Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2013

საქართველოში ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, თითქმის ყველა გიპასუხებთ, რომ 1992 წლის 14 აგვისტოს უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში აფხაზეთში შეიარაღებული ძალის შეყვანა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შტურმით აღება, სეპარატისტების ლიდერის, პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას გაძევება და შენობაზე ქართული დროშის აღმართვა, იყო უდიდესი შეცდომა, რომელსაც წელიწადნახევრიანი ომი, ბანდფორმირებების თარეში, ქვეყნის ეკონომიკის გაჩანაგება და საბოლოო ჯამში სოხუმის დაცემა მოჰყვა. ასევე ძალიან ცოტა საღად მოაზროვნე ადამიანი თუ დარჩა საქართველოში, რომელიც ამართლებს თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, თენგიზ კიტოვანის, როგორც შემსრულებლის, და ედუარდ შევარდნაძის, როგორც პროცესების თვითდინებაზე შეგნებულად მიმშვების თუ უბრალოდ სამხედრო საბჭოს ხელში მაშინ ჯერ კიდევ უუნარო ლიდერის, საქმიანობას.

მეტიც, სოციალურ ქსელებში არაერთი ადამიანი მოითხოვს მაშინდელი სახელმწიფოს ლიდერის, ედუარდ შევარდნაძის გასამართლებას, რომელიც ცდილობს ყველაფერი თენგიზ კიტოვანის „თვითშემოქმედებას“ დააბრალოს და ყველა მის ინტერვიუსა თუ მემუარებში გაურბის პირად პასუხისმგებლობას 21 წლის წინანდელი საომარი მოქმედებების დაწყების გამო.

მოკლედ, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ამ ეპიზოდის მიმართ საზოგადოებაში თითქოს მეტ-ნაკლები თანხმობა არსებობს. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ეს განპირობებულია არა უახლესი ისტორიის უმძიმესი პერიოდის კრიტიკული გადააზრების სურვილით, არამედ ამ ორი კონკრეტული პოლიტიკოსის მიმართ არსებული ანტიპათიით.

თუ ეს ასე არაა, მაშინ საქართველო ჩუმად, გლოვით და წუხილით უნდა ხვდებოდეს ყოველ 14 აგვისტოს. ყველა ჩვენგანი, თუკი მხოლოდ პიროვნული ზიზღი და შურისძიების გრძნობა არ გვამოძრავებს, სირცხვილით უნდა იწვოდეს ქართველი პოლიტიკოსების იმ შეცდომის გამო, რასაც ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე უფრო წარმტაცი რეგიონის დაკარგვა, ორივე მხრიდან ათასობით ადამიანის დახოცვა, ასეულ ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან აყრა და, როგორც შედეგი, რუსეთის შუამავლობით კაბალური სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში საქართველოს ხვეწნა-მუდარით შესვლა მოჰყვა.

მაგრამ საქმე ისაა, რომ შევარდნაძე და კიტოვანი კი გვინდა გავამტყუნოთ, ოღონდ არც ის გვსურს, რომ მარტო მათზე გადატყდეს ჯოხი და ვცდილობთ, სხვებიც მივაყოლოთ. შესაბამისად, ბოლოდროინდელი ქართული პოლიტიკის ამოცანად იქცა, კიდევ უფრო დიდ დამნაშავეებად და სასწაულმოქმედ პროვოკატორებად წარმოჩენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მაშინდელი სეპარატისტული ხელისუფლებისა, რომელმაც თურმე რუსეთის დახმარებით მოახერხა და ომში ჩაითრია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება. ანუ ჩვენდა უნებურად შევქმენით კლიშე, რომ კონფლიქტი აფხაზეთში 1992 წლის აგვისტოში გარდაუვალი იყო. ამით კი ძალაუნებურად გავამართლეთ შევარდნაძეც და კიტოვანიც, რომლებიც, ჰაინრიხ ბიოლისა არ იყოს, დიდ სამსჯავროზე მამაზეციერის დასმულ შეკითხვაზე “სად იყავი შენ, ადამ?!“ თამამად მიუგებენ: „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში, რუსეთს ვებრძოდი, უფალო“.
უსაქმურობამ მიჩვევა იცის. ძალიან თავისუფალი ხდები. თავისუფლება კი დიდი რამეა. არავისზე ხარ დამოკიდებული და მერე გიჭირს ამ დამოუკიდებლობლობის დაკარგვა.

შენი დღე მაშინ იწყება, როცა გინდა და არ მთავრდება, თუ არ გინდა. დროს შენ თვითონ განაგებ. მაგრამ ეს ფურცელზე უფრო დამაჯერებლად ჩანს. სინამდვილეში საქმე ასე მარტივად არ არის. ისეთი რამეები ჩაგითრევს, რომ ილუზორულ თავისუფლებასაც შეელევი შენდაუნებურად.

ყოველ შემთხვევაში, მე ასე დამემართა. ტელევიზორმა ჩამითრია. უფრო სწორად, საზაფხულო სპორტულმა სატელევიზიო სეზონმა.

ყველაფერი ჩოგბურთში საფრანგეთის ღია ჩემპიონატით დაიწყო. ნადალის გამო ჩავუჯექი. ძალიან მაგარია, მაგრამ კი არ ვგულშემატკივრობდი, პირიქით: უკვე იმდენჯერ აქვს მოგებული საფრანგეთი, რომ მინდოდა, სხვას გაემარჯვა. არაფერი გამომივიდა. ისე მოიგო, ერთი წამითაც არ შეგეპარებოდა ეჭვი. ერთადერთი, ჯოკოვიჩთან დაღვარა ოფლი ნახევარფინალში.

სხვა გზა არ მქონდა - უიმბლდონს დავუწყე ლოდინი. ვიცოდი, რომ ესპანელს ბალახზე უჭირს. მაგრამ იქ უკვე სხვა ინტერესები მქონდა. თუმცა, უიმბლდონამდე სხვა რაღაცები მოხდა და ჩემს ინტერესებზე მოგვიანებით მოგიყვებით.

სხვა რაღაცებიდან პირველ რიგში სნუკერი იყო. შეფილდის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ერთი თვე დავისვენე, სეზონის პირველი ორი ტურნირი, ევროპის და აზიის პირველი ტურები „გავმაზე“, მაგრამ „უსი კლასიკზე“ ვეღარ მოვითმინე და ჩავუჯექი. ფინალამდე ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც მინდოდა. ფინალში კი რობერტსონმა დაამარცხა ჰიგინსი. პირიქით მინდოდა, მაგრამ არა უშავს, წინა ტურნირში ჰიგინსმა მოუგო.

უიმბლდონამდე ფეხბურთში კონფედერაციის თასს შევავლე თვალი. ამ შეჯიბრისადმი ზოგადი სკეპტიკური დამოკიდებულება უკანასკნელმა ტურნირმა სასიამოვნოდ გამიქარწყლა. ერთი, ტაიტის ჰყავდა მხიარული გუნდი, თორემ ყველა დანარჩენმა შეძლებისდაგვარად იმუშავა.

ამასობაში უიმბლდონიც დაიწყო. დაიწყო, მარა რა დაიწყო! პირველ წრეში ნადალი გამოვარდა, მეორეში - ფედერერი. ქალები ნაკლებად მაინტერესებდა (ამ შემთხვევაში), მაგრამ შარაპოვას აზარენკა და სერენა უილიამსი რო მიყვნენ, გამიხარდა - ქალთა ტურნირს შავკანიანი ამერიკელი, ან თეთრკანიანი სლავი კი არა, ევროპელი მოიგებდა. ასეც მოხდა - ფრანგმა ბარტოლიმ გაიმარჯვა.

კაცებშიც სერიოზულად დაიძაბა სიტუაცია. ბოლოს და ბოლოს ფინალში ხომ რეიტინგის პირველი ორი ნომერი გავიდა. ნახევარფინალებიც ძალიან მაგარი იყო. პირველში ჯოკოვიჩმა და დელ პოტრომ ისეთ დონეზე ითამაშეს, რომ სულ ერთი იყო, ვინ მოიგებდა. მეორეში კი ვნახე მომავლის ჩოგბურთელი, პოლონელი იანოვიჩი, რომელიც მალე დიდი მუზარადის ტურნირების მოგებას დაიწყებს. მანამდე კი წააგო მარეისთან, რომელიც ერთი დღის შემდეგ პირველად გახდა უიმბლდონის ჩემპიონი.

აი, მარეის კი ნამდვილად ვგულშემატკივრობდი. რაღაც სხვანაირი სითბო მაქვს ამ შოტლანდიელების მიმართ; ნათესაური სითბო. შარშან გული ამიჩუყდა, როცა ორი ნასვამი მოხუცი შოტლანდიელი სერი ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალის შემდეგ ფინალში გასული მარეის პრესკონფერენციაზე შეიჭრა და ფინალისტის დედას მშობლიურად მიეფერა. აბა, როგორ არ უნდა აგიჩუყდეს გული, როცა ერთი მოხუცი უკვე ვადაგასული ჯეიმს ბონდი, შონ კონერია, მეორე კი - მუდმივად ლოყებაჟაღჟაღებული ალექს ფერგიუსონი?! აბა, როგორ არ უნდა მოეგო მარეის მეორე დღეს თავისი პირველი „დიდი სლემი“ ასეთი გულშემატკივრების ხელში?!

მაგ ლოგიკით უიმბლდონი კიდევ უფრო უნდა მოეგო. ამდენი მსოფლიო მნიშვნელობის ბრიტანელი ერთად, რაც იმ დღეს ცენტრალურ კორტზე იყო, მხოლოდ 1997 წელს ვნახე, პრინცესა დაიანას დაკრძალვაზე.

ერთი სიტყვით, წლევანდელი უიმბლდონით კმაყოფილი დავრჩი. ცოტა ბოლო კვირაში ვინერვიულე, როცა პარალელურად „ტურ დე ფრანსმა“ დაიწყო გახურება და ამ ორი შეჯიბრის ნაწილობრივი გადაფარვა მოხდა. მაგრამ დისტანციური მართვის პულტის ეფექტიანმა ხმარებამ დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანა. საბოლოოდ მთლიანად „ტურზე“ გადავერთე და მაგრად ვისიამოვნე, განსაკუთრებით ბოლო ეტაპზე, როცა მესამეადგილოსანი ესპანელი როდრიგესი ტრასაზე სიგარას ეწეოდა, გამარჯვებული ინგლისელი ფრუმი შამპანურს სვამდა, ხოლო მელ გიბსონის „აპოკალიპტოს“ გმირივით შეუპოვარი, სულ ახალგაზრდა მეორეადგილოსანი, კოლუმბიელი კინტანა ბავშვივით იცინოდა. იყო კიდევ რაღაც საინტერესო ნიუანსები მე-100, საიუბილეო „ტურთან“ დაკავშირებით, მაგრამ ამით აღარ დაგღლით.

აღმოჩნდა, რომ ზუსტად ორი თვე ტელევიზორში მარტო სპორტს ვუყურებდი. ამან ძალიან მომწყვიტა ქართულ რეალობას. დაბრუნება უაღრესად მძიმე და დეპრესიული გამოდგა. ნელ-ნელა მივეპარე სამამულო საინფორმაციო პროგრამებს და უცებ სხვა ეპოქაში აღმოვჩნდი:

პირადი ცხოვრების ამსახველი, უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერები, რომლებიც უკვე განადგურებული უნდა ყოფილიყო, კიდევ უფრო გამრავლებულა. შესაბამისად, უფრო გაიზარდა იმ ლოკალურ თუ უცხოელ უსაქმურთა რიცხვი, რომლებიც ამ ჩანაწერების მომავალთან დაკავშირებით, საკუთარი აზრით კეკლუცობენ. ეს ერთი.
მეორე: მიუხედავად იმისა, რომ, თურმე, მათს ინტერესებში არ შედიოდა, რუსებმა კიდევ უფრო გადმოწიეს თავიანთი „საზღვრები“ შიდა ქართლის ტერიტორიაზე და მესერი მწვანედ შეღებეს.

მერე კიდევ საქართველოს 93-პროცენტიანი რჩეული რუსეთში შეხვდა საქართველოდან გახიზნულ პროვინციელ დიქტატორს, რომლის რეპუტაცია ბევრად უარესია, ვიდრე ერთად აღებული დამოუკიდებელი საქართველოს ყველა პოლიტიკური ლიდერისა.

ამასობაში ციხეში დარჩენილი პატიმრების ნაწილი გააქტიურდა _ ჩვენ რატომ არ შეგვეხო ამნისტია, როგორც იმ 12 ათასსო და მიმართეს ბოლო 25 წლის მანძილზე საქართველოში პროტესტის ყველაზე პოპულარულ და, აქედან გამომდინარე, ყველაზე ნაკლებად ეფექტიან ფორმას - შიმშილობას.

ყველაფერს კი წერტილი დაუსვა ექსპერტიზის ბიუროს მიერ ქალიშვილობის დადგენის კომერციალიზაციასთან დაკავშირებულმა აჟიოტაჟმა. ეს უკვე არა მარტო დროში, არამედ სივრცეში წანაცვლებაც იყო - გასული საუკუნის 50-იანი წლების ლათინური ამერიკა: მთელი ეს ამბავი, თავისი ფემინისტური გარნირით, ლიოსას კალმის დონის სერიალის სიუჟეტს ჰგავდა.

იყო კიდევ ჩვენი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსებისთვის დამახასიათებელი, ურთიერთბრალდებებზე აგებული განცხადებები, მათივე, უკვე ჩვეულებად ქცეული მოძრაობები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულული ერთი პოლიტიკური დაჯგუფებიდან მეორეში და უამრავი წვრილმანი, რაც ახლო მომავალში მდგომარეობის სულ ცოტათი მაინც გამოსწორების ყოველგვარ იმედს კლავს.

ამ ამბებიდან მოწყვეტის ეფექტიან საშუალებად კი პრემიერლიგა მიმაჩნია. უბრალოდ, 17 აგვისტომდე უნდა გავძლო. მერე კი ისე ჩამითრევს, რომ წინასაარჩევნო ბატალიებს კი არა, პრეზიდენტის შეცვალასაც კი ვერ ვიგრძნობ. ვინმე კი იგრძნობს?!

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG