Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 28 ნოემბერი 2013

ხშირად ვიხსენებ გიგა ლორთქიფანიძის მიერ 90-იანი წლების დასაწყისში ნათქვამ სიტყვებს, ზვიად გამსახურდია როგორი პრეზიდენტია, ერთხელაც არ ყოფილა თეატრშიო.

გაბრაზდა მაშინ ინტელიგენცია - არ გვპატრონობს, ყურადღებას არ გვაქცევსო და ცოტა ხანში, მას მერე რაც გამსახურდია დაამხეს, აეროპორტში წავიდა, ედუარდ შევარდნაძის დასახვედრად.

შევარდნაძემ გაითვალისწინა წინამორბედი კოლეგის შეცდომა და არა მარტო თეატრში დაიწყო სიარული. შევარდნაძის ინიციატივით დაარსდა ორგანიზაცია “თბილისი და თბილისელები”, სადაც საქართველოში დაბრუნებულმა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, და, რაც მთავარია, საქართველოს ყოფილმა ცეკას მდივანმა, აიძულა ის ხალხი, ვინც თავის თავს “ნამდვილ თბილისელს” უწოდებს (კანონიერი ქურდების, მექრთამეების, პოეტების, რეჟისორების, მხატვრების ეს უცნაური ნაზავი), მრავალჯერ გადაეხადა მადლობა ქვეყნის გადარჩენისთვის, კულტურის მიმართ გაწეული ამაგისთვის. აიძულა, მიეღო თავის წრეში.

სოციალური წრე, რომელსაც “თბილისელი” ჰქვია, ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი სივრცეა საქართველოში. ეს წრე მრავალრიცხოვანი არაა, მაგრამ ყოველთვის იყო გავლენიანი, რადგან მისი წევრების გემოვნებაზე, ცხოვრების სტილზე, აზროვნების სტილზე იგებოდა კულტურა საქართველოს უახლეს ისტორიაში. 2003 წელს ამ წრემ “ვარდების რევოლუციაშიც” მიიღო მონაწილეობა. თუმცა, უფრო მეტად, ზურაბ ჟვანიას და ნინო ბურჯანაძეს უჭერდა მხარს. მიხეილ სააკაშვილის ექსცენტრიკული სტილი მაინც და მაინც არ მოსწონდა. სააკაშვილიც გრძნობდა ამას: ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ იგი სრულიად გაემიჯნა “კარენოი თბილისელებს”, უფრო მეტიც, “ჩასარეცხად” გაიმეტა ზოგიერთი მათგანი. ასე გაიმეორა მან ზვიად გამსახურდიას შეცდომა. და ისტორიაც დატრიალდა.

“თბილისელების ნაზავმა” ჯერ ბადრი პატარკაციშვილთან გამონახა საერთო ენა, მერე კი, პატარკაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან დაიწყო დაახლოება. ნიშანდობლივია, რომ იმ ადამიანებში, რომელთაც ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე ფინანსურად ეხმარებოდა, სწორედ თეატრალები სჭარბობდნენ; “პიგმალიონისა” არ იყოს, ქართულ თეატრალურ სივრცეში მოხვედრილებმა ისწავლეს “ხარისხიანი მეტყველება”, მერე კი, როცა სოციალური ქსელები გაჩნდა, იმის მტკიცება დაიწყეს, რომ “რბილი ‘ლ’ კლავს”.

თუმცა ეს რბილი “ლ” ივანიშვილამდე ვერ აიტანეს. ზურაბ ჭიაბერაშვილის, როგორც მერის, “დაწუნების” მთავარი მიზეზი, თუ გახსოვთ, ის გახდა, რომ “გარეუბნელია”, რომ სუფთად არ მეტყველებს. ზოგიერთს არ მოერიდა და ქალაქის მერის სიმაღლეც კი გაგვახსენა. ერთი წერილი მახსოვს გაზეთ “24 საათში” (არ არის, სამწუხაროდ, ინტერნეტში, ამიტომ წერილის ციტირებას ვერ ვახერხებ). ფრიად განსწავლული ქალბატონი, როგორც წესი, გემოვნებაზე და თბილისელობაზე რომ მსჯელობდა ხოლმე, თბილისის მერს “არათბილისურ მეტყველებაში” ამხელდა და მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხურვალე მხარდამჭერი იყო, გულისტკივილს გამოხატავდა, რატომ ნამდვილი თბილისელი არ ავირჩიეთ მერადო.

ჰოდა, არა აქვს მნიშვნელობა, საქართველოში ვისი მხარდამჭერი ხარ. ნაცმოძრაობის თუ, მაგალითად “ქართული ოცნების” - ეს “ურბანული ფაშიზმი” ზეპოლიტიკური მოვლენაა და რეალურ პოლიტიკურ მოვლენებს არ უკავშირდება. ესაა ჩვენი საზოგადოების და, შესაძლებელია, ჩვენი კულტურის უკურნებელი სენი, რომელიც თუ არ გავიაზრეთ, რომელსაც თუ არ დავცინეთ, ვილნიუსი კი არა, საქართველოს პატრიარქის ლოცვაც კი ვერ გვიშველის.

“მე როგორც თეთრი ყვავი, ისე ვიყავი თბილისში. სულ ყველანი ერთმანეთს იცნობდნენ, ვინ შემოვიდოდა ოფისში, მოვიყვანდი ახალ კაცს, თითქოს გავაცნობდი და ყველანი ერთმანეთს გადაეხვეოდნენ. ყველას ნაცნობობა ჰქონდა. მე ხომ თბილისელი არა ვარ და არ ვიცნობდი. მე თბილისში ვერ დავმაგრდი. ჩამოვედი და წავედი მერე,’’ იგონებს ბიძინა ივანიშვილი.

ნამდვილად “კინემატოგრაფიული სურათია”, როგორც თავადაც ამბობს, “თეთრი ყვავის” მიერ დანახული თბილისი, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და თანაც ისე იცნობს, რომ არა აქვს მნიშვნელობა, იზრდება თუ არა ქალაქი. თბილისი შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ მისი სახე უცვლელი რჩება. თბილისში უცვლელი რჩება “პატარა თბილისი”, რომლის მცხოვრებლები კვლავაც ფლობენ “მენტალურ ძალაუფლებას” და ყველაფერს დათმობენ, შეიძლება სამშობლოც დათმონ, მაგრამ ამას, ნამდვილი თბილისელის წოდებას - არასდროს.

მიუხედავად ამისა, ბიძინა ივანიშვილმა (ფორმალურად “ქართულმა ოცნებამ“) - არ ვიცი, გააზრებულად თუ დაუფიქრებლად - თბილისის მერის კანდიდატად დაასახელა კაცი, რომელიც ამ სივრცის ნაწილად არ მოიაზრება; არც “პიგმალიონის” სკოლა აქვს გავლილი და, შეიძლება ითქვას, მასავით “თეთრი ყვავია”. განსხვავება ისაა, რომ ნარმანიას წლების მანძილზე ხელფასები არ გადაურიცხავს “კარენოი თბილისელებისთვის”, ლიხტენშტაინის სურათები არ დაუკიდია კედელზე... ასეთი “თეთრი ყვავი” კი, რომლისგანაც მოგებას ვერ ნახავ, რომელიც არ გაღიარებს, როგორც ელიტას, ამ ჩვენს მრავალჭირნახულ ქართულ ინტელიგენციას არ სჭირდება! მას თავისიანი უნდა თბილისის მერის პოსტზე. განა არა ჰყავს კანდიდატი? რამდენი ჰყავს - პოეტები, ბიზნესმენები, პოეტი ბიზნესმენები!.. რა ვიცი, რა დალევს “ჯიშიან ხალხს”, მაღალ-მაღალ თბილისელებს?

ნარმანიას დასახელებას უმალვე მოჰყვა პანიკა. თავად “ოცნების” მხარდამჭერმა ინტელიგენციამ დაიწყო “თბილისის მაჯისცემაზე”, “თბილისურ აქცენტზე” მსჯელობა. მაინცდამაინც კატეგორიულად არა, რადგან ჯერაც კარგად ვერ გარკვეულა მთავარში - მართლა მიდის თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან. და მართლაც რომ წავიდეს, ასე რომ დატოვოს ეს ხალხი დავით ნარმანიას ამარა, თქვენი არ ვიცი და მე პირადად კარგად ჩამესმის ყურში რომელიმე ქართველი თეატრალის (რატომღაც თეატრალი მგონია) აღშფოთებული მონოლოგი, რომელიც ასე დაიწყება “დაგვიტოვა სოფელი და წავიდა!”

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ისტორიაში. ელაიზა დულიტლი, იგივე გალატეა, უარს ამბობს მიუტანოს ფლოსტები ძალაუფლების ვერტიკალზე წამოსკუპულ უქნარას, რომელიც თავის თავს “კულტურას” უწოდებს. ახლა ისღა დაგვრჩენია, დავაკვირდეთ ვინ მოიგებს ამ ბრძოლას. ვილოცოთ იმისთვის, რომ ისტორია ისევ ძველებურად არ დატრიალდეს და “ჯიშიანებმა” ისევ არ მოუგონ ბრძოლა “თეთრ ყვავებს”. ყველაფერი გამოვიყენოთ ამისთვის - ვილნიუსიც გამოვიყენოთ და პატრიარქსაც ვთხოვოთ უთხრას მრევლს, რომ კლავს არა რბილი “ლ”, არამედ ამპარტავნობა და ფარისევლობა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისა და უმცირესობის წევრთა მწვავე კამათმა და ურთიერთბრალდებებმა, რომელიც სამშაბათს, საკანონმდებლო ორგანოში გაიმართა, ცხადი გახადა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერმინისტრებით ახალი ძალით გაგრძელდება ნაციონალური მოძრაობის საბოლოო განადგურების მცდელობა. მოვლენათა ასეთი სცენარით განვითარებას კი საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს თუნდაც მათი სახით, ვინც ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის საბოლოო „მიჯირყვნით“ საზოგადოების ნაწილის თვალში, ალბათ, კიდევ უფრო მეტ პოპულარობას შეიძენს ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც სულ მალე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდება და ახალი კონსტიტუციით, სახელმწიფოს პირველ პირზე, ანუ პრეზიდენტზე მეტი უფლებითაც ისარგებლებს.

ამბიციურსა და ძალაუფლების ზენიტში მყოფ ღარიბაშვილს, ალბათ, ბევრი წააქეზებს პოლიტიკურ მოწინააღმდეგეზე საბოლოო, გამანადგურებელი გამარჯვებისაკენ. მაგრამ კეთილისმყოფელმა, წესით, უნდა გააფრთხილოს პრემიერი, რომ ეს მხოლოდ პიროსის გამარჯვება იქნებოდა, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, მძიმე დარტყმას მიაყენებდა ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს.

რთულ საერთაშორისო გარემოში მყოფი და კვლავაც ბეწვის ხიდზე მდგარი საქართველოსათვის პოლიტიკური სარბიელიდან ყოფილი მმართველი ძალის გაქრობა აუცილებლად გამოიწვევს ევროკავშირისგან საქართველოს თანდათანობით გარიყვას. ეს საფრთხე კი, როგორც ამას უამრავი საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ევროპელი პოლიტიკოსის დასკვნები ცხადყოფს, სავსებით რეალურია და მასზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს საქართველოს ახალი მთავრობა და მისი მომავალი თავმჯდომარე ღარიბაშვილი, რომელმაც, როგორც 19 ნოემბრის საპარლამენტო დებატებმაც ცხადყო, საკუთარ თავში ვერ დაძლია რევანშიზმის გრძნობა ყოფილი მმართველი ძალის მიმართ.

ყველამ იცის, რომ მომავალი პრემიერ-მინისტრი, როგორც თავად აღნიშნა საპარლამენტო დებატებისას, იმ ასიათასობით ადამიანს შორისაა, რომელთა ოჯახის წევრები სააკაშვილის რეჟიმის დროს დაზარალდნენ (ვგულისხმობ მისი სიმამრის, გენერალ თამაზ თამაზაშვილის შეთითხნილი მიზეზით დაპატიმრებას).

მეტიც, როგორც გაირკვა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ღარიბაშვილი „ნეოფაშისტურ წარმონაქმნად“ მიიჩნევს, რაც ყოფილი მმართველი პარტიისათვის თვით ბიძინა ივანიშვილსაც კი არ უწოდებია. „თქვენი რეჟიმი, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო რაღაც ნეოფაშისტური წარმონაქმნი“, - ასე მიმართა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გივი თარგამაძეს 19 ნოემბერს პარლამენტის უმცირესობასთან შეხვედრისას.

„ნეოფაშისტური რეჟიმის“ (თუნდაც ყოფილის) წარმომადგენელთა განადგურების საბაბით, კი ნებისმიერი საშუალების გამართლება შეიძლება. მით უმეტეს, როცა სამხილების მოსაპოვებლად შორს წასვლა სულაც არ არის საჭირო. შინაგან საქმეთა აწ უკვე ყოფილ მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, უდავოდ საკუთარი თვალით ექნება ნანახი ის ათასობით საიდუმლო საქმე, წინა ხელისუფლების დაკვეთით, უკანონო თვალთვალის გზით რომ შეიქმნა და ახლა სწორედ იმ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ გამომძიებლებმა.

შესაბამისი დავალების ზედმიწევნით შესრულება კი, წესით, არ უნდა გაუჭირდეს შინაგან საქმეთა მომავალ მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, რომელიც ბრძანებების უსიტყვო შემსრულებელი კაცი ჩანს და, თანაც, აშკარად უნდა აწუხებდეს „კოგნიტიური დისონანსი“. მას შემდეგ, რაც ნაციონალური მოძრაობის წევრებმა აღმოაჩინეს, რომ 2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრიც მონაწილეობდა „სახალხო კრების“ მიერ ორგანიზებული მიტინგის დარბევაში, მათ დაასკვნეს, რომ ახლა ჭიკაიძე მოისურვებს, ნაციონალური მოძრაობის წევრთა სამაგალითო დასჯით გაემიჯნოს არასახარბიელო წარსულს და ერთგულება დაუმტკიცოს ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც 19 ნოემბერს ნაციონალური მოძრაობის დეპუტაციამ ლამის განკითხვის დღე მოუწყო.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ ვალში არც ღარიბაშვილი დარჩენილა. არცთუ სასიამოვნო საყურებელი საათნახევრიანი კინკლაობისა და დავიდარაბის ბოლოს, ის ნახევრად ხუმრობით დაემუქრა პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ მალე მათ „ძალიან მძიმე შეკითხვებზე“ მოუხდებათ პასუხის გაცემა.

არა, ზოგადად რა სჯობია თუ პოლიტიკოსები პარლამენტში იჩხუბებენ, „ორთქლს“ გამოუშვებენ და დაიცლებიან უარყოფითი ემოციებისაგან. მაგრამ რაკი საქართველოში ჯერ კიდევ არ არის, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყოდა, „შესატყვისი პოლიტიკური კულტურა“, 19 ნოემბრის დისკუსიას აუცილებლად ექნება გაგრძელება წინა ხელისუფლების წევრთა სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესის ახალი ძალით დაწყების სახით.

და რადგან საქართველოში დღეს ბევრია ისეთი, ვინც ნაციონალური მოძრაობის, როგორც „დანაშაულებრივი ორგანიზაციის“, გაუქმებასა და სააკაშვილის რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს, ღარიბაშვილს სერიოზული მუშაობა მოუწევს საკუთარ თავსა და მხარდამჭერებთან, რათა არ აჰყვეს რევანშისტების ფეხის ხმას და ისედაც საკმაოდ დასუსტებულსა და ერთიანობაშერყეულ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან შემდგომ ქიშპს საქართველოს ევროპული კურსიც არ გადააყოლოს. რადგან, მოგვწონს ეს თუ არა, საქართველოში დემოკრატიის სიმწიფეზე ევროპაში იმსჯელებენ არა იმით, თუ მოსახლეობის რა ნაწილი ემხრობა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის სრულ ინტეგრაციას, არამედ იმით, თუ ყოფილი ხელისუფლების რამდენი წევრი აღმოჩნდება ციხეში კოჰაბიტაციის დასრულების შემდეგ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG