Accessibility links

რას მოვუსმინოთ?

ორშაბათი, 8 აპრილი 2019

კალენდარი
მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი

მთელი ბავშვობა და თინეიჯერობა სიცრუეში ვიცხოვრე.

მჯეროდა, რომ არსებობს ორგვარი მუსიკა - პაპსა და არაპაპსა.

პაპსა არ არის, თუ გიტარა ხერხავს და ვიღაცა ყვირის. ან, შეიძლება ხერხვა არ იყოს, მაგრამ სერიოზულ თემაზეა - სიკვდილზე ან რამე ეგეთზე. მსგავსი ტიპის წყნარი სიმღერები დაშვებული იყო. ასევე, თუ ჯგუფი იყო ძალიან კარგი, ეგეც მოსული ამბავი იყო - „ბითლზზე“ ვინ იტყოდა, პაპსაა, არ მოუსმინოო. უფრო სწორად, ამბობდნენ, როგორ არა, მაგრამ ალბათ თვითონაც ხვდებოდნენ, რომ მოუკრეფავში გადადიოდნენ.

სიყვარულზე თუ ტკბილად ვინმე იმღერებდა, ეგ იყო პაპსა. მორჩა და დამთავრდა.

მერე, ნელ-ნელა გავიგე, რომ მთლად ეგრე არ ყოფილა.

ჯერ სტივი უანდერი, თურმე, სულ არ ყოფილა ცუდი.

მაგრამ, ეგ, კაი, მუსიკის გიგანტია, თან, რავი ბრმაა და კი მღერის სიყვარულზე ტკბილ სიმღერებს, ამიტომ „ხარისხიან პაპსაში“ გადიოდა.

მერე, ნელ-ნელა ნაკლებად გიგანტების ტკბილი სიმღერებიც შემიყვარდა.

მოკლედ, გვიან მივხვდი, რომ პაპსა არ არსებობს და, მეტაფორულად, შეიძლება მწვადი გიყვარდეს, მაგრამ დროდადრო ნაყინიც არ დაიკლო.

ელტონ ჯონის ეს სიმღერა იმ, ძველი ღირებულებების მიხედვით ცალსახად პაპსაა.

თუმცა, დროდადრო ვუსმენ ხოლმე, ნოსტალგიის ამბავში. ემტივი, ზაფხული, რამე.

გუშინ კი გზად კარგი ხარისხის ყურსასმენებში ვისმენდი და უცებ, შევარდნაძისა არ იყოს, შემზარა - მეთქი რა კარგი სიმღერაა. ანუ, გარდა იმისა, რომ მელოდიაა საკაიფო და ელტონ ჯონი საოცრად მღერის, თვითონ სიმღერაა კარგი. არანჟირება აქვს სრულიად გადასარევი და ვინც უკრავენ, არ ვიცი ვინ არიან, თავისი საქმის უბადლო ოსტატები არიან.

მოკლედ, პაპსა კი არა, ძალიან მაგარია.

31-ში უკრაინაში უმნიშვნელოვანესი საპრეზიდენტო არჩევნებია, ამიტომ უპრიანად მივიჩნიე მაგას რამენაირად შევხებოდი. და, რადგან პოლიტიკური და ეკონომიკური ანალიზი და პროგნოზები სხვა, ჩემზე გათვითცნობიერებული ხალხის საქმეა, რითაც შევძელი იმით ჩავერთე ამ ამბავში.

ეს „რითაც შევძელი“ მუსიკის შერჩევაა არჩევნების საუნდტრეკად.

უკრაინაზე უამრავი სიმღერა დაუწერიათ. ძირითადად, ცხადია, უკრაინელებს. მაგრამ, აქა-იქ სხვებიც ახსენებენ ხოლმე.

ვცადე სამი განსხვავებული ჟანრის, თემატიკის და დროის კომპოზიცია შემერჩია.

3. Morissey - World Peace Is None of Your Business (2014)

ვინ მღერის: მორისი ბრიტანული როკის და, საერთოდ, მსოფლიო მუსიკის ლეგენდაა. ჰიპსტერების საყვარელი ბენდის, The Smits-ის ვოკალისტი იყო და სოლო ნამუშევრებიც დიდებული ჰქონდა ხოლმე. რამდენადაც დიდი მუსიკოსია, იმდენად აუტანელი ტიპია. თუმცა, ეგრე როცა მღერი, ყველაფერს გპატიობენ ხოლმე

უკრაინას რანაირად ეხება: ამ სიმღერაში მორისი აკრიტიკებს ამომრჩეველს, რომელსაც გონია, რომ მსოფლიო მშვიდობა მას არ ეხება. „ყოველ ჯერზე, როდესაც ხმას აძლევ, მხარს უჭერ პროცესს. ბრაზილია, ბაჰრეინი, ეგვიპტე, უკრაინა... ამდენ ადამიანს ტკივა“ - მღერის.

2. Renaissance - Ukraine Ways (1981)

ვინ მღერის: უძველესი ბრიტანული ჯგუფია, რომელიც 60-ინი წლების ბოლოს შეიქმნა და დღემდე არსებობს. 1978 წელს ჰქონდათ ერთი ჰიტი. მათი არსებობის შესახებ ალბათ მხოლოდ პროგ-როკის თავგადაკლულმა თაყვანისმცემლებმა იციან და კიდევ იმ ხალხმა, უკრაინაზე უცხოურ სიმღერებს რომ გუგლავენ.

უკრაინას რანაირად ეხება: სათაურივე გვკარნახობს - „უკრაინულ წესებად“ შეგვიძლია ვთარგმნოთ. სიმღერის გმირი უკრაინის სიცივეში დგას და ბრაზილიის სითბოზე და იქაურ სამბაზე ოცნებობს. ტექსტში არსადაა ნახსენები თეთრი შარვლები და დაძრული ყინული, მაგრამ, თავს დავდებ, ოსტაპ ბენდერი იგულისხმება.

1. Paul Manandise - My Paradise. (2018)

ვინ მღერის: ფრანგი მომღერალია, რომელმაც რამდენიმე წელი უკრაინაში გაატარა და ისე შეუყვარდა ქვეყანა, რომ არაერთი სიმღერა მიუძღვნა. უკრაინული ტრადიციული სამოსი აცვია ხოლმე და დონბასში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მებრძოლ ბატალიონებს ამხნევებს სიმღერით.

უკრაინას რანაირად ეხება: „ჩემი სამოთხე“ პოლისთვის არც საფრანგეთია და არც ბრაზილია. რთული მისახვედრი არაა, რას გულისხმობს, რადგან სიმღერაც უკრაინულადაა - იქ ცხოვრებისას ენა უსწავლია. განსაკუთრებულად კარგი სიმღერა არ არის, მაგრამ, გულითაა ნამღერი. თემასაც, რთულია არ დაეთანხმო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG