშვას „თბილისი პრაიდის“ ჩატარება

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს „თბილისი პრაიდის“ კვირეულთან დაკავშირებით, რომელიც 18-23 ივნისსაა დაგეგმილი.

საპატრიარქო აცხადებს, რომ მათ მიუღებლად მიაჩნიათ ე.წ. გეი-პრაიდის თბილისში ჩატარება:

„ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად, ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები, უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას“, - წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრაიდი თბილისში პირველად გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის თეატრალური წარმოდგენა, კონფერენცია და ღირსების მარში.

ახალი ზელანდიის მეჩეთებში 51 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირი თავს უდანაშაულოდ ცნობს

ავსტრალიის მოქალაქე ბრენტონ ტარანტი, რომელიც ბრალდებულია ახალი ზელანდიაში, ქალაქ კრაისტჩერჩის ორ მეჩეთში 51 ადამიანის მკვლელობაში, თავს უდანაშაულოდ ცნობს.

15 მარტის თავდასხმებთან დაკავშირებით, მას წაყენებული აქვს 40 შემთხვევაში მკვლელობის მცდელობისა და ტერორიზმის ბრალდებებიც.

28 წლის ტარანტი სასამართლოში გამოჩნდა ვიდეოჩართვით ქალაქ ოკლენდის მკაცრი რეჟიმის საპატიმროდან.

სხდომის მსვლელობაში მოსამართლემ გამოაცხადა, რომ ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ორი დასკვნის თანახმად, მას არაფერი უშლის ხელს სასამართლო პროცესში მონაწილეობაში.

კრაისტჩერჩის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესი 2020 წლის 4 მაისს დაიწყება.სასამართლო პროცესი.

საქართველოს მოქალაქე პარლამენტისგან ითხოვდა პოლიციის ხელმძღვანელთა პირდაპირ არჩევნებს

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მოქალაქე მზია ჯღარკავას საკანონმდებლო წინადადებას, რომლის თანახმად, ამომრჩევლებს პირდაპირი წესით უნდა აერჩიათ პოლიციის სისტემის ხელმძღვანელი პირები.

ინიციატორის პოზიციით, „ხალხს უნდა ჰქონდეს უფლება განახორციელოს კონსტიტუციით გარანტირებული ძალაუფლება უშუალო დემოკრატიის ფორმით პოლიციაზე.“

წინადადების ავტორს ხალხის მიერ პირდაპირი წესით პოლიციის უფროსების არჩევის მაგალითად მოჰყავდა ამერიკელი შერიფები.

მოქალაქე მზია ჯღარკავას საპასუხოდ პარლამენტში განმარტეს, რომ მსგავსი ინიციატივა უკავშირდება მნიშვნელოვან ცვლილებებს სახელმწიფო ბიუჯეტშიც, შესაბამისად, არასაკმარისადაა დასაბუთებული, რატომ უნდა განხორციელდეს მსგავსი მასშტაბური ცვლილება და ამასთან, პროცედურული წინააღმდეგობაც არსებობს, რადგან ბიუჯეტში ცვლილების გადაწყვეტილება პარლამენტმა მთავრობასთან შეთანხმებით უნდა მიიღოს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მსოფლიოში არსებობს რამდენიმე ქვეყანა, სადაც შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებში გარკვეული პირები აირჩევიან, თუმცა, ამას ცალკე ანალიზი სჭირდება და ამ ეტაპზე საკითხის ამ ფორმით განხილვის საჭიროება არ დგას.

ანრი ოხანაშვილის თქმით, საპოლიციო სისტემაში პირდაპირი წესით არჩევნები კარდინალურ ცვლილებებს გამოიწვევს, რისთვისაც აუცილებელია სულ სხვაგვარი მიდგომა.

ტრამპი: სარა სანდერსი ტოვებს თეთრი სახლის პრეს-მდივნის პოსტს

ვაშინგტონი, 2019 წლის 13 ივნისი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და სარა სანდერსი (მარჯვნივ) მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ სანდერსი ტოვებს თეთრი სახლის პრეს-მდივნის პოსტს

თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერის ივნისის ბოლოს გადადგება ამ პოსტიდან.

ამის შესახებ ტვიტერში დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც აქებს სანდერსს და გამოთქვამს იმედს, რომ ის თავის კანდიდატურას წამოაყენებს არკანზასის შტატის გუბერნტორის არჩევნებზე.

ტრამპს არ უთქვამს, ვინ შეცვლის სანდერსს პრეს-მდივნის თანამდებობაზე.

სანდერსი მიჩნეულია პრეზიდენტის ერთ-ერთ უახლოეს მრჩევლად და ნდობით აღჭურვილ პირად.

ის 2017 წლის ზაფხულიდან მუშაობს თეთრი სახლის პრეს-მდივნად.

ყირგიზეთი მასპინძლობს „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტს

ბიშკეკი, 2019 წლის 13 ივნისი: ყირგიზეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, სორონბაი ჯინბეკოვისა (მარჯვნივ) და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში დაიწყო „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ სამიტი, რომლის მონაწილეთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და ჩინეთის ლიდერი სინ ძინპინი.

ყირგიზეთის, რუსეთისა და ჩინეთის გარდა, ეს ევრაზიული დაჯგუფება აერთიანებს ყაზახეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, ინდოეთსა და პაკისტანს.

პუტინის თანაშემწე იური უშაკოვის განცხადებით, სამიტზე იმსჯელებენ თანამშრომლობის გააქტიურებაზე უსაფრთხოების, ტერორიზმთან და ნარკოტრეფიკინგთან ბრძოლის, ეკონომიკური განვითარების, მრეწველობისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროებში.

უშაკოვის ინფორმაციით, განსახილველ თემებს შორისაა აგრეთვე ვითარება ავღანეთში და ვითარება ირანის ბირთვულ პროგრამაზე 2015 წლის შეთანხმების გარშემო ამ შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ.

სამიტს ესწრებიან „შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის“ დამკვირვებელთა სტატუსის მქონე ავღანეთის, ბელორუსის, ირანისა და მონღოლეთის ლიდერები.

აშშ-ში მომზადდა კანონპროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის საწინააღმდეგო სანქციების შესახებ

2019 წლის 5 ივნისი: გაზსადენ "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მშენებლობა ლენინგრადის ოლქში

ამერიკელი რესპუბლიკელი სენატორების ჯგუფმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს გაზის რუსეთიდან ევროპაში საექსპორტო მილსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის, წინააღმდეგ.

ვაშინგტონის მიზანია, შესუსტდეს ევროპელი მოკავშირეების დამოკიდებულება რუსეთის ენერგორესურსებზე.

კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სავარაუდოდ, დაყოვნდება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა. ამ გაზსადენით იგეგმება ბუნებრივი აირის მიწოდება რუსეთიდან გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით.

კანონპროექტი ითვალისწინებს აშშ-ის სანქბციებს ინდივიდების მიმართ, რომლებიც რუსეთში ინვესტიციებით, აღჭურვილობისა და მომსახურების მიწიდებით ხელს უწყობენ ენერგორესურსების საექსპორტო პროექტებს.

ამ ინფორმაციას შეიცავს კანონპროექტის ასლი, რომელიც სენატს 13 ივნისს წარუდგინა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ჯონ ბარასომ.

რუსეთის გიგანტური სახელმწიფო კომპანია „გაზპრომი“ აშენებს 11 მილიარდ დოლარად ღირებულ მილსადენს, რომლითაც წელიწადში 55 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზი უნდა მიიღოს გერმანიამ, ეკონომიკურად უძლიერესმა ქვეყანამ ევროპაში.

რუსეთმა გასულ კვირაში გამოაცხადა, რომ პროექტს, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დაამთავრებს.

მოწინააღმდეგეები შიშობენ, რომ გაზსადენი კიდევ უფრო გააძლიერებს რუსეთის ენერგორესურსებზე ევროპის დამოკიდებულებას.

"სლავ ხალხთა კონგრესის" წინადადებას პარლამენტში არ დაეთანხმნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ჟურნალისტური გამოძიების სააგენტოს, „დრო და სივრცის,“ „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესის“ და „საქართველოს ანტიფაშისტური კოალიციის“ (თენგიზ ჩხიკვაძე, ლიკა ზახაროვა, რევაზ გოგიძე) მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ.

ინიციატორები წინადადების მიზნად ასახელებდნენ ყოველწლიურად ზრდადი ნარკომანიის, ნარკომოხმარების და ნარკოვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის ამაღლებას.

ამ წინადადების თანახმად, პარლამენტს მთავრობისთვის უნდა დაევალებინა შექმნა სახელმწიფო პროგრამისა, რომელიც ყველა სამედიცინო დაწესებულებას, გარდა ბავშვთა კლინიკებისა, დაავალდებულებდა პოლიციის მიერ ნარკომოხმარების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ნარკომანის საჭირო მკურნალობის დაწყებას. პირის მეორედ მხილების შემთხვევაში, მისი მკურნალობა უნდა გაგრძელებულიყო სპეციალურ დახურულ დაწესებულებაში, მესამედ მხილებას უნდა მოჰყოლოდა პირისთვის ფულადი ჯარიმის დაკისრება და საპატიმრო პირობებში მკურნალობა, ხოლო მეოთხედ მხილების შემთხვევაში, ნარკომომხმარებელი უნდა დასჯილიყო არანაკლებ 10 წლიანი პატიმრობით.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ინიციატორების მიერ წარდგენილი იყო არა კანონპროექტი, არამედ იდეა და ამასთან, საქართველოს პარლამენტში უკვე ინიცირებულია ნარკოპოლიტიკის განმსაზღვრელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ნარკომომხმარებელთა მკურნალობის საკითხსაც. აპარატის განმარტება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გაიზიარა და საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

ამ წინადადების ერთ-ერთი ავტორი, „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნული კონგრესი“ ბოლო წლებია 9 მაისს, ფაშიმზმზე გამარჯვების დღეს, საქართველოშიც მართავს რუსეთში დაარსებული „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას.

მთავრობის ადმინისტრაცია აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მდივანს, მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, პრაღაში, 13 ივნისს გამართული შეხვედრის დასაწყისში, ზურაბ აბაშიძემ ყურადღება გაამახვილა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე.

მათივე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ადგილი აქვს ამ რეგიონების მზარდ მილიტარიზაციას, უხეშად ირღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპები. მოყვანილი იქნა კონკრეტული მაგალითები.

მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადებით თანახმად, შეხვედრისას აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს. გამოითქვა იმედი, რომ ჟენევის ფორმატში შესაძლებელი გახდება ხელშესახები პროგრესის მიღწევა:

„დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკა, სატრანსპორტო კავშირები, გარკვეული ჰუმანიტარული პრობლემები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნულ სფეროებში ჩართული ქართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე.

საუბარი შეეხო „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ” 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციას. კერძოდ, აღინიშნა, რომ მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული შეთანხმების წარმატებით რეალიზაციას. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარე გამუდმებით აყენებს კრიტიკულ კონტექსტში საკითხს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, აბაშიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აღნიშნული ცენტრის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისათვის“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრაღაში, ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG