Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

გია ნოდიამ „ურთიერთვერდაჩმორება“ უწოდა ძალთა ბალანსის იმ მდგომარეობას, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ შეიქმნა საქართველოში: ვერც საზოგადოების პროტესტულად განწყობილმა ნაწილმა შეძლო ხელისუფლების დამხობა ქუჩის აქციებით და ვერც ხელისუფლებამ შეძლო საზოგადოებაში არსებული საპროტესტო მუხტის ჩახშობა ძალის გამოყენებით.

სწორედ 7 ნოემბერს დაიწყო პოლიტიკური პროცესის ახალი ფაზა, როდესაც ნაციონალურმა მოძრაობამ თამამად თქვა უარი საკუთარ მოსახლეობასთან დიალოგზე და ხალხს არაადეკვატური ძალით დაუპირისპირდა. ეს ფაზა დღემდე გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ნაციონალური მოძრაობა საბოლოოდ არ გაიმარჯვებს, ან არ დამარცხდება.

ურთიერთობის ეს ძალისმიერი ფორმულა - რომელზეც საავტორო უფლება სახელისუფლო პარტიას ეკუთვნის - მოლაპარაკების შანსს არც ერთ მხარეს აღარ უტოვებს. ამიტომ კარგავს აზრს პოლიტიკური „რვიანის“ თუ „ექვსიანის“ დიალოგი ხელისუფლებასთან; აგრეთვე, ნაკლებად შედეგიანია პარლამენტსა თუ რომელიმე სამინისტროში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრები გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან (იშვიათი გამონაკლისი შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოებრივი მოძრაობა „ეს შენ გეხება!“).

როგორც უნდა გაგვიკვირდეს ხელისუფლების სისასტიკე რომელიმე კონკრეტულ მომენტში (2009 წლის 6 მაისს თუ 2011 წლის 26 მაისს); როგორც უნდა აგვაღელვოს მოქალაქეთა ღირსების შელახვამ („მოდელირებული ქრონიკით“ თუ „ჩარეცხილებად“ ან „მუმიებად“ მათი გამოცხადებით); როგორც უნდა გაგვაბრაზოს შუაღამისას ხალხის პოლიციაში დაბარებამ თუ გამგეობის ოფისში ტანსაცმლის გახდის მოთხოვნამ, ახალგაზრდების ცემამ ინსტიტუციის სახელით თუ პოლიციის შენობაში ადამიანის გარდაცვალებამ, - უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივია ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისთვის; ეს ყველაფერი ხელისუფლებისა და ხალხის ურთიერთვერდაჩმორების საერთო ტენდენციის ნაწილია.

ნაციონალურ მოძრაობასა და საპროტესტო მოძრაობას შორის გამარჯვებული 2012 წელს გაირკვევა და დაპირისპირების ხუთწლიანი ფაზაც ამით დასრულდება. ან ნაციონალური მოძრაობა მოიპოვებს უმრავლესობას პარლამენტში და, როცა დრო მოვა, პრემიერ-მინისტრად მიხეილ სააკაშვილს დანიშნავს; ან საპროტესტო მოძრაობა მოიპოვებს გამარჯვებას და ხელისუფლების მართვის სადავეებიდან განდევნის ნაციონალურ მოძრაობას.

ყოველი ნაბიჯი, რომელიც ან ერთი და ან მეორე მხარის მიერ გადაიდგმება დალაპარაკებისკენ, მოლაპარაკებისკენ, შეთანხმებისკენ, დათმობისკენ, ურთიერთობის დათბობისკენ - არაგულწრფელია და მარცხისთვის არის განწირული. არა იმიტომ, რომ პავლე კუბლაშვილს ან მიხეილ მაჭავარიანს ლაპარაკი არ შეუძლიათ, არამედ იმის გამო, რომ დათმობა და უკანდახევა ეწინააღმდეგება ძალისმიერი გამარჯვების სტრატეგიას, რაც ნაციონალური მოძრაობის ღერძია.

პოლიტიკურ პროცესში ბიძინა ივანიშვილის ჩართვის შემდეგ, საპროტესტო მოძრაობის მიზანი - სახელისუფლო პარტიის დამარცხება - უცვლელი დარჩა, მაგრამ სამოქმედო გეგმა მკვეთრად შეიცვალა. ძალადობრივი დაპირისპირების გზას ჩაენაცვლა ხელისუფლების არჩევნებში დამარცხების სტრატეგია. ძალადობრივი დაპირისპირება, რომელმაც ნაციონალურ მოძრაობას უდავო წარმატება მოუტანა 2007, 2008, 2009 და 2011 წლებში, - ბიძინა ივანიშვილის მიერ უკუგდებულ იქნა, როგორც შეცდომა და დამარცხების ფორმულა.

დღევანდელი პოლიტიკური პროცესი ასე შეიძლება აღიწეროს: ხელისუფლების მიზნად კვლავ რჩება ხალხზე ძალადობრივი გამარჯვება, ხოლო ხალხის (პროტესტული ელექტორატის) მიზანი გახდა არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება.

შესაბამისად, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ თვეებში ხელისუფლება სულ მეტად და მეტად აგრესიულ ნაბიჯებს გადადგამს. რაც უფრო მშვიდად, შემოქმედებითად და ორგანიზებულად იმოქმედებს საზოგადოების პროტესტულად განწყობილი ნაწილი, მით მეტ ძალისმიერ ბერკეტს აამუშავებს ხელისუფლება, რომ ბრძოლა იმ „მინდორზე“ გადაიტანოს, სადაც, წარსული წლების მსგავსად, თავის უპირატესობებს გამოიყენებს.

თუკი არჩევნებამდე დარჩენილ დროში მიხეილ სააკაშვილმა საპროტესტო მუხტი ძალის გამოყენებით არ „ჩატკეპნა“, იგი არჩევნებზე, ფაქტობრივად, უკვე დამარცხებული გავა. ამიტომ, სააკაშვილი იძულებულია, მეტი და მეტი წნეხი აამოქმედოს მოქალაქეების წინააღმდეგ, განსაკუთრებით, რეგიონებში. ამგვარი ქცევა პრეზიდენტისთვის ორმაგად საინტერესოა: მოსახლეობის ნაწილი დაშინდება, ნაწილი კი - გააგრესიულდება. ორივე სეგმენტი ზუსტად მიესადაგება გამარჯვების მისეულ სტრატეგიას.

ეს საკმაოდ რისკიანი გზაა, თუმცა, მშვიდობიანი არჩევნების გზა კიდევ მეტად სარისკოა მიხეილ სააკაშვილისთვის. პირადად მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ თვეებში სააკაშვილი შეეცდება, პოლიტიკური ტემპერატურა აწიოს; ხოლო ივანიშვილი შეეცდება, პოლიტიკური ტემპერატურა დაწიოს. ამ კონტექსტში საინტერესოა, როგორ განვითარდება ირაკლი ალასანიას მიერ პოლიტიკურ პროცესში შემოტანილი ახალი თემა - ვითომდა ხელისუფლების მიერ სამეგრელოში ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა და მოსახლეობისთვის იარაღის დარიგება. წესით, ამ თემის კულტივირება მიხეილ სააკაშვილს აძლევს ხელს და არა - ბიძინა ივანიშვილს. ამიტომაც, ოპოზიციის ლიდერმა სპეციალურად განმარტა, რომ ალასანიას არ უთქვამს, თითქოს, საქართველოში სამოქალაქო ომი დაიწყება. „არანაირი ომი არ იქნება“, - ამ დაზუსტებით ბიძინა ივანიშვილმა თემა მისთვის სასურველ კალაპოტში გადაიტანა.

თავის მხრივ, ორიოდე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ცდილობენ, რომ ჩაგვითრიონ საარჩევნო კამპანიაში.“ ამ, ერთი შეხედვით, უცნაური განცხადების პათოსი ზუსტად მიესადაგება პრეზიდენტის ხედვას, რომ ოპონენტები მას „ითრევენ“ მისთვის წაგებიან - მშვიდობიან - საარჩევნო პროცესში.

ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი იარაღია საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვადასხვა ქვეყნის ელჩების ინფორმირება ხელისუფლების აგრესიული ქმედებების შესახებ. მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი იარაღია აგრესიის გაძლიერება როგორც „ქართული ოცნების“, ასევე, რიგითი მოქალაქეების მიმართ. პარადოქსია, მაგრამ აგრესია ახლა პრეზიდენტის მთავარი მოკავშირეც არის და მთავარი მტერიც.

არჩევნებამდე დარჩენილი შვიდი თვის მანძილზე მოქალაქეების ის ნაწილიც კი, რომელიც მიიჩნევს, რომ ივანიშვილი მეტისმეტად (გაუმართლებლად) პასიურია, ალბათ, დარწმუნდება, რომ პასიურობა ბრძოლის ხერხია და არა უსუსურობის ნიშანი. მაგრამ, დღეს - საერთო დაძაბულობის ტემპის სწრაფი ზრდის ფონზე - ძნელი სათქმელია, შესაძლებელი აღმოჩნდება თუ არა წონასწორობის შენარჩუნება.

პოლიტიკურ სცენარში მკვეთრი ცვლილების შეტანა შეუძლიათ პრეზიდენტის უშუალო გარემოცვის წევრებს, რომლებსაც სათითაოდ ექნებათ გადასაწყვეტი - მონაწილეობა მიიღონ სულ უფრო გამკაცრებული ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრების სარისკო ექსპერიმენტში; თუ გაემიჯნონ მიხეილ სააკაშვილს და დასავლურ ღირებულებებს ჩაეჭიდონ. ცხადია, ორივე არჩევანს თავისი საფრთხეები ახლავს. თუმცა, მთავარი საფრთხე ყველასთვის საერთოა: ვითარება იმდენად დამძიმდება, რომ სხვის (სააკაშვილის) პასუხისმგებლობას ვერავინ ამოეფარება.

მოვლენების განვითარების სამი ყველაზე სავარაუდო სცენარი ასეთია:

1. უახლოეს თვეებში ნაციონალურ მოძრაობაში გაჩნდება ნაპრალები და ურთიერთვერდაჩმორების ბალანსი არჩევნებამდე შეიცვლება საპროტესტო მოძრაობის სასარგებლოდ.

2. მიხეილ სააკაშვილი შეძლებს, პროტესტი მაქსიმალურად „გააცხელოს“ და შემდეგ იმგვარად ჩაახშოს, რომ მართვის სადავეებს უვადოდ დაეუფლოს.

3. ბიძინა ივანიშვილი შეძლებს, ჯიუტად დუნე, „ცივი“ პოზიციით ყოველდღიურად გაანეიტრალოს ხელისუფლების შფოთი და არჩევნებამდე მიიყვანოს ქვეყანა.

ცალკე საუბრის თემაა, რა მოხდება არჩევნების დღეს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერაზე, რაც ყოველთვის მკაცრი თანმიმდევრობით მონაცვლეობდა „ცხელსა“ და „ცივს“ შორის. „ცხელი“ გამსახურდია; შემდეგ - „ცივი“ შევარდნაძე; შემდეგ - „ცხელი“ სააკაშვილი; ახლა კი, პოლიტიკური ლოგიკის თანახმად, „ცივი“ ივანიშვილის დროა.
ვისაც ბორის გროისის წიგნი, "გეზამტკუნსტვერკ სტალინი" გაახსენდა, ვეტყვი, რომ არ ვაპირებ "მიშას" და "სოსოს" შედარებას. ვაგრძელებ აზრს, რომ საქართველოს პოლიტიკური პრობლემები კულტურული პრობლემებია. კულტურაში ვგულისხმობ საზოგადოების "მთავარ" საკითხებზე თავისებურ პასუხებს: მაგ. რა არის თავისუფლება? როგორ უნდა იცხოვრონ ადამანებმა ერთად? და ა.შ. "გეზამტკუნსტვერკ მიშა" ერთ-ერთი ასეთი პრობლემის გამოხატულებაა. ეს პრობლემა კი რეალობასთან ქართველების დამოკიდებულებაა.

რეალობის წარმოდგენა აუცილებლად ფიქციონალურია. მისი ნებისმიერი გაორება სიმბოლურ ენაზე (ყველა ენა სიმბოლურია) გულისხმობს აღსაწერი რეალობის სახის ცვლილებას. ამ ცვლილებას კი შემოაქვს მინიმალური, მაგრამ მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელსაც "გამოგონილის" სფეროში გადავყავართ. ეს განსხვავება, მაგალითად, ისტორიკოსებისათვის, გახდა კამათის საგანი, შეგვიძლია თუ არა ვილაპარაკოთ ფაქტებზე თუ მხოლოდ ამ ფაქტების რეპრეზენტაციაზე? თავისი რადიკალური ფორმით ეს სხვაობა ჩანს მაგ. ფილმში "Matrix", სადაც რეპრეზენტაციის ფიქციონალურობა სრულ და გამიზნულ ტყუილადაა წარმოჩენილი, რეალობის უშუალოდ აღქმა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ. "სინამდვილეში" ფიქციონალურობის, გამოგონილის ზღვარი რეალობას და მის რეპრეზენტაციას შორის არასოდესაა ასეთი მკაფიო.

ასიოდე წელია, რაც ქართულმა კულტრამ რეალობის აღქმის და მასთან მოპყრობის თავისებური ფორმა გამოიმუშავა.

ეს სხვაგან დაფარული, დამალული, შენიღბული ფორმა თავს აცხადებს ლადო ასათიანის ლექსში "საქართველოში". "რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს, სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ". რეალობა, რეალობის პრინციპის საფუძველი, ადამიანისთვის სიკვდილია. ამ სიკვდილს და მიმავალ ახალგაზრდობას ქართული კულტურა არ იღებს, არ აღიარებს, კარს ურაზავს და ისე იქცევა, თითქოს სიკვდილი საერთოდ არ არსებობდეს ("არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს"). ქართული კულტურა არ იღებს რეალობას და მის სანაცვლოდ (გადარაზულ კარს "აქეთ") ქმნის სიცოცხლის ზეიმის მითოსს. ეს მითოსი იყო საბჭოთა საქართველოს არსებობის პრინციპი, რომელიც დღემდე ცოცხალია.

ამ პრინციპს სხვადასხვა გამოხატულება აქვს. არაპოლიტიკური მაგალითით რომ დავიწყო, "ტუსოვკაზე" შევჩერდები. ჩემს, საბჭოთა კავშირში დაბადებულ თაობას, (მანიაკალური) ამბიცია ჰქონდა, ყოფილიყო ძალიან მაგარი (ყველაზე და ყველაფერზე უკეთესი). ოღონდ დიდი სურვილი არ გასჩენია, რამე გაეკეთებინა იმისათვის, რომ საკუთარი თავისათვის დაწესებულ კრიტერიუმებს შესაბამებოდა. რეალურსა და სასურველს შორის ხარვეზს ჩემი თაობის ქართველი იმით ავსებს, რომ თავისი თავის და სხვების დარწმუნებას ცდილობს: ყველაზე მაგარი მუსიკოსი, მხატვარი, ინტელექტუალი ვარ, ოღონდ მართლაო. დარწმუნების მექანიზმი არის "ტუსოვკა", სადაც მუსიკოსი მხატვარს, დიზაინერი ინტელექტუალს და ა.შ. გამუდმებით არწმუნებს იმაში, რომ ის ყველაზე მაგარია. გზა იოლია, მაგრამ არაპროდუქტიული. ანუ,
ჩემი თაობა... თავის რეალობას იგონებს, იმისათვის, რომ რეალობაში საკუთარი თავისთვის დაწესებული კრიტერიუმების არშესრულებაზე პასუხი არ აგოს.

. ("მამების" თაობას თუ ჰყავდა ოთარ იოსელიანი, რობერტ სტურუა, თამაზ გამყრელიძე, გია ყანჩელი - ასე თუ ისე, თავ-თავიანთ სფეროებში მსოფლიო რანგის ადამიანები, - ჩემს თაობას [თუნდაც] ამ მასშტაბის არცერთ სფეროში ჯერ არაფერი არ შეუქმნია). "ტუსოვკის" გარეთ ამ კოლექტიური მითოსის არავის სჯერა.

პოლიტიკაშიც რეალობის აღქმის იგივე მექანიზმი მუშაობს. როგორია რეალობა? ნაციონალურმა მოძრაობამ შეძლო - წინამორბედ პარტიასთან შედარებით - მმართველობის რადიკალური გაუმჯობესება და მოსახლეობის წინაშე სახელმწიფოს საბაზისო ვალდებულებების შესრულება (შუქი, გაზი, ხელფასები, გზები). რამდენიმე სფეროში ჩაატარა რევოლუციური რეფორმები, რომლებიც მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც სამაგალითო გახდა და საქართველოს მართლა შესძინა "მოდელის" სტატუსი (რატომ და როგორ გამოუვიდა საქართველოს და არ გამოუვიდა სხვა ქვეყნებს). ეს წარმატება ნებისმიერი პარტიისათვის ძალიან დიდი იქნებოდა (საკმარისი იმისათვის, რომ პარტია უპრობლემოდ აერჩიათ მეორედ და, შესაძლოა, ინერციით, მესამედაც). ამ შემთხვევაში შეიძლებოდა საუბარი იმაზე რა არ გაკეთდა (მაგ. აგრარული რეფორმა), რა არ გაკეთდა ბოლომდე (მაგ. ჯანდაცვის სისტემის რეფორმა) და რა გაფუჭდა (მაგ. საშუალო განათლება). პრობლემა იმაშია, რომ ნაციონალური მოძრაობისათვის (ოპოზიციას ისევ გამოვტოვებ, იმიტომ, რომ ეს პრობლემა მმართველი პარტიის შემთხვევაში უფრო კარგად ჩანს, თუმცა ოპოზიციის შემთხვევაშიც სტრუქტურულად იგივეა) ეს წარმატებები საკმარისი არ არის. მისი ამბიცია განუზომლად უფრო დიდია.

ამ ამბიციის მასშტაბი საუკეთესოდ პარტიის და მთავრობის ერთ-ერთმა მენადამ აჩვენა, როდესაც ერთ-ერთი ფეისბუქური დისკუსიისას მითხრა, რომ "მიშამ შექმნა ქვეყანა" (სანამ მე თითებს ვიფხანდი ფეისბუქზე). აი, ეს "მიშამ შექმნა ქვეყანა" არის სწორედ "გეზამტკუნსტვერკ მიშა": მითოსით კომპენსირებული უკვდავების აუსრულებელი ოცნება. ნაციონალურ მოძრაობას (და მის თავმჯდომარეს) არ აკმაყოფილებს წარმატებული პარტიის "იმიჯი", მას დემიურგობა სწყურია: ძალითა მით ძლიერითა შექმნას ქვეყანა და მისცეს (თავის) კაცთ. ამ დემიურგულ მითოსს (როგორც თავის დროზე ვერგილიუსი - ავგუსტუსისთვის და ევსებიოს კესარიელი კონსტანტინტესათვის) აფორმებს სამთავიანი ტელევიზია რომელიც დღე და ღამე დაუღალავად ცდილობს იმ "რეალობის" შექმნას, რომელიც დემიურგობის მსურველს უნდა რომ დაინახოს. ჭაობში ქალაქის დაარსება (პეტრე პირველის იმიტაცია), ათათურქის მიბაძვა (სურვილი იყო "ერის მამა"), წმინდა გიორგი და შლიოპანცი (რომლებიც დემიურგის გამოსახულების სუბსტიტუტებია, რადგანაც მისი ძეგლის დადგმა "პირდაპირ" აკრძალულია) ამ მითოსის ნაწილებია, რომელსაც წარმოშობს რეალობის მიუღებლობა და აქედან გამომდინარე მისი ოცნებით ჩანაცვლების სურვილი. მითოსი, რომლისაც ნაციონალური მოძრაობის "ტუსოვკის" გარეთ არავის ჯერა და რომელიც, სხვათა შორის, ნიღბავს იმ "მთავარს", რაც არ გაკეთებულა.

ირონიულად, ნაციონალურმა მოძრაობამ, თავის თავმჯდომარესთან ერთად, სწორედ იმის გაკეთება ვერ შეძლო, რაც ყველაზე უფრო უნდოდა: რევოლუცია.

საქართველო დღეს ისევე ერთპარტიულად იმართება საოლქო (გუბერნატორების) და რაიკომის მდივნების (გამგებლების) მეშვეობით, როგორც ადრე. არ არსებობს ნამდვილი თვითმმართველობა. მიუხედავად ბევრი წარმატებისა, "იმედის" სერვილისტი ჟურნალისტების მიერ "სააკაშვილის ეპოქად" მონათლული ნაციონალური მოძრაობის მეორე ლეგისლატურის დასასრულს საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნად რჩება და ამ "პოსტსაბჭოთობის" ჩამოშორება ჯერ ვერ მოახერხა.

ნაციონალურმა მოძრაობამ, ახლის შენების ისტერიულ სურვილში, მაინც მოახერხა დაენგრია ძველი. ეს, მე თუ მკითხავთ, სულაც არ არის ცოტა, თუმცა არაფრით შეესაბამება მითოსს. ამიტომაც "გეზამტკუნსტვერკ მიშას" საუკეთესო სიმბოლოდ, ძეგლად და პოლიტიკურ კენოტაფად გამოდგება ძველი საბჭოთა უნივერმაღის გამოღრუტნული, ფოტოფასადაფარებული შენობა, რომელსაც გარედან აწერია: "აქ ორიათასრომელიღაც წელს აშენდება რაღაც (ძალიან მაგარი)".

რამდენად კარგი იქნება ის, რაც ცარიელ ადგილას აშენდება, პირდაპირ იქნება იმაზე დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ კულტურული პარადიგმის შეცვლას. მგონი დროა, დარაზული კარები გავხსნათ და რეალობა ვაღიაროთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG