Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

მართლა მაინტერესებს, ამას როგორ ახერხებენ. რანაირად გამოსდით, რომ ყველა მნიშვნელოვანი იდეა, იდეოლოგია, პრინციპი თუ ფასეულობა, რასაც კი ხელი მოკიდეს, სწრაფად და ერთმნიშვნელოვნად გადააქციეს გროტესკად და კარიკატურად. „მოდერნიზაციის“, „ლიბერალიზმის“, „დასავლური ღირებულებების“ და, ზოგადად, კულტურული ცვლილების ცნებებს რაც უქნეს - როგორ დააკნინეს, გააუფასურეს და დაიყვანეს „ჩარეცხილ მუმიებთან“ ბრძოლამდე, ასფალტის დაგებამდე და ბუტაფორიულ ფასადებამდე - ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ახლა აღარ შევჩერდებით. „რუსული საფრთხის“ კლიშეზეც არ ღირს ბევრი ლაპარაკი - ისედაც ვიცით, რომ ეს ძალიან რეალური და მწვავე გეოპოლიტიკური პრობლემა, მათი რიტორიკის წყალობით, პრიმიტიულ ნაციონალიზმს, პლაკატურ მტრის ხატს, პოლიტიკურ პარანოიას და ოპონენტებთან საბრძოლველ იარლიყს გაუტოლდა. ახლა კი, მგონი, უკვე თავსაც გადააჭარბეს. განახლებული მთავრობის ახალი პრიორიტეტების მხოლოდ გამოცხადება იყო საკმარისი საიმისოდ, რომ სოციალური სახელმწიფოს იდეისგან, თუ სოციალური პოლიტიკის პრინციპებისგან, უხეირო იმიტაცია თუ უხერხული პაროდია შეგვრჩენოდა ხელში.

ამ ბოლო შემთხვევაში სხვაგვარად, ალბათ, ვერც იქნებოდა. ჯერ ერთი, მოტივაცია გამოიყურება ძალიან ბანალურად. რამდენიც უნდა გვიმტკიცონ, რომ ახალი პროგრამა „ხალხთან შეხვედრების“, თუ ხალხზე წუხილის შედეგია, ცხადია, რომ მთავარი მიზეზი მოახლოებული არჩევნები და ოპონენტის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემული დაპირებების „გადაფარვის“ საჭიროება იყო. თან კონტრასტია თვალშისაცემი. წლების მანძილზე სულ სხვა რეალობას გვიხატავდნენ - ომახიან, ენერგიულ, ბრჭყვიალაპროექტებიან რეალობას, რომელშიც „სიღარიბე“, „უმუშევრობა“, „სოციალური დაცვა“ და სხვა ტრივიალური ამბები დიდად აქტუალურ საკითხებს არ წარმოადგენდა. კი, როგორც ფაქტი, ყველამ ვიცოდით, რომ ქვეყნის „სახელმწიფოდ შედგომის“ ფონზე ჩვენ გვერდით ძალიან ბევრ ადამიანს - სულ მცირე, მილიონნახევარს - უკიდურესად უჭირდა. მაგრამ ეს პრობლემა - და, მით უფრო, მისი გადაჭრის გზები - არასოდეს გამხდარა სერიოზული დისკუსიის საგანი (წინა ბლოგებში ამ „გაპრიალებული რეალობის“ საკითხზეც გვისაუბრია - მაგალითად, აქ - და დღეს არც ამაზე გავაგრძელებთ).

ჰოდა, რა გასაკვირია, თუკი მთავრობის ეს ენერგიული და მონდომებული ტრანსფორმაცია ღიმილის და სკეფსისის მომგვრელი გამოდგა. ხელისუფლება, რომელიც სულ ახლახან დასაშვებად მიიჩნევდა, 30 ლარით შეემცირებინა მუდმივი მოვლის საჭიროების მქონე უნარშეზღუდული ბავშვების ისედაც ძალიან მწირი შემწეობა - და რომელმაც გაღატაკებული სოფლებიდან ხალხის ქალაქებში გადინების მიზნით წამოიწყო ექსცენტრიზმის, თუ ექსტრავანგანტიზმის იშვიათი ნიმუში, პროექტი სახელად “ლაზიკა” - უცებ სულ სხვა ინტონაციით ალაპარაკდა. დაიწყო დაპირებების რახარუხი - ოთხი მილიარდი სოფლის მხარდაჭერისთვის, სამი მილიარდი დაზღვევისთვის, ასდოლარიანი პენსია... მთავრობამ, რომელმაც საბაზრო პრინციპები დომინანტური ისეთ სფეროებშიც გახადა, როგორებიცაა, მაგალითად, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვა - თითქმის ყველა საავადმყოფო კერძო საკუთრებაში გასცა, გარემოს დაბინძურება კი გაყიდვად უფლებად გადააქცია - ახლა ოთხწლედის ეკონომიკური გეგმები დაგვისახა: სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უნდა გაორმაგდეს, უმუშევრობა უნდა შემცირდეს, დაზღვევა ყველაზე უნდა გავრცელდეს.

ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შეუსაბამობის, პარადოქსულობის თუ პოპულიზმის მაგალითები მართლაც უხვადაა. ქვეყანაში, სადაც ხელისუფლება შრომის რეგულირებაზე არათუ არ ზრუნავს, არამედ, საერთაშორისო პროფკავშირების შარშანდელი შეფასებით, სისტემატურად არღვევს „ყველა შრომით უფლებას და შრომის საერთაშორისო სტანდარტებს“ - ახლა მოგვივლინეს „დასაქმების სახელმწიფო მინისტრი“, რომელმაც დანიშვნისთანავე ელიავას ბაზრობას მიაშურა და „უშუალოდ გაიგო დასაქმების მსურველების პრობლემებისა და მოთხოვნების შესახებ“. ამგვარი პოპულიზმის, ანუ „ხალხთან დგომის“ ილუზიის, სულ მთლად თავზეხელაღებული მაგალითი თავად პრეზიდენტმა შემოგვთავაზა, გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას - თავისივე ელიტისგან გამიჯვნით, „ბენდუქიძის აუზზე“ ქილიკით და აღშფოთებით, რომ ამ აუზით სარგებლობისთვის დაწესებულ „კატასტროფულ“ ფასებს მხოლოდ „პრივილეგირებული“ ხალხი თუ შესწვდება. მდიდრებს და ღარიბებს შორის კონტრასტების ასეთი აღიარება განსაკუთრებით საინტერესოდ გამოიყურება მთავრობის ახალი პროგრამით გათვალისწინებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტის - ოთხ წელზე გაწერილი ათასლარიანი ვაუჩერის - ფონზე. ხელისუფლების მზრუნველი პოლიტიკა ამ ვაუჩერის გარეშე არც ერთ ოჯახს არ დატოვებს - მათ შორის, როგორც ჩანს, არც იმ აუზზე მოსიარულე, სააკაშვილისვე სიტყვებით „პრივილეგირებულ“ მოქალაქეებს; ხოლო დახმარების ასე განურჩევლად და ხელგაშლილად გაცემა - ოჯახების ზომის, შემოსავლის და საჭიროების მიუხედავად - ქვეყნის ბიუჯეტს, როგორც ამბობენ, მილიარდ ლარზე მეტი დაუჯდება.

ეს ყველაფერი რომ პოპულიზმი, ძალაუფლების შენარჩუნების ვნება და სიყალბეა, ამას თუნდაც ორი დღის წინანდელი გახმაურებული ამბავი ადასტურებს - პრეზიდენტის ვიზიტის მომლოდინე, უმწეო მოხუცზე, როზა წყაბელიაზე ძალადობის თავზარდამცემი ფაქტი. ცინიკური პარალელური რეალობა - „ხალხისთვის მეტი სარგებლის“ შესახებ დაპირებების ენერგიულად გამცემი პრეზიდენტი და მისი თვალთახედვის არიდან არამზადების მიერ ძალით გათრეული და სარდაფში გამოკეტილი სასოწარკვეთილი ადამიანი. ეს ამბავი - რომელიც, ალბათ, სხვა მსგავსი ფაქტებისგან მხოლოდ იმით განსხვავდება, რომ კამერებმა აღბეჭდეს და ამის გამო დამნაშავეები საჩვენებლად დაიტუქსნენ - მორიგი და უხეში დასტურია, რომ მზრუნველი დაპირებების და ჰუმანური განცხადებების ფასადის მიღმა ძალის პოლიტიკაზე ორიენტირებული, ფარისევლური და „გაპრიალებული“ რეალობა დგას; რეალობა, საიდანაც საგულდაგულოდ განდევნილია სიღარიბის, გაჭირვების, ავადმყოფობის თუ ჩაგვრის ნამდვილი, შემზარავი და დამთრგუნველი სახე.

ამას მხოლოდ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებთ. ძალიან სერიოზული ღირებულებითი პრობლემები აქვს თავად საზოგადოებას, რომელიც როზა წყაბელიაზე ამ თავაშვებული ძალადობის სცენას უყურებს და ამის აღკვეთას არ, თუ ვერ ცდილობს. გროტესკამდე მისული სოციალური უთანასწორობა და ფაქტი, რომ „საქართველოში ბევრს კვლავაც ძალიან უჭირს“, ჩვენთვის - ყველასთვის - ჩვეულებრივი და ბანალური ამბავი გახდა. კოლექტიურ წარმოსახვაში „ღარიბები“ წარმოგვიდგება ერთ დიდ, უმოქმედო, უუნარო და მთავრობისგან დახმარების პასიურად მომლოდინე ჯგუფად, რომელზეც, საუკეთესო შემთხვევაში, სწორხაზოვანი სენტიმენტალიზმით ვლაპარაკობთ - ისეთით, „ცუდი მთავრობის“ შესახებ ოპოზიციური მედიის სიუჟეტებში რომ გვხვდება ხოლმე. უფრო უარეს შემთხვევაში კი მათზე თუ მათი სახელით საუბრისას ცინიზმს და მანიპულაციას ვაწყდებით - დაახლოებით ისეთს, როგორსაც დროდადრო კოალიციის - „ევროპული საქართველოსთვის“ - წევრები ავლენენ ლტოლვილებთან მიმართებით. ერთ დღეს მათ „თავის დასაწვავ ბენზინსაც“ რომ ამადლიან, სხვა შემთხვევაში კი მედიდური თანაგრძნობით აღწერენ „ძალიან გამწარებულ“ ხალხად, რომელიც იმდენად მოკლებულია რაციონალური აზროვნების თუ ღირსეული ქცევის უნარს, რომ, მაგალითად, კარალეთში, ველური ფორმით, ქვებით და ჯოხებით უსწორდება ოპოზიციის წარმომადგენლებს.

და მაინც - ყველაფრის მიუხედავად - თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში ახლა უფრო ხშირად ისმის სიტყვები „ჯანდაცვა“, „პენსიები“, „უმუშევრობა“ თუ „სიღარიბე“, მე დადებითი მგონია. რა გაეწყობა - ვხედავთ, რომ სოციალურ უსამართლობაზე, უთანასწორობაზე, ჩვენი, როგორც საზოგადოების, საერთო ინტერესებზე, სოლიდარობაზე, ეთიკის პრინციპებზე სერიოზული დისკუსია ჯერჯერობით არ გამოგვდის - არც პოლიტიკურ, არც ინტელექტუალურ და არც საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მით უმეტეს არ არსებობს უფრო სპეციფიკურ თუ უფრო ტექნიკურ საკითხებზე ლაპარაკის ტრადიცია - საბიუჯეტო სახსრებზე, მათი ხარჯვის მართებულ გზებზე, სახელფასო გადასახადების სამართლიან ფორმებზე, სოციალურად დაუცველი ადამიანების ყოფის შემსუბუქების კონკრეტულ შესაძლებლობებზე, იმაზე, თუ რის გაკეთება შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას. მაგრამ რაღაცით უნდა დავიწყოთ. და სხვა თუ არაფერი გამოგვდის, იქნებ ეს რაღაცა პოპულიზმი იყოს.

ამიტომაც, ამ ბოლო დრომდე სწორედ სოციალური თემებისთვის სიმწვავის შეძენას მივიჩნევდი ოპოზიციურ ფრონტზე „ქართული ოცნების“ გამოჩენით მოტანილ ძირითად დადებით ცვლილებად. კი, კოალიციის და მისი ლიდერის განცხადებებსაც აშკარად დაკრავდა პოპულიზმის ელფერი. თავისთავად ის დაპირებაც, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას ხელისუფლებაში მოსული ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი „დააპურებს“, პატერნალიზმის და ქედმაღალი, მამობრივი მზრუნველობის კონტურებს შეიცავდა. მაგრამ რახან ყველაფერი შეფარდებითია, მაინც მომწონდა, რომ ბიძინა ივანიშვილი თითქოს არ იმეორებდა სხვა უამრავი ოპოზიციონერის მიერ მანამდე გაკვალულ, მოყირჭებულ და იაფფასიან გზას - ეთნონაციონალისტურ მითებზე, რელიგიურ ფარისევლობაზე და „ქართველობის დაკარგვის“ შესახებ შიშების გაღვივებაზე დამყარებულ, ფანტაზმების პოლიტიკას. კი, პატრიარქთან ტელეკამერების თანხლებით მისი ოჯახური ვიზიტებიც მახსოვს და „ქართველების გამოჩეულობაზე“, „წინაპრებისგან გენეტიკით გადმოსულ მუხტზე“ და „ასაკში შესულ ერზე“ გაკეთებული გაუგებარი განცხადებებიც - მაგრამ მაინც ვთვლიდი, რომ მისი რიტორიკის ბირთვს არა ეთნოშოვინიზმი, არამედ ისეთი საკითხები შეადგენდა, როგორებიცაა სამედიცინო დაზღვევა, პენსიების გაზრდა, სოფლის მეურნეობა, განათლება. ხოლო ნაციონალისტური პოპულიზმიდან სოციალურ პოპულიზმზე გადასვლის ეს ნიშნები თავისთავად მიმაჩნდა მნიშვნელოვან ამბად; იმპულსად, რომელსაც შეიძლება დღეს არა, მაგრამ მომავალში მაინც მოეტანა სოციალურ სამართალზე სერიოზული და ღირებული დისკუსიის დაწყება.

თუმცა, მგონი, სულ ტყუილად. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ამ დისკუსიას - და, მით უფრო, ჩვენი პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებას - დიდად სახარბიელო მომავალი არ უნდა ჰქონდეს. "ქართული ოცნების“ და მისი ლიდერის მიერ ბოლო პერიოდში დემონსტრაციულად და ერთმანეთის მიყოლებით გადადგმული ნაბიჯები სხვა პერსპექტივას აჩენს. ჯერ ერთი, ძალიან მეეჭვება სოციალურ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე კომპეტენტური აზრი ჰქონდეს კოალიციის აქტივისტებად გამოყვანილი თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებული „კულტურული ელიტის“ - არტისტების, სპორტსმენების თუ სხვა „ცნობადი სახეების“ - დიდ უმრავლესობას. პირიქით. იმ დამტკბარი, ქედმაღალი, პათეტიკური და მელოდრამატული ინტონაციის გახსენებაც კი არ მინდა, რომლითაც ისინი „უბრალო ხალხის გაჭირვებაზე“ ლაპარაკობენ ხოლმე. ამაზე კიდევ უფრო საგანგაშო სიგნალი მგონია მაჟორიტარ დეპუტატებად რესპუბლიკური პარტიიდან ქსენოფობიის გამო გარიცხული, ქართველების „გენეტიკურ სისუფთავეზე“ მოქადაგე მურმან დუმბაძის და „კედელთან მიყუდებული დედაენით“ შეწუხებული შოთა ზოიძის დასახელება. აღარაფერს ვამბობ „ძალიან მყარ დასაყრდენად“, მაგალითად, სანდრო ბრეგაძის გამოცხადებაზე - კაცისა, რომელიც რამდენიმე წლის წინ „სიამოვნებით“ ეთანხმებოდა ადოლფ ჰიტლერს იმაში, რომ მან „რამოდენიმე გემი გაგზავნა ზღვაში და ჩაძირა, სადაც გარკვეული ადამიანები იყო თავმოყრილი.“

მოკლედ, დიდი შანსია, პოლიტიკური კულტურის გაჯანსაღების და სოციალურ სამართალზე არსობრივი დისკუსიის დაწყების ნაცვლად, საქმე სხვაგვარად წავიდეს. სოციალური თემები, სავარაუდოდ, აქტუალური დარჩება - ოღონდ, შესაძლოა ვერ გასცდეს „ხალხთან დგომის“ პოპულისტურ ჩარჩოს. და თან, როგორც სჩანს, ამგვარი სოციალური პოპულიზმი შეერწყმება დუმბაძის და მისი თანამოაზრეების იაფფასიან, სიძულვილით გაჟღენთილ ნაციონალისტურ შოვინიზმს. ამ ყველაფრის ერთ-ერთი შედეგი კი, შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენს პოლიტიკურ სივრცეს კიდევ ერთი იდეოლოგიის კარიკატურა თუ პაროდია დაემატება. ოღონდ, ამჯერად ეს კარიკატურულობა და არასერიოზული ფორმა უნდა გვიხაროდეს - რადგან ნამდვილი და სრული სახით ამ იდეოლოგიას ნაციონალ-სოციალიზმის სახელი ჰქვია.

ბლოგის დასასრულს - ბოლო აბზაცში - წესით „შეჯამება“ უნდა შემოგთავაზოთ და რამე „დასკვნის“ გამოტანაც უნდა ვცადო. დაწერა ბევრი რამის შეიძლება - მაგალითად, იმის, რომ პოლიტიკური ელიტის სიყალბის თუ პოპულიზმის მთავარი გამანეიტრალებელი ფაქტორი ჩვენი, საზოგადოების სიფხიზლე და სკეფსისი უნდა იყოს; ან იმის, რომ სწორედ ჩვენ - საზოგადოებამ - უნდა ვაქციოთ სიღარიბის და სოციალური სამართლიანობის თემები საჯარო სივრცისთვის მწვავე და აქტუალურ საკითხებად; ან იმის კიდევ ერთხელ ხაზგასმა, რომ ამ პრობლემის გამოსწორებაზე მუშაობა ჩვენი საერთო, კოლექტიური ინტერესია - როგორც „მდიდრების“, ისე „ღარიბების“. რადგან უხეშად უთანასწორო საზოგადოება არასტაბილური და გახლეჩილი საზოგადოებაც არის, რომელშიც ნიჰილისტური, ფატალისტური და ქსენოფობიური განწყობები ჭარბობს და ზოგად, დემოკრატიულ განვითარებას ექმნება საფრთხე. მაგრამ ახლა, რატომღაც, ყველა ეს ხმამაღალი განცხადება უადგილოდ მეჩვენება - ყველა ბანალურია და თავისთავად ცხადი. ამიტომ იქნებ დღეს ასე დავამთავროთ - უბრალოდ, დასკვნის გარეშე.
რადგან ფეისბუქი არ მაქვს, ცხელ ამბებს რამდენიმე დღის დაგვიანებით ვგებულობ ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. მოკლედ, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელებში ერთი საქმე გაირჩა. კერძოდ, ბევრი ადამიანი მწერალ ზურა ლეჟავას წინააღმდეგ ამხედრებულიყო. რაში აღარ სდებდნენ მას ბრალს. თან ყველა რაღაცას მოუწოდებდა, ურჩევდა, აბრალებდა. თურმე ხალხი იმან აღაშფოთა, რომ ლეჟავამ თქვა ის, რასაც ფიქრობდა. ოპა! ვერ მოსვლია კარგი ამბავი. ჩვენი მწერლები ხომ ზურგს უკან ლაპარაკს არიან მიჩვეულნი. არადა, ლეჟავამ თქვა, რომ საკუთარ ლიტერატურას იგი უფრო მაღალი დონისად თვლის, ვიდრე კოტე ჯანდიერის, ბესო ხვდელიძისა და მაკა მიქელაძის ოპუსებს ერთად აღებულს. დიდი ამბავი. რომელი ქართველი მწერალი არ ფიქრობს, რომ მისი ნაწერი სხვისას სჯობია? თუმცა ხმამაღლა ვერავინ ბედავს ამის თქმას. მილოშ ფორმანის „ამადეუსში“ ერთი ასეთი სცენაა (ეს ეპიზოდი სიტყვასიტყვით არ მახსოვს, ამიტომ მის თავისუფალ ვარიანტს შემოგთავაზებთ): მეფის კარზე მისულ მოცარტს გამოუცხადებენ, რომ მისი კონცერტი გადაიდო. მოცარტი კითხულობს მიზეზს. რაზეც პასუხობენ, რომ იგი არ არის ერთადერთი კომპოზიტორი ვენაში. მოცარტი კი ამ დროს იტყვის: „ჰო, მაგრამ მე საუკეთესო ვარ“. მოკლედ, ლეჟავამ თქვა, რომ იგი სჯობია რამდენიმე თანამედროვე ქართველ მწერალს. რა, არ მოსულა? მაღალ წრეებში ასე არ იქცევიან? მერედა ვინ მიაწერა ზურაბ ლეჟავა მაღალ წრეებს? მთელი ხიბლიც სწორედ ისაა, რომ ლეჟავას წარმოდგენა არა აქვს მაღალ წრეებზე და იქ მიღებულ ქცევის წესებზე. პირდაპირ თუ ვიტყვით, ლეჟავა დაბალი წრის კაცია. მას არც კარგი ოჯახიშვილობა ჰქონია, თბილ ოთახში მოყუჩებულს რომ ეწერა, და არც გავლენიანი მეგობრები ჰყოლია, ვინც მის კეთილდღეობას უზრუნველყოფდა. ყოველთვის აუტანელ პირობებში წერდა: ციხეში, სადაც 16 წელი იჯდა, და ქუჩაში - მშრალ ხიდზე წლების განმავლობაში ჰყიდდა საკუთარ ხელნაკეთობებს. დღეს კი სახლში წერს, რომელიც ვითომ თბილისში, სინამდვილეში კი სადღაც ევას პავაროტში მდებარეობს. ამიტომაცაა, მის პროზას იაფფასიანი არყის, „კალბასისა“ და ექსკრემენტების სუნი რომ ასდის. და ამიტომაც ზეპური საზოგადოება ვერასდროს აღმოაჩენს მის ტექსტებში საკუთარ საიდენტიფიკაციო ნიშნებს. ზურა ლეჟავა დაუვარცხნელი, მოუთვინიერებელი და მშიერი კაცია. ამიტომაც ღელავენ დავარცხნილები, მოთვინიერებულები და მაძღრები. შარშანწინ, როცა ლეჟავას „საბა“ არ მისცეს იმ წლის სრულიად უკონკურენტო პროზაული კრებულის გამო, წერილი გამოვაქვეყნე, სადაც მის ნაივურ მოთხრობებს ფიროსმანის ნახატებს ვადარებდი და ვამბობდი, მისი ტექსტები სისხლით, ოფლითა და ცრემლებითაა-მეთქი დაწერილი. ცხადია, იმ კრებულში ყველა მოთხრობა ერთი დონისა და წონის არაა, ზოგან ტექსტი გაუმართავია, ხან არქიტექტონიკაა დარღვეული, ხან ფინალი არ ვარგა, და ა.შ., სამაგიეროდ ყველაფერი ნაღდია. და ნაივური. ლეჟავას პროზის მთელი ხიბლიც სწორედ ამ ნაივურობაშია. ფილმ „ფიროსმანში“ ერთგან ნიკალა გულუბრყვილოდ ამბობს: მაღლიდან წმინდა გიორგი მადგას თავზე მათრახით ხელში და მეუბნება, დახატე, ნიკალა, დახატეო! არ ვიცი, ადგას თუ არა ლეჟავას თავზე ვინმე, მაგრამ იგი წერს. მის ნაივურ ნაწერს კი მრავალთა შორის გამოარჩევ, როგორც იმავე ფიროსმანის ნახატებს, სადაც ასევე დარღვეულია პერსპექტივა, მასშტაბები და სიმეტრია. დღეს ლეჟავას დასცინიან, არ იმჩნევენ. ამიტომ ამ ბლოგს იმავე სიტყვებით დავამთავრებ, რითაც ჩემს ძველ წერილს ვამთავრებდი: „თვალები ტრაკში უნდა გქონდეს ან არ უნდა გქონდეს თვალები საერთოდ, რომ ვერ შეამჩნიო „ბავშვის ნაკბენი კარალიოკზე ოქტომბრის თვეში“.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG