Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

მეგობრის რჩევით, რამდენიმე დღის წინ ქართული ფილმი ვნახე, სახელწოდებით “66-ე სახლი”. ფილმის ხაგრძლივობა სულ 32 წუთია. მაგრამ ესაა შიშისა და დაძაბულობის 32 წუთი! ისე, ხანგრძლივობას რა მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე დონეს და ხარისხს ეხება? მოგეხსენებათ, 1910 წელს გადაღებული “ფრანკენშტაინის” პირველი ვერსია სულ 12 წუთი გრძელდება. ეს რარიტეტი აქ ტყუილად არ გვიხსენებია, “66-ე სახლი” ჰორორის ჟანრის კლასიკური ნიმუშების გვერდით დგას.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფილმს ორი რეჟისორი ჰყავს: ბოლქვაძე ბონდო და ბოლქვაძე გიორგი. ეს, სავარაუდოდ, ძმებ დარდენების ან ტავიანების ტიპის თანამშრომლობაა. საგულისხმოა ისიც, რომ მთავარ როლებსაც თვითონ ძმები ასრულებენ. როგორც ჩარლი ჩაპლინი თამაშობდა საკუთარ ფილმებში.

მთავარი ისაა, რომ მცირე დროში ძმები ბოლქვაძეები წარმოუდგენელს ახერხებენ. დღეს თითქმის შეუძლებელია “ჰორორის” ჟანრის ფილმებით განებივრებული მაყურებელი რამით ააღელვო. “66-ე სახლი” კი გულგრილს არავის დატოვებს. ფილმის ყურებისას ჩვენ გვეშინია, ვღელავთ, ვიძაბებით, მაგრამ ეკრანს თვალს ვერ ვაშორებთ! რაც, რეჟისორების გარდა, მსახიობების დამსახურებაცაა. ესენი არიან: უკვე ხსენებული ბოლქვაძე ბონდო, ბოლქვაძე გიორგი და ბოლქვაძე მარადი.

ნემისმიერი “ჰოსტელი”, “ხერხი” და “ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით” ბავშვის ლუღლუღია ამ ფილმთან შედარებით. “66-ე სახლში” ჩინებულადაა გამოყენებული სასპენსი. ისედაც საშიში ატმოსფერო კიდევ უფრო საშიშის აუტანელ მოლოდინში გვამყოფებს. იმის მიუხედავად, რომ წინასწარ ხვდები, რომ რაღაც საშინელება მოხდება, მომხდარი მაინც აჭარბებს ყოველგვარ მოლოდინს. ხელის კამერა კი ისეთ განწყობას ქმნის, რომ რაღაც მომენტში გგონია, დოკუმენტურ მასალას უყურებ და არა მხატვრულ კინოს. ალბათ, არ იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვით, რომ ოპერატორიც გვარად ბოლქვაძეა. ოღონდ ამ შემთხვევაში - ბოლქვაძე მაიკო.

ფილმს მეტისმეტად ჩახლართული სიუჟეტი და სრულიად მოულოდნელი ფინალი აქვს. ახალგაზრდა პოეტი, სახელად იაგო, რომელიც ახალ პოემაზე მუშაობს, ქირაობს სახლს... და აი, აქედან თავბრუდამხვევი და დაუვიწყარი ამბები იწყება! დიდი თავგადასავლების შემდეგ, იაგო სახლში პოულობს საათს, რომლის მეშვეობითაც წარსულში დაბრუნება გადაუწყვეტია. აქ მისი მეგობარი დავითი საოცრად მნიშვნელოვან რჩევას აძლევს: “თუ წარსულში დაბრუნებას აპირებ, შეეცადე, შენს თავს არ გადაეყარო!” საერთოდაც, ცალკე კვლევის საგანია გმირების სახელები: იაგო, დავითი, დიეგო.

ფილმში მუშავდება კეთილისა და ბოროტის ბრძოლის მარადიული თემა - კლასიკური სქემით: “ჯალათი-მსხვერპლი”. ჯალათის როლში აქ წარმოდგენილია მონსტრი, სახელად პანუვრუსი, რომელიც, მისივე თქმით, არის ყველაფრის “თავი და ბოლო”. ის კი დაუზუსტებელია, მსხვერპლი ვინაა. რადგან პირველსა და მეორეს შორის ზღვარი აქ სრულიად მოშლილია. მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. ამ ჟანრს ხომ არა მარტო საკუთარი ფორმულა, როგორ წესი, საკუთარი სიუჟეტური მოდელიც კი არა აქვს. მოკლედ, დრამატურგიულად აქ ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ის მაწუხებს, რომ შემთხვევით ბავშვებმა არ ნახონ ეს ფილმი და პანუვრუსი ფრედი კრიუგერივით ღამის კოშმარად არ ექცეთ.

დაბოლოს, ამ ყოველმხრივ ბოლქვაძისეულ პროდუქციაში მხოლოდ საუნდტრეკია სხვისი. ფილმისთვის ორიგინალური მუსიკა კანადელმა კომპოზიტორმა და მომღერალმა ლეონარდ კოენმა დაწერა. ვფიქრობ, ეს უფრო პოლიტკორექტულობის ამბავია. დავიჯერო, ამ ყოველმხრივ ნიჭიერ ბოლქვაძეებში ერთი მუსიკოსი ვერ მოიძებნა? სავარაუდოდ, ამით ბოლქვაძეები მსოფლიოს აჩვენებენ, რომ ჩვენ, ქართველები, ჩაკეტილი ხალხი არ ვართ.

მოკლედ, ბევრი ლაპარაკი არაა საჭირო. თუ გინდა, რომ მიიღო სრულიად დაუვიწყარი შთაბეჭდილება, დაუთმე შენი ცხოვრების 32 წუთი ფილმს “66-ე სახლი”.
ცინიზმი არ უყვართ არსად, მაგრამ საქართველოში ის არ უყვართ განსაკუთრებულად. მიზეზი მარტივია - ჩვენში უმრავლესობამ არ იცის სიტყვა „ცინიზმის“ მნიშვნელობა, ოღონდ გიჟდება მის გამოყენებაზე.

ფონეტიკას შევყავართ შეცდომაში - „ცინიკურად“ საქართველოში იგივე ჰგონიათ, რაც „დაცინვით“. სინამდვილეში ყოველი დაცინვა როდია ცინიკური, ან ყოველი სახის ცინიზმი - დაცინვა.

დიახ, ცინიზმი რამდენიმე სახისა არსებობს.

მისი ყველაზე ზუსტი განმარტება ყველაზე გავრცელებულიცაა: ცინიკოსმა ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ ღირებულება - არაფრის.

რაც შეეხება სახეებს, შეგვიძლია სამი გამოვყოთ: პლებსის, ელიტისა და ფილოსოფიური.

პლებსის ცინიზმი მუქარაა: „რამე რომ იყოს, ეგ თქვენი ფასეულობები სულ ფეხებზე შემიძლია დავიკიდო.“ დაბალი ფენების აგრესია.

ელიტის ცინიზმი აღიარებაა: „სინამდვილეში ჩვენი ფასეულობები თვითონ ჩვენც ფეხებზე გვკიდია.“ მაღალი ფენების გულგრილობა.

ფილოსოფიური ცინიზმი სიტყვების თამაშია: „დიახ, მე ვიცი არაფრის ფასეულობა (და არა - „არ ვიცი არაფრის ფასეულობა“. ორმაგი უარყოფა არა მხოლოდ სტილური შეცდომაა, არამედ საზრისის ტრივიალიზაციაც). მოაზროვნეთა ნიჰილიზმი.

ფილოსოფიური ცინიზმი ყოველი კონკრეტული მოვლენის უკან არარას ხედავს. და ის ნამდვილად არაა მხოლოდ ფილოსოფოსების კუთვნილება.

ფილოსოფიური ცინიზმია, მაგალითად, როდესაც მაჩო ამბობს: „არა, კი არ მიყვარს, უბრალოდ, სექსი მაქვს მასთან.“

მაგრამ ეს არაა „ფილოსოფიის“ ბოლო სიტყვა. ცინიზმის შემდეგ ფილოსოფიური ირონია მოდის.

ფილოსოფიური ირონიაა, როდესაც ეს მაჩო მიხვდება, რომ მისი „უბრალოდ, სექსი“ უკვე იმდენი ხანია გრძელდება, რომ სიყვარული მეტი არც არაფერია.

ირონია რეაგირებს საკუთარ სასრულობაზე. ირონიისას ადამიანი აცნობიერებს რეალობაზე საკუთარ მიჯაჭვულობას. ბრეტონის ფრაზა - „L’existence est ailleurs” („არსებობა სხვაგანაა“) - რომანტიზმია; რემბოს გამონათქვამი - „la vrai vie est absente“ („ნამდვილი ცხოვრება არ არსებობს“) - ცინიზმია; ბოდლერის მეტაფორა - „ეს ცხოვრება საავადმყოფოა, სადაც ყველა ავადმყოფი შეპყრობილია სურვილით, სხვის საწოლზე იწვეს“ - უკვე ირონიას წარმოადგენს.

ცინიზმი სამ რამეზე რეაგირებს: გულუბრყვილო დამჯერობაზე, ოპტიმიზმსა და ფარისევლობაზე.

გულუბრყვილო დამჯერობაა ყველაფრის მიღება, რაც შენამდე აღწევს: ტრადიციის, მედიის, სკოლის, უნივერსიტეტის, ეკლესიის, ავტორიტეტების გავლით; ოპტიმიზმი იმის რწმენაა, რომ ყველაფერი კარგად იქნება; ფარისევლობა კი არის აცდენა დეკლარაციასა და ქმედებას შორის.

ცინიზმი დამანგრეველია. ის არის მჟავა, რომელიც კულტურის სუსტ სხეულს ჭამს. რაღაც დოზით ის აუცილებელია, საზოგადოება რომ არ გაქვავდეს, მაგრამ დოზასაც გააჩნია. მე-18 საუკუნეში ბევრს დავობდნენ იმაზე, შეიძლება თუ არა არსებობდეს ათეისტების საზოგადოება. როგორიც უნდა იყოს პასუხი ამ კითხვაზე, ერთი რამ ნათელია: არ შეიძლება არსებობდეს ცინიკოსების საზოგადოება. რატომ? იმიტომ, რომ დაჯერების, ოპტიმიზმისა და ფარისევლობის გარეშე ადამიანების ერთად ცხოვრება არ გამოდის.

სინამდვილეში ჩვენ კარგად ვიცნობთ ცინიზმს - ეს იყო სამოქალაქო ომის პერიოდი. ყველაზე დიდი ქართველი ცინიკოსი, რომლის სიმაღლეებსაც უკვე, ალბათ, ვეღარავინ მიაღწევს, ჯაბა იოსელიანი იყო. სწორედ მისი მმართველობის ქვეშ გავიგეთ ჩვენ, თუ რას ნიშნავს საზოგადოებრივი ქსოვილის დეზინტეგრაცია; როცა ფარისევლობაც კი არ რჩება იმისთვის, რომ რწმენის მსგავსება შეინარჩუნო. ჯაბა იოსელიანი იყო სიმბოლო იმისა, რასაც ანტისაზოგადოებრივი ელემენტი შეიძლება ვუწოდოთ. ეს იყო ცინიზმის აბსოლუტური და ყოვლად არაშემოქმედებითი გამოვლინება. ეს იყო ყოველი შესაძლებელი საზოგადოებრიობის სიკვდილი.

შევარდნაძის ყველაზე დიდი დამსახურება ქართული საზოგადოების წინაშე - რაც უნდა ირონიულად ჟღერდეს - იყო ფარისევლობის დაბრუნება ცინიზმის ეპოქის შემდეგ.

დიდი რელიგიური მოაზროვნე ბლეზ პასკალი დაახლოებით ასე აღწერდა ფარისევლობის დაბრუნების შედეგს: „დაიჩოქე, აამოძრავე ტუჩები სალოცავად და რწმენაც მოვა.“ რწმენა სხვა არაფერია, თუ არა ფუნქცია რიტუალიზებული ქმედებებისა, რომლებსაც ადამიანი ასრულებს და რომლებიც ლოგიკურად რწმენას უნდა მოსდევდნენ, მაგრამ სინამდვილეში, ინდივიდუალურ-ისტორიულად, მას წინ უსწრებენ. პასკალი ცინიკოსი იქნებოდა, რომ ეთქვა, რწმენა ილუზიააო. სინამდვილეში ის ირონიკოსია, რადგან აჩვენებს, როგორ ჩნდება რწმენა, მაგრამ უარს არ ამბობს მასზე, როგორც პრინციპზე.

სწორედ პასკალის მიერ რეკომენდებული ეს ოპერაცია ჩაატარა შევარდნაძემ - ოღონდ არა რელიგიურ, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში. მან დაიწყო ფარისევლური რიტუალით და რწმენა მართლაც მოვიდა. სწორედ ამ რწმენამ შეიწირა მისი პოლიტიკური კარიერის ფინალი.

დღევანდელი ჩვენი ღირებულებითი დომხალის გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ისიცაა, რომ ამ პრინციპთაგან არც ერთი აღარ არის დომინანტური. საქართველოში დღეს, - ასე, 2007 წლის შემდეგ - არც ცინიზმი ბატონობს, არც ფარისევლობა და არც - რწმენა.

და ეს არ არის ცუდი.

მთავარი ირონიული ჭეშმარიტება ხომ ისაა, რომ ერთი და საბოლოო გამოსავალი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ელემენტების ისეთი ნაზავი, რომელიც საზოგადოებაში ცხოვრებას ასატანს ხდის.

მცირედთა რწმენა;

ბევრთა დამჯერობა და ფარისევლობა;

რჩეულთა ცინიზმი;

და რჩეულთა შორის ნარჩევთა ირონია.

იქ, სადაც ეს ყველაფერი თანაარსებობს ისე, რომ საზოგადოება არ იშლება, ყველაფერი რიგზეა. პრობლემა არის არა ელემენტი, არამედ მისი ადგილი. არაფრის გადაჭარბება არ ვარგა. კერძის მომზადების საიდუმლო შეზავების ხელოვნებაშია.

სამოქალაქო ომი და ცინიზმის ბატონობა გამონაკლისია. ჩვეულებრივ, საფრთხე უმრავლესობას კი არ ექმნება, არამედ უმცირესობას. ეს რომ არ მოხდეს, ყველანაირი დამჯერობა და ფარისევლობა ვერ ივარგებს; ორივე მათგანი ისეთი უნდა იყოს, რომ თავიანთ გვერდით ცინიზმისა და ირონიის ატანა შეძლონ. ეს იშვიათია, ძალიან იშვიათი.

ამ იშვიათ „ნორმამდე“ მისაღწევად ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა. აქ საუკეთესო მზარეული აქტიურთა პასუხისმგებლობიანი აქტიურობა და პასიურთა უპასუხისმგებლო პასიურობაა. და ის პატარა ღმერთი, რომელსაც საზოგადოებრივ ევოლუციას ეძახიან.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG