Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 3 დეკემბერი 2009

ამ კვირაში მამაჩემს ექიმებმა ბოლოს და ბოლოს დაუსვეს დიაგნოზი - ”დემენცია”, რაც ჩვენებურად ”სკლეროზს” ნიშნავს. აქვე დავუმატებ - მიუხედავად იმისა, რომ ”წითელ ზონაში” კახა ბენდუქიძესთან ერთად დარვინის 200 წლისთავი აღვნიშნე (გადაცემა 18 დეკემბერს გავა ეთერში), სასწაულების მჯერა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ყველაფერი ჩემდა სასიკეთოდ და, რაც მთავარია, მამაჩემის სასიკეთოდ განვითარდება. თანაც, ვინა თქვა, რომ დარვინს არ სწამდა სასწულების? მთელი მისი ”ევოლუციის თეორია” ხომ ფანტასტიკის ჟანრში გადაღებული ჰოლივუდის საუკეთესო ბლოკბასტერია!

მაგრამ ჩემი თავი დღეს არა დარვინით, არამედ სწორედაც რომ დემენციითაა დაკავებული. ადამიანის ტვინში ცოცხალი უჯრედების კვდომაზე ვფიქრობ ყველგან - მანქანაში, აუზზე, რადიოში, დარვინის ორასი წლისთავისადმი მიძვნილი გადაცემის მონტაჟზე... დავძვრები ინტერნეტში, ვეცნობი უკანასკნელ სამეცნიერო გამოკვლევებს და იმასაც კი, რასაც სკლეროზთან კავშირი არა აქვს, სწორედაც რომ ”დემენციის რაკურსიდან” აღვიქვამ.

მადლია რა მართლაც ყველაფერი!

აბა სხვა დროს ხომ არ მივაქცევდი ყურადღებას ”დემენციურ პათოლოგიას”, რომლითაც დასრულდა დისკუსია ”წითელ ზონაში” გასული იმ გადაცემის შემდეგ, რომელიც ცხოველთა დაცვას მიეძღვნა? ინტერნეტფორუმებში და, ნაწილობრივ, ამ ჩემს ბლოგზეც, ხალხმა დაგმო ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა, მაგრამ ნელ-ნელა ”შეუყვა” კამათს... და ბოლოს ისე შორს წავიდა, რომ ვეგეტარიანობასა და მარხვის აუცილებლობაზე მსჯელობამ გაიტაცა. თანაც, ისე გაიტაცა, რომ რეცეპტები შემოგვთავაზა კარგი სალათების, რომლებმაც ხინკალი და მწვადი უნდა ჩაანაცვლოს.
პირდაპირ ნერწყვი მოგივიდოდა!

საწყალი ცხოველები კიდევ ერთხელ დაავიწყდათ.

ანდა, გაზეთ ”ბათუმელებთან” დაკავშირებული ინციდენტი გავიხსენოთ. პრესრელიზის გავრცელების შემდეგ არაერთმა ადამიანმა მკითხა, მაინც ვერ გავიგე, ის ჟურნალისტი გეიაო?

კი, მეც მგონია, რომ ”ბათუმელების” რედაქციის მიერ სასწრაფოდ გავრცელებული პრესრელიზი ცოტა არ იყოს გაუგებრადაა დაწერილი (ალბათ, იმიტომ, რომ სრულიად გაუგებარი და აბსურდულია სიტუაცია), მაგრამ ეს კითხვა, არის თუ არა გეი ჟურნალისტი, რომელიც სპეცსამსახურებმა დააშანტაჟეს, კლასიკური დემენციაა - ანუ მთავარისა და მეორეხარისხოვანის ერთმანეთისგან გარჩევის უუნარობა, მთავარის გადაქცევა ”ფონად” და სრულიად უმნიშვნელო დეტალის გაზრდა-გაზვიადება. ანდა, პირდაპირ ვთქვათ - დეგენერატობა, სიდებილე, ტვინის უჯრედების გახრწნა.

ჩვენი საზოგადოება სულიერ კრიზისს რომ განიცდის, ამას დღეს ”ქართული აკადემიაც” აღიარებს (სხვა საქმეა, რომ ამაში მხოლოდ ხელისუფლებას ადანაშაულებენ). მაგრამ, მგონი, ფრიად არაპოპულარული იქნებოდა იმის თქმა, რომ ამ კრიზისის მიზეზი თავად კულტურაშია - უძველესში და აქედან გამომდინარე, კარგა მაგრად დაბერებულში... მხოლოდ და მხოლოდ მარაზმში მყოფ კულტურას შეუძლია პოპულარული გახადოს ტელეგადაცემა, სადაც პროფესორი კაცი, იმის გამო რომ ცოტა ფული იშოვოს, იძულებულია განაცხადოს, რომ სექსუალურ უმცირესობებს მიეკუთვნება და ისიც დაუმატოს, რომ ”პროფესორობაში” კაგებესთან თანამშრომლობამ შეუწყო ხელი... მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა ყველა კმაყოფილია: ლიბერალები ტაშს უკრავენ - ახალი გმირი ჰყავთ! მერე რა, რომ ამ კაცს ეს coming out-ი შეიძლება ძალიან ძვირად დაუჯდეს. ლიბერალიზმის გამარჯვებას მსხვერპლი სჭირდება! დაე, ეს მსხვერპლი იყოს, ”ვიღაც ქუთაისელი პროფესორი”... მთავარია, რომ ”პროცესი დაიძრა”!

მაგრამ ყველაზე კმაყოფილი დემენციურ-მარაზმატიკულ კულტურაში გაჭედილი საზოგადოებაა; კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ პედერასტები ”დავერბოვკებული ხალხია” - ყველაფერზე წამსვლელები. რაც იმას ნიშნავს, რომ ბატონ პროფესორთან დისტანცია შენარჩუნებულია. ცოტა გავიცინეთ და მოვრჩით. არავითარი თანაგრძნობა და სენტიმენტები!

ბოდიში ამ ბლოგის მკითხველს - უკვე მერამდენედ მიხდება იმის გამეორება, რომ ”ზომა” წმინდათა წმინდაა ჩემთვის, თომას მანის წერილი ”დოსტოევსკი, მაგრამ ზომიერად” კი - ცხოვრების წესი, რომელსაც, მუდმივად ვიცავ. მაშინაც კი, როცა ახალგაზრდა მეგობრები ჩემგან აქტიურ მოქმედებას და რადიკალიზმს მოითხოვენ.

თომას მანის წერილში დოსტოევსკი სხვა ხალხით, სხვა სახელებით შეიძლება შევცვალოთ. უფრო მეტიც, ”დოსტოევსკის” ნაცვლად ვიხმაროთ სიტყვები ”დედა”, ”მამა”, ”ცოლი”, შეყვარებული”, ”შვილი”, ”სამშობლო”, ”ფული”...

ყველაფერთან ერთად აზრი შეეცვლება ჩვენს ყოფაში დიდი ხნის წინ დამკვიდრებულ გამოთქმას ”უზომოდ გულწრფელი”. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის, თომან მანის ”ძმებისთვის”, ასეთი გულწრფელობა სიცოცხლის გაღარიბებას ნიშნავს. როცა, მაგალითად, ადამიანი, საჯაროდ იწყებს თავის პირად ცხოვრებაზე საუბარს და ისე შედის როლში, რომ თავად საუბრის პროცესი აღაგზნებს, პირადი ცხოვრება ინტიმურობასა და განუმეორებლობას კარგავს, სიტყვა აუბრალოებს გრძნობას.

გერმანიაში, რომელიღაც არხზე მინახავს სექსუალური ცხოვრების ნიუანსებზე მომზადებული გადაცემა, რომელშიც ”გულწრფელი წყვილები” იღებენ მონაწილეობას - ეს ხალხი გატაცებით გვიამბობს იმაზე, თუ რომელ ინსტრუმენტებს იყენებენ სექსუალური აქტის დროს, როგორ პოზაში უკეთ განიცდიან ორგაზმს და ა.შ. რატომღაც მგონია, რომ ”ვერბალური აქტი”, თანაც კამერის წინ (არ არის გამორიცხული, რომ ამაში ფულს უხდიან), უკანასკნელი ცდაა ამ ხალხისთვის, დაიბრუნონ ”ატრაქციონად” ქცეული სექსუალური ვნება.

ასე იცის ყველაზე ინტიმურის საჯაროდ გამოტანამ - პირადი ცხოვრება კარგავს საიდუმლოს და, შესაბამისად, სექსუალურობასაც.
შეიძლება ასეთი ტელეგადაცემა ხვალ-ზეგ ქართულ ტელეარხებზეც ვიხილოთ. ჩვენში პირად ცხოვრებას ხომ დიდი ხანია დაკარგული აქვს საიდუმლო. მისი ეგზიბიციონისტური რეპრეზენტაცია მუდმივად ხდება... და თუ ნებით არ ხდება, სხვები ახდენენ. იძულებით - ჟურნალისტები, მეზობელ-ნათესავები, სპეცსამსახურები... ყველანი ამ მარაზმატული კულტურის შვილები ვართ! კულტურისა, რომელმაც მთავარისა და მეორეხარისხოვანის განსხვავების უნარი დაკარგა და დაემსგავსა მორალისტ მოხუცს, რომელიც სიტყვა ”სექსის” ხსენებაზე მაშინვე გამოფხიზლდება ხოლმე.

მაგრამ, აკი გითხარით, მე მაინც მჯერა სასწაულის. კრიზისში ყოფნა მადლია. ძალიან როცა გამოიფიტები, ამ სიცარიელის შევსევა მოგინდება.

ნახავთ, თუ ასე არ იქნება!
“დაკარგული სიმბოლო”, დენ ბრაუნი (2009)

ამჯერად უფრო მასობრივ ლიტერატურას შევეხები, რომანს, რომელიც ორი თვის წინ გამოჩნდა დახლებზე და უკვე გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. ეგ კი არა, ჰოლივუდმა ფილმის გადაღებაც გადაწყვიტა (ისევ რონ ჰაუარდი?) და us.imdb.com-ზე წინასწარი ინფორმაციაც დააგდეს. არა მგონია, ეს პროექტი 2011–2012 წლამდე განხორციელდეს, ამიტომ ჯობს ლიტერატურულ პირველწყაროს დავუბრუნდეთ, და მის ავტორს.

“და ვინჩის კოდი” 4-5 წლის წინ წავიკითხე, კომპიუტერის ეკრანზე. წიგნი ერთ-ერთ ონლაინ-ბიბლიოთეკაში აღმოვაჩინე, უფასოდ და პირატულად. იმ პერიოდშივე გავიგე, რომ დენ ბრაუნს “და ვინჩის კოდამდე” კიდევ ერთი რომანი ჰქონდა დაწერილი: “ანგელოზები და დემონები”. სადღაც წელიწადნახევარში ეს რომანიც ჩავიგდე ხელში, ამჯერად წიგნის მაღაზიიდან ვითხოვე 2-3 დღით და 5-6 დღის მერე უკან დავაბრუნე, ცოტათი შელახული. მოკლედ რომ ვთქვა, ორივე რომანის კითხვისას ძალიან გავერთე, ისე, რომ ამ გართობაში ფულიც არ გადამიხდია.

მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეს ბოლო წიგნიც უფასოდ ვიშოვე6: “დაკარგულ სიმბოლოს” გამოსვლიდან მეორე დღესვე გადავეყარე რომელიღაც ბლოგზე და მაშინვე ჩამოვტვირთე. არც შევმცდარვარ, რადგან წიგნი მეორე დღესვე გააქრეს ბლოგიდან, თუმცა სულ მალე ტორენტებზე გამოჩნდა რომანის არა მხოლოდ ტექსტი, არამედ აუდიოც.

“დაკარგულ სიმბოლოს” ექვსი წელი ელოდნენ თაყვანისმცემლები, ცხელი საკითხავის მოყვარულები, ცნობისმოყვარენი, ადამიანები, ვინაც მხოლოდ ფილმად იცნობდა დენ ბრაუნის ნაწარმოებებს და მტკიცედ გადაეწყვიტათ, ავტორის მორიგი წიგნი ფილმის გამოსვლამდე დაეძლიათ. თუმცა, დასაძლევი რომანში არც არაფერია, ეს ხომ საგანცხრომო ლიტერატურაა, რომანი-კვესტი, რომელიც კომპიუტერულ კვესტებზე გაცილებით მეტ სიამოვნებას გვანიჭებს.

აქაც, ისევე როგორც ბრაუნის წინა რომანებში, მოქმედება ელვის სისწრაფით ვითარდება და, რაც მთავარია, ძალიან მცირე დროის მანძილზე, სულ რაღაც 12 საათის განმავლობაში. რომანი იმით იწყება, რომ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობ ჰარვარდელ პროფესორს, რობერტ ლენგდონს მისი მეგობარი, მასონთა ორდენის წევრი, პიტერ სოლომონი ვაშინგტონში იწვევს ლექციის წასაკითხად, თუმცა მსმენელების ნაცვლად კონგრესის სკულპტურათა დარბაზში ვიღაც უცნობი დახვდება, რომელიც თავის თავს მალ’ახს (ძვ. ებრაულად, ანგელოზს ნიშნავს) უწოდებს და რომელსაც ტყვედ ჰყავს ჩაგდებული პიტერ სოლომონი და მისი მოკვლით იმუქრება, თუკი პროფესორი ლენგდონი 12 საათის განმავლობაში ვერ ახდის ფარდას ერთ საიდუმლოს, რომლის შესახებ მალ’ახს სოლომონმა აუწყა. იქვე, კაპიტოლიუმის გუმბათის ქვეშ პოულობს ლენგდონი მასონური ნიშნებით მოსვირინგებულ, პიტერ სოლომონის მოჭრილ ხელსაც, რომელიც გუმბათში, ჯორჯ ვაშინგტონის გამოსახულებაზე მიუთითებს, ფრესკაზე “ვაშინგტონის აპოთეოზი”. ლენგდონმა იცის, რომ ეს მინიშნებაა და იწყება მოქმედება, დევნა, რომლის დროსაც პერსონაჟები მთელს ვაშინგტონს შემოირბენენ.

როგორც სხვა რომანებში, ლენგდონს აქაც გამოუჩნდება ქალი “თანაშემწე”, ვინც ყველა მის თავგადასავალში მონაწილეობს და რომელთან თანამშრომლობაც სიყვარულით მთავრდება (ამჯერად, ეს ქალბატონი პიტერ სოლომონის უმცროსი დაა). როგორც “და ვინჩის კოდში” კრიპტექსი, აქაც უძველეს არტეფაქტზეა ბევრი რამ დამოკიდებული, აქაც ჩნდებიან მრისხანე ძალოვნები, ამჯერად CIA-ს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი და მრავალი სხვა.

დენ ბრაუნის საგანმანათლებლო ინტენცია აშკარად ჩანდა წინა რომანებში, როცა მოვლენების უსწრაფეს განვითარებასთან ერთად ავტორი მცირე (ვიკიპედიურ) ექსკურსებსაც სთავაზობდა მკითხველს, უძველესი ცოდნით დაწყებული, რომისა და პარიზის “მეგზურებით” დასრულებული. ასეა “დაკარგულ სიმბოლოშიც”, პერსონაჟები ქალაქის ყველა ღირსშესანიშნაობას მოივლიან, კონგრესის ბიბლიოთეკას, ჯორჯ ვაშინგტონის მასონურ მემორიალს, სმითსონის მუზეუმს, თავისუფლების მოედანს, შეერთებული შტატების ბოტანიკურ ბაღს, ვაშინგტონის საკათედრო ტაძარს და დაძაბულ სიუჟეტს ავტორი აქაც აზავებს სხვადასხვა ინფორმაციით. ოღონდ ერთია, წინა რომანებისგან განსხვავებით, ეს წიგნი აბსოლუტურად ამერიკულია, ანუ, ბოდრიარის ენაზე რომ ვთქვათ, მთლიანად სიმულაკრებთანა გვაქვს საქმე, სიმბოლოთა რიგთან, რომელიც ცნობილმა სიმბოლოლოგმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა უნდა ამოიკითხოს. ჩვენი გარემოც ხომ სავსეა უძველესი სიმბოლოებით! საკმარისია კომპიუტერში Word ან Character Map გახსნათ და იქ აუარება სიმბოლო აგიჭრელებთ თვალს: უძველესი სიმბოლოები, სავსე მრავალშრიანი შინაარსებით, რომელთა გაშიფვრა შორს წაგვიყვანდა. ლენგდონიც ასე შიფრავს მის თანამედროვე ამერიკას, სადაც მასონური მეხსიერება ყველაფერს მოიცავს, დოლარის “დიზაინიდან” დაწყებული - შენობების არქიტექტურით დამთავრებული.

დენ ბრაუნის რომანებმა, როგორც ამბობენ, განსაკუთრებული როლი შეასრულეს XXI საუკუნის დასაწყისის ამერიკისთვის. მილიონობით ამერიკელმა “და ვინჩის კოდის” გამოსვლის შემდეგ აღიარა, რომ სკოლის დამთავრებიდან მოყოლებული არც ერთი წიგნი არ წაუკითხავთ. ახლა ასეთებს უკვე მინიმუმ ორი წიგნი აქვთ წაკითხული, მესამეს კი ისინი აუცილებლად, სავალდებულო რეჟიმში წაიკითხავენ, როგორც ყველაზე ამერიკულ ნაწარმოებს. იმედია მოვა დრო, როცა ჩვენთანაც აღიარებს ბევრი, რომ სკოლის ან უნივესიტეტის დამთავრების შემდეგ არაფერი წაუკითხავთ. რომც არ აღიარონ, მაინც მივხვდებით, მთავარია მწერალი გამოჩნდეს, ვინც ჩაითრევს მკითხველს ჩახვეული სიუჟეტით, ცოტა ვიკიპედიითა და პროვოკაციული ქართული თემებით.

Dan Brown - The Lost Symbol (audio)
პირველი
მეორე
მესამე

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG