Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

29 დეკემბერს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „პირდაპირი საუბარი“ ვასილ მაღლაფერიძემ გააკეთა პროგნოზი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას: განსაკუთრებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილი შეიძლება პრეზიდენტის პოსტიდან გადადგეს და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო სიას ჩაუდგეს სათავეში.

ეს პროგნოზი - იმის მიუხედავად, ასრულდება თუ არა - უკვე თავისთავად იწვევს ბიძგს ისედაც მოწყვლად პოლიტიკურ გარემოში. იმიტომ, რომ პრეზიდენტის გადადგომის შესაძლებლობა ორგვარ განცდას აჩენს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებში: იმედს და შიშს. შესაძლოა, გადადგომის პლუს-მინუსების ბალანსის დადგენა არის კიდეც ახლა მიხეილ სააკაშვილის მთავარი ამოცანა.

სიტყვას აღარ გავაგრძელებ იმის შესახებ, რომ, 2010 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის მართვაში. ასე რომ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილს სწორედ საპარლამენტო არჩევნების მოგება სჭირდება. 2013 წლიდან ქვეყანაში ძალაუფლების სამი ცენტრი იქნება: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე. სააკაშვილი პრეზიდენტი ვეღარ გახდება, ხოლო დანარჩენი ორის ვინაობას საპარლამენტო უმრავლესობა წყვეტს. ჰოდა, თუკი საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშაძე სწორად იყო ინფორმირებული, როცა უცხოურ მედიას განუცხადა, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრი არ გახდებაო, ამ განცხადებით მან, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ პრეზიდენტის გვარი საპარლამენტო სიაში ჩაიწერება (პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის აუცილებელია პარლამენტის წევრობა). კანონმდებლობის თანახმად, თუ პრეზიდენტი საპარლამენტო სიას ჩაუდგება სათავეში, ცესკოსთვის ამ სიის წარდგენიდან ორი დღის ვადაში უნდა გადადგეს (საარჩევნო კოდექსის 94-ე მუხლი).

განვიხილოთ ორივე ვერსია - რა არის მოსალოდნელი პრეზიდენტის გადადგომის ან არგადადგომის შემთხვევაში?

ერთი შეხედვითაც ცხადია, რომ მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მას, პირველ რიგში, ფსიქოლოგიურ უპირატესობას მიანიჭებს უკლებლივ ყველა ოპონენტის წინაშე. გადადგომა იქნება მაუწყებელი, რომ სააკაშვილს რისკის არ ეშინია, რომ იგი საკუთარ თავს ენდობა და გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვის. მთელი ქვეყანა (და არა მხოლოდ) დაინახავს, რომ პრეზიდენტი თავის გუნდში და პოლიტიკურ ელიტაში პირველობას არ თმობს, კვლავ ძველებურ ფორმაშია და ხმები მისი ქარიზმის დაბერების შესახებ გადაჭარბებულია. საპარლამენტო სიის პირველ ნომრად მიხეილ სააკაშვილის გვარის ჩაწერა სიას მაქსიმალურად მყარს და მიმზიდველს გახდის. ამ ნაბიჯით ხელისუფლების მომხრეებს - უახლოესი გარემოცვით დაწყებული, რიგითი ამომრჩევლით დამთავრებული - მიხეილ სააკაშვილი პირადი მაგალითით დამუხტავს ბრძოლისთვის. აღმასრულებელი ვერტიკალის შუა და ზედა რგოლის მუშაკების მოტივაციის გაზრდისთვისაც არ არსებობს უფრო ეფექტური ნაბიჯი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის გვარის ჩაწერა სიის პირველ ნომრად. პირადად ჩემთვის აშკარაა, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მიხეილ სააკაშვილს შეუძლია არჩევნების მოსაგებად.

მაგრამ, მეორე მხრივ, გადადგომა უდიდესი საფრთხის შემცველია პირადად პრეზიდენტისთვის. დავიწყოთ იმით, რომ ქვეყნის პირველი პირი დავით ბაქრაძე ხდება. თუკი მიხეილ სააკაშვილი სრულად არ ენდობა პარლამენტის თავმჯდომარეს და იმ სახელისუფლო გუნდს, რომელსაც ბაქრაძე წარმოადგენს, გადადგომაზე ფიქრიც კი გამორიცხულია. რადგან საკმარისია, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ბერკეტებს ჩამოცილებული ყოფილი პრეზიდენტი საკმარისად დასუსტებულია, - სააკაშვილს საკუთარ გუნდში პრობლემები არჩევნების დღის დადგომამდე ბევრად უფრო ადრე შეექმნება.

კიდევ უფრო სერიოზულია საფრთხე ნაციონალური მოძრაობის მიერ არჩევნების წაგების შემთხვევაში. გავითვალისწინოთ, რომ ამჯერად მოქალაქე სააკაშვილს გაცილებით ძლიერი და გულწრფელი ოპონენტი ეყოლება, ვიდრე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰყავდა. თითოეულ ამომრჩეველს, მათ შორის, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, ამჯერად იმდენად რეალური არჩევანი ექნებათ გასაკეთებელი, რომ მის შინაარსს წინასწარ ვერავინ ამოიცნობს. ხოლო თუ საპარლამენტო უმრავლესობას ივანიშვილის კოალიცია მოიპოვებს (თუნდაც, 50%+1 ხმით), სააკაშვილი გახდება პარლამენტის რიგითი წევრი, რომელსაც, შესაძლოა, გარკვეული პერიოდის შემდეგ იმუნიტეტიც კი მოუხსნან. ცხადია, გადაწყვეტილების მიღებისას პრეზიდენტი, პირველ რიგში, ყველაზე უარეს ვერსიებს გაითვლისწინებს. ასე რომ, სათქმელად ადვილია, მაგრამ, სინამდვილეში, გადადგომა პოლიტიკური სიკვდილის ტოლფასი შეცდომა შეიძლება აღმოჩნდეს.

რას უნდა ველოდეთ იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი არ გადადგება?

ცხადზე ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიციის საარჩევნო გზავნილი იქნება მოკლე და მკაფიო: არჩევნების მოგების შემთხვევაში, ივანიშვილი გახდება ქვეყნის პირველი პირი - პრემიერ-მინისტრი. ხოლო ნაციონალური მოძრაობის გზავნილი იქნება ვრცელი და ბუნდოვანი: ჩვენ გთავაზობთ არცთუ მიმზიდველ სიას იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ძალაუფლება და ერთი წლის შემდეგ ქვეყნის პირველ პირად, ანუ პრემიერ-მინისტრად, დავნიშნოთ ვინმე ჩვენიანი, ვთქვათ, გიგა ბოკერია, ან გიგი უგულავა, ან ვანო მერაბიშვილი ან, შესაძლოა, თავად მიხეილ სააკაშვილიც კი.

აქვე ვიტყვი: სრულიად არაადეკვატურად მიმაჩნია საუბარი იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი, შესაძლოა, პაატა ბურჭულაძე გახდეს. არ მგონია, ან თავად პაატა ბურჭულაძისთვის და ან ნებისმიერი ამომრჩევლისთვის საინტერესო აღმოჩნდეს ამ მეტად პატივსაცემი ადამიანის მხედართმთავრობა სხვის ომში.

„შემოვლითი“ გზავნილი ამჟამინდელი პრეზიდენტის შესაძლო გაპრემიერების შესახებ კი მხოლოდ იმ შემთხვევაში „იმუშავებს“, თუ მიხეილ სააკაშვილის პირადი რეიტინგი იქნება ძველებურად მაღალი, ხოლო მისი პოლიტიკური ფიგურა - უალტერნატივო - მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის რიგებში. დღეისათვის, მიხეილ სააკაშვილის ქცევა და რიტორიკა მეტისმეტად ჩამორჩება საპრეზიდენტო სტანდარტს, რასაც, პირველ რიგში, მისი უახლოესი გარემოცვა ხედავს. ამიტომ, შიდა სახელისუფლო გუნდში კონკურენცია იზრდება და, საგანგებო ნაბიჯების გადაუდგმელად, მიხეილ სააკაშვილს გაუჭირდება თუნდაც თავისი ხუთკაციანი გუნდის დარწმუნება, რომ მას საკმარისი რესურსი დარჩა ქვეყნის პირველი პირის ფუნქციის შესასრულებლად.

თუ შევაჯამებთ, გამოვა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრობლემა მისი შინაგანი რესურსის მიმართ უნდობლობაა - როგორც ახლო გარემოცვის, ასევე მოსახლეობის მხრიდან. მან საკუთარ თავს და ყველა დანარჩენს უნდა დაუმტკიცოს, რომ პოლიტიკურ სივრცეში ჯერ კიდევ ყველაზე ძლიერი ფიგურაა, რომელსაც შეუძლია ნამდვილი ბრძოლა და ნამდვილი გამარჯვება. მისი მოგზაურობა საქართველოს ქალაქებში, ხალხთან შეხვედრა, სხვადასხვა „ობიექტის“ გახსნა, ბავშვების შეძახილები, სატელევიზიო ეთერები, ზღაპრული იდეები და ახალი წლის ორიგინალური მილოცვა: „მომავალ წელს სოხუმში!“ - თითქმის აღარაფერს ნიშნავს, რადგან თავიდან ბოლომდე ყალბია. ბრძოლა კი მიხეილ სააკაშვილს ნამდვილზე ნამდვილი ელის. ამ ბრძოლას ვერც პოლიცია მოიგებს, ვერც მედია, ვერც სასამართლო და ვერც საარჩევნო კომისია, რადგან ამ სეგმენტებიდან თითოეული მოჭოჭმანე მდგომარეობაშია: „ვაითუ, ივანიშვილმა გაიმარჯვოს?“ „ვაითუ, ბოკერია ან მერაბიშვილი პრეზიდენტის ზურგს უკან სხვა თამაშის მონაწილეები არიან?“ „ვაითუ, ნაციონალურმა მოძრაობამ მოქალაქეთა კავშირის ბედი გაიზიაროს?“

ერთადერთი, ვისაც არ აქვს ჭოჭმანის უფლება, ვინც საკუთარ თავსაც და სხვებსაც სიმტკიცის მაგალითი უნდა აჩვენოს, მიხეილ სააკაშვილია.

ამიტომ, ბრძოლას მოიგებს ან წააგებს პირადად მიხეილ სააკაშვილი. დღევანდელი მისი აქტიურობა ცრუაქტიურობაა და წასაგებად არის განწირული. ამას ბოლო ხანს დაშვებული მძიმე შეცდომებიც ადასტურებს. სააკაშვილმა რეალურად ძლიერი ნაბიჯებით უნდა გაიცოცხლოს ქარიზმა - თუკი ძალა შესწევს.

გამოდის, არგადადგომა ნაკლები საფრთხის შემცველია, მაგრამ გამარჯვების შანსს თითქმის არ ტოვებს; გადადგომა კი რისკს ზრდის, მაგრამ, ამავდროულად, მოგების რეალურ შანსს აჩენს.

გადადგება თუ არა მიხეილ სააკაშვილი? To be, or not to be…

1995 წლიდან ვადევნებ თვალს მიხეილ სააკაშვილის კარიერას და, ვასილ მაღლაფერიძის მსგავსად, მეც დაბეჯითებით მგონია, რომ გადადგება.
ამ ორიოდე დღის წინ თორნიკე ჭუმბურიძემ, - ერთადერთმა ჩემს სამეგობროში, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიბადა, პოპულარული თანამედროვე ფილოსოფოსის – სლავოი ჟიჟეკის ერთი ფრაგმენტი მომაწოდა, სადაც ყოფილი იუგოსლაველი თეორეტიკოსი 1985 წელს ჩინეთის პრეზიდენტის მიერ მარგარეტ თეტჩერისადმი თქმულ სიტყვებს ციტირებს, რომ ბრიტანულმა ოკუპაციამ ჩინეთი საუკუნოვანი ძილისაგან გამოაღვიძა. ჟიჟეკის თქმით, „ამგვარი განცხადება ყოფილი დამპყრობლის წინაშე თავის დამცირება კი არაა, არამედ ნამდვილ ‚პოსტკოლონიალურობას’, მომწიფებულ დამოუკიდებლობას გამოხატავს: იმისათვის, რომ კოლონიალიზაციის პოზიტიური მხარე აღიაროს, ქვეყანა მართლაც თავისუფალი უნდა იყოს, რაც საკუთარი სტიგმისაგან გათავისუფლებასაც გულისხმობს.“ თორნიკემ თავის კომენტარში ისიც თქვა, რომ თუ საქართველოს საკუთარი „წარსულის დაძლევა“ სურს, მაშინ ორიოდე თბილი სიტყვის თქმა ვორონცოვზეც უნდა შეგვეძლოს. ვორონცოვზე საუბარს სხვა დროისათვის გადავდებ და მანამდე ამ პიროვნებით დაინტერესებულებს აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ გადაკითხვას ვურჩევდი. ამჯერად კი თავად საბჭოთა კავშირის გახსენება მინდა, სახელმწიფოსი, რომელიც 89 წლის წინ შეიქმნა და 20 წლის წინ დაიშალა.

ჩემი ცნობიერება საბჭოთა კავშირში, თანაც მის სიძულვილში ჩამოყალიბდა. თუმცა მაშინ, სკოლის ასაკში, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ გაცნობიერებული მქონდა, რა მძულდა ან რა მიზეზით. ვერც იმას ვიტყვი, რომ საბჭოთა სისტემის კრიტიკა ან სიძულვილი მაშინ საყოველთაო მოვლენა ყოფილიყო. მე უბრალოდ ასეთ გარემოში მოვხვდი და ვიზრდებოდი და, შესაბამისად, იმ ადამიანების აზრებს ვიმეორებდი, ვინც ჩემთვის ახლობელი და მისაბაძი იყო. თანაც მსიამოვნებდა კიდევაც იმის განცდა, რომ მე საყოველთაოდ მიღებულ და ყველასათვის საერთო ჭკუაზე არ ვიყავი.

ჩემი საბჭოთა ბავშვობიდან მახსოვს სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე წუწუნი და თვითირონიაც: „Нам всем плохо!“ – როგორც ერთ რუსულ-საბჭოთა ანეკდოტში იყო, თუმცა საზოგადოების უმრავლესობა იმდენად კარგად იყო მორგებული სისტემას, იმდენად კმაყოფილი იყო კორუფციისა და სიყალბის გარემოში, რომ საკუთარი ნებით მის „სიკეთეებზე“ არავინ იტყოდა უარს, - არც ძალაუფლებას დახარბებული ფუნქციონრები, რომლებიც საბჭოთა იდეალებს ქადაგებდნენ, თანაც საკმაოდ აგრესიული ფორმით, არც „საქმოსნები“, რომლებიც სახელმწიფოს ძარცავდნენ და ამით ამაყობდნენ, არც უფრო მსხვილი კრიმინალები, რომლებიც ხელისუფლებასთან მეგობრობდნენ და ხალხში პატივისცემით სარგებლობდნენ, არც გლეხები, რომლებიც რუსეთის ბაზრებზე მოსავლით ვაჭრობდნენ და საბჭოთა მასშტაბით, გამორჩეულად მდიდრებიც კი იყვნენ. პატიოსნება და კეთილსინდისიერება კი დასაცინი და აბუჩად ასაგდები კატეგორიები იყო. არც ინტელიგენცია ყოფილა რევოლუციური ძალა, რომელიც, თუმცა ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ფენა იყო, მაგრამ ამაყობდა საკუთარი გაჭირვებითაც და „სულიერი კაპიტალითაც“, რომელიც მას, საყოველთაო უსახობის ფონზე, გამორჩეულობის ხიბლს სძენდა.

ასე იყო და, შეიძლება, დღესაც ასე ყოფილიყო, რომ მოულოდნელად, საბჭოთა კავშირის სათავეში მიხეილ გორბაჩოვი არ მოსულიყო და ყველა საბჭოთა მოქალაქისათვის სრულიად გაუგებარი ფრაზებით ლაპარაკი და „საჯაროობის“, „გარდაქმნისა“ და „ახალი აზროვნების“ ქადაგება არ დაეწყო. საბჭოთა კავშირი პოლიტიკური უმცირესობის ნებით შეიქმნა და უმცირესობისავე ნებით დაინგრა. „რევოლუცია“ ზემოდან მოხდა და მისი ავტორი არც გატანჯული ხალხი, არც რომელიმე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თუ დისიდენტი ან საბჭოთა იმპერიის ყოფილ პერიფერიებში დღეს მესიად შერაცხული უცხო ქვეყნის ლიდერი, არამედ თავად სსრკ-ს პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტი იყო, რომელიც არც თავისი ჰაბიტუსითა თუ ბიოგრაფიით – პროვინციული წარმოშობითა და აქცენტით – არანაირად არ ჯდებოდა იმ გმირის ეპიკურ სტერეოტიპში, რომელსაც ბოროტების იმპერიის ურჩხულისათვის თავი უნდა გაეჭეჭყა და მილიონობით თავისუფლებას მოწყურებული ადამიანი გაეთავისუფლებინა.

გორბაჩოვის ფენომენის უნიკალურობა, ჩემი აზრით, ისიცაა, რომ ამ ადამიანმა მოახერხა საკუთარ ქვეყანაში ყველა მოეძულებინა: შვიდმილიონიანი საბჭოთა არმიის ოფიცრობა და პარტიული ბიუროკრატია, რუსი ნაციონალისტები და იმპერიალისტები, ამბოხებული სტუდენტობა და „ეროვნულ-გამათავისუფლებელი“ მოძრაობები, დემოკრატებიც და რეაქციონერებიც. როდესაც ის 1991 წლის 25 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა, რაც საბჭოთა კავშირის დასასრულს ნიშნავდა, მას კრემლში ერთი ჭიქა ჩაიც კი არ მიაწოდეს და უკვე ყოფილ საბჭოთა კავშირში თანდათანობით მისი სახელის უახლესი ისტორიიდან ამოშლასაც შეუდგნენ და ის მხოლოდ 90-იანი წლების სარეკლამო რგოლებშიღა თუ გამოჩნდებოდა, მაშინ, როდესაც ევროპასა და ამერიკაში გორბაჩოვი დღემდე XX საუკუნის უმნიშვნელოვანეს პოლიტიკოსთა შორის მოიხსენიება, რომელსაც თანამედროვე სამყარო ცივი ომის დასასრულსა და აღმოსავლეთ ევროპის გათავისუფლებას უმადლის.

გორბაჩოვს არაერთხელ უთქვამს, რომ მას სსრკ-ს გარდაქმნა და გადემოკრატიულება სურდა და არა მისი დაშლა, მაგრამ პროცესები მალე სრულიად უმართავი გახდა, თუნდაც იმიტომ, რომ გორბაჩოვს და მის გუნდს რეალურად არანაირი გააზრებული და თანმიმდევრული გეგმა არა ჰქონიათ. ამისი მიზეზი ისიც იყო, რომ საბჭოთა ხელმძღვანელობა საკუთარ სახელმწიფოს არ იცნობდა, არ ჰქონდა შესწავლილი და გაანალიზებული მასში მიმდინარე პროცესები. თვითმოტყუებისა და სიყალბის მრავალწლიანი ტრადიცია კი ძალიან ძვირად დაუჯდა გიგანტური ქვეყნის მოსახლეობას. საბჭოთა კავშირის დაშლას არანაკლები კატასტროფები მოჰყვა, ვიდრე მის შექმნას: ეთნიკური წმენდა, მეზობელი ხალხების სამუდამოდ თუ არა, მრავალი ათწლეულებით გადამტერება, აგრესიული ნაციონალიზმი, რელიგიური ფუნდამენტალიზმი, სოციალური უფსკრულები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში და ოდიოზური ავტორიტარიზმები ყოფილ საბჭოთა მოკავშირე რესპუბლიკათა უმეტესობაში.

მაგრამ ქართული საბჭოთა წარსულის ხელახლა გასააზრებლად და დასაძლევად გორბაჩოვის პიროვნების შეფასებაზე მნიშვნელოვანი თავად საბჭოთა საქართველოს სხვა კუთხიდან დანახვაცაა საჭირო, ანუ არა მხოლოდ რეპრესიებისა და ტოტალიტარიზმის გმობით, რაც ისედაც ვიცით, ან ქართველი ხალხის საბჭოთა რეჟიმთან თავდადებული ბრძოლის ეპოპეის გამოგონებით, რასაც ასე ბეჯითად გვთავაზობენ ხელისუფლებასთან დაახლოებული თუ დაახლოების მსურველი „ისტორიკოსები“ და „პოლიტოლოგები“, – საბჭოური პროპაგანდის ეს ცოცხალი გადმონაშთები, - არამედ ყოველგვარი იდეოლოგიური სტერეოტიპის გარეშე, შეძლებისდაგვარად ობიექტურად.

როდესაც გორბაჩოვის მიერ გამოცხადებულ „პერესტროიკის“ ხანაში ჟურნალ-გაზეთები თუ გამომცემლობები ვერ აუდიოდნენ აკრძალული რუსი ავტორების პუბლიკაციებს, ქართული ლიტერატურა ამაოდ ელოდა იატაკქვეშეთიდან უცნობი თხზულებებითა თუ თარგმანებით გამდიდრებას. აღმოჩნდა, რომ ორიოდე მეტ-ნაკლებად ფასეული ემიგრანტის გარდა, საქართველოში უცნობი ქართველი ავტორი არ არსებობდა. ქართული კულტურა იდეალურად იყო საბჭოთა სისტემაზე მისადაგებული და ამ სისტემის ორგანულ ნაწილს წარმოადგენდა.

უმართებულო იქნებოდა იმის მტკიცებაც, რომ რუსეთმა ან საბჭოთა სისტემამ საქართველო გააზარმაცა: 15-საუკუნოვანი ქართული ლიტერატურის უდიდესი ნაწილი სწორედ 70-წლიან საბჭოთა ხანაზე მოდის. საბჭოთა საქართველოს პროდუქტია ქართული თეატრი, კინო, კლასიკური მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება, საერთაშორისო სტანდარტების საბუნებისმეტყველო და ნაკლებად წარმატებული ჰუმანიტარული მეცნიერებები. მოკლედ რომ შევაჯამოთ, საქართველო, როგორც კულტურული ერი, საბჭოთა რეჟიმის პირობებში შედგა. ამავე ხანაში შეიქმნა საქართველოს გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის მითებიც - ერთადერთი, რაც საბჭოთა კავშირის ნგრევას გადაურჩა. სიტყვის თავისუფლება, რომელიც საქართველომ სხვა საბჭოთა რესპუბლიკებთან ერთად გორბაჩოვის წყალობით მიიღო, სწორედ ამ მითების განმტკიცებასა და განვრცობას მოახმარა და უკვე დამოუკიდებლობამოპოვებული მათ ანაბარაღა დარჩა. ამიტომაც, როდესაც საბჭოთა წარსულის გააზრებაზე ვსაუბრობთ, საბჭოთა არქიტექტურის ძეგლების ვანდალური ნგრევის ნაცვლად, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია იმ სტერეოტიპებისაგან გათავისუფლება, რომელიც საკუთარი უახლესი წარსულისა და აწმყოს გაგებაში და კოლონიალური სტიგმის მოცილებაში გვიშლის ხელს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG