Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 15 აგვისტო 2012

მარსზე „კიურიოსიტის“ დაჯდომა უკვე არახალი ამბავია და ამის შესახებ ბევრი ითქვა/დაიწერა. თუმცა „კიურიოსიტის“ ვოიაჟის გარდა ნასას ოფისიდან ლაივსტრიმის მაყურებელთა ყურადღება მიიპყრო კიდევ ერთმა ობიექტმა, უფრო სწორად, ადამიანმა. ეს იყო ბობაკ ფერდაუსი, რომელიც ასტრონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის სააგენტოში მოჰოკით გამოცხადდა. ასეთი ვარცხნილობით, ახალგაზრდა მეცნიერი „განწირული“ იყო „ინტერნეტ-სელებრიტობისთვის“. რამდენიმე წამში მასზე მიმებს შექმნიდნენ, ახალ-ახალ გვერდებს გაუკეთებდნენ ქსლებში და ტვიტერზე მის მიმდევართა რიცხვი რამდენიმე ათასით მოიმატებდა. თვითონ ფერდაუსი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ბიუროში, სამართავ პულტთან ყოფნისას, უკვე მისი ფეისბუკი, იმეილი და ტვიტერი წამებში ახალი შეტყობინებებით ივსებოდა.

ფერდაუსიმ თავისი ვარცხნილობის გამო მალევე მიიპყრო მედიის ყურადღებაც და „კიურიოსიტის“ დაჯდომიდან რამდენიმე წუთში, მარსზე გადაღებულ ფოტოებთან ერთად, mohawk guy-ზე (ასე მოიხსენებენ ხოლმე ფერდაუსის) სტატიებიც სწრაფად გავრცელდა ინტერნეტში. ერთ-ერთი ასეთი სტატიის სათაურის წაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე ამ ბლოგის დაწერა.

KSL-ის საიტზე, 8 აგვისტოს შეხვდებოდით სტატიას შემდეგი სათაურით: Science Goes Punk: NASA's 'Mohawk Guy'. როცა პანკი დგება სკეიტზე, ამას „სკეიტპანკი“ ჰქვია, მაგრამ როცა პანკი მიდის ნასაში, ამას უკვე შეიძლება „სპეისპანკი“ დავარქვათ (ზოგადად სპეისპანკის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღეთ ამ ბმულზე). მოკლედ, საკითხი ზუსტად ისე დგას, როგორც ბებერ და ტკბილ გონზო ჟურნალისტიკაში: When the going gets weird, the weird turn pro ანუ The geek turns into a freak and freak becomes a geek.

პანკ-როკი მუსიკალური მიმდინარეობაა, რომელიც 70-იანებიდან ეტაპობრივად დაშორდა როკენროლ-მოძრაობას და აგრესიული ჟღერადობით ახალგაზრდების ცნობიერება გადაატრიალა. 70-იანების პანკები როკ-მუსიკაში დამკვიდრებული სენტიმენტალიზმისგან დისტანცირებას ცდილობდნენ. უფრო მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ისინი თითქოს ეთანხმებოდნენ „საქართველო-ფენიქსის“ (ქართული ფუტურისტული მანიფესტი, 1922 წელი) ავტორებს შემდეგ ფრაზაში: „უდიდესი ცოდვა, რომელიც ექმნა სიყვარულმა, არის მთვარეზე ლოცვა და სენტიმენტალიზმი.“ ჰოდა, ზუსტად მაშინ, როცა ხალხს ჯერ კიდევ სჯეროდა, რომ all they needed was love, Sex Pistols-მა განაცხადა, რომ მომავალი არ არსებობს. პანკები ცდილობდნენ მაშინ უკვე მეინსტრიმად ქცეული როკენროლ-მოძრაობის უარყოფას. 1977 წელს The Clash-ის სიმღერაში შემდეგი ტექსტიც კი გამოჩნდა: No Elvis, Beatles or the Rolling Stones in 1977. The Clash-ის ვოკალისტმა, ჯო სტრამერმა ერთ-ერთ ინტევიუში ახსნა კიდეც, თუ რას ნიშნავდა პანკი: „პანკ-როკის დანიშნულება თავისუფლებაა. ჩვენი მიზანია ვაკეთოთ ის, რაც გვინდა.“

ეს არის პანკი. სპეისპანკი კი იგივეა, ოღონდ გრავიტაციის გარეშე. სპეისპანკი აკეთებს იმას, რაც უნდა, ოღონდ არა მხოლოდ დედამიწაზე. პირიქით, შეიძლება დედამიწაზე ის სავსებით ჩვეულებრივი ადამიანი იყოს, მაგრამ როგორც კი სამყაროს მოწყდება, რაიმე სიგიჟე ჩაიდინოს.

არის თუ არა ბობაკ ფერდაუსი სპეისპანკი, თვითონ გადაწყვიტეთ. მე კი მანამდე ერთ ნამდვილ პანკზე, ასტრონავტზე, პილოტზე და, უბრალოდ, სამყაროში ყველაზე გაბედულ ადამიანზე მოგიყვებით.

1960 წლის 16 აგვისტოს, სანამ იური გაგარინი პირველად გაფრინდებოდა კოსმოსში, ცაში აიჭრა ჰელიუმით სავსე გიგანტური საჰაერო ბუშტი. ბუშტს სტრატორსფეროსკენ მიჰყავდა ერთი ადამიანი, ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკი, ჯო კიტინჯერი. ეს გახლდათ პროექტ „ექსელსიორის“ ბოლო, მესამე გაფრენა, რომლის მიზანიც დიდი სიმაღლიდან ვარდნის შემთხვევაში საჭირო საპარაშუტო სისტემის შექმნა იყო. თუმცა, ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე, უბრალოდ, სასინჯი გაფრენა საპარაშუტო სისტემისთვის. აქ გამოცდას გადიოდა ადამიანის გამძლეობა, გამბედაობა, და ეს გამოცდა ჯო კიტინჯერს უნდა ჩაებარებინა.

გაფრენამდე მას საგანგებოდ აღჭურვილი ტანსაცმელი ჩააცვეს, რის გამოც პოლკოვნიკის სხეულის მასა ორჯერ გაიზარდა. კიტინჯერს მანამდეც ჰქონდა მიღებული მონაწილეობა დიდი სიმაღლიდან სასინჯ ხტომებში. ერთხელ მან გონებაც დაკარგა და მაშინ პილოტი გადაარჩინა პარაშუტმა, რომელიც ავტომატურად გაიხსნა. ამჯერად დავალება უფრო რთული ჩანდა. კიტინჯერის საჰაერო ბუშტი, „ექსელსიორ 3“, დედამიწის ზედაპირიდან უკვე 31 კილომეტრით იყო დაშორებული. ეს სტრატოსფეროა, აქედან ხელის გულივით მოჩანს მთელი სამყარო. კიტინჯერი საგრძნობლად გასცდა ღრუბლებს და ჭექა-ქუხილის ზონასაც კი. ეს თითქმის უკანასკნელი ზღვარია, რომელიც დედამიწის ატმოსფერულ გარსს ოზონის შრემდე მიჰყვება. ოზონს მიღმა კი უკვე ვეღარაფერი გიცავს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან. ცოტაც და ყველაზე გაბედული ადამიანი სამყაროში სამუდამოდ დაიკარგებოდა იქ, სადაც წესრიგი უწესრიგობაა.

როცა „ექსელსიორ 3“-მა 31 333 მეტრის სიმაღლეს მიაღწია, კიტინჯერმა გააკეთა ის, რაც 1960 წლის შემდეგ აღარავის გაუმეორებია. ის გადმოხტა. კიტინჯერის თავისუფალი ვარდნა თითქმის 15 წუთს გრძელდებოდა. ნახტომისას მან გაიარა სტრატოსფერო, ტროპოპაუზა და შემოიჭრა ტროპოსფეროში, განავითარა მაქსიმალური სიჩქარე - 988 კილომეტრი საათში - და გაუძლო მინუს 70 გრადუსიან ტემპერატურას. კიტინჯერი ჰყვება, რომ სტრატოსფეროდან ხტომისას ის იმდენად თავისუფლად მოფრინავდა, რომ ვერაფერიც ვერ იგრძნო. მისი მასა თითქმის ნოლს უდრიდა - პილოტი ხომ ლამის კოსმოსიდან გადმოხტა დედამიწაზე. საბოლოოდ ჯო კიტინჯერი ნიუ მექსიკოს უდაბნოში დაეშვა და მისი შესრულებული ნახტომი მსოფლიოში დღემდე განუმეორებლად რჩება.

ბევრს დღემდე სჯერა, რომ ასტრონავტების კოსმოსში გაშვება და მათი უკან უსაფრთხოდ დაბრუნება დიდწილად იმის გამოა შესაძლებელი, რომ ჯო კიტინჯერმა ეს გიჟური ნახტომი განახორციელა. სწორედ აქ გაიარა გამოცდა იმ კოსტიუმების თუ პარაშუტების ადრეულმა ვარიანტებმა, რომელთა დახმარებითაც უამრავი სხვა ოპერაციის ჩატარება გახდა შესაძლებელი.

16 აგვისტოს ამ მოვლენიდან 52 წელი შესრულდება და კიტინჯერი დღემდე რჩება ყველაზე გაბედულ სკაიდაივერად დედამიწის ზურგზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, არც ისე დიდი ხნით. ამჟამად თვითონ ჯო კიტინჯერი ჩართულია პროექტში „რედ ბულ სტრატოს“, რომლის მიზანიც ამერიკელი პილოტის მიერ ნახევარი საუკუნის წინ დაფიქსირებული შედეგის გაუმჯობესებაა. სულ ცოტა დარჩა იმ მომენტამდე, როცა ავსტრიელი სკაიდაივერი, ფელიქს ბაუმგარტნერი, დედამიწაზე 36,576 მეტრიდან გადმოხტება და ახალ რეკორდს დაამყარებს. ბაუმგარტნერის მენტორი თვით ჯო კიტინჯერია. ბაუმგარტნერმა უკვე ორი საცდელი ნახტომი განახორციელა, ბოლოს ის 29.455 მეტრიდან გადმოხტა. ნახტომი წარმატებული გამოდგა და სკაიდაივერიც მშვიდობიანად დაეშვა დედამიწაზე.

ახლოვდება მესამე, საბოლოო ნახტომის დროც. ეს იქნება უდიდესი ნახტომი კაცობრიობის ისტორიაში, რომლისთვის თვალის მიდევნებაც ინტერნეტით შეგეძლებათ. ამ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ტაიმლაინი და დეტალური ინფორმაცია მიიღოთ დაგეგმილი ნახტომის შესახებ. ასევე შეგიძლიათ ტვიტერზე აედევნოთ „რედ ბულ სტრატოსს“ და თითქმის ყოველდღიურად ადევნოთ თვალი პროექტის მიმდინარეობას.

2013 წლის 16 აგვისტო, ალბათ, უკვე აღარ იქნება სამყაროს ისტორიაში ყველაზე დიდი ნახტომის დღე, თუმცა კიტინჯერი მაინც ყოველთვის დარჩება ლეგენდად, რომელმაც 1960 წელს 31 კილომეტრის სიმაღლიდან გადმოხტომა გაბედა და სამუდამოდ დაიმსახურა სტატუსი - სპეისპანკი.
თუ სატელევიზიო სერიალი შედგა როგორც ესთეტიკური ფაქტი, მაშინ მას სოციოლოგიური ღირებულებაც ექნება. ანუ: თუ სერიალი წარმატებულია მხატვრულად, მაშინ ის საზოგადოების აღსაწერადაც გამოგვადგება. არა იმიტომ, რომ ის რეალობას პირდაპირ ასახავს, არამედ იმიტომ, რომ ის ადამიანთა დიდი ჯგუფის ფანტაზიებსა და ცნობიერებას აირეკლავს. ამის გარეშე სერიალი ვერ შეასრულებდა საკუთარ მთავარ ფუნქციას - იყოს ხელოვნება მასობრივი მაყურებლისათვის.

ორი სერიალის მაგალითზე შევეცდები ამ თეზისის დადასტურებას. ქართული სატელევიზიო სერიალების ისტორიაში სწორედ ისინი მგონია ყველაზე წარმატებული, ჯერ ერთი, ესთეტიკურად, მეორეც - მათი მჭიდრო კავშირით კოლექტიურ ცნობიერებასთან. ეს სერიალებია „ცხელი ძაღლი“ და „ჩემი ცოლის დაქალები“. კარგად მესმის, რომ ჟანრები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

„ცხელი ძაღლი“
„ცხელი ძაღლი“ პოლიტიკური დეტექტივია. ის 2003 წელს გამოვიდა ეკრანზე და მოგვითხრობს მილიციის ორი გამომძიებლის შესახებ. ერთი მათგანი გამოცდილი, ასაკში შესული ოპერია (ჯანრი ლოლაშვილი), მეორე კი - ამერიკაში განათლებამიღებული და იდეალისტი ახალგაზრდა (გიორგი ყიფშიძე). ის, რაც იწყება, როგორც რიგითი კრიმინალური შემთხვევა, მალე გადაიზრდება პოლიტიკური კონსპირაციის გამოძიებაში, რომელსაც მთელი ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ორი რამაა საინტერესო. პირველი, სერიალის ნახვის შემდეგ ადვილად შეიძლება მიხვდე, რატომ მოხდა ნოემბრის რევოლუცია საქართველოში: საჯარო ინსტიტუტების დისფუნქცია, კორუფცია, ყოველდღიურობის ნაწილად ქცეული კრიმინალი - და უსამართლობის მძაფრი განცდა, რასაც ეს ყოველივე ტოვებს. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საგულისხმო თემა - ამ, ერთი შეხედვით, წმინდად კრიმინალური მოვლენების უკან სერიალში ერთმნიშვნელოვნად რუსული სპეცსამსახურების კონსპირაცია იკვეთება. შეიძლება ითქვას, რომ რევოლუციამდე გადაღებულ პირველ ორ სეზონში მოცემულია ყველა ის თემა, რომელიც განმსაზღვრელი იქნება რევოლუციის შემდგომი რამდენიმე წლის საზოგადოებრივ დებატებში.

მაგრამ, გარდა ამისა, არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი - გარკვეული უტოპიური ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა მოევლოს ყველა ამ პრობლემას. ხედვის არსის თაობების ურთიერთკავშირში მდგომარეობს. ადგილობრივი სიტუაციის მცოდნე, გამოცდილი მამაკაცი და დასავლური ცოდნისა და ღირებულებების მქონე ახალგაზრდა - ეს არა მხოლოდ წარმატებული დეტექტივების დუეტად შეიძლება აღვიქვათ, არამედ უტოპიურ ხედვად იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო სასურველი საზოგადოების მოდელი. სოლიდარობა არა კლასებს, სქესებს, ეთნოსებს შორის, არამედ თაობებს შორის - ეს აღმოჩნდა სერიალის მთავარი თემა, რადგან მთავარი სოციალური ნაპრალიც სწორედ გენერაციებს შორის ჩნდებოდა. სერიალმა წარმოსახვით დონეზე გადაჭრა რეალურად არსებული პრობლემა, რომელსაც მისი გამოსვლის პერიოდში ჯერ არც კი მიეღწია გამძაფრების პიკისათვის.

სერიალის ესთეტიკა
რაც ამ ორ ნახსენებ სერიალს განასხვავებს უმეტესი სხვა ქართული სერიებისაგან, არის მათი მიმართება, უკაცრავად ნათქვამია და, პორნოგრაფიასთან. უმბერტო ეკომ თავის დროზე პორნოგრაფიული ფილმები გააანალიზა და მივიდა დასკვნამდე, რომ მათი მთავარი მახასიათებელი არის რეალური ქმედების რეალურ დროში ჩვენება. თუ სექსუალურ აქტებს შორის გმირი მანქანით მგზავრობს, პორნოფილმი აჩვენებს ამ მგზავრობის ყველა დეტალს: როგორც გააღებს ის მანქანის კარს, როგორ დახურავს მას, როგორ დაქოქავს მოტორს, როგორ გადართავს სიჩქარეს, როგორ დაძრავს მანქანას და ა. შ. მიზეზი მარტივია: აქტებს შორის ფილმში რაღაც უნდა აჩვენონ, მაგრამ სერიოზული სიუჟეტის და დიალოგების მოფიქრება არავის უნდა. ჰოდა, აჩვენებენ სრულიად უმნიშვნელო დეტალებს რეალურ დროში. უმბერტო ეკო თვითონ ავლებს პარალელს პორნოგრაფიის ამ მახასიათებელსა და სხვა ჟანრის ხელოვნების ნაწარმოებების ზოგიერთ ხერხს შორის. მართლაც, გავიხსენოთ ბრაზილიური ან ვენესუელური სერიალები, ანდაც თუნდაც მრავალი ქართული ტელეპროდუქტი: ისინი სავსეა უფუნქციო ქმედებებით, რომელთა ერთადერთი დანიშნულება დროის შევსებაა.

უმბერტო ეკოზე შორსაც შეიძლება წავიდეთ (რაც გააკეთა კიდეც რობერტ სკოულზმა): თუ ნებისმიერ თხრობას წარმოვიდგენთ, როგორც სექსუალურ აქტს, რომელიც ბოლოში ორგაზმით უნდა დასრულდეს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მისთვის მომზადებაა, მაშინ ასეთი ტიპის დაბალხარისხიანი სერიალები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც პორნოგრაფიული ფილმები - განუწყვეტლივ, გულისარევამდე აჩვენებენ მონოტონურ აქტს. ამის საპირისპიროდ კარგი თანამედროვე სერიალი იმდენად ჩქარია, რომ ის უფუნქციო მონოტონურობისთვის ადგილს არ ტოვებს. თანამედროვე ამერიკული სიტკომები, მაგალითად, სავსეა პატარ-პატარა „ორგაზმებით“, რომლებსაც ხუმრობების ძალიან მაღალი სიხშირე უზრუნველყოფს. გარდა ამისა, თითოეული დეტალი ასეთ სერიალებში ჩასმულია სიმეტრიებისა და გამეორებების საათივით აწყობილ სისტემაში, სადაც შემთხვევითი, დროის შესავსებად ნაჩვენები უფუნქციო დეტალებისთვის ადგილი უბრალოდ აღარ რჩება.

სერიალების ამ მონოტონულ „პორნოგრაფიულობას“ სხვა გზებითაც შეიძლება გაექცე. სწორედ ამ პერსპექტივიდან ხდება გასაგები ისეთი რეჟისორების ტალანტი, როგორებიცაა ტარანტინო და ლინჩი. ტარანტინოს, მართალია, სერიალები არ გადაუღია, მაგრამ ჩვენს კონტექსტში მისი ფილმები მაინც საინტერესოა, რადგან ამ ფილმების დიალოგები სავსეა „პორნოგრაფიით“ (ზემოთ აღწერილი აზრით). ერთი განსხვავებით: ტარანტინოს მათში კომიკური ელემენტი შეაქვს და სწორედ ამით უსხლტება ხელიდან ტელევიზიასა და რეალობას, სადაც ასეთი უაზრო დიალოგების სიმრავლეს ხშირად განვიცდით. ხოლო რაც შეეხება ლინჩს, მან მოახერხა გაეკეთებინა სრულიად უნიკალური სერიალი - „ტვინ პიქსი“ - რომელიც თხრობის არანორმალურად დაბალ სიჩქარეს აკომპენსირებს მიზანსცენითა და სასპენსით, რომლებიც ნებისმიერ, ყველაზე უფუნქიო დეტალსაც კი არნახული მნიშვნელობის შეგრძნებას ანიჭებენ. ტარანტინო მიბაძვადია, იმიტომ რომ მან გამოიგონა მეთოდი; ლინჩი - არა, იმიტომ რომ მან შექმნა სტილი. შეიძლება გადაიღო ტარანტინოსნაირი ფილმები, ლინჩის კი მხოლოდ პაროდირება შეიძლება.

მაგრამ დავბრუნდეთ უკან, საქართველოში. ჩემი აზრით, როგორც „ცხელი ძაღლი“, ისე „ჩემი ცოლის დაქალები“ წარმატებით ართმევენ თავს ამ „პორნოგრაფიულობის“ დაძლევის ამოცანას, რომელსაც ძალიან ბევრი სხვა ქართული სერიალი ემსხვერპლა. როგორც აღმოჩნდა, ამ წარმატებისთვის არაა აუცილებელ საათივით აწყობილი ტექნიკური მაშინერია გქონდეს (რომლის საუცხოო მაგალითიც აქ შეგიძლიათ ნახოთ) და არც მაინცდამაინც გენიალობაა საჭირო (რაც რაღაც ახლის გამოგონებას გულისხმობს კინემატოგრაფიის ენაში - ა ლა ტარანტინო და ლინჩი). უბრალოდ, ორივე ქართული სერიალის შემთხვევაში შემოქმედებით ჯგუფს ეყო ცოდნა და გემოვნება, არ გადაემლაშებინა იქ, სადაც არ იყო საჭირო. ამ გემოვნების ზუსტი გაზომვა შეუძლებელია, მაგრამ მას მაყურებელი ნამდვილად გრძნობს.

„ჩემი ცოლის დაქალები“
ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს, კომედიური სატელევიზიო ჟანრიდან რატომ ავირჩიე გასულ წელს დაწყებული ეს სერიალი და არა „შუა ქალაქში“, რომელმაც თავის დროზე მართლაც დიდ აუდიტორიას შეაყვარა თავი (მის დღევანდელ მდგომარეობაზე ჯობს დელიკატურად გავჩუმდეთ). საქმე ისაა, რომ „შუა ქალაქში“ იყო სიტკომი, რომელმაც მოახერხა ხალხის კარგად გართობა, მაგრამ ვერ მოახერხა შეექმნა პერსონაჟები, რომელთა გავლითაც მოხდებოდა კოლექტიური ფანტაზიების აქტუალიზება. დები ღლონტების შესანიშნავი დუეტის გარდა, „შუა ქალაქის“ პერსონაჟები დაახლოებით იმავე პლანის ფიგურები იყვნენ - თუმცა, რა თქმა უნდა, შეუდარებლად უფრო გემოვნებიანად შექმნილნი - როგორებიც არიან დღეს „კომედი შოუს“ სკეტჩების გმირები. მათ არ ჰქონდათ ფსიქოლოგიური სიღრმე, რაც აძნელებდა მათთან იდენტიფიკაციას. მეტიც, მათ არ ჰქონდათ საკუთრივ სოციოლოგიური განზომილებაც - მაგალითად, ახალგაზრდების ცხოვრება უმეტესწილად ისე იყო „შუა ქალაქში“ წარმოდგენილი, თითქოს მათი მშობლები არც არსებობდნენ. კოლექტიური ფანტაზია, რასაკვირველია, კარგია, მაგრამ რაღაც კავშირი რეალობასთან მასაც კი უნდა ჰქონდეს.

„ჩემი ცოლის დაქალებში“ სხვადასხვა თაობების ურთიერთობის ჩვენებასთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა. დავიწყოთ იმით, რომ ეს სიტკომი კი არა, კომედიური დრამაა. თუ „შუა ქალაქის“ მოდელი ამერიკული „მეგობრები“ იყო, „რუსთავი 2“-ის სერიალი ჟანრულად უფრო „სექსი და ქალაქის“ გვერდზე უნდა დავაყენოთ. ნაწილობრივ ამ ჟანრული მიკუთვნებულობის გამო, ნაწილობრივ კი - მეტი ფსიქოლოგიზმის გამო, რომელიც პერსონაჟებს უფრო რელიეფურს ხდის, ახალმა სერიალმა შეძლო აქტივაცია გაეკეთებინა იმასთვის, რასაც, საკმაოდ მოუხერხებლად, კოლექტიურ ცნობიერებას თუ კოლექტიურ ფანტაზიას ვუწოდებ.

თუ „ცხელ ძაღლში“ ორივე მთავარი გმირი მამაკაცი იყო და ქალებს მაინც უკანა პლანის როლები ჰქონდათ, ამ ახალ კომედიაში მთავარ პერსონაჟებად სამი ახალგაზრდა ქალი გვევლინება. ეს არაა ჩვენს საზოგადოებაში ქალების როლის ზრდის ნიშანი - უბრალოდ, დეტექტივის მამაკაცები და კომედიური დრამის ქალები სხვადასხვა სივრცეებში მოძრაობენ. პირველ შემთხვევაში ჩვეულებრივი კრიმინალი აუცილებლობით გადიოდა ნაციონალური პოლიტიკისა და საჯარო პრობლემების განზომილებაში; მეორე შემთხვევაში კი საჯარო სივრცე უბრალოდ არ არსებობს: სამი ახალგაზრდა ქალი ექსკლუზიურად კერძო სივრცეში ცხოვრობს, რომელიც გარდა ოჯახისა, მართალია, სამსახურსაც მოიცავს, მაგრამ ეს სამსახურიც სრულიად პრივატული საქმეა. ოჯახი, ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები, თაყვანისმცემლები - ესაა სერიალის ახალგაზრდა ქალების სოციალური გარემო. „ცხელი ძაღლის“ გადაღებიდან ათი წელიც არ გასულა, მაგრამ ცვლილება სახეზეა.

შეიძლება ვინმე შემომედავოს - ეს განსხვავება არა პერიოდების, არამედ ჟანრების გამოაო. მაგრამ არ დავეთახმებოდი: ჩვენ გვინახავს ქართული დეტექტიური სერიალები, რომელთაც არანაირი პოლიტიკურ-საჯარო დატვირთვა არ ჰქონიათ (მაგალითად, „ყავა და ლუდი“), ხოლო კომედიური ჟანრის ქართული სერიალი არასოდეს უჩიოდა პოლიტიკოსების ვიზიტების სიმცირეს, რაც მათ საჯარო ფუნქციას თუ არ ანიჭებდა, მანიპულაციის იარაღად ნამდვილად აქცევდა. ასე რომ, თუ ჩვენ დღეს ვუყურებთ კომედიურ დრამას, რომელიც მთლიანად კერძო სივრცეში მიმდინარეობს, ეს შეიძლება გარკვეული სიმპტომი იყოს - სწორედ ჯგუფური ცნობიერებისა, რომელიც, განსხვავებით 2003 წლისგან, ქვეყნის შეცვლაზე კი არა, საკუთრი ცხოვრების მოწყობაზეა მიმართული.

გამიჭირდება იმის თქმა, ეს რეალობის ასახვაა, რომელიც ტენდენციის სახით არსებობს, თუ კიდევ ერთი უტოპია, რომელსაც ახდენა არ უწერია. მაგრამ მე მაინც მგონია, რომ დღეს საქართველოში უკვე არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც ცხოვრების აზრად სწორედ პრივატულს მიიჩნევენ და არა - საჯაროს. ეს არ გამორიცხავს ამ ადამიანების „პოლიტიზაციას“ ქართული აზრით: ანუ პოლიტიკაზე ბევრ ლაპარაკსა და ჩხუბს. მართალია, ზედაპირული პოლიტიზაციის ეს ასპექტი სერიალში ასახული არაა, მაგრამ ალბათ სწორედ იმიტომ, რომ სინამდვილეში ეს ადამიანები საკუთარი პრობლემების გადაჭრას პოლიტიკურ სფეროს აღარ უკავშირებენ (თუმცაღა არც პოლიტიკის მოწესრიგება-ნორმალიზაციაზე იტყვიან უარს). „ჩემი ცოლის დაქალები“ - ესაა სერიალი საშუალო კლასის ჩანასახზე, რომელიც პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობს. მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ სერიის პერსონაჟების პროტოტიპები რეალურ ცხოვრებაში ნაცმოძრაობასა თუ „ქართულ ოცნებაზე“, მათი ცხოვრების ჭეშმარიტება მათი კერძო ცხოვრების დრამებია, რომლებსაც სერიალი ასე ნიჭიერად გადმოგვცემს. ხოლო სოციალურად ეს იმის მომასწავებელია, რომ საქართველოში ნელ-ნელა ხდება პრივატული სფეროს ავტონომიზაცია, რომელიც აღარც ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეა დამოკიდებული და აღარც უშუალო ფიზიკური ძალადობის საფრთხეზე. უბრალოდ ეს პრივატული სფერო ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ადამიანის პრივილეგიაა - მათი, ვისაც კარგი შემოსავალი აქვს. მოხდება თუ არა ამ ადამიანების რიცხვის ზრდა, ამას, ალბათ, ასე ათ წელიწადში ვნახავთ, შემდეგი კარგი ქართული სატელევიზიო სერიალის ანალიზისას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG