Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 30 სექტემბერი 2011

სექტემბრის ბოლოს, როდესაც ყველანი მოუთმენლად ელოდნენ ახალი პოლიტიკური სეზონის გახსნას, პირველად საქართველოს ისტორიაში, პოლიტიკური ცხოვრების მთავარ თემად იქცა ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის მოსავალი. და როგორც ყველაფერში, აქაც ერთმანეთს დაუპირისპირდა საქართველოს ხელისუფლების უდრეკი ოპტიმიზმი და კონსტრუქციული ოპოზიციის ავანგარდის (ქრისტიან-დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატების) იოლად მოსაგერიებელი კრიტიკა.

თავდაპირველად, უპირატესობას მიაღწია ოპოზიციამ - ირაკლი ალასანიამ და გიორგი ახვლედიანმა ერთიმეორის მიყოლებით მოინახულეს ჰიბრიდული სიმინდის „წარუმატებელი სახელმწიფო პროგრამის“ შედეგად დაზარალებული ფერმები, აჩვენეს დაგვალულ-გამეჩხერებული სიმინდის ყანები, ფშატისოდენა სიმინდის ტაროები და განრისხებული ფერმერები, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროსაგან ზარალის კომპენსაციას მოითხოვდნენ. ოპოზიციის მიერ „გაპიარებულ“ სიმინდის პროგრამის ჩავარდნას უხალისოდ გამოეხმაურნენ ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი სახელმწიფო არხებიც, რამაც შექმნა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება შეეგუა კრიტიკას და მალე სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის „თავსაც მიართმევდა“ ოპოზიციას. თუმცა, პიარის კარგად მცოდნე საქართველოს ხელისუფლებამ მალე დაიბრუნა ინიციატივა და სახელმწიფო სატელევიზიო არხებიდან ოპონენტებს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა.

აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებმა (თვით გიგი წერეთელიც კი მოაცდინეს) უამრავი ტელეკამერის თანხლებით რამდენჯერმე დაათვალიერეს ჰიბრიდული სიმინდის მართლაც თვალისმომჭრელი ყანები, ალაპარაკეს მადლიერი ფერმერები, რომლებიც ერთხმად ამბობდნენ, რომ ასეთ სარეკორდო მოსავალს არც კი მოელოდნენ, შემდეგ საქმეში ჩაერთო ოპტიმისტური პროგნოზები და კომენტარები. სახეგაბრწყინებული ხელისუფლების წარმომადგენლები (მათ შორის გიგი წერეთელი) არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო აკრიტიკებდნენ ოპოზიციას და ნიშნისმოგებით აცხადებდნენ: პირველად საქართველოს ისტორიაში, წელს ქართული სიმინდი ექსპორტზე გავაო.

ასეთი ინტენსიური კონტრშეტევის შემდეგ, ოპონენტებს შანსი აღარ დაუტოვა სოფლის მეურნეობის მინისტრმა. ბაკურ კვეზერელმა 30 სექტემბერს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველ ცდაზევე ამერიკული სიმინდის პროგრამა წარმატებული აღმოჩნდა: „ექსპორტზე გავა 40 მილიონი დოლარის ოდენობის ამერიკული ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი, ხოლო ქართველი გლეხები 100 მილიონის მოგებას ნახავენო“.

თუ ეს მართალია, ბაკურ კვეზერელი იმსახურებს უმაღლეს ჯილდოს - პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენს და იმას, რომ რომელიმე ფერმას ეწოდოს მისი სახელი. მაგრამ თუკი ეს მხოლოდ პიარია და მართალია კონსტრუქციული ოპოზიცია, მაშინ კვეზერელი იმსახურებს მინიმუმ ერთწლიან იძულებით მუშაობას რომელიმე დაზარალებული ფერმერის ჰიბრიდული სიმინდის ყანაში.

მაგრამ ვინ და როგორ უნდა დაადგინოს საბოლოო სიმართლე? საკითხავი აი ეს არის ჰიბრიდული დემოკრატიის საქართველოში.
1514-1517 წლებში ერთმა გერმანელმა გამომცემელმა გამოაქვეყნა სატირულ წერილთა კრებული Epistolae obscurorum virorum - „ბნელ კაცთა წერილები“. წიგნი ანონიმურია და მის სავარაუდო ავტორებად ევროპული ჰუმანიზმის სხვადასხვა ცნობილი წარმომადგენელი, მათ შორის, ერაზმუს როტერდამელი და ულრიხ ფონ ჰუტენი მიიჩნევიან. ეს წიგნი ორი მიზეზითაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი: 1. იმ დროს ჯერ კიდევ საკმაოდ ძლიერი ეკლესიის გაშარჟებითა და სასულიერო პირთა უმეცრებისა და ორმაგი მორალის მხილებით (რის გამოც 1520 წელს რომის პაპმა ლეო X-მ ეს წიგნი აკრძალა) ეკლესიის ხელშეუხებელი ავტორიტეტი ეჭვის ქვეშ დადგა; 2. ამ წიგნიდან დაიბადა ახალი ტერმინი – ობსკურანტიზმი (ლათ. obscurus – „ბნელი“), რომელიც განმანათლებლობისა და მეცნიერული აზრისადმი მტრულად განწყობილ ადამიანებს აღნიშნავდა. ამ კატეგორიაში, უპირველეს ყოვლისა, სამღვდელო პირები იგულისხმებოდნენ, თუმცა კი ობსკურანტობა არა მხოლოდ „ღვთის მსახურებს“ მოიცავს და მასში ასევე ყველა პროფესიისა და პოლიტიკური ორიენტაციის ადამიანები შეიძლება მოიაზრებოდნენ, რომელთა შეხედულებები თავისუფალი აზროვნების, საზოგადოების განახლებისა და ზოგადად სიახლეების წინააღმდეგაა მიმართული.

ობსკურანტები, ანუ, ქართული გამოთქმა რომ ვიხმაროთ, ბნელები - არიან ულტრაკონსერვატორი და რეაქციონერი დოგმატიკოსები, რომლებიც ცხოვრების ტრადიციული ნორმებისა და იერარქიული საზოგადოების დაცვას ცდილობენ, რომელიც მათი გავლენისა და ძალაუფლების შენარჩუნების გარანტი იქნება. საამისოდ ისინი, უპირველეს ყოვლისა, განათლებას და მეცნიერულ ცოდნას ებრძვიან და მას ყოველგვარი დროისა და კონტექსტიდან ამოვარდნილ მითებს უპირისპირებენ. შესაბამისადაც, მათი მთავარი სამიზნე ყოველთვის იყო და იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებები, თავისუფალი მედია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რომლებიც ობსკურანტებისათვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ.

განმანათლებლობის ეპოქამ დაამკვიდრა პარადიგმა, რომ ცოდნა და შემეცნება წინსვლის, განვითარების, პროგრესის საწინდარია. იმარჯვებს ის, ვინც მეტ ცოდნას ფლობს. ამის საპირისპიროდ არსებობს მეორე მოდელიც, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქრისტიანული ეკლესიის ძალაუფლების საყრდენი იყო: ესაა არ-შემეცნება! სიბნელის პოლიტიკური ფუნქცია და არსი ტოტალური ძალაუფლებაა, რამდენადაც, რაც უფრო გაუნათლებელია ადამიანი, რაც უფრო უძლურია მისი გონება, თავი გაართვას მის წინაშე არსებულ პრობლემებს, მით უფროა დამოკიდებული ისეთ ავტორიტეტებზე, რომლებიც მას ჭეშმარიტების სახელით ელაპარაკებიან და მის ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს. „ბნელი“ ადამიანი ადვილად სამართავია და, როგორც ეს ისტორიამ არაერთხელ დაადასტურა, სწორედ გონებრივად და არა ფიზიკურად უსუსური ადამიანია ტოტალიტარიზმის მთავარი საყრდენი. ამიტომაც ჯერ ევროპელმა ჰუმანისტებმა, შემდეგ კი განმანათლებლებმა ერთგვარ დევიზადაც კი აქციეს – „გაბედე შემეცნება!“

მოკლედ, პირდაპირ სათქმელზე რომ გადავიდე, საქართველოში დღეს ობსკურანტიზმის მთავარი ბასტიონი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია - სიბნელისა და უმეცრების მთავარი მედროშის, სამღვდელოების სახით, რომელიც უკვე რამოდენიმე წელია სრულიად მიზანმიმართულად ებრძვის არა მხოლოდ თავისუფალი აზროვნების ნებისმიერ გამოვლინებას, არამედ მისი მთელი სტრატეგია საგანმანათლებლო სივრცის დაკავებისაკენაცაა მიმართული, რადგანაც განათლებასა და შემეცნებას იმ წყვდიადის გაფანტვა შეუძლია, რომელსაც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე საქართველოში სამღვდელოება ამკვიდრებს.

ერთი მხრივ, ეკლესია განათლებისა და ცოდნის ახალი სტანდარტების დაუფლების დისკრედიტაციას ცდილობს, მას „ქართველობის დაკარგვად“ აცხადებს. მეორე მხრივ, ქართველი სამღვდელოება თავად ქრისტიანულ ღვთისმეტყველების ისეთ კარიკატურულ ვერსიას ქმნის, რომელიც შიზოფრენიით დაავადებულის ბოდვისაგან ძნელად თუ განსხვავდება. ამ თვალსაზრისით გამორჩეულია მროველი მიტროპოლიტი იობი, რომლის ქადაგებებიც უნიკალური მასალა იქნებოდა XX საუკუნის ეთნოლოგიაში გაჩენილი მიმართულების ეთნოფსიქიატრიისათვის, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ რეგრესიას პირველყოფილ აზროვნებას ადარებს.

მაგრამ ამგვარ სალაღობო აპოკალიპტიკაზე ბევრად უფრო სახიფათო ეკლესიის საგანმანათლებლო სისტემაში შეჭრის მცდელობაა, სადაც ის სწორედ იმ საფუძვლებისა და ღირებულებების დისკრედიტაციას ცდილობს, რომლებზედაც განმანათლებლობის ხანაში ჩასახული თანამედროვე აზროვნება და მეცნიერება დგას. განმანათლებლობის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი შემეცნებისა და რწმენის გამიჯვნა, სკოლის, პირველ რიგში, უნივერსიტეტების საეკლესიო დიქტატისაგან გათავისუფლება იყო, რაც მოდერნის სახელით ცნობილი თანამედროვე ეპოქის ქვაკუთხედია. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი სწორედ განათლების სისტემის საეკლესიო დოგმატიკისათვის დაქვემდებარებას ესწრაფვის, რაც პრემოდერნულ აზროვნებაში დაბრუნებას ნიშნავს.

ამ თვასაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ლექცია-ქადაგებები, რომლის აუდიტორიაც სკოლის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების, მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებია. განსხვავებით ეკლესიის მაღალჩინოსანთა რელიგიური შეფერილობის დელირიუმებისაგან, გიგნაძე, ერთი შეხედვით, ინტელექტუალის შთაბეჭდილების ტოვებს, თუმცა კი ამ მოჩვენებითი სწავლულობის უკან სრულიად გამიზნული უმეცრებისა და ობსკურანტიზმის პროპაგანდა, ახალგაზრდათა ინდოქტრინაციის სტრატეგია იმალება. ეს სტრატეგია ფაქტებისა და ცნებების სრული დამახინჯებით გამოიხატება, რომლის მიზანიც არაეკლესიური თვალთახედვის დისკრედიტაციაა. ამის მაგალითია გიგნაძის საუბარი სეკულარიზმსა და ლიბერალიზმზე, რომელიც, მისი განმარტებით, ადამიანების გაპირუტყვების ტოლფასია, რადგანაც მორალი და ზნეობა დეკანოზს მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოების პრეროგატივად მიაჩნია. ლიბერალიზმის კრიტიკის საპირისპიროდ ის არც მალავს თავის სიმპათიას ტოტალიტარიზმის მიმართ, როდესაც იგი მოწონებით იხსენებს „ჰომოსექსუალიზმის“ ამკრძალავ საბჭოთა კანონს. თსუ-ს სტუდენტებთანვე შეხვედრისას გიგნაძე თვით თეოლოგიაშიც ახალ სიტყვას ამბობს, როდესაც, მისი თქმით, „ზანგები“ ცოდვის შედეგად გახდნენ შავკანიანები.

ამგვარი ბოდვები სასაცილოდ შეიძლება მოგვეჩვენოს, როდესაც მათ, როგორც კურიოზებს ისე ვკითხულობთ ან ვუსმენთ. მაგრამ საქართველოში ამას საკმაოდ მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მართლმადიდებლური ეკლესიის ავტორიტეტისა და გავლენის ზრდა უშუალოდ უკავშირდება არა მხოლოდ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ან პოლიტიკურ არასტაბილურობას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, განათლებისა და კულტურის დონის კატასტროფულ ვარდნას. თავად ის ფაქტი, რომ განათლებისა და ინტელექტისგან ერთობ შორს მყოფ სამღვდელოებას უნივერსიტეტების აუდიტორიები ეთმობა, იმისი სიმპტომია, რომ უმეცრებისა და სიბნელის მეტასტაზები იმ სფეროშია შეჭრილი, რომლის არსიც ადამიანების ცოდნით აღჭურვა და უმეცრებისგან დაცვაა. სამღვდელოება კი თანამედროვე საქართველოს ობსკურანტიზმითა და სიძულვილით კვებავს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG