Accessibility links

ბლოგები

სამშაბათი, 26 ნოემბერი 2019

1991 წელი. 26 მაისი. საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
მე - 13 წლის. ეზოში ვარ. ერთი ჩვეულებრივი, თბილი, უღრუბლო, მოწყენილი დღეა. მოულოდნელად ვხედავ, ეზოს ზემოთ, საკმაოდ მაღალ მანძილზე, ვერტმფრენი მოფრინავს, ჩვენი ეზოს თავზე ჰაერს ჭრის და ჭავლივით რაღაც შავ ღრუბელს აფრქვევს. მარტო ვარ და ვინმეს დაძახების დრო არ მაქვს, ფიქრის დროც არ არის, იქაურობას მყისიერად ვტოვებ და ვერტმფრენს მივდევ. თან ვფიქრობ, იქნებ რუსები არიან და გვწამლავენ-მეთქი... სირბილს ვუმატებ, სადღაც გულის სიღრმეში მომწონს კიდეც, რომ შესაძლო სამხედრო-დივერსიული ქმედების მხილების კვალს ვადგავარ. შავი ჭავლი, როგორც ფუტკრების უზარმაზარი გუნდი,ნელ-ნელა მიწაზე ეშვება.გული მიცემს და ამ უცნაურ ღრუბელს მივდევ. გავდივარ ეზოდან და ახლა უკვე ქუჩაში მივრბივარ. ღრუბელი ჩემს სახლსა და ეზოს საკმაოდ შორდება, მე კი მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, სადამდეც შემეძლება, იქამდე გავყვე. ვერტმფრენი უკვე შორსაა, თუმცა უკან მოტოვებული შავი ღრუბელი ზანტად მიჰყვება ნიავს და, ჩემი გათვლით, მალე სადმე მიწაზე უნდა დაეშვას. რაღაც დაწესებულების ეზოში შევრბივარ და ღრუბელს ცარიელ მინდორში ვედევნები. ირგვლივ არავინაა. თუ მოვიწამლე და მოვკვდი, ჯანდაბას, სამშობლოსთვის მაინც მოვკვდები-მეთქი, ვფიქრობ. ამ დროს ღრუბელი ნელ-ნელა მიწაზე ეშვება და ის შავი წერტილები, რომლებიც შორი მანძილიდან მწერებივით მოჩანდა, უფრო დიდი და ხილული ხდება. ვდგავარ მინდორში და ახლა უკვე გაოცებულს, თითქოს ნატვრის თვალი მეპოვოს, მხრებზე და თავზე შავი თოვლის ნაწილაკები მათოვს. ხელს ვშლი და ერთი მუქი ფიფქი ხელისგულზეც მეცემა. ვუყურებ და არ მჯერა - ეს საქართველოს დროშაა! პატარა, ქაღალდის მართკუთხა ნაჭერი, მაშინდელი სამფერა, იმ დროსავით მუქი და ცოტა სევდიანი დროშა, ჩვენი თავისუფლებისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლო. ვდგავარ მინდორში და დარწმუნებული ვარ, რომ ამწუთას სამყაროში ჩემზე ბედნიერი არავინაა.

მოგვიანებით ყველაფერი ქრება. საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას და აღტყინებას პოლიტიკური მოდა ცვლის, რომლის აღმოცენების, უფრო მეტად კი ტირაჟირების კერაც თბილისი და საბჭოთა ელიტური წრეები არიან. მახსოვს, მაგალითად, რომ ძალიან მალე პუტჩიდან (და ცოტა მანამდეც) ზვიადისტობა სირცხვილი იყო და შევარდნაძეს მთელი თბილისის ელიტა ეტრფოდა. მეტიც, ზვიადის პიროვნების ან მისი საქმიანობის მოწონება ასოცირებული იყო სიბნელესთან, გაუნათლებლობასთან, “კარვის ქალებთან”, ფანატიზმთან. მალე მთელი ქვეყანა ზიზღმა მოიცვა. ამ პოლიტიკურმა მოდამ საქართველო ძალიან დააზიანა, რადგან ზიზღი და აგრესია თავისთავად გამორიცხავს რაღაცის ანალიზს, თუნდაც შეცდომების ანალიზს, შავისა და თეთრის ერთმანეთისგან გარჩევას, კრიტიკას, ნაბიჯის წინ გადადგმას, განვითარებას. ფაქტია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დაბადებიდან მალევე ქართული პოლიტიკური ველი სრულიად მოისპო და ისე როგორც ატომური აფეთქების მერე მინდორში ათწლეულობით არ იზრდება ბალახი, ასევე ძალიან ძნელად თუ აღმოცენდება საღი აზრი და განსჯა ზიზღითა და სიძულვილით გადასწორებულ პოლიტიკურ ველზე.

ამ დაპირისპირებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგ ჩვენ ისევ ზიზღითა და სიძულვილით გადასწორებულ ველზე აღმოვჩნდით. პოლიტიკური მოდა საშიში ფენომენია და დიდი მიხვედრა არ უნდა იმას, რომ ქართულ პოლიტიკურ ტრენდს, უკვე დიდი ხანია, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები ქმნიან. არსებითად მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ვის დაუპირისპირდება, მთავარი ამოცანაა იყოს დაპირისპირება. მთავარია, რომ საქართველო იყოს გაყოფილი მინიმუმ ორ ბანაკად, რომ დავარტყათ ერთმანეთს, რომ ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ და, რაც ყველაზე მთავარია, გვძულდეს ერთმანეთი.

როცა 18 ნოემბერს მთავრობის სასახლის წინ აქცია დაიწყო და შოთა დიღმელაშვილი, ერთ-ერთი ლიდერი სამოქალაქო მოძრაობისა “ქვეყნის სამსახურში”, ხალხის წინაშე სიტყვით წარდგა, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჯერ ყველაფერი ნამდვილად არაა დაკარგული, რადგან ისევ არსებობს ერთიანობის, “ერთმანეთის ატანის” იდეა. ეს სწორედ ის იდეაა, რომელიც დემოკრატიის საწყისებიდან მოდის და რომელიც თანამედროვე სამყაროში მშვიდობის დამყარების ერთადერთ რეალურ გზას წარმოადგენს. ამიტომ მგონია, რომ დღეს ეს მოძრაობა თავისი შეუდრეკელი აქტივისტებით არის ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა ამ გადაბუგულ პოლიტიკურ ველზე, სადაც საკმაოდ რთულია წარმოიშვას რაღაც ახალი და გულწრფელი, რასაც ხალხი ენდობა და დაიჯერებს. შოთა დიღმელაშვილის სიტყვა იმის შესახებ, რომ საქართველო ყველასია, რომ ამ მიწაზე არსებობის უფლება და იქ შეკრებილთა შორის დგომის უფლება ყველა პოლიტიკურ პარტიას და, ცხადია,ყველა პოლიტიკური გემოვნების ადამიანს აქვს, ჩვენს დღევანდელობაში ძალიან დიდი მონაპოვარია. სწორედ ეს არის ის მთავარი ამოსავალი წერტილი, საიდანაც დღეს ახალი პოლიტიკური რეალობა უნდა დაიბადოს.სწორედ ამიტომ, ჰაერივით აუცილებელი იყო დღევანდელი მმართველი პარტიისგან სიტყვის შესრულება და იმ გონივრული ნაბიჯის გადადგმა, რასაც პროპორციული არჩევნების შემოღება ჰქვია. თუმცა ეს ასე არ მოხდა და მმართველმა გუნდმა დიდი დანაკარგის (საკუთარი გუნდის წევრები, პირველ რიგში) ფასად, მაინც რადიკალური და ხისტი გზა აირჩია.

ბუნებრივია, ეს გზა, მათი წარმოდგენით, წარმატების მომტანი უნდა იყოს. მმართველი გუნდი იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან დემონსტრანტები დაიღლებიან და ქვეყანა თავის ჩვეულ რუტინას დაუბრუნდება: გაგრძელდება ქვეყნის გადათხრა, ხეების გადატან-გადმოტანა, პანორამების მშენებლობა, კულტურული მემკვიდრეობების აფეთქება, რუსეთთან მიჩოჩება, გავრილოვებისთვის რევერანსების კეთება და ასე შემდეგ. მაგრამ ისინი ცდებიან. მათ შეიძლება დღეს ან ხვალ ხალხი დაშალონ, დაარბიონ, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც იქ დგანან, ვერ შეცვლიან. ისინი ვერ მოერევიან დღევანდელი სამოქალაქო პროტესტის ყველაზე დიდ და საშიშ იარაღს, რომელსაც სილაღე ჰქვია!ზუსტად ამ სილაღის გამო დღევანდელი სამოქალაქო პროტესტის ფორმაცა და შინაარსიც, ალბათ, დიდი თავსატეხი გახდა “ოცნებისთვის”.ეს მათი ენა არ არის, ეს პროტესტი არის მეტაენა, რომელიც ყველა პოლიტიკურ ეშმაკობაზე მაღლა დგას, და ამას მეტწილად სამართლიანობის შეგნებასთან ერთად ის სილაღე განაპირობებს, რომელიც სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტებს აქვთ. მართალია, თეორიულად შესაძლებელია არსებული ან შესაძლო საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამოთვლა, პროტესტის ძველი და ახალი კერების დისკრედიტაცია ან სულაც ჩანასახშივე ჩაკვლა, მაგრამ ვერავინ ვერასდროს გამოითვლის სილაღის კოეფიციენტს და ვერავინ გამოიცნობს, თუ რატომ, საიდან, რა ძალებით იბადება საზოგადოებაში მოქალაქე აქტივისტი, რომელსაც შოთა დიღმელაშვილი, სალომე ბარკერი, გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და სხვანი და სხვანი ჰქვია.ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საბჭოეთმა ვერ გამოზარდა, რომლებიც წარსულის მტვერსა და ფერფლში სრულიად დამოუკიდებლად ჯანსაღ ადამიანებად ამოიზარდნენ და შენს, ჩემს მაგივრად გარეთ დგანან და ქვეყნის სამსახურში არ იღლებიან. როცა ამ ადამიანებს ვუყურებ, მათ დაუზეპირებელ, გულიდან ამოსულ სიტყვებს, რომლებიც მათი აზროვნებისა და ლოგიკის ორგანული ნაწილია, ვხვდები, რომ ბრძოლას ჯერ კიდევ აქვს აზრი, რომ სილაღეს უფრო დიდი ძალა აქვს, ვიდრე ოლიგარქის მილიარდებს. და რაოდენ მარტივადაც არ უნდა ჟღერდეს, შეუძლებელია იყო ლაღი, როცა მართალი არ ხარ!

პოლიტიკური მოდის შექმნას დღეს კრემლი და მისი განშტოებები მაინც აქტიურად ცდილობენ. ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ წლების წინ „ნაციონალური მოძრაობა“ გადაირჩია და დიდმა ნაწილმა საარჩევნო ბიულეტენში „41“ შემოხაზა, ეს არა „ოცნების“ გამარჯვება, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება გახლდათ. წლების განმავლობაში „ნაციონალების“ დაბრუნებით დაშინება სწორედ პოლიტიკური ტრენდის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მეინსტრიმად გადაქცეული „ნაცმოძრაობის“ სიძულვილი დღეს აღარ არის აქტუალური, საქართველოში დადგა დრო, შეიქმნას ახალი პოლიტიკური რეალობა. ეს უკვე მმართველმა გუნდმაც კარგად იცის, მაგრამ მათ ურჩევნიათ სირაქლემის პოზაში იყვნენ, თავი მიწაში ჩარგონ და სრულიად უგულებელყონ არა მარტო პოლიტიკური ალტერნატივების, არამედ მთელი სამოქალაქო პროტესტის არსებობა. ისინი მაინც ებღაუჭებიან მოძველებულ მეინსტრიმს, რომ ვითომ ყველა, ვინც მათი წინააღმდეგია,„ნაცია“, რაც გარკვეულ წილად ჯერ კიდევ მუშაობს. თუმცა მხოლოდ კონკურენტი პოლიტიკური პარტიების დემონიზება როდი ხდება, მმართველი გუნდი სამოქალაქო აქტივიზმსაც დიდი მონდომებით ებრძვის.ისინი ცდილობენ „სირცხვილიას“ ორგანიზატორები უსაქმურებად ან დამნაშავეებად შერაცხონ, ლარის კურსის დავარდნა დააბრალონ, მშვიდი ცხოვრების მტრებად გამოიყვანონ და რუსთაველის გამზირისა და მთელი ქვეყნის მოშლა მხრებზე აჰკიდონ.

როცა რამდენიმე დღის წინ სასამართლოში გიგა მაქარაშვილისა და სხვა დაკავებულების მიერ შესრულებული საქართველოს ჰიმნი მოვისმინე, როცა მოულოდნელი ჰიმნის გამო იქაური დაცვა ნერვიულად ბოლთის ცემას მოჰყვა და ეს უცნაური ამბოხი ვერ შეაჩერა, როცა იქ მსხდომი ადამიანები ნელ-ნელა წამოიშალნენ და საქართველოს ჰიმნს ფეხზე აუდგნენ, ავტირდი. ეს, ალბათ, იმ ძველი ტკივილის, ჩემი გამქრალი ბავშვობის გახსენება და ცრემლები იყო... იმის კიდევ ერთხელ შეგრძნება, რომ, უკვე 30 წელია,ფეხზე ვდგავართ, ვმღერით, ვცეკვავთ, ვყვირით, ვბრაზობთ და ძალიან, ძალიან ნელა და მტკივნეულად, შიშველი ხელებით ვანგრევთ დიდ საბჭოთა კედელს, რომლის ჩრდილიც ისევ ზემოდან გვადგას და არ გვაძლევს უფლებას ჩვენი ქვეყნის კუთვნილი მზე მოგვეფინოს.

როცა დღევანდელ სამოქალაქო პროტესტს ვუყურებ და იქ მდგომი ადამიანების ხმა მესმის, მეც თითქოს ის 1991 წლის დროინდელი სილაღე მიბრუნდება და მზად ვარ დავიჯერო, რომ სადღაც სამშვიდობოზე გასულს, მინდორში მდგარს, ვიღაც ჩემიანი ზემოდან ნიშანს მომცემს, თვალს ჩამიკრავს და მეტყვის, რომ გადავრჩით; მჯერა, რომ ამ პატარა მიწაზე ადამიანები მშვიდობიანად იცხოვრებენ, უსაფრთხო მომავლით, და რომ ის ბავშვობა, რომელიც მე არ მქონია, სხვას ექნება.

ახლა არჩევანი ჩვენზეა. მოვექცევით იმ მრავალჯერ გადაღეჭილი და შეკოწიწებული პოლიტიკური მეინსტრიმისა და ნიჰილიზმის წიაღში, დავშინდებით “საძულველი ნაცების” მეორედ მოსვლით, თუ, უბრალოდ, გამოვალთ და ჩავდგებით ქვეყნის სამსახურში,დავდგებით იქ, სადაც,უკვე დიდი ხანია, დგანან ჩვენი ქვეყნისათვის მებრძოლი, მართალი, ლაღი ადამიანები.

P.S. როცა ეს ბლოგი დაიწერა, ჯერ 25 ნოემბრის აქცია არ იყო დასრულებული. გუშინ დღის ბოლოს გავიგე, რომ ადამიანებს პოლიცია აჩერებს და შეშას ართმევს. ამაზე ერთი ფილმი გამახსენდა, უხსოვარ დროში ნანახი, რომლის არც სახელი მახსოვს და არც რეჟისორი:

საკონცენტრაციო ბანაკი. ტყვეები ყოველდღე ერთ დიდ შემოღობილ მინდორში შეჰყავთ და ამუშავებენ. ბიჭს გოგო უყვარდება და ჰპირდება, რომ ამ სიყვარულის დასამტკიცებლად ყვავილების თაიგულს აჩუქებს, მაგრამ ყოველდღე ბიჭს მინდვრიდან გამოსვლისას აკავებენ, გვერდზე გაჰყავთ, უბეში ჩაჩურთულ ყვავილებს ართმევენ, უყრიან, დასცინიან და სცემენ. ყოველდღე ერთი და იგივე სცენა მეორდება.ნაცემი და იმედწართმეული ბიჭი ერთ დღესაც, სამუშაოს დამთავრების მერე,ხელცარიელი გამოდის მინდვრიდან. მას აღარ სცემენ. ჯარისკაცები იცინიან, იშლებიან, თავს ანებებენ. ბიჭი ჩამოჯდება, დაღლილი, უმწეო და დამარცხებული. ამ დროს მასთან ერთ-ერთი ტყვე მიდის, რომელიც ასევე მინდორში მუშაობს და ერთ ღერ მინდვრის ყვავილს უწვდის. მერე მოდის მეორე, მესამე... ისინიც იღებენ უბიდან თითო ღერ ყვავილს და ბიჭს აწვდიან. ასე იკვრება ნელ-ნელა ერთი დიდი თაიგული.

არ ვიცი, სწორად მახსოვს ეს ისტორია, თუ რამე მივუმატე ან მოვაკელი, მაგრამ გამგები გაიგებს.

უბეში ჩადებულ თითო ნაჭერ შეშას ათასობით ადამიანს ვერ წაართმევენ. ერთად, ერთი ნაჭერი შეშით! - ეს დროც მოვიდა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

პრეზიდენტი სალობიეში...

პატარები აღარ ვართ, რომ სიმართლეს თვალი ვერ გავუსწოროთ. დიდი ხანია, შევეგუეთ, რომ ჩვენი „ნუნუკა მასწავლებელი“ ტუალეტში დადის. ასევე ვიცით, რომ პრეზიდენტის ორგანიზმიც ასრულებს სრულ ფიზიოლოგიურ ციკლს და, შესაბამისად, მიირთმევს ხან თავის და ხანაც სხვის ხელით მომზადებულ კერძებს, მათ შორის, ლობიოსაც... ცხადია, ლობიო ქართულ კულტურაში (ალბათ, ბევრ სხვა კულტურაშიც) კერძზე მეტია და მის მოქმედებას ბევრი სკაბრეზული თქმა უკავშირდება, მაგრამ სალომე ზურაბიშვილის სალობიეში სტუმრობაზე საზოგადოების რეაქციამ მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ყველამ ყველაფერი გაიხსენა ლობიოსთან დაკავშირებული: დაწყებული მეტეორიზმიდან, დამთავრებული დემოკრატიით, რომელიც, ჯაბა იოსელიანის თქმით, ლობიოობა არ არის.

მაინც რატომ დასცინეს სალომე ზურაბიშვილს?

რატომ არ შეარგეს ქოთნის, ამოლესილი, ნიგვზიანი თუ სულაც კირკაჟი ლობიო?

წესით, დემოკრატიულობის ნიშანი უნდა იყოს, პრეზიდენტი რომ სალობიეში ვახშმობს, ყველაზე სახალხო და დემოკრატიულ კერძს რომ მიირთმევს, მაგრამ მაინც ისე მოექცნენ, თითქოს დანაშაულზე ან რაღაც უღირს საქციელზე წაასწრეს.

ცხადია, ლობიო აქ არაფერ შუაშია! სოციალურ ქსელებს ზუსტად ასეთივე რეაქცია ექნებოდათ, პრეზიდენტი სახინკლეში, სამწვადეში ან სულაც სახაშეში რომ გამოეჭირათ ნივრის სუნით გაჯერებულ ოხშივარში გახვეული.

„ვინ ვინ და ჩვენ კარგად ვიცით, რომ დგება ისეთი მომენტი, როდესაც ხელისუფლებამ რაც არ უნდა გააკეთოს, ყველაფერი ცუდია. ლობიოს ჭამაც კი“, - დაწერა იმავე სოციალურ ქსელში წინა ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირმა, რომელიც ახლა საქართველოში არ ცხოვრობს.

კერძი მართლაც არაფერ შუაშია!

რა თქმა უნდა, არც სალობიეს დაუშავებია რამე!

ერთადერთ დამნაშავე დროა, რომელსაც ხელისუფლება ასცდა, ჩამორჩა! ჩამორჩენის პირველი ნიშანი (თუ გნებავთ, სიმპტომი) მიმდინარე მოვლენებზე არაადეკვატური რეაქციაა. სწორედ ამ არაადეკვატურობის გამოვლინებაა საპროტესტო აქციების ეპიცენტრში (თითქმის ეპიცენტრში) პრეზიდენტის ვახშმობა!

კარგად შეკმაზული ლობიოსგან განსხვავებით, პრეზიდენტი სრულიად გულგრილია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენების მიმართ; გულგრილია, როცა საპროტესტო აქციის მონაწილეებს თვალებს თხრის პოლიცია, როცა ყინვაში წყლის ჭავლით არბევს მომიტინგეებს, როცა გათბობის საშუალებებს - შეშას და წალამს ისე ებრძვის, როგორც „წამალს“... პრეზიდენტიც, მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად, გულგრილად ელოდება საპროტესტო მუხტის ჩაქრობას, ელოდება, რომ ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი პარტიის მიერ მოტყუებული ხალხი დაიღლება, ხელს ჩაიქნევს და შეეგუება უსამართლობას... ამგვარ დამოკიდებულებაშია საქმე და არა ლობიოსა და სალობიეში! „სალობიეში ყოფნა“ არაადეკვატურობის მეტაფორადაც კი შეიძლება ვიხმაროთ. სხვათა შორის, სწორედ ასე გაიგეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც, თუმცა, როგორც სჩვევიათ ხოლმე, ხელი ოპოზიციისკენ გაიშვირეს.

„სალობიეში თუ ვინმეა, ეს არის თვითონ ოპოზიცია. კრიზისში და სალობიეში ისინი არიან და კარგია, რომ მიხვდნენ, სად უნდა მისულიყვნენ“, - თქვა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

ცხადია, ლობიოს ჭამა და სალობიეში შესვლა ვერ იქნება დასაძრახი საქმე. წარმოუდგენელია, ლობიომ, როგორც კერძმა, ან სალობიემ, როგორც ადგილმა, შეძლოს პრეზიდენტის დისკრედიტაცია. უფრო პირიქით, რადგანაც არც ერთი ხელობა და თანამდებობა, მათ შორის პრეზიდენტისა, არ შეიძლება იყოს უპირობოდ მადლის მფრქვეველი. პრეზიდენტი რომ ხარ, თავისთავად არაფერს ნიშნავს. კარგი პრეზიდენტი უნდა იყო: კონსტიტუციის გარანტი, როგორც კანონებში გვიწერია! სიმართლის მთქმელი და სამართლიანობის სიმბოლო!

„მონა! მონა!“ - სკანდირებდნენ სალობიესთან შეკრებილი ახალგაზრდები და, ცხადია, ვის მონობასა და ვის ბატონობაზე მიანიშნებდნენ! არადა, პრეზიდენტი მხოლოდ ხალხის მსახური უნდა იყოს! მხოლოდ ხალხს უნდა ერთგულებდეს იმ შემთხვევაშიც კი, როცა ყველა ღალატობს. ასე რომ იყოს, სხვანაირად დახვდებოდნენ ლობიოს მოყვარულ პრეზიდენტს: სურათს თუ არ გადაიღებდნენ მასთან ერთად, „ჩემო გამზრელო ლობიოს“ თუ არ უმღერდნენ, Bon appétit-ს მაინც არ დაამადლებდნენ!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG