Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 9 ნოემბერი 2012

რამდენი ხანია მინდა დავწერო რამე ამერიკაზე და ვერ მოვაბი თავი. იმაზე, რამაც მართლაც გამაოგნა ამ ქვეყანაში. ჩემთვის აკვიატებული აზრისგან განთავისუფლება ყოველთვის იყო ბედნიერების განცდა, მაგრამ ამერიკაში ყოფნისას ეს განცდა თითქმის ყოველდღე მეუფლებოდა - ქუჩაში, სასტუმროში, მაღაზიაში, მუზეუმებში, კაპიტოლიუმში...

ეს შენობა, სივრცე, სადაც ამერიკის კონგრესი მუშაობს, ერთმა ახალგაზრდა აფროამერიკელმა ქალმა დაგვათვალიერებინა. გარეგნობით ხომ ლამაზი იყო - ჩემს საყვარელ ფიგურისტს, ტაი ბაბილონიას ჰგავდა; მოძრაობები ხომ ბალერინის ჰქონდა - ფეხებს სწორედ ბალერინის „პოზიციაში“ დააწყობდა ხოლმე, როცა რომელიმე ექსპონატთან ჩერდებოდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასეთი საინტერესო მეგზური მანამდე მე არასდროს მყოლია. ერთ საათში ამერიკის ისტორია ისე გვიამბო, როგორც ეს დიდი, დიდი ხნის წინ, „ერის დაბადებაში“ გააკეთა დევიდ უორკ გრიფიტმა - რიტმის აჩქარება-შენელებებით, მრავალმნიშვნელოვანი პაუზებით. მღეროდა, ფაქტობრივად. მერე, კითხვებზე რომ გადავედით, საბოლოოდ დაანგრია მითი ამერიკელების „გაუნათლებლობაზე“ - მითი, თითქოს მათ ზოგადი განათლების პრობლემები ჰქონდეთ და მხოლოდ თავიანთ საქმეში იყვნენ მაგრები.

ვუყურებდი და ვფიქრობდი, როდის გადმოსახლდნენ ნეტა მისი წინაპრები ამერიკაში? მონები იყვნენ? ნეტა, როგორ ჩამოვიდნენ? როდის მიიღო ეს განათლება? ვინ ასწავლა ექსპონატთან ასე ლამაზად დგომა? თანამოსაუბრის ასე კარგად მოსმენა?

კაპიტოლიუმიდან რომ გამოვედით, ჩვენს გიდზე სომეხ კოლეგებს გავესაუბრე. უმცირესობებზე ვლაპარაკობდით და ერთი ძველი მეგობრის, მოსკოველი ებრაელის ქალის სიტყვები გავიხსენე, უხსოვარ დროს, საბჭოთა ეპოქაში რომ მითხრა: „მშობლები მუდმივად მიმეორებდნენ, იცოდე, შენ უმცირესობა ხარ! იმისათვის, რომ სხვებივით განათლება მიიღო, სამსახური იშოვო, ამქვეყნიური სიკეთეებით იხეირო, სხვებზე ორჯერ მეტი უნდა იშრომო, ორჯერ მეტი უნდა იკითხო. სხვანაირად არაფერი გამოგივა. მაშინ გვარის გადაკეთება და იმის დავიწყება მოგიწევს, რომ ებრაელი ხარ.“

ამ აფროამერიკელ გიდზე გამახსენდა ლენა, ეს ჩემი მოსკოველი მეგობარი. თუმცა, რამდენადაც ლენამ დღემდე ვერ მოაგვარა „იდენტობის პრობლემა“, რადგან, როგორც არაერთხელ უთქვამს, რუსეთში თავს ჯერაც ვერ გრძნობს უსაფრთხოდ, ამ კაპიტოლიუმელ გიდს უკვე - არც მეტი, არც ნაკლები! - პრეზიდენტი ჰყავს: ბარაკ ობამა, ახლა უკვე მეორედ არჩეული პრეზიდენტი, რომელმაც არცთუ ისე დიდი ხნის წინ, გეი-წყვილებზე საუბრისას, განაცხადა, ამერიკაში არავის უნდა ეშინოდეს ქუჩაში იმ ადამიანთან ხელჩაკიდებული სიარული, რომელიც უყვარსო.

ამერიკა მზად იყო ასეთი ცვლილებებისთვის. ჯერ კიდევ 50-იანი წლების მიწურულს იყო მზად, როცა სიდნეი ლიუმეტმა თავისი შედევრი, „12 განრისხებული მამაკაცი“ გადაიღო.

თუ გახსოვთ, როგორ აღიქმება ეს სურათი? მაყურებელს პირველივე კადრებიდან სჯერა, რომ 12 განრისხებული მამაკაცის, ე.ი. მსაჯულთა ჟიურის, სხდომის თანამონაწილეა. საათნახევრის განმავლობაში მაყურებელი თითქოს მსაჯულებთან ერთად მონაწილეობს კენჭისყრაში. მაგრამ ფილმის დრამატურგია ისეა აგებული, რომ მაყურებელი თანდათან „უმრავლესობიდან“ უმცირესობაში ხვდება. ჰენრი ფონდას გმირი - ერთ-ერთი მსაჯული, რომელიც დასაწყისშივე დააეჭვა პროკურორის ვერდიქტმა - ფინალში ხანგრძლივ მონოლოგს წარმოთქვამს და მაყურებელი ახლა უკვე მის მხარეზეა.

„ჩვენ გვაქვს დაეჭვების უფლება. ეს ჩვენი სისტემის მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ვერავინ დასდებს ბრალს ადამიანს, თუ არ არის დარწმუნებული მის დანაშაულში“, - ამბობს ჰენრი ფონდას გმირი და შედეგიც არ აყოვნებს: სამართლიანობა მიიღწევა ერთი ადამიანის მცდელობით! ერთი ადამიანი უპირისპირდება უმრავლესობას და ასე აღადგენს სიმართლეს.

„ნუ ენდობი იდეალურს, ნუ ენდობი სხვის მიერ მოხვეულ ღირებულებებს და ნუ იქნება შენი ღირებულებები ‘შეთანხმებული’... ერთიანობა მაშინ არის კარგი, როცა კონკრეტული მიზანი გაქვს, მაგრამ როგორც კი მიზანი მიღწეულია, უკვე ინდივიდუალიზმი მოდის წინ და უმცირესობაში ყოფნა, განსხვავებულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთიანობა“, - გვითხრა პაატა ზაქარეიშვილმა ასევე უხსოვარ დროს, ტელეგადაცემა „ფსიქოში“, სწორედ „12 განრისხებული მამაკაცის“ ჩვენების შემდეგ.

პაატა ზაქარეიშვილის ყოველთვის მადლობელი ვიყავი. ეს ის დროა, როცა „ფსიქოში“ სტუმრობაზე ხალხი უარს მეუბნება იმ მოტივით, რომ „მაგ გადაცემაზე ცუდ რამეებს ამბობენ“... მათ შორის, ჭკვიანი ხალხი მეუბნება უარს. ერთმა მწერალმა, რომლის გვარსა და სახელს არ დავაკონკრეტებ მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მიყვარს, გადაცემაში მოსვლაზე უარი არ თქვა, მაგრამ პირდაპირი ეთერის დაწყებისთანავე მოულოდნელად განაცხადა: „ოღონდ მინდა წინასწარ ვთქვა, რომ არ მომწონს, ამ გადაცემაში ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას რომ ეწევი.“

ეს ერთგვარი „გამიჯვნა“ იყო! რეპუტაციის „შენახვა“. ცოტა გამიკვირდა, მაგრამ მაინცდამაინც არ მწყენია. ვიცი, საქართველოში ადამიანი უფრთხილდება რეპუტაციას. მეც. თქვენც. საზოგადოებრივი აზრი ჩვენთვის მთავარია. უფრო სწორად, „უმრავლესობის“ აზრია მთავარი.

„კულტურაში“ გვაქვს ასე - გვეშინია მარტოობის! ჰოდა, ეს რომ ვიცი, დიდი ხანია ჩემს თავს არ „ვტენი“ იქ, სადაც ამით საქმე შეიძლება გავაფუჭო. ვცდილობ, ხალხმრავალ ადგილებს მოვერიდო. ბოლოს, მგონი 2002 წელს, რაღაც კოლექტიურ წერილს მოვაწერე ხელი... მეორე დღეს, ცხადია, ჩემი სახელი ატრიალეს მორალის დამცველებმა და დანარჩენ ხელისმომწერებს მოუწოდეს (როგორც დღეს იტყოდა ცნობილი მღვდელი), დაგმე გოგი, დაგმე გოგიო!

კომპლექსიაო, იტყვით თქვენ. ხო, კომპლექსია. უმცირესობის კომპლექსი, რომლის ბუნება, წარმომავლობა, ძნელი გასაგებია სხვისთვის. ვერ აღწერ სიტყვით. ისევე, როგორც ტკივილს ვერ აღწერ სიტყვით!

თამუნა გურჩიანი ცხოვრებაში ერთადერთხელ მყავს ნანახი და ისიც - რამდენიმე წუთით. მოგვიანებით თამუნას საქმიანობას გადავხედე და ბოლოს, არაერთხელ ვიხილე ტელევიზიით. ჩვენი რადიოს ეთერში გასული თამუნას „თავისუფლების დღიურების“ მერე საბოლოოდ დავრწმუნდი: ჩვენ ირგვლივ ცოტაა ასეთი სადა, ასეთი ემპათიური, ასეთი ჭკვიანი და ასეთი გულწრფელი ადამიანი. ცხადია, ჩემი გრძნობები სხვებთან გადავამოწმე. გამიხარდა, რომ ასზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, პრინციპში ყველაზე აქტიურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მხარი დაუჭირა თამუნა გურჩიანს.

მაგრამ ჯერ „ქვესკნელიდან“ ამოიღეს არასამთავროების მიმართ უწინ მრავალჯერ ნახმარი, მაგრამ კარგა ხნის დავიწყებული სიტყვა „გრანტიჭამიები“, მერე დაიწყეს სამოქალაქო სექტორის „ბუებით“ დაშინება და ბოლოს, როგორც უმრავლესობის ლიდერმა, ბატონმა საგანელიძემ განაცხადა, შეთანხმდნენ ერთ კანდიდატზე. გურჩიანზე არა, სხვაზე!

უმრავლესობის ეს სხდომა წარმოვიდგინე:

- ხო, მაგრამ საპატრიარქოდან დარეკეს. ასეთი გაბრაზებული არ მახსოვს „ანასტასია“!

- ვინ ეკითხება საპატრიარქოს? მართლა და მართლა ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?

- გაგიჟდით, ხალხო?! ცისარტყელას დროშით დარბოდა ეს ქალი სკოლაში. ლეზბიანკები გვაკლდა ახლა!

- არ იცნობს ხალხი, საიდან გაჩნდა საერთოდ?

- ვუსმინე შალვასთან. რაღაცნაირად, არაბუნებრივად ლაპარაკობს.

- თან, ისეთი დამცველები ჰყავს! ხალხს ეზიზღება ეგენი. მართალი თქვა შალვამ - „მენტალური უმცირესობაა“.

მერე ბრძანეს, კამპანია ცუდად აწარმოეთო. არ დააკონკრეტეს, რას გულისხმობდნენ. იქნებ იმას, რომ „არაპოპულარული ადამიანები“ თამუნას გვერდით არ უნდა მდგარიყვნენ? ამას რომ ამბობდნენ, ცხადია, ისევ ვერ ხვდებოდნენ, რამდენ ადამიანს აყენებდნენ შეურაცხყოფას.

კომპლექსი? ხო, კომპლექსი. და ტკივილის განცდა!

არა, კონკრეტიკას ნუ მოვთხოვთ „ქართულ უმრავლესობას“. მიუხედავად მრავალჯერ გამოთქმული თხოვნისა, თამარ გურჩიანის მომხრეებს მაინც არ უთხრეს, რას უწუნებდნენ ომბუდსმენობის კანდიდატს. აბა, იმას ხომ არ იტყოდნენ, არ ვარგა, რადგანაც მე არ მგავსო, არ ვარგა, რადგან, ჩემგან განსხვავებით, დიპლომატიაზე უარს ამბობსო, „უმრავლესობასთან“ კეკლუცს ერიდება და ხმამაღლა გაიძახის (შეიძლება ზედმეტად ხმამაღლაც, გამაყრუებლად!), რომ ყველა ადამიანის, ყველა ცოცხალი არსების უფლებებს დაიცავსო!

ამას ვერ აღიარებს ქართული უმრავლესობა. ვერ აღიარებს, რომ არ სჭირდება სიახლე და არ სჭირდება უმცირესობების ასეთი თავგამოდებული დამცველები. მით უმეტეს, რომ არ სჯერა „12 განრისხებული მამაკაცის“ იდეის - სიმართლე იქაა, სადაც ეჭვია, ეჭვი კი იქ - სადაც უმცირესობაა.

ამას ვერ აღიარებს ვერც ახალი საპარლამენტო უმრავლესობა. ჩვენც ვერასდროს გავიგებთ, ვინ იყო ის კეთილი დეპუტატი, სხდომათა დარბაზში სადღაც, კუთხეში რომ იჯდა, საათზე რომ დაიხედა და იკითხა: „ბატონი ბიძინა რას ამბობს? ცნობილია მისი კანდიდატი?“
ამას წინათ, თბილისში, ერთი გერმანელი მეგობარი შემხვდა, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს და ქვეყანასაც მშვენივრად იცნობს. უკვირდა, რატომ არ მსჯელობენ საქართველოში ფასეულობების შესახებო. ერთხელ კი სცადეს, გადაცემა „დიდი ასეული“ როცა გადიოდა ტელევიზიით, მერე კი თავი დაანებესო. მე კი მგონია, რომ ფასეულობებზე კამათი მიმდინარეობს, ოღონდ მას ყოველთვის მსჯელობის ფორმა არ აქვს. უკეთეს შემთხვევაში, ეს სხვადასხვა მონოლოგებია, უარესში კი სათქმელსაც და არგუმენტსაც მუშტი ანაცვლებს.

ფასეულობებზე საუბარი სულაც არ არის განყენებული რამ. იმაზე, თუ რა ფასეულობებზე მოვახერხებთ, ან ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას, პირდაპირ არის დამოკიდებული ის, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და ისიც, იარსებებს თუ არა ის ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ.

ეს შეთანხმება რომ მიღწეული არ არის, სულ ახლახან ორმა სიმპტომურმა შემთხვევამ დაგვანახა.

გურიაში, ლანჩხუთის რაიონში, არის ერთი პატარა სოფელი, რომელსაც გემრიელი სახელი - ნიგვზიანი - ჰქვია. ცხრა წლის წინ აქაც და ახლო-მახლო სოფლებშიც მთიანი აჭარიდან ჩამოასახლეს რამდენიმე ათასი ადამიანი, ძირითადად მუსულმანი ქართველები. ნახევარი წლის წინ, მუსულმანურმა თემმა ნიგვზიანში სახლი შეიძინა და იქ სამლოცველო გახსნა. რადგანაც ეს სამლოცველო აქაური მუსულმანებისათვის ერთადერთია, აქ მორწმუნეები სხვა სოფლებიდანაც ჩამოდიან. ადგილობრივ ქრისტიანებს მუსულმანების ლოცვა თვალში არ მოუვიდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, მათთვის მუქარითა და შეურაცხყოფით შეეშალათ ხელი: „გველებივით თავებს დაგიჭეჭყავთ, თქვე თათრებო, თქვე ჩამოთრეულებო, გურიაში მეჩეთს არ გაგახსნევინებთ, აქ არ გალოცებთო“, - გვატყობინებს ყოველთვიური ჟურნალი “ტაბულა”.

მოდი, ძვირფასო მკითხველო, თავი შევიკავოთ მკვიდრი ნიგვზიანელების შეფასებისაგან. უბრალოდ, შევეცადოთ გავერკვეთ მათ ფასეულობებში. ამ ღვთისმოსავ ხალხს, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ქრისტიანულ მიწაზე, როგორადაც წარმოუდგენიათ თავიანთი მშობლიური ნიგვზიანი, ლოცვის უფლება მხოლოდ ქრისტიანებს აქვთ, ხოლო სხვების ლოცვა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს და ქრისტიანულ მიწას წარწყმედს. ისიც ეგონებათ, რომ ქართულ მიწაზე მართლმადიდებელ ქართველებს უფრო მეტი უფლება აქვთ, ვიდრე, მაგალითად, არამართლმადიდებელ ქართველებს, არაქართველებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგალითად უფლება იმის დადგენისა, თუ ვინ სად, როდის და როგორ უნდა ილოცოს ან, საერთოდ, უნდა ილოცოს თუ არა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი კონსტიტუცია წინააღმდეგობაში მოდის იმ წარმოდგენებთან, რომლებსაც ადგილობრივები „სოფლის კანონმდებლობას“ ეძახიან. პოლიტიკური მეცნიერების ენაზე ასეთ მოდელს დისკრიმინაციულს უწოდებდნენ. ფასეულობითი არჩევანი, რომელიც აქედან გამომდინარეობს, ასეთია: რომელი წესი ვაღიაროთ: ის, რომელიც ყველა მოქალაქეს, აღმსარებლობის (ტომის, სქესის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის და ა.შ.) მიუხედავად თანასწორად მიიჩნევს და, მაგალითად, საკუთარი რელიგიური რიტუალების შესრულების საშუალებას თანაბრად აძლევს, თუ ის, რომელიც მოქალაქეებს რამდენიმე კატეგორიად ჰყოფს და ერთ-ერთს (რიცხოვნობით უპირატესს) უპირატეს უფლებას მიანიჭებს?

ისე თუ მოხდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პირველ შეხედულებას დაეთანხმა და მათმა წარმომადგენლებმა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც შექმნეს, მაშინ ნიგვზიანის „სოფლის კანონმდებლობა“ საქართველოს კონსტიტუციად გადაიქცევა. ესეც არჩევანია, ოღონდ არჩევანი, გაკეთებული საქართველოს იზოლაციის სასარგებლოდ და ევროპული ცივილიზაციის წინააღმდეგ. თავი დავანებოთ იმას, რომ „სოფლის კანონმდებლობის“ გაკონსტიტუციურება საქართველოს გამოიყვანს იმ ქვეყნების რიგიდან, რომლებიც აღიარებენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხაზს გადაუსვამს მის პერსპექტივას, როდისმე გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. თავი დავანებოთ იმასაც, რომ ეს არჩევანი ერის გაგებაში XVIII საუკუნეში დაგვაბრუნებს. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ერი არ არის ერთი ტომის ერთმორწმუნეთა გაერთიანება: „ჩვენის ფიქრით“, - წერდა ილია საქართველოს შემადგენლობაში აჭარის დაბრუნებისადმი მიძღვნილ წერილში - „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარ-ტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულს უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია.“

და პირიქით, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაცია გახდება პერმანენტული კონფლიქტის წყარო, რომელიც იოლად გამოუთხრის ძირს ნებისმიერ სახელმწიფოს (იუგოსლავიის დაშლა ამისი სამწუხარო მაგალითია). ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ქართველობა მართლმადიდებლობას ნიშნავს, ხოლო მართლმადიდებელი ქართველობა - არამართლმადიდებელი ქართველების ჩაგვრას, კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საკუთარი ფასეულობრივი არჩევნის შედეგები.

სიმპტომური ეს შემთხვევა იმიტომაა, რომ ნიგვზიანის ინციდენტი გვიჩვენებს ახალი მთავრობისა და ეკლესიის დამოკიდებულებასაც. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ენობრივი თამაშებით ცდილობს გაექცეს პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას: ნიგვზიანელების საქციელში ის ხედავს არა ფასეულობით კონფლიქტს, ან სისხლის სამართლის დანაშაულს (რელიგიური თავისუფლებისათვის ხელის შეშლას), არამედ „ზედმეტ ემოციურობას“. განსხვავებით სტიქარგანხუნ(ებ)ული წინამორბედებისაგან ის მიიჩნევს, რომ ისიცა და სახელმწიფოც ინციდენტის შემთხვევაში ვალდებული არიან, „ჯერ ეკლესიას“ მისცენ „ინციდენტის ამოწურვის საშუალება“ - ანუ, პრინციპში, მას სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია მიაჩნია პრივილეგირებულ პარტნიორად (რელიგიური) ინციდენტების „ამოწურვაში“ (რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულიც შეიძლება იყოს). ამით იუსტიციის მინისტრი ნიგვზიანის ინციდენტში ერთი მხრივ ეკლესიის ბრალსაც აღიარებს. მეორე მხრივ კი ამ „ბრალისაგან“ სახელმწიფოს დისტანცირებას ცდილობს: „უკეთესად ვინ დაამშვიდებს საკუთარ მრევლს, თუ არა ეკლესია“ - გვეუბნება წულუკიანი და ამას საკუთარ (ანუ მთავრობის) სტრატეგიადაც გვიცხადებს. არ ვიცი, რამდენად არის ეს ფორმა ან სტრატეგია „ახალი“ ან „ცივილიზებული“ ან რა კრიტერიუმებით შეიძლება მივიჩნიოთ ასეთად: მორწმუნეების შესაბამისი ეკლესიების იურისდიქციაში მოქცევა, მაგალითად, ოსმალეთის იმპერიის იურიდიული პრაქტიკა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პატარა, მაგრამ არა უმნიშვნელო ნაბიჯი ნიგვზიანის „სოფლის კანონმდებლობის“ აღიარებისაკენ.

ეკლესიამ, შესაძლოა, „დაამშვიდოს“ თავისი მრევლი, მაგრამ ამ დამშვიდებას ორი შედეგი მოჰყვება:

ა) სახელმწიფო რელიგიური კონფლიქტებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე თვალებს ხუჭავს, მათ ასაღებს „აღელვებად“, რომელსაც კანონით დევნა ან არგუმენტებით დაპირისპირება კი არა, „დამშვიდება“ სჭირდება და მართლმადიდებელ ქრისტიანებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ირიბად) იურიდიულადაც უქვემდებარებს;

ბ) ეკლესიას, რომელიც „ამშვიდებს“ მრევლს, თვითონ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საკუთარ როლი დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ მხრივ კი სახარბიელო ბევრი არაფერია: თავად ეკლესიის იერარქებს არაერთხელ უქადაგიათ რელიგიური შეუწყნარებლობა და ფიზიკურადაც კი გასწორებიან იმათ, ვისზეც ხელი მისწვდენიათ. არ ვიცი, ექნება თუ არა თეა წულუკიანს პასუხი იმაზე, მიიჩნევს თუ არა ახალი კაბინეტის წევრი, რომ, მაგალითად, დეკანოზ დავით ისაკაძეს სახელმწიფომ მრევლის „დამშვიდება“ შეიძლება გადააბაროს. არც ის ვიცი, მიაჩნია თუ არა იუსტიციის მინისტრს სოფელ მუხუთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ საბა ჟღენტის ულტიმატუმი „დამშვიდებად“. დეკანოზი ამბობს: „ჩვენ მათ ერთკვირიანი ინტერვალი მივეცით. უნდა გადაწყვიტონ, რას იზამენ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოსახლეობა დაპირისპირებულია ამ ხალხთან და უკან თუ არ დაიხიეს, ადგილობრივები არ დაუშვებენ, აქ მეჩეთი აშენდეს, მინარეთი იყოს და მასობრივი ლოცვა წარიმართოს ამ სოფელში. […] თუ ეს ასე არ მოხდება, ამ ხალხის (მრევლის - ზ.ა.) გაკონტროლება ძალიან ძნელი იქნება.“

ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველი იქნებოდა, ახალმა მთავრობამაც და მართლმადიდებელმა ეკლესიამაც მკაფიოდ ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როგორ ქვეყნად წარმოუდგენიათ საქართველო: ისეთად, სადაც, ვთქვათ, მართლმადიდებელ ქართველებს გარკვეული უპირატესობები აქვთ, თუ ისეთად, სადაც საქართველოს მოქალაქეებს არავინ განასხვავებს აღმსარებლობის, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებებისა და ა.შ. მიხედვით.

ის ენობრივი თამაშები, რომელსაც თეა წულუკიანი მიმართავს, ისევე როგორც საპატრიარქოს ორაზროვანი პოზიცია, რომელიც ერთი მხრივ ქვეყნის დემოკრატიულ სამართალწესრიგს აღიარებს, მეორე მხრივ კი მოძალადე და შუღლის გამაღვივებელ მღვდლებს ახალისებს, ნიგვზიანის მსგავს პრობლემას კი არ მოაგვარებს, არამედ მსგავსი პრობლემების წარმოშობის უშრეტ წყაროდ გადაიქცევა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG