Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტის შემდეგ საქართველოში ბევრი ვარაუდობდა ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ვნებების მოთოკვას, მედიაზე წნეხის შემსუბუქებას და წინასაარჩევნო პროცესის ცივილიზებულ კალაპოტში მოქცევას. თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო ორი დღეა პროცესები საქართველოში ელვის უსწრაფესად და თანაც ყველაზე უარესი სცენარით ვითარდება.

ჰილარი კლინტონი სამხრეთ კავკასიას გაცილებულიც არ იყო, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „მე-9 არხს" გაეთიშა მეტრული მაუწყებლობა, რომლითაც აღნიშნული ტელევიზია სულ ორი დღით სარგებლობდა შპს „სტერეო+“-სთან გაფორმებული კონტრაქტის წყალობით; იმავე დღეს, 7 ივნისს, კონტროლის პალატამ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სამართალდარღვევათა სუბიექტად ცნო და შესაბამისი ოქმები გაუგზავნა სასამართლოს; ასევე იმავე დღეს პროკურატურამ ამომრჩეველთა მოსყიდვის ბრალდებით დააკავა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები გრიგოლ ამბროლაძე, მიხეილ მესხი და მიხეილ ამაშუკელი.

გარდა ამისა, დამოუკიდებელ რადიომაუწყებლებს უსიამოვნო სიურპრიზი მოუმზადა კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“, რომელმაც 6 ივნისს თბილისის ქუჩებში მოძრავ რამდენიმე ათას მიკროავტობუსში ოპერატიულად დახსნა რადიომიმღებები და ნაცვლად ამისა, ავტობუსების სალონებში დაამონტაჟა სპეციალური მონიტორები, რომლებითაც მგზავრები მხოლოდ სარეკლამო ინფორმაციას მიიღებენ.

არადა, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ჰილარი კლინტონის ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბარს, ხოლო სახელისუფლებო მედია დაუღალავად იმეორებს იმ მესიჯებს, რომლებიც სახელმწიფო მდივანმა ბათუმში შეხვედრების დროს რამდენჯერმე გამოთქმით წაიკითხა და მალევე გადასცა სამდივნოს სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე გამოსაქვეყნებლად, რათა თავიდან აეცილებინა შემდგომი ინტერპრეტაციის საფრთხე.

„მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, უზრუნველყონ კონკურენტუნარიანი კამპანია, რათა არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი - როგორც უშუალოდ არჩევნების დღეს, ასევე მანამდე დარჩენილი თვეების განმავლობაში,“- ეს ითქვა სტრატეგიული პარტნიორობის პლენარული სესიის გახსნაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის თამადობით, საქართველოს ლამის მთელი მთავრობა ესწრებოდა.

შემდეგ იგივე მოწოდება, ოღონდ ცოტა უფრო ვრცლად, ჰილარი კლინტონმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაღალი სტუმრის გვერდით მდგარ და ამ დონის ვიზიტით აშკარად კმაყოფილ მიხელ სააკაშვილსაც გაუმეორა.

„დღეს მე შევხვდი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს და საქართველოს დემოკრატიული განვითარების საქმეში მათი მნიშვნელოვანი როლი განვიხილე. ამერიკის შეერთებულ შტატებს სჯერა, რომ კონკურენტული ენერგიები და იდეები წარმართავენ დემოკრატიულ პროცესს; სამოქალაქო აქტიურობა, ღია დებატები და თანაბარი პირობები, მოქალაქეთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა – ყველაფერი ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც საპარლამენტო არჩევნებისკენ და შემდეგ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებისკენ მიდიხართ“, – განაცხადა ბათუმის იუსტიციის სახლში ჰილარი კლინტონმა, რომელმაც იქვე მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, არ დაკარგოს დრო მომავალი საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ჩრდილოეთ კავკასიაში დაგეგმილ რუსეთის სამხედრო მანევრების საფრთხეზე საუბრით, რასაც, კონტროლირებადი მედიის საშუალებით, მანტრასავით იმეორებს და ოპოზიციის დისკრედიტაციისათვის მოხერხებულად იყენებს საქართველოს ხელისუფლება.

„დიახ, იქნება სამხედრო წვრთნები, მაგრამ ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენები ამ შემოდგომაზე საქართველოს შიგნით მოხდება, როდესაც ქართველი ხალხი არჩევანს გააკეთებს. მე ვერ მოვიფიქრებ ამაზე უფრო ძლიერ მესიჯს, რომელიც ვინმეს მსოფლიოში შეიძლება გაეგზავნოს“, განაცხადა სახელმწიფო მდივანმა და დასძინა: „ყველაზე გადამწყვეტი მომენტი არის არა სხვა ქვეყნის სამხედრო წვრთნები, არამედ საქართველოს არჩევნები და ეს ილაპარაკებს უფრო ხმამაღლა, ვიდრე რომელიმე სამხედრო წვრთნა, იმის შესახებ, თუ რას უჭერენ მხარს ქართველები; თქვენი სიმტკიცის, თქვენი სიძლიერის, დემოკრატიის მიმართ თქვენი ერთგულების შესახებ.“

რამდენიმე უსიამოვნო ფაქტის თანხვედრა, რაზეც ბლოგის დასაწყისში ვისაუბრე, შესაძლოა, ჯერ კიდევ არ იყოს საკმარისი საბუთი კატეგორიული დასკვნების გასაკეთებლად და იმის სათქმელად, რომ საქართველოს ხელისუფლება წონასწორობიდან გამოიყვანა ჰილარი კლინტონის დაჟინებულმა მოწოდებებმა და ახლა განზრახ იქცევა გამომწვევად. ანდა, პირიქით, მიხეილ სააკაშვილმა კვლავ თავისებურად, ერთგვარ პოლიტიკურ ინდულგენციად ჩათვალა კლინტონის ვიზიტი, სტუმრის მეგობრული ქათინაურები და კეთილი რჩევები. საქართველოს ხელისუფლება ასეთ ინტერპრეტაციებს ადრეც რომ მიმართავდა, ამაზე კარგად დაწერა თომას დე ვაალმა სტატიაში „კლინტონი საქართველოში მიდის“.

თუმცა, „მე-9 არხის" გათიშვა მეტრული სიხშირიდან, კონტროლის პალატის მიერ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის „სამართალდარღვევათა სუბიექტად“ განსაზღვრა, დაბოლოს პროკურატურის მიერ კოალიციის სამი აქტივისტის დაკავება, შეუძლებელია ჩაითვალოს იმ „ძლიერ მესიჯად“, რომლის გაგზავნასაც ჰილარი კლინტონი, აშშ-ის ადმინისტრაცია და, ზოგადად, დასავლეთის ქვეყნები შეიძლება მოელოდნენ საქართველოსგან მისი ისტორიისათვის ყველაზე „მნიშვნელოვანი არჩევნებისაკენ“ სავალ გზაზე.

დეკადანსი

ტერმინ „დეკადანსს“ (ფრანგ. décadence), რომელიც „დაღმასვლად“, „დაცემად“ ითარგმნება, მრავალი მნიშვნელობა აქვს, რომელთაგანაც ყველაზე ხშირად ორი გვხვდება: პირველი მნიშვნელობა ამ სიტყვაში ჩადო ფრანგმა განმანათლებელმა შარლ მონტესკიემ, რომელიც რომის იმპერიის დაცემის მთავარ მიზეზად მიიჩნევდა გვიანრომაული საზოგადოების მორალურ გახრწნას, სოციალურ გულგრილობასა და მაღალი კულტურის გაქრობას. მდიდარი რომაელები ცხოვრების ერთადერთ საზრისს ხორციელ განცხრომასა და ფუფუნებაში ხედავდნენ. ხელოვნება მათთვის იყო სიმდიდრის აქსესუარი, (რომელსაც წვეულებების ფონი უნდა შეექმნა) და არა ყოფითი რეალობიდან გასვლის საშუალება, რამაც კულტურის გავულგარულება და სამომხმარებლო საშუალებად ქცევა გამოიწვია. ქონების უაზრო ფლანგვამ იმპერია შინაგანად მოშალა და უმძაფრეს სოციალურ კატასტროფებამდე მიიყვანა. ამ თვალსაზრისით, დეკადანსი მდიდარი უმცირესობის სოციალურ გულგრილობასა და უმრავლესობის ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, მხოლოდ საკუთარი განცხრომისა და სიამოვნებისათვის ფულის ფლანგვას გულისხმობს.

მეორე მნიშვნელობა ესთეტიკური შინაარსისაა და ის უპირველეს ყოვლისა ფრანგ პოეტებს – თეოფილ გოტიეს, შარლ ბოდლერსა და პოლ ვერლენს უკავშირდება. დეკადენტობას ისინი ცხოვრების ბოჰემურ სტილს, თრობას, ზმანებას, თვითგანადგურებისაკენ მიმართულ „აღვირახსნილობას“ უწოდებდნენ, რაც ბიურგერული მორალისა და მეშჩანური ღირებულებების წინააღმდეგ შემოქმედებით ამბოხად აღიქმებოდა. ამგვარი დეკადენტობა გულისხმობს არა სიმდიდრესა და ფუფუნებას, არამედ ერთგვარ ტკივილიან ვნებას, რომელიც უჯანყდება გაბატონებულ საზოგადოებრივ მორალსა და მის ყოფით ფასეულობებს. დეკადენტი ხელოვანებისათვის სამყარო იმდენად ყალბი, თვალთმაქცი და უხამსია, რომ მას ყველანაირად უნდა ემიჯნებოდე, თუნდაც თვითგანადგურების ფასად.

ამგვარი პოზიცია მეტნაკლებად ყოველთვის იყო შემოქმედებითი სფეროსა და ხელოვანის სოციალური ან უფრო ასოციალური მდგომარეობის განმსაზღვრელი პრინციპი. შემოქმედი ადამიანი „სხვანაირია“, ანუ ის თავისი ცხოვრების სტილით განსხვავდება სხვა პროფესიის ადამიანებისაგან, „მისი ტვინი სხვაგვარადაა მოწყობილი“. მისთვის უცხოა, და აუტანელიც კი, ყოფითი სიხარულები და ბიურგერული უმრავლესობის პერსპექტივიდან, დეკადენტი ხელოვანი ვერსად ჰპოვებს შვებას და ცხოვრობს უბედური ცხოვრებით, რომელიც არცთუ იშვიათად, ტრაგიკულად მთავრდება. ბიურგერული თვალსაზრისით, ზოგადად ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია უკვე დეკადენტობაა, რომელიც არანაირ მატერიალურ თუ ყოფით სარგებელს არ იძლევა, ხოლო შემოქმედი ადამიანი უსაქმური და ასოციალური პარაზიტია, როგორიც, მაგალითად, სწორედ ამ მუხლით გასამართლებული პოეტი იოსებ ბროდსკი ან ჰაშიშის მოყვარული და სიფილისით დაავადებული შარლ ბოდლერი. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დეკადენტობა საკმაოდ ადვილად იქცა ყალბ და შინაარსისგან დაცლილ მიმბაძველობად, ხელოვანად თვითინსცენირების ზედაპირულ ფორმად, როდესაც შემოქმედებითი პრეტენზიების მქონე ადამიანებმა საკმარისად მიიჩნიეს გარეგნული ნიშნები, – ალკოჰოლი, ნარკოტიკები თუ ექსცენტრული ჩაცმულობა – რათა საკუთარი თავი ხელოვანად წარმოეჩინათ. ამან, საბოლოო ჯამში, ესთეტიკური დეკადანსის სრული ინფლაცია და გავულგარულებაც კი გამოიწვია.

XX საუკუნის 30-იან წლებში ესთეტიკურ დეკადანსს თითქმის ერთდროულად გამოუცხადეს ომი ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა: ნაცისტებისათვის ეს იყო სიმახინჯისა და გადაგვარების (Entartung) სინონიმი, საბჭოთა იდეოლოგებისათვის კი დეკადანსს, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს გამოვლინებადაც ფორმალიზმი მიიჩნეოდა, „ბურჟუაზიული გადმონაშთისა“ და „პარაზიტობის“ კვალიფიკაცია ენიჭებოდა. მის საპირისპიროდ სოციალისტური რეალიზმი, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნება, უნდა ყოფილიყო ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი, საბჭოთა ადამიანებად მათი აღზრდის, ანუ ინდოქტრინაციის საშუალება. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნაციზმისა და სოცრეალიზმისთვის კულტურის ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც არ გვასწავლის, გმირულ და მებრძოლ სულს არ გვიღვივებს და ოფიციალური იდეოლოგიის სამსახურში არ დგას, დეკადანსი და გადაგვარებულობაა, რომელსაც არსებობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. თუკი ესთეტიკური დეკადანსისათვის ხელოვნება თავისუფალია და ის არც დირექტივებს და არც სამომხმარებლო საზოგადოებისათვის სასარგებლო პრინციპებს არ ექვემდებარება, ტოტალიტარულმა რეჟიმებმა შემოქმედებას სწორედ ამგვარი თავისუფლება წაართვეს და საკუთარი იდეოლოგიის ინსტრუმენტად აქციეს.

ესთეტიკური დეკადანსის განდევნით კი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სოციალური იერარქიის სათავეები ისევ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა დეკადანსმა დაიკავა. ბრეჟნევის ხანის საბჭოთა კავშირი მონტესკიეს მიერ რომაულ დეკადანსად წოდებული საზოგადოებრივი დაღმასვლისა და დაცემის კლასიკურ მაგალითად იქცა, როდესაც (განსაკუთრებით ავღანეთში ინტერვენციის დროს) საბჭოთა სამხედრო მრეწველობა საიდუმლოდ ვაჭრობდა მუჯაჰედინებთან იარაღითა და ოპიუმით. კორუფციამ და მომხვეჭელობამ, საბოლოო ჯამში, სრულ სოციალურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა პირველი სოციალისტური სახელმწიფო და მას სიცოცხლე მოუსწრაფა.

პოსტსაბჭოთა საზოგადოებებმა საბჭოთა სისტემისგან სოციალური გულგრილობა მემკვიდრეობით მიიღეს და ახალ საბაზრო პირობებში კორუმპირებული საბჭოთა მოხელეების დეკადენტობა ლეგალურ და, ფაქტობრივად, ერთადერთ საზოგადოებრივ იდეალად იქცა. 90-იან წლებში, მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკების ფონზე საქართველოში საეჭვო გზებით გამდიდრებულთა კასტასთან ერთად, ახალი ქართული ბურჟუაზიის იდეოლოგიური სიმბოლოებიც გამოჩნდა სხვადასხვა სახის „ელიტ-კლუბებისა“ და „ბიზნეს-ცენტრების“ სახით, სადაც შეკრებილი თუ მოხვედრილი ქართული საზოგადოების „ნაღები“ ძირითადად ტელეკამერის წინ იდგა და იმ დროს დეფიციტურ საჭმელს მიიერთმევდა, საკუთარი ტანსაცმლის მარკებსა და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე საუბრობდა.

90-იანი წლების ქართული ბიურგერული დეკადანსი იმდენად კარიკატურულ სახეს ატარებდა, რომ მას თავად მისი მონაწილენიც დასცინოდნენ. მახსენდება ერთი გალა-ღონისძიება, როდესაც ფილარმონიის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე გასატარებლად ქართული ტელე- და კინოვარსკვლავები ლიმუზინით მოჰყავდათ. ერთადერთი ლიმუზინი ფილარმონიას წრეს არტყამდა და კინო „ამირანთან“ ჩერდებოდა, სადაც ფილარმონიის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე მას „გასატარებელი“ ვარსკვლავები ელოდნენ.

ასეთი დეკადენტური თამაშები შევარდნაძის ეპოქას ჩაბარდა. ნამდვილი და საყოველთაო დეკადანსი კი საქართველოში სააკაშვილის მმართველობისას დადგა და ის საზოგადოების სტრუქტურის განმსაზღვრელ ფორმად იქცა. თანამედროვე ქართული დეკადანსი ორ ინსტიტუტზე დგას: პრეზიდენტისა და პატრიარქისა. სხვა დანარჩენი სახელმწიფო თუ კერძო, ან საზოგადოებრივი ინსტიტუტები ამ ორის დაპატარავებული ასლებია. პრეზიდენტის აღმშენებლობით-მომპირკეთებლური საქმიანობა, უფუნქციო და მხოლოდ დეკორაციული დანიშნულების ნაგებობები, რომლებზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები იხარჯება, უკვე მოჩვენებითი კეთილდღეობის შექმნასაც კი აღარ ემსახურება, და თანდათან სულ უფრო ემსგავსება ერთი ადამიანის ბავშვობისდროინდელი თამაშებისა თუ აუსრულებელი სურვილების განხორციელებას. მფლანგველური და დეკადენტურია პარლამენტის ქუთაისში გადატანა თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტის ახალ, მრავალმილიონლარიან შენობას დაემატება თბილისსა და ქუთაისს შორის დეპუტატებისა და მათი აპარატის მოძრაობის, ქუთაისში მათი უზრუნველყოფის ხარჯები.

ამ დეკადენტურ შეჯიბრში პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი არის არა ოპოზიცია, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც, განსხვავებით სააკაშვილის „პროფანული“, მიწიერი მიზნებით სახელმწიფო ხაზინის ფლანგვისგან, დეკადენტობა ღვთაებრივ ხარისხში აიყვანა. თუ საქართველოს მოსახლეობის თუნდაც ერთი, თანაც არც ისე მცირე ნაწილისათვის სააკაშვილის შადრევნები, მოპირკეთებული ფასადები, შემინული შენობები, ძვირადღირებული, მაგრამ უფუნქციო ნაგებობები გამაღიზიანებელი და დასაცინია, აბსოლუტური უმრავლესობისათვის თავისთავად ცხადია და არანაირ პროტესტს არ იწვევს სამღვდელოების მომხვეჭელობა და დაუოკებელი ლტოლვა სიმდიდრისა და ფუფუნებისაკენ; იშვიათი გამონაკლისების გარდა, პრობლემურად სულაც არ აღიქმება არც ქართული საკრალური არქიტექტურისათვის სრულიად უცხო მოოქროვილი გუმბათები, არც 50-კილოგრამიანი ოქროს ხატი, არც ძვირადღირებული საეკლესიო სამკაული და არც პატრიარქის სრულიად დეკადენტური მოგზაურობები თავისი მრავალრიცხოვანი ამალით ევროპის უძვირეს სასტუმროებში. პირიქით, მიმდინარე წლის მაისში პატრიარქის გამგზავრებას პარიზში, 200-ზე მეტ თანმხლებ პირთან ერთად, მათს ცხოვრებას მსოფლიოს ერთ-ერთი უძვირესი ქალაქის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მათ ბანკეტებს ძვირსა და ფეშენებელურ რესტორნებში საქველმოქმედო აქციის სტატუსიც კი ენიჭება, რაც თავისი არსით ისეთივე ცინიზმია, როგორიც თავის დროზე საფრანგეთის დედოფლის – მარია-ანტუანეტასადმი მიწერილი სიტყვები, რომ თუ ხალხს პური არა აქვს, მაშინ თავი ნამცხვრებით უნდა გამოიკვებოს. თანამედროვე ქართული დეკადანსის სახე სწორედ ისაა, რომ ხალხი, რომელიც პურისა და ელემენტარული მოთხოვნილების პროდუქტების ნაკლებობას განიცდის, საკომპენსაციოდ პრეზიდენტის, პატრიარქისა და სხვა „დამსახურებული ადამიანების“ დეკადენტურ განცხრომას უცქერს და თუ ის ცოდვილ მიწაზე გაჭირვებულია, სამღვდელოება, შემოწირულობების სანაცვლოდ, ცხონებას საიქიოში ჰპირდება.

როდესაც კარლ მარქსმა რელიგია ოპიუმს შეადარა, ეს შედარება არ ყოფილა მარქსისათვის ჩვეული ენამოსწრებულობა, არამედ ამ მეტაფორით მან რელიგიის სოციალური არსის კრიტიკული გააზრება სცადა. მარქსი წერდა: „რელიგია გადუხჭირებულთა კვნესაა, უგულო სამყაროს საგულეა, ისევე, როგორც არასულიერების სული. იგი ხალხის ოპიუმია. რელიგიის, როგორც ხალხის მოჩვენებითი ბედნიერების მოცილება ნიშნავს მისთვის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნას. მოთხოვნა იმისა, რომ ხალხმა უარი თქვას საკუთარი მდგომარეობის შესახებ ილუზიებზე, არის თავად ისეთ მდგომარეობაზე უარის თქმის მოთხოვნა, რომელიც საკუთარი თავის მოტყუების საჭიროებას გვიქმნის. ამდენად რელიგიის კრიტიკა თავის ჩანასახშივე არის კრიტიკა იმ უდაბურებისა, რომლის სიწმინდის შარავანდედიც რელიგიაა.“

თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გარელიგიურება არაა სოციალურ-ეკონომიკური სასოწარკვეთილების შედეგი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პირველი „ქრისტიანები“, რომლებმაც საქართველოში ეკლესიების მშენებლობისა და გულუხვი შეწირულობების ტრადიცია დაამკვიდრეს, სწორედ მდიდარი ან ახლადგამდიდრებული ქართველები იყვნენ, რომლებსაც, გარდა საეჭვო გზებით დაგროვილი ქონების ხარჯვის პრობლემისა, გულის სიღრმეში, შესაძლოა, საკუთარი გამდიდრების არასისუფთავეც აწუხებდათ. ეკლესიისათვის ქონების განაწილება კი, რაღა თქმა უნდა, ყველა შავი საქმის გათეთრების იდეალური საშუალებაა. ამასთანავე, მათი სახელები ოქროს ასოებით არის უკვდავყოფილი ეკლესიების კედლებზე და, ჰორაციუსისა და პუშკინის მსგავსად, მათაც შეუძლიათ თქვან: „ძეგლი დავიდგი, პირამიდებზე უფრო მაღალი...“

საქართველოში სოციალური მგრძნობელობისა და კრიტიკის არარსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბაძავს და აიდეალებს მათთვის სანიმუშო პოლიტიკური ლიდერებისა და „მოძღვარი“ სამღვდელოების დეკადენტობას. მდიდარი და პრივილეგიებიანი უმცირესობის ფუფუნება მათში პროტესტს კი არ იწვევს, არამედ მხოლოდ დეკადენტობის მადას აღვივებს. ცხოვრების იდეალები, რომლის ნიმუშებსაც იძლევიან პოლიტიკოსები, ეკლესია თუ ნეოლიბერალური წარმატებულობის კულტი, თავისი არსით, ანტისოციალური და კულტურის მიმართ მტრულიცაა. ძვირადღირებული ფსევდოკულტურა, რომლის ერთადერთი კრიტერიუმიც საბუღალტრო ანგარიშია (ანუ, რამდენი ფული დაიხარჯა პრეზიდენტის ახირებებსა თუ პატრიარქის მუსიკალურ გასტროლებზე?), სწორედ იმ კულტურის განადგურებისკენაა მიმართული, რომელიც საკუთარი შემოქმედებითი თავისუფლების მისაღწევად აუჯანყდა ბიურგერულსა და მომხვეჭელურ ყალბ ღირებულებებსა და „მორალს“ და დეკადენტურ გაუმაძღრობას თვითნგრევისაკენ მიმართული დეკადანსი დაუპირისპირა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG