Accessibility links

რას ვუყუროთ?

ორშაბათი, 1 აპრილი 2019

“გრძნობათა იმპერია” In the Realm of the Senses, Империя чувств

(იაპონია. ნაგისა ოსიმა. 1976)

კვირის ფილმს ამჯერად მატარებლიდან გირჩევთ.

ვბრუნდები ბათუმიდან, სადაც ექსპერტის სახით მომიწია გამოსვლა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელე გიორგი ლოგუამ სადავოდ მიიჩნია რეგულაცია, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადად აცხადებს პორნოგრაფიული ნაწარმოების გავრცელებას, მაშინ როდესაც საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს პორნოგრაფიის ცნებას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუკი ხელისუფლებას “თვალში ეპატარავებით”, შეიძლება დაგაპატიმრონ “ჩვენი რუბენას”, ანუ რუბენსის, გამო... არა, არა ვხუმრობ, რა თქმა უნდა. თუმცა კანონი ისეთი ბუნდოვანია, რომ არც ესაა გამორიცხული. სხვათა შორის, ბუნდოვანია პორნოგრაფიის განსაზღვრა, ასე ვთქვათ, “მსოფლიო პრაქტიკაში”. ითვლება, რომ ფილმი პორნოგრაფიულად ჩაითვლება, თუკი ეკრანზე ახლო ხედით გამოჩნდება მამაკაცის სასქესო ორგანო ერეგირებულ მდგომარეობაში (მაპატიეთ, სულ მეცინება ამაზე), ანდა ასევე ახლოდან იქნება ნაჩვენები პენეტრაციის პროცესი ( სიტყვა “პენეტრაციაზეც” მეცინება და სულ მეშინია, რომ არასწორად გამოვთქვამ)... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გავახსენე საკონსტიტუციო სასამართლოს ისე, რომ არ გამიცინია, მსუბუქი ღიმილით. მაგრამ ისიც გავახსენე, რომ ინფორმაციისა და სიტყვის თავისუფალი გავრცელების ეპოქაში ფილმის აკრძალვა, მით უმეტეს, ფილმის გავრცელებისთვის დაპატიმრება არის ველურობა. ფსევდოშემოქმედებასაც აქვს უფლება იარსებოს დემოკრატიულ ქვეყანაში... და, რაც მთავარია, ვერავითარი ფორმულა, ვერავითარი დოგმა, ვერავითარი განსაზღვრება ვერ შეძლებს დაადგინოს, სად გადის ზუსტად შემოქმედებისა და ფსევდოშემოქმედების საზღვრები, მათ შორის, თუნდაც, ეროტიკისა და პორნოგრაფიის საზღვრები.

“გრძნობათა იმპერიას” 1936 წელს იაპონიაში მომხდარი ნამდვილი ამბავი დაედო საფუძვლად. მოახლე ქალმა სადამ მორიგი სასიყვარულო პაემანის აპოგეაში მოკლა თავისი ბატონი, კასტრაცია გაუკეთა და მის სხეულზე სისხლიანი იეროგლიფები გამოიყვანა “კიიტი და სადა – მარადიული სიყვარული”.

იაპონია სიყვარულისა და სიკვდილის სამყაროაო, ამტკიცებდა ოსიმა “გრძნობათა იმპერიის” პრემიერის შემდეგ.

იაპონელი რეჟისორი ირჩევს იზოლირებულ გარემოს, სადაც ხდება სიყვარულის, ოსიმას თქმით, როგორც “სიკვდილისკენ გაუცნობიერებელი ლტოლვის”, ზესექსუალური ვნების კვლევა. ბუნებრივია, ეს კვლევა ახლო ხედების, მათ შორის შიშველი სხეულის, უფრო მეტიც, აღგზნებული შიშველი სხეულის გარეშე არ იქნებოდა კვლევა, არ იქნებოდა კინემატოგრაფიული კვლევა... შეიძლებოდა გვენახა ეროტიკული სანახაობა, “სექსუალური ბალეტი” ქალისა და მამაკაცის ლამაზი სხეულებით, მაგრამ კვლევა, დეტალის მნიშვნელობის გააზრება არ იქნებოდა... ოსიმას მიზანი კი ეს იყო -მაქსიმალურ სიღრმეში გასვლა, შოკის შექმნა, მაყურებლის განცვიფრება.

ოსიმას ფილმში ქალმა და მამაკაცმა, ფილმის პირველ ნახევარში “მსხვერპლმა და ჯალათმა”, როლები შეცვალეს, თუმცა ორმა სხეულმა, ორმა პოლუსმა, ამ მუდმივად დაპირისპირებულმა მხარეებმა, ისე მაინც ვერ შეაღწიეს ერთმანეთში, რომ სრულიად გაერთიანებულიყვნენ. არ გამოდის ეს ამბავი. ჯერჯერობით არ გამოდის.

თავისთავად სიკვდილი იაპონელისთვის არც არაფერია, გარკვეული თვალსაზრისით შვებაცაა, მაგრამ იაპონელი გულწრფელად განიცდის, როცა მთლიანობა მიუღწეველი რჩება. არადა, სწორედ ამ არქეტიპული ერთიანობის მიღწევა იყო ფილმის გმირების მიზანი. ადამიანს გაუჩნდა შანსი არა მარტო გაერთიანდეს იმასთან, ვინც უყვარს, არამედ მიაღწიოს ყველაზე მთავარს და, როგორც ჩანს, ყველაზე ძნელს - საკუთარი თავისგან განთავისუფლებას.

“ჩემი წინაპარია ყველა, ვისაც სურდა და სურს შეცვალოს საზოგადოება და ისინიც, ვისაც სურდა და სურს საკუთარი თავის შეცვლა”, - წერდა ნაგისა ოსიმა გადაღებების დასრულების შემდეგ.

დიახ, მას სურს რომ შევიცვალოთ. ოღონდ იმ კარგი ბერძნებისა არ იყოს, ,კათარზისისთვის რომ იღვწოდნენ, იგი არ ერიდება ძლიერ, ძალიან ძლიერ ემოციებს, არ ერიდება სისხლს და ტკივილს. უფრო მეტიც, მას სურს, რომ ტკივილი, რომელსაც განიცდიან ფილმის გმირები, ჩვენც გადაგვედოს.

საფრანგეთში (ფილმი ფრანგმა პროდიუსერმა, ანატოლ დომანმა დააფინანსა) “გრძნობათა იმპერიას” თავიდან “+18” გრიფი მიანიჭეს, რაც იმხანად იმას ნიშნავდა, რომ სურათს მხოლოდ პორნოდარბაზებში უჩვენებდნენ. კანის კინოფესტივალმა თითქოს იყოჩაღა, ჩართო სურათი პროგრამაში, მაგრამ მხოლოდ კონკურსის მიღმა. ორი წლის შემდეგ საფრანგეთის კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ჟაკ ლანგმა წერილით მიმართა მთავრობას, მოეხსნათ სურათისთვის “პორნოგრაფიული ფილმის”გრიფი და ჩვეულებრივ კინოთეატრებში ეჩვენებინათ. მინისტრის თხოვნამ გაჭრა. 1979 წელს, მსოფლიოს ასი კინოკრიტიკოსის გამოკითხვით, “გრძნობათა იმპერია” ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო ეროტიკულ ფილმად აღიარეს. უფრო მეტიც, კინოს უამრავი სპეციალისტი იაპონელი რეჟისორის ამ სურათს ყველა დროის საუკეთესო ფილმადაც მიიჩნევს.

"ნუ ურევთ დიდ ხელოვნებას და პორნოგრაფიასო", - წერდა ლანგი ფილმზე, რომელშიც, იცოცხლე, აღგზნებული პენისი ხო ჩანს... უფრო მეტიც, კასტრაციაცაა აღბეჭდილი.... ლანგს არ ჰყავდა ბევრი მხარდამჭერი არც მთავრობაში და არც ფრანგულ საზოგადოებაში. მაგრამ მოგვიანებით, ბერლინის ფესტივალზე, იგი იტყვის, დახლოებით, ასეთ რამეს: კულტურის სამინისტრო იმისთვის კი არ არის, რომ რაღაც დროებით ღონისძიებებზე დახარჯოს ფული, არამედ იმისთვის, რომ დაიცვას დიდი ხელოვნება ფარისევლებისგან და, ზოგჯერ, იდიოტებისგან. ასეთი ხალხი კი ყოველთვის იყო და იქნება ჩვენს მთავრობაშიო.

ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოზე გამოკითხვისას, პატივცემული მოსამართლეების კითხვაზე, რა არის პორნოგრაფია, გავახსენე საქართველოს პარლამენტის სხდომები, სწორედ იმ პარლამენტისა, რომელმაც მიიღო კანონი პორნოგრაფიის უკანონო (!) გავრცელების შესახებ.

“თქვენ სიტყვა უხამსობაც არ მოგწონთო”, მითხრა ქალბატონმა ევა გოცირიძემ გამოკითხვისას. კი, როგორ არ მომწონს - უხამსობად მივიჩნევ პორნოგრაფიის გავრცელების გამო ადამიანების დაპატიმრებას, რადგან იდიოტები, როგორც წესი, სწორედაც რომ უხამსოდ იქცევიან.

ვინ დაგვიცავს ამ იდიოტებისგან? ჩვენი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე?

არა, არ ვარ ვეგეტარიანელი. თუმცა ხორცი არ მიყვარს და ხორციან კერძებს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გეახლებით ხოლმე. ყველა იმ ადამიანისაც მესმის, ვისაც ცხოველის ხორცის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ვისაც „ბალახი“ არ აკმაყოფილებს. მაგრამ არ მესმის, რატომ შეიძლება განიჭებდეს სიამოვნებას ცხოველების ატრაქციონები ცირკში, რატომ შეიძლება მოგწონდეს დაკვირვება, თუ როგორ იქცევა ცხოველი გალიაში და რაც მთავარია, თუკი სადღაც, ალასკაზე არ ცხოვრობ, როგორ არ უნდა გრცხვენოდეს, დიახ, გრცხვენოდეს... მკვდარი ცხოველის შემოცმა და ასე, საქვეყნოდ, სახალხოდ ქურქში სიარული. მით უმეტეს, როცა ქვეყნის პრეზიდენტი ხარ!

დიახ, მარია კალასსაც უყვარდა ქურქი. მგონი, ჯენის ჯოპლინიც მყავს ქურქში ნანახი. არ გამოვრიცხავ, რომ მოსწონდათ ძვირფას ბეწვში გახვევა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ თვითდამკვიდრების გარკვეული საშუალება იყო ეს ქურქი. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ კალასს და კიდევ ბევრ კარგ ქალს (კაცსაც, ალბათ) არასდროს უფიქრია როგორ მზადდება ეს ქურქები, როგორი სისასტიკე ახლავს თან ქურქის წარმოებას, რამდენი სისხლი იღვრება იმისთვის, რომ ადამიანმა ბეწვი შემოიხვიოს. თანაც არა იმდენად იმისთვის, რომ გათბეს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დამკვიდრდეს, უფრო სწორად თავისი ძალაუფლება გვიჩვენოს.

კალასის შემდეგ ბევრი რამე გავიგეთ და გავიაზრეთ ადამიანებმა. ცხოველთა უფლებების დამცველებიც გააქტიურდნენ. ცხოველთა უფლებების ის დამცველები, რომლებიც ირონიულად მოიხსენია ამას წინათ სალომე ზურაბიშვილმა, ინგა გრიგოლიას გადაცემაში.

შონ მონსონის ფილმი „დედამიწელები“ (2006), პირველ რიგში ჩვენს პრეზიდენტს მინდა შევთავაზო. მას ჯიუტი და ხისტი ქალის სახელი აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაინც იმოქმედებს მასზე და იმ რაღაც ქურქს, ლიეტუვაში რომ ეცვა, თავად მოუღებს ბოლოს (ლიეტუვა რომ „ცივი ქვეყანაა“, რატომღაც არ გაითვალისწინა... ლიეტუვის პრეზიდენტმა, რომელიც ბეწვებში, მოგეხსენებათ, ვერ ვიხილეთ). ქურქი კი არა, ხალხი ვიცი, ვინც ამ სურათმა ვეგეტარიანელი გახადა. ძლიერი ემოციური ეფექტი, რომელიც ფილმს ახლავს, მაყურებლის ეთიკური პოზიციის „კონსტრუირებას“ უწყობს ხელს. მერე რა, რომ ხოაკინ ფენიქსის ხმა კადრს მიღმა, თითქმის დემონსტრაციულად ნეიტრალურია? მერე რა, რომ ფილმში არ საუბრობენ სპეციალისტები, ცხოველთა უფლებების დამცველები, აქტივისტები. ეფექტი მაინც ძალიან ძლიერია, რადგან „დედამიწელები“ გვიჩვენებს ტკივილს. არა იმდენად ცოცხალი არსების წამებას, რამდენადაც ტკივილს! ჰოდა, ვის არ განგვიცდია ტკივილი. ფიზიკური ტკივილი! ყველამ ვიცით, რა არის ეს. ცხადია, იცის საქართველოს პრეზიდენტმაც.

პრეზიდენტი სტუდიებში არ დადისო, ბრძანა სალომე ზურაბიშვილმა. მის ამ ნათქვამს „შუბის“ კონტექსტში თუ განვიხილავთ, საერთოდ კატასტროფას მივიღებთ. მე პირადად აქ ინგა გრიგოლიას „უზრდელობამ“ კი არ გამაკვირვა და აღმაშფოთა, არამედ იმან, თუ როგორ შეიკავა ჟურნალისტმა თავი. რადგან ქურქში გახვეულ პრეზიდენტს თუ გავიხსენებთ, ამ ფრაზას - „პრეზიდენტი სტუდიებში არ დადის“, სულ სხვა მნიშვნელობას მივანიჭებთ - გამოდის, რომ საქართველოს პრეზიდენტს ეს „შუბა“ სწორედაც რომ ძალაუფლების დემონსტრირებისთვის ეცვა. თუკი პრეზიდენტი სტუდიაში არ დადის, „იმიტომ რომ პრეზიდენტია“, პრეზიდენტი უფრო მდიდრულად იცვამს კიდეც, გამორჩეულად, თავისი „დომინანტურობის“ ხაზგასასმელად. მერე რა, რომ იგი ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტია. იმ ქვეყნისა, რომელიც რამდენი წელია უკვე (საუკუნეც?) სხვის კმაყოფაზე ცხოვრობს. შინაურულად რომ ვთქვათ, „მათხოვრობს“... ჰოდა, კიდევ კარგი, ლიეტუველების ჭირიმე, ჩემს პრეზიდენტს ცხოველთა უფლებების დამცველებმა კვერცხები არ დაუშინეს, როგორც არაერთ ქვეყანაში გაუკეთებიათ. ძალიან შემრცხვებოდა!

საკუთარი ცოდვები მეყოფა. ახლა კიდევ პრეზიდენტის გამო რატომ უნდა შემრცხვეს, არ ვიცი. ანახეთ, ანახეთ, თუ შეიძლება, „დედამიწელები“ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG