Accessibility links

რას ვუყუროთ?

„სიტყვა“ (1955, რეჟ.კარლ თეოდორ დრეიერი, “Ordet”, “Слово“)

გამიკვირდა, ქართულ საიტებზე რომ გადავეყარე კარლ თეოდორ დრეიერის შედევრს, ზოგიერთი კრიტიკოსი ყველა დროისა და ხალხის საუკეთესო 10 ფილმს შორის რომ ასახელებს. თანაც, ქართულად. თანაც, მშვენივრად დუბლირებულს. ეტყობა, მართლაც ისეთი ძალა აქვს 1955 წელს გადაღებულ ამ შავ-თეთრ სურათს, რომ არა და არ ძველდება. პირიქით, დროთა განმავლობაში ახალი სიცოცხლით, ახალი აზრით, ახალი სულით ივსება.

დიახ, „სიტყვა“ არის „სულიერი კინო“, თავიდან ბოლომდე ხილვა, რომელიც, თუკი ფიქრის განწყობაზე ხართ, აუცილებლად ჩაგითრევთ და ფილმის ფინალში, მაშინაც კი, თუ არც ღმერთის გწამთ, არც ეშმაკის, საერთოდ არაფერი გწამთ, ლოცვის სურვილს გაგიჩენთ. იგრძნობთ, რომ უნდა დაეხმაროთ ფილმის გმირებს, ტრაგედიის გმირებს. იგრძნობთ, რომ თქვენ გაქვთ ამის უნარი, რადგან სასწაულის რწმენა გიბრუნდებათ.

კაცმა რომ თქვას, რა არის კინოხელოვნება, თუ არა სასწაული? განა ძმები ლიუმიერების კინო სასწაული არ იყო? განა ხალხი პირველ კინოსეანსზე სწორედ სასწაულის სანახავად არ მიემართებოდა? სხვა საქმეა, რომ სასწაული კინოში ერთგვარ სათამაშოს ჰგავს, ატრაქციონს, რომელიც დღეს გამოიხატება ჭრელ-ჭრელი კადრებით, დასამახსოვრებელი დეკორაციებით... სასწაული კინოში არის ფერადი სამყარო, სადაც ყველაფერი მოძრაობს. დრეიერის „სიტყვაში“ კი სასწაული ხდება ძალზე შეზღუდულ სივრცეში („სიტყვა“ თეატრალური პიესის ეკრანიზაციაა). სივრცისა და დროის ასეთი შეკუმშვა მაყურებლის მთელ ყურადღებას თავად მსახიობებზე, მათ პლასტიკაზე და, მართლაც რომ, ჯადოსნური შუქით განათებულ განტვირთულ სივრცეზე გადაიტანს. შემთხვევით არ ამბობენ, რომ „სიტყვაში“ კარლ თეოდორ დრეიერი მაგიური ჰაერის სახეს ქმნის - იმდენად, რომ ფილმის ბოლოს მაყურებელი ხვდება, რომ უყურებს არა იმდენად რეალობას, რამდენადაც „ზერეალობას“.

„კინო მხოლოდ მაშინ გახდება დიდი ხელოვნება, როცა იგი მიწას მოსწყდება, - წერს დრეიერი. - ბოლოს და ბოლოს უარი უნდა ვთქვათ სინამდვილის ასლების კეთებაზე და კამერის საშუალებით შევქმნათ ახალი, წარმოსახვითი რეალობა - სულის სამყარო“.

„სიტყვაში“ ეს სული ჩვენს თვალწინ ამარცხებს სხეულს, რწმენა - ურწმუნობას, მარადიულობა - დროის ცვლილებებს. კინოს ისტორიაში დრეიერს სწორედ ამ თვალსაზრისით გამოუჩნდება ბევრი მიმბაძველი. უპირველეს ყოვლისა, ინგმარ ბერგმანი და ანდრეი ტარკოვსკი, თანამედროვე კინოში კი - დრეიერის თანამემამულე, ლარს ფონ ტრიერი. მაგრამ ვერავინ შეძლებს გადაიღოს ასეთი „მეტაფიზიკური“ ფილმები, ასეთი ლამაზი გამოსახულება, როცა ყოველი კადრი, მართლაც რომ, ხელოვნების ნიმუშია. იმიტომ კი არა, რომ, უბრალოდ, „ლამაზი ფოტოა“. უბრალოდ, დრეიერის კადრში ყველაფერი ცოცხალია, განსულიერებული. ცასა და მიწას შორის მყოფი კარლ თეოდორ დრეიერი ცას ირჩევს, მაგრამ ამ ცას „სიცოცხლეს“ უწოდებს.

1955 წელს, როცა „სიტყვა“ მსოფლიო ეკრანებზე გამოვიდა, ჩვენს პლანეტაზე სიმშვიდე ნამდვილად არ იყო. ჰიროსიმას ტრაგედიით გამოწვეული პანიკა, ომი კორეაში, კერპის სიკვდილი საბჭოთა კავშირში და, შესაბამისად, ერთგვარი დაობლების განცდა. კინოშიც მოხდა ცვლილელები: იტალიაში დასრულდა ნეორეალიზმის ხანა, სოციალური ფილმები კინოთეატრებში მაყურებელს ვერ აგროვებდა. 1954 წელს ვენეციის კინოფესტივალის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ფედერიკო ფელინი. მისი ფილმი „გზა“ ახალი კინოს დასაწყისად აღიარეს.

ერთი წლის შემდეგ კი იმავე ვენეციის კინოფესტივალზე ყველასთვის მოულოდნელად გამოჩნდა „ჟანა დარკის ვნებანის“ ავტორი, უკვე დავიწყებული კარლ თეოდორ დრეიერი. მისი „სიტყვის“ დასრულების შემდეგ დარბაზი 20 წუთი უკრავდა ტაშს დიდ მაესტროს. „სიტყვამ“ მოუგო ფელინის და ანტონიონის, ჰიჩკოკს და მიძოგუტის. დრეიერის სურათი „ოქროს ლომით“ დაჯილდოვდა. არადა, კონკურსში ჩართული სხვა ფილმებისგან განსხვავებით, „სიტყვა“ თითქოს საერთოდ არ ეხებოდა იმ პრობლემებს, რომლებიც აღელვებდა გასული საუკუნის 50-იანი წლების მსოფლიოს.

ფილმის მოქმედება 1930 წლის დანიაში ხდება. ნაციზმი ევროპაში მხოლოდ ფეხს იდგამს, მაგრამ სიძულვილის გავრცელებას ხელს ვეღარაფერი უშლის. ერთადერთი, რაც ამ სიძულვილს წინააღმდეგობას უწევს, ისევ სიძულვილია, მათ შორის სიძულვილი, გამოხატული არა მარტო ქმედებით, არამედ სიტყვით.

დრეიერის ფილმში სიძულვილის სამყაროს დამარცხებას - მათ შორის სიტყვით დამარცხებას - მსხვერპლი დასჭირდა. „რომეო და ჯულიეტას“ სიუჟეტის ეს თავისუფალი ინტერპრეტაცია, წესით, მსხვერპლით უნდა დასრულებულიყო. ჩვენ ასე გვასწავლეს: ბედნიერებისთვის მსხვერპლშეწირვაა საჭირო. ამ მსხვერპლზე აეწყო ადამიანის ისტორია. სხვანაირად არ შეიძლება!

მაგრამ სასწაულიც ხომ ხდება? სიყვარულის სიტყვაც ხომ არსებობს? სიტყვა, რომელსაც შეუძლია მკვდარი გააცოცხლოს.

”მიყვარხარ, პარიზო” (“Paris, je t’aime”, “Paris, I love you”, “Париж, я люблю тебя”) 2006

რეჟისორები: ალფონსო კუარონი, გას ვან სენტი, ვალტერ სალესი, ფრედერიკ ობურტინი, გურინდერ ჩადხა, იზაბელ კოიშეტი, რიჩარდ ლანგრავენეზე, ვინჩენცო ნატალი, ბრუნო პოდაპიდე, ტომ ტიკვერი, ითან კოენი, უეს კრეივენი, ოლივიე ასაიასი, ჟერარ დეპარდიე, კრისტოფერ დოილი, ალექსანდრ პეინი

”ვიღაცები ემდურიან პროექტის ავტორებს, ამდენი უცხოელი რატომ მოიწვიეთ, რა იციან მაგათ პარიზიო... მაოცებს ეს კრიტიკა. პარიზი მარტო თქვენი არაა, ბატონებო. პარიზი ყველასია!” - ინდური წარმოშობის ბრიტანელმა რეჟისორმა გურინდერ ჩადხამ თავისი გაღიზიანება ვერ დამალა 2006 წლის კანის კინოფესტივალზე, სადაც ამ კინოალმანახის - ”მიყვარხარ, პარიზო!” - მსოფლიო პრემიერა გაიმართა. ჩადხა ავტორია ერთ-ერთი ნოველისა ფილმში, რომლის გადასაღებად მის გარდა კიდევ 17 რეჟისორი იყო მოწვეული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, თანაც ერთი პირობით - მათ უნდა გადაეღოთ პარიზი არა უცხოელის, ტურისტის თვალით, არამედ ისე, როგორც გადაიღებდა აქ დაბადებული და აღზრდილი ფრანგი კინემატოგრაფისტი.

პარიზი ხომ ყველასია!

”მიყვარხარ, პარიზო” არის კოლაჟი 5-წუთიანი ნოველებისა, რომლებმაც უნდა შეკრან ერთი ”პარიზის თაიგული” და თან გვიამბონ სიკვდილზე, მარტოობაზე, ოჯახზე, ქორწინებაზე, განქორწინებაზე, კრიმინალზე. თითქმის ყველა ისტორია დაუსრულებელია მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ მაყურებელი უფრო აქტიურად ჩაერთოს ფილმის მოქმედებაში, ისტორიის თანამონაწილე გახდეს და თავად დაამთავროს ამბავი წარმოსახვაში. ასეთი ხასიათის თხრობა ძალიან უხდება ქალაქს, რომელსაც ეძღვნება ფილმი - პარიზი ხომ სახლივითაა. დაგეგმარებაც ისეთი აქვს, რომ სახლს ჰგავს - იმის აბსოლუტური შეგრძნებით, რომ აქ შეიძლება არ დაიბადე, მაგრამ ცხოვრების დიდი ნაწილი მაინც გაქვს გატარებული.

ქალაქი, მოგეხსენებათ, არის ტექსტი, ქუჩები და შენობებიც ტექსტია. კინოკამერას შეუძლია წაიკითხოს, უფრო სწორად, წაგვაკითხოს ეს ტექსტი ქალაქზე, სადაც მხატვრული სახე ცალკეული ნიშნებით იქმნება. ამიტომ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ”პარიზო, მიყვარხარ”, მიუხედავად იმისა, რომ ფილმის ავტორები აბსოლუტურად განსხვავებულ ისტორიებს გვიყვებიან სრულიად განსხვავებულ ჟანრში, პირველ რიგში მაინც არქიტექტურული ფილმია. ”არქიტექტურული კინოს” სხვა, ბევრად უკეთესი ნიმუშებიც შექმნილა - გვინახავს, მაგალითად, პარიზი ერიკ რომერის ფილმებში, მილანი ერმანო ოლმისთან, ვენეცია ლუკინო ვისკონტისთან, ლენინგრადი ილია ავერბახთან, ნიუ იორკი ვუდი ალენთან... ჩემთვის, პირადად, ”არქიტექტურულია” ლევან პაატაშვილისა და თენგიზ აბულაძის ”სხვისი შვილები”. მაგრამ ”პარიზო, მიყვარხარ” იმითაა საინტერესო, რომ ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ კულტურებს მიეკუთვნებიან, კინოკამერით აღბეჭდავენ ქალაქს, როგორც თავისას. პარიზი მათთვის, პირველ რიგში, არქიტექტურულად (!) წარმოადგენს მსოფლიო კულტურის გენიალურ ნიმუშს, იმას, რაც ადამიანის გენიამ და არა იმდენად ”ფრანგი ადამიანის” გენიამ შექმნა.

”არქიტექტურული რომანი” - ასე უწოდებენ ხშირად ვიქტორ ჰიუგოს წიგნს ”პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი”. რომანში მთელი 2 თავი ეთმობა იმ დეკორაციის აღწერას, რომელშიც განვითარდება მოქმედება. ”ხანძრის თემაც” არის ტექსტში და ბუნებრივია, რომ ხალხი ვიქტორ ჰიუგოს წიგნს იხსენებს კოშმარის შემდეგ, რაც პარიზმა ამ დღეებში გადაიტანა (ამბობენ ”ამაზონზე” რომანი რამდენიმე საათში ბესტსელერი გახდა).

1848 წელს ვიქტორ ჰიუგომ ნაციონალური კრების სხდომაზე განაცხადა: ”ფრანგმა ხალხმა ძველი მონარქიის ბაზაზე საფუძველი ჩაუყარა კოლოსალურ შენობას, რომელსაც ევროპის შეერთებული შტატები ერქმევა”... შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ”პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში” გამოვლინდა ყველაზე მეტად ვიქტორ ჰიუგოს ”მონდიალიზმი”, მწერლის სურვილი გაიხსნას საზღვრები და ბოლო მოეღოს ძველი წყობის სამ გამოვლინებას, რომლებიც, ჰიუგოს აზრით, ხელს უშლის განვითარებას (უფრო მეტიც, პირდაპირ კლავს ადამიანებს): მეფეს, ეკლესიას და მართლმსაჯულებას. ისიც შეიძლება ითქვას, რომ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ჰიუგოსთან გადაიქცევა თავშესაფრად არა მარტო ჯადოქრობისთვის ბრალდებული ესმერალდასთვის, არამედ ყველა ჩაგრულისთვის, დევნილისთვის, უპოვარისთვის. ესაა სივრცე, რომელიც ყველას ეკუთვნის, მდიდარსა და ღარიბს, მორწმუნესა და ურწმუნოს...

კონსპიროლოგები ბედნიერები არიან და ხანძრის სიმბოლურ მნიშვნელობაზე მსჯელობენ. თავიანთი კონცეფციები ჩამოაყალიბეს მემარცხენეებმა, ლეპენისტებმა, კოლონიალიზმისა და პოსტკოლონიალიზმის მტრებმა, ლიბერალებმა და ლიბერასტებმა, მასონებმა, წითლებმა, შავებმა, ყვითლებმა... სოციალურ ქსელებში ხანძრის სიმბოლურ მნიშვნელობაზე კამათობდნენ, მაშინ როცა ეს სასწაული იწვოდა და ხალხი - ალბათ, ყველაზე ადეკვატური ხალხი - იქვე, პარიზში, აალებულ ტაძარს შესცქეროდა და ლოცულობდა.

დღეს ბევრ მათგანს, შესაძლოა, სჯერა, რომ ღვთისმშობლის ტაძარი მისმა ლოცვამ გადაარჩინა.

ისევე როგორც დაიჯერებს ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც 10 000 ევრო გადარიცხა ნოტრ დამის აღსადგენად, რომ ტაძარი მისი ფულითაც დაიბრუნებს უწინდელ მშვენებას, მერე კი შვილებს ეტყვის, ეს ეკლესია მეც აღვადგინეო.

ჰო, არ დავინტერესებულვარ. შეიძლება მას არ გადაურიცხავს ფული ვარძიის გადარჩენისთვის, არც რომელიმე საქველმოქმედო ღონისძიებაზე გამოჩენილა... აგერ, საყდრისი ააფეთქეს, მაგრამ პროტესტი გამოუხატავს? ბაგრატი რომ ასე აღადგინეს, გული დასწყვეტია? თავისი არ აღელვებს, თავისი არ უყვარს და რაღა ფრანგების ნოტრ დამზე აუჩუყდა გული?

ხანძარმა პარიზში და ამ ვიღაც ბიზნესმენის მიერ გადარიცხულმა 10 000 ევრომ გულწრფელობის სადარაჯოზე მყოფ უამრავ ჩვენს თანამემამულეს მისცა საშუალება დაბრუნებოდა თავის საყვარელ საქმიანობას - ფარისევლობის დაგმობას ( და, შესაბამისად, იმის ჩვენებას, რომ თავად არათუ არაა ფარისეველი, არამედ ზუსტად იცის, ვინ იქცევა გულწრფელად და ვინ არ არის უანგარო თავის ქველმოქმედებაში)... ეს ახალი არაა და ამ ხალხს - აბა, რა! - ისევე აქვს უფლება დაგმოს ქართველი ბიზნესმენის, როგორც თავად ამბობენ, ”კუდაბზიკობა”, როგორც ჩვენ გვაქვს უფლება სწორედ ამ ხალხის აბობოქრებას ვუწოდოთ ”ფარისევლობა”... პრობლემა უფრო სხვა არის - ადამიანების სურვილი შეიზღუდონ სასიცოცხლო სივრცე, ჩაიკეტონ თავიანთ სამყოფელში. პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს არ სჯერათ, რომ შეიძლება საკუთარზე მეტად გიყვარდეს უცხო, ”შორს მყოფი”, აი, თუნდაც ის, ვისაც ისედაც უამრავი პატრონი, მათ შორის ფულიანი პატრონი ჰყავს. გიყვარდეს და მორჩა.

პრობლემა ისაა, რომ ადამიანებს არ სჯერათ ასეთი სიყვარულის. არადა, რომ ჰკითხო, ზეპირად ახსოვთ ეს სიტყვები: ”ვინაიდან არ არის განსხვავება იუდეველსა და ბერძენს შორის, რაკიღა ერთია ყველას უფალი, გულუხვი ყველას მიმართ”.

4 მილიარდი ევრო მიუღია საქართველოს ევროკავშირისგან ომის დროს. ახლა წარმომიდგენია ფრანგი გადასახადის გადამხდელი, რომელიც ჩივის, ვიღაც ქართველებს რატომ ვეხმარებით, პარიზის ქუჩები კლოშარებითაა სავსეო. ამ ხალხს შორის, ვინც ეს თანხა გაიღო, უთუოდ იქნებიან ფარისევლებიც, აფერისტებიც, ანგარებიანი მეშჩანებიც, კუდაბზიკებიც, მაგრამ ჩვენ ამით არაფერი დაგვაკლდა - საქართველომ 4 მილიარდი ევრო მიიღო.

არც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს დააკლდება რამე, თუკი ქართველი ბიზნესმენი, რომელმაც 10 000 ევრო გადარიცხა ადამიანური გენიის მიერ შექმნილი ძეგლის აღსადგენად, არ აღმოჩნდება ”კარგი კაცი”, მაგრამ ჩვენ კი დაგვაკლდება ის სიამოვნება, რომელიც ამ ”კუდაბზიკა ბიზნესმენმა” უნდა განიცადოს, როცა რამდენიმე წლის შემდეგ თავისი ოჯახის წევრებთან თუ მეგობრებთან ერთად ჩავა პარიზში და ნოტრ დამის ტაძარს შეხედავს.

”ეს სასწაული მეც აღვადგინე!” - იტყვის ის და მართალი იქნება.

ვბრაზდები კი არა, მშურს ამ კაცის.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG