Accessibility links

ბლოგები

ხუთშაბათი, 24 იანვარი 2019

ყალბი ახალი ამბების გავრცელება დასავლური დემოკრატიებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ 2016 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების ბედი სწორედ დეზინფორმაციამ გადაწყვიტა.

ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ამ არჩევნების წინა პერიოდში ყალბი ახალი ამბები დიდწილად სოციალური ქსელებით ვრცელდებოდა. ინტერნეტის ეპოქამ დეზინფორმაციის წარმოება და მოქალაქეებისთვის მიწოდება ბევრად უფრო გაამარტივა, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. დღესდღეობით, ტექნიკურად ყველას შეუძლია ახალი ამბების ინტერნეტპლატფორმის შექმნა და ტყუილების, ფაქტობრივად, შეუზღუდავად გავრცელება.

ამგვარი მანიპულაციებისგან, რა თქმა უნდა, არც ტელე-რადიო და ბეჭდური მედია არის დაცული. ბევრი ქართული ტელე-რადიო და ბეჭდური საშუალება (საპატიო გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით) დიდი ხანია, რაც წარმატებით არის დაკავებული მოქალაქეების მანიპულირებით. პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელეარხების არსებობა საქართველოში დიდი ხანია არავის უკვირს.

ინტერნეტში გავრცელებული ყალბი ახალი ამბები ტრადიციული გზებით გავრცელებული დეზინფორმაციისგან იმით განსხვავდება, რომ ის ბევრად უფრო ძნელად ექვემდებარება კონტროლს. ტრადიციული მედია მეტნაკლებად ცენტრალიზებულია და მასზე ზეწოლის მოხდენა შედარებით ადვილია, ვიდრე გაურკვეველი წარმოშობის ინტერნეტპლატფორმებზე, რომელთა მფლობელთა და თანამშრომელთა ვინაობა ბევრ შემთხვევაში უცნობია.ამას ისიც ემატება, რომ მოქალაქეები უფრო მეტად ენდობიან ანონიმურად გავრცელებულ ყალბ ახალ ამბებს, რადგან გამავრცელებლების ზრახვების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. (მაშინ, როდესაც საზოგადოებისთვის მეტნაკლებად ცნობილია, რა განზრახვით მოქმედებენ ტრადიციული მიკერძოებული მედია საშუალებები.)

მსხვილ პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის სოციალურ ქსელებში ყალბი ახალი ამბების მასობრივი გავრცელებით დაინტერესებული ყველაზე მეტად რუსეთის ფედერაციაა. 2019 წლის 17 იანვარს ფეისბუკმა გააუქმა 364 გვერდი და ყალბი პროფილი, რომელიც რუსულ სამთავრობო მედიასაშუალება „სპუტნიკთან“ იყო დაკავშირებული. უფრო ადრე, 2018 წლის აგვისტოში, ფეისბუკმა მსგავსი ზომები გაატარა რუსეთთან და ირანთან დაკავშირებულ 652 გვერდთან და პროფილთან მიმართებაში. რუსეთის მთავარი მიზანი დასავლეთსა და პროდასავლურ ქვეყნებში არეულობის გამოწვევაა, რის მიღწევასაც ის მოსახლეობაში პოლიტიკური ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაღვივებით ცდილობს.

საქართველოში რუსული მედიასაშუალებების და უშუალოდ კრემლის მიერ გავრცელებული ყველაზე ცნობილი ყალბი ახალი ამბავი თბილისში ამერიკელების მიერ აშენებულ ლუგარის ლაბორატორიას ეხება. კრემლი და მისი მედია დიდი ხანია ირწმუნებიან, რომ ამ ლაბორატორიაში ამზადებენ ბიოლოგიურ იარაღს, რითიც შემდეგ ადგილობრივ მოსახლეობას წამლავენ რუსულ წყაროებს ამ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გააჩნიათ. ლუგარის ლაბორატორია საქართველოს მთავრობის საკუთრებაშია და მისი დირექტორი პაატა იმნაძეა (ამ ლაბორატორიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ).

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ არაერთხელ შესთავაზა რუსეთის მხარეს ექსპერტების გამოგზავნა და ლაბორატორიის შემოწმება, თუმცა ამის ნაცვლად, აღნიშნულ თემაზე კრემლისა და რუსული მედიის მხრიდან ბრალდებები უფრო და უფრო გახშირდა. აშკარაა, რომ რუსეთს ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით სიმართლე კი არ აინტერესებს, არამედ მისი მიზანი მხოლოდ დეზინფორმაციის გავრცელებაა. ამ დეზინფორმაციაზე ზოგიერთი ქართველი, რომელსაც ამ თემაზესაკმარისი ინფორმაცია არ აქვს, ადვილად ეგება. უფრო ხშირად დეზინფორამაციის მსხვერპლნი ისინი არიან, ვისაც უკვე აქვთ გარკვეული პრორუსული განწყობები.

ერთი ავტორიტეტული კვლევის მიხედვით, ყალბი ახალი ამბების დაჯერება ძირითადად სწორედ იმით არის განპირობებული, რომ ადამიანები უკვე წინასწარ არიან განწყობილები მათ დასაჯერებლად. ბევრად ადვილია ირწმუნო დეზინფორმაცია იმ ადამიანის ან ორგანიზაციის შესახებ, რომლის მიმართაც ისედაც უარყოფითად ხარ განწყობილი. სწორედ ამიტომ, ყალბი ახალი ამბები ყველაზე მეტად იმათზე მოქმედებს, ვისაც მკვეთრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური პრეფერენციები აქვს. ამის გამო ყალბი ახალი ამბების მსხვერპლი სხვადასხვა კარტეგორიის ადამიანები შეიძლება გახდნენ.

იმის საილუსტრაციოდ, თუ რა მექანიზმით მოქმედებს ყალბი ახალი ამბები ცნობიერებაზე, ერთ მაგალითს მოვიყვან. 16 იანვარს დიდ დიღომში მომხდარი გაზის აფეთქების შემდეგ, სახალხო მრისხანება კომპანია „ყაზტრანსგაზზე“ იყო მიმართული. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კომპანიის მფლობელების ვინაობა უცნობია, ამ საკითხზე სხვადასხვა სახის ეჭვები გამოითქვა. ერთი ვერსიით, კომპანიის მფლობელად საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ბეჟუაშვილი დასახელდა. ტრაგედიის მომდევნო დღეს ფეისბუკზე ბეჟუაშვილის სახელით გავრცელდა განცხადება, რომელიც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, მას საერთოდ არ ეკუთვნოდა.

განცხადების ავთენტურობა ბევრმა ადამიანმა ირწმუნა, რადგან იმ მომენტში და ბეჟუაშვილის კომპანიის წარსული ქმედებების გამო (ეს კომპანია ტყიბულში ნახშირის საბადოების მფლობელია. კომპანიის კუთვნილ მაღაროებში უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფის გამო არაერთი მუშა დაიღუპა), ამის დაჯერება ზოგისთვის, უბრალოდ, მოსახერხებელიდა იოლი იყო.

აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ რიგითი მოქალაქეები ყალბ ახალ ამბებს ვებრძოლოთ, ყველაზე მეტად საკუთარ თავში არსებული ტენდენციურობა უნდა გადავლახოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ყველაზე ადვილი იმის დაჯერებაა, რაც იქამდეც უარყოფითად განგვაწყობდა. ადამიანი ბუნებრივად არის მიდრეკილი იმისკენ, რომ იყოს მიკერძოებული (პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ), მაგრამ ამ მიკერძოებულობასთან ბრძოლის გარეშე მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია.თუკი ყველა საკუთარ რეალობაში ჩაიკეტება, საერთო რეალობის შეგრძნებას დავკარგავთ, რაც საბოლოო ჯამში იქამდე მიგვიყვანს, რომ ერთ საზოგადოებაში ცხოვრება შეუძლებელი გახდება.

ინსტიტუციურ დონეზე ყალბ ახალ ამბებთან საბრძოლველად, ბოლო დროს საქართველოში წარმატებულად მუშაობენ ონლაინ პლატფორმები mediachecker.ge და მითების დეტექტორი. ორივე მათგანი ამოწმებს ქართულ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ახალი ამბების ნამდვილობას. ასეთი პლატფორმების არსებობა კრიტიკულად აუცილებელია სოციალურ ქსელებში გავრცელებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლებლად. თუმცა გადამწყვეტი მნიშვნელობა მაინც სწორი პოლიტიკური კულტურის ჩამოყალიბებას აქვს. თუკი პოლიტიკური პოლარიზაციის დონე არ შემცირდება და საზოგადოება უფრო შემწყნარებელი არ გახდება უმცირესობების მიმართ, ყალბი ახალი ამბები დემოკრატიულ ინსტიტუტებს გამანადგურებელ დარტყმას მიაყენებს. ამის თავიდან ასაცილებლად, დასავლეთშიც და საქართველოშიც არა მხოლოდ საგანმანათლებლო კამპანიების წარმოებაა საჭირო, არამედ პოლიტიკურ სისტემაში არსებული ფატალური ხარვეზების გამოსწორება.

აახენის ხელშეკრულება, რომელსაც 22 იანვარს ხელი მოაწერეს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, წააგავს ხანშიშესული ევროპელი წყვილის ხელახლა ქორწინებას, როცა სიყვარულისაგან ბევრი არაფერია დარჩენილი და დიდად არც სექსს უნდა მოელოდე.

თავიდანვე ნათელი იყო, რომ ეს მოვლენა სიმბოლოებით უფრო იქნებოდა დატვირთული, ვიდრე შინაარსით.

აახენი იყო დედაქალაქი იმპერატორ კარლოს დიდის ფრანკთა სამეფოში, რომელიც მოიცავდა როგორც დღევანდელ საფრანგეთს, ისე გერმანიასა და ევროკავშირის დამფუძნებელი კიდევ ოთხი ქვეყნის - ბელგიის, იტალიის, ლუქემბურგისა და ნიდერლანდის - ტერიტორიების უდიდეს ნაწილს. და ხელშეკრულება გაფორმდა ზუსტად 56 წელიწადში ელისეს ხელშეკრულებიდან, რომელმაც მოახდინა ფრანკო-გერმანული პარტნიორობის - უკვე ათწლეულებია, ევროპული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალის - ინსტიტუციონალიზაცია.

ახალი ხელშეკრულება განგაშს იწვევს ევროპის სხვა დედაქალაქებში. ევროკავშირის წევრებიდან ზოგი მომცრო სახელმწიფო შიშობს, რომ ხელშეკრულებამ შესაძლოა გზას გაუხსნას პარიზ-ბერლინის ღერძს, რომელიც წინასწარ განსაზღვრავს ბრიუსელში მისაღებ ყველა გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც ბლოკიდან გავა სიდიდით მესამე წევრი, გაერთიანებული სამეფო.

მაგრამ შიში, რომ ძლიერი წყვილი იქნება დომინანტური ძალა, რომელიც ყველაფერს გააკონტროლებს ერთგვარ სუპერევროკავშირში, გაზვიადებულია. ძნელი წარმოსადგენია, რომ საფრანგეთმა გერმანიისაგან მიიღოს დახმარება დაკარგული დიდების დასაბრუნებლად, ხოლო პარიზმა, თავის მხრივ, ბერლინს დაუბრუნოს ელზასი და ლოტარინგია, როგორც ირწმუნება მაკრონის დაუძინებელი მტერი, მარინ ლე პენი.

რეალობა არის ის, რომ ფრანკო-გერმანული ძრავა რახრახებს და ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: ყველაზე თვალშისაცემია ის, რომ 1963 წლის ევროპული თანამეგობრობა არ არის 2019 წლის ევროკავშირი.

საფრანგეთსა და გერმანიაზე მოდის ევროკავშირის მოქალაქეთა სულ 30 %-მდე. საბჭოში, რომელიც არის ევროკავშირისთვის გადაწყვეტილებების მიმღები უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ბრიუსელში, „ორმაგი უმრავლესობის“ საარჩევნო სისტემა საჭიროებს, სულ ცოტა, 16 ქვეყანას ბლოკის მოსახლეობის, სულ ცოტა, 65 %-ით. გერმანიამ და საფრანგეთმა, უბრალოდ, სხვებთანაც უნდა ითანამშრომლონ ახლაც და მომავალშიც. გარდა ამისა, ბევრ შემთხვევაშია აუცილებელი ერთსულოვანი პოზიცია და ქვეყნები ყოველთვის ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ქვეყნის მიმხრობას, რათა ზედმეტად არ შელახონ სუვერენიტეტი.

22 იანვარს ხელმოწერილი 16-გვერდიანი დოკუმენტი გულდასაწყვეტად რბილია. ის ითვალისწინებს ჯანდაცვასა და განათლებაში კავშირების ერთგვარ გაღრმავებას, ეკონომიკისა და შრომის ბაზრის სფეროებში პოზიციების დაახლოების მხარდაჭერას, “სამოქალაქო ფონდს“, რომელიც ხელს შეუწყობდა ქალაქების მეგობრობასა და ინიციატივებს, როგორიცაა ორენოვანი საბავშვო ბაღები და ორ ქვეყანას შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. არსებობს ინიციატივაც, შეიქმნას როგორც ერთობლივი ასამბლეა, რომელიც წელიწადში ორჯერ შეიკრიბება, მაგრამ არ აღიჭურვება გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებით, ისე ფრანკო-გერმანული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭო, რომელიც, როგორც მერკელი იმედოვნებს, შეძლებს შექმნას „საერთო სამხედრო კულტურა“, რაც „ხელს შეუწყობს ევროპული არმიის შექმნას“.

ამაზე უფრო ამაღელვებელს არაფერს უნდა ველოდეთ. წარსულს ჩაბარდა მართლაც რომ ევროფედერალისტური (და ფრანგული) ოცნება ევროზონის დიდ ბიუჯეტზე, ევროზონის ფინანსთა მინისტრზე, გაძლიერებულ ევროპარლამენტსა და სრულ საბანკო კავშირზე. ამის ნაცვლად შეგვრჩა ბუნდოვანი მანიფესტი ორი დასუსტებული პოლიტიკოსისაგან, რომელსაც წინ სახიფათო დაბრკოლებები მოელის. საფრანგეთში, „ყვითელი ჟილეტების“ პროტესტის ფონზე, მაკრონი კარგავს თავის რეფორმისტულ შემართებას და სულ უფრო ემსგავსება ერთვადიან პრეზიდენტს. მერკელს, რომელმაც უკვე გააღო კარი პოლიტიკიდან წასასვლელად, წელს მოელის რთული ადგილობრივი არჩევნები აღმოსავლეთ გერმანიის ზოგ მხარეში. და ორივეს პარტიები შიშით შესცქერიან ევროპარლამენტის არჩევნებზე, ოთხ თვეში, დამამცირებელი შედეგის პერსპექტივას.

და ასე გააგრძელებს ფრანკო-გერმანული წყვილი 2019-ში თავისი პოზიციების დაცვას, სავარაუდოდ, ბრიტანელების გარეშე, და შინაც და ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც გაძლიერებული ნაციონალისტების, წყენია „ვიშეგრადის ოთხეულის“, ძუნწ ჩრდილოევროპელთა და ბალტიისპირელთა ღერძისა და არაპროგნოზირებადი სამხრეთული კლუბის შემყურე, ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევის მცდელობასა და 60-იანი წლების სასიამოვნო მღელვარებაზე ოცნებაში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG