Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

გუშინ, როდესაც ძალიან კარგ და აუცილებლად სანახავ ფილმს – “გრძელი ნათელი დღეები” – ვუყურებდი, საკუთარი ბავშვობის გახსენებასთან ერთად, ქართული ლიტერატურის კლასიკაც მაგონდებოდა.

***

XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა სავსეა გაუპატიურებებითა და გაუპატიურების მცდელობებით. ჩვენი კლასიკური ნაწარმოებების კონფლიქტი ძალზე ხშირად სწორედ სექსუალური ძალადობის თემაზეა აგებული. ამ თემას ვერ ასცდა ვერც ილია ჭავჭავაძე ("გლახის ნაამბობი"), ვერც აკაკი წერეთელი ("გამზრდელი"), ვერც ეგნატე ნინოშვილი („ჩვენი ქვეყნის რაინდი“), ვერც დანიელ ჭონქაძე ("სურამის ციხე"); არც ალექსანდრე ყაზბეგისთვისაა ეს თემა უცხო ("მამის მკვლელი", "ელგუჯა"), და ვაჟა-ფშაველაც "სტუმარ-მანსპინძელშიც" მას წამიერად ამოატივტივებს.

გაუპატიურება ამ კონტექსტში არა ორ, არამედ სამ მოქმედ პირს გულისხმობს: უმანკო ქალს, ძალ(აუფლებ)ით აღჭურვილ ბოროტმოქმედსა და ქალის „ლეგიტიმურ“ მამაკაცს. ქალი ან თვითმკვლელობის ფასად აღწევს თავს ძალადობას, ანაც მისი მსხვერპლი ხდება, რასაც მოსდევს თაყვანისმცემლის/საყვარლის/ქმრის შურისძიება. სქემა, როგორც ვხედავთ, საკმაოდ მარტივია.

სექსუალური ძალადობის ტოპიკა XX საუკუნეშიც გადაჰყვა ქართულ ლიტერატურას: კონსტანტინე გამსახურდია, მიხეილ ჯავახიშვილი, ნიკო ლორთქიფანიძე, შალვა დადიანი თუ გრიგოლ რობაქიძე – ყველა ამ მწერლის ნაწარმოებებში სექსუალობა ექსპლიცირებული ძალადობის ჭრილშია გატარებული (მგონი ერთადერთი, ვისთანაც არავინ არავის აუპატიურებს, დავით კლდიაშვილია).

ოღონდ მე-19-დან მე-20 საუკუნეზე გადასვლისას სახეზეა, აგრეთვე, მნიშვნელოვანი ცვლილება: სექსუალურ ძალადობას აკლდება მეტოქეობის განზომილება. თუ მე-19 საუკუნეში გაუპატიურება ძირითადად ორ მამაკაცს შორის განხორცილებული კომუნიკაციური აქტი იყო ქალის საშუალებით, მე-20 საუკუნეში, უმეტეს შემთხვევაში, ეს ქალსა და მამაკაცს შორის „შეხვედრის“ მოდალობაა.

აქ ვინმე შეიძლება შემომედავოს – რა, სხვა ნაციონალურ ლიტერატურებში განა არ ხდება გაუპატიურებაო? მართლაც, ეს თემა მე-20 საუკუნის ევროპულ ლიტერატურაშიც ხშირად გვხვდება, გოლსუორთიდან შოლოხოვამდე. მაგრამ ისეთ ხშირ იდენტიფიკაციას მოძალადესთან, როგორსაც ვნახულობთ მე-20 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში, ვერ ვიხსენებ (ემბლემატური ტექსტი ამ კუთხით მიხეილ ჯავახიშვილის ერთი მოთხრობაა, სახელად „ეკა“).

რაც შეეხება მე-19 საუკუნეს, ნამდვილად არ მგონია, რომ ფრანგული, ამერიკული, ინგლისური თუ რუსული ლიტერატურული კლასიკა ასე იყოს დაინტერესებული სექსუალური ძალადობის თემით. თუმცაღა, შესაძლოა, მე-19 საუკუნის კონტექსტში ჩვენ ბევრად უფრო ახლოს ვიყოთ კოლონიზებულ, ვიდრე კოლონიზატორ ქვეყნებთან. შესაძლოა, გაუპატიურების თემა აქ დაპყრობილის მიერ განცდილი დამცირების ყველაზე მძაფრი ალეგორიზაცია იყოს. და მაინც, ამ მოვლენის აღწერის მრავალფეროვნება შეუძლებელს ხდის მის მიბმას ექსკლუზიურად ერთადერთ თემასთან, იქნება ის სოციალური თუ ნაციონალური.

მე-19 საუკუნის ლიტერატურაში ქალი ამ პროცესში თითქმის არ ჩანს; აქ მხოლოდ ორი მამაკაცი ეჯიბრება ერთმანეთს. მე-20 საუკუნის ნაწარმოებებში ჭარბობს მოძალადის პერსპექტივა, რომელიც ქალთან მის უშუალო ურთიერთობას ავლენს. რა იქნება 21-ე საუკუნის სპეციფიკა ამ კუთხით? ქალის, როგორც მსხვერპლის პერსპექტივა? ან იქნებ ქალის, როგორც მოძალადის წარმოსახვა?

ან, შეიძლება, თემა დარჩეს, მაგრამ უკვე მამაკაცის მიერ მამაკაცზე ძალადობის აქცენტი გახდეს განმსაზღვრელი. თუ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ათვლას აკა მორჩილაძის “მადათოვზე გადაფრენიდან” დავიწყებთ (რომლის შემდეგაც მორჩილაძე შედგა, როგორც ლიტერატურული ფაქტი; მანამდე მის “ყარაბაღს” მკითხველთა უაღრესად შეზღუდული წრე იცნობდა), უნდა გაგვახსენდეს, რომ სწორედ ამ ნაწარმოებში იყო ჰომოსექსუალური ძალადობის თემა – თუმცა შეფარვითა და არაპირდაპირ – ნაწარმოების სიუჟეტის წარმომშობი ფაქტორი.

კარგი ლიტერატურული და სოციოლოგიური ანალიზის გარეშე უპასუხისმგებლობა იქნებოდა იმაზე საუბარი, თუ რა კავშირშია ჩვენი – მათ შორის ლიტერატურაში ასახული – ფანტაზიები რეალობასთან. მაგრამ ფაქტია, რომ კავშირი არსებობს, და ეს კავშირი ბოლო ორი საუკუნის ქართული საზოგადოების იდილიური ყოფის სიმპტომი ვერაფრით იქნება.

***

რაც შეეხება გუშინდელ ფილმს, ყველაზე მნიშვნელოვანი მასში ისაა, როგორ ახერხებს ორი ახალგაზრდა გოგონა ძალადობის სამყაროში (რომელიც მხოლოდ სექსუალური ძალადობით არ შემოიფარგლება) ძალადობაზე უარის თქმას; როგორ იცილებენ ისინი თავიდან იმ ხაფანგს, რომელშიც ისინი საკუთარ თავს მოძალადე მამაკაცებთან გააიგივებდნენ და თავადაც ძალადობის გზას შეუყვებოდნენ (ამ ხაფანგის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ექსპოზიცია გვხვდება გრინუეის ფილმში “მზარეული, ქურდი, ქურდის ცოლი და ცოლის საყვარელი”, სადაც ფილმის ბოლოში ქალი ისეთივე მოძალადე ხდება, როგორც მანამდე მამაკაცი იყო).

მაგრამ არსებობს მეორე, ბევრად უფრო შეფარული და ფაქიზი ხაფანგი: ესაა მსხვერპლშეწირვა. არა ფილმის გმირები, არამედ თავად ფილმი მსხვერპლად სწირავს პერსონაჟს, რათა პერსონაჟების “კათარზისი” მოხდეს. არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არქაული წარმოდგენა მსხვერპლის აზრიანი, საზრისის მქონე სიკვდილის შესახებ უფრო ეფექტური იყოს თანამედროვე სამყაროში, ვიდრე ძალადობის უაზრო და უკათარზისო ხდომილების ჩვენება. ბოლოს და ბოლოს, თუ კათარზისია (რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ძველისძველი ცნება თანამედროვე სამყაროსა და ხელოვნებაში), ის ხომ მაყურებელმა უნდა განიცადოს და არა – პერსონაჟმა.
მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ქადაგებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, კათალიკოს-პატრიარქმა ილია შიოლაშვილმა განაცხადა: „უფლებები კარგია და უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს ყოველმა ჩვენთაგანმა, ძალიან ხშირად ლაპარაკობენ მოსახლეობის უმცირესობის დაცვაზე, რომ უმცირესობას გააჩნია თავისი უფლებები, ძალიან იშვიათად ფიქრობს ვინმე, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა.“

მე ამჯერად აღარ შევუდგები უმცირესობების და, ზოგადად, ადამიანის უფლებებსა და თანასწორუფლებიანობის იდეალებსა თუ პრობლემებზე მსჯელობას, რომლებზე აპელაციაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში არსობრივად იგივე იქნებოდა, რაც შუა საუკუნეების კათოლიკური ინკვიზიციისათვის „კუდიანთა“ და „მწვალებელთა“ უფლებების დაცვისაკენ მოწოდება. პირიქით, მინდა დავეთანხმო კათალიკოს-პატრიარქის განაცხადს და ორიოდე სიტყვით განვავრცო კიდეც მისი მოსაზრება.

დიახ, საქართველოში ირღვევა და ფეხქვეშ ითელება მოსახლეობის უმრავლესობის მრავალი უფლება:

საქართველოს მოსახლეობის შემზარავად მაღალი პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და სოციალურად დაუცველია.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იძულებულია მაშინაც „იმარხულოს“, როცა მარხვა არაა.

უმრავლესობა დადის გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით და რამდენიმე ათეულ, ზოგჯერ ასეულ ათასად ღირებული ავტომანქანები მათთვის ისეთივე შორიდან საცქერი სანახაობაა, როგორც ამ ძვირადღირებული ტრანსპორტში მსხდომი სამღვდელოების, პოლიტიკოსებისა თუ ბიზნესმენებისათვის ფეხით მოსიარულე ხალხი.

უმრავლესობა, თუკი საერთოდ შეძლო თვითმფრინავის ბილეთის შეძენა, არ მგზავრობს ბიზნეს-კლასით.

უმრავლესობას არ შეუძლია დაბადების დღის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში გადახდა, არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე ქალაქში, მაგალითად, პარიზში. მათ საიუბილეო ღონისძიებებზე არ იხარჯება მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, საერთოდაც, უმრავლესობისათვის ფუფუნება და განცხრომა მხოლოდ ფილმებიდან და ტელერეპორტაჟებიდანაა ცნობილი.

უმრავლესობა საერთოდ ვერ ახერხებს წვეულებების მოწყობას და სავალდებულო ზეიმები – ქორწილი თუ ქელეხი – მძიმე ტვირთად აწვება ოჯახის ბიუჯეტს და ზოგჯერ ვალების გადახდა თვეებისა და წლების მანძილზე უწევს.

უმრავლესობას არც რამდენიმე ათას დოლარად ღირებული საათის ჩუქება შეუძლია ვინმესათვის, განსხვავებით ეკლესიისგან, რომელიც სწორედ ამ უმრავლესობის გადასახადებითა და შემოწირულობებით იძენს და გასცემს ძვირფას ძღვენს რჩეულ უმცირესზე უმცირესთ.

უმრავლესობას არ აქვს ხარისხისხიანი სამედიცინო მომსახურება და არც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებით სარგებლობა. საავადმყოფოებში მედიკამენტებსა და აპარატურაზე მეტი ხატებია. ამიტომაც, უმრავლესობას სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მკურნალობის ნაცვლად ილოცოს.

არც საქართველოს სტუდენტების უმრავლესობა არ სწავლობს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში, არა იმიტომ, რომ, პატრიარქმა როგორც გააფრთხილა, იქ მათ გადაგვარების საფრთხე ელით და ამიტომ თავს იკავებენ ხარისხიანი ცოდნის მიღებისგან, არამედ ამისი მატერიალური საშუალება არა აქვს და იძულებულია, საქართველოში მიღებული სწავლის სუროგატით შეიქმნას ნასწავლობის ილუზია. საქართველოში მიღებული „უმაღლესი“ განათლება კი ხშირ შემთხვევაში, მსოფლიო სტანდარტების საშუალო განათლებას ჩამორჩება. სამაგიეროდ, როგორც განათლების მინისტრმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აუწყა, „პატრიარქმა დაგვლოცა, ამაზე კარგი რა უნდა გვენახა დღეს?!“

სკოლის მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა ოჯახებსაც არ აქვს იმის ფინანსური საშუალება, რომ შვილები ძვირად ღირებულ კერძო სკოლებში ატარონ, ვერ იღებს საშუალო განათლებასაც კი, თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც ამ ზაფხულს გამოირკვა, მასწავლებელთა უმრავლესობა არაკომპეტენტურია და საკუთარ საგანში ჩაიჭრა.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ფლობს არათუ რომელიმე უცხო ენას, არამედ არ შეუძლია გამართული ქართულით წერა და მეტყველება.

ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომლის აუცილებლობაზეც სამართლიანად ისაუბრა ეკლესიის მეთაურმა, მნიშვნელოვანწილად იმის გამო დაუქვეითდა საქართველოს მოსახლეობას, რომ საკუთარი აზროვნება „მოძღვართა“ დამოძღვრას დაუქვემდებარა. სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობის აზროვნება კი, არათუ ანალიზის უნარსაა მოკლებული, არამედ პრელოგიკურია, - აი ისეთი, პირველყოფილ საზოგადოებებში რომ პოულობენ და აღწერენ ეთნოლოგები.

სამაგიეროდ, საქართველო თითო სულ მოსახლეზე მღვდელ-მოძღვართა რაოდენობით ალბათ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ სულიერ და მენტალურ მდგომარეობაზეც მძიმედ აისახება.

ამდენად, შეგვიძლია მხოლოდ დავადასტუროთ, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ უმრავლესობა იჩაგრება და თუ სააქაოში არ გაუმართლათ, ეკლესია მათ ნათელ და ბედნიერ მომავალს ჰპირდება ზეციურ საქართველოში.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG