Accessibility links

რას ვუყუროთ?

პარასკევი, 18 ოქტომბერი 2019

კინემატოგრაფისტებს ნობელის პრემიით არ აჯილდოებენ, თუმცა ავსტრიელი მწერალი პეტერ ჰანდკე, რომელიც შვედეთის სამეფო აკადემიამ ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2019 წლის ლაურეატად დაასახელა, გარკვეული თვალსაზრისით, ამ ჯილდოს მფლობელი პირველი კინოხელოვანი იქნება. პეტერ ჰანდკე არა მარტო სცენარებს წერდა გერმანელი რეჟისორის, ვინ ვენდერსის, ფილმებისთვის, არამედ თავადაც იღებდა ფილმებს. ერთ-ერთი მისი სურათი, „ცაცია ქალი“, 1978 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კონკურსშიც კი მოხვდა.

არსებითად მწერლებს კინოხელოვნებისთვის მადლობის მეტი არაფერი ეთქმით. კინოს ისტორიას არა ერთი კარგი ეკრანიზაცია ახსოვს, მათ შორის იმ მწერლების ნაწარმოებებისა, რომლებიც ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

ამ კვირაში გთავაზობთ ნობელის პრემიის ლაურეატთა ნაწარმოების 10 საუკეთესო ეკრანიზაციას. ეს პატარა სია ფილმების ხარისხისა და მნიშვნელობის მიხედვით შევადგინე. მადლობელი ვიქნები, თუ ნობელის ლაურეატთა წიგნების უკეთესი ეკრანიზაციები გაგახსენდებათ.

10. “ექიმი ჟივაგო” (1965, რეჟისორი დევიდ ლინი)

ბორის პასტერნაკის საბჭოთა კავშირში აკრძალული რომანის გადაღება ფინეთსა და ესპანეთში მიმდინარეობდა - ფრანკოსდროინდელ ესპანეთში!. როცა ამბოხების სცენას იღებდნენ, ესპანელებს ეგონათ, რომ ქვეყანაში რევოლუცია დაიწყო, რომ ხალხს ფრანკო უნდა დაემხო. ბრიტანელი რეჟისორის, დევიდ ლინის, ფილმი 5 ამერიკული ოსკარით დაჯილდოვდა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიალზე ყველაზე მქუხარე აპლოდისმენტები ფილმის კომპოზიტორს, მორის ჟარს, გაუმართეს. 1976 წელს საბჭოთა ტელევიზია ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატს გადასცემდა. კომენტატორს ეს აკრძალვა დაავიწყდა და პირდაპირ ეთერში განაცხადა: ”სრულდება მელოდია ფილმიდან ”ექიმი ჟივაგო”... რეჟისორებმა სასწრაფოდ გამორთეს ხმა. სხვათა შორის, “ჟივაგო” ჩვენ სწორედ ფილმით გავიცანით. დევიდ ლინის ფილმის ნახვა ვიდეოკასეტებზე შესაძლებელი გახდა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში (ამ ფილმის ნახვისთვის არ აპატიმრებდნენ), პასტერნაკის რომანის ბეჭდვა კი ჟურნალ “ნოვი მირში” მხოლოდ 1987 წელს დაიწყო.

9. “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა” (1987, რეჟისორი ფრანჩესკო როზი)

გაბრიელ მარკესის ტექსტები უაღრესად კინემატოგრაფიულია და მიკვირს, რატომ არ მიმართავენ მათ ადაპტაციას. აბა, რა არის კინემატოგრაფი, თუ არა „მაგიური რეალიზმი“?. ფრანჩესკო როზიმ, ლუკინო ვისკონტის ყველაზე საყვარელმა მოწაფემ, რომელიც მთელი ცხოვრება იღებდა თავისი სახელოვანი მასწავლებლის ესთეტიკისგან აბსოლუტურად განსხვავებულ კინოს, ვისკონტის გარდაცვალების შემდეგ მოულოდნელად შეიცვალა ხელწერა და ვისკონტის მემკვიდრედ წარმოგვიდგინა თავი. „გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ გადაიღო პასკუალინო დე სანტისმა, ვისკონტის ოპერატორმა, გადაიღო თითქმის ისე, როგორც „სიკვდილი ვენეციაში“. აბსოლუტური სილამაზის ამ გარემოში მით უფრო ტრაგიკული და შემზარავი ხდება 21 წლის ახალგაზრდა კაცის მკვლელობა. გამოცხადებული მკვლელობა.

8. “წითელი გაოლიანი” („წითელი სორგო“, 1987, რეჟისორი ჯან იმოუ)

ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, მო იანის, რომანის გამოქვეყნებიდან ერთი წლის შემდეგ ამ ისტორიული ეპოსის ეკრანიზაცია დებიუტანტმა ჯან იმოუმ გაბედა. ფილმმა გაიმარჯვა ბერლინის კინოფესტივალზე და, რაც მთავარია, მთელ მსოფლიოს აუწყა „ახალი ჩინური კინოს“ დაბადების შესახებ. ეს სუპერსანახაობა, გრანდიოზული ისტორიული ფრესკა, განსხვავდება ჰოლივუდის კოსტიუმირებული ფილმებისგან. ეფექტს ქმნის გამოსახულების სილამაზე, თუმცა სახვითი გადაწყვეტა უაღრესად ლაკონიურია და მკაცრი. ჩინელებს განსაკუთრებით კარგად გამოსდით ერთი ადამიანის ისტორიის განზოგადება, ერთი ადამიანის ბედში ქვეყნის ისტორიის ასახვა. მკაცრი ისტორია ჯან იმოუმთან თავად იქცევა ფილმის უჩინარ გმირად.

7. “პიანისტი ქალი” ( 2001, რეჟისორი მიხაელ ჰანეკე)

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ავსტრიელმა მწერალმა ელფრიდე იელინეკმა თავისი 1983 წელს დაწერილი ტექსტი უშუალოდ მიხაელ ჰანეკესთვის შექმნა - სოციალური სატირის დიდოსტატმა მწერალმა სოციალური სატირის დიდოსტატი კინორეჟისორისთვის. მაგრამ „პიანისტი ქალი“ როცა დაიწერა, ავსტრიელ კინორეჟისორს თავისი მთავარი ფილმები ჯერ გადაღებული არ ჰქონდა, არც იზაბელ იუპერს გამოუჩენია ჯერ თავი, როგორც მსახიობს, რომელსაც გაბედულად შეუძლია დაანგრიოს გენდერული სტერეოტიპები. ჰანეკეს ფილმში ეპიზოდმა, როცა იუპერის გმირი, ვენის კონსერვატორიის პროფესორი, სექს-შოპში შედის და მასტურბაციას მიმართავს (არადა, სექს-შოპების კლიენტები, როგორც წესი, მხოლოდ მამაკაცები არიან), დასავლელ მაყურებელზეც კი, რომელსაც 21-ე საუკუნის დასაწყისში ძნელად თუ გააკვირვებდი, შოკივით იმოქმედა.

6. “ცა ბერლინის თავზე” (1987, რეჟისორი ვიმ ვენდერსი)

პეტერ ხანდკე უფრო მეტია, ვიდრე ვენდერსის ფილმის სცენარის ავტორი - ხანდკე მთელი ამ შედევრის თანაავტორია. იგი ჩართული იყო ფილმის გადაღებაში და ზოგიერთი სცენა თავად დადგა. სურათის ბოლოს ჩნდება წარწერა „ეძღვნება 3 ანგელოზს - იასუძიროს, ანდრეის და ფრანსუას“, ანუ ოძუს, ტარკოვსკის და ტრიუფოს. არსებითად მთელი ეს ფილმი ეძღვნება ბერლინს და კინემატოგრაფს... უფრო სწორად, კინოს, რომელსაც ყველაზე შთამბეჭდავად, ყველაზე სახიერად შეუძლია ქალაქის ჩვენება, მათ შორის შუაზე გაყოფილი ქალაქისა. ფილმის პრემიერიდან 2 წლის შემდეგ ეს ქალაქი კედლის ნგრევას და გაერთიანებას იზეიმებს.

5. “თუნუქის დოლი” (1979, რეჟისორი ფოლკერ შლენდორფი)

გიუნტერ გრასის რომანი 1959 წელსაა დაწერილი. მხოლოდ 20 წლის შემდეგ, დასავლეთგერმანული კინოს აღორძინების დროს გახდა შესაძლებელი “თუნუქის დოლის” ეკრანიზაცია. ასეთი წარმატებისთვის არც მანამდე და არც ამის შემდეგ გერმანულ კინოს არ მიუღწევია: ფილმი აღინიშნა კანის ფესტივალის მთავარი პრიზით და ამერიკული “ოსკარით”. “თუნუქის დოლი” საინტერესო მაგალითია ეკრანიზაციების ისტორიაში - ფილმის სცენარზე მუშაობისას შესანიშნავ რომანს სახე უცვალა არა ლიტერატურული პირველწყაროს ავტორმა, და არც იმდენად რეჟისორმა, არამედ სხვა მწერალმა, უფრო სწორად, მწერალმა-კინემატოგრაფისტმა, კინოდრამატურგმა ჟან-კლოდ კარიერმა, რომელიც მანამდე ლუის ბუნუელთან მუშაობდა. ვფიქრობ, ჟან-კლოდ კარიერის დამსახურებაა სიურრეალისტური აქცენტების გამძაფრება და ანტიფაშისტური იგავის გადაწყვეტა “შავი კომედიის” ჟანრში.

4. “ქაოსი” (1984, რეჟისორები პაოლო და ვიტორიო ტავიანები)

პირანდელოს მოთხრობების ამ ეკრანიზიცაში “ქვევრიც” მოხვდა, სწორედ ის “ქვევრი”, რომელიც 70-იან წლებში ირაკლი კვირიკაძემ გადმოაქართულა და მშვენიერი კინონოველა გადაიღო. “ქაოსის” ნახვის შემდეგ ქართველები ტავიანების “ქვევრს” ქართულ (კახურ) “ქვევრს” ადარებდნენ და, რა თქმა უნდა, ამტკიცებდნენ, რომ “ჩვენი სჯობია”. სინამდვილეში ეს ნოველა მთელი ამ ალმანახის ორგანული ნაწილია და ჟანრულად მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ ფილმისგან, რომელიც ირაკლი კვირიკაძემ გადაიღო. “ქაოსი” არა იმდენად აბსურდული კომედიაა, რამდენადაც ხალხური - უფრო სწორად, “არქაული” - ამბების კრებული, ტკივილით, სევდითა და იუმორით აღსავსე. კარგა ხანი ითვლებოდა, რომ პირანდელოს ენა არ ემორჩილება კინემატოგრაფიულ ადაპტაციას და უფრო თეატრს უხდება, ვიდრე კინოს. ძმებმა ტავიანებმა სწორედ კინოსახეების სიმდიდრე აღმოაჩინეს პირანდელოს ნოველებში და გადაიღეს ერთ-ერთი ყველაზე პოეტური ფილმი კინოს ისტორიაში.

3. “კატარინა ბლუმის შერაცხული ღირსება” (1974, რეჟისორები ფოლკერ შლენდორფი, მარგარეტ ფონ ტროტა)

ჰაინრიჰ ბიოლის ნაწარმოების ამ ეკრანიზაციაში ასახული ამბავი - ის, თუ როგორ შეიძლება სკანდალებზე აგებულმა პრესამ ადამიანის სიცოცხლე დაანგრიოს - სწორედ პროფესიონალიზმის დეფიციტს გულისხმობს მედიასივრცეში. გერმანელი მწერალი, შემდეგ კი ამ მართლაც რომ შესანიშნავი ეკრანიზაციის ავტორები თითქოს მოუწოდებენ მედიას კონკურენციის (“ბაზრის”) პირობებშიც კი შეძლოს ერთი ადამიანის სიცოცხლის, როგორც ყველაზე დიდი ფასეულობის, დამკვიდრება. დიახ, შლენდორფი და ფონ ტროტა დარწმუნებულები არიან, რომ მედიისთვის მთავარი უნდა იყოს არა იმდენად ინფორმაციის მოწოდება, რამდენადაც ადამიანის სიცოცხლე, ადამიანის ღირსება... და არა მარტო მედიისთვის, არამედ მთლიანად საზოგადოებისთვის, რომელსაც ფარისევლობა პათოლოგიური ცნობისმოყვარეობისკენ უბიძგებს.

2. “ჩარულატა” ( 1964, რეჟისორი სატიაჯიტ რეი)

რაბინდრანატ თაგორის მოთხრობა „განადგურებული ბუდის“(1901) ეს ეკრანიზაცია, მგონი, არასდროს დაძველდება. თანამედროვე ფემინისტებმა ძეგლი უნდა დაუდგან სატიაჯიტ რეის “ჩარულატას” გამო. ჯერ კიდევ როდის და თანაც, სად, მთლად ღარიბ ინდოეთში, მიუბრუნდა რეი სქესთა შორის თანასწორობის თემას და გადაიღო ფილმი, რომელიც თავიდან ბოლომდე ბედნიერებაა. აკი ამბობდა აკირა კუროსავა, ვისაც რეის ფილმები არ გინახავთ, ჩათვალეთ, რომ არც მზე გინახავთ და არც მთვარეო. რა არის უფრო მარადიული, ვიდრე მზე და მთვარე? გარწმუნებთ, კინოს ისტორიაშიც ცოტაა ფილმი, რომელიც არ ძველდება და არც არასდროს დაძველდება - “ჩარულატა” ერთ-ერთია.

“სიკვდილი ვენეციაში” (1971, რეჟისორი ლუკინო ვისკონტი)

ჩემთვის, და არა მარტო ჩემთვის, თომას მანის მოთხრობის ეს ადაპტაცია საუკეთესო ეკრანიზაციაა კინოს ისტორიაში. გავრცელებულია აზრი, რომ ვისკონტის ფილმი ერთადერთი შემთხვევაა, როცა ფილმი უკეთესიცაა ლიტერატურულ პირველწყაროზე. ვისკონტიმ არა მარტო კინოს ენით გააღრმავა მანის ადრეული მოთხრობა ( პასკუალინო დე სანტისის ნამუშევარი საოპერატორო ხელოვნების შედევრია), არამედ თავად თომას მანის ნაწარმოებები, მისი ბიოგრაფიის დეტალები დაუმატა ფილმს, მწერალი აშენბახი გახადა კომპოზიტორი, და ასე გააერთიანა, ერთი მხრივ, დოქტორ ფაუსტუსთან და, მეორე მხრივ, გუსტავ მალერთან, რომლის მეხუთე სიმფონია ვისკონტის შედევრის ორგანული ნაწილი ხდება. არ დაგვავიწყდეს კიდევ ნიცშე, რომელიც ასევე გაგვახსენებს თავს ფილმში და მთელ ამ ისტორიას გერმანელ კომპოზიტორზე, რომელიც ვენეციის პლაჟზე კვდება, გადააქცევს არტისტის პაემანად ანგელოზის ნიღბით გამოცხადებულ ეშმაკსა (ანდა, სულაც, პირიქით) და უსასრულობასთან.

”ჯოკერი” (2019, აშშ, რეჟისორი ტოდ ფილიპსი, მთავარ როლში ხოაკინ ფენიქსი)

„ჯოკერის“ პრემიერაზე ვენეციის ფესტივალზე, დარბაზში, სადაც პრესისთვის ფილმის პირველი ჩვენება გაიმართა, ძველმოდურად რომ ვთქვათ „ისეთი აურა იყო“, როგორც დიდი ხნის წინ, თბილისის კინოს სახლში, დახურულ სეანსზე მილოშ ფორმანის ფილმისა „ვიღაცამ გადაიფრინა გუგულის ბუდეზე“. ეგ დარბაზი არასდროს დამავიწყდება. 1977 წელი იყო. სტუდენტი ვიყავი. კინოს სახლში ყალბი მოსაწვევით შევიპარე. ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელი - კინოკავშირის წევრები, მათი ნათესავები... და ასევე მთელი თბილისური პარტიული ელიტა, თავიანთი მოსამსახურეებით, დალაქებით, ძიძებით, ფეხზე ამდგარი ტაშს უკრავდა მილოშ ფორმანს, რომლის შესახებ აქ თითქმის არავინ იცოდა არაფერი. უბრალოდ თავისუფლების ამ გენიალურმა ჰიმნმა იმოქმედა ყველაზე - თვით პარტიულ ჩინოვნიკებზე და მათ ნათესავებზეც კი. როგორც მოგვიანებით გაირკვა ერთი კვირის წინ ზუსტად იგივე მოხდა მოსკოვში - მილოშ ფორმანის ფილმის დასრულების შემდეგ 20-იანი წლების საბჭოთა კინოავანგარდის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ლეონიდ ტრაუბერგი, იმხანად 76 წლის ცოცხალი კლასიკოსი, კინოს სახლის გასასვლელში, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და ტირილი დაიწყო. “ფორმანმა ეს ფილმი ჩვენთვის გადაიღო” – ყვიროდა თურმე ტრაუბერგი.

„ჯოკერის“ პირველ ჩვენებაზე ასეთი ტრაუბერგი არ დამინახავს, მაგრამ აურა... აურა ზუსტად ისეთი იყო. ფილმის დასრულების შემდეგ გამართული ოვაციებით ნათელი გახდა, რომ „ჯოკერი“ ვენეციაში გაიმარჯვებდა. ხოლო თუ გავიხსენებთ ბოლო წლების ვენეციის კინოფესტივალს, რომლის გამარჯვებული რამდენიმე თვეში ამერიკული „ოსკარის“ ტრიუმფატორი ხდებოდა ხოლმე, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტოდ ფილიპსის ფილმი 2019 წლის ”ოსკარის” ყველაზე რეალური კანდიდატია..

ეს, ერთგვარი “კლასობრივი ჰოლოკოსტის “ესთეტიზაცია მე პირადად მაფრთხობს. როგორც წესი, ლიბერალები რადიკალიზმს მხოლოდ მაშინ ვცნობთ, როცა სიძულვილი ზოგადად ადამიანის და ადამიანურობის მიმართ ვრცელდება. ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან საშიშია სიძულვილის გამართლება იმით, რომ ამ სიძულვილს „თავისი მიზეზები აქვს“, რომ ეს ძალადობა ”სხვა ძალადობის შედეგია“. გამართლებამ შეიძლება რაღაც ამ სტატიის მსგავსი დაგვაწერინოს (ბედის ირონიით გამოცემაში, რომელსაც „ლიბერალი“ ქვია“). მაგრამ ”ჯოკერი” ჩვენთვის და ჩვენნაირებისთვის არაა გადაღებული. ესაა ფილმი იმათთვის და იმათზე, ვინც ჩვენზე ბევრად უფრო მეტი ტკივილი განიცადა ცხოვრებაში, ჩვენზე ბევრად უფრო ხშირად შიოდა, ჩვენზე ბევრად უფრო მაგრად ატკინეს, მოატყუეს, დასცინეს. თუკი გავიზარებთ, რომ სწორედ ეს ხალხი წარმოადგენს დღეს ჩვენი სამყაროს აბსოლუტურ უმრავლესობას, მივხვდებით როგორი ტრიუმფი ელის ”ჯოკერს” მსოფლიო ეკრანებზე, მრავალ ქვეყანაში. ფილმის პირველი ჩვენებებით ნათელი ხდება, რომ ჯოკერის ტრაგედიამ უკვე ძალიან დიდი მოგება მოუტანა მწარმოებელ კომპანია “Warner bros”- ს, “ჯოკერის” დამფინანსებელს... მოგება მოუტანა იმ ადამიანების ხარჯზე, ვისთვისაც ჯოკერის ტრაგედია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფილმი.

”ა” კლასის საერთაშორისო კინოფესტივალების საკონკურსო პროგრამაში პირველად მოხვდა კომიქსი. ეგაა რომ ტოდ ფილიპსმა კომიქსიდან ფაქტობრივად მხოლოდ სათაური დატოვა. რეჟისორი ცდილობს კომიქსებისთვის დამახასიათებელი ”კეთილი-ბოროტის” ოპოზიცია მაქსიმალურად გაამდიდროს ახალი საღებავებით. ზოგან გამოსდის, ზოგან არა, ზოგ სცენაში პრეტენზია არა აქვს ფსიქოლოგიური სიღრმის მიღწევაზე, ზოგან კი პირიქით, ეპიზოდებს ადამიანური ურთიერთობების ნიუანსებზე აგებს. შარზე თუ ვიქნებით და ჩემნაირად ჩავაცივდებით, დავრწმუნდებით, რომ ტოდ ფილიპსს მარტინ სკორსეზემდე, რომელსაც ვიღაცეები უკვე ადარებენ, ჯერ კიდევ ბევრი აკლია. თვითმკვლელობის იმიტაცია, პირდაპირ აღებული სკორსეზესგან, რამდენჯერმე მეორდება ფილმში და ბოლოს “ციტატა” კი არა, თავისებური მაშველი რგოლი უფრო ხდება რეჟისორისთვის, რომელიც დრო და დრო უბრალოდ იკარგება კინემატოგრაფიულ მასალაში და არ იცის როგორ გააერთიანოს ყველაფერი. საუნდტრეკი, ეს ჩელოს პარტია კარგია, ნამდვილად გამოხატავს პერსონაჟის ბუნებას, მაგრამ იმდენად ბევრია და იმდენად ხმამაღალი, რომ ფილმის მეორე ნახევარში გიჩნდება აზრი - ეს მუსიკა რომ არ ისმოდეს, ყველაფერი, რასაც ვხედავთ ეკრანზე დაიშლება. მაგრამ “ყველაზე ბევრი” ფილმში მთავარი როლის შემსრულებელია. უფრო სწორად მისი თამაშის მანერა.

შეიძლება ეჭვიც გაგვიჩნდეს, რომ ხოაკინ ფენიქსს მაინც და მაინც კარგად არ ესმის, რომ კომიქსის გმირი ფილმის ავტორებმა ეპიკური სოციალური დრამის პერსონაჟად აქციეს (ყოველ შემთხვევაში ამის პრეტენზია აქვთ), ამიტომ მისი ეს ხაზგასმული მიმიკა და ჟესტი, ეს ”overacting” შინაარსობრივად გამართლებული პერსონაჟის საქმიანობით, პირველ რიგში სიღრმეს, საიდუმლოს უკარგავს ფილმს. ვისაც კინოში მოსწონს დაკვირვება როგორ განასახიერებს მსახიობი ამა თუ იმ პერსონაჟს, როგორ ტექნიკას ფლობს, რამდენად ეფექტურად მოძრაობს კადრში, ოკ, ხოაკინ ფენიქსის შესრულების მანერა მართლაც მოგაჯადოვებთ. მაგრამ ვისაც ეკრანზე ცოცხალი ადამიანის ნახვა გვინდა და არა სამსახიობო ტექნიკისა, სადღაც ფილმის მეორე ნახევარში დავრწმუნდებით, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავის დამოკიდებულება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც წარმოუდგენელი უსამართლობის მსხვერპლია, მეტისმეტად ზედაპირულია. როცა ფილმის პირველივე ეპიზოდებში ხმამაღლა იწყებ (“ფორტისმოთი”) და ცდილობ ეს ტონალობა ფილმის ბოლომდე შეინარჩუნო, ხასიათის განვითარება და გაღრმავება არ გამოვა. შეიძლება გამოვიდეს მხოლოდ ერთი მსახიობის თეატრი (“აუ, რეებს აკეთებს ფენიქსი!”).

ისტორია კომიკოსზე, რომელსაც დედა ბავშვობიდან ასწავლიდა გაეღიმა ადამიანებისთვის, უფრო მეტიც ეს ”გაღიმება” პროფესიად გადაექცია, არც ახალია და არც კომიქსებში მოუგონიათ. ფედერიკო ფელინიმ ამ სევდიან ამბავს ჩემი აზრით გენიალური, მაგრამ დაუფასებელი ფილმი ”კლოუნები” მიუძღვნა. იქაც განიცდის კლოუნი, როცა მის ექსცენტრიკაზე არ ეცინებათ და უფრო მეტიც, როცა ხალხი კლოუნის ღიმილს დაცინვით პასუხობს . აქ, ”ჯოკერში” , კლოუნის ღიმილს ადამიანების წარმოუდგენელი სისასტიკე მოჰყვება. მაგრამ ტოდ ფილიპსის ფილმის გმირი ფელინის კლოუნი არაა, ბედს რომ შეურიგდეს, ანდა, ჩვენ, მაყურებელს გვთხოვოს თანაგრძნობა. ”ჯოკერში” სისასტიკეს ასეთივე სასტიკი პასუხი მოყვება. არც თანაგრძნობას მოგვთხოვს ხოაკინ ფენიქსის გმირი. ის მოგვთხოვს გვეზიზღებოდეს გაუმაძღარი, ხარბი სამყარო, ძალაუფლების სამყარო, სხვისი ტკივილის, შიმშილის, სხვისი უბედურების ხარჯზე რომ არსებობს. ეგაა რომ ეს კატეგორიული მოთხოვნა იმდენჯერ მეორდება და შესაბამისად, ფილმსაც იმდენი ფინალი აქვს, რომ ბუნტის “მთავარი ეპიზოდი”, როცა ნიღბიანები ქუჩაში გამოდიან და ერთი ჯოკერი “ბევრ ჯოკერად” გარდაიქმნება, უკვე აღარ მოქმედებს ისეთი ძალით, როგორც სხვა სცენები. რატომ აწყობენ ამ ბუნტს? მხოლოდ იმიტომ რომ სამყარო მდიდრებად და ღარიბებად იყოფა?

რა ვიცი. ახლა ”ოსკარის” დაჯილდოვების მომავალი ცერემონიალი წარმოვიდგინე, წითელი ხალიჩით და ლამაზ-ლამაზი კაბებით, სამკაულებით. მერე წარმოვიდგინე როგორ გადასცემენ ”ოსკარს” ერთ-ერთი ყველაზე ”მემარცხენე ფილმის” ავტორებს ამერიკული კინოს ისტორიაში და კინოაკადემიკოსების ცრემლები.

”ჯოკერში”, განსაკუთრებით ფილმის პირველ ნაწილში, სანამ რეჟისორი და მთავარი როლის შემსრულებელი ”გადამლაშებას” დაიწყებენ და ამის გამო რეფლექსიისთვის ადგილს არ დაგვიტოვებენ (უპრიმიტიულესი ფსიქოანალიზი - ჯოკერის ბავშვობის ტრავმები, რეფლექსიის სურვილს მთლიანად კლავენ), არაერთი ძლიერი სცენაა. არის ერთი ეპიზოდი მეტროში, რომელზედაც უბრალოდ სუნთქვა გეკვრება. მაგრამ მე ახლა ისევ ამერიკელი კინოაკადემიკოსების რეაქცია მაინტერესებს - მაგალითად, როცა ნახავენ ეპიზოდს, რომელშიც მთავარი გმირი მერობის კანდიდატს ესტუმრება უზარაზარი გალავნით შემოღობილ სახლში, მხოლოდ გული აუჩუყდებათ უსამართლობაზე, თუ შერცხვებათ, რადგანაც თავადაც ამ ვილებში ცხოვრობენ? რატომ დაიწყო ჰოლივუდმა ”ჯოკერის” თამაში მაინც და მაინც დღეს? რატომ დაგვისერიოზულდა ტოდ ფელიპსი, აქამდე ერთხელაც რომ არ უღალატია ჰოლივუდში დაგროვილი სტერეოტიპებისთვის? იმიტომ რომ “Warner bros” მართლა უფრო სოციალური გახდა, თუ მხოლოდ იმიტომ, რომ ზიზღი დღეს ტრენდია და კარგად იყიდება?

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG