Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 20 იანვარი 2010

ცოტა ხნის წინ გავიგე ჭორი - ვითომ იაპონია, იმის გამო, რომ რუსეთი მას კურილის კუნძულებს არ უბრუნებს, კრემლის ჯიბრზე აპირებს შემოიღოს სახელმწიფო დღესასწაული, რომელიც მიეძღვნება ცუსიმის სრუტეში იაპონელების გამანადგურებელ გამარჯვებას რუსულ ფლოტზე 1905 წელს. ”არ მჯერა, - იტყვის ნებისმირი საღად მოაზროვნე ადამიანი, - ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს, ვინაიდან არ შეიძლება მოხდეს არსად და არასდროს!” ნუ ავჩქარდებით - ამ ფრაზას ალბათ უნდა დავუმატოთ რამდენიმე სიტყვა: ”... გარდა პოსტსაბჭოური სივრცისა.”

მართლაც, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოები ერთმანეთთან დაპირისპირების ჟამს ცდილობენ საბჭოთა დროიდან ჯიბეში დამალული ბრაწის ჩვენებას. როგორც ყოველთვის, ყოფილი ”უფროსი ძმა” ყველა ნეგატიური პროცესის ინიციატორია: 2004 წელს რუსეთის დუმამ დააარსა ახალი სახელმწიფო დღესასწაული ”სახალხო ერთობის დღე”, რომელიც, ოფიციალური ვერსიის თანახმად, ქვეყნის პოლონელ-ლიტველი და შვედი დამპყრობლებისგან განთავისუფლებას მიეძღვნა. საქმე ეხება 1612 წლის მოვლენებს, როდესაც მინინისა და პოჟარსკის სახალხო ლაშქარმა მოსკოვი ”პოლონელი ინტერვენტებისგან” გაათავისუფლა.

ახალი დღესასწაულის დაარსების ნამდვილი მოტივი ადვილად იშიფრებოდა: სინამდვილეში, ეს იყო მცდელობა რუსეთში ოქტომბრის ბედშავი გადატრიალების დღესასწაულის ”რაღაცით” შეცვლისა და, იმავდროულად, დემონსტრირება იმისა, რომ კრემლს აშკარად არ მოსწონს პოლონეთის, ლიტვისა და სხვა ამჟამინდელი თავისუფალი ქვეყნების პოლიტიკა. დღესასწაულის კონტექსტში ხელოვნურად, სიმბოლოს სახით, იყო ჩართული ყაზანის ღვთისმშობლის ხატი - არადა, საქმე ვითომ ეხებოდა ხალხის ერთიანობას მრავალეროვან და მრავალკონფესიურ სახელმწიფოში!

კრემლის კვალდაკვალ სხვა პოსტკომუნისტურმა სახელმწიფოებმაც სწორედ რომ ”მტრის ჯიბრზე” შემოიღეს ახალი დღესასწაულები. საკმაოდ ხშირად ამ დღესასწაულებს საფუძვლად დაედო ძალიან რთული და ტრაგიკული ისტორიული მოვლენები, რომლებშიც მეცნიერები დღემდე ვერ გარკვეულან. სწორედ ეს მოხდა უკრაინაში, სადაც შემოიღეს ”მოსკალებთან” ბატურინის ბრძოლაში დაღუპულ უკრაინელ მოწამეთა ხსოვნის დღე. სამასი წლის წინანდელმა მოვლენებმა, სადაც ერთმანეთში აირია გმირობა და ღალატი, პატრიოტიზმი და ფარისევლობა, ერთი ხელის მოსმით მიიღო ცალსახა შეფასება. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ სრულიად მიუღებელია შერჩევის პრინციპის გამოყენება ერის ისტორიული მეხსიერების მიმართ.

თავის მხრივ, საქართველოც გარკვეულწილად აღმოჩნდა სახელმწიფო დღესასწაულების რეფორმატორთა რიგში. წელს არნახული მასშტაბით აღინიშნა ქართველთა უსაყვარლესი დღესასწაული - ახალი წელი. ზეიმის ეპიცენტრში, ბათუმში, შეიკრიბნენ მსოფლიო საოპერო სცენის ქართველი ვარსკლავები. საკუთარი თვითმფრინავით ჩამოვიდა გამოჩენილი ესპანელი ტენორი, ამჟამად საოპერო სცენიდან წასული ხოსე კარერასი. ღია ცის ქვეშ საგანგებოდ მოეწყო სპეციალური სცენა. ჰაერის მაღალი ტენიანობის მიუხედავად, რის გამო მომღერლებს პირიდან ორთქლი ამოსდიოდათ, საახალწლო გალა-კონცერტმა უდიდესი წარმატებით ჩაიარა.

იმპროვიზებულ დარბაზში პრეზიდენტი სააკაშვილიც იმყოფებოდა. კონცერტის შემდეგ მან თავისი აღტაცება გაუზიარა პრესის წარმომადგენლებს. ინტერვიუს ერთმა ფრაზამ ზოგიერთი პოლიტოლოგი საგონებელში ჩააგდო: ”ასე ფართოდ ახალი წლის დადგომა ჩვენ მტრის ჯიბრზე ვიზეიმეთო”- თქვა პრეზიდენტმა. აქ ალბათ ორ მომენტზე ღირს გავამახვილოთ ყურადღება: ჯერ ერთი, ქართული საახალწლო დღესასწაულის ტრადიციაში პრეზიდენტის მიერ მოყვანილი მოტივი არანაირად არ ჯდება, და მეორეც - ხომ არ ჯობდა, ის 4 მილიონი დოლარი, რომელიც, სხვადასხვა დამოუკიდებელი წყაროს თანახმად, კარერასს სამი სიმღერის შესრულებისთვის გადაუხადეს, არა მტრის ჯიბრზე, არამედ საკუთარი მოსახლეობის გაჭირვებული ნაწილის სარგებლობისთვის დახარჯულიყო?
როდესაც სკოლაში ვსწავლობდი, გაკვეთილების ცხრილში გვქონდა საგანი „სამხედრო“. ამ გაკვეთილიდან მხოლოდ მხიარულება მახსოვს. მასწავლებელი ყოფილი სამხედრო იყო, რომელიც გოგონებს არც გვიცნობდა და არც გვცნობდა. ბიჭებს კი იარაღის დაშლა-აწყობას ასწავლიდა, თანაც, რატომღაც, ეს ამბავი სულ სიცილ–ხარხარის ფონზე მიმდინარეობდა. მასწავლებელი, რომლის არც სახელი მახსოვს, არც გვარი და არც სახე, თვითონ სერიოზული იყო, მაგრამ ჩვენ ვხდებოდით არასერიოზულები იარაღის დანახვაზე. მოკლედ, იმ გაკვეთილების მოგონებას რომ ვცდილობ, ბუნდოვანი, მაგრამ სასიამოვნო შეგრძნება მეუფლება, რადგან თვალწინ მიდგება ჩემი მეგობარი იარაღიანი ბიჭების სიცილისგან ყურებამდე გახსნილი სახეები.

დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც 70-იანი წლების ბოლოს, „პერესტროიკამდე“ გაცილებით ადრე, ვიქტორ ნოზაძეს, სოლჟენიცინს და ნიცშეს ვკითხულობდით, სამხედრო სწავლების გაკვეთილები ისეთი შეუსაბამო იყო ჩვენი თავისუფალი აზროვნების წესთან, რომ სასაცილოზე სასაცილო გვეჩვენებოდა – როგორც ბავშვებს ეცინებათ გულიანად კლოუნის გაბუშტულ ცხვირზე ან ორმაგი ზომის ფეხსაცმელზე.

ახლა, როდესაც დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გვიცხადებს, რომ 2010 წლის სექტემბრიდან საქართველოს სკოლების უფროსკლასელებს სამხედრო სწავლების კი არა და, სამხედრო-პატრიოტული სწავლების გაკვეთილები ჩაუტარდებათ, სრულებით აღარ მეცინება. შეუსაბამოდ აღარ მეჩვენება და – იმიტომ! შეუსაბამოდ არ მეჩვენება იმ სახელმწიფო პოლიტიკასთან, რომლის პროპაგანდასაც, არც მეტი, არც ნაკლები, თავად პრეზიდენტი ეწევა.

სკოლებში სამხედრო–პატრიოტული სწავლების ინიციატივას წინ უძღოდა პრეზიდენტის ორი საჯარო გამოსვლა, რომელთა მიზანი იყო სამშობლოს სიყვარულის დაკავშირება იარაღით მისი დაცვის აუცილებლობასთან. ამ გამოსვლებში მკაფიოდ იყო საუბარი ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებაზე, რაც, თურმე, ჩვენივე პასუხისმგებლობაა – რადგან ჯარი ყველას ვერ დაიცავს. გასული წლის 26 დეკემბერს, ეროვნული გვარდიის ახალი შენობის გახსნისას, მიხეილ სააკაშვილმა გარკვევით თქვა: „ცალკე აღებული 12 ათასი კაცი ვერ შეაჩერებს ვერაგ, მონღოლების მემკვიდრე ურდოს... როდესაც ეს მომენტი დადგება – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ დადგეს – თითოეული ქართველი კაცი და ქალი უნდა იყოს მზად საქართველოსთვის საბრძოლველად. არა მხოლოდ ფსიქოლოგიურ მზადყოფნას ვგულისხმობ, – უნდა იყოს აღჭურვილი“.

ახალი წლის მისალოც სიტყვაშიც, რაგინდ უცნაურად ჟღერდეს, პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ცალ ხელში თოხი ან კომპიუტერი უნდა გვეჭიროს, მეორეში კი – იარაღი. ამაზე მეტად ვერაფრით მიგვანიშნებდა მიხეილ სააკაშვილი, რომ ცუდად არის საქმე – წლის მთავარ დღესასწაულამდე ხუთი წუთით ადრე, როდესაც ადამიანები ერთმანეთს კეთილი სურვილებით ავსებენ, ჩვენმა პრეზიდენტმა ხელში ვირტუალური ავტომატები მოგვაჩეჩა. ჯერ უფროსებს, თორმეტ დღეში კი – ბავშვებს, არასრულწლოვანებს.

მიხეილ სააკაშვილის ამ მილიტარისტულ „ჩაწოდებებს“ პასუხი უკვე მოჰყვა და კიდევ ბევრჯერ მოჰყვება. იქ, სადაც საზოგადოებას ხელი მიუწვდება საკუთარი აზრის გამოხატვაზე, ადამიანებმა აგრესიის გამოფენა დაიწყეს, რისი კულმინაციაც იყო ფეისბუკში გამოქვეყნებული და არაერთი თანამოაზრის მიერ მხარდაჭერილი წერილი: „მე ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ ომს!“. ამ სტატიის ავტორი ჩვეულებრივი მოქალაქეა, ერთ-ერთი ჩვენგანი. სტატიის არსს კი მეტ–ნაკლებად სრულად შემდეგი ციტატა გადმოგვცემს: „გაიგეთ, ღორების ჯოგმა ჩვენი ყანის ღობე 2 ადგილას გაარღვია, თან ეს ღორები ბევრია და აგრესიული, აქშენით და ჰაერში გასროლით ვერ ვდენით! ჰოდა ოჯახის ყველა მამაკაცი გავიდეთ თოფებით და მანამდე ვხოცოთ, სანამ ყველას არ გავჟლიტავთ ან არ გავდენით! ჩმორი არავის უნდა!!!!! ნუ ვართ ჩმორები!!!!!!“

აგრესიით და სიძულვილის ენით სავსე ამ წერილმა დიდად ვერავინ შეაშფოთა, მომხრეები კი, როგორც ვთქვი, უცებ შემოიკრიბა. პირადად მე, პირველი, რაც მისი წაკითხვის შემდეგ გამახსენდა, აგვისტოს ომის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ტელეკომპანია „საქართველოს“ ეთერში გასული ერთი გადაცემა იყო. ამ გადაცემაში, რომელიც ჯარისკაცების ცხოვრებაზე გვიამბობდა, სრულიად მოულოდნელად, სასიამოვნოტემბრიანმა მამაკაცმა დიქტორმა ეკრანზე გამოტანილი შემდეგი ტექსტის კითხვა დაიწყო: „ერთხელ და საბოლოოდ უნდა შევიგნოთ, რომ დაკარგულ ტერიტორიებს ვერასდროს დავიბრუნებთ ვერც ფორმალობად ქცეული ლოცვით და ვერც ერთა ლიგის იმედზე ყოფნით, არამედ მხოლოდ იარაღის ძალით“. ადოლფ ჰიტლერი, 1932 წელი.

რისთვის სჭირდება მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ზრდასრულ მოქალაქეებში სამხედრო–პატრიოტული სულისკვეთების გაღვივება, ახალგაზრდებში კი მისი ჩანერგვა? რატომ მოგვიწოდებს იარაღის ასხმისკენ მთელ ერს? რატომ უბიძგებს ადამიანებს, რომ ომზე იფიქრონ? რატომ კითხულობენ სახელმწიფოს მიერ სრულად მართულ ტელევიზიაში ადოლფ ჰიტლერის ციტატას?

ფაქტია, რომ აგრესიისა და სიძულვილის ენის იმპულსი სახელმწიფოს პირველი პირისგან მოდის და ატაცებულიცაა უფრო დაბალ დონეზე. დავით პაიჭაძის გადაცემაში დასმულ შეკითხვას: „მოგწონთ სამხედრო–პატრიოტული სწავლება სკოლაში?“ მოპასუხე აუდიტორიის 64% დასტურს აძლევს.

ეს პასუხი, შესაძლოა, ნაკლებად გულისშემძვრელი ყოფილიყო 2008 წლის აგვისტომდე. ახლა კი, ხუთდღიან ომად წოდებული კრახის შემდეგ – რომლის მზადებას ხუთი წელი და სახელმწიფო სახსრების უდიდესი ნაწილი დასჭირდა – წესით, პატრიოტიზმი ყველაფერს უნდა უკავშირდებოდეს, იარაღის გარდა. მით უმეტეს, სკოლაში.

ზუსტად არ ვიცი, რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გამჭოლი აქცენტი თითოეული ჩვენგანის გაჯარისკაცებაზე. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მე ჯარისკაცი არ ვიქნები და არც არავინ მემეტება საჯარისკაცოდ, ნაღდი ჯარისკაცების გარდა. ამიტომ, ერთი სული მაქვს, როდის დავივიწყებთ ომს...

ვინმეს, შეიძლება, შეშინებული მხედართმთავრისგან ჩვენი მასობრივი გამამაცების მოთხოვნა ისევე შეუსაბამოდ და სასაცილოდ ეჩვენებოდეს, როგორც მე მეჩვენებოდა მეათე კლასში სამხედრო გაკვეთილები. მაგრამ სახელმწიფო მანქანა შეტევაზეა გადმოსული და ეს შეტევა შეიძლება უფრო საშიში აღმოჩნდეს, ვიდრე გაყალბებული არჩევნები, გაკონტროლებული მედია, დაშინებული ბიზნესი და დაბეჩავებული სასამართლო ერთად.

* * *

უჰ, ასეთი მძიმე სტატია ბლოგისთვის ჯერ არ დამიწერია...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG