Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 31 დეკემბერი 2009

დღევანდელი ბლოგის თემაა საახალწლო მოსაკითხები. მათ ძირითადად სოფლიდან აგზავნიან ხოლმე ქალაქელ ნათესავებთან, თუმცა არანაკლებ ხშირია მოკითხვები თავად სოფელში თუ ქალაქში, მეგობრებს, ნათესავებსა და მეზობლებს შორის. ეს ტრადიცია სულ არსებობდა საქართველოში, დღესაც ხშირად ნახავთ მოკითხვებს და ალბათ მომავალშიც იარსებებს საახალწლო ძღვენის მირთმევის ტრადიცია. მოკითხვის კულტურის დიდ და ყველაზე უგულო ნაწილს უფროსობისთვის ქვეშევრდომთა მიერ მოკითხული ხორაგია, თუმცა ვინ იცის, იქნებ კარიერაზე ზრუნვის, თავის მოქონვისა თუ რაღაც ვალდებულებების გარდა, რამე სიყვარულიც იყოს ძღვენის ამგვარ მირთმევაში. ვინ იცის? მე არ ვიცი, ამიტომ ამაზე აღარ გავაგრძელებ.

ისევე, როგორც ყველას, ჩვენს ოჯახსაც უკითხავდნენ ხოლმე რაღაც-რაღაცეებს. ბაბუაჩემი რაჭიდან ლორს, კაკალს, ვაშლსა და კაცისთავა მსხალს გვიგზავნიდა, თავის სიძეს კი რაჭულ ცოლიკოურს, ძელშავსა და ჭაჭას. ჩემი თბილისელი ბებია-ბაბუა ყველაფერში იღებდნენ მონაწილეობას საახალწლო სამზადისისას: ხორცით დაწყებული – ტკბილეულით დამთავრებული. მარტვილელი (მაშინ გეგეჭკორელი) ბიძა, ნოდარი, მჭადის ფქვილს, ღერღილს, კამეჩის სულგუნს, კვახს, ხურმის ჩირსა და დაფნაში გამოხვეულ გაფითრებულ გოჭს ჩამოიტანდა ხოლმე და ახალი წლის დადგომას რომ რამდენიმე საათი დააკლდებოდა, სოფელში ბრუნდებოდა. სულ მიკვირდა, როგორ ასწრებდა.

ერთხელ ნოდარი ბიძიამ ცოცხალი გოჭი გამოგვიგზავნა საახალწლოდ, ავტობუსს გამოატანა. გზაში როგორ იქცეოდა, ანდა რანაირად გაძლო 5-6 საათი ავტობუსში, არ ვიცი (გული მაინც არ აერია?). მამაჩემი, სადგურში მივიდა თუ არა, მიხვდა, რომ მაგარ შარში იყო გახვეული. ახალ წლამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი, მოსაკითხს კი მოვლა და პატივისცემა სჭირდებოდა.

მამაჩემმა გოჭი თავისი ფურგონიანი 02-ით მოაბრძანა სახლში და საშრობში („სუშილკას“ რომ ეძახდნენ) დააბინავა. გოჭი ჩასკვნილი იყო, მაგრამ მგზავრობის შემდეგ ცოტათი მოთენთილი ჩანდა და ძალების აღდგენა სჭირდებოდა. ჯანებზე მალე მოვიდა, მეორე დღეს უკვე აკლებული და შესწავლილი ჰქონდა მთელი საშრობი, თუმცა თავისი მშობლიური ტლაპო ვერსად იპოვა და ალბათ ამის გამო დარდობდა კიდეც. ერთხელაც, მოსანახულებლად თუ საჭმლის გასატანად გასულებს გოჭი ადგილზე აღარ დაგვხვდა.

მესამე სართულიდან გადახტა. გადავიხედეთ აივნიდან. არანაირი კვალი არ ჩანდა, და არც თავად გოჭი იყო გმირულად განრთხმული ვაკის ასფალტზე.

წავიდა მამაჩემი გოჭის მოსაძებნად. მიადგა ერთ მეზობელს, მეორეს, მესამეს, არავინ არაფერი იცოდა ჩვენი გოჭისა და მისი ისტორიული ნახტომის შესახებ, ზოგს არ ჯეროდა და მამაჩემის მორიგი ხუმრობა ეგონათ ეს ამბავი. მოკლედ, ბევრი იარა თუ ცოტა იარა, იურა (ასე ერქვა მამაჩემს) მიადგა ბარაკებს, რომლებიც ჩვენს კორპუსთან, მდინარე ვერეს ნაპირზეა გაშენებული და რას ხედავს, არ გამოტრიკინდა ეს ჩვენი გოჭი?! თურმე ბარაკელ მეზობლებს (სომხებს) შეუფარებიათ ამბოხებული და გარდა იმისა, რომ ჯამი დაუდგამთ, კაი ტალახიანი გუბეც მოუზომიათ კოლხეთის დაბლობზე გაზრდილი მხტომელისთვის. ჰოდა, ალბათ ამ გუბის გამო იყო, რომ მამაჩემმა ძლივს იცნო. თეთრი, ქათქათა კოლხი არისტოკრატი მთლიანად ტალახში იყო ამოსვრილი, ყურებიანად.

ჩვენს სანათესაოში მოკითხვებში ყველაზე თანმიმდევრულები ბულისკერიები იყვნენ, რომლებიც ყოველ წელს, ზუსტად ერთსა და იმავე დროს, 31 დეკემბრის საღამოს 20:00-ზე გამოგვივლიდნენ და შოკოლადების უზარმაზარ შეკვრას ტოვებდნენ ხოლმე (ცოლ-ქმარი მთელი დღე უნდებოდა ნათესავების ჩამოვლას). შოკოლადებს გვიკითხავდა (ე.წ. პლიტკებს) ჩემი ბიძაშვილი მურმანიც.

სხვაგანაც იგივე ხდებოდა:
თიანეთიდან გურამ გორელაშვილს იზო თევდორაძისთვის კარტოფილი ჩამოჰქონდა საახალწლოდ, სადგერიდან ჯემალ ხაჩიძემ მერაბ გოგიშვილს ერთხელ დიდი ემალის ქვაბით დამჟავებული პამიდორი ჩამოუტანა, გულში ჩართული ნივრითა და ნიახურით, კაკო თავაძემ თავის ძმაკაცს, ვანო ლოლაძეს ერთი კალათა კონიაკი “ო.ეს.” დაუდგა კართან, შემდეგ ზარის ღილაკს დაააჭირა ხელი და სირბილით კიბეებზე ჩაქანდა ეს ამხელა დარბაისელი კაცი. აგრონომმა და მოყვარულმა მეთევზემ, გელა გეგეჭკორმა სიმამრს, თამაზ ტყავაძეს მინგეჩაურში დაჭერილი 80 კილოიანი ლოქო მოუკითხა, ფასანაურიდან კი, ნათელა წიკლაურმა შვილიშვილებს 30 ცალი ხელით ჩამოქნილი სანთელი, ჩირის ასხმები და ერთი დიდი თავი ძროხის ყველი გამოუგზავნა. სოფელ მათურიდან ვეფხია თადიაურმა ბიძამისს ლაშარობიდან (ანუ ზაფხულიდან) ქვევრში შენახული ხორცი ჩამოუტანა ხინკლისთვის. ალვანელმა ზურა აქიმიძემ თავის ბიძაშვილს 4 თავი გუდის ყველი, დედამისის მოქსოვილი 3 წყვილი წინდა და 22 ლიტრიანით ლალისყურული რქაწითელი დაულაგა შუა ოთახში. სოფელ ჭიორადან, კარლო რეხვიაშვილმა შვილიშვილს კოხტა ნაძვის ხე გამოუგზავნა, ფოთელმა ანზორ ბჟალავამ კი იმხელა თევზი მიუყვანა თავის მეგობარს, დიმა სეფერთელაძეს, რომ მის სანახავად მეზობელი კორპუსებიდან მოდიოდნენ ბავშვები და სამუდამოდ იბეჭდავდნენ გონებაში სამზარეულოში გაწოლილ ურჩხულს.

ბოლო წლებში ყველაზე მეტს უცხოეთიდან აგზავნიან საახალწლო მოსაკითხებს, აგზავნიან დედები, მამები, შვილები. აგზავნიან უცხოურ ტკბილეულს, თბილ ტანსაცმელს (ხანდახან ნახმარსაც) და ფულს. მოპარულ ლეპტოპს, ნაჩუქარ ბუკლეტებსა და კატალოგებს, სათამაშოებს, ყვავილების ან ცხარე (თუ მწარე) წიწაკის თესლებს...

ახლანდელი დროც ხომ მწარეა, ხშირად გვაცხარებს თავისი უგულობით. მაგრამ ყველაზე მეტად ასეთ მწარე დროშია ტკბილი მოსაკითხი. დღეს ქუჩაში, თუკი დააკვირდებით, ბევრი უიმედო და ფიქრით დამძიმებული ადამიანი დადის, ვისაც მომკითხველი არა ჰყავს. განსაკუთრებით ახალი წლების წინა დღეებში ჩანან ეს გაშეშებული, მხოლოდ ჰაერის ჩასაყლაპად გამოსული ადამიანები. ისინი დგანან, სხვებისგან განსხვავებით არ მოძრაობენ, დახლიდან დახლზე არ გადარბიან, არაფერს ყიდულობენ, არავის ევაჭრებიან, ხმასაც არ იღებენ და გამვლელებს სიგარეტსაც კი არ სთხოვენ. მათ უბრალოდ მომკითხველი არა ჰყავთ.
დღეს მოსაკითხის კრიზისია საქართველოში. და ჩვენიც, მომკითხველებისაც.
ამ ბლოგში 2009 წლის საუკეთესო ფილმების გახსენება მინდოდა. წერა დავიწყე, მაგრამ ძალიან მალე მივხვდი, რომ ბლოგი უსაშველოდ გრძელი და ახალი წლისთვის სრულიად შეუფერებელი გამოდიოდა. ერთხანს თემის შეცვლაზეც ვიფიქრე. მაგრამ ოპტიმისტურ-საშობაო სიუჟეტი მაინც არ გამოვიდა.

ამდენი წვალების შემდეგ მით უფრო კარგად გავუგე ამერიკელ რეჟისორს, ორენ მოვერმანს, რომლის ფილმი ”მაუწყებელი” (The Messenger”) http://www.youtube.com/watch?v=2SYuzDcVUJg&feature=related - ჩემს სიაში, 2009 წლის საუკეთესო ფილმი - ნოემბერში გამოვიდა მსოფლიო ეკრანებზე და როგორც ამბობენ, ამერიკული კინოგაქირავების ”სივრცეში” კატასტროფული მარცხი განაცადა.

არცაა გასაკვირვი - პრემიერა სურათისა, რომელიც 2009 წლის დასაწყისში, ბერლინის კინოფესტივალზე უჩვენეს პირველად, ჯერ გაზაფხულისთვის, მერე შემოდგომისთვის გადაიდო. ბოლოს მაინც ზამთარში გამოუშვეს - მაშინ, როცა ხალხი შობის აღნიშვნისთვის ემზადებოდა და ნამდვილად არ იყო განწყობილი ტრაგიკული ფილმისთვის ამერიკელ ოფიცერებზე, რომლებმაც ნათესავებს ოჯახის წევრის ერაყში დაღუპვა უნდა შეატყობინონ. ამბობენ, რომ ამერიკაში ისედაც არაა მოთხოვნილება ერაყის თემაზე გადაღებულ ფილმებზე. ჰოდა, ამ შობა-ახალი წლის წინ ვინ დაინტერესდებოდა თავდაცვის სამინისტროს სპეციალური განყოფილების (Casualty Notification) მუშაკთა საქმიანობით, იმ ადამიანების საქმიანობით, რომელთაც ამერიკაში ”სიკვდილის ანგელოზებს” ეძახიან? (ამ ხალხის მოვალეობაა, რაც შეიძლება სწრაფად შეატყობინონ ჯარისკაცის სიკვდილი ახლობლებს, რათა ნათესავებმა ტელევიზიიდან არ შეიტყონ ეს ამბავი.)

”მაუწყებელში” ადამიანთა რეაქციების მთელი გალერეა იქმნება; ”სიკვდილის ანგელოზებს” განსხვავებულად მასპინძლობენ; ზოგი თავს იკავებს, ზოგს გული ერევა... მამა, რომელსაც ერთადერთი შვილის დაღუპვას ატყობინებენ, სურათის ერთ-ერთ მთავარ გმირს, ტონის სახეში აფურთხებს.

ტონის, ამერიკელ ოფიცერს, რომელიც ”სიკვდილის მაუწყებლად” მსახურობს ჯარში, ვუდი ჰარელსონი თამაშობს (ამ როლისთვის ჰარელსონი ”ოქროს გლობუსზეა” წარდგენილი). მის უმცროს მეგობარს, ვილის, ბენ ფოსტერი. ვილი თვალში დაჭრეს ერაყში, რის გამოც მან ტირილის უნარი დაკარგა. მიუხედავად ამისა, ბენ ფოსტერი სწორედ თვალებით თამაშობს! ვაინ ვონგის ”ბოლის” მერე, უილამ ჰარტისა და ჰარვი კეიტელის დუეტის მერე (http://www.youtube.com/watch?v=f5Iv11DT-hs&feature=related), მე ვერ ვიხსენებ ფილმს, რომელშიც ორი მამაკაცი მზერის ასეთ ”ქორეოგრაფიას” ქმნიდეს ეკრანზე.

მზერათა თამაში მთავარია ”მაუწყებელში”. ”სიკვდილის ანგელოზები” ვალდებულები არიან დაიცვან ინსტრუქცია, რომელიც საგანგებოდ დააწესეს ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ჩინოვნიკებმა; მათ ეკრძალებათ, მაგალითად, დაღუპული ჯარისკაცის ნათესავებთან შეხება, რადგან ასე, შესაძლოა, გადაედოთ მწუხარება, რომელსაც განიცდიან ეს ადამიანები. დისტანციის დაჭერა აუცილებელია! წინააღმდეგ შემთხვევაში ოფიცერს სასჯელი ელის. ოფიცერს უნდა ესმოდეს, რომ დაღუპული ჯარისკაცის სიცოცხლე არაფერია ამერიკულ დემოკრატიასთან შედარებით, რომელსაც ერაყში საფრთხე დაემუქრა... რომ ამ ჯარისკაცებმა სამშობლოს, თავისუფლებას, ქვეყნის და, თუ გნებავთ, პლანეტის მომავალს შესწირეს თავი.

ოფიცერს უნდა ესმოდეს, რომ მსხვერპლის გარეშე არაფერი გამოდის. ასეა მოწყობილი ადამიანი და ისტორია.

ჰოდა, აბა ვის მოუნდება მსხვერპლებსა და სიკვდილის ანგელოზებზე ფიქრი შობის დღეებში, როცა ქრისტიანები წესით და რიგით უკანასკნელი მსხვერპლის, იესო ქრისტეს დაბადებას ზეიმობენ? არადა, ხომ გახსოვთ, როგორ დაიწყო ყველაფერი? ასი წლის აბრამს ვაჟი შეეძინა, ისაკი. საკუთარი რწმენის სიძლიერის გამოსაცდელად აბრამმა შვილის მსხვერპლშეწირვა გადაწყვიტა. მაგრამ რიტუალის დაწყების წინ გამოეცხადა სიცოცხლის ანგელოზი და გააჩერა, უფრო მეტიც, დააწესა ტაბუ ადამიანის მსხვერპლშეწირვაზე. აქ ბარბაროსობიდან ცივილიზაციაზე გადასვლა გამოხატულია მამის სახით, მამისა, რომელიც შვილის მსხვერპლშეწირვით აპირებს გაანადგუროს ხალხი, რომელიც მისი შვილისგან უნდა ჩაისახოს. ხალხი და მომავალი!

მაგრამ ბარბაროსობა ასე ადვილად არ დანებდება ცივილიზაციას. მსხვერპლშეწირვა გაგრძელდება მეოცე-ოცდამეერთე საუკუნეებში. მსხვერპლშეწირვის ვნება ბობოქრობდა 2009 წლის საქართველოშიც, სადაც ძეგლის აფეთქებას უდანაშაულო ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.

”ოპოზიციური მუხტის” ჩასახშობად, მითუმეტეს, მოახლოებული არჩევნების წინ, ხელისუფლება აქტიურად ჩაერთო მსხვერპლებით თამაშში; პრინციპში ამას ადრეც ადვილად აკეთებდა - საქართველოში, "რუსეთის აგენტის" ბრალდებით საკმაოდ ადვილი გახდა ადამიანის განადგურება, შესაძლებელია, ლიკვიდაციაც კი. გარდა ამისა, ჩვენი გულუბყვილო, როგორც წესი, დაუსაქმებელი და უსაქმურობისგან დაღლილი ამომრჩევლის გულის მოსაგებად, იმ ამომრჩევლისა, რომელიც საღამოებს ”პროფილის” მსგავსი სატელევიზიო გადაცემების ყურებაში ატარებს, ხელისუფლებამ აქტიურად დაიწყო იმის მტკიცება, რომ არ არის ”ეკლესიის დამანგრეველი”... ამას მოჰყვა სწორედ ფონდ ”ინკლუზივის” ბარბაროსული დარბევა და ასეთივე ბარბაროსული ჰომოფობია ქართულ ტელეარხებზე. დემოკრატიული ღირებულებები შეეწირა ნაციონალურ-მართლმადიდებლურს ისევ და ისევ ერთი მიზნით - ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!

ამასობაში შობა-ახალი წელიც მოგვიახლოვდა. სიცოცხლის, განახლების დღესასწაული. ამერიკის მსგავსად არც ჩვენ გვინდა ამ ახალ წელს მსხვერპლისა და ომის გახსენება. არ გვინდა და აგერ უკვე პუტინსაც კი ვართმევთ ხელს.

ბედნიერი მომავლისთვის!

მე კი... საშობაო-ოპტიმისტური სიუჟეტები არ გამომდის, მაგრამ მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ; სავსებით შესაძლებელია, 2010 წელს გამოჩნდეს ”სიცოცხლის ანგელოზი”, რომელიც ადამიანის და ადამიანური ფასეულობების მსხვერპლშეწირვაზე ტაბუს დააწესებს... იქნებ ამის შემდეგ მაინც აღარ მოინდომონ მამებმა შვილების დახოცვა, ისტორიის გაჩერება? იქნებ 2010 წელს მაინც მოიხსნან შვილებმა ბორკილები. თანაც ისე, რომ მამებს არ გაუსწორდნენ. მსხვერპლად არ შეწირონ, არ ”ჩარეცხონ” ბედნიერი მომავლისთვის!?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG