Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 31 აგვისტო 2012

2012 წლის 21 თებერვალს ხუთი ახალგაზრდა ქალი, რომლებიც ქალთა პანკ-ჯგუფის Pussy Riot-ის წევრები არიან, თავზე ჩამოცმული ნიღბებით შეიჭრა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში და საკურთხეველზე შემომდგარმა შეასრულა სერგეი რახმანინოვის საგალობლის „Богородице дева“-ს მოტივებზე შექმნილი საკუთარი საპროტესტო-პოლიტიკური შინაარსის პანკ-ვერსია: „ღვთისმშობელო, ქალწულო, პუტინი განდევნე!“. ამ ფემინისტური პანკ-აქციის ფორმაც და შინაარსიც იმდენად პროვოკაციული აღმოჩნდა (ჯგუფის სახელწოდებაც - Pussy Riot-ი, „ვაგინის ამბოხს“ ნიშნავს), რომ ამან არა მხოლოდ რუსეთის ხელისუფლება და სამღვდელოება ან მორწმუნეები აღაშფოთა, რომლებმაც მკრეხელობად და საკუთარი რელიგიური გრძნობების შებღალვად აღიქვეს ახალგაზრდა ქალების ნამოქმედარი, არამედ თავდაპირველად ვერც რუსი ლიბერალები ვერ მალავდნენ საკუთარ გაღიზიანებას და, როგორც ლიბერალებს ზოგადად სჩვევიათ, სხვისი, თანაც უმრავლესობის რწმენისადმი პატივისცემაზე აპელირებდნენ. ფაქტობრივად, Pussy Riot-ის პირველი და ალბათ ერთადერთი გულწრფელი დამცველები თუ მხარდამჭერები რუსული კონტრკულტურის წარმომადგენლები აღმოჩნდნენ, როგორიცაა, მაგალითად, რუსული კინოანდერგრაუნდის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელი, რეჟისორი არტურ არისტაკისიანი ან აქციონისტი ხელოვანი ოლეგ კულიკი. ხოლო პუტინის რეჟიმის ცნობილი კრიტიკოსი იური შევჩუკი თავის პირველ კომენტარებში გარკვეული დისტანციის შენარჩუნებას ცდილობდა და გოგონების საქციელსაც გასაკიცხად მიიჩნევდა.

რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ განგაშის ზარი შემოჰკრა და თებერვლიდან მოყოლებული თითქმის დღე არ გასულა, რომ რუსულ მედიაში თითო სამღვდელო პირს მაინც თავისი აღშფოთება არ გამოეხატა და დამნაშავეთა დასჯა არ მოეთხოვა. თავად პატრიარქმა კირილმა, რომელიც პანკ-აქციის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო და მას „საგალობელში“ ასეთი სიტყვები ეძღვნებოდა - „Патриарх Гундяй верит в Путина, Лучше бы в Бога, сука, верил“, - მთელი რუსეთის მასშტაბით საყოველთაო ლოცვაც კი ჩაატარა მწვალებლობისა და ღვთის გმობის წინააღმდეგ. მართლმადიდებელმა ეკლესიამ 21-ე საუკუნეში უცებ სრული სიცხადით აჩვენა ის სახე, რაც ადრე ისტორიის სახელმძღვანელოებიდან თუ მხატვრული ლიტერატურიდან იყო ცნობილი: ერთი მხრივ, როგორც ძალაუფლების დამცველი და მისი ლეგიტიმურობის გარანტი და, მეორე მხრივ, როგორც სადამსჯელო ინსტანცია, რომლის უმთავრესი დანიშნულება სრული შეუწყნარებლობაა ყველა სახის „ერესის“ მიმართ, ანუ ყოველივე განსხვავებულისა და ახლისადმი, რომელიც მას არ აღიარებს უმაღლეს ავტორიტეტად, არ ემორჩილება, მის კრიტიკას ბედავს.

მას შემდეგ, რაც პანკ-ჯგუფის სამი წევრი დააპატიმრეს და პროკურატურამ მათთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, ეს ამბავი თანდათან საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა. დაპატიმრებულთა მხარდასაჭერად უკვე ევროპისა და ამერიკის დიდ ქალაქებში ეწყობოდა და ეწყობა საპროტესტო აქციები, ხოლო დასავლეთის ქვეყნების ლიდერები, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი თავიანთ ოფიციალურ განცხადებებში გამოთქვამდნენ შეშფოთებას სამი ახალგაზრდა ქალის დაპატიმრებისა და მათი არაადეკვატურად მაღალი სასჯელის გამო. სასამართლომ 17 აგვისტოს დაპატიმრებულებს 2 წლით შრომა-გასწორების კოლონია მიუსაჯა. განაჩენმა და მანამდე მთელმა სასამართლო პროცესმა Pussy Riot-ი პროტესტისა და უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლოდ აქცია რუსეთის მიმართ კრიტიკულად განწყობილ დასავლეთსა და პროდასავლური შეხედულებების რუსულ თუ პოსტსაბჭოთა საზოგადოებებში. დღეს უკვე ამ ამბის შესახებ არა მხოლოდ პოლიტიკოსები საუბრობენ, არამედ ლამის ყველა მეტ-ნაკლებად ცნობილი ინტელექტუალი საკუთარ ინტერპრეტაციას თუ არ გვთავაზობს, პოზიციის დაფიქსირებას მაინც ცდილობს.

ამ მრავალ მოსაზრებასა და კომენტარს შორის ორი მინდა გამოვყო, რომლებიც, ჩემი აზრით, განსაკუთრებით ზუსტად გადმოსცემს Pussy Riot-ის ფენომენისა და მათი ყველაზე ცნობილი აქციის არსს და მნიშვნელობას. პირველია პოპულარული თანამედროვე სლოვენი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი, თავისი მკვეთრად გამოხატული მემარცხენე-კრიტიკული პოზიციით ძალაუფლების სტრუქტურებისა და მექანიზმების მიმართ, რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში წაკითხულ ლექციებზე თქვა, რომ Pussy Riot-მა თავისი აქციებით რუსეთის ხელისუფლების ფარული უხამსობა გამოამჟღავნა. ანუ მან აიძულა რუსეთის ხელისუფლება. თავისი ის სახე ეჩვენებინა, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არ არის ხილული. სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობია ის არგუმენტაცია, რომელიც ჟიჟეკმა თავისი მოსაზრების დასასაბუთებლად გამოიყენა. თუმცა, ამ მოსაზრების უკეთესად გაგებაში დაგვეხმარება ჟიჟეკისგან რადიკალურად განსხვავებული პოზიციების ულტრაკონსერვატორი რუსი ინტელექტუალი და პოლიტიკური მოაზროვნე ალექსანდრ დუგინი, რომელმაც, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის პათოსსა და შეთქმულებათა თეორიისაკენ სწრაფვას, ყველაზე ზუსტად აღწერა მომხდარი ამბის არსი და მნიშვნელობა, - კიდევ ვიმეორებ, დუგინისეული შეფასებებისგან დამოუკიდებლად. ამასთანავე, თემა, რაზეც დუგინი საუბრობს, - ძალაუფლებისა და ეკლესიის ურთიერთკავშირი რუსეთსა და, ზოგადად, მართლმადიდებელ სამყაროში, - მნიშვნელოვანია საქართველოსათვის, როგორც მართლმადიდებელი და, ამდენად, რუსეთთან კულტურულად საკმაოდ ახლოს მყოფი ქვეყნისათვის.

დუგინის თქმით, რუსეთი, რომლის ნაციონალური იდეაც ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობასა და, ამდენად, მართლმადიდებელი სამყაროს წინამძღოლობაზე დგას, ისწრაფვის საერო და სასულიერო ხელისუფლებების „სიმფონიისაკენ“, რაც ბიზანტიური ყაიდის კონსერვატორული პოლიტიკის ამოსავალი პრინციპია. ხელისუფლება, რომელიც საეროსა და სასულიეროს ჰარმონიულ ურთიერთთანამშრომლობას გულისხმობს, საკრალურია და მასზე თავდასხმა, რუსეთის პოლიტიკური სხეულის ყველაზე სათუთ და მგრძნობიარე წერტილზე თავდასხმაა.

Pussy Riot-მა, რასაც სრულიად მართებულად აღნიშნავს დუგინიც, სწორედ ეს შეძლო და თავისი აქციით, - ერთი ცნობილი რუსული ზღაპრის ალეგორია რომ მოვიშველიოთ, - იმ კვერცხს შეეხო, რომელშიც უკვდავი კაშჩეის სიცოცხლის დამცველი ნემსი ინახება. შესაბამისად, ამან ხელისუფლების ორივე ინსტანციის განგაში გამოიწვია და სახელმწიფოც და ეკლესიაც სრული პარანოიით შეეცადა წინ აღდგომოდა ხუთ გოგონას, რომლებსაც ისინი რუსეთისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო შეთქმულების ინსტრუმენტებადაც წარმოაჩენდნენ. ანუ, შეიძლება დამაჯერებლობით ითქვას, რომ არც პანკი გოგონების მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი არ ყოფილა მედიის სპექტაკლი და არც რუსეთის ხელისუფლებისა და ეკლესიის რეაქცია - გადამეტებული. ამაში უკეთესად გასარკვევად კი მოკლედ გადავხედოთ იმ ვრცელ თემას, რასაც მართლმადიდებლობის პოლიტიკური შინაარსი გადმოგვცემს თავისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებითა და სახეცვლილებებით.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებელი ეკლესია, განსხვავებით კათოლიკურისაგან, არასდროს ყოფილა სუვერენული და საერო ხელისუფლებისგან გამიჯნული. ის შეიქმნა სახელმწიფო იდეოლოგიად ბიზანტიის იმპერიისა, რომელიც საკუთარ თავს ღვთაებრივი წესრიგის მიწიერ განსახიერებად განიხილავდა, და მისი მთავარი ფუნქცია მიწაზე აშენებული ამ საკრალური წესრიგის დაცვა იყო. განსხვავებით კათოლიციზმისგან, მართლმადიდებლობა „ნაციონალური“, ავტოკეფალური ეკლესიებისგან შედგება, რომლებშიც წირვა-ლოცვა ადგილობრივ ენებზე სრულდება და თითოეულ ეკლესიასაც საკუთარი მეთაური ჰყავს. თუმცა კი მართლმადიდებელი ეკლესიის სიმბოლური წინამძღოლი არა რომელიმე სასულიერო პირი, არამედ ბიზანტიის იმპერატორი იყო – ერთადერთი „ბასილევსი“, ხელმწიფე, რომელსაც მართლმადიდებელი პოლიტიკური თეოლოგია „ღმერთის ანალოგად“ მიიჩნევდა. იმპერატორი, რომელიც პანტოკრატორ ქრისტეს განასახიერებდა, იყო მართლმადიდებლობის საყრდენი ღერძი. ასეთ პირობებში არანაირი მნიშვნელობა ცალკეულ მართლმადიდებელ ეკლესიათა ავტოკეფალურობას არა აქვს. გადამწყვეტი მხოლოდ კეისარი და მისდამი დაქვემდებარებული ეკლესიაა. სხვათა შორის, ამავე ანალოგიით ქმნის სტალინი საბჭოთა იმპერიასაც, სადაც ყველა მოკავშირე თუ ავტონომიურ რესპუბლიკაში პარტიული ხელმძღვანელობა ადგილობრივი კადრებით კომპლექტდება და სამუშაო ენაც რუსულთან ერთად ყველგან ადგილობრივი ნაციონალური ენაა. სახელმწიფოს მოწყობის ეს პრინციპი „კორენიზაციის“ სახელითაა შესული საბჭოთა კავშირის ისტორიაში.

კიდევ ერთი ისტორიული მაგალითი რომ გავიხსენოთ: XI საუკუნის დასაწყისში, როდესაც საქართველოს მეფეები გიორგი I და ბაგრატ IV ბიზანტიასთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებიან, კათალიკოსი მელქისედეკი მადლობას უხდის ბიზანტიის იმპერატორებს ბასილისა და კონსტანტინეს სვეტიცხოვლის მშენებლობაში ფინანსური დახმარებისა და შემოწირულობებისათვის, აგრეთვე ოკუპირებულ ტაოს ტერიტორიაზე მისთვის 10 სოფლის ჩუქებისათვის. ეს კი მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ქართული ეკლესია ლოიალურია არა ქართული სახელმწიფოსი, არამედ იმპერიის, როგორც მართლმადიდებლური პოლიტიკური წესრიგის განსახიერებისა. ეს ვითარება იცვლება დავით აღმაშენებლის მიერ მოწვეული რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად.

რუის-ურბნისის საეკლესიო კრება, რომელიც მანკიერებასთან ბრძოლის პათეტიკურ სიმბოლოდაა ქცეული თანამედროვე ქართულ რიტორიკაში, სხვა არაფერი ყოფილა, გარდა საქართველოს მეფის მიერ ქართული ეკლესიის ბიზანტიისათვის წართმევისა და საკუთარი თავისთვის დაქვემდებარებისა, მთელი თავისი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობიანად, რომელიც საეროსა და სასულიერო ძალაუფლებების ერთ თანამდებობაში მოქცევას და მის სახელმწიფო მოხელედ ქცევას გულისხმობდა. ამ კრებაში რომ მორალი და „ქუაბ-ავაზაკთა“ პრობლემა წმინდად პროპაგანდისტული მხარეა, იმაშიც ჩანს, რომ სწორედ დავით აღმაშენებელი აიძულებს ეკლესიას ყველაზე მეტად არაეკლესიურ და ამორალურ საქციელს: აღსარების საიდუმლოს გაცემას! ფაქტობრივად, მთელი სამღვდელოება მეფის ჯაშუშად, ხოლო ეკლესია სადაზვერვო-საინფორმაციო სამსახურად გარდაიქმნება. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ „გავმზადებულვართ ახალ ბიზანტიად“, რაც მართლმადიდებელ სამყაროში წარმოუდგენელიც კი იყო და ვერც ქართველი მეფე ვერ ირქმევს ბასილევსის ტიტულს, - რადგანაც მართლმადიდებლური პოლიტიკური თეოლოგიით ერთადერთი ბასილევსი, ბიზანტიის კეისარი არსებობს, - არამედ საკუთარი სიძლიერის გამოსახატავად ირანული „შაჰინ შას“ („მეფეთა მეფის“) წოდებით იმოსება. რუის-ურბნისით საქართველოში პირველი ტოტალიტარული, საყოველთაო კონტროლსა და შიშზე დამყარებული სახელმწიფოს პრეცედენტი შედგა, რომელსაც პოლიტიკურად დასუსტებასთან ერთად ტრანსნაციონალურობისა და იმპერიულობის ყოველგვარი თეორიული შანსიც კი გაუქრა.

1453 წელს ბიზანტიის აღსასრულთან ერთად მართლმადიდებლური „სიმფონიაც“ კვდება და ერთი საუკუნის შემდეგ მის გაცოცხლებას იწყებს მოსკოვის სამთავრო, რომლის მიერ გაერთიანებული რუსეთიც საკუთარ თავს ახალ ბიზანტიად წარმოადგენს. თუმცა ზენაციონალური ბიზანტიისაგან განსხვავებით, რუსული ბიზანტინიზმი ერთი ეთნოსის – „წმინდა რუსეთის“ რჩეულობაზეა დამყარებული და ამით კონფლიქტში შედის იმპერიულ უნივერსალიზმთან. სწორედ ამ დეფიციტის შეცვლას ცდილობს პეტრე I, რომელსაც რუსეთში ევროპული წესები შემოაქვს და მთელი თავისი რეფორმებით საფუძველს უთხრის რუსულ ბიზანტინიზმს. აქედან მოყოლებული ჩნდება ორი რუსეთის – ტრადიციულ-„ბიზანტიურისა“ და ევროპულ-განმანათლებლურის იდეა, რომელიც XIX საუკუნეში სლავოფილებისა და მედასავლეთეების დაპირისპირებაში გამოიხატა. ოქტომბრის რევოლუციითა და სტალინის რეჟიმის დამყარებით, რუსეთში კვლავაც ბიზანტიური მოდელი იმარჯვებს, თანაც სწორედ მის პირვანდელ სახესთან უფრო მეტად მიახლოებით, ვიდრე ეს რუსულ მესიანიზმში იყო. ოღონდ, ბიზანტიისგან განსხვავებით, ეკლესიისა და მართლმადიდებლობის ადგილი საბჭოთა იდეოლოგიასა და მმართველ კომუნისტურ პარტიას, თეოკრატიისა - იდეოკრატიას უკავია.

იდეოკრატიული სახელმწიფო – ესაა თეოკრატია ღმერთის გარეშე. საბჭოთა კავშირის დანგრევა, ბიზანტინიზმის პერსპექტივიდან, ისეთივე კატასტროფა იყო, როგორიც კონსტანტინოპოლის დაცემა. დამარცხდა არა მხოლოდ სოციალისტური წყობილება და საბჭოთა სისტემა, არამედ დაიშალა ის ზე-პოლიტიკური საძირკველიც, რომელზედაც ან რომელთან ჭიდილშიც რუსული კულტურა იდგა. ასეთ ვითარებაში კვდომის პირას მყოფ რუსულ მართლმადიდებლურ-ნაციონალურ იდეას მხსნელად პუტინი მოევლინა. სწორედ პუტინმა აღადგინა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ის სიმფონიური თანამშრომლობის პრინციპი, რომელზეც დუგინი საუბრობს. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ დაიბრუნა თავისი ძველი, ლამის პეტრე პირველამდელი ადგილი და ფუნქცია, როგორც ყველაფერ უცხოსა და დასავლურის მიმართ მტრულისა და მუდამ ერესის წინააღმდეგ მებრძოლი იდეოლოგიური აპარატისა.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, Pussy Riot -ის აქცია ყველაზე ძლიერი და ზუსტად მონიშნულ მიზანში მოხვედრილი დარტყმა იყო რუსულ-მართლმადიდებლური პოლიტიკური სისტემისათვის, რომელსაც პუტინის რეჟიმი განასახიერებს. ჟიჟეკი ხსენებულ ლექციაზე ასეთ შეფასებას აძლევს პანკ გოგონათა ფენომენს: „პარადოქსია - Pussy Riot-ი იმიტომ იქცა გლობალურ ფენომენად, რადგანაც ის საკმაოდ ლოკალური, კონკრეტული, ძალიან რუსული ფენომენია. როდესაც თქვენ კონკრეტული, ნაციონალური და ლოკალური ხართ, სწორედ მაშინ ხდებით უნივერსალური.“ Pussy Riot-მა შეძლო დასავლური საპროტესტო ხელოვნების ფორმა გადმოეტანა რუსულ რეალობაში და მასში მთლიანად რუსული შინაარსი ჩაედო. ცნობილი რუსული საგალობლის თავიანთ პანკ-ვერსიაში ისინი ღვთისმშობელს მიმართავენ ვედრებით, განდევნოს პუტინი, მაგრამ საამისოდ ჯერ თავად ღვთისმშობელი უნდა გახდეს ფემინისტი! ამ მკრეხელობის შედეგად, ღვთისმშობელი უკვე აღარაა ეკლესიის საკუთრება და ის საპროტესტო კულტურის სიმბოლოდ გარდაისახება, რომელიც ამბოხებულ გოგონებთან ერთად ეკლესიის, პუტინის, კაგებეს და ფულის ალიანსს უპირისპირდება. Pussy Riot-ი რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ თავად რუსული კულტურის ამაღლებულ სიმბოლოებს იყენებს. ამგვარად, დახურულ კულტურულ სივრცეში უცხო ელემენტი კი არ შემოიჭრება, არამედ ერთგვარი მოკლე ჩართვის შედეგად შიგნიდან ნგრევას იწყებს.

მკრეხელობის, ერესის, მწვალებლობის რევოლუციური ძალა, - როგორც პოლიტიკური, ასევე კულტურული თვალსაზრისით, - სწორედ ისაა, რომ იგი სარწმუნოების ან კულტურის შეცვლას, მისგან გაქცევას კი არ გულისხმობს, არამედ მის შიგნით, მისი კანონებისა და ნორმების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, შიგნიდან აფეთქებს მის გალავანს და ჩაკეტილი და ლოკალური უნივერსალურ ორბიტაზე გაჰყავს. ასეთი მოვლენა კი ჯაჭვურ რეაქციებს წარმოშობს და მუდამ რელიგიასთან ალიანსში მყოფი კონსერვატიულობის წინააღმდეგ მიმართულ გლობალურ ფორმად გადაიქცევა. ამისი ერთ-ერთი რადიკალური მაგალითია უკრაინელ ფემინისტთა მოძრაობა „ფემენის“ აქცია. ამდენად, Pussy Riot-ი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თანამედროვე რადიკალური საპროტესტო კულტურის გლობალურ ფენომენად, რომელიც თანაბრად უჯანყდება როგორც რელიგიურ-პოლიტიკურ კონსერვატიზმს, ასევე გლობალურ ფინანსურ სამყაროსაც და ხელოვნების ტოტალურ გაკომერციულებას.

თუმცა, ამგვარი მოვლენა, ვფიქრობ, საქართველოს ჯერჯერობით არ ემუქრება. საქართველოში, სადაც წინასაარჩევნო კამპანია ერთ დიდ რელიგიურ დღესასწაულს ჰგავს და სადაც ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთმანეთს ეჯიბრებიან პირჯვრის წერასა და ხატებზე მთხვევაში და სამშობლოს ტირანიისგან თუ კრემლის ურჩხულისგან გათავისუფლების ფარსი სიკეთისა და ბოროტების ბრძოლის ესქატოლოგიურ ხარისხშია აყვანილი, შეუძლებელიც კია პროტესტი და კრიტიკა გაჩნდეს თავად ძალაუფლებისა და მისი მანიპულატორული მექანიზმების, სოციალური თუ პოლიტიკური ჩაგვრის მიმართ. საქართველოში პოლიტიკა პერსონიფიცირებულია და ის მთლიანად ამა თუ იმ მხსნელ ძალასთან იგივდება. Pussy Riot-ის, ისევე, როგორც ნებისმიერი შემდგარი შემოქმედებითი ამბოხის, ამოსავალი პრინციპი კი ისაა, რომ ამბოხებული "არავისიანია", არცერთი პოლიტიკური სტრუქტურის ინტერესებს არ გამოხატავს, მთლიანად სუვერენულია და თანაბრად უპირისპირდება ძალაუფლების ყველა ინსტიტუციას.
”მე დავიწყე ომი!” - ასეთი სტატუსი გამოაქვეყნა ფეისბუკზე მხატვარმა გიორგი კევლიშვილმა.

უცნაურად დაემთხვა. იმ დღეს სწორედ ამაზე ვფიქრობდი. არა იმაზე, რომ ”პუტინმა დაიწყო ომი!”, და, მით უმეტეს, არც იმაზე, რომ ”სააკაშვილმა დაიწყო ომი!” (მოდაშია. არჩევნები ახლოვდება)... არამედ იმაზე, რომ მე... დიახ, მე დავიწყე!

საბაბი ნათია მიქიაშვილის ძალიან ცუდი გადაცემა იყო. პირადად ჩემთვის, გამოუსწორებელი ფორმალისტისა და დეკადენტისთვის, მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმას, რას ამბობს წამყვანი, არამედ იმას, როგორ ამბობს. როცა ვატყობ, რომ წვალობს, რადგან მთელი არსებით, მთელი სხეულით - ხმით, თვალით, ტუჩით - უნდა, რომ დამაჯეროს, რასაც ამბობს, მეცინება და ვეღარ ვუსმენ. მით უმეტეს, თუ აზრის გასამტკიცებლად, ემოციის გასამძაფრებლად, უპათეთიკურესი მუსიკა დაადო, ”ვოკალიზებით”... მესმის, რომ ამას არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა. მაგრამ ჩემთვის აქვს! ასეთ შემთხვევებში სულ მგონია, რომ ობიექტურობის პრეტენზიით მოცული ”გამოძიება” ადამიანთა მანიპულაციისთვის და შესაბამისად გარკვეული პოლიტიკისთვის, ამ შემთხვევაში კი კონტრპროპაგანდისთვის, იქმნება.

ეს სიტყვა, ”კონტრპროპაგანდა” ჩემს ცხოვრებაში აქტუალური 80-იან წლებში, ანდროპოვის დროს გახდა. ტელევიზიაში დავიწყე მაშინ მუშაობა და ერთ დღეს აგვიხსნეს, რომ ”ცივი ომის” გამო, ვინაიდან დასავლეთი ახალი ტექნოლოგიების დახმარებით მიმართავს პროპაგანდას (ვიდეო შემოვიდა!), უნდა გადავიდეთ კონტრპროპაგანდაზე - ანუ იმ ფორმით, სტილით, ჟანრით ვიმუშაოთ, როგორც ”მტერი” მუშაობს, ოღონდ სრულიად საწინააღმდეგო ვთქვათ.

ფაქტობრივად, ეს სტალინური ეპოქის რეინკარნაციას ჰგავდა. სწორედ სტალინმა მოინდომა, მაგალითად, ”საბჭოთა ჰოლივუდის” აშენება იალტაში 1936 წელს. მართალია, იდეა ვერ განხორციელდა, მაგრამ დაიწყო საბჭოთა ყოფაში გადატანილი ”ჰოლივუდური სერიალების” გადაღება. ”პოტიომკინის” ისტორიას აღარ გავიხსენებ, ჩვენც გვინდა ჩვენი ”პოტიომკინიო”, გებელსმა რომ ბრძანა.

აქაც ასე მოხდა, საქართველოში. როგორც კი გაჩნდა არასახელისუფლო მედია ამ არჩევნების წინ, დაიბადა ბუნებრივი იდეა, გაკეთებულიყო იმის საწინააღმდეგო, რასაც ”იმედი” და”რუსთავი 2” აკეთებდა. ჰოდა, არაფერი გასაოცარი არაა იმაში, რომ 2008 წლის აგვისტოზე გადაღებული პროპაგანდისტული გადაცემები, რომლებშიც ასევე მთელი არსებით - ხმით, თვალით და ტუჩით - გვიხსნიდნენ, როგორი საშინელი ქვეყანაა რუსეთი და რა საშინელ დღეშია სამყარო რუსეთის ხელში. ასევე იმას, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო პატარა საქართველოს გვერდითაა რუსეთის წინააღმდეგ, შეიცვალა ასეთივე ფორმის, სტილის, ჟანრის, პათოსის ”ტელეფილმით”, ოღონდ საწინააღმდეგო აზრით, რომელიც მოკლედ, ორი სიტყვით ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს - ”ომი დაიწყო მიშამ!”

ამ აზრის გასაძლიერებლად მოიჭრა ინტერვიუები მართლაც ძალიან კარგი ფილმიდან, რომელიც BBC-მ გადაიღო აგვისტოს ომზე, ამ აზრის გასაძლიერებლად, მეტი ეფექტისთვის, დაედო ”ახალგაზრდა ჰიტლერელების” მარში ქართველ წვეულთა კადრებს. იმ წვეულების, რომელთაგანაც შეიძლება ყველა არცაა ცოცხალი!

ესაა პროპაგანდისა და კონტრპროპაგანდის ”დისკურსი” - რაღაცები შეიძლება შეწირო სათქმელს. საერთოდ, ”მსხვერპლი” დაიშვება... მიზანი ამართლებს საშუალებას.

იაფფასიანი მედიისთვის ჩვეულებრივი ამბავია და ქართული მედია არც ამითაა განსაკუთრებული.

უცნაური სხვა რამეა, ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე ”მოდელირებული ქრონიკის” გამართლება დაიწყო, დღეს აღშფოთებას ვერ მალავს ნათია მიქიაშვილის ფილმით. ის ხალხი, ვისაც არ ჰქონდა რეაქცია რუსეთზე გაკეთებულ პროპაგანდისტულ კარიკატურებზე, გვიმტკიცებს, რომ მედია არ უნდა იყოს პროპაგანდისტული. თუმცა ესეც არაა მთავარი - ორივე მხარე ომის დაწყებას მხოლოდ და მხოლოდ სხვას აბრალებს და არანაირად არ აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას.

არადა ეს ომი შუა საუკუნეებში არ მომხდარა, მასზე შექმნილი მითებით რომ გავაგრძელოთ ცხოვრება.

რადიო თავისუფლებას არქივი აქვს... შეგიძლიათ მოუსმინოთ - შეგიძლიათ გაიხსენოთ ქართველი პოლიტიკოსების, ექსპერტების, უბრალო მოქალაქეების მოსაზრებებს. განსაკუთრებით საინტერესოა 2008 წლის 7 აგვისტო, როცა მიხეილ სააკაშვილი აღფრთოვანებული - ასევე მთელი სხეულით - გვიამბობდა ქართული ჯარის მიერ ცხინვალის რეგიონის სოფლების ”განთავისუფლებაზე”! მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ”ომი მიშამ დაიწყო”. რადგანაც ამ აღფრთოვანებას მეორე ხმას აძლევდა სრულიად ქართული საზოგადოება... არა, მართალი მითხრა ზაალ ანდრონიკაშვილმა, მრავლობითი რიცხვის პირველი პირი რატომ გიყვარსო - პირადად მე ვაძლევდი მეორე ხმას! პირადად მე ვოცნებობდი ჩემი სახლის ხელახლა ნახვაზე გაგრაში, რადგან ”იქაური სუნი” დღესაც მესიზმრება... ვოცნებობდი და გულის სიღრმეში ყოველთვის მქონდა იმედი, რომ კიდევ მოვხვდებოდი ჩემს სამოთხეში... მე. და სხვაც, არა მარტო მე... რომელი სიტყვა ჯობია ამ დროს ვიხმარო, არ ვიცი... ”ვუკვეთავდი”? ჰო, მე დავუკვეთე ეს ომი ქართულ ხელისუფლებას, რადგან მჯეროდა, რომ ამერიკაში გაწვრთნილი, კარგად შეიარაღებული ქართული ჯარი ზუსტად ისე შეძლებდა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას, როგორც, მაგალითად, ხორვატიამ დაიბრუნა სერბიისგან - ელვისებური ოპერაციით, მინიმალური მსხვერპლით!

”მიშა კაცური კაცი ხარ!” - წერდნენ forum.ge-ზე.

არ არის გამორიცხული, ავტორი ფრაზისა ”მიშა კაცური კაცი ხარ!” დღეს ნათია მიქიაშვილის ფილმით იყოს აღფრთოვანებული, რადგან მისთვის პრობლემა არა ომი, არამედ წაგებული ომია!

მისთვის და იმ პათეტიკური სიყალბის ავტორებისთვის, რომელთაგან 2008 წლიდან დღემდე ზოგი, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, ”აპრავებდა” ამ ომს, ზოგი კი (ეს ხალხი უფრო დღეს გააქტიურდა მაინც და მაინც, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ) მოულოდნელი პაციფისტის როლში მოგვევლინა და იმის მტკიცება დაიწყო, რომ ”ომი მიშამ დაიწყო!”

ომი დავიწყე მე! რადგან მე შეურაცხყოფილი ვიყავი იმის გამო, რაც მოხდა აფხაზეთში. მე წამართვეს სახლი! მე შეურაცხყოფილი ვიყავი და ვოცნებობდი ხელისუფალზე, ”კაცურ კაცზე”, რომელიც ჩემს სამოთხეს დამიბრუნებდა.

რა არის აქ გაუგებარი? რა არის გაუგებარი იმაში, რომ მე და ჩემნაირების დაკვეთა შეასრულა საქართველოს ხელისუფლებამ? მით უმეტეს, რომ 2008 წელს მას ძალიან სჭირდებოდა დაემტკიცებინა ჩვენთვის, რომ ”კაცური კაცია!”

მე მხოლოდ მსუბუქად ვქილიკობდი მილიტარისტულ, ვითომ სამხედრო-პატრიოტულ პროპაგანდაზე, რომელსაც ხელისუფლება 2006, 2007, 2008 წლებში ეწეოდა. ვქილიკობდი, მაგრამ იმ დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, ველოდი, როგორ ”კაცურად” დამიბრუნებდა ჩემი ხელისუფლება წართმეულ ტერიტორიებს. უფრო მეტიც, მეც დავდექი ჯაჭვში ჩემს თანამემამულეებთან ერთად, მეც მინდოდა, რომ მსოფლიოს მართლაც დაეკეტა საზღვარი რუსი ბიზნესმენებისთვის (ქართული მედიის არქივი ნახეთ! ეს უფრო საინტერესოა, ვიდრე ე.წ. ”აკრძალული კადრები”), ბოიკოტი გამოეცხადებინა სოჭის ოლიმპიადისთვის. კიდევ მჯეროდა. ამჯერად სხვა ”კაცური კაცების”, თუნდაც ჯორჯ ბუშის და იმედი მქონდა, რომ ბათუმში ჩამომდგარი ამერიკული გემი შეურაცხყოფილის და დამარცხებულის საშინელი განცდისგან გამათავისუფლებდა.

ახლა გავიდა დრო. აგერ ”პროპაგანდაც” ვნახეთ და ”კონტრპროპაგანდაც”. დროა ვნახოთ რაღაც სხვა. ის, რაც საკუთარ პასუხისმგებლობას თუ არ გაგვააზრებინებს, იმაზე მაინც დაგვაფიქრებს, რომ არასდროს უნდა ვენდოთ ”კაცურ კაცებს”. ისინი ძალიან სახიფათონი არიან... უფრო სწორად, სახიფათოა ჩვენი ეს ვნება - ”კაცური კაცების” იმედად ცხოვრება. ამის გააზრება პირველი ბიძგი იქნება კათარზისისთვის, უსაზღვროებისა და თანასწორობის განცდისთვის, იმის შეგრძნებისთვის, რომ აფხაზი და ოსი... უფრო მეტიც, რუსიც, სომეხიც, თურქიც ჩვენი ძმაა. ჩვენ ადამიანები ვართ! და ეს შეგრძნება საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დავიწყოთ მეზობლებთან დიალოგი.

არ გამოვაო, არ მითხრათ ახლა. რა იცით, რომ არ გამოვა?!

პირველ ნაბიჯს ასეთს გთავაზობთ. დღეში ერთხელ, ისე, რომ არ დავძაბოთ სხეული, - ჩვენი ხმა, თვალები და ტუჩი, - სრულიად მშვიდად ვუთხრათ ჩვენს თავს: ”მე დავიწყე ომი!”

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG