Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 6 თებერვალი 2012

ბერლინში, ბებელის მოედანზე, „დგას“ მიხა ულმანის „ბიბლიოთეკა“ – 1933 წლის 10 მაისის აუტოდაფესადმი მიძღვნილი მემორიალი. ამ დღეს ფაშისტებმა კოცონზე დაწვეს „მესამე რაიხის მტრების“ 20 ათასამდე წიგნი: ჰაინრიხ ჰაინეს, ფროიდის, ბრეხტის, თომას მანის, შტეფან ცვაიგის, რობერტ მუზილის და სხვათა ნაშრომები. ღონისძიებას პროპაგანდის მინისტრი, იოზეფ გებელსი ხელმძღვანელობდა.

ბებელპლაცზე უთუოდ ფეხით უნდა გაიარო, რომ „ბიბლიოთეკა“ ნახო. რამდენადაც ის მიწის ზევით კი არ დგას, არამედ მიწაშია „ჩაძირული“. დაახლოებით მოედნის ცენტრში, ჰუმბოლდტის უნივესიტეტის წინ, ქვაფენილზევე, სქელი კვადრატული მინა დევს – ზედ ფეხით გავლა შეიძლება. მინის ქვეშ კი, მიწაში, მუდამ განათებული თეთრი ოთახია, რომლის ოთხივე კედელს ასევე თეთრი და ცარიელი თაროები შეადგენს. ცხადია, წიგნებით დახუნძლული თაროები იმ ეფექტს ვერ შექმნიდა, რასაც მათი შეუვსებლობა ქმნის. მოცემულ შემთხვევაში სწორედ ცარიელი თაროებია შემაწუხებელი და დამთრგუნველი. „ჩაძირული ბიბლიოთეკა“ თავისი შინაარსით, მეტისმეტად მწუხარე და ხმაურიანი რამეა. სტერილური თაროებიდან წიგნების აჩრდილები ყვირიან, ჩხავიან, ღრიალებენ... სიცარიელესაც შეუძლია იხმაუროს.
ყრუ უნდა იყო, ძველი თბილისის შენობების ყვირილი ვერ გაიგო. შეიძლება, ტოტო კუტუნიოსა და ქრის დე ბურგის შემოქმედების თაყვანისმცემლებს აქვთ სპეციფიკური სმენა და ამ შენობების ხმა არ ესმით?


ყრუ უნდა იყო, ძველი თბილისის შენობების ყვირილი ვერ გაიგო. შეიძლება, ტოტო კუტუნიოსა და ქრის დე ბურგის შემოქმედების თაყვანისმცემლებს აქვთ სპეციფიკური სმენა და ამ შენობების ხმა არ ესმით? არადა, ისინი მთელ ხმაზე ყვირიან. მათი დიდი უმეტესობა სამუდამოდ ისპობა და ნადგურდება, მათ ადგილს კი რკინა-ბეტონის კონსტრუქციები იკავებენ. იერ-სახე კი, რაც ახალ შენობებს ვითომ უნარჩუნდებათ, სინამდვილეში იმ ძველის მხოლოდ იმიტაციაა. შენობების შინაარსი სრულიად იცვლება, ავთენტურობა იკარგება, უნიკალურობა ირღვევა, იდენტობა ქრება. შედეგად კი ვიღებთ სამარცხვინო ასლს, სუროგატს, სიყალბეს. ასე თუ გაგრძელდა, მალე მთელი ძველი თბილისი გაყალბდება.
თბილისი, გუდიაშვილის მოედანი
თბილისი, გუდიაშვილის მოედანი

როგორც ჩანს, ასეთივე ბედი ელის გუდიაშვილის მოედანს. მერე რა, რომ აქ მდგარი შენობა-ნაგებობების უმეტესობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია? მოცემულ შემთხვევაში სტატუსი მათ ვერაფერს შველის. რამდენადაც ინვესტორი, რომელსაც თბილისის მერიამ მთლიანად გადასცა ეს ადგილი ექსკლუზიური პირობებით, მათ დანგრევას და ახალი შენობების ჩადგმას აპირებს. რომ არაფერი ვთქვათ ეზოების ფორმისა და მოედნის რელიეფის შეცვლაზე. ვინც კი ამას აპროტესტებს, ინვესტორი და თბილისის მერია ერთხმად პასუხობს: „შენობებს იერ-სახე შეუნარჩუნდებათ“. ანუ აქ საუბარი ისევ და ისევ მიმსგავსებულ ფასადებზეა. ნუთუ კოპირებაა გამოსავალი? თანაც ეს ფოკუსი ხომ არაერთხელ უკვე ვნახეთ – როგორც თბილისში, ისე მის გარეთ. ასე ხომ სიღნაღსაც „შეუნარჩუნდა“ იერ-სახე. მერედა, მოწონს ვინმეს ის? თუმცა გამორიცხული არაფერია. ზოგს მღვდელი მოწონს, ზოგს – მღვდლის ცოლი. შეიძლება, არიან ადამიანები, ვისაც ორიგინალი კი არა, სწორედ ასლი იზიდავს, თანაც იაფფასიანი ასლი. ასე იცის ტოტო კუტუნიოსა და ქრის დე ბურგის მოსმენამ.
საქართველოს ისტორიაში ეს პირველი სისტემატური და, მიაქციეთ ყურადღება, რეზონანსული აქციებია, რომელსაც პოლიტიკოსები არ ხელმძღვანელობენ.


ორ კვირაში ერთხელ გუდიაშვილის მოედანზე შეკრებილი ხალხი მშვიდობიანი ფორმით აპროტესტებს სიღნაღიზაციას, ფასადურობასა და კუტუნიოიზაციას. ანუ აპროტესტებს ფეიკიზაციას. თან, მგონი, საქართველოს ისტორიაში ეს პირველი სისტემატური და, მიაქციეთ ყურადღება, რეზონანსული აქციებია, რომელსაც პოლიტიკოსები არ ხელმძღვანელობენ. ამ შეკრებებზე არ ისმის პოლიტიკური მოთხოვნები. არავინ იწერს ქულებს, არავინ ყვირის „გადადექი!“, „ძირს სისხლიანი რეჟიმი!“ ან რამე მსგავსს. ეს კარნავალური ხასიათის
მორიგი აქცია გუდიაშვილის მოედანზე
მორიგი აქცია გუდიაშვილის მოედანზე
პროტესტი უფროა, თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ნეხვისგან. რაც ბევრისთვის სრულიად გაუგებარია. თუმცა, ეს ადვილი გასაგებია. იმდენად მივეჩვიეთ, რომ ყველაფერი პოლიტიკით უნდა იყოს გაჟღენთილი, რომ უიმისოდ სულ ვეღარაფერს ვატანთ გემოს. ამიტომაც ცდილობს ბევრი ამ კარნავალში პოლიტიკური ქვეტექსტების ამოკითხვას. სულ ტყუილად. იგივე იქნება, ბნელ ოთახში შავი კატის დაჭერას ეცადო, თანაც მაშინ, როცა ის იქ არ არის. მოცემულ შემთხვევაში კარნავალის მონაწილეები ძველი თბილისის ავთენტურობისა და იდენტობის შენარჩუნებას ითხოვენ.

დაბოლოს, ბერლინში, ბებელის მოედანზე, „ჩაძირულ ბიბლიოთეკასთან“, დამონტაჟებულია მემორიალური დაფა ჰაინრიხ ჰაინეს სიტყვებით: „ეს მხოლოდ დასაწყისია. სადაც წვავენ წიგნებს, ბოლოს ადამიანებსაც დაწვავენ“. დაახლოებით ამავეს თქმა შეიძლება გუდიაშვილის სკვერთან დაკავშირებითაც: ეს მხოლოდ დასაწყისია. სადაც სპობენ კულტურის ძეგლებს, ბოლოს ადამიანებსაც მოსპობენ.
რაღაც ბანალურობამდე კანონზომიერია ბერძენი კინორეჟისორის, თეო ანგელოპულოსის სიკვდილი; მის ფილმებში მოტოციკლისტის სახეც არაერთგზის განმეორებულა და პოლიციელიც ხშირად გვინახავს. ფილმში „პეიზაჟი ნისლში“ მოტოციკლების ბაზარი (სადაც სურათის გმირი, უკვე ზრდასრული და სასტიკ რეალობასთან საბრძოლველად მომზადებული გოგონა, ვულა, ხვდება, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი დასრულდა მის ცხოვრებაში), წარმოდგენილია, როგორც ტექნოლოგიური ჯოჯოხეთი, ცივი და დამთრგუნველი სამყარო. ორესტი, მოხეტიალე მსახიობი, რომელიც ვულასა და მის უმცროს ძმას, ალექსანდრეს „გერმანიისკენ“ მიმავალ გზაზე დაუმეგობრდა, თავის მოტოციკლს სწორედ აქ გაყიდის და, რაც მთავარია, სწორედ აქ აღიარებს, რომ ვულას სიყვარულს იმავე გრძნობით ვერასდროს უპასუხებს.

თეო ანგელოპულოსი მოტოციკლისტი-პოლიციელის მსხვერპლი შეიქნა. მოკლა ერთმა რიგითმა პოლიციელმა, მოკლა ტრასაზე, სადაც მსოფლიო კინოს უკანასკნელი მოდერნისტი თავისი ტრილოგიის ბოლო ფილმს იღებდა. აქაც უნდა გვენახა წესრიგის დამცველები, პოლიციელები, რომლებმაც ხელისუფლება უკმაყოფილო მასებისგან უნდა დაიცვას, ამ ფილმშიც უნდა გვენახა ანგელოპულოსის სახელგანთქმული გრძელი კადრები შორი და საშუალო ხედებით, ტექნოლოგიური ჯოჯოხეთი, ადამიანობისგან დაცლილი ინდუსტრიული სამყარო.

დიახ, თეო ანგელოპულოსი, ალბათ, უკანასკნელი კინემატოგრაფისტია, რომელმაც „სტილის ამოწურვის“ ეპოქაში, (სხვაგვარად „პოსტმოდერნიზმის ეპოქას“ რომ უწოდებენ), შექმნა თავისი, ყველასგან განსხვავებული სტილი, აგებული არა სხვის ციტატებზე, არამედ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ სახეებზე. დიახ, ანგელოპულოსთან ბევრია ანტიკური ტრაგედიების ვარიაციაც, მნიშვნელოვანია ბრეხტის „გაუცხოების ეფექტიც“... შეინიშნება ანტონიონის შემოქმედებასთან ნათესაობაც და ტარკოვსკის „აღბეჭდილი დროის“ თეორიის გავლენაც, მაგრამ ყველაფერი ეს განფენილია არა ციტატების სახით, არამედ, როგორც ერთი მთლიანობა, რომელიც, თავის მხრივ, ეკუთვნის მხოლოდ მას - თეო ანგელოპულოსს.

ციტატა ანგელოპულოსისთვის საზღვარში მოქცევას ნიშნავს. ციტატების განფენილობა (კოლაჟურობა) საზღვრის ცნებას არათუ არ შლის (რაც, პრინციპში, პოსტმოდერნიზმის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უნდა ყოფილიყო), არამედ ამკვიდრებს საზღვარს - იმას, რაც ანგელოპულოსისთვის აბსოლუტური ბოროტება იყო. მის საუკეთესო ფილმებში „კომედიანტები“, „პეიზაჟი ნისლში“, „ულისეს მზერით“ ომი და საზღვრები ისაა, რაც დაუპირისპირდა მთლიანობას და ხსოვნას. ვულა და ალექსანდრე სწორედ საზღვრის დარღვევას შეეწირნენ, არარსებული გერმანია-საბერძნეთის საზღვრის დარღვევას. ბავშვები მესაზღვრე-პოლიციელის ტყვიებმა იმსხვერპლა... მაგრამ ანგელოპულოსის ფილმის ფინალში საზღვრის დაძლევა მაინც შესაძლებელი გახდა - სიკვდილისშემდგომ ხილვაში ვულა და ალექსანდრე უკვე ედემის ბაღში ხვდებიან.

თეო ანგელოპულოსის ყველა ფილმის მოტივი არის გზა. თუმცა, მისი ფილმების ჟანრს „როუდ მუვის“ ნამდვილად ვერ უწოდებ, და ვერც ე.წ. „სამოგზაურო კინოს“ შეადარებ. ესაა უფრო მოგზაურობა არა რეალურ დროსა და სივრცეში (გერმანია-საბერძნეთის საზღვარი, მაგალითად, ხომ არ არსებობს!), არამედ საკუთარ თავში. თუმცა, აქაც გაუგებარია, ზუსტად ვინ მოგზაურობს „თავის სივრცეში“ - ანგელოპულოსის ფილმების გმირები? თავად ავტორი? იქნებ მაყურებელი? ანდა, იქნებ ყველა ერთად? ყველა, ჩართული ერთგვარი „კოლექტიური გახსენების“ პროცესში... აკი ვამბობ, თეო ანგელოპულოსთან „ცალ-ცალკეს“ გაგება არ არსებობს-მეთქი...

მოგზაურობის მიზანი ყოველთვის ერთია - საყრდენის ძიება. შეიძლება, ეს მხოლოდ მამა იყოს, რომელიც „გერმანიაში“ ცხოვრობს („პეიზაჟი ნისლში“); შეიძლება კულტურის, თუ კინემატოგრაფის „საყრდენი“ - პირველი ბერძნული ფილმის კადრები, რომლის საძებნელად ჩამოდის ჰარვი კაიტელის გმირი ამერიკიდან მშობლიურ საბერძნეთში („ულისეს მზერით“). „კულტურის საყრდენი“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ანგელოპულოსი ისტორიაში მუდამ იმას ეძებს, რასაც „უძველეს ბერძნულ კულტურას“ უწოდებენ. ძიება-მოგზაურობის პროცესი სავსეა წინააღმდეგობით, სავსეა ეჭვით - სადაა დღეს ეს კულტურა? რატომ გაქრა? ანდა, იქნებ საერთოდ არ ყოფილა? რა დარჩა ამ კულტურისგან? ინდუსტრიული ჯოჯოხეთი პოლიციელი-მოტოციკლისტებით? ქუჩაში მოხეტიალე დევნილი ბავშვები კოსოვოდან, სარაევოდან? უსახლკარო კომედიანტები, რომლებიც ანტიკურ ტრაგედიას ზედ ზღვის ნაპირზე თამაშობენ, რადგანაც აღარ აქვთ თეატრი?

ჰო, ყველაფერი ეს დაფარულია და შენიღბული კოლაჟების, ციტატების, ტოტალური რელატივიზმის ეპოქაში. და, რაც მთავარია, ინდუსტრიულ ჯოჯოხეთში ძალადობაა დაფარული და შენიღბული.

ულისეს შეყვარებულის მკვლელობა სარაევოში, ვულას გაუპატიურება ფილმში „პეიზაჟი ნისლში“. ეს ყველაფერი არ ჩანს, მხოლოდ იგულისხმება - მაგრამ ანგელოპულოსი სწორედ ამ „დამალვით“ აძლიერებს სცენების ემოციურობას და გვახსენებს - ჩვენს დროში ძალადობა ხდება ყოველ წამს, უბრალოდ, ის დამალულია, რადგან მოძალადემ ძალადობის დახვეწილ ფორმებს მიაგნო, მოძალადემ გაიმართლა თავი „რელატივისტური თეორიებით“, უხვად რომ შეიქმნა ინდუსტრიული ჯოჯოხეთის ეპოქაში.

მიხაელ ჰანეკე, რომელიც თეო ანგელოპულოსს თავის საყვარელ რეჟისორად მოიხსენიებს, წერდა, რომ ანგელოპულოსმა ამხილა ეს შენიღბული ძალადობა და აიძულა მაყურებელი, არა მარტო „საყრდენისთვის“ მიეგნო თავისი ფილმების სივრცეში, არამედ აი, ეს დაფარული ბოროტებაც დაენახა. ამიტომაცაა, რომ მის ფილმებში მოქმედება ხშირად იშლება არა წინა პლანზე, არამედ სიღრმეში, რაც მაყურებელს, უბრალოდ, აიძულებს, „თვალი მოჭუტოს“ და თავად ჩაატაროს ის რიტუალი, რომელსაც ატარებს, მაგალითად, ანტონიონის ფოტოგრაფი „ბლოუ აპში“. თავის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმს ანგელოპულოსმა „ულისეს მზერით“ დაარქვა, რადგან აქ სივრცის კონსტრუირებას სწორედ მზერა ახდენს. ადამიანთა „მზერები“ ერთმანეთს ეხებიან და რაღაც ფეთქდება კადრის სიღრმეში. ინდუსტრიულ ჯოჯოხეთში ადამიანები ხანდახან, მაგრამ მაინც მზერით ეხებიან ერთმანეთს და ასე არღვევენ საზღვარს, რომელიც, დიდი ხელოვანის აზრით, აბსოლუტური ბოროტების იდენტურია.

ანგელოპულოსის ბოლო ინტერვიუებით თუ ვიმსჯელებთ, იგი ძალიან განიცდიდა ყველაფერს, რაც ხდებოდა დღევანდელ საბერძნეთში; მოუწოდებდა თანამემამულეებს, - მემარცხენეებს და მემარჯვენეებს - გადაელახათ იდეოლოგიური საზღვრები და ერთად მოენახათ გზები კრიზისის დასაძლევად, თუმცა, თავს კვლავაც მემარცხენედ მიიჩნევდა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო: თეო ანგელოპულოსის ესთეტიკა და მსოფლმხედველობა ხომ მთლიანობის იდეაზეა აგებული. მთლიანობა კი სოლიდარობას გულისხმობს; მთლიანობა ინგრევა იქ, სადაც დარღვეულია პროპორციები; სადაც ვიღაც ძალადობს და ვიღაცას თრგუნავს. სადაც მოტოციკლზე შემჯდარი „მხედარი-პოლიციელი“ დიდ ხელოვანს კლავს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG