Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 26 იანვარი 2010

ამას წინათ ჩემს ძმისშვილს გავუჯავრდი. რაღაცაზე მითხრა, მაგ სფეროში ბადალი არ მყავსო... აგერ დავბერდი კაცი, მაგრამ ასეთი რამე არა თუ არ მითქვამს, არც მიფიქრია-მეთქი! მერე გამახსენდა, რომ არც ასეა საქმე. ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ჩემზე უკეთ არავინ იცის... ფიგურული სრიალი!

რაც გინდათ, ის იფიქრეთ ჩემზე. გამიჯავრდით ისე, როგორც მე გავუჯავრდი ნიკას! რა ვქნა, მჯერა, რომ ასეა, რადგან სპორტის ამ სახეობასთან წლები მაკავშირებს. ბავშვობიდან ერთი შეჯიბრებაც კი არ გამომიტოვებია. ძალიან თუ მოვიწყინე, ან შემეშინდა, ლოცვის ნაცვლად ჯეინ ტორვილისა და კრისტოფერ დინის ”რუმბას” ჩავრთავ ხოლმე და ყველაფერი ნეგატიური ეგრევე გამდის. ახლაც, ამ ევროპის ჩემპიონატმა ტალინში დიდი დარდი გადამატანინა.

ამისათვის მადლობა ელენე გედევანიშვილს!

ახლა ჩნდება შანსი, მესტიაში თუ არა, ბათუმში მაინც აშენდეს ნორმალური ყინულის მოედანი და საქართველოში დაიწყოს სპორტის იმ სახეობის პოპულარიზაცია, რომელიც ერთნაირად ავითარებს ტვინსაც, სხეულსაც და გულსაც.

მიხეილ სააკაშვილსაც ყვარებია ფიგურული სრიალი. შეიძლება ბატონი პრეზიდენტი ჩემსავით, ბავშვობიდან ადევნებდა თვალყურს ევროპის, მსოფლიო ჩემპიონატებს და ახლა ტალინში სწორედ ბავშვობა გაიხსენა, როცა მოკლე პროგრამით, ქალების შეჯიბრებას დაესწრო და კულტურის მინისტრის ხელით ლამაზი თაიგულიც გადასცა ელენეს. თუმცა, ვიცით რა, რაოდენ მნიშვნელოვანია სააკაშვილისთვის ყველაფერი, რასაც ”პიარი” ჰქვია, არაა გამორიცხული, ეს თაიგული ჰოლივუდური სიუჟეტის ერთი პატარა დეტალი იყოს მხოლოდ - იყო და არა იყო რა თბილისელი გოგონა ელენე გედევანიშვილი. 5 წლისა იყო, ფიგურული სრიალის ცენტრში რომ მიაბარეს... მაგრამ ასეთი ნიჭიერი ბავშვებისთვის თბილისის ყინულის მოედანი მეტისმეტად ვიწრო აღმოჩნდა, ამიტომ ელენე მოსკოვში გადავიდა და ცსკა-ს სტადიონზე, ელენა ვოდორეზოვასთან დაიწყო ვარჯიში, წარმატებებსაც მიაღწია - 2006 წელს მეხუთე იყო ევროპის ჩემპიონატზე, ლიონში. მომდევნო წელს შეიძლებოდა სამეულშიც მოხვედრილიყო, რომ არა რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა. ელენეს დედა მოსკოვის მილიციამ ქუჩაში გააჩერა, საბუთები დაუწუნა და მეორე დღეს ქვეყნიდან გამოასახლა. საქართველოს ხელისუფლებამ ელენე გედევანიშვილის სწავლა-განათლება თავის თავზე აიღო - შეერთებულ შტატებში გააგზავნა გოგონა, რომელმაც იქ დღემდე 3 მწვრთნელი გამოიცვალა... და აი შედეგიც, ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორია!

ელენე გედევანიშვილი და მისი მაშინდელი მწვრთნელი ელენა ვოდორეზოვა ტურინის 2006 წლის "თეთრ ოლიმპიადაზე".
გულის გახეთქვამდე ვნებიანი ამბავია! ყოველი მოქმედი გმირის უკან დიდი ისტორიაა - ერთი მხრივ, ამაღელვებელი სამკუთხედი, საქართველო-რუსეთი-შეერთებული შტატები; ფიგურისტი, რომელიც ”ბოროტების პოსტიმპერიიდან” გამოაძევეს, მაგრამ სამშობლომ დაუფასა ღვაწლი და მეგობარი-ამერიკის დახმარებით გზა გაუკაფა ჯერჯერობით ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისკენ... და, მეორე მხრივ, ბავშვი, უმანკო გოგონა, რომელიც Kiss&Cry-ის დივანზე უწინ რუსულ-ქართულად ესალმებოდა თაყვანისმცემელს, ახლა კი ინგლისურ-ქართულად... რაღაც საოცრად სუფთა არსება, პატარა ელენე, რომელმაც საქართველოს დროშა ააწევინა ტალინში ისუს, ე.ი. მოციგურავეთა საერთაშორისო ფედერაციას!

ჰოდა, ამ სუფთა არსებას ბიზეს ”კარმენის” მუსიკაზე რომ დაუდგეს თავისუფალი პროგრამა, ესაა პრობლემა. სად კარმენი და სად ელენე? პირადად მე ნერვიულობისგან წამებს ვითვლიდი - ერთი სული მქონდა როდის დამთავრდებოდა პროგრამა. და თუ არ ვცდები, ელენესაც.

მადლობა ღმერთს, ელენეს კონკურენტებმა არ ივარგეს. მოხვდე პრიზიორებს შორის სამად სამი სამმაგი ნახტომით... ასეთი რამ დიდი ხანია არ მომხდარა ევროპის ჩემპიონატებზე!

ახლა მეტყვით, გამარჯვებულებს არ ასამართლებენო. როგორ გეკადრებათ, მე აბა რა მოსამართლე ვარ?! აკი გითხარით, ელენეს გამარჯვებამ დიდი დარდი გადამატანინა მეთქი. მაგრამ ისეთი ნიჭის სპორტსმენი, როგორიც ელენე გედევანიშვილია, არ იმსახურებს სრულიად შეთითხნილ ”სტატუსს” კონკიასი, რომელიც ვიღაცეებისთვის პოლიტიკური თამაშის საბაბი შეიძლება გახდეს... არ იმსახურებს, მესამე ადგილს ცუდ ჩემპიონატზე და რაც მთავარია იმიჯს ”მარად უმანკო ბავშვისა”, რომლისგან განთავისუფლება ვერც ”კარმენის” მუსიკით და ვერც ელენეს, შესამჩნევად გაზრდილი ფორმებით გახდა შესაძლებელი (სხვათა შორის, ამ ფორმებმა სრიალის ტექნიკაზეც იმოქმედა - ელენეს აშკარად უჭირს ისეთი მნიშვნელოვანი ნახტომები, როგორებიც ფლიპი და რიტბერგერია, ტულუპების კომბინაციით კი შორს ვერ წახვალ).

შეიძლება ელენეს ახალ მწვრთნელს, რობინ ვაგნერს სწორედაც რომ უმანკოების ამ ”სტიგმის” მოშორება უნდოდა, როცა თავისუფალი პროგრამა ბიზეს მუსიკაზე დადგა. მაგრამ რამდენად გაიაზრა ეს თავად ელენემ? და თუ გაიაზრა, რატომ იქცეოდა ისევ ბავშვივით?

ელენე გედევანიშვილი ხომ უკვე 20 წლის ხდება, მეგობრებო! 20 წლის ქალი არ შეიძლება, ამავე დროს, ბავშვი იყოს... თუკი ბავშვობაში ყოფნის სურვილი უკურნებელი ქართული სენია (ასე ძლიერ რომ ბობოქრობს ყველგან - პარლამენტში, მთავრობაში, მედიაში, სასამართლოში), იქნებ ამ ძალიან ნიჭიერ სპორტსმენს მაინც ავაცილოთ თავიდან ეს ვირუსი, მივცეთ გაზრდის, საკუთარ თავზე მუშაობის, გაღრმავების საშუალება. რათა მერე, მისი გამოსვლების შემხედვარე კი არ ვილოცოთ, ”ღმერთო, მალე დამთავრდეს პროგრამა, ღმერთო არ დაეცეს!”, არამედ ვისიამოვნოთ... უფრო მეტიც, ტორვილისა და დინის ”რუმბის” არ იყოს, ამ გამოსვლებმა ყველაფერი ნეგატიურისგან გაგვათავისუფლოს.

ელენეც დამეთანხმება ალბათ, რომ ფიგურული სრიალი სხეულს, ტვინსა და გულს ერთნაირად ავითარებს.

ჰოდა, მიდი, ელენე. გაიზარდე, შენი ჭირიმე!
ტოტემი – ზოგიერთ პრიმიტიულ ხალხში: ცხოველი, რომელსაც თაყვანს სცემენ, როგორც ტომის წინაპარსა და მფარველს.
ტაბუ – პირველყოფილ ხალხებში: რაიმე მოქმედების, სიტყვის, საგნის აკრძალვა, რომლის დარღვევაც ზებუნებრივი ძალებისაგან მოვლენილ სასჯელს იწვევს.
უცხო სიტყვათა ლექსიკონი

ბლოგისთვის ახალ წერილზე ფიქრი უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებს და დონეცკის ამბების გამო ჩემს ენერგიულ პროტესტს დაემთხვა. რა საზოგადოება ვართ ჩვენ, სადაც ზოგიერთისთვის ყველაფერი დასაშვებია და ზოგიერთისთვის – ყველაფერი აკრძალულია?

ჩაიფიქრა მიხეილ სააკაშვილმა, რომ უკრაინის არჩევნების ბედი გადაეწყვიტა და საქმეს უკანმოუხედავად, ზვავის მონდომებით შეუდგა. ჩაიფიქრა გივი თარგამაძემ, რომ თავისი გრანდიოზული წვლილი შეეტანა სასურველი კანდიდატის არჩევაში და ორ დღეში კლასიკურ რევოლუციონერებს გაასწრო. კარგია თუ ცუდი ეს საქართველოს სახელმწიფოსთვის, მოგვწონს თუ არა ჩვენ – საქართველოს მოქალაქეებს – ან ერთის და ან მეორის საქციელი, – ამას არავინ კითხულობს. ახლა მალე არჩევნების მეორე ტური ჩატარდება და, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის არ იყოს, წინასწარ ვიცით, რა უბედურებაც შეიძლება დატრიალდეს. ვიცით და გულხელდაკრეფილები ველოდებით!

ამიტომ, არც მიშაზე ვბრაზობდი, არც გივიზე, არც ვანოზე... ვბრაზობდი ჩვენზე, საქართველოს მოსახლეობაზე, რომელიც წლიდან წლამდე დადის არჩევნებზე და, როგორც წესი, ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხმას – იმიტომ, რომ ვიღაცა დააშინეს; ვიღაცა მოისყიდეს; ვიღაცა აგიტაციით მოწამლეს; ვიღაცა ციხიდან გამოუშვეს; ვიღაცა რაღაცაში გამოიჭირეს; ვიღაცა დაჩაგრეს; ვიღაცა მოატყუეს და ვიღაცას, უბრალოდ, უყვარს პრეზიდენტი ისეთი, როგორიც ის არის...

ჰოდა, როცა ჩვენზე ვფიქრობდი, ხან რა გამახსენდა, ხან რა და ბოლოს ზიგმუნდ ფროიდის ძალიან ცნობილი ნაშრომი „ტოტემი და ტაბუ“ ამეკვიატა. „არააააა,“ – ვამბობდი, – „ნამეტანია!“ ორი დღე ვებრძოლე ჩემს თავს და ბოლოს დავნებდი: წიგნი ინტერნეტში მოვძებნე და კიდევ ერთხელ გადავიკითხე. მასში აღწერილია პრიმიტიული ხალხი, რომელიც ირჩევს ტოტემს (როგორც წესი, რომელიმე ცხოველს) და ამ ტოტემს მთელი ტომის მამად და მფარველ ანგელოზად აღიარებს. ტოტემის დაცვა და ხელშეუხებლობა გარკვეულ წესრიგს მოითხოვს, წესრიგი კი აკრძალვებს გულისხმობს. ეს აკრძალვები ტოტემს აძლიერებს, მის მტრებს კი ანადგურებს. ძირითადად, ორი წესია – ერთი: ტოტემის წევრებს შორის სექსუალური ურთიერთობა დაუშვებელია; მეორე: ტოტემის (ანუ ტომის მამის) მოკვლის მცდელობა ან მის მიმართ რაიმე აგრესია უმკაცრესად ისჯება.

ტოტემი და ტაბუ – ეს არის ხელშეუხებელი მამის ხატი და მის დასაცავად შექმნილი აკრძალვების ჩარჩო. წიგნში, ფაქტობრივად, ჩვენი ცხოვრებაა აღწერილი: პრიმიტიული ტომების არსებობის მთავარი ღერძი პირდაპირ არის გადმონერგილი 21-ე საუკუნის საქართველოში. ოღონდ, თანამედროვე ენაზე ტოტემისა და ტაბუს სისტემის ქართულ ვერსიას ჰქვია: „ლიდერი ყოველთვის მართალია!“.

„მბრძანებელს განსაკუთრებული უფლებები აქვს. მისთვის დასაშვებია ის, რაც სხვებისთვის აკრძალულია. მას შეუძლია, დატკბეს იმით, რაც სხვებისთვის ხელმიუწვდომელია ტაბუს გამო... ადამიანი, რომელიც არღვევს ტაბუს, თავად უნდა გადაიქცეს ტაბუდ, რათა მისი მაგალითი გადამდები არ აღმოჩნდეს. ეს ადამიანი სრულად უნდა გაირიყოს, ვიდრე მისი მიბაძვის სურვილი სხვებსაც გაუჩნდებათ.“ – აი, თუ ჩვენნაირები არ ყოფილან და თუ მშვენივრად არ სცოდნიათ გართობაც და „შავი პიარიც“; ეჭვი არ მეპარება, იმათაც საკუთარი სააკაშვილები და ნოღაიდელები ჰყავდათ.

უფრო მეტიც, ნაშრომის მიხედვით, „ტოტემიზმის სოციალური მხარე, პირველ რიგში, მკაცრად დაცული აკრძლავების და შეზღუდვების სისტემას მოიცავს. ტოტემის კლანის წევრები ერთმანეთის დები და ძმები არიან. მათ ერთმანეთის დახმარების და დაცვის ვალდებულება აქვთ. ტოტემის უღელი უფრო მძიმეა, ვიდრე ოჯახური უღელი. ტოტემისა და ოჯახის წევრობა კი ერთმანეთს არ ემთხვევა, რადგან ტოტემის მემკვიდრეობა, როგორც წესი, დედის ხაზით გადადის.“ ამ ეპიზოდის წაკითხვისას, ალბათ, მეც და თქვენც ერთი და იგივე ხალხი გაგვახსენდა. ოღონდ, ხმამაღლა ჩამოთვლა არ ღირს, საქმე დებს და დედებს ეხება...

და „რეალ ტვ“–ს სიუჟეტი თუ მოგაგონდათ, ზოოპარკში გადაღებული? „ცხოველური პოლიტიკა“ რომ ერქვა და პოლიტიკოსების ცხოველებთან მსგავსებაზე რომ გვიამბობდა? ეს სიუჟეტი ბევრმა მკვახედ შეიცხადა, ბევრმაც – ზრდილობიანად გაიკვირვა. მართლაც, მეტისმეტად არაეთიკური იყო, ოღონდ, მხოლოდ იმათთვის, ვინც ჯერ არ იცის, რომ ტოტემის ხანაში ვცხოვრობთ. მართალია, გურამ დონაძეს თავის მრუდესარკეებიან სამყაროში ცოტა ფოკუსი აერია, მაგრამ, მაინც, ზიგმუნდ ფროიდი ამ სიუჟეტს აუცილებლად DVD-ზე გადაწერდა და თავის წიგნს დაურთავდა, როგორც მისი თეორიის უკვდავების დასტურს.

როდესაც პრეზიდენტი დემოკრატიის რომელიმე მორიგ ტალღას გამოაცხადებს – და ამას აუცილებლად გააკეთებს, რადგან ის, რაც სამჯერ მოხდა, მეოთხედაც მოხდება – მე ყოველთვის ფროიდის „ტოტემი და ტაბუ“ გამახსენდება. ჩვენ ვაძლევთ თანხმობას ტოტემზეც და ტაბუზეც – ვიღაცის მხსნელად და ვიღაცის დამღუპველად გამოცხადებაზე; დისკუსიისთვის დახურული თემების არსებობაზე; სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევაზე – სხვათა შორის, თითოეული ჩვენგანის სახელით და ფულით; ჩვენი სახელმწიფოს საშინაო საქმეებში სრულ ჩაურევლობაზე; ფოლადით გამოჭედილი კლანის შექმნაზე და ამ კლანის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფაზე.

სამოქალაქო საზოგადოება ტოტემის ხანაში არ არსებობს. ეს ხანა მხოლოდ მბრძანებლებს წარმოქმნის, რომელთა მტრების ტაბუიზაცია ზემოთ ნახსენები ორი ტრადიციული, ველური მეთოდით ხდება: მათ ან სექსუალური ცხოვრების წესის დარღვევა ედებათ ბრალად (თანამედროვე ეპოქაში – ჰომოსექსუალიზმი), ან მამის მკვლელობის განზრახვა (თანამედროვე ეპოქაში – რუსეთის ფარული ან ღია აგენტობა). შედეგი ორივე შემთხვევაში სავალალოა. სამაგიეროდ, წახალისებულია მამის ირგვლივ სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთებით შემჭიდროება და მისი წინამძღოლობის უსასრულობამდე გახანგრძლივება.

ეს მე არ მითქვამს – ზიგმუნდ ფროიდმა ბრძანა. ის კი, მგონი, აღარ უთქვამს, ტოტემური ცხოვრება როდის და როგორ მთავრდება ხოლმე.

ჩვენმა ფსიქოლოგებმა ხომ არ იციან რამე ამის შესახებ?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG