Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

”რად გვინდა ნატო და ევროპა, თუკი ადამიანებს აწამებენ, ბიზნესს აახევენ, ტელეფონებს მოუსმენენ”...

თქვენი არ ვიცი და ჩემს ირგვლივ სექტემბერ-ოქტომბერში ყველა ამას ამბობდა. ზოგი უფრო ადრე ამბობდა - ჯერ კიდევ 2004-ში. ზოგი კიდევ უფრო ადრეც. მაგრამ 2012 წლის სექტემბერში, როცა ნაცმოძრაობამ თავისი საარჩევნო კამპანია წარმართა დევიზით ”ივანიშვილი რუსეთის კაცია”, ჩემს გარშემო განსაკუთრებით ბევრი ამბობდა ამას.

დღეს ვიღაცები გამარჯვებულის პოზაში მიუთითებენ დაგვიანებულებს, ახლა მოკეტე, რადგან მე რომ მცემდნენ, შენ ხმა არ ამოგიღიაო, ვიღაცები იხტიბარს არ იტეხენ და ”ასეთი რამეები ყველგან ხდებაო” (ბოლოს და ბოლოს პატრიარქმა გვითხრა ეს, ადამიანმა, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობა ქართული საზოგადოება)... ჩემი დაკვირვებით, იმ ხალხს, ვინც ნაცმოძრაობიდან გადავიდა ”ოცნებაში”, წარსულს იშვიათად უხსენებენ (”სად იყავი 2003 წლის ნოემბერში, როცა ხალხი პარლამენტში შეიჭრა”, ”სად იყავი 7 ნოემბერს”, ”რატომ არ ამოიღე ხმა გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ”)... არადა, მეგობრებო, ზოგი დღეს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი გახლავთ (!) და საინტერესო იქნებოდა ამ თემაზე მათთან საუბარი. რა ვიცი, მე მგონი უფრო საინტერესო, ვიდრე ქალბატონი იუსტიციის მინიტრის პირადი ცხოვრება და ფროიდის ფსიქოანალიზის მიმართ პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება.

საინტერესო იმისთვის, ვისაც უყვარს ეს ”სად იყავი, სად იყავი მაშინ”. თორემ მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ ადამიანები განსხვავებულად რეაგირებენ უსამართლობაზე, სისასტიკეზე, ძალადობაზე - ზოგი დროულად, ზოგი დაგვიანებით, ზოგი მასებში ყოფნით, ზოგი სახლში ჯდომით და უსამართლობაზე მხოლოდ და მხოლოდ ფიქრით. უფრო მეტიც, ზოგი ლოცვითაც!

ჩვენ განსხვავებულები ვართ და არავის აქვს უფლება მოგვთხოვოს გავხდეთ ერთნაირები! მაგრამ ისტორიაში დგება მომენტები, როცა ყოველი ჩვენგანი უმრავლესობის წევრად ვგრძნობთ თავს. როგორც, მაგალითად, სექტემბერში, ვუყურებთ არასრულწლოვანის წამებას ციხეში და შეძრწუნებასთან ერთად ვიხსენებთ ”პატრიოტულ ბანაკებს”, შადრევნების გახსნის საზეიმო ცერემონიალებს, ქუჩაში გაყრილ დევნილებს... ყველაფერი ერთიანდება ამ დროს. დგება წამი, როცა ახლებურად აფასებ წარსულს და ახლებურად ფიქრობ მომავალზე.

პირადად მე ძალიან კარგად მახსოვს ეს წამი, ეს გამონათება. და ძალიან კარგად მესმის იმ ოპტიმისტი თანამოქალაქეების, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ - 1 ოქტომბრიდან საქართველოში შესაძლებელია არ გაქრნენ უსახლკაროები და მათხოვრები, შესაძლებელია ყველა არ დასაქმდეს და ხალხს მართლაც არ გაეზარდოს ხელფასები და პენსია, მაგრამ მაინც სხვანაირად ვიცხოვრებთ... სტილი შეიცვლება! თუ გნებავთ, ასე ვთქვათ - შეიცვლება დიზაინი!

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ რომ იყო, ცუდი ფილმი, ხომ გახსოვთ? იმ ფილმში ყველაფერი ცუდი იყო - დრამატურგია, მონტაჟი, წამყვანის ხმა. უნიჭობის ფოირვერკი იყო! მაგრამ ყველაზე დამთრგუნველი იყო იმის განცდა, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ფორმა და დიზაინი უცვლელი რჩება - ხელისუფლება და მედია (ეს ”ფილმი” ერთდროულად 3 ტელევიზიით გადაიცა) ისევ ცდილობს მასების მანიპულაციას. დამთრგუნველია ეს განცდა, როცა გგონია, რომ მხოლოდ უმცირესობა გრძნობს ამ სიყალბეს, უმრავლესობა კი ისევ ადვილად იჯერებს ყველაფერს, რასაც ხელისუფლება სთავაზობს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულაც არ იყო ასე - ფილმს მგონი ყველამ დასცინა. ისე დასცინა, რომ ნაცმოძრაობის მთავარმა იდეოლოგებმაც კი ”პეტრეს როლი” აირჩიეს და სათითაოდ ამტკიცებდნენ, რომ ნაცმოძრაობის ამ სამარცხვინო ოპუსთან არაფერი აკავშირებთ.

„ნოემბრიდან ნოემბრამდე“ ნიკა გვარამიას დაპატიმრებამ გამახსენა. საქართველოს მაშინდელი გენერალური პროკურორის მოადგილე განმარტებებს იძლევა ფილმში, რაც სრულიად საკმარისი გახდა იმისთვის, რომ სწორედ გვარამიასთვის დაებრალებინათ, ეგაა ფილმის ავტორიო.

დღეს მის სატელეფონო ჩანაწერებს აქვეყნებს ამჯერად უკვე ახალი ხელისუფლების სატელევიზიო არხი. ზუსტად ისეთი ”დიზაინით”, როგორც ფილმში ”ნოემბრიდან ნოემბრამდე” და ისევ დგება ეს წამი-გამონათება.. ისევ ხვდები, რომ ბევრი არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაში - 2003 წლის ნოემბერში აღტკინებულმა ბრბომ ქვები დაუშინა ვახტანგ რჩეულიშვილს. 2012 წლის დეკემბერში იგივე ხდება ქუთაისში... 2004 წელს სააკაშვილის ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით დაიწყო. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში იგივე ხდება საქართველოში...

სააკაშვილის ხელისუფლება სატელეფონო საუბრებს რომ ისმენდა, კომპიუტერებში რომ დაძვრებოდა, ჩვენს პირად ცხოვრებას რომ ”იღებდა”, ამაზე ადრეც დაგვიწერია. ისტორიის თუ ბედის ირონიით გვარამიას სატელეფონო საუბრებს დღეს ის ტელეარხი გადმოსცემს, რომლის ჟურნალისტებს აშანტაჟებდა წინა ხელისუფლება. ”ოცნება” თავს იმით იმართლებს, რომ ამ საუბრების ჩაწერის უფლება ჰქონდა, თუმცა ვრცელდება სულ სხვა ინფორმაცია. პრინციპში არც ესაა მთავარი; გამონათების ეს წამი ბადებს კითხვას, რომელზეც პირადად მე ვერავინ გამცა პასუხი - რატომ გვიჩვენებენ ამ საუბრებს ტელევიზიით? რას ამტკიცებენ ამით? მით უმეტეს, როგორ შეიძლება იმ საუბრების ”ჩვენება”, რომელთა ავთენტურობა ექსპერტიზას არ დაუდგენია?

დიახ, დიახ ექსპერტიზას! სხვათა შორის, არჩევნების წინ აჟიტირებულები ხომ მოვითხოვდით იმ სატელეფონო ჩანაწერების ექსპერტიზას, რომელთაც ”ოცნების” წევრთა დისკრედიტაცია უნდა გამოეწვია. ხომ გვჯეროდა, რომ ოდესმე სიმართლეს შევიტყობდით, ზუსტად გვეცოდინებოდა, გვყავს თუ არა, მაგალითად, რასისტი დეპუტატი პარლამენტში?

სადაა ახლა ეს ჩანაწერები? ჩვენი ჩანაწერები სადაა? გვაქვს თუ არა გარანტია, რომ მომავალში ეს ხელისუფლებაც არ გამოიყენებს ჩვენს საუბრებს? ფარული კამერით, ტელეფონით გადაღებულ ჩვენს ცხოვრებას? არ გამოიყენებს ჩვენი დაშანტაჟების, დაშინების მიზნით?

ლია მუხაშავრია ჯერჯერობით პირველი უფლებადამცველია, რომელიც ახალი ხელისუფლებისგან იმ აპარატურის განადგურებას მოითხოვს, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უკანონოდ უსმენდა მოქალაქეებს. ვფიქრობ, ამ მოთხოვნას მთელი ქართული საზოგადოება უნდა შეუერთდეს. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საჯაროდ განადგურდეს ადამიანთა ცხოვრების ”ასლები”, რათა ასე მაინც დავრწმუნდეთ, რომ 2007 წლის ნოემბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე ”დიზაინი” შეიცვალა ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, დღევანდელ პირობებში, როცა საზოგადოებაში სერიოზული დაპირისპირების ნიშნები ჩნდება, როცა კითხვები იბადება ყოფილი მღალჩინოსნების დაპატიმრებებთან დაკავშირებით, როცა დასავლური მედიით ვრცელდება კრიტიკული პუბლიკაციები ივანიშვილის ხელისუფლებაზე და როცა პრეზიდენტი სააკაშვილი ”თალიბებად” შერაცხავს ხალხს, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, ეს იქნება მოთხოვნა, რომელიც ყველას გააერთიანებს - გაბრაზებულებს და ნაკლებად გაბრაზებულებს, მებრძოლებს და კონფორმისტებს, იმასაც კი, ვინც დღეს ქვებს ისვრის და იმას, ვინც მხოლოდ და მხოლოდ ლოცულობს.
იმ დროს, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრების სასწაულებრივ გაუმჯობესებას ელის, ხოლო მცირე ნაწილი - წინა ხელისუფლების სასწაულებრივ დაბრუნებას, თბილისში კინოფესტივალი ჩატარდა.

სულ სამი ფილმი ვნახე: კაურისმიაკის „ჰავრი“, მუნჯიუს „გორაკებს მიღმა“ და ძმები ტავიანების „კეისარი უნდა მოკვდეს“.

პოლიტიკამ მაინც მოახერხა და თავისი დაღი დაამჩნია ამ ფილმების აღქმას - ბოლო მათგანიდან რომ გამოვდიოდი, ორი სიტყვა ამეკვიატა - „სასწაულმოქმედი კეისრები“. ეს ჩემთვის არა მარტო ფილმების, არამედ პოლიტიკური ცხოვრების დღევანდელი ეტაპის შეჯამებაც იყო.

„ჰავრი“
ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკის ფილმი მოგვითხრობს საფრანგეთის პროვინციულ ქალაქში მცხოვრებ ხნიერ და ძალიან ღარიბ ცოლ-ქმარზე. ცოლს კიბო აღმოაჩნდება და საავადმყოფოში წვება. ამასობაში ჰორიზონტზე ჩნდება აფრიკიდან არალეგალურად ემიგრირებული პატარა ბიჭი, რომელმაც ლონდონში უნდა ჩააღწიოს. მოხუცი კაცი და მისი მთელი სამეზობლო ყველაფერს იღონებს, დაწყებული უზარმაზარი თანხის შოვნით და დამთავრებული კანონის დაღვევით, რათა ამ ბიჭს დაეხმაროს.

ეს ორი ამბავი ერთმანეთის პარალელურად ვითარდება. ბიჭის პრობლემა გადაწყდება, ხოლო ქალი კიბოსაგან სასწაულებრივად განიკურნება.

ერთი შეხედვით, ეს ძალიან კეთილი ზღაპარია. მაგრამ ოდნავი დაფიქრება, და ფილმი წარმოგვიდგება, როგორც ღრმად ირონიული. აფრიკელი ბიჭის დახმარების ამბავი გათანებრებულია კიბოსაგან განკურნების ამბავთან. ერთი ზუსტად ისევეა დამაჯერებელი, როგორც მეორე. „ასეთი რამ ჩინეთში მომხდარა, მაგრამ ჩვენთან, საფრანგეთში - არასოდეს“ - ეუბნება გაოგნებული ექიმი განკურნებულ ქალს. კაურისმიაკი ჩვენგან მოითხოვს იმის მიხვედრას, რომ არც სასწაულებრივი სოლიდარობის გამოჩენა მომხდარა საფრანგეთის ამ პატარა ქალაქში.

„გორაკებს მიღმა“
მუნჯიუ ახალი რუმინული კინოს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. ფილმი რუმინული მართლმადიდებელი ეკლესიის შესახებაა და ასევე სასწაულის თემას ეხება. ოღონდ თუ კაურისმიაკი ირონიულია, მუნჯიუ რეალისტია. კაურისმიაკი გაჩვენებს სასწაულს და გეუბნება, რატომ არ შეიძლება ის მოხდეს სინამდვილეში. მუნჯიუ გაჩვენებს სინამდვილეს სასწაულის გარეშე.

ფილმი მოგვითხრობს მონასტრის შესახებ, სადაც ერთ-ერთ მონაზონს გერმანიიდან დაბრუნებული მეგობარი გოგონა ჩააკითხავს. გოგონას ფსიქიკური პრობლემები აქვს. კონფლიქტებისა და მათი გადაჭრის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ სასულიერო პირები შეეცდებიან, ეშმაკის განდევნის რიტუალით უშველონ საქმეს. ეგზორციზმი ფატალურად სრულდება; მღვდელსა და მონაზვნებს სამართლის წინაშე უხდებათ პასუხისგება.

რატომ უნდა მოგივიდეს 21-ე საუკუნეში ეშმაკის განდევნის იდეა თავში? საიდან ეს არქაული წარმოდგენები ქვეყანაში, რომელიც უკვე ევროკავშირისა და ნატო-ს წევრია? მუნჯიუ თანმიმდევრულად და დამაჯერებლად გვიჩვენებს - იქიდან, რომ სხვა არაფერი არ მუშაობს. მისი ოსტატობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას მივყავართ მდგომარეობის გამოუვალობის გაცნობიერებასთან: როდესაც არც ჯანდაცვის სისტემა ფუნქციონირებს გამართულად და არც - სოციალური დაცვისა, როდესაც უმუშევრობა სერიოზული პრობლემაა, ხოლო ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, ძალზე დასუსტებულია, ეკლესიას უხდება თავის თავზე აიღოს პრობლემა, რომლის გადაჭრისათვისაც არაა მზად. მისი პასუხი აღარ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს და წინააღმდეგობაში მოდის კანონთან. მუნჯიუს ფილმს საფუძვლად უდევს გარკვეული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, რელიგიური ინსტიტუტები კომპენსაციას წარმოადგენენ იმისა, რომ სხვა ინსტიტუტები საკუთარ როლებს ვერ ასრულებენ. რამდენად მართალია ეს კონცეფცია, სხვა საკითხია. მე ვიტყოდი, რომ ის ვერ მოგვცემს რელიგიური დინამიკის სრულ ახსნას, თუმცა ბევრ შემთხვევაში - მათ შორის, საქართველოშიც - ის ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ. მთავარია, რომ მუნჯიუმ ამ კონცეფციის უაღრესად დამაჯერებელი არტისტული წარმოდგენა შეძლო.

სხვათა შორის, აქ საინტერესო კონტრასტია ძველსა და ახალ ევროპას შორის. „ჰავრში“ ძალიან ღარიბი ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, მაგრამ პერსონაჟი ქალი კიბოს მკურნალობისათვის ორ კვირაზე მეტს ისე გაატარებს ფრანგულ საავადმყოფოში, რომ ამით არანაირი ფინანსური პრობლემები არ ექმნება. ის კი არა, ამ საკითხზე ფილმი საერთოდ არაფერს ამბობს, თუმცა ფული და მისი ნაკლებობა ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი თემაა. არადა, ამ ტიპის გარანტია რომ სულაც არაა თავისთავად ცხადი ფინეთისა და საფრანგეთისაგან განსხვავებულ ქვეყნებში, სწორედ მუნჯიუს ფილმში ასახული რუმინეთის მაგალითზე ჩანს, სადაც მკურნალობა ძვირიც არის, თანაც, საავადმყოფოს პოლიტიკა დისკომფორტის შემქმნელი პაციენტების თავიდან მოშორებაზეა მიმართული.

„კეისარი უნდა მოკვდეს“
განსხვავებით წინა ორი ფილმისაგან, რომლებიც მთლიანად მათი რეჟისორების ქმნილებებია, ტავიანების ფილმის ამბავი უფრო რთულადაა. ის ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენს, მაგრამ როცა დაფიქრდები, ხვდები, რომ ტავიანების დამსახურება ამ შთაბეჭდილების მხოლოდ ერთი ელემენტია. ფილმი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ დგამდა განთქმული თეატრალური რეჟისორი ფაბიო კავალი შექსპირის „იულიუს კეისარს“ განსაკუთრებულად საშიში პატიმრებისათვის განკუთვნილ ციხეში. შესაბამისად, შთაბეჭდილების პირველი ელემენტი კავალის იდეაზე მოდის და, ასევე, სრულიად შესანიშნავი ტიპაჟების შერჩევაზე მსახიობებად (თუმცა, როგორც ფილმის პროლოგიდან და ეპილოგიდან ჩანს, თავად დადგმა არაფერი განსაკუთრებული არ გამოსულა). შემდეგი ელემენტია თავად ტავიანების სრულიად ბრწყინვალე მიზანსცენა და შექსპირის ტექსტისათვის ისეთი კონტექსტის შექმნა, სადაც ძალაუფლების, თავისუფლებისა და ტირანიის პრობლემები ბუნებრივად ერწყმის შავ-თეთრ კედლებსა და რკინის გისოსებს. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ხვდები, რომ ფილმის მთავარი ღირსებაა მესამე ელემენტი - ანუ თავად შექსპირის ტექსტი, რომელიც ამ გაცოცხლებულ კონტექსტში ძალაუფლების მექანიზმების წვდომის სიღრმეებს ავლენს.

შექსპირის ტექსტი, რომელიც იმას გვეუბნება, რომ თუ კეისრის დრო დადგა, საქმეს მისი მოკვლაც კი ვერაფერს უშველის. დიახ, მოკლეს იულიუსი, მაგრამ რესპუბლიკა მაინც არ აღდგა. იულიუსის ადგილი ოქტავიუსმა დაიკავა. რომი მზად იყო იმპერატორისათვის და მან ის მიიღო.

სასწაულები და კეისრები
შუა საუკუნეების საფრანგეთსა და ინგლისში ასეთი რწმენა იყო გავრცელებული - თითქოს მეფის შეხება კურნავდა ერთ კონკრეტულ ავადმყოფობას. დიდმა ფრანგმა ისტორიკოსმა მარკ ბლოკმა ამაზე კლასიკური გამოკვლევაც კი დაწერა - „სასწაულმოქმედი მეფეები“. იქ ის დაწვრილებით აღწერს პროცესს, თუ როგორ ქრებოდა მეფეთა სასწაულმოქმედი ძალების ეს რწმენა თანამედროვე ეპოქაში.

ასე დაკავშირდა ერთმანეთთან სასწაულებისა და კეისრების თემა.

და, აი, მთავარი კითხვაც: რატომ ქრებიან „განვითარებულ ქვეყნებში“ სასწაულმოქმედი კეისრები? იმიტომ, რომ მათ სისტემატურად ‘კლავენ’ (ანუ ცვლიან) თუ იმიტომ, რომ სასწაულების იქ აღარავის სჯერა და, შესაბამისად, მათი ‘გამკეთებელი’ თუ ‘მოქმედი’ ლიდერების საჭიროებაც აღარ არის?

სხვანაირად რომ ვთქვათ: პოლიტიკის გასაჯანსაღებლად მართლა მთელი საზოგადოების ტრანსფორმაციაა საჭირო თუ შეიძლება, რომ პოლიტიკურმა სისტემამ თავისი თავი თვითონ, საკუთარი ძალებით შეცვალოს?

თითქოს ხომ ფილმებზე ვლაპარაკობდი, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა დღევანდელ საქართველოში არ მეგულება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG