Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 29 ნოემბერი 2011

The game ain’t in me no mo.
Cutty


ნუთუ მარტო მე ვარ ასე? ტელევიზორის ყურებისას საერთოდ აღარაფერზე მეშლება ნერვები. ადრე ან სიუჟეტი გამაღიზიანებდა, ან სტატიას წავიკითხავდი რამეს, ან ”რეალ ტივის” ვუყურებდი და გავოცდებოდი. იგრძნობდი კაცი რაღაცას. ხმის ამაღლება მოგინდებოდა...

ახლა? გეგონება ერთი ლიტრი ვალერიანი დამელიოს.

იმ დღეს ჩავუჯექი და ”იმედზე” ნოდარ მელაძის გადაცემას ვუყურე. თავიდან ბოლომდე ვნახე. თუ არ იცით, ”100 ცელსიუსი” ქვია. დუდუდუნ დუნ მუსიკით იწყება. მერე ნოდარ მელაძე სვამს შეკითხვებს სწრაფად, ხმამაღლა და ყველას ერთი ტონით. ტიპური ქართული ”სკანდალური” ტოკ შოუა - სექსი, ტყუილი, მაწანწალა ბავშვები... საოცარი სისულელეები ითქმის ხოლმე იქ. სხვა დროს ვინძლო ავდუღებულიყავი მაგის ყურებისას. ახლა? არც კი შევტოკებულვარ. წყნარად ვუყურე ბოლომდე. დროდადრო თავს შევუძახებდი ხოლმე ასეთ რამეებს - ”შეხედე ნიკო, ეს რა თქვა!”, ”არ არის საშინელება? აღშფოთდი, შე ჯონბულის ნასხლეტო!” არ უშველა. არაფერი მიგრძვნია.

ყველაფერზე ეგრე ვარ. ”ასავალ-დასავალში” რეზო ამაშუკელის ღია წერილი დაიბეჭდა. წერილი სულ ორი წინადადებისგან შედგება, რომლებიც მთელს გვერდზე მეორდება - ”ომი სააკაშვილმა დაიწყო! სააკაშვილი სომეხია!” (მგონი ზუსტად ასე იყო. თუ არ ჩამახედებთ გადასამოწმებლად, დავალებული დაგრჩებით). წესით ხომ უნდა გქონდეს კაცს რეაქცია?! ან გაბრაზდე, ან გაგეცინოს, ან რამე... არა მაქვს.

ან, ბარემ ვახსენეთ და, პრეზიდენტი გამოდის ხოლმე კვირაში ერთხელ ტელევიზიით და დაუმთავრებელ პროექტებს დამთავრებულად გვასაღებს. ან, გიგი უგულავიანი გადაცემა რომ გადის რუსთავი ორზე. ან, ძვლის კლიპი რომაა თბილისზე, ვითომ ჯეიზური და სინამდვილეში კი კომუნისტური. (მომავალი თაობები თუ ოდესმე ამ პოსტს აღმოაჩენენ, ალბათ დიდხანს იმტვრევენ თავს იმაზე, თუ რას ნიშნავს ”ძვლის კლიპი”. ასევე, რადგან ბარემ ფრჩხილებში ვარ, დაიჯერებთ, რომ აქამდე გუგლი ”ჯონბულის ნასხლეტს” ვერ პოულობდა?) ან კიდევ ის და ან კიდევ ეს. რეაქცია - ნული.


თითქოს მერე რა. რაც ნაკლებად გაქვს ნეგატიური გრძნობები, მით უკეთესია, არა? თეორიულად კი, მაგრამ ძლიერი გრძნობების გარეშე ცხოვრება გაცილებით ნაკლებად საინტერესო ხდება. ამას გარდა, ხომ უნდა გქონდეს სამოქალაქო შეგნება და რამე...

ჰოდა, მაგის წამალი არ იცით ვინმემ? ცოტა სისხლი რომ აუვარდეს კაცს თავში. სულის ვიაგრა, ან რამე ეგეთი.

ან, რავი, იქნებ თქვათ, თქვენზე რა მოქმედებს?
თავის 51-ე დაბადების დღეს იულია ტიმოშენკო კიევის ლუკიანოვკის რაიონის საგამოძიებო იზოლატორის კედლებში შეხვდა. უკვე თვეზე მეტია, რაც უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი იზოლატორში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ხნის განმავლობაში საგრძნობლად შეირყა, მაგრამ ტიმოშენკოს მებრძოლი სული ურყევია - ციხის კედლებიდან იგი უფრო დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ვიდრე წარსულში მისი უახლოესი თანამებრძოლი, პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, რომელიც ორწლიანი ისტორიული დავიწყებიდან ერთხელ გამოერკვა და ისიც მხოლოდ იმისათვის, რომ სასამართლოზე ტიმოშენკოს წინააღმდეგ მიეცა ჩვენება.

არადა, ნამდვილად ბედის ირონიაა, რომ იულია ტიმოშენკო რუსეთთან ბუნებრივი აირის თაობაზე მიღწეული გარიგების გამო შვიდი წლით ჩასვა ციხეში მისმა პოლიტიკურმა მტერმა, პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა, რომელსაც კრემლთან სიახლოვით თუ საეჭვო პოლიტიკური გარიგებებით, ალბათ, თვით უგო ჩავესიც კი ვერ დაუდებს ტოლს. პრეზიდენტობის პირველ წელს იანუკოვიჩმა 25 წლით დაუკანონა რუსეთს სამხედრო-საზღვაო ბაზა სევასტოპოლში, უარყო „ჰოლოდომორი“, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდის ფაქტი და, რუსეთის გულის მოსაგებად, შეაჩერა ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესი. სადამდე წავა რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობის პროცესი, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნისა და ამ მიმართულებით დასავლეთის დომინანტური გავლენის დაკარგვის გათვალისწინებით. „უკრაინით რუსეთი ყოველთვის იქნება იმპერია, უკრაინის გარეშე კი - არასოდეს“. ზბიგნევ ბჟეზინსკის ეს გაფრთხილება უწინდებურად აქტუალურია დასავლეთის ლიდერებისათვის, რომლებმაც 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციით“ საქმე დამთავრებულად მიიჩნიეს და ბევრი არაფერი გაუკეთებიათ არც ფინანსურად და არც მეთოდოლოგიურად, რათა დახმარებოდნენ ტიმოშენკო-იუშჩენკოს დუეტს პოსტკომუნისტური უკრაინის რეფორმირებაში, თავიდან აეცილებინათ სოციალური დაძაბულობა და უიმედობა, რაც რევანშისაკენ გზას უხსნიდა პრომოსკოვურ „რეგიონების პარტიას“.

„ეს ორი კაცი იმისთვის გაერთიანდა, რათა მე შემჭამონო“ - განაცხადა 2008 წელს წონასწორობიდან გამოსულმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ, როდესაც ცხადი გახდა, რომ მისი რევოლუციური თანამებრძოლი, პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო და მისი საპარლამანეტო ფრაქცია „ნაშა უკრაინა“ გაურიგდნენ „რეგიონთა პარტიას“ და გადაწყვიტეს, ჩაეშალათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივები.

იანუკოვიჩისგან, დაუძინებელი მტრისაგან, იულია ტიმოშენკოს „შეჭმის“ მცდელობა მაშინ არავის გაკვირვებია, მაგრამ ვიქტორ იუშჩენკოს მხრიდან ეს დიდი სულმოკლეობის გამოვლინება იყო. მაშინ ყველას გაახსენდა 2004 წლის „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ერთი ჟრუანტელისმომგვრელი სცენა: როგორ ხელჩაკიდებულმა შეიყვანა ტიმოშენკომ ოდნავ გაუბედავი და შეშინებული იუშჩენკო „ვერხოვნა რადაში“ (პარლამენტში) და აიძულა იგი, დაედო ფიცი, რომ გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი და ბოლომდე მიიყვანდა დაწყებულ რევოლუციას.

დიქტატორული ყაიდის ლიდერებს არ უყვართ ისინი, ვისგანაც დავალებულნი არიან, ვისაც ისინი საბედისწერო წუთებში შეშინებული და აკანკალებული ახსოვს. არა, იუშჩენკო არ ყოფილა დიქტატორი, იგი ერთი წარუმატებელი ლიდერი იყო, რომელმაც პრეზიდენტობის 5 წლის მანძილზე ოდნავაც ვერ გადააბიჯა 15-პროცენტიან პოპულარობას, რაშიც იგი სწორედ იულია ტიმოშენკოს ადანაშაულებდა - რევოლუციის ნამდვილ ლიდერსა და გაბედულ ორატორს, რომლის უკრაინულ ყაიდაზე, ჯიღად დახვეული გრძელი ოქროსფერი ნაწნავის გამოჩენა ტრიბუნაზე 2004 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჟრუანტელს ჰგვრიდა და თავდადების გრძნობას უმტკიცებდა კიევის „მაიდანზე“ შეკრებილ ათასობით ადამიანს. მათ შორის მეც ვიყავი. ჟურნალისტის აკრედიტაცია და ჩემი ქართული წარმომავლობა აბსოლუტურ თავისუფლებას მაძლევდა, მივსულიყავი „ნარინჯისფერი რევოლუციის“ ტრიბუნასთან და რამდენჯერმე ამეღო ინტერვიუ იულია ტიმოშენკოსაგან. ბოლოს იგი 2010 წლის თებერვალში ვნახე, სასტუმრო „ჰაიატის“ საკონფერენციო დარბაზში, მას შემდეგ, რაც, ეგზიტპოლების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებით ტურში იულია ტიმოშენკო მცირე უპირატესობით დაამარცხა ვიქტორ იანუკოვიჩმა. იმხანად საქართველოს ხელისუფლება, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდი, დაუფარავად უჭერდნენ მხარს იულია ტიმოშენკოს. ყველას ახსოვს 2000-კაციანი "სადამკვირვებლო ჯგუფის" მივლინება დონეცკში, ხმამაღალი განცხადებები „რეგიონების პარტიის“ ლიდერის სასარგებლო გაყალბებებზე და ტიმოშენკოს კამპანიის მხარდამჭერი რეპორტაჟები კონტროლირებად ქართულ ტელესივრცეში. მაგრამ დღეს, როდესაც იულია ტიმოშენკო უკვე პატიმარია, საქართველოს ხელისუფლებას აღარ ახსოვს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ქალი, რომელიც თავის 51-ე წლისთავს ციხის საკანში შეხვდა.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთხელაც კი არ გამოქომაგებია თავის ყოფილ თანამებრძოლსა და მეგობარს, რომელსაც მთელი დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო პოლიტპატიმრად მიიჩნევს. სამაგიეროდ, საქართველოს დემოკრატი ლიდერი არ თაკილობს მეგობრობას ბელორუსიის დიქტატორ ლიდერ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან, რომელიც ევროკავშირისთვის პერსონა ნონ-გრატად არის ქცეული. რას იზამ, სახელმწიფოს ინტერესები ხშირად მოითხოვს ემოციის დამალვას, სულმოკლეობის გამოჩენას და იმის თქმასაც, რისიც შინაგანად არ გჯერა.
ტიმოშენკოს დაბადების დღე ლუკიანოვკის იზოლატორთან
please wait

No media source currently available

0:00 0:01:24 0:00
გადმოწერა

მაგრამ არა ჩემგან და არა თქვენგან, ძვირფასო მკითხველებო. ამიტომ დღეს, 27 ნოემბერს მე იმ ათასობით უკრაინელის გვერდით ვარ, ვინც კიევის ლუკიანოვკის ციხესთან ყვავილებით და სიმღერით მივიდა. მათსავით მეც მაცვია უკრაინიდან 3 წლის წინ წამოღებული მაისური წარწერით „მე მიყვარს იულია“.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG