Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ორშაბათი, 14 იანვარი 2013

იქნებოდა დილის ოთხი საათი, როდესაც თბილისს ფრანკფურტიდან გამოფრენილი თვითმფრინავი მიუახლოვდა. რეისი 15-16 წლის ზრდასრული, მოწიფული, ზომიერად ფერ-ხორციანი გოგო-ბიჭებით იყო სავსე. ამერიკიდან ბრუნდებოდნენ. 1996 წელი იდგა. მე მეშვიდე რიგის შუა სავარძელში ვიჯექი. მხრებამდე თმა და ამაზრზენი ბლანჟე მქონდა. Offspring-ის ჩონჩხიანი მაისური მეცვა.

იმდროინდელი ემოციები საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ მაშინდელი სცენები დღესაც ცხადად წარმომიდგება, თითქოს გარედან ვუყურებდე ჩემს თავსაც და სხვებსაც.

ორმოცდაათამდე გოგო-ბიჭი ვართ, რომლებმაც ათი თვე გავატარეთ ამერიკული სკოლის დამამთავრებელ კლასში. უმეტესობას, ბუნებრივია, ძალიან ენატრება სახლი - მაშინ არც ინტერნეტი ჰქონდა ვინმეს და არც ესემესი. ტელეფონით დარეკვა ოთუსბირი ღირდა. თვეში ოთხჯერ რომ გელაპარაკა 15-15 წუთი, ფული სულ აღარ დაგრჩებოდა.

ახლა კი დაღლილობისგან ყველა გაწამებულია. ყველა დაცლილი ჩანს. სახლის მონატრება ერთია, მაგრამ ამას თან ფიზიკური დაღლილობა ემატება. ბევრი დღე-ღამეზე მეტია, რაც გზაშია. უმეტესობა მარტო გამოფრინდა ამერიკის პატარა ქალაქიდან უფრო დიდ ქალაქში, იქიდან ჩიკაგოში ან ნიუ-იორკში და მერე - გერმანიაში. გზადაგზა თავისნაირებს - ამერიკამოვლილ ქართველებს - შეხვდა. პატარა ჯგუფები ნელ-ნელა გამსხვილდა და ბოლოს, ფრანკფურტში, ერთად აზვავდა თვითმფრინავში.

ეს მეორე დიდი ნაკადი იყო, რომელიც ასეთი მასობრივი გაცვლითი პროგრამით ეწვია ამერიკას. მანამდე უცხოეთში სასწავლად ვიღაცები კი დადიოდნენ, მაგრამ თითო-ოროლა - ან ძალიან მდიდრები, ან ძალიან იღბლიანები. ჩვენ კი ამერიკელმა გადასახადის გადამხდელმა დაგვაფინანსა. პროგრამის აზრი ის იყო, რომ ბავშვებს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან ამერიკულ სკოლაში ესწავლათ და მერე სამშობლოში ჩაეტანათ თავისუფლების სურნელი და ლიდერებადაც ჩამოყალიბებულიყვნენ. პროგრამას ასეც ერქვა: Freedom Support Act (დღეს ჰქვია FLEX – Future Leaders Exchange. ისეთი მასშტაბური აღარ არის, მაგრამ მაინც კარგი რამეა).

სხვებს რა გეგმები ჰქონდათ მომავალ ლიდერობასთან დაკავშირებით, არ ვიცი. ჩემი მიზნები უფრო მოკრძალებული იყო: მენახა ამერიკა, მეყიდა კარგი მაგნიტოფონი (თავისი ბევრი დისკით), მქონოდა სექსი და... და მეტი, მგონი, არც არაფერი.

ახლა, აქეთობას, ნაწილობრივგეგმაშესრულებული მოვდივარ: ჩანთაში სონის ყველაზე იაფიანი მაგნიტოფონი მიდევს, თავისი 4 დისკით (სამი ნახმარია, კლასელისგან შეძენილი და ერთიც - ახალი. კიდევ ბევრი კასეტა მაქვს). ამას გარდა, მომაქვს ჟურნალ „Rolling Stone“-ის ათი თვის ნომრები.

კიდევ ქაღალდის პარკი მაქვს, რომელშიც ქურთუკია ჩატენილი და „ეივონის“ შამპუნის ოცამდე ტესტერი ყრია. პარკი ნაწილობრივ გახეულია და ტესტერები ძირს ცვივა (ამერიკელი „დედა“ „ეივონის“ პროდუქციას ჰყიდდა და უპრიანად მიიჩნია, საჩუქრად სახლში ტესტერები გამოეტანებინა. მანამდე საბეჭდი მანქანის ჩუქება გადაწყვიტა, რადგან კომპიუტერი იყიდეს და აღარ სჭირდებოდათ. უმძიმეს რკინის ჯართზე რომ ზრდილობიანად წიხლი ვუკარი, გაბრაზდა).

მეტი მაინცდამაინც არაფერი მომაქვს. არც მატერიალური და, არც, მგონი, სხვანაირი. პიროვნულ ზრდას და ლიდერად ჩამოყალიბებას თავს ვერ ვატყობ. რა ბითურიც ჰამბურგერის ჭამამდე ვიყავი, ისევ ის ბითური დავრჩი.

იქვე შავტუხა გოგო ზის, რომელსაც თმაზე წითელი „პიორიშკები“ გაუკეთებია, გვერდით მჯდომ ბიჭს გამიზნულად აბოყინებს სახეში და თან ნაზად უღიმის. ამაყი სახე აქვს. შეურაცხყოფას კი არ აყენებს, უფრო აჩვენებს, რა ისწავლა. ახლა აღარ ვიცი როგორაა, მაგრამ მაშინ ამერიკის სკოლაში მიღებული საქციელი იყო.

ჩემგან ორი რიგით უკან მჯდომი მოხეული ბიჭი უყვება სხვებს, როგორ აგინა დედა საორიენტაციო შეხვედრაზე გაცნობილ უზბეკებს. ეგ ბიჭი კარგად მახსოვს ამერიკაში წასვლამდე გამართული შეხვედრებიდან. თეთრი, გაუთოებული პერანგი ეცვა ხოლმე, თმა ბოლომდე ჰქონდა დავარცხნილი და შეკრებებზე რომ იჯდა, გარეთ დედა ელოდებოდა. გაზრდილა.

მარცხენა რიგში მჯდომი ბიჭი „გეიმბოის“ თამაშობს და თან ამერიკაში ნაყიდ პლეერს უსმენს. კიდევ რამდენიმე ნივთი აქვს ამოღებული, იმ დროისთვის ძვირიანი. ამბობს, იქაურმა ოჯახმა მაჩუქაო. აი, ეგეთი ჯიგრები იყვნენ, ყველაფერი მიყიდესო. მე ჩემს ტესტერებს დავცქერი და ვფიქრობ, რომ ვიღაცებს მაგრა გაუმართლა. მხოლოდ დიდი ხნის მერე მივხვდი, რომ იტყუებოდა: საქართველოდან გაატანეს ფული და უთხრეს, არ გააბაზროო.

გვერდით მჯდომი გოგო ინგლისურად მელაპარაკება, ანუ ინგლისურ ფრაზებს კი არ ურევს ლაპარაკში, არამედ სუმთლიანად ინგლისურად ლაპარაკობს. ქართულად რომ ვეუბნები რამეს, ინგლისურად მპასუხობს. რაღაც ხნის შემდეგ ვაპროტესტებ, კაი, შეჩემა, რა იყო-მეთქი. გაბრაზებული მპასუხობს (სრულიად სერიოზულად), I forgot how to speak Georgian-ო.

თუმცა, ცოტა ხანში ავიწყდება, რომ ქართული დაავიწყდა და მშობლიურ ენაზე გადადის. გარშემო ყველა თავის ამერიკელ კლასელებზე ჰყვება და იმაზე, თუ რა კარგი დრო გაატარეს (მე ვყვები, რა კარგი იყო „რედ ჰოტ ჩილი პეპერსის“ კონცერტი. ვიტყუები. არანაირ კონცერტზე იქ არ ვყოფილვარ). ეს გოგო კი მომავალზე ნერვიულობს. იმაზე კი არა, როგორ გაავრცელებს თავისუფლების სულისკვეთებას, ან როგორი ლიდერი გახდება, არამედ უფრო ახლო მომავალზე. წუხს, რა მოხდება, როდესაც თვითმფრინავი დაეშვება და ოჯახს დაინახავს.

- ნეტა მანქანით დამხვდნენ, - ამბობს და წინასწარ ბრაზდება, - უფ, აი, მეტიც არ მინდა, ავტობუსით მოსულები დავინახო!

ძალიან ნერვიულობს.

როცა ვამბობ, ბითური ვიყავი-მეთქი, არ ვხუმრობ. იმ თვითმფრინავში სერიოზული დეგენერატი ზის Offspring-ის ჩონჩხიანი მაისურით. აი, არაფრის აზრზე არ არის ცხოვრებაში. მაგრამ მეც კი ვხვდები, რომ ავტობუსით იმას სახლში არავინ წაიყვანს.

ეგრეც ვეუბნები, ერთი წელი ამერიკაში იყავი, მალე გათენდება, ბარგი გაქვს, იშოვიდნენ შენები სადმე მანქანას და ისე წაგიყვანენ-მეთქი. არც ჩემებსა ჰყავთ მანქანა და არც ჩემების ჩემებს, მაგრამ რამეს მოახერხებენ და შენებიც ეგრე-მეთქი.

მაგრამ ის გოგო არ მისმენს. აღარც ინგლისური ახსოვს და აღარც არაფერი. იმას ფიქრობს, როგორ ჩასვამენ ავტობუსში მშობლები და ბრაზისგან კანკალებს.

ამ ამერიკაში წასვლა-წამოსვლისას ბევრი შთაბეჭდილება მივიღე. ჯერ კიდევ წასვლამდე გამოცდების ჩაბარება რად ღირდა (უზარმაზარი კონკურსი იყო, ლამის საქართველოს ყველა მეათეკლასელი მონაწილეობდა)! მერე თვითონ უცხო ქვეყანაში და უცხო ქვეყნის ოჯახში ცხოვრება. ამერიკული სკოლა. იქაური წეს-ჩვეულებები. მოკლედ, ამდენი რამე...

მაგრამ, იმ დროიდან ყველაზე ცხადად მაინც ეს „ქართულდავიწყებული“ გოგო მახსოვს. როგორ ეშინოდა დაბრუნების! და რისი ეშინოდა! და როგორი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა!

- ოღონდ ავტობუსით არ წამიყვანონ. Fuck! ოღონდ ავტობუსით არ წამიყვანონ.

ნეტა დამენახა, რით დახვდნენ...
ერთ მშვენიერ დღეს (რამდენიმე კვირის წინ) ნაციონალური მოძრაობის ცნობილმა „სახეებმა“ ფეისბუკზე შეთქმულებივით დაიწყეს ერთსიტყვიანი გზავნილის გამოქვეყნება: „აპრილი!“ „აპრილი!!“ „აპრილი!!!“. ფეისბუკის საზოგადოების ნაწილი შეშფოთდა და შეუდგა გამოკითხვას, თუ რას ნიშნავდა ეს უცნაური თამაში. ბევრი კი მაშინვე მიხვდა, რომ „აპრილი“ ნიშნავდა იმ თარიღს, როცა მიხეილ სააკაშვილს შეეძლო, დაეთხოვა პარლამენტი და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაენიშნა.

ის იმედიანი და ხალისიანი განწყობა, რომლითაც სააკაშვილის თანამებრძოლები და მომხრეები ამ ერთსიტყვიან პოსტს აზიარებდნენ, პირადად ჩემთვის თვალნათლივ ადასტურებდა, რომ სააკაშვილს ჰქონდა გეგმა - ვადამდელი არჩევნები საკუთარი მთავრობით ჩაეტარებინა და საქმე გამარჯვებამდე მიეყვანა. შესაბამისად, მრავალჯერ გაზიარებული „აპრილი“ იყო არა თამაშის ნაწილი, არამედ პოლიტიკური გეგმის კოდური სიტყვა, რომელსაც სააკაშვილის მომხრეებში მხნეობა უნდა შეეტანა და გაემრავლებინა.

„აპრილი“ დღემდე რჩება პრეზიდენტის გუნდის ერთადერთ იმედად, ერთადერთ ხავსად, რომელიც ხელისუფლებაში კანონიერად დაბრუნების თეორიულ შანსს უტოვებს ნაციონალურ მოძრაობას. თუ აპრილის თვე პარლამენტის დათხოვნის გარეშე ჩაივლის, თეორიულადაც და პრაქტიკულადაც შემდეგი „მსხვილი“ პოლიტიკური მოვლენა იქნება ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად საქართველო ახალ პრეზიდენტს აირჩევს.

როგორც დეკემბრის ბოლო დღეებში გაირკვა, ბიძინა ივანიშვილსაც სათანადოდ უფიქრია აპრილზე და შეუმუშავებია გეგმა, რომელიც, მისივე შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ საბოლოო გამარჯვებას მოუტანს. ამ გეგმის ერთადერთი საჯაროდ გახმაურებული პუნქტია ისეთი საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თუ ვადამდელი არჩევნები დაინიშნება, მას ჩაატარებს არა სააკაშვილის, არამედ ივანიშვილის მთავრობა.

თავი რომ არ შეგაწყინოთ იურიდიული დეტალებით, პირდაპირ გეტყვით: ამ ბრძოლაში გასამარჯვებლად ბიძინა ივანიშვილს პარლამენტში 100 ხმა (სრული შემადგენლობის ორი მესამედი) სჭირდება. როდის დაითხოვს სააკაშვილი მთავრობას, როდის მიიღებს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს, როდის დანიშნავს პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს - ეს პროცესის დეტალებია. ფინალში კი გამარჯვება ელოდება იმას, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში პარლამენტში 100 ხმას გააკონტროლებს.

როგორც „ოცნება“ იუწყება, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მას უკვე ჰყავს ასი და მეტი მომხრე. თუ ეს მართალია, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ოპერაცია „აპრილი“ მის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე მარცხით დამთავრებულა; ნაციონალურ მოძრაობას ხელისუფლებაში დაბრუნების ბოლო შანსი დაუკარგავს და ახლა მხოლოდ ამ რეალობის დადასტურებას უნდა ველოდოთ აპრილის თვეში.

თუმცა, ვიცით, რომ მიხეილ სააკაშვილი მებრძოლი ხასიათით გამოირჩევა. შესაძლოა, მას ალტერნატიული გეგმებიც ჰქონდეს, მაგრამ ის გეგმები კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოში ვეღარ ჩაეტევა. ერთადერთი ქმედება, რომელიც პრეზიდენტს კანონიერების ჩარჩოში დატოვებდა და ბრძოლის გაგრძელების შანსსაც შეუნარჩუნებდა, მის მიერ დანიშნული მთავრობით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო, არის და იქნება. სხვა შანსი არ არსებობს. ამიტომ, სააკაშვილის მომხრეებისთვის კოდური სიტყვა „აპრილი“ თავის სასიცოცხლო მნიშვნელობას აპრილის თვის ამოწურვამდე შეინარჩუნებს.

არის კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი, რის გამოც აპრილს ის ადამიანებიც ველოდებით, ვისაც ახალი ხელისუფლების მიმართ მეტ-ნაკლებად მწვავე შეკითხვები და მეტ-ნაკლებად კრიტიკული მოსაზრებები დაგვიგროვდა. მართალია, ივანიშვილის მთავრობას ზოგი ძველი თანამშრომლების დატოვებისთვის აკრიტიკებს და ზოგი კიდევ - ძველების გაშვებისთვის; მართალია, ზოგი უკმაყოფილოა საკადრო პოლიტიკით; ზოგი წერს და ხმამაღლა საუბრობს იმ განუკითხაობის შესახებ, რაც ადგილობრივ ხელისუფლებებში ხდება; ზოგს მიღებული ამნისტია აეჭვებს და ზოგს - მისაღები; ნეპოტიზმიც განხილვის თემად იქცა; ყბადაღებული ტარიფებიც ქილიკის მიზეზია და დაკავებული თანამდებობის პირების მიმართ წაყენებული „რბილი“ ბრალდებებიც; „მეცხრე არხის“ ტკივილიც მოუშუშებელია და ვერც ის უცნაურობა გავარკვიეთ, რატომ მოუხდა ჩვენი ქვეყნის პრემიერს ბაქოში პირველივე ვიზიტისას ბოდიშის მოხდა; - მაინც შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ადამიანი - და, მათ შორის, მეც - ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ ახალი ხელისუფლების საქმიანობის ძირფესვიანი შეფასებისგან.

პირადად ჩემი და, რამდენადაც მესმის, სხვების არგუმენტიც მხოლოდ ის ასდღიანი ვადა არ არის, რომელიც ახალი მთავრობის შეფასებას სჭირდება ხოლმე დემოკრატიულ ქვეყნებში. მთავარი მიზეზი მიხეილ სააკაშვილი, მისი გუნდი და აპრილთან დაკავშირებული მათი გეგმებია. პრეზიდენტის თანამოაზრეებს და თანამებრძოლებს ვერ გაუგიათ, ხელისუფლებისთვის ბრძოლას აგრძელებენ, თუ ახალ ცხოვრებას იწყებენ ახალ პოლიტიკურ რეალობაში. ამიტომ, ისინი ერთდროულად არიან თავდაცვის და თავდასხმის რეჟიმში, რაც მათში ორმაგ აგრესიას აღვიძებს. საკმარისია, ვინმემ კრიტიკული შეკითხვა დასვას ახალი ხელისუფლების მიმართ, რომ სააკაშვილის ოდიოზური მხარდამჭერები მაშინვე გვერდით მჭიდროდ მიეკრობიან ქირქილით, ან ნიშნისმომგებიანი პოზით, ან ყალბი თანაგრძნობით, და იწყება არაადეკვატური გამოხმაურებების ზვავი: „ააა, აბა რა გეგონათ?!“ „ახლა აღარ მოგწონთ ივანიშვილი?!“ „დაგეწყოთ გულის ფრიალი?!“ „შეგიწყვიტათ ბიძინამ დაფინანსება?!“ „გრძნობთ მუხლების კანკალს?!“ „ჯერ სადა ხართ, ახლა ნახეთ ჩარეცხვა!“ „კარგია, თუ გონზე მოხვედით“ და ასე შემდეგ...

ასეთი არაჯანსაღი რეაქცია კრიტიკაზე აბსოლუტურად აუფასურებს ნებისმიერ სერიოზულ შეკითხვას თუ შეფასებას. საკუთარ მინდორზე „გადაქაჩვის“ ეს ძალისმიერი პოლიტიკა უკიდურესად აღიზიანებს ძალადობით დაღლილ ადამიანებს.

როცა აპრილი ჩაივლის და ყველას ზუსტად ეცოდინება, რომ ნაციონალური ხელისუფლების რეანიმაციის კანონიერი შანსი თეორიულადაც კი აღარ არსებობს, დარწმუნებული ვარ, ადამიანები დაკარგავენ მოტივსაც და სტიმულსაც, თავს გრძნობდნენ ერთდროულად მსხვერპლად და მოძალადედ. ეს ნიშნავს, რომ კარგი მოქალაქეობა აღარ იქნება გაიგივებული სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლასთან და, შესაბამისად, ჩაცხრება ბევრი დაუსაბუთებელი აგრესია.

იმ პირობებში, როდესაც კრიტიკა იქნება მხოლოდ კრიტიკა და არა მოგება-წაგების (ანუ „ნულოვანი ჯამის“) თამაშის ნაწილი; იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას მეტი საშუალება მიეცემა, სწორად აღიქვას ჩვენი მცდელობა და ძალდაუტანებლად ჩამოაყალიბოს თავისი დამოკიდებულება ჩვენი მოსაზრების მიმართ, მეც და, იმედი მაქვს, სხვებიც ვიტყვით ყველაფერს, რაც გვაწუხებს და რის თქმასაც სასარგებლოდ მივიჩნევთ ჩვენი საერთო სამშობლოს მომავლისთვის.

ოპერაცია „აპრილის“ ოფიციალურ დახურვამდე კი მხოლოდ იმას გავიმეორებ, რაც ერთხელ უკვე დავწერე: შიში სწრაფად განქარდა, ხალხი გააქტიურდა, მომავლის დაგეგმვაც შესაძლებელი გახდა, არც უიმედობაა, ახალი წელიც დადგა, მაგრამ გულში სიხარული არ არის...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG