Accessibility links

რას ვუყუროთ?

პარასკევი, 8 ნოემბერი 2019

კინოცენზურის ისტორია მოიცავს არა მარტო ფილმებს, რომლებიც სახელისუფლო ცენზურამ აკრძალა, არამედ იმ ფილმებსაც, რომელთა პრემიერამ მაყურებლის ერთი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. აღშფოთებული მაყურებლის აქცია კინოთეატრთან არაა ახალი კინოს ისტორიისთვის. ამ თვალსაზრისით ნამდვილად არ ვართ გამორჩეულები და არც “ველურები”, როგორც დღეს ამას ზოგიერთი ამტკიცებს. ერთი კია - საპროტესტო აქცია კინოთეატრთან, ჯერ ერთი, სულ უფრო იშვიათად ეწყობა მსოფლიოში და, თუ ეწყობა, მისი ორგანიზატორები მარგინალური ჯგუფები არიან, რომლებიც აქციაზე სულ 10-20 ადამიანის შეგროვებას ახერხებენ ხოლმე.რაც მთავარია, ეს ჯგუფები ვერსად ბედავენ ხელი შეუშალონ მაყურებელს დაესწროს ფილმის პრემიერას. და - კიდევ უფრო მთავარი - საპროტესტო აქცია კინოდარბაზთან, დიდი ხანია, უკვე აღარ წარმოადგენს მნიშვნელოვან ახალ ამბავს, რომელმაც შეიძლება დააინტერესოს მედია.

მეორე მხრივ, მაყურებლის პროტესტი კინოდარბაზთან უფასო და ძალიან, ძალიან ეფექტური რეკლამაა ფილმისთვის. ზოგიერთი რეჟისორი ოცნებობს კიდეც იმაზე, რომ მისმა ფილმმა აღაგზნოს და გადარიოს აგრესიული ჯგუფები. ესპანელმა რეჟისორმა ლუის ბუნუელმა თავისი ფილმის, “ანდალუზელი ნაგაზის”, პრემიერაზე, 1928 წელს, პარიზში ჯიბეები ქვებით დაიტენა. სკანდალის შემთხვევაში ასე აპირებდა თავის დაცვას. და, ცოტა არ იყოს, გული გაუტყდა მაყურებელზე, რომელმაც მშვიდად მიიღო ეს ფილმი -პროვოკაცია. აი, ბუნუელის შემდეგმა ფილმმა კი, “ოქროს ხანამ”, უკვე ნამდვილად გააგიჟა და გააბრაზა პუბლიკა. თუმცა დავიცვათ ქრონოლოგიური თანმიმდევრობა და გავიხსენოთ ფილმები, რომელთა პრემიერამ ხმაური გამოიწვია კინოდარბაზში და დარბაზის გარეთ.

“დრეიფუსის საქმე” (1899, საფრანგეთი, რეჟისორი ჟორჟ მელიესი)

კინოს პიონერის, ჟორჟ მელიესის, ფილმებზე ხალხი გასართობად დადიოდა. მელიესს მოსწონდა, როგორ განიხილავდა მაყურებელი ხმამაღლა მის “სინემატოგრაფს”, მოსწონდა და უსმენდა ახალი ატრაქციონით აღფრთოვანებულ პუბლიკას. მაგრამ მელიესის ფილმ “დრეიფუსის საქმის” პრემიერაზე დარბაზში საფრანგეთის არმიის ყოფილი ოფიცრის, ალფრედ დრეიფუსის, მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ისეთი ჩხუბი ატყდა, რომ კინოთეატრის დირექცია იძულებული გახდა ცხენოსანი პოლიცია გამოეძახა. სეანსის დაწყებისთანავე მაყურებლები ჯერ მოკლე რეპლიკებს ესროდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი მუშტი-კრივზე გადავიდნენ. ხელისუფლება იძულებული გახდა აეკრძალა ფილმი “საზოგადოებრივი სიმშვიდის” მისაღწევად. მელიესმა სასამართლოში იჩივლა და მოახერხა ფილმის რეაბილიტაცია, თუმცა იმ დროისთვის უკვე ალფრედ დრეიფუსიც რეაბილიტირებული იყო: 1906 წელს მან თავისი უდანაშაულობა სასამართლოზე დაამტკიცა.

“ნაციის დაბადება” (1915, აშშ, რეჟისორი დევიდ უორკ გრიფიტი)

პრეზიდენტმა ვილსონმა გრიფიტის ფილმის პრემიერა თეთრ სახლში მოაწყო. დიპლომატები დაპატიჟა, ხოტბა შეასხა “ნაციის დაბადებას” და დაამატა, დასანანია, რომ ეს ყველაფერი სამწუხარო სიმართლეაო. “სამწუხარო სიმართლეს” ვილსონი უწოდებდა სამოქალაქო ომის გრიფიტისეულ ინტერპრეტაციას (შავკანიანი ამერიკელების წარმოდგენით ველურებად და მოძალადეებად). ოფიციალური პრემიერიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩიკაგოში ხელჩართული ბრძოლა გაიმართა კინოთეატრთან, სადაც “ნაციის დაბადების” ჩვენება უნდა გამართულიყო. “ფერადკანიანი ხალხის ნაციონალურმა ასოციაციამ” მაყურებელს ბროშურები დაურიგა, რომელშიც ამერიკული კინოს პიონერის, ახლო ხედისა და პარალელური მონტაჟის იდეის ავტორის, დევიდ უორკ გრიფიტის სახელის გვერდით პირველად გაჩნდა სიტყვა “რასისტი”. ჩაშლილმა კინოსეანსებმა და ლიბერალური მედიის შეტევებმა გრიფიტი ისე გააბრაზა, რომ გაავრცელა ბროშურა, სათაურით “თავისუფალი სიტყვის აღმასვლა და დაცემა ამერიკაში”.

“ოქროს ხანა” ( 1930, რეჟისორი ლუის ბუნუელი, ესპანეთი-საფრანგეთი)

პრემიერა მოეწყო პარიზის კინოთეატრ “სტუდიოში”. ფილმის პირველ ჩვენებას დაესწრო ორი ულტრამემარჯვენე ჯგუფი: პატრიოტული ლიგა, რომელიც ფილმის პრემიერამდე იმუქრებოდა, და ანტიებრაული ლიგა, ახლად ჩამოყალიბებული ნახევრად ლეგალური ორგანიზაცია. სეანსის ბოლოსკენ, როცა ბუნუელმა მარკიზ დე სადის ციტირება დაიწყო, ეკრანს კვერცხები დაუშინეს, თუმცა ანტისემიტები უფრო მომზადებულები აღმოჩნდნენ: მათ პირდაპირ გაზი გაუშვეს დარბაზში. მეორე დღეს მაყურებელი მიაწყდა კინოთეატრებს, სადაც ბუნუელის ფილმს უჩვენებდნენ. ოფიციალური პრემიერიდან ერთი კვირის შემდეგ აქტივისტებმა ორგანიზაციიდან “ახალგაზრდა პატრიოტები”ჯერ კინოთეატრ “სტუდიოს” მინები ჩაამტვრიეს, შემდეგ დარბაზში შეცვივდნენ და გადაწვეს სკამები. ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა, მაგრამ კინოთეატრი დაიხურა და “ოქროს ხანა” მოიხსნა ეკრანებიდან. ბუნუელის აღდგენილი შედევრი პარიზის ეკრანებზე მხოლოდ 1980 წელს გამოვიდა.

“ნული ყოფაქცევაში” ( 1933, საფრანგეთი, რეჟისორი ჟან ვიგო)

ფრანგული “პოეტური რეალიზმის” ლიდერმა, ჟან ვიგომ, ფილმის პრემიერაზე პარიზელ ინტელექტუალებსა და ავანგარდისტებთან ერთად (პირველ სეანსს ანდრე ჟიდი ესწრებოდა) დაპატიჟა მთავარი როლების შემსრულებელი ბავშვები (სურათის მოქმედება საბავშვო სახლში ხდება) და მათი მეგობრები და მშობლები. ბავშვებმა იხალისეს - იხმაურეს და იცინეს; მათთვის ეკრანზე ნაჩვენები ბუნტი, რომელსაც მასწავლებლებს უწყობენ, მხოლოდ და მხოლოდ თამაში იყო. მაგრამ მშობლებმა “ნული ყოფაქცევისთვის” სულ სხვანაირად გაიგეს - როგორც კი ბავშვებმა ეკრანზე სიგარეტი გააბოლეს, მასწავლებლებს აგინეს და შიშვლებმა დაიწყეს სირბილი, შვილებს ხელი ჩაჰკიდეს და მათი დარბაზიდან გაყვანა სცადეს. ბუნტი ეკრანზე გადაიზარდა ბუნტად კინოდარბაზში. ამ არეულობის შემდეგ სპეციალურმა კომისიამ ვიგოს ფილმის შესწავლა დაიწყო და ნახევრად შიშველი ბავშვების ამბოხებაში კათოლიკური პროცესიების პაროდია დაინახა.

“ირემი” (1975, ირანი, რეჟისორი მასუდ კიმიაი)

1978 წლის 20 აგვისტოს ირანის ქალაქ აბადანის კინოთეატრ “რექსში” მასუდ კიმიაის “ირმებს” უჩვენებდნენ. იმ საღამოს, ბოლო სეანსზე, კინოთეატრის დირექციამ დააკმაყოფილა უბილეთო მაყურებლის თხოვნა და გაყიდა ზედმეტი ბილეთები. სეანსის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ “რექსი” მთლიანად ცეცხლმა მოიცვა. კინოთეატრს მხოლოდ ერთი კარი ჰქონდა. ჭყლეტაში 438 ადამიანი დაიღუპა. რამდენიმე დღეში ირანის ოპოზიციამ გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც ხანძრის მოწყობაში შაჰის რეჟიმის უშიშროების სამსახურები დაადანაშაულა. ტრაგედიიდან 3 დღის შემდეგ ისლამური რევოლუციის ლიდერი, ჰომეინი, ხანძრის მთავარ გამჩაღებელს ასახელებს - ირანის შაჰს. ამ ჩაშლილი კინოსეანსის შემდეგ აბადანი, რომელიც ნავთობგადამმუშავებელი წარმოების ცენტრად ითვლებოდა ირანში, რევოლუციური მოძრაობის საყრდენად იქცა. ისტორიკოსები და კინომცოდნეები ხანძარს კინოთეატრ “რექსში” ისეთსავე მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორსაც ფერდინანდის მკვლელობას 1914 წელს. მეტაფორას, “კინოთეატრი, როგორც სასაფლაო”, ხშირად ირანის შაჰის რეჟიმის სახედ წარმოგვიდგენდნენ.

“გრძნობათა იმპერია” (1976, იაპონია, რეჟისორი ნაგისა ოსიმა)

1990 წლის იანვარში მოსკოვში, კინოს მუზეუმის დიდ დარბაზში, სეანსი ჩაიშალა. ნაგისა ოსიმას “გრძნობათა იმპერიის” ჩვენების დროს რამდენიმე ადამიანმა ერთდროულად დაიწყო ყვირილი “ჟიდომასონები რუსულ კულტურას უტევენ!”. ამ წამოძახილს ვიღაცამ უპასუხა: “ნუ გვიშლით ხელს!”-და კინოს მუზეუმში ხელჩართული ბრძოლა დაიწყო. დარბაზის ადმინისტრაცია იძულებული გახდა ფილმის ჩვენება შეეწყვიტა.

მოსკოვიდან ოსიმას ფილმის პროდიუსერის, ანატოლ დომანის, ფილმების რეტროსპექტივა თბილისში “ჩამოიტანეს” და “გრძნობათა იმპერია” ფილარმინიის საკონცერტო დარბაზში (!) უჩვენეს. ქართველები ნაკლებად აგრესიულები, მაგრამ უფრო ხმაურიანები აღვმოჩნდით... უფრო სწორად, ხმაურობდნენ მხოლოდ კაცები. სეანსის დროს დარბაზიდან ქალების აბსოლუტური უმრავლესობა გავიდა. ისიც - უხმაუროდ. ფილმის ფინალში, როცა სურათის გმირი, სადა, კასტრაციის აქტს იწყებს, ვიღაცამ დაიყვირა “არ მოაჭრა, არ მოაჭრა!”. შეშინებულ მაყურებელს სხვებიც აჰყვნენ. თუკი რუსებს ჟიდო-მასონების შეთქმულების ეშინოდათ, საქართველოში ზოგიერთ მამაკაცს, როგორც ჩანს, სხვა ფობიები ტანჯავდა.

“ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” (1988, აშშ, რეჟისორი მარტინ სკორსეზე)

1997 წელს რუსეთის ტელეარხმა, “ენტევემ”, გამოაქვეყნა კვირის პროგრამა, რომელშიც ჩართული იყო მარტინ სკორსეზეს ფილმი ”ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება”. მეორე დღეს ოსტანკინოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. საღამოს რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვა “მკრეხელური ფილმის” პროგრამიდან ამოღება. “ენტევე” დანებდა - სკორსეზეს სურათი ტელევიზიით არ უჩვენეს.

ორი წლის შემდეგ “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება” ახლა უკვე ქართულმა ტელეარხმა, “რუსთავი-2”-მა, ჩართო პროგრამაში. მეტრო „დელისთან“, ტელევიზიის ოფისის წინ, გაიმართა აქცია, რომლის ორგანიზატორი, მეხსიერება თუ არ მღალატობს,“მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი” იყო. პროტესტანტებს რატომღაც ეგონათ, რომ სკორსეზეს ფილმის ჩვენებას მე ვაპირებდი საავტორო გადაცემა “ფსიქოში”. საგანგებოდ პლაკატებიც გაამზადეს: “მოაშორეთ გარყვნილი გვახარია ეკრანს!”. გაუკვირდათ, როცა აღმოჩნდა, რომ “ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების” ჩვენებას მე არ ვაპირებდი. გაარკვიეს და დაიშალნენ. “რუსთავი 2”-მა სკორსეზეს ფილმი ეთერიდან მოხსნა.

“და ვინჩის კოდი” (2006, აშშ, რეჟისორი რონ ჰოვარდი)

2006 წლის 18 მაისს ათობით მოქალაქე კინოთეატრ “რუსთაველის” წინ შეიკრიბა, რათა გამოეხატა პროტესტი “და ვინჩის კოდის” ჩვენების წინააღმდეგ. ერთი დღით ადრე საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოუწოდა მრევლს “თავი შეიკავონ მკრეხელური ფილმის” ნახვისგან. საპატრიარქოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დავით შარაშენიძემ, განაცხადა, რომ ფილმი “მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს”. კინოთეატრის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ხელში ხატები და პლაკატები ეჭირათ. ერთ-ერთ ტრანსპარანტზე ასეთი წარწერა მახსოვს: “ამ ფილმის ნახვა ქრისტეს მეორედ ჯვარცმაა”. პროტესტანტებს შორის დღევანდელი პარლამენტარი ზაზა გაბუნიაც ვიხილეთ. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აქცია სრულიად მოკლებული იყო აგრესიულობას. მის მონაწილეებს, მოწოდებების მიუხედავად, სეანსის ჩაშლა არ უცდიათ.

“მატილდა” (2017, რუსეთი, რეჟისორი ალექსეი უჩიტელი)

უჩიტელის ფილმი “მატილდა” რუსეთის მომავალი მეფის, ნიკოლოზ მეორისა, და ახალგაზრდა ბალერინის სასიყვარულო ურთიერთობაზე გვიამბობს. რუსეთის ტერიტორიაზე ფილმის პრემიერა რამდენიმე ქალაქში ჩაიშალა: რადიკალური და მართლმადიდებლური დაჯგუფებები კატეგორიულად მოითხოვდნენ მკრეხელური სურათის აკრძალვას. პეტერბურგსა და მოსკოვში მოეწყო, მართლაც რომ, გრანდიოზული საპროტესტო აქცია (“მარში”) - უფრო ხალხმრავალი, უფრო ხმაურიანი, უფრო აგრესიული, ვიდრე პუტინის მმართველობის წლებში გამართული ნებისმიერი პოლიტიკური აქცია. მოგვიანებით ფილმის რეჟისორის ადვოკატებზე თავდასხმა მოეწყო - მათ მანქანებს ცეცხლი წაუკიდეს.

“და ჩვენ ვიცეკვეთ” (2019, შვედეთი-საქართველო, რეჟისორი ლევან აკინი)

ჩემმა ფრანგმა მეგობარმა, როცა ლევან აკინის ფილმის ნახვა ვურჩიე, გაკვირვებულმა მიპასუხა: “რომელი ფილმი? ცეკვაზე? ხომ გითხარი, რომ მოვახერხე მაისში ნახვა”.. ცეკვაზეო! და არა “გეი- სიყვარულზე”, როგორც იუწყებოდა ქართული მედია. დიახ, “და ჩვენ ვიცეკვეთ” არაა ფილმი მხოლოდ ორი ახალგაზრდა ბიჭისურთიერთობაზე, ახლად დაბადებულ გრძნობაზე, რომელიც დიდ სიყვარულში გადადის. ესაა ფილმი ცეკვაზე, ესაა ფილმი სიღარიბეზე, კეთილ და გაბოროტებულ ადამიანებზე. ესაა ფილმი თბილისზე, თავისი მოვლილი და მოუვლელი უბნებით, ესაა ფილმი ქართულ სიმღერაზე და, საერთოდ, საქართველოზე, რომელსაც სიყვარულს უხსნის ფილმის ავტორი. სიძულვილით სავსე ადამიანს, რომელმაც ცხოვრება ვერ მოიწყო, ყველაზე მეტად სწორედ დიდი სიყვარულის ხილვა აბრაზებს. ამიტომაცაა ასეთი ისტერიკა ლევან აკინის პრემიერის წინ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქციები საქართველოს კინოთეატრებთან - ესაა აქცია “ბევრი სიყვარულის” წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით, წარმოუდგენლად საინტერესო ამბავი ხდება კინოს ისტორიაში - ის, რასაც ვხედავთ ფილმში, მეორდება კინოთეატრის გარეთ. ეგაა რომ ეკრანზე დიდი სიყვარულია, გარეთ კი, ქუჩაში, - დიდი სიძულვილი. ვნახოთ, ვინ მოიგებს ამ ომს საქართველოში.

უკაცრავად, გამოგვრჩით“ (Sorry We Missed You 2019, რეჟისორი კენ ლოუჩი)

რიკი, საშუალო ასაკის ბრიტანელი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ იმაზე, რომ ოჯახი მშიერი არ დარჩეს. ცოლი სოციალური აგენტია - მოხუცებს უვლის. ჰყავთ ორი შვილი - 15 წლის ბიჭი და 11 წლის გოგონა. ყველაფერს აკეთებენ, რათა ბავშვებმა ნორმალური განათლება მიიღონ, როგორც იტყვიან, „ვირებივით მუშაობენ“. რიკი შინ მიტანის სამსახურში მძღოლად მუშაობს, ოცნებობს, გაისტუმროს ვალები - ბინის, ასევე იმ ფურგონის ფული, რომლითაც ემსახურება კლიენტებს, გადაიხადოს და აღარავიზე იყოს დამოკიდებული, საკუთარი თავის გარდა. ახალი ეკონომიკური რეფორმების ავტორებიც ხომ გამუდმებით იმეორებენ: თუკი კარგად იმუშავებ, აუცილებლად მიაღწევ სანუკვარ თავისუფლებას.

მოკლედ, ტიპური ამბავია ბრიტანული სოციალური კინოს კლასიკოსისთვის, რომელიც კანის კინოფესტივალზე ამ ახალი ფილმის მსოფლიო პრემიერამდე უკვე ორჯერ იყო „ოქროს პალმის“ მფლობელი. კენ ლოუჩს ამჯერადაც უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას, მესამე „პალმით“ იგი კანის კინოფორუმის რეკორდს მოხსნიდა, მაგრამ „უკაცრავად, გამოგვრჩით“ ისეთი ემოციური, ისეთი მომნუსხველი ფილმი არ გამოდგა, როგორიც იყო თუნდაც ლოუჩის შედევრი „მე, დენიელ ბლეიკი“. 83 წლის რეჟისორის თაყვანისმცემლების რეაქციაც კი საკმაოდ თავშეკავებული იყო. მართალია, „გარდიანის“ კინომიმომხილველი პიტერ ბრედშოუ კენ ლოუჩის ახალ ნამუშევარს 2019 წლის საუკეთესო ფილმების სამეულში ასახელებს, „გარდიანი“ მაინც „გარდიანია“... შესაძლებელია, მეტისმეტად კარგად უნდა ერკვეოდე თანამედროვე ბრიტანული ეკონომიკის ნიუანსებში, „უკაცრავად, გამოგვრჩით“ რომ ჯეროვნად შეაფასო.

მე პირადად, ბრიტანეთის კი არა, საერთოდ ეკონომიკის ამბებში ვერ ვერკვევი, თუმცა დღეს, როცა კანის ფესტივალის დასრულებიდან 5 თვეზე მეტი გავიდა, სულ უფრო კარგად მესმის კენ ლოუჩის ფილმის მნიშვნელობა. ამ 5 თვეში ჩვენს ქვეყანაში ბევრი რამ მოხდა; სექტემბერში დიდი ხმაური ატყდა შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გამო. კერძოდ, დაიწყო დისკუსია სამუშაო სტანდარტის შემოღების აუცილებლობაზე, იმ სტანდარტისა, რომელიც შეზღუდვებს უწესებს დამსაქმებელს, რათა მან არ მოახდინოს დასაქმებულის ექსპლუატაცია. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს პროექტი მნიშვნელოვნად ზღუდავს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რაც, ცხადია, არ მოსწონს დამსაქმებელს. „ვისი რა საქმეა, რამდენს იმუშავებს ადამიანი? თუკი დასაქმებული, ზრდასრული კაცი და ქალი, თავად დათანხმდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რატომ უნდა ჩაერიოს ამ საქმეში სახელმწიფო? თუნდაც 24-საათიან სამუშაოს დათანხმდეს, რატომ უნდა ჩავერიოთ იმ ადამიანის არჩევანში, რომელსაც ფული სჭირდება?“

ამ კითხვაზე პასუხია კენ ლოუჩის ფილმი. რიკის დამსაქმებლისთვის ყოველი სამუშაო წუთი ძვირფასია. თანამშრომლებს ტუალეტში გასვლაც კი ეკრძალებათ - მათ პლასტიკურ ბოთლებს ურიგებენ, რაც შეიძლება სწრაფად რომ მოითავონ ტუალეტი. ბრიტანელი რეჟისორი გაცილებით უკეთ უხსნის მაყურებელს, რა არის შრომითი ექსპლუატაცია, რატომ შეიძლება დამსაქმებელმა მონად აქციოს დასაქმებული, ვიდრე ამას აკეთებდნენ სექტემბერში შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მომხრეები. შეიძლება იმიტომ, რომ მედიამ მათ არ მისცა საშუალება, აეხსნათ საზოგადოებისთვის, რა ჰქონდათ დაგეგმილი (მედიასაც ხომ თავისი „დამსაქმებელი“ ჰყავს), შეიძლება იმიტომ, რომ... რატომ გვავიწყდება, რომ საქართველოს დღეს არაფორმალური მმართველი ჰყავს - „დამსაქმებელი“ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, როგორც წესი, „მემარცხენე“ მაშინ ხდება ხოლმე, როცა ეს კონკრეტულ მომენტში ამომრჩევლის გულის მოსაგებად სჭირდება.

სხვათა შორის, კენ ლოუჩამდე და სხვა ბრიტანელ რეჟისორებამდე, რომლებმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულს გამოუცხადეს ომი თეტჩერის ნეოლიბერალურ ეკონომიკურ პოლიტიკას, პასუხი იმაზე, თუ რატომ უნდა ჩაერიოს საზოგადოება შრომით რეგულაციებში, იტალიურ ნეორეალისტურ ფილმებშიც მივიღეთ. პიეტრო ჯერმის „მემანქანე“ გახსოვთ? რა ხდება, როცა მატარებლის მემანქანე ზეგანაკვეთურ შრომაზე დათანხმდება? როცა სწორედ იმიტომ, რომ ოჯახის სარჩენად ფული არ ჰყოფნის, დღეს და ღამეს ასწორებს სამუშაოზე, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, საპასუხისმგებლო სამუშაოზე... და თუკი დაიღალა და ჩათვლიმა? თუკი ჩაეძინა? ვინ იქნება პასუხისმგებელი მსხვერპლზე? ანდა თუკი მონურმა სამუშაომ მონსტრად აქცია ოჯახში? რა აზრი აქვს ოჯახის წევრებზე ზრუნვას, თუკი სახლში დაბრუნების შემდეგ, გამოფიტული და დაქანცული, სწორედ ოჯახის წევრებზე იყრი ჯავრს?

ასეა აქ, კენ ლოუჩის ფილმში. რიკი დაღლილი მოდის სამუშაოდან და მთელი გაბრაზება შვილზე გადააქვს, თავის 15 წლის ბიჭზე. ოჯახის, როგორც ინსტიტუტის კრიზისს, დეჰუმანიზაციას თაობების ურთიერთობაში, ავტორიტარიზმის გაძლიერებას კენ ლოუჩი არა კონსერვატორული ტრადიციებით, არა მამათა და შვილთა „ბუნებრივი ბრძოლით“, იდენტობებით, არამედ სწორედაც რომ ეკონომიკური სისტემისა და ცხოვრების ტემპის არაადამიანურობით ხსნის. ოჯახურ ძალადობას აქ ბევრი არაფერი უკლია, თუმცა კენ ლოუჩის გმირზე, მოძალადეაო, ნამდვილად ვერ იტყვი. ლოუჩის მთავარი გმირები არასდროს ძალადობენ. ლოუჩის მთავარი გმირები ჩვეულებრივი, მაგრამ კარგი ხალხია. და, აბა, ვინ იღებს დღეს კინოს ჩვეულებრივ, მაგრამ კარგ ხალხზე?

„მე, დენიელ ბლეიკისგან“ განსხვავებით, ლოუჩი სცდება ერთ სიუჟეტურ ხაზს და რამდენიმე დრამატულ სიტუაციას ერთმანეთზე აწყობს. როგორც ჩანს, დიდია ავტორის სურვილი, დაგვანახოს მონობის ახალი ფორმები, რომელსაც ნეოლიბერალური ეკონომიკა ქმნის, იმდენად დიდი, რომ ლოუჩი რაღაც მომენტში, უბრალოდ, მოითხოვს ჩვენგან, ვუთანაგრძნოთ მის გმირებს. მაგრამ სცენარი მეტისმეტად სქემატურია იმისთვის, რომ რიკისა და მის ცოლს ისე ვუთანაგრძნოთ, როგორც თუნდაც დენიელ ბლეიკს. მსახიობებს კი იმდენი ოსტატობა არ ჰყოფნით, რომ მაყურებელმა ისინი შეიყვაროს - შეიძლება იმიტომაც, რომ ლოუჩი და მთავარი როლის შემსრულებლები თავიდანვე გვეუბნებიან, რომ ფილმის მთავარი გმირები „კარგი ადამიანები“ არიან, კაპიტალისტები კი, მათი დამსაქმებლები, ცუდები. ასეთი სწორხაზოვნება კენ ლოუჩს, არსებითად, არ ახასიათებს, მაგრამ ამჯერად, სოციალური დრამა, რომელიც ბრიტანელი კლასიკოსის საყვარელი ჟანრია, ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც კენ ლოუჩის თაყვანისმცემლები ველოდით. „უკაცრავად, გამოგვრჩით“ უფრო „გარდიანში“ დაბეჭდილ პუბლიცისტურ სტატიას ჰგავს, ვიდრე მხატვრულ ნაწარმოებს. ეგაა, რომ საქართველოში, როცა დამსაქმებლის ინტერესებზეა საუბარი, როცა შრომის პირობებზე, უსაფრთხოებაზე, მშრომელი ადამიანის ჯანმრთელობაზეა საუბარი, ასეთი სტატიებიც კი არ იწერება. არ გვაქვს ჩვენ „გარდიანი“ და არც კენ ლოუჩი გვყავს, სამწუხაროდ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG