Accessibility links

ბლოგები

დათოს „კინდლი“ აქვს, ლელას „კინდლ ტაჩი“, რეზოს „იოტა რიდერი“, სალომეს „ნუკი“ და დოდოს კიდევ ჩინური „ჰობაო რიდერი“. შენც გინდა, მაგრამ იტანჯები - არ იცი, რა განსხვავებაა მათ შორის - რომელი ჯობს და საერთოდ, ღირს თუ არა რიდერის შეძენა. ნუ გეშინია. მე აქ ვარ. ჩამკიდე ხელი და გამომყევი რიდერების ჯადოსნურ სამყაროში. დახე, აქ ათასწლოვანი ხეების გარშემო პიქსელები ცეკვავენ, ვირტუალური ჩანჩქერის ტალღები უსწრაფეს დომკრატებად ეცემიან და მისგან გასროლილი მოკისკისე შხეფები ანცად ასველებენ მდინარეში მოლივლივე სამძივარს, მოქუფრულ კლდეზე ჩამომჯდარი უკულტურო დევები კი ჩანგლით შეექცევიან ხინკალს. მეც შორიახლო ვიდგები და გაგათვითცნობიერებ.

1. ღირს თუ არა რიდერის ყიდვა?

თავად გადაწყვიტე. ჯერ, თუ „აიპედი“ ან ანდროიდის რამე პლანშეტი გაქვს და ზედ კომფორტულად კითხულობ და თვალს არ გიღლის, მაშინ, ალბათ არ ღირს. თუ წელიწადში ორ-სამ წიგნს კითხულობ, არც მაშინ ღირს.

თუ არც ინგლისური იცი და არც რუსული ისე, რომ წიგნი წაიკითხო, მაშინ ჯერ ვერაფერს გირჩევ, ცოტა ქვემოთ იქნება ნახო პასუხი.

თუ თვეში ერთ ან მეტ წიგნს მაინც კითხულობ, თუ გინდა, რომ წიგნი (ან ასობით წიგნი) მუდამ ჯიბეში გედოს, მაშინ მაგაზე უკეთესს ვერაფერს იყიდი.

2. ვთქვათ, მინდა ყიდვა. რა უნდა ვიცოდე?

პირველ რიგში ის, რომ რიდერები წიგნის კითხვის გარდა არაფრისთვის გამოდგება. ამიტომ არ მიაქციო ყურადღება არც ერთ ფუნქციას, რომელიც წიგნების კითხვასთან არ არის დაკავშირებული. თამაშები მოყვება? MP3-ებს უკრავს? არა აქვს მნიშვნელობა! მაგისთვის ტელეფონი გაქვს. ინტერნეტში შედის? არა აქვს მნიშვნელობა! რიდერის ეკრანი საიტების უმეტესობას ცუდად აჩვენებს.

რიდერის მთელი ხიბლი სპეციალური, „ელექტრონული მელნის“ ტექნოლოგიის ეკრანია, რომელიც ძალიან ჰგავს დაბეჭდილ გვერდს და ცოტა ენერგიას მოიხმარს - დასასვენებლად რომ წახვალ, დამტენის წაღებაც კი არ დაგჭირდება. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს ტექნოლოგია დიდად არ შეცვლილა (ყოველ შემთხვევაში, დღეს რაც იყიდება, ამათ შორის.) თანამედროვე რიდერების უმეტესობას ერთმანეთის მსგავსი ეკრანები აქვს - ზოგი ოდნავ უკეთესია, ზოგი ოდნავ უარესი, მაგრამ დიდი განსხვავება აქ არ არის.

განსხვავება არის ფასში, წონაში (რაც ნაკლები, მით უკეთესი. ცალ ხელში რომ კომფორტულად გეჭიროს), გამოყენებული მასალის ხარისხში (დიდხანს რომ გაძლოს), დეტალებში (რამდენად მოხერხებულადაა განლაგებული წიგნის გადასაფურცლი კლავიშები, რამდენად იოლად ეჭირება ხელი...) და რიდერთან დაკავშირებულ წიგნის მაღაზიების ხარისხში (ყველა კარგი რიდერი რომელიმე მაღაზიასთანაა კავშირში). წესიერი რიდერისთვის ნაყიდი წიგნი არ გეკარგება. ის ინტერნეტში, შენს სივრცეში ინახება და მისი წაკითხვა შეგიძლია როგორც ამ მკითხველზე, ისე პლანშეტზე ან ტელეფონზე. თუ რიდერი გაგიფუჭდა და ახალი იყიდე, შეგეძლება, ხელახლა ჩამოტვირთო. ისე, ნუ გეშინია, მეკობრული წიგნების ჩაწერაც ყველაზე შეიძლება. ერთის ფორმატი მეორეზე არ წავა, მაგრამ ეგ პრობლემა არ არის - პირატული წიგნები ყველა ფორმატისთვის მრავლადაა.

ასევე, Kindle Fire, Nook Color და სხვა დღეს არსებული ნებისმიერი ფერადეკრანიანი ხელსაწყო რიდერი არ არის. ეგენი პლანშეტებია, თან არცთუ ძალიან კარგი. მაგათ სხვანაირი ეკრანები აქვთ და დაივიწყე.

ახლა უშუალოდ რიდერების ბრენდებზე გადავალ, თორემ უკულტურო დევი ხინკლების ბოლოშია გასული, ჩანგალს ლოკავს და მუშტრის თვალით მიყურებს.

3. „კინდლი“, „ნუკი“, „იოტა“ თუ რა?

ჯერ ერთი, ამათ გარდა კიდევ არის „კობო“, ”სონის” რიდერები და უამრავი სხვა, ნაკლებად ცნობილი ბრენდი. ყოველი მათგანის პლუსებისა და მინუსების აღწერას კარგა მოზრდილი დისერტაცია დასჭირდებოდა. ამიტომ მსჯელობას გამოვტოვებ და პირდაპირ დასკვნებზე გადავალ (ჩემი ხომ გჯერა?).

თუ ქართული ელექტრონული წიგნების ყიდვას აპირებ, მაშინ არჩევანი არა გაქვს - უნდა იყიდო ”იოტა რიდერი”. სხვა რიდერები ქართულ შრიფტს კი წაიკითხავს, მაგრამ მათთვის წიგნებს ქართულ ენაზე ძნელად თუ იშოვი. ქართული ელექტრონული წიგნების მაღაზია არის lit.ge და მასზე ნაყიდი წიგნები სხვა რიდერზე არ წავა. თუმცა, „იოტას“ ყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში გირჩევ, თუ აი, აუცილებლად უნდა გქონდე რიდერი, სადაც ქართულ წიგნებს წაიკითხავ. მე თვითონ „იოტას“ არ ვიყიდდი - ძალიან ძვირია (269 ლარი ღირს), ლიდერ რიდერებთან (პოეტი ვყოფილვარ) შედარებით მოუხერხებელია, უფრო მძიმეა, აკუმულატორი მალე ჯდება (ერთ კვირაში) და, მე თუ მკითხავ, შეუხედავია.

თუ დღესვე გინდა იყიდო, თან მაქსიმალურად იაფად და ხარისხიანად, მაშინ ჩვეულებრივ კინდლს გირჩევდი. 79 დოლარი ღირს (დღევანდელი კურსით 130 ლარზე ნაკლები) და ვირივით მუშაობს. ამ კინდლს რეკლამა მოჰყვება, მაგრამ ის, დამერწმუნე, ხელს საერთოდ არ შეგიშლის - რეკლამას სკრინსეივერად გიჩვენებს. შეიძლება ასევე 99 დოლარიანი ნუკის ყიდვაც, რომელიც დაახლოებით ეგეთივეა, მაგრამ მე შესახედავად კინდლი უფრო მომწონს. ყოველ შემთხვევაში, თუ ნუკი უფრო მოგივიდა თვალში, მაშინ ეგ იყიდე, არ წააგებ. ასევე, თუ სახელად ნუკი გქვია, მანდაც ბევრი საფიქრალი არაფერია - ნუკის „ნუკი“ უნდა ჰქონდეს (პოეტი ვარ მეთქი! ოღონდ ბანძი).

თუ დღესვე გინდა იყიდო ყველაზე კარგი რიდერი და ფასს მნიშვნელობა არა აქვს, მაშინ გირჩევდი 139-დოლარიან ნუკს. ამის ძირითადი ხიბლი ის არის, რომ განათება აქვს „ჩამონტაჟებული“ და კითხვა სიბნელეშიც შეიძლება. (ელექტრონული მელნის ეკრანს, წიგნის ფურცლისა არ იყოს, გარე განათება სჭირდება.) მე თუ მკითხავ, კარგი ფუნქციაა, მაგრამ 60 დოლარით მეტის გადახდა მაგაში მეტისმეტია. მაინც, თუ პალტონენადა ტიპი ხარ, ეს უნდა იყიდო.

მთავარი რჩევა კი ესაა: თუ შეგიძლია, რომ აუცილებლად, სასწრაფოდ დღესვე არ იყიდო, მოიცადე. ახალი კინდლის გამოსვლის თარიღი ზუსტად არავინ იცის, მაგრამ წარსულ გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, ან ამ ზაფხულს გამოვა და ან, მაქსიმუმ, სექტემბერში. „ამაზონი“ კიდევ ცნობილია იმით, რომ ყოველი ახალი კინდლი წინაზე უკეთესია და თანაც იაფი. მართალია, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფასი 80 დოლარზე დაბლა ჩამოვიდეს, მაგრამ, მაინც... როგორი იქნება, რიდერი რომ იყიდო და ერთ კვირაში უკეთესი გამოვიდეს იმავე ფასად?

ცუდი იქნება.

PS. წიგნისა და რიდერის შერკინება

ბოლოს, ვიდრე ვინმე იტყოდეს, რად მინდა ელექტრონული ეკრანი, ნამდვილი წიგნის ფურცლების შრაშუნი სულ სხვაა და ქაღალდის სუნს ვერ შეველევიო... ერთი მხრივ, მართალი ხარ, რადგან „ნამდვილ“, აკინძულ წიგნს სულ სხვა ხიბლი აქვს, მაგრამ, მეორე მხრივ, არა ხარ მართალი. კითხვა გიყვარს? ჰოდა, წარმოიდგინე, რომ ახლა, ხუთ წუთში, თითქმის ნებისმიერი წიგნი შეიძლება გეჭიროს ხელში (რაღაცები ელექტრონულად არ არის. მაგალითად ეს წიგნი მინდოდა ძალიან, მაგრამ არაო. სამაგიეროდ ათიათასობით სხვა წიგნის წაკითხვა შეიძლება). ფურცლებს ვერ გადაკეცავ, სახელს ვერ დააწერ, ვერ დაყნოსავ, მაგრამ წაიკითხავ. რა ჯობია მაგას?

ასეთ ამბავს მოგიყვებით. ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც საყვარელმა დეიდამ ფილიპ ფარმერის „მდინარის სამყაროს“ პირველი წიგნი მათხოვა (ცხადია, რუსულად იყო. მაშინ ფანტასტიკას ქართულად ვერ შეხვდებოდი). შეცდომა დავუშვი და შეღამებულზე დავჯექი წასაკითხად. ბოლოსკენ რომ გავედი, უკვე თენდებოდა. უძილობისგან ცოტა დარეტიანებული ვიყავი, მაგრამ ვფიქრობდი, ახლა, ამას რომ მოვრჩები უკვე დილა იქნება, ჰოდა, გავვარდები და გაგრძელებას ვიყიდი, ძილის დედაც, ჯეკ, და სკოლაც მოითმენს-მეთქი.

ჩემი ფეხები. ოკუპანტებს მეორე წიგნი ნათარგმნი ჯერ არ ჰქონდათ. ან, იქნებ ჰქონდათ და ჩვენთან არ ჩამოეტანათ. ასეა თუ ისე, გაგრძელება არსად იყიდებოდა. არსად! კვირაში ერთხელ დავივლიდი ხოლმე მაღაზიებს - იქნებ და სადმე მენახა. ერთხელ დამესიზმრა კიდეც, რომ მეორე წიგნი დავინახე მაღაზიაში. აი, ეგრე ვიყავი. რა ფურცლების შრაშუნი და რის მელნის სუნი! ხელმახინჯ ნიკუშას (ჩემი გამოგონილი პერსონაჟია. საშინელი ხელწერა აქვს) თავისი გადაწერილი ასლი რომ მოეცა, დავუკოცნიდი იმ მახინჯ ხელს.

ჰოდა, იცი, რამდენ ხანს ველოდე გაგრძელებას? იმდენ ხანს, რომ, როდესაც წაკითხვის საშუალება მომეცა, სულ აღარ მაინტერესებდა. მეორე წიგნის შუაში ვიყავი, როდესაც მივაგდე და დანარჩენი „ვიკიპედიაში“ წავიკითხე. განა ცუდი იყო, ან რამე ეგეთი. არა. ყმაწვილკაცობისას გადავყლაპავდი მაგას. უბრალოდ, აღარ ვიყავი მაგისი მუშტარი.

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ წიგნის სუნი კარგია, მაგრამ ყნოსვას ისევ კითხვა მირჩევნია.

შეცდომის გასწორება: 99 დოლარიანი ნუკის ფასი მქონდა მითითებული 79 დოლარად. მადლობა მკითხველს, რომ შეგვისწორა.
”ბახი თავის მოსწავლეებს სთხოვდა მიდგომოდნენ ინსტრუმენტულ ხმებს, როგორც პიროვნებებს, ხოლო მრავალხმიან ინსტრუმენტულ ნაწარმოებს, როგორც საუბარს ამ პიროვნებებს შორის. თანაც მოითხოვდა, რომ ყველა მათგანს თავის დროზე ელაპარაკა და თუ არაფერი ჰქონდა სათქმელი, სჯობდა ჩუმად ყოფილიყო და თავის რიგს დალოდებოდა” (ეიზენშტეინი)




მთავრობასთან ერთად ხშირად მიწევს ყოფნა. თითქმის ყოველდღე. ერთად ვცურავთ ვაკის აუზზე.

ერთად ვცურავთ, ერთად ვიხდით და ვიცვამთ. პირადად მე იქ, გასახდელში, არაერთხელ დამისკვნია - მცირეოდენ განსხვავებას თუ არ ჩავთვლით, ყველანი ერთნაირები ვართ - ჩინიანებიც და უჩინონიც.

მაგრამ ეს მხოლოდ გასახდელში. აუზიდან გამოსვლის შემდეგ კი მთავრობა სხვანაირად იქცევა ხოლმე. ზოგიერთს აქ ხვდება დიდი შავი ჯიპი, საიდანაც გადმოსული დაცვის ბიჭი კარს უხსნის და ელოდება - სანამ ”პიჟამოიანი მინისტრი” ფეხს აწევს და შავ მანქანაში შეძვრება.

საშინლად მაინტერესებს, როგორ ამართლებენ ამ მიზანსცენას. რა ვნებაა ეს - იცოდე, რომ ათასი კაცი გიყურებს, როგორ უჭირავთ შენთვის მანქანის კარი და ეს გსიამოვნებდეს, მოგწონდეს ”ზევიდან ქვევით ყურება” და ძალაუფლების დემონსტრირება. რა ტრავმამ განაპირობა ეს მამაძაღლობა? და როგორ შეიძლება კაცი, რომელსაც ასეთი ტრავმები აქვს, რაღაცას მართავდეს?

არადა მეორე, ამის საპირისპირო ვნებაც ხომ არსებობს? სურვილი, იგრძნო თავი ისეთად, როგორიც სხვაა, ცოტა ხნით მაინც დატოვო, მიაგდო შენი პერსონა და სხვას შეუერთდე? ვიღაც ამ გრძნობას სიყვარულს ეძახის, ვიღაც თანასწორობის ეროტიკას. ეიზენშტეინი, საერთოდ, ექსტაზს უწოდებდა, მისი კოლეგა, რუსული კინოავანგარდის ყველაზე დაუფასებელი რეჟისორი, ლევ კულეშოვი კი ამბობდა, კინოკამერას უყვარს მხოლოდ და მხოლოდ ის მსახიობი, რომელსაც პირდაპირი მზერა აქვსო.

ეს პირდაპირი მზერა ლაკმუსია. თუკი ადამიანს პირდაპირ ყურება შეუძლია, იგი არც კარს დაუჭერს ვინმეს და არც სხვას მოსთხოვს ასე მოემსახუროს. თანაც, არასამუშაო საათებში, სახალხოდ.

რა ვიცი, ასე მგონია. ყოველ შემთხვევაში, ჯერ არასდროს შევმცდარვარ ადამიანების მზერებში. ბოლოს და ბოლოს თავს კინემატოგრაფისტად მივიჩნევ და ასე კარგად არც არაფერი მისწავლია ცხოვრებაში.

ვაცლავ ჰაველის პირადი მდივანი, რომელსაც ზოგჯერ ”ჰაველის მრჩეველსაც” უწოდებენ, ვლადიმირ ჰანზელი, გასულ კვირაში ჩეხეთში ”წითელი ზონისთვის” გადავიღეთ (ვაცლავ ჰაველზე ვამზადებთ გადაცემას). კარლოვი ვარის კინოფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც მისი ცოლის, დოკუმენტალისტის, ფილმს აჩვენებდნენ.

ეს კარლოვი ვარი, თავისი გაუთავებელი კიბეებით და ციცაბო ბილიკებით, ჯოჯოხეთია ჩემი კუნთებისთვის. ძლივს მივაღწიე იმ ადგილამდე, სადაც გადაღება დაგვინიშნა - სასტუმრო ”ბრისტოლთან”. ცოტა ხანში აღმოჩნდა, რომ აქ ორი ”ბრისტოლია”, ერთს ”ბრისტოლი” ჰქვია, მეორე სასტუმროს - ”ბრისტოლ პალასი”. დაგვირეკა, თქვენ ”პალასთან” ხართ, შეგეშალათ, მაგრამ ჯანდაბას თქვენი თავი, მე თვითონ მოვალო. სრულიად ბუნებრივად მივიჩნიეთ მისი გადაწყვეტილება. მანქანით მოიყვანენ ალბათო, დაასკვნა ჩემმა პროდიუსერმა.

რამდენიმე წუთში მოვიდა. ფეხით ამოიარა ციცაბო აღმართი დაახლოებით 60 წლის კაცმა, ზურგჩანთით, ”სანდლებით” და პირდაპირი მზერით... ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, ფესტივალზეც ვისაუბრეთ ცოტა, ვურჩიეთ, აუცილებლად ენახა კრისტიან მუნჯიუს ”ბორცვებს მიღმა”, რომელსაც მეორე დღეს აჩვენებდნენ კონკურსგარეშე პროგრამით.

მუნჯიუს ფილმზე ბილეთები გაყიდული აღმოჩნდა. არადა ორი საათით ადრე მივედით კინოში. მოლარემ გვითხრა, შესასვლელთან სპეციალური რიგია. ადგილები თუ დარჩა, ხალხს შეუშვებენ და იქიდან სცადეთ შესვლაო. სხვა რა გზა გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ”ბორცვებს მიღმა” უკვე ნანახი მქონდა კანში, ძალიან მინდოდა წლის საუკეთესო ფილმი ”ზონელებსაც” ენახათ.

სეანსის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰანზელიც მოვიდა. ხელი დავუქნიე, მაგრამ არ ვიცი, ვერ დამინახა თუ მოერიდა რიგის დარღვევა. დადგა ”უბილეთოების რიგში” თავისი ზურგჩანთით. მერე კინოდარბაზის სტაფმა იცნო, გამოელაპარაკნენ. სკამი მიუტანეს და ასე დასვეს, რიგში.

დარბაზში ჩვენც შევაღწიეთ და ჰანზელმაც. ვუყურებდი კრისტიან მუნჯიუს ფილმს ძალაუფლების პერვერსიულობაზე და ვლადიმირ ჰანზელზე ვფიქრობდი... ჰანზელზეც და ვაცლავ ჰაველზეც, რომლის დაკრძალვაზე პრაღელმა კოლეგებმა მითხრეს, ისე მოკრძალებულად და სადად დაემშვიდობა ჩეხეთი, რომ მარტო ამის გამო წამოგივიდოდა ცრემლიო... ვფიქრობდი ჰაველის ძმაზე, რომელიც - ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კაცი ჩეხეთში - მიყრუებულ სოფელში ცხოვრობს (ივან ჰაველიც გადავიღეთ ”ზონისთვის”)... ულოფ პალმეც გავიხსენე. მერე მიხეილ სააკაშვილი, შევარდნაძეზე რომ ქილიკობდა, მისმა დაცვამ ქუჩები გადაკეტა და ხალხს პრობლემები შეუქმნაო და, რა თქმა უნდა, ის მინისტრები, აუზზე რომ დადიან ჩემთან ერთად გრანდიოზული შავი ჯიპებით... ასე, ფიქრში, ის სცენა გამახსენდა, შარშანწინ რომ გათამაშდა ჩემს თვალწინ სტოკჰოლმის ერთ პარკში, რომელიღაც უფასო როკ-კონცერტზე. ლუდისგან სრულიად გათიშული შვედები, ბარბაც-ბარბაცით დგებოდნენ დახლთან კიდევ ერთი კათხა ლუდის საყიდლად. ზოგი, იქვე, ხესთან შარდავდა კიდეც, მაგრამ... რიგს მკაცრად იცავდა. პირველად ვნახე მთვრალების რიგი! მობარბაცე კაცების კარგად ორგანიზებული რიგი...

ამიტომაცაა, რომ შვედებმა დაიმსახურეს ულოფ პალმეს მსგავსი ხელისუფალი.

ვაცლავ ჰაველი დაიმსახურეს ჩეხებმა - შრომისმოყვარე და ”სადა” ჩეხებმა... ასე რომ დავცინოდით პრაღაში ”ესთეტი ზონელები”, ეს რანაირად იცვამენ, როგორი უგემოვნო ხალხიაო.

ჩვენ კიდევ... ჩვენ, ეტყობა, დავიმსახურეთ ეს მარაზმი - ფეოდალი-ხელისუფალი, რომელსაც ან ოქროს უნიტაზზე ჯდომა უყვარს, ანდა, უბრალოდ, სიამოვნებს, როცა თავის ვნებაზე ათამაშებს ქვეყანას... პირდაპირ არასდროს იყურება და ზევიდან დაგვცქერის.

რაც მთავარია, ჩვენ, ეტყობა, დავიმსახურეთ იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელსაც მოსწონს ზევიდან რომ უყურებენ და ფულის ჩამოყრას ჰპირდებიან.

არადა ამ მამაძაღლობისგან განთავისუფლება ადვილზე ადვილია - რიგში დგომა და პირდაპირ ყურება უნდა ვისწავლოთ!

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG