Accessibility links

რას ვუყუროთ?

პარასკევი, 11 ოქტომბერი 2019

”ჯოკერი” (2019, აშშ, რეჟისორი ტოდ ფილიპსი, მთავარ როლში ხოაკინ ფენიქსი)

„ჯოკერის“ პრემიერაზე ვენეციის ფესტივალზე, დარბაზში, სადაც პრესისთვის ფილმის პირველი ჩვენება გაიმართა, ძველმოდურად რომ ვთქვათ „ისეთი აურა იყო“, როგორც დიდი ხნის წინ, თბილისის კინოს სახლში, დახურულ სეანსზე მილოშ ფორმანის ფილმისა „ვიღაცამ გადაიფრინა გუგულის ბუდეზე“. ეგ დარბაზი არასდროს დამავიწყდება. 1977 წელი იყო. სტუდენტი ვიყავი. კინოს სახლში ყალბი მოსაწვევით შევიპარე. ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელი - კინოკავშირის წევრები, მათი ნათესავები... და ასევე მთელი თბილისური პარტიული ელიტა, თავიანთი მოსამსახურეებით, დალაქებით, ძიძებით, ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა მილოშ ფორმანს, რომლის შესახებ აქ თითქმის არავინ იცოდა არაფერი. უბრალოდ თავისუფლების ამ გენიალურმა ჰიმნმა იმოქმედა ყველაზე - თვით პარტიულ ჩინოვნიკებზე და მათ ნათესავებზეც კი. როგორც მოგვიანებით გაირკვა ერთი კვირის წინ ზუსტად იგივე მოხდა მოსკოვში - მილოშ ფორმანის ფილმის დასრულების შემდეგ 20-იანი წლების საბჭოთა კინოავანგარდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლეონიდ ტრაუბერგი, იმხანად 76 წლის ცოცხალი კლასიკოსი, კინოს სახლის გასასვლელში, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. “ფორმანმა ეს ფილმი ჩვენთვის გადაიღო” – ყვიროდა თურმე ტრაუბერგი.

„ჯოკერის“ პირველ ჩვენებაზე ასეთი ტრაუბერგი არ დამინახავს, მაგრამ აურა... აურა ზუსტად ისეთი იყო. ფილმის დასრულების შემდეგ გამართული ოვაციებით ნათელი გახდა, რომ „ჯოკერი“ ვენეციაში გაიმარჯვებდა. ხოლო თუ გავიხსენებთ ბოლო წლების ვენეციის კინოფესტივალს, რომლის გამარჯვებული რამდენიმე თვეში ამერიკული „ოსკარის“ ტრიუმფატორი ხდებოდა ხოლმე, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოდ ფილიპსის ფილმი 2019 წლის ”ოსკარის” ყველაზე რეალური კანდიდატია..

ეს, ერთგვარი “კლასობრივი ჰოლოკოსტის “ესთეტიზაცია მე პირადად მაფრთხობს. როგორც წესი, ლიბერალები რადიკალიზმს მხოლოდ მაშინ ვცნობთ, როცა სიძულვილი ზოგადად ადამიანის და ადამიანურობის მიმართ ვრცელდება. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან საშიშია სიძულვილის გამართლება იმით, რომ ამ სიძულვილს „თავისი მიზეზები აქვს“, რომ ეს ძალადობა ”სხვა ძალადობის შედეგია“. გამართლებამ შეიძლება რაღაც ამ სტატიის მსგავსი დაგვაწერინოს (ბედის ირონიით გამოცემაში, რომელსაც „ლიბერალი“ ქვია“). მაგრამ ”ჯოკერი” ჩვენთვის და ჩვენნაირებისთვის არაა გადაღებული. ესაა ფილმი იმათთვის და იმათზე, ვინც ჩვენზე ბევრად უფრო მეტი ტკივილი განიცადა ცხოვრებაში, ჩვენზე ბევრად უფრო ხშირად შიოდა, ჩვენზე ბევრად უფრო მაგრად ატკინეს, მოატყუეს, დასცინეს. თუკი გავიზარებთ, რომ სწორედ ეს ხალხი წარმოადგენს დღეს ჩვენი სამყაროს აბსოლუტურ უმრავლესობას, მივხვდებით როგორი ტრიუმფი ელის ”ჯოკერს” მსოფლიო ეკრანებზე, მრავალ ქვეყანაში. ფილმის პირველი ჩვენებებით ნათელი ხდება, რომ ჯოკერის ტრაგედიამ უკვე ძალიან დიდი მოგება მოუტანა მწარმოებელ კომპანია “Warner bros”- ს, “ჯოკერის” დამფინანსებელს... მოგება მოუტანა იმ ადამიანების ხარჯზე, ვისთვისაც ჯოკერის ტრაგედია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილმი.

”ა” კლასის საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამაში პირველად მოხვდა კომიქსი. ეგაა რომ ტოდ ფილიპსმა კომიქსიდან ფაქტობრივად მხოლოდ სათაური დატოვა. რეჟისორი ცდილობს კომიქსებისთვის დამახასიათებელი ”კეთილი-ბოროტის” ოპოზიცია მაქსიმალურად გაამდიდროს ახალი საღებავებით. ზოგან გამოსდის, ზოგან არა, ზოგ სცენაში პრეტენზია არა აქვს ფსიქოლოგიური სიღრმის მიღწევაზე, ზოგან კი პირიქით, ეპიზოდებს ადამიანური ურთიერთობების ნიუანსებზე აგებს. შარზე თუ ვიქნებით და ჩემნაირად ჩავაცივდებით, დავრწმუნდებით, რომ ტოდ ფილიპსს მარტინ სკორსეზემდე, რომელსაც ვიღაცეები უკვე ადარებენ, ჯერ კიდევ ბევრი აკლია. თვითმკვლელობის იმიტაცია, პირდაპირ აღებული სკორსეზესგან, რამდენჯერმე მეორდება ფილმში და ბოლოს “ციტატა” კი არა, თავისებური მაშველი რგოლი უფრო ხდება რეჟისორისთვის, რომელიც დრო და დრო უბრალოდ იკარგება კინემატოგრაფიულ მასალაში და არ იცის როგორ გააერთიანოს ყველაფერი. საუნდტრეკი, ეს ჩელოს პარტია კარგია, ნამდვილად გამოხატავს პერსონაჟის ბუნებას, მაგრამ იმდენად ბევრია და იმდენად ხმამაღალი, რომ ფილმის მეორე ნახევარში გიჩნდება აზრი - ეს მუსიკა რომ არ ისმოდეს, ყველაფერი, რასაც ვხედავთ ეკრანზე დაიშლება. მაგრამ “ყველაზე ბევრი” ფილმში მთავარი როლის შემსრულებელია. უფრო სწორად მისი თამაშის მანერა.

შეიძლება ეჭვიც გაგვიჩნდეს, რომ ხოაკინ ფენიქსს მაინც და მაინც კარგად არ ესმის, რომ კომიქსის გმირი ფილმის ავტორებმა ეპიკური სოციალური დრამის პერსონაჟად აქციეს (ყოველ შემთხვევაში ამის პრეტენზია აქვთ), ამიტომ მისი ეს ხაზგასმული მიმიკა და ჟესტი, ეს ”overacting” შინაარსობრივად გამართლებული პერსონაჟის საქმიანობით, პირველ რიგში სიღრმეს, საიდუმლოს უკარგავს ფილმს. ვისაც კინოში მოსწონს დაკვირვება როგორ განასახიერებს მსახიობი ამა თუ იმ პერსონაჟს, როგორ ტექნიკას ფლობს, რამდენად ეფექტურად მოძრაობს კადრში, ოკ, ხოაკინ ფენიქსის შესრულების მანერა მართლაც მოგაჯადოვებთ. მაგრამ ვისაც ეკრანზე ცოცხალი ადამიანის ნახვა გვინდა და არა სამსახიობო ტექნიკისა, სადღაც ფილმის მეორე ნახევარში დავრწმუნდებით, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლია, მეტისმეტად ზედაპირულია. როცა ფილმის პირველივე ეპიზოდებში ხმამაღლა იწყებ (“ფორტისმოთი”) და ცდილობ ეს ტონალობა ფილმის ბოლომდე შეინარჩუნო, ხასიათის განვითარება და გაღრმავება არ გამოვა. შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთი მსახიობის თეატრი (“აუ, რეებს აკეთებს ფენიქსი!”).

ისტორია კომიკოსზე, რომელსაც დედა ბავშვობიდან ასწავლიდა გაეღიმა ადამიანებისთვის, უფრო მეტიც ეს ”გაღიმება” პროფესიად გადაექცია, არც ახალია და არც კომიქსებში მოუგონიათ. ფედერიკო ფელინიმ ამ სევდიან ამბავს ჩემი აზრით გენიალური, მაგრამ დაუფასებელი ფილმი ”კლოუნები” მიუძღვნა. იქაც განიცდის კლოუნი, როცა მის ექსცენტრიკაზე არ ეცინებათ და უფრო მეტიც, როცა ხალხი კლოუნის ღიმილს დაცინვით პასუხობს . აქ, ”ჯოკერში” , კლოუნის ღიმილს ადამიანების წარმოუდგენელი სისასტიკე მოჰყვება. მაგრამ ტოდ ფილიპსის ფილმის გმირი ფელინის კლოუნი არაა, ბედს რომ შეურიგდეს, ანდა, ჩვენ, მაყურებელს გვთხოვოს თანაგრძნობა. ”ჯოკერში” სისასტიკეს ასეთივე სასტიკი პასუხი მოყვება. არც თანაგრძნობას მოგვთხოვს ხოაკინ ფენიქსის გმირი. ის მოგვთხოვს გვეზიზღებოდეს გაუმაძღარი, ხარბი სამყარო, ძალაუფლების სამყარო, სხვისი ტკივილის, შიმშილის, სხვისი უბედურების ხარჯზე რომ არსებობს. ეგაა რომ ეს კატეგორიული მოთხოვნა იმდენჯერ მეორდება და შესაბამისად, ფილმსაც იმდენი ფინალი აქვს, რომ ბუნტის “მთავარი ეპიზოდი”, როცა ნიღბიანები ქუჩაში გამოდიან და ერთი ჯოკერი “ბევრ ჯოკერად” გარდაიქმნება, უკვე აღარ მოქმედებს ისეთი ძალით, როგორც სხვა სცენები. რატომ აწყობენ ამ ბუნტს? მხოლოდ იმიტომ რომ სამყარო მდიდრებად და ღარიბებად იყოფა?

რა ვიცი. ახლა ”ოსკარის” დაჯილდოვების მომავალი ცერემონიალი წარმოვიდგინე, წითელი ხალიჩით და ლამაზ-ლამაზი კაბებით, სამკაულებით. მერე წარმოვიდგინე როგორ გადასცემენ ”ოსკარს” ერთ-ერთი ყველაზე ”მემარცხენე ფილმის” ავტორებს ამერიკული კინოს ისტორიაში და კინოაკადემიკოსების ცრემლები.

”ჯოკერში”, განსაკუთრებით ფილმის პირველ ნაწილში, სანამ რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ”გადამლაშებას” დაიწყებენ და ამის გამო რეფლექსიისთვის ადგილს არ დაგვიტოვებენ (უპრიმიტიულესი ფსიქოანალიზი - ჯოკერის ბავშვობის ტრავმები, რეფლექსიის სურვილს მთლიანად კლავენ), არაერთი ძლიერი სცენაა. არის ერთი ეპიზოდი მეტროში, რომელზედაც უბრალოდ სუნთქვა გეკვრება. მაგრამ მე ახლა ისევ ამერიკელი კინოაკადემიკოსების რეაქცია მაინტერესებს - მაგალითად, როცა ნახავენ ეპიზოდს, რომელშიც მთავარი გმირი მერობის კანდიდატს ესტუმრება უზარაზარი გალავნით შემოღობილ სახლში, მხოლოდ გული აუჩუყდებათ უსამართლობაზე, თუ შერცხვებათ, რადგანაც თავადაც ამ ვილებში ცხოვრობენ? რატომ დაიწყო ჰოლივუდმა ”ჯოკერის” თამაში მაინც და მაინც დღეს? რატომ დაგვისერიოზულდა ტოდ ფელიპსი, აქამდე ერთხელაც რომ არ უღალატია ჰოლივუდში დაგროვილი სტერეოტიპებისთვის? იმიტომ რომ “Warner bros” მართლა უფრო სოციალური გახდა, თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ზიზღი დღეს ტრენდია და კარგად იყიდება?

“ჩემი პროვინცილები” (“პარიზული განათლება”, Mes provinciales”, “A Paris education” 2018

რეჟისორი: ჟან-პოლ სივეირაკი, საფრანგეთი)

“ჩემი პროვინციელები”, რომელსაც საქართველოში “პარიზული განათლება” უწოდეს (ინგლისური სათაურიდან თარგმნეს), ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ფრანგული ფილმია. ბერლინის ფესტივალზე სურათი მხოლოდ კონკურსგარეშე პროგრამაში ჩართეს და პირადად მე, შეიძლება ითქვას, შემთხვევით ვნახე. ჟურნალისტებს “ბერლინალეზე” საღამოობით საკონკურსო ფილმებისგან ასვენებენ. თუ ძალიან მოგწყინდა, შეგიძლია ე.წ. “პანორამის” ფილმს შეხედო, ანუ ფილმს, რომელიც საკონკურსო პროგრამის შემდგენელმა კომისიამ დაიწუნა. ასე მოვხვდი ჟან-პოლ სივეირეკის სურათზე. არაფერი ვიცოდი არც მისი ავტორის, არც მსახიობების შესახებ. სადღაც მეათე წუთზე მივხვდი, რომ ძალიან, ძალიან კარგ ფილმს ვუყურებდი, თუმცა სეანსის შემდეგ ვიფიქრე, რომ ამ ფრანგული სურათით აღფრთოვანდებოდნენ მხოლოდ სინეფილები, ე.ი. კინოხელოვნების ფანები, სიამოვნების ჟრუანტელი რომ დაუვლით ხოლმე საყვარელი ფილმების ციტატების ხილვისას. მაგრამ 2018 წლის ბოლოს ფილმი უჩვენეს თბილისის კინოფესტივალზე და აღმოჩნდა, რომ “პროვინციელებმა” მხოლოდ და მხოლოდ კინემატოგრაფისტების გულები არ მოიგო; ფილმი მოეწონათ ახალგაზრდებს, რომლებმაც მთავარ გმირში, პროვინციიდან პარიზში სასწავლებლად ჩასულ კინოსარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტში, შესაძლებელია, თავიანთი თავიც დაინახეს. გულის ამაჩუყებელია და შეუძლებელია დაგავიწყდეს ეს ამბავი ახალგაზრდა ნიჭიერ ბიჭზე, რომელიც სწავლას რომ იწყებს, დარწმუნებულია, ქვეყანას გადაატრიალებს (ქვეყანას თუ არა, კინოს მაინც), მთებს დაძრავს და ზღვაზე გაივლის, მაგრამ აღმოჩნდება, რომ ცხოვრება მართლა არაა კინო. ის სასტიკია და არასდროს არაა შავ-თეთრი.

“ჩემი პროვინციელები” არა მარტო კარგი ფილმების ციტატების თაიგულია (ფარაჯანოვიც კი მოხვდება ამ თაიგულში), არამედ აქვს საუკეთესო საუნდტრეკი, რომელიც - და ესეც მოულოდნელობა იყო ფილმის პრემიერაზე - გია ყანჩელის მუსიკით იწყება - პირველი მინიატურით ვიოლინოსა და ფორტეპიანოსთვის, რომელსაც საფუძვლად ელდარ შენგელაიას “შერეკილებისთვის” დაწერილი მუსიკა დაედო. მგონი, სწორედ ეს თემა გამოხატავს ყველაზე უკეთ ოცნებებში (და პარიზში) დაკარგული კარგი პროვინციელი ბიჭის განცდებს.

დიდი ხნის წინ ელდარ შენგელაიამ მიამბო, როგორ ეძებდა კომპოზიტორს “არაჩვეულებრივი გამოფენისთვის” და როგორ აღფრთოვანდა სწორედ იმ დღეებში გია ყანჩელის პირველი სიმფონიით. “მივხვდი, რომ კინემატოგრაფიულ მუსიკას ვისმენდიო”, ასე მითხრა.

პირველი სიმფონია თუ არა ,“არაჩვეულებრივი გამოფენის” მუსიკა ხომ გახსოვთ?

ძალიან ცოტაა კინოკომპოზიტორი, რომელსაც შეუძლია გამოხატოს ფილმის ეპიზოდის განწყობილება და თან გახდეს ამ ეპიზოდის კომენტატორი. თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ მთელი ფილმის განმავლობაში ავტორები არანაირად არ ცდილობენ გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მთავარი გმირის, აგული ერისთავის მიმართ, შეიძლება დავასკვნათ კიდეც, რომ ერთადერთი კომენტატორი ყველაფერი იმისა, რაც ხდება ფილმში, აქ მუსიკაა.

გია ყანჩელი მუსიკალური კომენტატორი კი იყო ყოველთვის, მაგრამ სიჩუმე უფრო უყვარდა. საბჭოთა ეპოქაში მოღვაწეობდა, მაგრამ, თავისი ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, არასდროს დაუწერია პათეტიკური პატრიოტული ჰიმნები და კანტატები პარტიაზე. ასევე, ბევრი თავისი კოლეგისგან განსხვევებით, თითქმის არასდროს გამოუყენებია ფოლკლორი, როგორც “მასალა”. არადა, რომ უსმენ, ზოგჯერ გგონია, რომ რაღაც ხალხურს მღერიან და უკრავენ. “შერეკილები” ხომ გახსოვთ? ვალსი მთელი ამ მხიარული და, ამავე დროს, ძალიან სევდიანი ზღაპრის კამერტონია. გია ყანჩელის მუსიკალური მოტივი არ არის “ფოლკლორული თემა”, მაგრამ თითქოს მიისწრაფვის ფოლკლორისკენ, ე.ი. ბუნებისკენ.

მუსიკალური დრამატურგიის განვითარება, ერთი მხრივ, “შერეკილების” იდეას გამოხატავს, – ადამიანს შეუძლია გადალახოს ყოფის შეზღუდულობა, მონობის მარწუხები, - მეორე მხრივ კი, გია ყანჩელის შემოქმედების თავისებურებას – კათარზისს, რომელიც განუწყვეტლივ იქმნება კომპოზიტორის საუკეთესო ნაწარმოებებში, მათ შორის კინომუსიკაში. მე ვერ ვიხსენებ ყანჩელის ვერც ერთ სერიოზულ ნაწარმოებს, რომელშიც კათარზისი არ იყოს - არა აქვს მნიშვნელობა რა ჟანრია, სიმფონია თუ რამდენიმეწამიანი მუსიკალური კინოჩანახატი.

გია დანელიასა და გია ყანჩელის “არ იდარდოში” მუსიკა ქმნის დინამიკურ პულსაციას და განსაზღვრავს კიდეც სურათის ტრაგიკომიკურ ჟანრს. გაიხსენეთ თუნდაც ფსევდოქელეხი, რომელშიც გარდასახვა მიცვალებულის მოხსენიებიდან ცეკვა-თამაშამდე გამოიხატება... ასევე გარდაისახება მუსიკაც – მწუხარე საგალობლიდან მხიარულ ექსცენტრიკამდე... სიკვდილი გადაიქცევა ვარიეტედ, კაბარეს მსგავს სანახაობად, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ფილმის მთავარ იდეას – სიცოცხლისა და სიყვარულის მარადიულობას. ამას ჰქვია, მართლაც, “სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი”. ეს მიყვარს სწორედ გია ყანჩელის კინომუსიკაში - წყვეტილი ფრაზები და მოულოდნელი მდუმარება, რომელიც ზოგჯერ მუსიკაზე უფრო მეტად მოქმედებს, რადგან ამ პაუზებში, ამ სიჩუმეში ძლიერდება მოლოდინის განცდა - მუსიკის მოლოდინისა, მუსიკისა, რომელმაც გაყინულობა, უმოძრაობა უნდა დაამარცხოს.

ცხადია, სწორედ ამას გულისხმობდა ელდარ შენგელაია, როცა ყანჩელის მუსიკას “კინემატოგრაფიულს” უწოდებდა. მით უფრო სასიხარულოა, რომ გია ყანჩელის პირველი მინიატურა, “შერეკილებით” რომ დაგვამახსოვრა თავი, მოხვდა ფილმში მალერის, ბახის, მოცარტის ნაწარმოებების გვერდით, ფილმში, რომელიც გვიამბობს ძალიან კარგ ახალგაზრდა კაცზე, აგული ერისთავივით ბევრი ვერაფერი რომ ვერ შექმნა, ვერაფერი დატოვა, კარგი კინო ვერ გადაიღო, მაგრამ მთავარი მაინც შეძლო - სიცოცხლის გემოს ჩასწვდა. ფილმს რომ ნახავთ, მიხვდებით, რომ ყანჩელის მუსიკალური მარგალიტი სწორედ ამ სიცოცხლის ნაწილია. კი, აქ ხვდებიან, შორდებიან, ღალატობენ, პატიებას ითხოვენ, თავსაც კი იკლავენ. “ჩემი პროვინციალები” შავ-თეთრი ფილმია, რომელიც ჭრელ სიცოცხლეს გამოხატავს. ზოგჯერ წყდება გია ყანჩელის მელოდიასავით, მაგრამ მერე მაინც გრძელდება, რადგან გამორიცხულია ყველაფერი გაწყდეს, გაჩერდეს და უკუნეთად იქცეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG