Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე, გურიაში გახლდათ. (რჩეულ) ჩოხატაურელებთან შეხვედრისას ის, როგორც ჩანს, ადგილის დედამ არ მოასვენა და მსოფლიო პოლიტიკაზე აალაპარაკა. პარლამენტის თავმჯდომარე პოლიტიკური რეზონიორობის დიდოსტატსაც გააკვირვებდა: „ხედავთ, აგერ საბერძნეთში რა ხდება და ხალხი ქუჩებშია გამოსული და ამტვრევს და ლეწავს ყველაფერს. ელემენტარული რაღაცის მოთმენა არ უნდათ... აძლევენ და აძლევენ მილიარდებს და მაგათი საშველი მაინც არ არის... არ ეშველებათ მაინც, იმიტომ, რომ ხალხი არის აგრესიული. გამოდის, ყველაფერს ამტვრევს და არაფრის მოთმენა არ უნდა... თქვენ რომ ესეთი მომთმენები და გვერდში დამდგომები არ იყოთ, აქამდე საბერძნეთი კი არა, სომალივით ვიქნებოდით, მთლად დაქცეული და გაუბედურებული“, - შეაქო ჩოხატაურელები პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორ წარმოუდგენია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იდეალური მოქალაქე? ეს არის ადამიანი, რომელიც ითმენს

გაგეცინათ? კარგი, მოდით ახლა ცოტა ხნით ბაქრაძის პოლიტიკურ ანთროპოლოგიაზე შევჩერდეთ. როგორ წარმოუდგენია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს იდეალური მოქალაქე? ეს არის ადამიანი, რომელიც ითმენს: "თქვენ რომ ესე მოთმინებით არ იყოთ, თქვენ რომ ესე გამძლეობით არ იყოთ, თქვენ რომ ჩვენთან ერთად არ იდგეთ და არ გვაცლიდეთ, რომ ვიმუშაოთ და საქმე გავაკეთოთ, არაფერი არ გაკეთდებოდა." იდეალური მოქალაქე პასიურია, საქმის კეთება კი მთავრობის საქმეა. ბერძნებს არაფერი ეშველებათ, იმიტომ რომ "ხალხია აგრესიული" - მოთმენა არ უნდათ და არ აცლიან მთავრობას საქმის კეთებას, მიუხედავად იმისა, რომ "ფულს აძლევენ". ბაქრაძის იდეალი მოქალაქე არ არის, ქვეშევრდომია.

დავით ბაქრაძე არ არის ისეთი საინტერესო პერსონაჟი, რომ მის პოლიტიკურ ანთროპოლოგიაზე ცალკე ღირდეს საუბარი. დასანანია, რომ გვყავს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ასე აზროვნებს და საუბრობს. მაგრამ დავით ბაქრაძე საბჭოთა ეპოქის პროდუქტია და ეჭვი მაქვს, ამ მდგომარეობიდან გულზე მიბნეული წითელი ყაყაჩო ვერ გამოიყვანს. პრობლემა (მარტო) დავით ბაქრაძეში არაა.

ბაქრაძის წარმოდგენა მოქალაქეზე - რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ნორმაა და არა კურიოზი. პოლიტიკური სივრცე დახურულია არა მარტო მთავრობის პოლიტიკური ოპონენტებისათვის, არამედ მოქალაქეებისთვისაც. პოლიტიკურ სივრცეში შემოჭრილი მოქალაქე კურიოზულია, უადგილოა, ხელის შემშლელია. ამიტომაც აქტიურ მოქალაქეს საქართველოში ეჭვის თვალით, ხანდახან კი მტრულადაც უყურებენ.

სამოქალაქო აქტივიზმს მმართველი პარტიის წარმომადგენლები, უფრო კი მათი ჩირლიდერები, "ისტერიკად", "ფარისევლობად", "სიცრუედ" აფასებენ. რატომ აპროტესტებთ ამას და არა იმას? კითხულობენ ისინი და სამოქალაქო აქტივიზმის მიღმა რაღაც სხვა, იდუმალი ინტერესის ამოკითხვას ცდილობენ. სამოქალაქო აქტივიზმი უცნაურად, უადგილოდ, სასაცილოდ, არანორმალურად, სუბვერსიულად, ძირგამომთხრელად აღიქმება: "არ გვინდა პოლიტიზება", "ამას (ცუდი) პოლიტიკური პარტიები გამოიყენებენ", ეს "მტრის წისქვილზე დაასხამს წყალს", "კარგით რა, მეტი საქმე არა გაქვთ"…

აბსურდულია, სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფს უსაყვედურო, ამას რატომ აკეთებ და იმას არაო. ჩვეულებრივია, როდესაც ერთ ჯგუფს ძველი არქიტექტურა აინტერესებს, მეორეს უმცირესობები, მესამეს ბუნება, მეოთხეს სოციალურად დაუცველი ადამიანები, მეხუთეს ინკლუზიური განათლება და ა.შ. სწორედ ეს ჯგუფები ახერხებენ მოსახლეობის სხვადასხვა სეგმენტების გასაჭირის, სათქმელის, სურვილების არტიკულირებას, გატანას, განხორციელებას.

აზროვნებას, რომელიც მიზანშეწონილად, მისასალმებლად, ნორმალურად მხოლოდ მთავრობის აქტივობას მიიჩნევს, ხოლო არასანქცირებულ აქტივობას სუბვერსიად, - "დასავლეთთან" არაფერი აქვს საერთო (მიუხედავად იმისა, რომ ან პარლამენტის თავმჯდომარეს, ან სამოქალაქო აქტივისტების კრიტიკოსებს რომ ჰკითხო, ყველა ღრმად იქნება დარწმუნებული, რომ "დასავლური" ფასეულობების მატარებელია). დასავლური ყაიდის დემოკრატიების მოქალაქე სწორედაც რომ აქტიური მოქალაქეა. მას შეგნებული აქვს, რომ ქვეყანა დროებით არჩეულ პოლიტიკოსს ან ჩინოვნიკს კი არ ეკუთვნის, რომელიც მისი ჯიბიდან იღებს ხელფასს, არამედ სწორედ მას და მისნაირ მოქალაქეებს.

აქტიური მოქალაქე, უპირველეს ყოვლისა, იმის გარანტია, რომ პოლიტიკური სივრცე ვერასოდეს დაიხურება და ვერავინ შეძლებს მის ოკუპირებას ან მონოპოლიზებას

ასე მოხდა, მაგალითად, გერმანიაში. ოცდაათიოდე წლის წინ რამდენიმე დაუბანელი და დაუვარცხნელი ჰიპი, რომელიც სადმე ხის მოჭრას ან ატომური რეაქტორის მშენებლობას აპროტესტებდა, რომელიმე გაბღენძილ და თვითკმაყოფილ თანამემამულეს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა. დღეს ის ფასეულობები, რომლებსაც მაშინდელი სამოქალაქო აქტივისტები დაცინვის და წინააღმდეგობის მიუხედავად ამკვიდრებდნენ და იცავდნენ, სახელმწიფო პოლიტიკად იქცა. საქართველოში რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არსებობს (მართალია, უფუნქციო, მაგრამ მაინც) აი იმ ჰიპების დამსახურებაა. ამ აქტივისტებმა თავიანთი პარტიაც შექმნეს, რომელიც დღეს სიდიდით მესამეა გერმანიაში და ზრდას აგრძელებს. ინტერნეტ-აქტივისტებმა კი ცოტა ხნის წინ ჩამოაყალიბეს მეკობრეთა პარტია, რომელიც ბერლინის პარლამენტში უკვე შევიდა და ფედერაულურ პარლამენტში 2013 წელს შევა. სამოქალაქო აქტივისტების შანსი ის არის, რომ ისინი თავიანთ დროს წინ უსწრებენ და, შესაბამისად, დიდ კონკურენტებს მათზე უწევთ ორიენტირება და არა პირიქით.

საქართველოში ეს შეგნება მხოლოდ ახლა ჩნდება. აქტიური მოქალაქე, უპირველეს ყოვლისა, იმის გარანტია, რომ პოლიტიკური სივრცე ვერასოდეს დაიხურება და ვერავინ შეძლებს მის ოკუპირებას ან მონოპოლიზებას. ნამდვილი პოლიტიკა სწორედ იქ "კეთდება", სადაც მოქალაქე თავის თავს, ოჯახს, მეგობრებს (ოიკოსს) აკლებს დროს და ამ დროს სოფელს, ქალაქს ქვეყანას (პოლისს) ახმარს. პოლიტიკა ეს არის და არა ის, რასაც, მაგალითად, "ახალი მემარჯვენეები" ან "ქრისტიან-დემოკრატები" აკეთებენ. ასეთი ინტერესთა ჯგუფების გაჩენა ძალიან კარგია, რაც მეტი იქნება - უკეთესი. ეს არის ბირთვი, რომლის გარშემოც შეძლებს კრისტალიზებას სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები. გრანტოფაგი ენჯეოების ეპოქა ისევე მთავრდება, როგორც პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც არავის წარმოადგენენ. ამ მხრივ, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ქართული ოცნებაც“ გუშინდელ (ხანდახან კი გუშინწინდელ) პოლიტიკას აკეთებენ, XXI საუკუნის პოლიტიკა კი აქტიურ მოქალაქეს ეკუთვნის. ისეთს, რომელიც არა გასული საუკუნის მოდერნიზაციით შეიქცევს თავს, არამედ ნამდვილი თანამედროვეობის შექმნას შეძლებს.
საქართველოს პრეზიდენტის პირველივე ჩასვლა ავღანეთში „ცუდად დაებედა“ ჰელმანდის პროვინციაში მყოფ ქართულ სამხედრო დანაყოფს. საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ვიზიტის მეორე დღეს, 22 თებერვალს, დაიღუპა სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე: ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე და პაატა კაჭარავა - „თალიბებთან შეტაკებისას საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად.“

ამაზე დიდი დანაკარგი ქართულ კონტინგენტს მხოლოდ ორი წლის წინ, 2010 წლის ოქტომბერში, ჰქონდა. მაშინ, ნაღმზე აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთბაშად ოთხი ქართველი ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ოფიცერი: პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი.

როგორც ორი წლის წინ, საზოგადოება ამჯერადაც ორ ნაწილად გაიყო, თუმცა ეს უკვე აღარ არის ორი არათანაბარი ნაწილი, როცა ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნის მიზანშეუწონლობაზე მხოლოდ თითო-ოროლა პაციფისტი ანდა ქრონიკული ოპოზიციონერი საუბრობდა. 2010 წელს ქართული ქვედანაყოფის მისია ავღანეთში მხოლოდ ერთი წლის დაწყებული იყო, 2008 წლის ომიდან ახლად გამოფხიზლებული საზოგადოება ბევრად უფრო მეტი თანაგრძნობით და გაგებით ეკიდებოდა მძიმე სამხედრო მისიას და, რაც მთავარია, ავღანეთში იმხანად მხოლოდ ექვსი ქართველი ჯარისკაცი იყო დაღუპული. 22 თებერვლის ინციდენტის შემდეგ კი დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.

შესაბამისად, ოპონენტების რიგებიც დღითიდღე იზრდება. ზოგიერთმა აქტივისტმა „ფეისბუკის“ საშუალებით წამოიწყო ვირტუალური აქცია სახელწოდებით „დაგვიბრუნეთ ჩვენი ჯარისკაცები!“ სხვები ვირტუალური აქციის ქუჩაში გადატანას ემხრობიან, ლეიბორისტულმა პარტიამ კი სხვა პარტიებს მოუწოდა, ხელი მოაწერენ შესაბამის პეტიციას. სხვა საკითხია, რომ ხელისუფლება ამ პროტესტს არ იმჩნევს და კვლავინდებურად ცდილობს, საქმე ისე წარმოაჩინოს, თითქოს მოსახლეობა უდრტვინველად და სტოიკურად ხვდებოდეს ავღანეთის უსაფრთხოებისათვის გაღებულ მსხვერპლს.

ხელისუფლების სირაქლემის პოზიცია უამრავ სპეკულაციას ასაზრდოებს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული ვერსიაა, თითქოს „ავღანეთში სამი ქართველი ჯარისკაცი სააკაშვილისთვის დაგეგმილ საჩვენებელ სპეცოპერაციას შეეწირა.“ სხვები კი წერენ, ჯარისკაცები უკვე დაღუპულები იყვნენ და სააკაშვილი ავღანეთში იმიტომ ჩაფრინდა, რომ ქვედანაყოფი გაემხნევებინაო.

ტიპური ქართული ვითარებაა: დომინირებს სპეკულაციები, ერთმანეთშია არეული ჭორ-მართალი და შეთქმულებათა ნაირ-ნაირი თეორიები. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებაც დიდად არ იწუხებს თავს განმარტებებით და ჯიუტად აგრძელებს არჩეულ კურსს.

მაგრამ რაც დრო გავა, ვითარება სულ უფრო დამძიმდება და არ არის გამორიცხული, ავღანეთში საქართველოს მონაწილეობის საწინააღმდეგო აქციას ის ადამიანებიც შეუერთდნენ, ვინც აქამდე შეგნებულად ემხრობოდა ამ არაპოპულარულ, მაგრამ საჭირო გადაწყვეტილებას.

აალებული საზოგადოებრივი აღშფოთებისთვის „ნავთის“ დასხმის ეფექტი აქვს იმ გარემოებას, რომ, 2010 წლის ოქტომბრისგან განსხვავებით, საქართველო აპირებს, სულ მალე კიდევ ერთი ბატალიონით გაზარდოს თავისი სამხედრო მისია ავღანეთის უსაფრთხოების მხარდამჭერ საერთაშორისო ოპერაციაში. თბილისის ეს გადაწყვეტილება ზოგისთვის გაუგებარია, საზოგადოების უდიდესი ნაწილისათვის კი - მეტისმეტად სარისკო. მათ შორის მათთვისაც, ვინც, ზოგადად, ემხრობა საერთაშორისო სამხედრო მისიებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობას და მიაჩნია, რომ საქართველო გონივრული ქვედანაყოფით უნდა იყოს წარმოდგენილი დასავლურ კოალიციაში იმ სახელმწიფოების მხარდამხარ, რომლებმაც ქვეყანას დიდი დახმარება გაუწიეს და ახლაც უწევენ დამოუკიდებლობის განმტკიცებასა და გაერთიანებაში.

არ დავმალავ: მომხრეთა რიცხვს დღემდე მივეკუთვნები მეც. მაგრამ ვხვდები, რომ არ მაქვს საკმარისი არგუმენტი, დავიცვა ხელისუფლება, რომელიც სულ მალე კიდევ 750 ჯარისკაცს გაგზავნის ავღანეთში და მერე ყველგან იტრაბახებს თავისი მომხრე ტელეკომპანიების საშუალებით, რომ ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის საქართველოს ISAF-ში ყველაზე მეტი ჯარისკაცი ჰყავს; სხვადასხვა ტრიბუნებიდან მოჰყვება იმის მტკიცებას, რომ მაშინ, როცა სხვები ტოვებენ ავღანეთის მიწას, ქართველები ისეთი მაგრები ვართ, რომ, დიდი მსხვერპლისა და საკუთარი მოუგვარებელი პრობლემების მიუხედავად, ვაორმაგებთ ნატოს მხარდაჭერას.

„ის კონტინგენტი, რომელსაც ავღანეთში გავგზავნით, რაოდენობის თვალსაზრისით (750 კაცი - კ.ლ), ამის ნათელი გამოხატულებაა. ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე, შესაძლოა, ბევრ დასავლეთევროპულ ქვეყანასაც კი შერცხვეს იმ წვლილისა, რასაც ამ ქვედანაყოფით გავიღებთ“, - განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ტრაბახსა და უსაფუძვლო ამპარტავნობაში კი ბადალი მართლაც არ გვყავს. თანაც ამას ისე ვაკეთებთ, რომ სხვებს შეურაცხყოფას ვაყენებთ. „საქართველოს უმაღლესი მთავარსარდალი არის პირველი სახელმწიფო ლიდერი, რომელიც ჩავიდა ჰელმანდის პროვინციაში“- განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა, რომელიც 20 თებერვალს ჰელმანდის პროვინციაში ახლდა მიხეილ სააკაშვილს.

სინამდვილეში კი ბოლო 14 თვის განმავლობაში ჰელმანდის პროვინციაში, მაგალითად, ორჯერ იმყოფებოდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი: 2010 წლის დეკემბერში და 2011 წლის ივლისში.

თუმცა, მანამდე იყო შემთხვევა, როდესაც დევიდ კამერონმა ჰელმანდში ჩასვლა გადაიფიქრა უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო და ბრიტანელ პრემიერ-მინისტრს არც მორიდებია, ესეც ეცნობებინა საზოგადოებისათვის, რათა ჩანასახშივე აღეკვეთა ზედმეტი ჭორები. ქართველი ჟურნალისტები კი, რაც მეტს ვილაპარაკებთ პრეზიდენტის უშიშრობაზე, მით უფრო მეტად გავახსენებთ ხალხს 2008 წლის აგვისტოს გორის ეპიზოდს, სადაც მთავარსარდალი მაინცდამაინც გაბედულად ვერ მოიქცა.

ამას ვამბობ არა ნიშნის მოგებით, არამედ იმის ხაზგასასმელად, რომ ყავლგასული პროპაგანდისტული კლიშეების გამოყენებით ხელისუფლება თავის თავსაც ვნებს და პარტნიორი ქვეყნის ლიდერებსაც ჩრდილს აყენებს. დიდი ხანია, დადგა დრო, უარი ეთქვას სტერეოტიპებს; დადგა დრო, საქართველოს ხელისუფლებამ ანგარიში ჩააბაროს ხალხს, განუმარტოს საზოგადოებას, რა ვითარებაში და როდის დაიღუპნენ ჯარისკაცები ჰელმანდის პროვინციაში, როდემდე იგეგმება ქართული ქვედანაყოფების ყოფნა ავღანეთში და როდის დაბრუნდებიან ქართველი ჯარისკაცები სამშობლოში.

ეს შეკითხვები დიდი ხანია მოითხოვს ცხად პასუხებს. და იმაზე აპელირება, რომ მავანი და მავანი „ურწმუნო თომაა“ და მაინც ვერაფერს შეიგნებს, არასწორია. მით უფრო, რომ ჯარისკაცების დიდი რაოდენობით დაღუპვა ყველა ნორმალურ საზოგადოებაში იწვევს აღშფოთებას და კრიტიკას ამ ჯარისკაცების უცხოეთში გამგზავნი ხელისუფლების მისამართით. ოღონდ ერთიცაა: სხვა ქვეყნებში, საქართველოსგან განსხვავებით, დიდი ხანია შეიცვალა მიდგომა და ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცებს პატივს მიაგებენ არა ფარულად, არამედ სახალხოდ. მათ ეთხოვებიან სახელმწიფო მეთაურები და პოლიტიკოსები, ჯარისკაცებს სამხედრო პატივით მარხავენ ძმათა სასაფლაოებზე, ჭირისუფალს არ უკრძალავენ ჟურნალისტებთან ურთიერთობას, გამოსაქვეყნებლად ხელმისაწვდომია დაღუპული ჯარისკაცების სურათები და ბიოგრაფიები, რაც ჩვენში დღემდე ისეა გასაიდუმლოებული, თითქოს ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში ტერორისტებთან ბრძოლას კი არ შეეწირნენ, არამედ კრიმინალურ გარჩევებს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG